რაკეტები შავი ზღვის ტალღების თავზე - ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების მნიშვნელობა შავიზღვისპირა ქვეყნების პორტებისა და სანაპირო ზოლების დაცვის ორგანიზებაში


ნებისმიერი ქვეყანა,რომელიც თავის სუვერენიტეტს უფრთხილდება, ფიქრობს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო (ვისაც ზღვებზე და ოკეანეებზე აქვთ გასასვლელი) სახელმწიფო საზღვრების კონტროლის გაძლიერებაზე.


საზღვაო სახის საფრთხეები


საზღვაო სახელმწიფო საზღვრის სპეციფიკა იმით განსხვავდება სახმელეთო საზღვრისგან, რომ მოიცავს შიდა წყლებს (პორტების აკვატორია), ნაპირიდან 12 საზღვაო მილით (22,2 კმ) დაშორებულ ტერიტორიულ წყლებს, ასევე 12 საზღვაო მილიან მიმდებარე ზონას და 200 საზღვაო მილიან (370,4 კმ) განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას, რომელთაც სათანადო დონეზე მუდმივი გაკონტროლება და დაცვა სჭირდებათ.


განსაკუთრებულ სამხედრო სახის საფრთხეს წარმოადგენს სავარაუდო მოწინააღმდეგის წყალზედა სახომალდე ძალებით სამხედრო-საზღვაო ბაზებზე თავდასხმა, საზღვაო პორტების ბლოკადა-დაპყრობა, საზღვაო ნაღმების განთავსება პორტებისკენ მიმავალ საზღვაო ნაოსნობის მარშრუტებზე, სანაპირო ზოლის დესანტსაშიშ მონაკვეთებზე საზღვაო დესანტის გადმოსხმა სადესანტო და ამფიბიური ხომალდების გამოყენებით.


მოწინააღმდეგის წყალზედა მცურავ საშუალებებს, დაწყებული პირველი და მეორე რანგის სამხედრო ხომალდებიდან (საესკადრო ნაღმოსნები, ფრეგატები, კორვეტები), შეუძლიათ საბორტო საარტილერიო დანადგარებიდან (ქვემეხები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები) 30-15 კმ-ის სიშორიდან ინტენსიური საარტილერიო ცეცხლი გახსნან ნაპირის მიმართულებით, მათ შორის მნიშვნელოვანი საპორტო ობიექტების დასაზიანებლად ან ბევრად შორი მანძილიდან (რამდენიმე ათეული კმ-იდან რამდენიმე ასეულ კმ-მდე დაშორებიდან) ზუსტი სარაკეტო დარტყმები მიაყენონ სანაპირო ზოლში ან უფრო დიდი სიღრმეში არსებულ სტრატეგიული მნიშვნელობის სტაციონარულ ობიექტებს.


შავიზღვისპირა ქვეყნების ძირითადი მნიშვნელოვანი საზღვაო პორტები


შავ ზღვაზე გასასვლელი აქვს გაეროს წევრ ექვს ქვეყანას - რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთს, საქართველოს, რუსეთსა და უკრაინას.


რუმინეთის ძირითადი საზღვაო პორტია კონსტანცა, ბულგარეთის - ვარნა, თურქეთის - სტამბული, სინოპი, სამსუნი, ტრაპიზონი, საქართველოსი - ბათუმი და ფოთი, რუსეთის  - ნოვოროსიისკი, ტუაფსე, ანაპა, უკრაინისა კი - ოდესა, ოჩაკოვი, ნიკოლაევი...


რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ოჩამჩირისა და სოხუმის საზღვაო პორტები, ასევე უკრაინის სევასტოპოლის, იალტის, ალუშტას, სუდაკის, ფეოდოსიის საზღვაო პორტები შავ ზღვაში და მარიუპოლის, ბერდიანსკის, პრიმორსკისა და გენიჩესკის პორტები აზოვის ზღვაში.


რუსეთის ფედერაციამ სწორედ სამხედრო ძალის გამოყენებით, მათ შორის საზღვაო დესანტის გადასხმით, მოახდინა ქართული და უკრაინული რიგი საზღვაო პორტების ოკუპაცია სხვადასხვა პერიოდში, როდესაც მთავარ როლს სწორედ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალზედა მცურავი საშუალებები, მათ შორის დიდი სადესანტო ხომალდები თამაშობდნენ.
 

შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგის საზღვაო არმადის აღმოჩენა-მოგერიების საშუალებები
 

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული, შავი ზღვის აკვატორიაში ძირითად აგრესორ ძალას რუსეთი და მისი შავი ზღვის ფლოტი წარმოადგენს, რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული ოფიციალური მოსკოვის მიერ 1992-93 წლებში აფხაზეთის ომში და 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს წინააღმდეგ, ასევე 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიის დროს და ახლა რუსეთ-უკრაინის დიდ ომში.


თუკი გასული საუკუნის ბოლოს, აფხაზეთის ომის დროს ქართული მხარისთვის პრობლემას წარმოადგენდა რუსულ-აფხაზური საზღვაო დესანტის დროულად გამოვლინება, დღეისათვის ბევრად ადვილია ამის ადრეული დაფიქსირება (კოსმოსური, საჰაერო და აგენტურული დაზვერვის გამოყენებით), თუ როგორ ყალიბდება მოწინააღმდეგის წყალზედა მცურავი საშუალებების არმადა საზღვაო გადასვლისთვის და საით უჭირავს გეზი.


ბევრად რთულია წყალზედა ხომალდების შორს დისტანციაზე ზუსტად დაზიანება, რაც ძირითად ოთხი ხერხით შეიძლება განხორციელდეს.


პირველი - სატორპედო იერიში ნაპირთან მოახლოებული მოწინააღმდეგის წყალზედა მცურავი საშუალებების დასაზიანებლად.
ამისთვის საჭიროა სანაპირო და სახომალდე ბაზირების სატორპედო აპარატების ქონა, რაც დღეს პრობლემატიურია საქართველოსა და უკრაინისთვის, თუმცა თურქეთისთვის სრულიად შესაძლებელი.


მეორე - საარტილერიო  ცეცხლის გახსნა ნაპირიდან  ხომალდების მიმართულებით.


უმართავი საარტილერიო ან რეაქტიული ჭურვები არ გამოირჩევიან სროლის დიდი სიზუსტით და მათი საშუალებით მოწინააღმდეგის კორვეტისა ან ფრეგატის დაზიანება ძალიან რთულია, მითუმეტეს თუკი მცურავი საშუალებები მუდმივად მოძრაობენ.


მესამე - საავიაციო საშუალებების გამოყენებით (თვითმფრინავები, შვეულმფრენები, უპილოტო საფრენი აპარატები) ზუსტი საჰაერო დარტყმის მიყენება.


ერთი შეხედვით, ეს ხერხი წარმატების შანსს ზრდის, მაგრამ მხედველობაშია მისაღები, რომ მეორე და განსაკუთრებით პირველი რანგის წყალზედა სამხედრო ხომალდები, როგორც წესი, აღჭურვილნი არიან საშუალო და შორი მოქმედების საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, რაც ზრდის შეტევაზე გადასული საფრენი აპარატების დაზიანება-ჩამოგდების ალბათობას.


მეოთხე - მოწინააღმდეგის საზღვაო ესკადრის მოსაგერიებლად ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გამოყენება.


რაკეტების სახეობა, რომლებიც გათვლილია სპეციალურად საზღვაო სამიზნეების დასაზიანებლად, ხომალდსაწინააღმდეგოდ იწოდება და ის შეიძლება იყოს „ჰაერი-ხომალდის“ (საფრენი აპარატის მიერ გამოყენებადი), „ხომალდი-ხომალდი“ (გაშვება ხდება წყალზედა მცურავი საშუალებიდან), „წყალქვეშა ნავი-ხომალდი“ (გამოყენება ხდება წყლის ქვეშიდან) და „ნაპირი-ხომალდი“ (როდესაც ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების სტარტი ხორციელდება სანაპირო ზოლზე ან მის სიღრმეში განთავსებული სტაციონარული ან მობილური სარაკეტო დანადგარებიდან).
 

შავი ზღვის აკვატორიაში ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების საბრძოლო გამოყენების ფაქტები
 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,1992-93 წლების აფხაზეთის ომამდე შავი ზღვის აკვატორიაში წყალზე საბრძოლო მოქმედებები არ განხორციელებულა, თუმცა სპეციალიზებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის შავ ზღვაზე პირველად გამოყენებად შეიძლება მივიჩნიოთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს,10 აგვისტოს, აფხაზეთის ტრავერსზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდის „მირაჟის“ მიერ П-120 Малахит-ის ტიპის ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის გაშვება რადიოლოკატორის ეკრანზე გამოჩენილი სამიზნეების მიმართულებით.


რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა დღემდე ამტკიცებს, რომ რუსულმა ხომალდმა ამ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით თითქოს ქართული სამხედრო კატარღა ჩაძირა, რაც სრული სიცრუეა - ერთმა რუსულმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტამ თავისთვის მცურავი უცხო ქვეყნის სავაჭრო გემი მცირედ დააზიანა...


სამაგიეროდ რუსეთ-უკრაინის ომში ძალზე აქტიურად გამოიყენება ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო შეიარაღება ორივე მებრძოლი მხარის მიერ.


რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრეგატების, კორვეტებისა და დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავების შეიარაღებაშია 3М-54К/3М-54Т «Калибр» (NATO-ს კლასიფიკაციით SS-N-27 «Sizzler»)-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი ფრთოსანი რაკეტები 300 კმ ფრენის სიშორით.


რუსული სანაპირო დაცვის "Бал" -ის მობილური სარაკეტო კომპლექსი გამოიყენებს Х-35У  ტიპის ფრთოსან რაკეტას (NATO-ს კლასიფიკაციით SSC-6 «Sennight»), რომლის მოქმედების რადიუსი  260-500 კმ-ია.


კიდევ ერთ რუსულ, სახმელეთო ბაზირების ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსს წარმოადგენს «Бастион-П», რომლიდანაც გაშვებულ «Оникс-М» -ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, სავარაუდოდ, 800 კმ-მდეც კი მიფრინავს.


ამავე რაკეტის საავიაციო მოდიფიკაციის გაშვება შესაძლებელია საბჭოთა/რუსული საბრძოლო თვითმფრინავებიდან და შვეულმფრენებიდან.


საბჭოთადროინდელ Х-22 და მის რუსულ მოდიფიკაციას Х-32-ს, რომლებიც საჰაერო ბაზირების ხომალდსაწინააღმდეგო ზებგერით ფრთოსან რაკეტებს წარმოადგენენ, რუსეთის საოკუპაციო ძალები, ძირითადად, უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ იყენებენ, რადგან ეს რაკეტები არ გამოირჩევიან მაღალი სიზუსტით.


უკრაინელების განკარგულებაშია რამდენიმე ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, მათ შორის სამამულო წარმოების Р-360 «Нептун» (ორი ასეთი რაკეტის მოხვედრით სავარაუდოდ ჩაძირული იქნა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი «Москва»), ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ გადაცემული Harpoon-ები, რომელთა ფრენის სიშორე 300 კმ-ს აღწევს.
 

უკრაინული წარმოების Р-360 «Нептун»-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო მობილური სარაკეტო დანადგარიდან მართვადი რაკეტის სტარტი

უკრაინული წარმოების Р-360 «Нептун»-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო მობილური სარაკეტო დანადგარიდან მართვადი რაკეტის სტარტი

 


უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების Р-360 «Нептун»-ების რუსულ სარაკეტო კრეისერ  «Москва»-ზე მოხვედრის შედეგი


იმის გამო, რომ უკრაინას ფაქტობრივად აღარ დარჩა ფრეგატისა და კორვეტის კლასის სამხედრო ხომალდები, რუსეთის საოკუპაციო ძალები თავის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს ძირითადად უკრაინული პორტების ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებენ, სამაგიეროდ უკრაინული მხარე უარს არ ამბობს თავისი „ნეპტუნებისა“ და „ჰარპუნების“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების მიმართულებით გაშვებაზე და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია, რამდენიმე რუსული მცურავი საშუალების ჩაძირვით.


უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების შიშით რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები ცდილობენ 300 და მეტი კმ-ით დაშორდნენ უკრაინელების მიერ კონტროლირებად სანაპირო ზოლს, რათა არ აღმოჩნდნენ მათი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების სამიზნედ.


სწორედ უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების, ასევე საზღვაო ნაღმების შიშმა აიძულა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობა, რომ ხელი აეღო ოდესა-ოჩაკოვის სანაპირო ზოლზე ფართომასშტაბიანი საზღვაო დესანტის გადასხმის ოპერაციისგან.
 

ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო შეიარაღების გაძლიერების პერსპექტივები შავიზღვისპირა ქვეყნების სანაპირო დაცვის სისტემებში


რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობამ წინა პლანზე წამოწია ხომალდსაწინააღმდეგო შეიარაღების განვითარების აუცილებლობა შავიზღვისპირა ქვეყნების სანაპირო დაცვის სისტემებში.


ეს განპირობებულია წმინდა გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარეც, რადგან რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის უკიდურესი სამხრეთი ნაწილიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი თურქეთის სანაპირომდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 270 კმ-ია, რასაც ფარავენ რუსული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები.


ყირიმის ნახევარკუნძულის უკიდურესი დასავლეთი ნაპირიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი რუმინეთის ნაპირამდე კიდევ უფრო ნაკლები მანძილია - 225 კმ, ხოლო სტრატეგიული მნიშვნელობის კონსტანცას საზღვაო პორტამდე კი - 320 კმ, რაც ასევე მიწვდომადი მანძილია რუსული სანაპირო ბაზირების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისთვის, ხოლო ღია ზღვაში გასულ რუსულ ფრეგატებსა და კორვეტებს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების ზალპით თვით ბოსფორის სრუტის გადაკვეთაც კი შეუძლიათ.


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი შავიზღვისპირა ქვეყნები, განსაკუთრებით კი ბულგარეთი და რუმინეთი ცდილობენ თავიანთი ხომალდსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებას, რისთვისაც აპირებენ თანამედროვე დასავლური წარმოების, ამ კლასის რაკეტების,მათ შორის ნორვეგიული NSM (Naval Strike Missile)-ების შეძენას.
 

ნორვეგიული ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის NSM (Naval Strike Missile)-ის გაშვება სახმელეთო მობილური სარაკეტო დანადგარიდან


საქართველოს შესაძლებლობები ტერიტორიული წყლებისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გაკონტროლების მხრივ, ძალზე შეზღუდულია და, ძირითადად, დამოკიდებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტექნიკურ აღჭურვილობაზე, რაც ბუნებრივია არანაირად არ გამოდგება სავარაუდო მოწინააღმდეგის სამხედრო ხომალდებისა ან საზღვაო დესანტის მოსაგერიებლად.


სანაპირო ბაზირების მობილური ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით საქართველოს სანაპირო ზოლის, ასევე ტერიტორიული წყლებისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის გაძლიერება წესით უნდა შედიოდეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებში, მითუმეტეს, გვაქვს მწარე გამოცდილება, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა პირველ რიგში სწორედ ფოთის პორტის ოკუპაცია მოახდინა.

 

ირაკლი ალადაშვილი

დამოუკიდებელი სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორი
 

სპეციალურად „ჯეოქეისისთვის“

 

გააზიარე: