18-19 სექტემბერს, ნიუ იორკში გაიმართა გაეროს მდგრადი განვითარების სამიტი. მდგრადი განვითარების სამიტი უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნისათვის, რადგან მდგრადი მომავლისთვის გარდაქმნა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და აქტუალურ გამოწვევას წარმოადგენს.
ეპოქას, რომელსაც ახასიათებს სწრაფი ტექნოლოგიური წინსვლა, ამასთან, გარემოს დეგრადაცია და დღითიდღე მზარდი სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა, ესაჭიროება მდგრადი პოლიტიკური და სტრატეგიული დოკუმენტები, მიდგომები, ხედვები და სამოქმედო ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს, როგორც სწრაფ, ასევე მდგრად განვითარებას.
გაეროს გლობალური მდგრადი განვითარების სამიტი და შესაბამისი რეპორტი უზრუნველყოფს ყოვლისმომცველი ჩარჩოს შემუშავებას, მდგრადი გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის გზებს.
GDSR (Global Sustainable Development Report) არის ოთხწლიანი დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს უახლეს სამეცნიერო დასკვნებს მდგრადი განვითარების გამოწვევების შესახებ, მიმოიხილავს ტრენდებს, ყურადსაღებ საკითხებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. GDSR წარმოადგენს ერთგვარ ინსტრუმენტს, პოლიტიკის შემქმნელებისთვის, სამოქალაქო და გლობალური საზოგადოების ინფორმირებისა და კონცენტრაციისთვის, და, თავის მხრივ, მატებს ქმედითუნარიანობასა და მდგრადობას, გლობალური მიზნების მისაღწევად.
- გლობალური მდგრადი განვითარების სამიტის ანგარიში 2019
2019 წლის გლობალური მდგრადი განვითარების ანგარიში შედგებოდა საკმაოდ რთული და უპრეცედენტოდ ამბიციური დღის წესრიგისგან. ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ ტრადიციული მიდგომისგან განსხვავებით, საჭირო იყო მეცნიერული მიდგომების როლის გაზრდა სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური განვითარების მიზნებს შორის ურთიერთობის გაგებისა და ნავიგაციისთვის. როგორც აღვნიშნეთ, მდგრადი განვითარების რეპორტი მზადდება 4 წელიწადში ერთხელ და გენერალურ ასამბლეაზე განიხილება ანგარიში , რომელსაც ქმნის გაეროს გენერალური მდივნის მიერ დანიშნულ მეცნიერთა დამოუკიდებელი ჯგუფი.
2019 წლის გლობალური მდგრადი განვითარების ანგარიშის სახელწოდება იყო The Future is Now: Science for Achieving Sustainable Development (მომავალი ახლაა: მეცნიერება მდგრადი განვითარებისთვის).
- გლობალური მდგრადი განვითარების სამიტის ანგარიში 2023
GDSR 2023 - Times of Crisis, Times of Change: Science for Accelerating Transformations to Sustainable Development (კრიზისისა და ცვლილებების დრო: მეცნიერება მდგრადი განვითარების ტრანსფორმაციების დაჩქარებისთვის).
2023 წლის გლობალური მდგრადი განვითარების ანგარიშის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს სამყაროს კრიზისული ეტაპი, რომელიც, თავის მხრივ, ანგარიშში გულისხმობს არა ფრაგმენტული, არამედ ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. 2030 წლისთვის მიზნების განხორციელება, ანგარიშის მიხედვით, მოითხოვს პოლიტიკური ლიდერების აქტიურ მობილიზებასა და მეცნიერებაზე დაფუძნებულ ტრანსფორმაციებს.
GSDR 2023 ხაზს უსვამს ძირითად ტრანსფორმაციებს, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა სექტორში და იძლევა ძირითად მიგნებებს ლიტერატურიდან, გვაწვდის პრაქტიკულ მაგალითებსა და ინსტრუმენტებს SDG (Sustainable Development Goals)-ებისკენ მიმავალ პროგრესზე.
ანგარიში წარმოადგენს სტილიზებულ მოდელს, რომელიც თითოეულ დაინტერესებულ მხარეს პირველ რიგში ეხმარება ტრანსფორმაციის პროცესის გაგებაში, ხოლო შემდგომში სისტემატური და სტრუქტურირებული მიდგომების ბერკეტებად გარდაქმნაში.
ანგარიში ხაზს უსვამს იმასაც, რომ მიზანმიმართული და სასურველი ტრანსფორმაციები შესაძლებელი და ამასთან, აუცილებელია.
2019 წლიდან მრავალი მიდგომა განახლდა და შეიცვალა, თუმცა აღსანიშნავია თავად სახელმწიფოების გლობალური მიდგომების ტრანსფორმირების საკითხი, რაც 2023 წლის ანგარიშში განსაკუთრებით ხაზგასმულია.
2019 წელს SDG-ების მისაღწევად გაეროს რეკომენდაციებისა და ანგარიშის თანახმად, სახელმწიფოებმა შეიმუშავეს საკუთარი სტრატეგიები და გეგმები, რის შემდგომაც ხაზი გაესვა ქვეყნების ბილატერალურ მიდგომებსა და დამოკიდებულებებს, რაც საერთო მიზნების მისაღწევად ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა ასპექტში თანამშრომლობას გულისხმობდა, თუმცა 2023 წლის ანგარიშში ხაზი გაესვა მულტილატერალური მიდგომების აუცილებლობას, რაც გულისხმობს რამდენიმე ქვეყანას შორის საკითხების ირგვლივ თანამშრომლობის დაგეგმვასა და განვითარებას.
- საკვანძო მესიჯები 2023 წლის გაეროს გლობალური მდგრადი განვითარების ანგარიშიდან
2030 წლის შუა წერტილის კონტექსტი:
ანგარიშში განხილული 36 მიზნიდან მხოლოდ ორი თუ უახლოვდება დასახულ მიზანს, ხოლო რვაში პროგრესი უარესდება. კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის, უთანასწორობის, სიღარიბის აღმოფხვრის, გენდერული თანასწორობის, განათლებისა და შიმშილის აღმოფხვრის იმპლემენტაციის ტემპი იყო ძალიან ნელი და მეტიც, განიცადა რეგრესი.
კრიზისები, რომლებიც საგრძნობლად აფერხებს SDG-ების წინსვლას, ურთიერთდაკავშირებულია და აძლიერებს ინტენსივობას, თუმცა აღნიშნული კავშირები, შესაძლოა, გადაიქცეს შესაძლებლობადაც.
შოკების ნაკადი - Covid 19-ის პანდემია, კონფლიქტები სხვადასხვა რეგიონში, უკრაინის ომი, ცხოვრების ხარჯები, ვალის კრიზისები და კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფები - გადახლართულია გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური სისტემის საშუალებით, რაც, სამწუხაროდ, SDG პროგრესზე ისახება ნეგატიურად.
ანგარიშში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო ლიდერების როლს, მათ ყურადღებასა და ხედვას, რაც მიმართული უნდა იყოს საშუალო და გრძელვადიანი ტენდენციებისკენ, რომლებმაც შესაძლოა იქონიონ სისტემური ეფექტები SDG-ზე მაშინ, როდესაც თითოეული ასპექტი მჭიდრო კავშირშია მიმდინარე კრიზისებთან.
კლიმატის ცვლილებაზე, ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაკარგვაზე, დემოგრაფიულ ცვლილებებზე, დიგიტალიზაციაზე, ეკონომიკური უთანასწორობასა და ძალადობრივ კონფლიქტებზე მუშაობა ლიდერების მხრიდან, დააჩქარებს SDG-ების მიღწევის პროგრესს და გაზრდის ქვეყნების მდგრადობას.
მიუხედავად იმისა, რომ იზრდება ცნობიერების დონე და ვალდებულებები SDG-ების მიმართ, პროპორციულად არ ხდება აღნიშნულის გარდაქმნა ქმედებებში, რაც თავის მხრივ, ანგარიშის ერთ-ერთ ძირითად პარადიგმას წარმოადგენს.
SDG-ებმა ფესვები გაიდგა სახელისუფლო და სექტორულ დონეზე და უფრო ნათლად წარმოაჩინა მიღწევის პერსპექტივა, თუმცა მისწრაფებები და ვალდებულებები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სათანადოდ არ გარდაქმნილა ქმედებებში. ამასთან, თვალსაჩინო გახდა ფინანსური რესურსების ნაკლებობა SDG-ების პროგრესის მხრივ. შესაბამისად, ანგარიშში ხაზი ესმევა ფინანსური რესურსების ზრდის, დაფინანსების მექანიზმებისა და ანგარიშვალდებულების მძლავრი მექანიზმების აუცილებლობისა და პრიორიტეტულობის საკითხებს.
- მტკიცებულებები წინსვლის შესახებ
SDG-ები ურთიერთდაკავშირებულია და გააჩნიათ ჰოლისტიკური მისწრაფებები, დაფუძნებული კონტექსტის სპეციფიკურ ანალიზზე. გადაწყვეტილების მიმღებთ შეუძლიათ დაეყრდნონ მრავალ მტკიცებულებას SDG-ების ურთიერთკავშირზე, საერთაშორისო გავრცელებასა და სცენარების მოდელირებაზე, რათა მართონ პროცესები და მაქსიმალურად გაზარდონ სინერგია ჩართულ მხარეებს შორის. მეცნიერული ინსტრუმენტები და გადაწყვეტილების მიღება უნდა ასახავდეს სწორად აღნიშნულ სინერგიებსა და ვაჭრობებს.
განახლებული კვლევები მიუთითებს ტრანსფორმაციის ქმედებებზე, რომელთა ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, მიღწეულ იქნას მნიშვნელოვანი პროგრესი. თუმცა, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სტანდარტული ბიზნესსტრატეგიების არსებობა შესაძლოა ხელისშემშლელ გარემოებად იქცეს, როგორც 2030 წლისთვის, ასევე 2050 წლისთვისაც, თუმცა მულტილატერალური ურთიერთობებისა და სკრუპულოზური მუშაობის ფონზე, შესაძლოა დაჩქარდეს აღნიშნული პროგრესიც. სტანდარტულ ბიზნესსტრატეგიებში კი მჭიდროდ მოიაზრება გაეროს მდგრადი განვითარების მე-12 მიზანი, რაც პასუხისმგებლობიან/მდგრად მოხმარებასა და წარმოებას გულისხმობს.
ანგარიშის მიხედვით, ყველა ქვეყანაში საჭიროა შესაძლებლობების განვითარება და ტრანსფორმაციული ქმედებების მხარდაჭერა, თითოეულ შემავალ პუნქტში. შესაძლებლობების გაძლიერება უნდა იქნას გამოყენებული სხვა ბერკეტებთან ერთად, განსაკუთრებით მმართველობითი, ბიზნესისა და ფინანსების, ინდივიდუალური და კოლექტიური ქმედებების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კუთხით.
SDG სტრატეგიებმა უნდა განსაზღვრონ და მინიმუმამდე დაიყვანონ დაბრკოლებები, მხარი დაუჭირონ პერსპექტიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სპეციფიკურია ტრანსფორმაციის სხვადასხვა ფაზისთვის - წარმოშობა, აჩქარება და სტაბილიზაცია.
აღნიშნული ასევე მოითხოვს ბერკეტების გამოყენებას და სტრატეგიულად დროთა განმავლობაში მიდგომების შეცვლას, რათა ხელი შეეწყოს ახალი ტექნოლოგიების, პრაქტიკებისა და ინიციატივების „წარმოშობას“ ექსპერიმენტებისა და სწავლის გზით; მხარდაჭერას მათი „აჩქარების“ გაფართოებას სამართლიანი ტრანზაქციით, კოლექტიური ქმედებებითა და პოლიტიკური იმპულსებით; საბოლოო ჯამში კი „სტაბილიზაციით“, რაც დაკავშირებულია რეგულაციების ცვლილებასა და ახალ ინფრასტრუქტურებთან.
- მოქმედებისკენ მოწოდება ტრანსფორმაციის გზაზე
ტრანსფორმაცია შესაძლებელია და, ამავდროულად, გარდაუვალიც. SDG პროგრესის მისაღწევად, ანგარიშში ხაზი ესმევა მეცნიერების საჭიროებასა და ტრანსფორმაციაზე ორიენტირებულობას. აღნიშნული მოიცავს ორიენტირებულებას ძირითადი ინტერვენციებისას, რომელთაც გააჩნიათ სისტემური ეფექტი ინვესტიციების ზრდაზე, მეცნიერების, პრაქტიკოსებისა და საზოგადოების მობილიზებაზე ყველა დონეზე ქვეყანაში საჭირო შესაძლებლობების ჩამოყალიბების კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანია მჭიდრო მონიტორინგის მექანიზმების ჩამოყალიბება, რაც გავლენას იქონიებს აღნიშნულ ინტერვენციებზე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ SDG ტრანსფორმაციის ჩარჩო, რომელიც თავის მხრივ შედგება 6 ელემენტისგან:
1) ეროვნული გეგმები ტრანსფორმაციული ქმედებებისთვის, რაც ეფუძნება მეცნიერებასა და ინკლუზიურ პროცესებს, რათა გამოვლინდეს და განვითარდეს SDG სინერგიები და შემცირდეს ნეგატიური ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება;
2) სპეციფიკური მრეწველობის დაგეგმვა მიზნების შესასრულებლად;
3) ინიციატივები ფისკალური სივრცის გაზრდის მიზნით, მათ შორის საგადასახადო რეფორმები, სესხის რესტრუქტურიზაცია და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების გაზრდილი ჩართულობა SDG-ების განხორციელებაში;
4) ინვესტირება SDG-ებთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზებში, მეცნიერებაზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებში, პოლიტიკის შესწავლაში, კვლევასა და განვითარებაში;
5) პარტნიორობის დამყარება, რათა გაძლიერდეს სამეცნიერო პოლიტიკის საზოგადოების ინტერფეისი;
6) ინვესტირება მთავრობებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ანგარიშვალდებულებების გაუმჯობესების მექანიზმებში.
თითოეული მეცნიერული ბენეფიტი, რომელიც ხელს უწყობს და აუმჯობესებს საზოგადოებრივ სიკეთეს, გამოყენებული უნდა იქნას SDG-ებისთვის. ეს კი გულისხმობს ინვესტიციების გაზრდას მეცნიერებაში, ინოვაციურ სისტემებში, განსაკუთრებით განვითარებადი სტატუსის ქვეყნებში. ასევე, სამეცნიერო კვლევებზე, პუბლიკაციებსა და მონაცემებზე ღია ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ცოდნის გაზიარების მექანიზმების გაძლიერება, მათ შორის GSDR-ის მხარდაჭერით.
ავტორის დასკვნა:
2023 წლის გაეროს მდგრადი განვითარების სამიტი და შემუშავებული GSDR, წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
რეგიონში არსებული ვითარებისა და მრავალი გამოწვევის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის ჰიპერაქტიური მოქმედებები უაღრესად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს და შექმნას მდგრადი სისტემები, მდგრადი ეკონომიკური გარემო და, რაც მთავარია, ერთ-ერთ ძირითად აქტორად იქცეს მულტილატერალურ ურთიერთობებში, რათა მიზნების მისაღწევად გამოიყენოს თითოეული საერთაშორისო ბერკეტი, რომელიც SDG-ების ფარგლებში საქართველოსთვის იქმნება.
აღსანიშნავია, რომ გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის შესახებ საქართველოში საზოგადოების ინფორმირებულობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. მეტიც, შესაძლოა, საზოგადოებას არასწორი წარმოდგენებიც კი შეექმნას თავად სამიტის ძირითადი მიზნების შესახებ, რადგან საკითხები უფრო პოლიტიკურ ჭრილშია განხილული.
ამასთან, გაეროს მდგრადი განვითარების სამიტი სხვადასხვა მხარესათვის (განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებისთვის) ნაკლებად საინტერესო საკითხს წარმოადგენს, შესაბამისად საქართველოში, გაეროს მიერ შემუშავებული ძირითადი ანგარიშები, კვლევები და მიგნებები, ჩრდილქვეშაა მოქცეული.
გაეროს ანგარიშში ჩვენ ვაწყდებით ისეთ საკითხებსა და მათი გადაჭრის პოტენციურ გზებს, რომლებიც ძალიან სენსიტიური და მოწყვლადია ჩვენი სახელმწიფოსთვის, მაგალითად, ბაზრის დივერსიფიცირება ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს მთავრობა უმნიშვნელოვანესი რგოლია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, თუმცა, არა - ერთადერთი, შესაბამისად, სამთავრობო უწყებებთან ერთად, მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების როლი.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები მდგრადი განვითარების ირგვლივ საქმიანობაში, პირველ რიგში უნდა გაზარდონ ცნობადობის დონე, ხოლო შემდგომში შექმნან ხელმისაწვდომობა და ამასთან, განავითარონ ხელშემწყობი პროცესები, რომლებიც ერთგვარი მასტიმულირებელი უნდა იყოს, როგორც მთავრობისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.
ხელმისაწვდომობისა და ცნობადობის გაზრდა კი მხოლოდ წერტილოვანი აქტივობებითა და კონფერენციებით ნაკლებად მიიღწევა, საჭიროა კონკრეტული გეგმები და ნაბიჯები, თუ როგორ უნდა მოხერხდეს, რომ განვითარებადი სტატუსის მქონე ქვეყანამ, საქართველომ, შეძლოს SDG მიზნების ირგვლივ პროგრესირება და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომობისა და ცნობადობის გაზრდა, განსაკუთრებით კი რეგიონალურ და სამეცნიერო ჭრილში.
GSDR 2023-ში ხშირად ვხვდებით რჩევებსა და რეკომენდაციებს სინერგიის როლის შესახებ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით სინერგიული ქმედებები და ორგანიზაციებს/სტრუქტურებს შორის მულტილატერალური ურთიერთობების განვითარება, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე ანალოგიური მიდგომებისა და დამოკიდებულებების წარმოება.
შეჯამების სახით კი აღსანიშნავია, რომ სწორედ SDG მიზნები და GSDR ანგარიში უნდა წარმოადგენდეს საქართველოსთვის საერთაშორისო ასპარეზზე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, რაც თავის მხრივ, უნდა კონვერტირდეს, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად ბერკეტად რეგიონში, რათა ერთი მხრივ, გაამყაროს ურთიერთობები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ხოლო მეორე მხრივ, შექმნას მდგრადი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ფუნდამენტი, საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე.
იხილეთ GSDR 2023 - სრული ანგარიში