საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა

ავტორი:

რამდენიმე აქსიომის შეხსენებით 


პოსტ-ცივი ომის მსოფლიო „წესრიგი“ დღეს დიდი სახელმწიფოების კონკურენცია-დაპირისპირების განახლების ფაზაშია, რაც საშუალო და მცირე სახელმწიფოებზეც თანაბრად იგრძნობა. მეტიც, რეგიონალურ და სუბრეგიონალურ ფორმატში თავიანთი როლის მკვეთრი ზრდის ხარჯზე, საშუალო სახელმწიფოები განახლებული დაპირისპირების თავისებური „ასისტი-აქტორები“ გახდნენ, მცირე ქვეყნები კი საგარეო-უსაფრთხოების ვექტორისათვის გზის გაკაფვის საშუალებათა ფართო სპექტრს შეჰყურებენ, რომელიც მათ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს - ბალანსირებიდან დაწყებული, საკუთარ ინტერესთა ჰეჯირებით დასრულებული.  

 
ერთი შეხედვით იქმნება წარმოდგენა, თითქოსდა ჩვენი დროის კონკურენცია-დაპირისპირების არსსა და დინამიკას ძირითადად ორი - სამხედრო და ეკონომიკური - ფაქტორი განსაზღვრავს, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი  და ზედაპირული წარმოდგენაა. რეალურად კი ორივე ფაქტორის ქმედითობისა და ეფექტიანობის საძირკველს ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური სისტემის სტაბილურობა, საზოგადოების მიერ მისი მიმღებლობა, მასში სამართლიანი თანამონაწილეობა და არსებულ შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომა განსაზღვრავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი, თუნდაც გარკვეული ვადით ეფექტის მქონე სამხედრო თუ ეკონომიკური პოტენციალი, თანდათანობით იფიტება და იკლებს. შედეგად, ირღვევა საზოგადოებრივ-სოციალური მედეგობის ფაქტურა, მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ასოციალური და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების მიმართ გულგრილი ხდება, მართვის სისტემა თავის თავში იკეტება და ასე მხოლოდ აჩქარებს მისდამი ნდობის ეროზიას, წყდება სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის სოლიდარობის ძაფი, ყოველივე ეს კი აუარესებს ქვეყნის პოზიციონირებას საგარეო ასპარეზზე და მისი უსაფრთხოების სისტემის დაქვეითებას განაპირობებს. 


თანამედროვე მსოფლიოში არაერთი მაგალითი მკაფიოდ მეტყველებს, რომ ქვეყნის ხელისუფლის თუ საზოგადოების მიერ საერთაშორისო გავლენის ტრადიციული და კლასიკური მიდგომით მხოლოდ საგარეო კომპონენტების ნაერთად მიჩნევა უკიდურესად ვიწრო წარმოდგენის შედეგია და მას (გამოუსწორებელ) შეცდომებამდე მივყავართ. რა თქმა უნდა, საგარეო აგრესიის, ინტერვენციისა და უცხო ძალთა მიერ ქვეყნის საშინაო ცხოვრებაში ჩარევის საფრთხე საკამათო არ არის, მაგრამ,   ვფიქრობთ, რომ ქვეყნის შიგნიდან მომდინარე მავნე და დესტრუქციული ზემოქმედება გარედან ასეთივე ხასიათის ზემოქმედებაზე მეტად თუ არა, არანაკლებ საშიშია. მეტიც, სწორედ ენდოგენურ ფაქტორებს - საზოგადოებაში უსამართლობის განცდას, სახელმწიფო რესურსების არათანაბარ განაწილებას, პოლიტიკური, სოციალური თუ მრწამსის ნიშნით შერჩევითობას თუ ნებისმიერ სხვა  დისბალანსს თუ უთანასწორობას - ძალუძს ეგზოგენური ფაქტორების პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის ნოყიერი ნიადაგის შექმნა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პრაქტიკულად ნებისმიერი გეგმისა თუ ჩანაფიქრის ეფექტის გაათმაგება და გაასმაგება, არცთუ იშვიათად - შეუძლებლის შესაძლებლად გარდასახვა, შეუქცევადის შემობრუნება, წარმოუდგენლის ხელშესახებ მოცემულობად გადაქცევა.


ამდენად, ჩვენშიც, საუბრისას თუ გადაწყვეტილებათა მიღებისას უსაფრთხოების ვიწრო გაგებით სტერეოტიპის თავიდან არიდება მმართველთა თუ მართულთა მიმართ აუცილებელ ამოსავალ მოთხოვნად გვესახება. შედეგად, ეს ცნებაცა და ფენომენიც მხოლოდ გარე (ეკონომიკური და სამხედრო კავშირები, დიპლომატია და კულისებს მიღმა ადვოკატირება, „რბილი ძალა“) და შიდა ფაქტორების (პოლიტიკური პროცესის ინკლუზიურობა, სოციალური სოლიდარობა, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომის თანაბრობა, რესურსების გადანაწილების გასაგები და ღია სისტემა) ერთობლიობად მოიაზრება და ასევე ერთობლივად ხდება მათი პრაქტიკულ სიბრტყეში სარეალიზაციოდ გადატანა.


მანამ სანამ ჩვენთვის პრაქტიკული ინტერესის მქონე კერძო საკითხებზე გადავალთ, მიზანშეწონილია რამდენიმე საკვანძო, მეტად მოკლე აღნიშვნის გაკეთება. თითოეულ მათგანს საშინაო უსაფრთხოების (ისე როგორც მასთან დაკავშირებული საგარეო უსაფრთხოების) ახალ რეალობასთან მივყავართ:


(ა) 21-ე საუკუნის განვლილი პერიოდი დემოკრატიული პროცესისა და ინსტიტუტების ფრაგმენტაციის მაღალი ხარისხით ხასიათდება. არცთუ დაბალი ალბათობით, ეს პროცესი ახლო მომავალშიც გაგრძელდება;


(ბ) საბაზრო ეკონომიკის წამყვან აქტორებს - კორპორაციული სამყაროს წარმომადგენლებს შორის საგრძნობლად დაქვეითდა სოციალური პასუხისმგებლობის განცდა და ანგარიშგების მოვალეობა;


(გ) აქტივების დაგროვებისა და ზრდის პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ფენას შორის წარმოქმნილი ნაპრალი კვლავინდებურად ფართოვდება, რაც მძაფრი პოლიტიკური და სოციალური ქარტეხილების ერთ-ერთი მთავარი მკვებავია;


(დ) დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების „თავისთავად“ (for granted) მიჩნევა შესაძლოა საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდეს, ვინაიდან ეს უფლებები და თავისუფლებები თავისთავად არ მოდიან და არ იკიდებენ ფეხს. ისინი მათ შენარჩუნებასა და სრულყოფაზე მუდმივ ზრუნვას, ხელშეწყობას და გაფრთხილებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, თითოეული ერი ისეთ გარემოში აღმოაჩენს საკუთარ თავს, როგორსაც იგი იმსახურებს...

      
დემოკრატიის სახელმწიფოებრივი ფუნქციის თაობაზე: განზოგადებული „გაკვეთილები“...  


ასეთი ფუნქციონალური დანიშნულების გამოკვეთამდე საჭიროდ მივიჩნევთ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი „გაკვეთილი“ აღვნიშნოთ. მათ შესახებ საუბარი აუცილებელია არა მარტო საკითხზე თეორიული მსჯელობის მიზნით, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც: მათ შორის, იმის უკეთ დანახვისა და გააზრებისათვის, თუ სად „გაჩერდა“ დღეს ქართული სახელმწიფოებრივი განვითარება, კერძოდ რა უჭირს მის პოლიტიკურ კულტურას, რამ აქცია საკუთრივ ქართული საზოგადოება თავისივე კლიშეებისა თუ სისუსტეების მძევლად. 


კერძოდ, დავიწყოთ იმით, რომ:


(1) დემოკრატია არ ქმნის ეკონომიკური უთანაბრობის უპირობო საპირწონეს. ამდენად, მხოლოდ დემოკრატიული პროცესის თვითრეგულირებადობასა და თვითმართვადობაზე იმედის დამყარებამ შეიძლება საბედისწერო შედეგამდე მიგვიყვანოს, კერძოდ, დემოკრატიის, როგორც მმართველობის ფორმის რეპუტაციის შელახვამდე, პოპულიზმისა და რადიკალიზმის აღმოცენებამდე და, შედეგად - ავტოკრატიის დასამკვიდრებლად შესაფერისი პირობების შექმნამდე.


ასეთი „ევოლუციონირება“ განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოსა და იმ ქვეყნებისათვის, რომლებისათვისაც სიღარიბე კვლავ მთავარი გამოწვევაა, ხოლო ინსტიტუციური ეროზიის ხარჯზე შესაძლო ავტოკრატიისა და გარე საფრთხეების მომრავლების რისკი კი პროპორციულად მატულობს.  


(2) დემოკრატიული მმართველობისათვის გამორჩეული სტრეს-ტესტი ის კრიზისული პერიოდებია, როდესაც გადაწყვეტილებათა მიღების მყისიერება და კონსოლიდირებული აღსრულება მეტად კრიტიკულია უსაფრთხოებისა და ფუნქციონალური თვითკმარობის უზრუნველსაყოფად. ამ მხრივ, პროცესის დემოკრატიულობით განპირობებული ყოველგვარი არაეფექტიანობა და გაჭიანურება პოლიტიკური სისტემისათვის მიყენებულ მძიმე რეპუტაციულ ზიანში აისახება. ამ რთული და წინააღმდეგობრივი განტოლების თვალსაჩინო ილუსტრაცია თუნდაც  ამასწინანდელი პანდემიაა. 


(3) დიდი გაგებით უსაფრთხოების სარეალიზაციოდ, დღევანდელი და განჭვრეტადი მომავლის რისკების გათვალისწინებით, პრაქტიკულად სასარგებლოა:


(ა) ქვეყნის შიგნით მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში გონივრული „ეტატიზმი“ - სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტრუქციული და ხელშემწყობი როლის გამოკვეთა. ეს წაადგება როგორც ზემოხსენებული „ევოლუციონირების“, ნეგატიური მოვლენების (დემოკრატიულობის შელახვა და დაკნინება - რადიკალიზმი და პოპულიზმი - „მცოცავი“ ავტოკრატია) დროულ პრევენციას, ისე სახელმწიფოსა და მის მოქალაქეს შორის სოლიდარობის განმტკიცებას, რაც ეროვნული უსაფრთხოებისათვის ესოდენ აუცილებელია;


(ბ) სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოსათვის (welfare state) დამახასიათებელი ელემენტების დამკვიდრება კანონმდებლობასა („ჭკვიანი კანონები“) და პრაქტიკაში.  სოციალური კეთილდღეობისა და სამართლიანობის პირობა, ისე როგორც გონივრული „ეტატიზმისა“, კრიტიკულია ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების, მისი კონკურენტუნარიანობისა და ცვალებად საერთაშორისო გარემოებებთან ადაპტირების უნარიანობისათვის;


(გ) დემოკრატიულ პროცესში „ფეხის დაცურება“ არ არის შეუქცევადი, თუკი მას დროულად მიეშველები საჭირო ღიაობით, აზრთა გაცვლის, მოსმენისა და შესმენის კულტურით, თავისუფალი დებატის - ე.წ. „მოძრავი“ აზრის - სათანადო ამოქმედებით. ამავე დროს, ამ მიდგომიდან გადახვევა, ქვეყნის „კვაზი-დემოკრატიად“ ან „სანახევროდ თავისუფლად“ გადაქცევის მცდელობა აქვეითებს დემოკრატიულ პროცესში „ფეხის დაცურებისას“ შეშველების უნარს. საბოლოოდ კი, ეს ისევ და ისევ გაუარესებულ საერთაშორისო უსაფრთხოებაზე აისახება, რომლის სათავე ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესის მანკიერება და უგვანობა, იგივე გაუარესებული შიდა უსაფრთხოებაა, როგორც პოლიტიკური და საქმიანი ელიტების, ისე საზოგადოების ყველა დანარჩენი შრისათვის;


(დ) პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც თან სდევს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს და „შიგნიდან“ უწყობს ხელს უსაფრთხოებას. კონსენსუსის მიზანია შეიქმნას იმგვარი ვითარება, სადაც წარმომადგენლობითი ინსტიტუტებში - მათი რეალური ფუნქციონირების პირობით - უმრავლესობის ნება-სურვილიც სათანადოდ აღინიშნება და პოლიტიკური უმცირესობის უკმაყოფილებაც სათანადოდ რეალიზდება და „განიმუხტება“. 


თუმცა, ვფიქრობთ, აქაც არის ერთი „მაგრამ“. იგი პირდაპირ და უშუალოდ კვლავ შიდა პოლიტიკური სტაბილურობისა და ინკლუზიურობის - მაშასადამე, უსაფრთხოების - მოთხოვნას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ უმრავლესობით დემოკრატიული მმართველობა, უმთავრესად, გადაწყვეტილებისაკენ მიმავალი პროცესის გამართულობას გულისხმობს. სხვაგვარად რომ ითქვას, უმრავლესობაში ყოფნის ფაქტორი როდი უდრის უმრავლესობის ძალით დომინაციას. მეტიც: უმრავლესობის მიერ საპირისპირო მოსაზრებათა მოსმენა და ღია დებატი, ე.წ. „მოძრავი“ აზრის კულტურის პატივისცემა, საბოლოოდ ისევ და ისევ უმრავლესობის მიერ გაფორმებულ გადაწყვეტილებას სძენს მეტ პოლიტიკურ ლეგიტიმაციასა და მორალურ ძალას. ამგვარი კულტურის გარეშე კი არათუ ქართული პოლიტიკური სისტემა, არამედ ქართული უსაფრთხოებაც ყოველთვის „მოძრავ ქვიშაზე“ იდგება. პერიოდი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე სწორედ ამგვარი მოწყვლადობის დოკუმენტური მაგალითია;


(ე) ძალაუფლების სახელისუფლო სტრუქტურებში მოქცევა, ამ სტრუქტურებიდან ძალაუფლების „გადინების“ აღსაკვეთად საჭირო მექანიზმების დანერგვა, ისე როგორც სტრუქტურებს შორის ძალაუფლების სწორი გადანაწილება. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, რეალური ძალაუფლების მქონე სახელისუფლებო-საკონსტიტუციო სისტემაში ჯანსაღი მდგომარეობის ერთ-ერთ განმსაზღვრელად ამავე სისტემის შიგნით გადაწყვეტილებათა მიღების დემოკრატიულობა მიგვაჩნია - ერთგვარი „დემოკრატია შიგნიდან“. თუმცა აღსანიშნავია, რომ „მოძრავი“ აზრის, მსჯელობის ღიაობისა და კომპეტენტურობის გათვალისწინებით, „შიდა დემოკრატიის“ მწვავე ნაკლებობას განიცდის ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ ხელისუფლება (როგორც ფორმალური, ისე გავლენის ჯგუფების მნიშვნელობით), არამედ პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია. ამდენად, სწორი პოლიტიკური და შემოქმედებითი პროცესისათვის საჭირო პრაქტიკული მახასიათებლების გარეშე, ჩამოთვლილი აქტორები უნებლიედ რისკს უქმნიან ქვეყნის შიგნით აუცილებელ ბალანსს, რიყავენ ერთიმეორესა და საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს და შედეგად საფრთხეს უქმნიან სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

         
...და ქართული „გაკვეთილები“


არაერთმა სისტემამ - მეტწილად, დასავლეთის ქვეყნებში - სწრაფ განვითარებას მიაღწია, მათ შორის, დერეგულაციის ხარჯზე. მართალია, საბაზრო ეკონომიკის კანონებზე პასუხისმგებლობის სრულმა დელეგირებამ ის სისტემური გამოწვევებიც განაპირობა, რომელთა მოწმენი ახლა ვართ. ამ თემაზე ვრცლად არაერთგზის გვისაუბრია და სხვა დროსაც ვისაუბრებთ, მაგრამ მისი გაშლა წინამდებარე სტატიის მიზანს სცილდება. ამჯერად ძირითადი სათქმელი ქართულ ქეისზე გვსურს გადმოვიტანოთ.


კერძოდ, ჩვენი ქვეყნის მედეგობისა და უსაფრთხოების მიზნიდან გამომდინარე, მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებსა თუ ალიანსებზე სრული აქცენტირება სწორია, მაგრამ არასაკმარისი. სტაბილურობა, პროგნოზირებადობასა და შიდა უსაფრთხოებაზე დაყრდნობით გარე რისკების მართვა, დიდწილად, ქვეყნის შიდა ცხოვრებაში პოლიტიკურ და საქმიან პროცესებზე სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის გასაგებ და მისაღებ შეთანხმებას ეფუძნება. 


ამ შეთანხმების - როგორც წერილობით, ისე საოპერაციო სიბრტყეში - სიცოცხლისუნარიანობისა და სანდოობისათვის, ისე როგორც საკუთარი ქვეყნისადმი მოქალაქეობრივი კუთვნილების განცდისათვის, შემდეგი პირობებია უზრუნველსაყოფი: 


(ა) ინსტიტუტებისა და ინსტიტუციური მართვის სოციალური კაპიტალი, ანუ მათდამი ნდობა; 


(ბ) ეკონომიკურ რესურსებსა და შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომა; 


(გ) ერთი მხრივ, კაპიტალისა და, მეორე მხრივ, სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივ განვითარებას შორის სწორი ბალანსის მიღწევა; კაპიტალის ხელშეწყობა მდიდარი და თვითკმარი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, თუმცა საკუთრივ კაპიტალის ინტერესშია საერთოეროვნული მასშტაბით თანმიმდევრული, სისტემური და ინკლუზიური წინსვლა;


(დ) სახელმწიფოს მიერ ხარისხიანი სერვისების რეალიზება;

 
(ე) პოლიტიკურ-მმართველობით სფეროში რეალური და არა მოჩვენებითი მერიტოკრატიის გატარება; 


(ვ) კანონისა და საჯაროობის ფარგლებში კონკურენციაში მყოფი, მინიმუმ, რამდენიმე პოლიტიკური და საქმიანი ცენტრის არსებობა, რაც სრული ძალაუფლების ერთი კონკრეტული ჯგუფისა თუ პირისკენ „წაღებას“ აღკვეთს; 


(ზ) ქვეყნის ინკლუზიური განვითარებისათვის საინფორმაციო და სხვა ტექნოლოგიების – როგორც უკუსვლისას „გზის ჩამკეტის“ – მისაწვდომობა და გამოყენება.


ამ და სხვა შესაძლო პირობების რეალურ ცხოვრებაში გატარებას, წესად დამკვიდრებასა და თაობიდან თაობაში სახელმწიფო-პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მემკვიდრეობად გადატანას შიდაქართული - მაშასადამე, საერთოეროვნული - უსაფრთხოების მეტ–ნაკლები ხარისხით განმტკიცების პრაქტიკულ მექანიზმად მოვიაზრებთ. 


აღნიშნულთან ერთად, ამ პირობათა ერთობლიობა ამა თუ იმ პროცესის უკვე ხსენებულ „შიგნიდან დემოკრატიულობასა“ და სხვადასხვა აქტორთა უკეთეს ინფორმირებულობას უწყობს ხელს, რაც ასევე ეროვნული სტაბილურობისა და საგარეო ასპარეზზე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების უფრო მწყობრად და თანმიმდევრულად დაცვის საშუალებას ქმნის – შიდა რყევების, რადიკალური პოლარიზაციისა და „წითელი ხაზების“ გადაკვეთის გარეშე.  


წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების სისტემა იმდენად გაჯერდება მოწყვლადი წერტილებით, რომ შესაძლოა თუნდაც ერთი მათგანის პრობლემის გამწვავება დანარჩენებისათვის გადამდები აღმოჩნდეს და მთელი სისტემის რღვევა განაპირობოს, რასაც შედეგად ქვეყნის სუვერენიტეტის დაკნინება და გარედან თუ შიგნიდან მავნე ზეგავლენების გაძლიერება მოჰყვება, მეტიც: ასეთ დროს ჩნდება ილუზორული აღქმა, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია უმჯობესია, განსაკუთრებით, საგარეო და საშინაო გამოწვევის ეფექტიანი გადალახვისათვის. რეალურად, ასეთი აღქმის უკუშედეგი ძალაუფლების კონცენტრაციის ავტორიტარიზმისკენ ჩაცურების და ქვეყნის ე.წ. „ალყაში მოქცეულ ციხედ“ (besieged fortress) სახიფათო ტრანსფორმირებაა, რაც ეროვნული უსაფრთხოების რისკებს კიდევ უფრო ამრავლებს და ამწვავებს. ასეთი მოცემულობისათვის კი ჩვენ არც თვითკმარობის რესურსი გვაქვს საკმარისად და, რაც მთავარია, არც ჩვენივე ისტორიული წარსულითა და აწმყოთი განსაზღვრული ნება.


არაერთგზის ითქვა და დაიწერა...


...რომ თანამედროვე გაგებით უსაფრთხოება ჯავშანსა და ტყვია-წამალზე მეტია. ქართული სახელმწიფოს აწმყოსა და სამომავლო გადმოსახედიდან, იგი ასევე სახელმწიფოს ინსტიტუტებსა და მოქალაქეებს შორის სწორ და მისაღებ ბალანსს საჭიროებს. მხოლოდ ურთიერთობათა ამგვარ გაწონასწორებაზე, ორმხრივ კონტროლსა და თანამონაწილეობაზეა დაფუძნებული ჩვენივე უსაფრთხოებისა და კონკურენტუნარიანი განვითარების მზიდი კედელი. თანამედროვე რისკების მართვისა და სამომავლო საფრთხეების შეძლებისდაგვარად მინიმიზების პრაქტიკული საშუალებაც ეს არის. დროა, უფრო მეტად და გაბედულად ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.
 

გააზიარე: