ქართული გეოპოლიტიკის „აღმოსავლეთის ექსპრესი“

ავტორი:


ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის დროს,  პრეზიდენტ სი ძინ პინის მიერ გაჟღერებულ იქნა მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ თბილისსა და პეკინს შორის ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ დონეზე ადის, კერძოდ სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში.


ზემოთ აღნიშნული ფაქტი საკმაოდ მოულოდნელი იყო ქართული აუდიტორიისთვის და ვნებათაღელვაც გამოიწვია. ვფიქრობ საინტერესო იქნება განვიხილოთ აღნიშნული განცხადება. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სანამ არ გავრცელდება კონკრეტული შეთანხმების ტექსტი, თუ რას გულისხმობს ეს თანამშრომლობა, მანამდე შესაძლებელია მხოლოდ ზოგადი ანალიზის გაკეთება, რაც მოკლებული იქნება კონკრეტული მიმართულებების განხილვას. თუმცა, ამის მიუხედავად, რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის გამოყოფა არსებული გლობალური და ლოკალური სურათის გათვალისწინებით, მაინც არის შესაძლებელი.


გლობალური კონტექსტი


„ცივი ომის“ შემდგომ პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის თვისობრივად ახალ ხასიათზე ვფიქრობთ არავინ იდავებს. ისეთი მომენტები, როგორიცაა გლობალიზაცია, თვისობრივად ახალი კონფლიქტების წარმოშობა არაერთხელ გამხდარა პოლიტოლოგთა კვლევის საგანი, თუმცა ეს პერიოდი და დამდგარი ახალი მსოფლიო წესრიგი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სფეროში, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა „ცივი ომის“ როგორც ბიპოლარული პერიოდის დაპირისპირების დასრულებით და მოგვიანებით პროცესთა იმგვარი დინამიკით, რომელმაც ფაქტობრივად მეორე მსოფლიო ომის შედეგად ინსტიტუციონიზირებული საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის გადასინჯვა გამოიწვია. ათწლეულების განმავლობაში გლობალური პოლიტიკა აშშ-ის დომინანტური კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა ერაყსა და ავღანეთში  ომების წარუმატებელი დასასრულის შედეგად იწყება ვაშინგტონის, როგორც გლობალური ძალის თანდათანობით უკან დახევა, მათ შორის სირიის ომის შედეგების გათვალისწინებით, სადაც მან საკმაო სისუსტე გამოავლინა. შექმნილი ძალაუფლების ვაკუუმით პირველ რიგში პეკინმა და რუსეთმა ისარგებლა, რომელმაც აღნიშნული ძალთა დისბალანსი გლობალურ მოთამაშედ წარმოჩენის, საერთაშორისო პრესტიჟის განმტკიცებისა და მისი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების არენაზე სრულფასოვანი და თანაბარუფლებიანი მოთამაშის სტატუსის დემონსტრირებისთვის გამოიყენა. ამავე პერიოდში მოსკოვმა ქართული მიწების ოკუპაცია  და ყირიმის ანექსია მოახდინა.


ბოლო წლებში, სახეზეა ავტორიტარული გლობალური ძალების აღზევების პერიოდი. ღირებულებებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ბოლო აკორდი აღნიშნული მიმართულებით, რა თქმა უნდა 2022 წლის თებერვალში  რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა, რომელსაც წინ უძღოდა ჩინეთთან გაფორმებული შეთანხმება. ეს შეთანხმება ფაქტობრივად მსოფლიოს ახლებური წესრიგის დამყარებისკენ მოწოდებას წარმოადგენს, სადაც ძირითადი ლაიტმოტივია ის, რომ სამყარო აღარ არის ერთპოლუსიანი, ის მრავალპოლუსიანი გახდება და გავლენის სფეროებად დაიყოფა. 


აღნიშნულ მოვლენებში დიდი მნიშვნელობა სწორედ ჩინეთის ფაქტორს გააჩნია. ბოლო ათწლეულების გამავლობაში, ეკონომიკური აღმასვლით ზურგგამაგრებული პეკინი იწყებს სამხედრო პოტენციალის არნახულ გაზრდას და საერთაშორისო არენაზე საკუთარი სტრატეგიული ნარატივების რეალიზაციის აქტიურ ფაზას. აღნიშნული პროცესი ბოლო 20 წლის მანძილზე განსაკუთრებით აქტიურდება. 


გლობალურ დონეზე დღესდღეობით ყალიბდება ორი მთავარი გეოსტრატეგიული ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ერთი მხრივ გლობალურად დასავლეთს აშშ-ს ლიდერობით, სადაც ასევე შედის ავსტრალია, სამხრეთ კორეა, იაპონია და ვაშინგტონის სხვა მოკავშირეები. მეორე მხრივ არის პეკინი მისი პარტნიორი სახელმწიფოებით და ე.წ. გლობალური სამხრეთი, რომელიც ანტიამერიკული განწყობებითა და ზოგადად ავტორიტარული მისწრაფებების სახელმწიფოებით არის მეტწილად წარმოდგენილი. აღნიშნული დაპირისპირება კარგად ჩანს ტექნოლოგიების სფეროში, სადაც მაგალითად ჩიპების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე ვაშინგტონმა პეკინს სანქციები დაუწესა და აიძულა მისი მოკავშირეებიც შეერთებოდნენ მას.


აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია კარგად აღწერს იმ კომპლექსურ გარემოსა და გამოწვევებს, რომელიც დღეს აშშ-ის წინაშე არსებობს. დოკუმენტის მიხედვით, აშშ იმყოფება ე.წ. „გადამწყვეტ დეკადაში“, სადაც  თითქმის თანაბარი წონის მოთამაშეებს, ჩინეთისა და რუსეთის აქტივობებს უნდა შეებრძოლოს და ამავდროულად გაუმკლავდეს ისეთ პრობლემებს, როგორებიც არის ინფლაცია, კლიმატის ცვლილება, პანდემიები და სხვა საკითხები, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეების კეთილდღეობას ეხება. 


დოკუმენტში აშშ ჩინეთს უწოდებს „ერთადერთ კონკურენტს, რომელსაც აქვს განზრახვა შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი და, სულ უფრო და უფრო მეტი, ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ტექნოლოგიური ძალისხმევით ცდილობს დასახული მიზნების მიღწევას“.


მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იმედოვნებს გამოიყენოს თავისი ეკონომიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები საკუთარი ავტორიტარული ინტერესების წინსვლისთვის, მაინც შესაძლებელია აშშ-ისა და ჩინეთის მშვიდობიანი თანაარსებობა - ნათქვამია სტრატეგიაში.


სულ ცოტა ხნის წინ, ვილნიუსის სამიტის შედეგად ნატოს მიერ მიღებულ კომუნიკეში ვკითხულობთ, რომ: “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაცხადებული ამბიციები და იძულების პოლიტიკა გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი ინტერესების, უსაფრთხოებისა და ღირებულებებისთვის. ჩინეთი იყენებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, რათა გაზარდოს თავისი გლობალური კვალი და მოახდინოს ძალის პროექცია. ამასთან ერთად, გაუმჭვირვალე რჩება მისი სტრატეგია, განზრახვები და სამხედრო პოტენციალის ზრდა. ჩინეთის მავნე ჰიბრიდული და კიბერ ოპერაციები და მისი კონფრონტაციული რიტორიკა და დეზინფორმაცია მიზანში იღებს მოკავშირეებს და აზიანებს ალიანსის უსაფრთხოებას. ჩინეთი ცდილობს გააკონტროლოს ძირითადი ტექნოლოგიური და სამრეწველო სექტორები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სტრატეგიული ნედლეული და მათი მიწოდების ჯაჭვები. ის იყენებს თავის ეკონომიკურ ბერკეტს სტრატეგიული დამოკიდებულების შესაქმნელად და ამის შედეგად მისი გავლენის გასაძლიერებლად. ის ცდილობს დაარღვიოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, მათ შორის კოსმოსში, კიბერ და საზღვაო დომენებში.“


საბოლო ნიშნით პეკინი დღეს სწორედ აშშ-სა და ნატოს უმთავრეს სტრატეგიულ კონკურენტს წარმოადგენს.
 

ჩინეთის სტრატეგიული კულტურა და ქართული კონტექსტი


ჩინური სტრატეგიული კულტურა საერთაშორისო არენაზე გამოირჩევა საკმაოდ მოქნილი და ხშირად არა მდგრადი მიდგომებით. მისთვის არ წარმოადგენს პრობლემას ითანამშრომლოს ავტორიტარულ და კორუმპირებულ ხელისუფლებებთან, რის შედეგადაც ეუფლება აღნიშნული ქვეყნების რესურსებს, იყენებს გავლენებს საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად და იწვევს ამ ქვეყნების დემოკრატიის ხარისხის კიდევ უფრო დასუსტებას. აფრიკაში არსებული სიტუაცია ამის კარგი მაგალითია. პეკინი არასდროს მოითხოვს რეფორმებს, გამჭვირვალობას, დამოუკიდებელ სასამართლოს და ა.შ., რადგან მათ აქვთ ინტერესების გატარების არადემოკრატიული მეთოდებიც და არ სჭირდება მაგალითისთვის კანონის უზენაესობის ფარგლებში სასამართლო დავების გადაწყვეტა. შედეგად, საქმე გვაქვს სრულიად განსხვავებულ სტრატეგიულ და კულტურულ ფენომენთან.


ამისგან განსხვავებით, დასავლური კაპიტალის შემოდინება არ ნიშნავს მხოლოდ ფინანსების შემოსვლას, არამედ ქვეყნისგან მოითხოვს დამოუკიდებელ სასამართლოს,  სტაბილურ პოლიტიკურ და თავისუფალ მედია გარემოს, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლის პრეცედენტებს, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, რომელიც ამ სამყაროს წევრობისკენ მიისწრაფვის. ამის დადასტურება არის დღეს საქართველოს წინაშე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მხრივ არსებული სიტუაციაც და თორმეტი პუნქტის ირგვლივ განვითარებული პერიპეტიებიც.


ჯამში გვაქვს ორი განსხვავებული სამყარო და გლობალური ტენდენციები, რომელიც აღნიშნული დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავებას მოასწავებს, თუმცა, პარალელურად გლობალიზაციის ხარჯზე შექმნილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ბუნებრივია ნარჩუნდება და ვითარდება კიდეც. ერთი მხრივ, არის მზარდი კონკურენცია და მეორე მხრივ, მჭიდრო თანამშრომლობა.


ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხი არის მნიშვნელოვანი რისკების შემცველი ქართული დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევების პირობებში, განსაკუთრებით როდესაც სულ უფრო გაზრდილია ანტი დასავლური პროპაგანდა. იმისთვის რომ გავხდეთ დასავლეთის სრულფასოვანი ნაწილი, დემოკრატიზაციის ხარისხის გაუმჯობესება მუდმივად მოთხოვნილი სტანდარტი იქნება. აღნიშნული გარემოებები კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩინეთის სტრატეგიული კულტურისათვის, განსხვავებით დასავლეთისგან, არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას. პეკინი საკუთარი ინტერესების გასატარებლად ნებისმიერი ტიპის სახელმწიფოსთან ითანამშრომლებს. ამიტომ აღნიშნულმა პროცესმა დასავლეთისგან დაწესებულ დემოკრატიის სტანდარტების მიღწევის სურვილსა და პროცესებზე საქართველოში არ უნდა მოახდინოს ნეგატიური გავლენა, რაც ჩვენი საზოგადოებრივი შიშის მთავარ მიზეზს წარმოადგენს დღეს.


ზოგადად, ძლიერი დემოკრატიის ხარისხი ქართული სახელმწიფოს მთავარ სტრატეგიულ რესურს შეიძლება წარმოადგენდეს, რომელიც მას არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევაში დაეხმარებოდა და რეგიონალურ კონტექსტზეც ექნებოდა პოზიტიური გავლენა. 


აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარება აუცილებელი და მისასალმებელიც არის ჩინეთის შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოსთან და ეს პროცესები უნდა გაგრძელდეს მომავალშიც. სწორედ დღევანდელი ხელისუფლების დამსახურება არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არსებობა პეკინთან, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა თბილისისთვის. ამასთან ერთად, საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისითაც, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონფიგურაცია დიდი ხანია რამდენიმე მოთამაშის ინტერესების ბალანსზე დგას და მრავალვექტორული ინიციატივები, მხოლოდ აძლიერებს საქართველოს უსაფრთხოების მდგომარეობას, განსაკუთრებით, კი სუსტი ეროვნული ძალაუფლების ინსტრუმენტების პირობებში. 


თუკი ჰიპოთეზურად, მაგალითად, მოხდება ანაკლიის პორტის ჩინური კაპიტალით განვითარება, სანქცირებული რუსეთის პირობებში შესაძლებელია დასავლეთისათვის განკუთვნილი ჩინური ტვირთების მნიშვნელოვანი ნაკადის ამ გზით გატარება, რაც ბუნებრივია გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ, ფინანსურ და უსაფრთხოების შესაძლებლობებს. ამით მოხდება რეგიონალურ პროცესებში კიდევ ერთი დიდი მოთამაშის სრულიად ახალი დონის ჩართულობის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ ეს შეიძლება პირდაპირ ეწინააღმდეგებოდეს ვაშინგტონის პოლიტიკას და სავარაუდოდ მომავალში იქნება საკითხები და სფეროები, სადაც თბილისს შესაძლოა პირდაპირ მოუწიოს რომელიმე დაპირისპირებული მხარის დაჭერა, როგორც ეს 5G ტექნოლოგიების შემთხვევაში გვაქვს.


თუ დასავლეთსა და აშშ-ს სტრატეგიული მიზანია, რომ რეგიონში მისი ინტერესები დაცული იყოს, აუცილებელია უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას საქართველოსთან მიმართებაში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით. წლების განმავლობაში აშშ საქართველოს მთავარი პარტნიორი იყო ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის ჭრილში ევროკავშირთან ერთად. 


ასევე, იმედია, რომ შავი ზღვის რეგიონის ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესი აშშ-ში ბოლომდე მივა და ახალ სინერგიას შემატებს დასავლეთის აქტივობას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში. ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება ორმხრივი აქტიური კომუნიკაციის შედეგი უნდა იყოს. მაგალითად შესაძლებელია ჩინეთის მსგავსად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ვაშინგტონთან აქტიური მუშაობაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაკუუმი აუცილებლად ამოივსება, ვინაიდან ეს ბუნების კანონია და საქართველოსაც აქვს ლეგიტიმური უფლება ალტერნატიული პარტნიორები ეძებოს საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის თუ ამის აუცილებლობა იქნება.


თუკი საქართველო მიზნად ისახავს იყოს ჰაბი სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული და კომუნიკაციების მხრივ, მრავალვექტორული საგარეო-პოლიტიკური ინიციატივები აუცილებელი და მისასალმებელიც არის, ოღონდ მთავარი სტრატეგიული ხაზის ერთგულების პირობებში, რაც გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ვალდებულებების ერთგულებას და ქვეყნის დემოკრატიზაციის გაგრძელებას. პოზიტიური ბალანსის შესანარჩუნებლად, ერთის მხრივ აუცილებელი იქნება დემოკრატიული პროცესების უზრუნველყოფა და მეორეს მხრივ აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკა პეკინთან. დაუშვებელია მეორე პირველის ხარჯზე მოხდეს.


ქართული საზოგადოებისათვის დამახასიათებელია ემოციური აღტკინებები ამა თუ იმ მოვლენის  ირგვლივ, რაც არა ერთხელ გვინახავს. იგივე სიტუაცია შეიქმნა პეკინთან სტრატეგიული თანამშრომლობის დაანონსების შემთხვევაშიც. ნებისმიერი რისკის პრევენცია, რომელიც ჩინეთთან მჭიდრო სტრატეგიულ თანამშრომლობას შეიძლება თან ახლდეს,  საქართველოს სახელმწიფოზე, ქართული დემოკრატიისა და საზოგადოების სიფხიზლეზეა დამოკიდებული. დემოკრატიული პროცესების გაგრძელება, პირველ რიგში, ჩვენს საშინაო ამოცანას წარმოადგენს და მისი სიკეთეები ქართული საზოგადოების საზრუნავია ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ამას მოითხოვს ჩვენგან დასავლეთიც,  ეს მისი სტრატეგიული კულტურის შემადგენელი ნაწილია, განსხვავებით ჩინურისგან, რომელიც ახლა გამოდის მსოფლიოს ისტორიულ ავანსცენაზე და ბევრი კუთხით ჯერ კიდევ საკმაოდ ამოუცნობია დანარჩენი სამყაროსათვის.


პოლიტიკური მეცნიერების აქსიომაა, რომ საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის  გაგრძელებას წარმოადგენს და უპირატესად მას ემსახურება. თუმცაღა, თანაფარდობა ამ ორ კომპონენტს შორის სხვადასხვა ეპოქებში განსხვავებულ ხასიათს ატარებდა და მრავალგვარი მიზეზით იყო განპირობებული.


საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემასთან მიმართებაში ეროვნული სახელმწიფო გამოდის, როგორც ელემენტი, რომელიც სხვა ელემენტებთან სხვადასხვა სახის ურთიერთობებითაა დაკავშირებული. ამავე დროს სახელმწიფო, საშინაო-პოლიტიკური აზრით, თავად წარმოადგენს სისტემას, რომელიც სხვადასხვა ელემენტებისგან შედგება. ერთი სიტყვით, ის რაც ერთ შემთხვევაში სისტემად გვევლინება, მეორეგან ელემენტად წარმოგვიდგება. ამრიგად, საშინაო და საგარეო პოლიტიკა ერთმანეთში გადაედინება სხვადასხვა იერარქიული დონეებისა და ქვედონეების მეშვეობით. რაღაც მიზეზთა გამო ამ გადასვლების შედეგად მოსდევს ის, რომ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა პარალიზდება და სწორედ ამის არ დაშვება არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რისთვისაც დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, თუ გნებავთ ხარისხი, ერთ-ერთი მთავარი პრევენციის საშუალებაა და გარანტიაა იმისა, რომ ქართველი ხალხის ნება და ინტერესები დაცული იქნება საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზეც. ყველა გამოკითხვის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. ამის ფონზე, დღეს არსებული ანტიდასავლური რიტორიკა, უკიდურესი პოლარიზაცია და რადიკალიზმი ნამდვილად არ ემსახურება ზემოთ აღწერილ ეროვნულ მიზნებს და სწორედ პოტენციურად ის მავნე საშინაო პოლიტიკური დინამიკაა, რამაც საგარეო პოლიტიკური მიზნები შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს.


საქართველო მისი გეოგრაფიული მდგომარეობისა და არსებული უსაფრთხოების გარემოს პირობებში უნდა ესწრაფოდეს მოქნილი, საქართველოს ეროვნული ინტერესების რეალიზაციაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას, რაც არ მოითხოვს დემოკრატიულ  და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებზე უარის თქმას. ეს კი, შესაბამისი პოლიტიკური კლასის არსებობას მოითხოვს ქვეყანაში,  რომლის გადახალისების აუცილებლობაც არსებულ რეალობაში სულ უფრო იკვეთება.
 

გააზიარე: