ახალი წესრიგი მახლობელ აღმოსავლეთში


მახლობელ აღმოსავლეთში დიდი ცვლილებები მიმდინარეობს. ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესი, მეტნაკლებად, არსებული გეგმის მიხედვით ვითარდება. ორმა ქვეყანამ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობები, ასევე აქტიურადაა საუბრები მეტად მჭიდრო ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე. ამ მომენტისთვის, ურთიერთობების ნორმალიზება სრულად არ დამთავრებულა და ორ ქვეყანას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით (მაგალითად, სპარსეთის ყურეში) კიდევ მრავალი საკითხის გადაჭრა დასჭირდებათ. თუმცა არსებული ტენდენციები მეტყველებს იმაზე, რომ, მრავალი საპირისპირო მოლოდინის საწინააღმდეგოთ, ერ-რიადი და თეირანი მიაღწევენ ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.
 

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული შერიგების პროცესი დამახასიათებელია თითქმის მთელი მახლობელი აღმოსავლეთისთვის. 2023 წელს, ამ რეგიონის ისტორიაში ერთგვარი პერიოდი დასრულდა, რომელიც უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში დახასიათებული იყო ომებით და არაბული სამყაროს რღვევით. ის, რაც 2003 აშშ-ის მიერ ერაყზე წარმოებული ომით დაიწყო, საუდის არაბეთსა და ირანს შორის ურთიერთობების მოგვარებით დასრულთა. ამ ერთგვარი ქაოტური პერიოდის დასრულებაში სხვა ძალებსაც მიუძღვით მნიშვნელოვანი როლი. სპარსეთის ყურის ყველა ქვეყანა მეზობლებთან გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ფიქრობს. იგივეს აკეთებენ ჩრდილოეთ აფრიკის არაბული ქვეყნები. დიპლომატიურად და პოლიტიკურად იზოლირებული სირიაც კი დაიშვა არაბული ქვეყნების ლიგაში.
 

ნაწილობრივ ამ დინამიკაში შეიძლება ჩაისვას ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით ისრაელ-საუდის არაბეთის ფარული მოლაპარაკებები. თუმცა თუ ისრაელი ამ ნაბიჯით ირანის იზოლირებას ცდილობდა, რითაც ერთგვარი ანტი-ირანული ებრაულ-არაბული ალიანსის შეკვრაზე ფიქრობდა, დღეს ყველა თანხმდება, რომ ეს გეგმა ვერ იმუშავებს. მიზეზი მარტივია: ირანმა და რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ ურთიერთობების დალაგებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს, რაც ამცირებს მათ მზაობას ისლამურ რესპუბლიკასთან კონფრონტაციული პოზიციონირება გააგრძელონ.
 

გარკვეულწილად, მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიაში ახალი, მრავალპოლუსიანი პერიოდი დაიწყო. თუ 1990-იანი წლებიდან ცენტრალურ როლს აშშ ასრულებდა, უკანასკნელ წლებში და განსაკუთრებით კი თვეებში, ჩვენ ვხედავთ ჩინეთს, მანამდე რუსეთს და ნაწილობრივ ინდოეთს, რომლებიც ცდილობენ რეგიონის ქვეყნების ვაშინგტონისადმი უკმაყოფილების გამოყენებას საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენის გასავრცელებლად.
 

მეტიც, შეგვიძლია ამ მიმდინარე პროცესებს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაშიც შევხედოთ. მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც მახლობელ აღმოსავლეთში დასავლური ქვეყნების როლმა მკვეთრად იმატა, ჩვენ არ მოგვეპოვება რომელიმე ისტორიული პერიოდი, როდესაც რეგიონში დიდი ძალების ასეთი მრავალფეროვნება იყო წარმოდგენილი.
 

აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთის პოზიციონირება. ხედავს რა, რომ სპერსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-ის პოლიტიკით უკმაყოფილება მატულობს, პეკინი წარმატებით ახერხებს თავისი პოზიციების გამყარებას, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. ჩინეთი, მართალია არაპირდაპირ, მაგრამ მაინც ცდილობს თავი აშშ-ის გეოპოლიტიკურ ალტერნატივად წარმოაჩინოს. ამას კარგად ხვდებიან ტრადიციულად ამერიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნები. მათთვის ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება შანს იძლევა მეტად დივერსიფიცირებული საგარეო პოლიტიკა ჩამოაყალიბონ, რომელიც არ იქნება ერთ რომელიმე დიდ მოთამაშეზე ფოკუსირებული.
 

საუდის არაბეთისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის და სხვა მნიშვნელოვანი არაბული ქვეყნისთვის აშშ-ის საგარეო პოლიტიკა მახლობელ აღმოსავლეთში აღარ იძლევა ადრე არსებულ უსაფრთხოების გარანტიებს. მათთვის ვაშინგტონს მთელი თავისი ყურადღება უკრაინისკენ და ინდოეთ-წყნარი ოკეანისკენ გადააქვს. ამიტომაც, საუდის არაბეითისთვის ერთადერთ ალეტერნატივად რჩებოდა როგორც ირანთან ურთიერთობების მოგვარება, ასევე ჩინეთის მზარდი როლის გამოყენება.
 

ეს არ ნიშნავს იმას, რომ საუდის არაბეთს ან რომელიმე სხვა რომელიმე არაბულ ქვეყანას სურს აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობების გაწყვეტა. პირიქით, ისინი მიილტვიან მეტი სიახლოვისკენ. მაგალითად, საუდის არაბეთი ვაშინგტონისგან დღესაც მოითხოვს უფრო მკაფიო უსაფრთხოების გარანტიებს და მეტად ფართო თანამშრომლობას სამხედრო ინდუსტრიაში. დღეს, სიახლე ისაა, რომ საუდის არაბეთი ამას პარალელურად სხვა ძალებთან დაახლოებით აკეთებს. სხვა სიტყვებით, დღეს, მახლობელ აღმოსავლეთში ე. წ. მრავალ-ვექტორული საგარეო პოლიტიკა მრავალი ქვეყნისთვის უფრო მომგებიან თამაშად არის მიჩნეული.
 

ზემოთმოყვანილი პროცესები პირდაპირ ბმაშია მზარდ დაპირისპირებასთან, რომელიც დღეს, აშშ-სა და ჩინეთს შორის ვითარდება. ეს საკითხი საერთაშორისო ურთიერთობებში საკმაოდ მოდურ თემად იქცა. მრავლად გვხვდება შედარებები ცივი ომის ეპოქასთან ან მეცხრამეტე საუკუნესთან, როდესაც ევროპაში მრავალი მოთამაშე ერთმანეთს ეჯიბრებოდა, იქნება ეს საკუთრივ ევროპის კონტინენტზე თუ ზოგადად მსოფლიოში. ის, რაც დღეს ნაკლებად განიხილება, არის ასპარესზე ისეთი ქვეყნების ჯგუფის გამოჩენა, რომელსაც ხშირად უწოდებენ middle powers, რომლის კარგი ქართული შესატყვისი არ მოგვეპოვება და აქ ჩვენ შეგვიძლია მათ „საშუალო ძალები“ ვუწოდოთ. ვაშინგტონსა და პეკინს შორის მიმდინარე დაპირისპირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ზუსტად ეს ძალები შეასრულებენ.
 

ასეთი ქვეყნების რიგს განეკუთვნება ირანი, თურქეთი და სულ უფრო მეტად საუდის არაბეთი. „საშუალო ძალას“ არა მარტო შედარებით კომფორტული გეოგრაგიული პოზიცია უკავია, არამედ შესაბიმისი ადამიანური და ფინანსური ბერკეტები აქვს უშუალო სამეზობლოზე გავლენის მოსაპოვებლად. ამ „საშუალო ძალებს“ თავისი სტატუსიდან გამომდინარე სულ უფრო ნაკლებად სურთ რომელიმე ერთ დიდ ძალაზე იყვნენ დამოკიდებულები. აქედან მომდინარეობს ლტოლვა მრავალმხრივი საგარეო პოლიტიკისადმი. კონკრეტულ მაგალითებს თუ განვიხილავთ, ირანის და საუდის არაბეთის მისწრაფება მჭიდრო ურთიერთობები ააგონ ჩინეთთან სხვა არაფერს ნიშნავს თუ არა მცდელობას ერთი დიდი ძალა (აშშ) სხვა დიდი ძალით დააბალანსონ.
 

ბალანსირების პოლიტიკა რთული დიპლომატირი თამაშია. პატარა გადახრასაც კი შეუძლია დიდი რყევები გამოიწვიოს არსებულ საგარეო პოლიტიკურ კურსში. ორ და მეტ ძალას შორის ბალანსირების პოლიტიკას დღეს მსოფლიოში ნამდვილად მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას შეუძლია. ზუსტად ესენია თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი და გარკვეულწილად ისრაელიც, რომელმაც აშშ-სთან რთული ურთიერთობების ფონზე ჩინეთთან და რუსეთთან ხშირად უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებაზე აკეთებს არჩევანს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საუდის არაბეთს, სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებს ან ისრაელს ვაშინგტონთან ურთიერთობების შემცირება სურთ. პირიქით, მათი თამაში სხვა დიდი ძალებთან ზუსტად იმას ემსახურება, რომ აშშ არ გავიდეს რეგიონიდან და ვაშინგტონი უფრო მჭიდრო სამხედრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში „ჩაითრიონ“.
 

„საშუალო ძალებისთვის“ აშშ-ჩინეთის დაპირისპეირება არა მარტო პრობლემურია, არამედ ბევრი გეოპოლიტიკური შესაძლებლობის მომტანია. თურქეთი, ირანი თუ საუდის არაბეთი შეეცდებიან ბოლომდე არ შეეკვრან არც რუსეთს, არც ჩინეთს და არც აშშ-ს. მახლობელ აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები არის პირდაპირი შედეგი ცვალებადი მსოფლიო წესრიგისა. ამიტომაც, არ იქნება გადაჭარბება ითქვას, რომ ის ძალა (ჩინეთი თუ აშშ), რომელიც შეძლებს „საშუალო ძალების“ გადაბირებას დიდ უპირატესიობას მოიპოვებს მიმდინარე გლობალურ მეტოქეობაში.

გააზიარე: