ვიქტორ ყიფიანმა აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო დაპირისპირების შეფასებისას მნიშვნელოვანი გარემოებები გამოჰყო. „პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ერთადერთი ეთნოკონფლიქტი, ყარაბაღის კონფლიქტი, გეოპოლიტიკური კონფლიქტის ხასიათს იძენს. ასევე მნიშვნელოვანია რუსეთის ახალი, უფრო მოქნილი ტაქტიკა, რომელიც ამ ეტაპზე თითქოს მხოლოდ აკვირდება მოვლენებს“,-განაცხადა ყიფიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ეხმარება რუსეთი სასომხეთს „კუხოს“ წევრ ქვეყნებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე პასუხობს: „ვინაიდან საომარი მოქმედებები უშუალოდ სასომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს, რუსეთს არ აქვს არანაირი ვალდებულება, განახორციელოს სამხედრო ჩარევა. რუსეთის კარტი ჯერ არ გათამაშებულა, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ჩვენ ნამდვილად ვნახავთ როგორი იქნება რუსული სცენარი. ჩემი ვარაუდით, ის ბევრად დახვეწილი იქნება, ვიდრე აქამდე გვინახავს სხვა კონფლიქტებისას“,- განაცხადა ყიფიანმა.
ინტერვიუში ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პროცესების დროს დასავლეთის პოზიციაზე. „სად არის დასავლეთი და როგორია მისი პოლიტიკა? მათი გეოპოლიტიკური ხაზი, გარდა შეფასებებისა, არ იკვეთება“, - აღნიშნა ყიფიანმა.
„მთიან ყარაბაღში თურქულ-რუსული დაპირისპირების მესამე ფარული სერია იკვეთება, პირველი ორი სირიასა და ლიბიაშია“, - აღნიშნა ყიფიანმა კონფლიქტში თურქეთის როლზე საუბრისას.
იხილეთ ინტერვიუ
გააზიარე: