ვინ ვართ?

სახელმწიფოს  თანამედროვე განვითარების წინაპირობაა მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის სწორად განსაზღვრა, ისევე როგორც ამ პოლიტიკის თანმიმდევრული განხორციელება. ქართველი ხალხის ცივილიზებული არჩევანია დაუბრუნდეს იმ პოლიტიკურ-კულტურულ ერთობას, რომელსაც მას ისტორიული ბორბლის უკუღმართობამ მოწყვიტა, იქცეს ევრო-ატლანტიკური ერთობის ნაწილად იმ პირობით, რომ შენარჩუნდეს ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობა, მისი უნიკალურობა და საქართველოს მოქალაქეთა უფლების ურყევობა და უპირატესობა განვითარების არჩევანისას. „ჯეოქეისი“-ს  უმთავრესი ამოცანაა ხელი შეუწყოს ამ პროცესს.

 

კომპეტენტური არჩევანის გაკეთებას განსწავლული და მიუკერძოებელი ექსპერტები და მკვლევარები სჭირდება, ისევე როგორც პროცესის სიჯანსაღისათვის აუცილებელია, სწორად ფუნქციონირებადი სახელწმიფო ინსტიტუტები, განვითარებაზე ორიენტირებული მედია და საღად მოაზროვნე სამოქალაქო სექტორი. ეს ყოველივე თავისით არ მოდის, ამის მისაღწევად მუდმივი ზრუნვა და მუშაობაა საჭირო. ესეც „ჯეოქეისი“-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

ასევე, თვალშისაცემია, თუ რაოდენ დამძიმდა თანამედროვე მსოფლიო სხვადასხვა სახის გამოწვევებით, როგორი არაპროგნოზირებადი გახდა იგი, რამდენად რთულია მცირერიცხოვანი ერისათვის მსოფლიოში თავმოყრილ რისკიან ლაბირინთებში ნავიგაცია. ამ მხრივ, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სწორი უსაფრთხოების ხაზი, სანდო პარტნიორები, საიმედო ალიანსები. ამ და სხვა დაკავშირებულ საკითხებზე პასუხების პოვნა, ასევე, „ჯეოქეისი“-ს ძირითად ამოცანებს შორისაა.   

 

სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობის ხანგრძლივმა წყვეტამ პოლიტიკური კულტურისა და დიალოგის მწვავე დეფიციტი განაპირობა. განსხვავებული აზრის მიმართ შეურიგებელმა და შეუწყნარებელმა დამოკიდებულებამ, კომპრომისის პოვნის უუნარობამ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებას დამატებითი ხარკი დაუწესა. ამდენად, ცივილიზებული პოლიტიკური დიალოგისათვის აუცილებელი სტანდარტების წახალისება „ჯეოქეისი“-ს არანაკლებ ინტერესს წარმოადგენს.

 

დღეს საქართველო მნიშვნელოვან გზაჯვარედინზეა. საგარეო თუ საშინაო ასპარეზზე წარმატების  მისაღწევად გარკვეულ დამაბრკოლებელ ფაქტორად ისევ საზოგადოების ინფორმირებულობისა და საზოგადოებრივი ჩართულობის არასასურველი დონე, ისევე როგორც ალტერნატიული ობიექტური საინფორმაციო-ანალიტიკური წყაროების ნაკლებობა, სახელდება. ამდენად, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი ამ ხარვეზის აღმოფხვრის ფერხულში ჩაბმა, სახელმწიფოებრივი ინტერესების გამტარებელი ანალიტიკური აზროვნების უნარის კულტივირება, მისი  პრაქტიკულ პოლიტიკურ პროცესთან და გადაწყვეტილებების მიღების შიდა და გარე ცენტრებთან ეფექტიანი მისადაგება და დაკავშირებაა.

 

ყველა ხსენებული მიზნის ერთობლიობა კი, საბოლოო ჯამში, საქართველოს ცნობადობის ზრდას უნდა ემსახურებოდეს, მისი ეროვნული ინტერესების სამსახურს, რეგიონალურ და მსოფლიო დონეზე მისი პოზიციების გაძლიერებას, გრძელვადიანი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობასა და ადვოკატირებას.

გააზიარე: