ახალ წესრიგზე გადაწყობა: ღიაობიდან ჩაკეტილობისკენ?
ცივი ომის დასასრული საერთაშორისო ურთიერთობებში მხოლოდ იდილიას როდი მოასწავებდა, არამედ გლობალურად აკუმულირებულ ეკონომიკურ სიკეთეებზე მაქსიმალურ წვდომასაც გვპირდებოდა სხვადასხვა ალიანსის, პაქტის თუ ინიციატივის ხარჯზე. ნიშანდობლივია, რომ ფრენსის ფუკუიამას „ისტორიის დასასრული“, რომელმაც პრაქტიკულად სამუდამო, უპირობო და შეუქცევადი „ბოროტსა სძლია კეთილმან“ დააანონსა, განვითარებული და განვითარებადი სამყაროს დამოკიდებულების ერთგვარ „ოქროს ხანის“ კვინტესენციად იქცა.
საერთაშორისო პოლიტიკაში დამკვიდრებული ფუკუიამასეული გაგება, თითქოსდა, გლობალურ ეკონომიკურ სურათშიც უნდა გამოვლენილიყო. მართალია, ეკონომიკაში გლობალიზმი გლობალურ ეკონომიკას ყოველთვის არ უდრის, მაგრამ კოსმოპოლიტიზმის, უნივერსალიზმის თუ, გნებავთ, ინტერნაციონალიზმის სრული შეუქცევადობა აქაც იყო მოსალოდნელი.
შესაბამისად, გლობალურ გეოსივრცეში ეკონომიკური გლობალიზაციის იდეა ერთგვარ მანტრად იქცა, თანაც ისე, რომ საპირისპირო მოსაზრება ლამის „სამყაროსთვის ზურგის შექცევად“ შეფასდა და ტოტალური ობსტრუქციისათვის თავდასხმის ობიექტად გამოცხადდა. „მეინსტრიმში“ ერთადერთი საგამონაკლისო დაშვება მსხვილი სავაჭრო ბლოკების შექმნა გახდა, რომელიც, საბოლოოდ, ისევ და ისევ გლობალური ეკონომიკური ფაქტურის სიმტკიცეს უწყობდა ხელს. ამ პროცესს ზოგან, ერთი შეხედვით, დეგლობალიზაციის ხასიათი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რეალურად და საქმით კი მისი საბოლოო ეფექტი მსოფლიო ეკონომიკაში თამაშის წესების გლობალური უნივერსალიზაცია იყო.
ამდენად, თვით ცნება „გლობალიზაცია“ ეკონომიკური კეთილდღეობის სინონიმად, ამ კეთილდღეობის მოპოვება-გადანაწილების პრაქტიკული ფორმები და მექანიზმები კი ერთადერთ სადისკუსიო თემად გადაიქცა. ეკონომიკის სწრაფვა გლობალურობისაკენ და ამ ტენდენციის განუხრელობის რწმენა გაგრძელდა მანამ, სანამ მსოფლიოს უმეტესი ნაწილი და არსებული წესრიგი რამდენიმე მასშტაბურმა შოკმა არ შეარყია.
იძულებითი უკუსვლა
ბოლო ორიოდე ათწლეულის განმავლობაში გლობალურმა ეკონომიკამ არაერთი დარტყმა იწვნია. ყოველი მათგანი უნიკალური იყო თავისი ინდივიდუალური არსითა და განსხვავებული მასშტაბით.
მიუხედავად ასეთი სიმრავლისა და მრავალფეროვნებისა, ძირითად, ასე ვთქვათ, „სისტემაგარდამქმნელ“ პროცესებს შორის იყო და არის 2008-2009 წლის საფინანსო კრიზისი, კოვიდპანდემია და პოსტ-პანდემიური პროცესები, ისე როგორც რუსეთის უკრაინაში ხელახლა შეჭრის შედეგად მიმდინარე ომი. ამ უკანასკნელმა განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დააყენა ევროპა, რომელსაც მისთვის ისეთ ფუნდამენტურ ორ საკითხზე მოუწია პასუხის გაცემა, როგორებიც არის რუსეთიდან იაფი ენერგორესურსების იმპორტი და ჩინეთში მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტი. ორივე საკითხს მეტად ძვირი „საფასო იარლიყი“ მიეკრა, ამიტომ შემთხვევითი როდია, რომ „საერთაშორისო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს“ ანალიტიკური ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა 62 პროცენტი ტაივანის ირგვლივ კონფლიქტის შემთხვევაში ნეიტრალიტეტს დაუჭერდა მხარს.
ასევე დრამატულად ვითარდება ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები, თუმცა ამ სტატიის წერისას ცალსახა დასკვნების გამოტანა ალბათ ნაადრევია.
შექმნილ ვითარებაში და ხსენებული შოკების საპასუხოდ, ეკონომიკური კავშირების მეტი დივერსიფიკაცია ალბათ ბუნებრივი რეაქცია იქნებოდა, თუნდაც ამას დამატებითი ხარჯის გაწევის თუ კომპლექსური ლოგისტიკური გადაწყვეტების აუცილებლობა გამოეწვია; სინამდვილეში კი ქვეყნების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ სხვა გზა აირჩია, რაზეც უფრო ვრცლად შემდგომ ვისაუბრებთ, აქ კი მხოლოდ მოკლედ დავძენთ, რომ ამ არჩევანმა ეკონომიკა კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირა გეოპოლიტიკასა და უსაფრთხოებას. როგორც ჩანს, ეს კავშირი, სულ მცირე, განჭვრეტად მომავალშიც აქტუალური იქნება.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გარე, ე.წ. ეგზოგენურ მოვლენებთან ერთად, დიდ ეკონომიკურ სურათზე გავლენას ახდენს პოლიტიკური ცვლილებები კონკრეტული ეროვნული სისტემების შიგნით. ამ ცვლილებზე და მათგან გამომდინარე ჩამოყალიბებულ ხედვასა თუ მიდგომებზე შედარებით ვრცელი საუბარი გვექნება.
ერთი რამ ცხადია: ცივი ომის შემდგომ, თითქოსდა, განუსაზღვრელი ვადით ნაწინასწარმეტყველებმა იდილიამ და ეკონომიკური ურთიერთობების უნივერსალიზაციამ ვერ გაუძლო გამოწვევათა ტესტს. შედეგად ჩავარდა „გეგმის მიხედვით პროცესის მართვაც“, რაც, არაერთ სხვა საგანგაშო სიმპტომთან ერთად, გამოიხატა, როგორც:
(ა) ეკონომიკური უთანასწორობის გაღვივება ქვეყნებს შიგნით; ასევე –
(ბ) უთანაბრობის გაღრმავება სხვადასხვა ქვეყნებისა თუ რეგიონების ეკონომიკურ შესაძლებლობებს შორის; და აგრეთვე –
(გ) ეკონომიკური საშუალებების ზეწოლის იარაღად ქცევა, რაც თანამედროვე ლიტერატურაში weaponisation-ს ფენომენით არის ცნობილი.
შედეგად, შეფერხდა ერთიანი ქცევის წესების ჰარმონიზაცია, აქა-იქ ეროვნული ეკონომიკური სისტემები „თავდაცვით“ რეჟიმში გადადიან, ხოლო გლობალური მასშტაბის აქტორები კი ეკონომიკაში ძირეულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მოურიდებლად ასაბუთებენ ეგოისტური მოსაზრებებით.
ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა: ვინ როგორ მოქმედებს
გლობალურ ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე მოთამაშეთა პოლიტიკაში სულ უფრო მეტად იკვეთება სხვათა ინტერესების ხარჯზე საკუთარ თავზე ზრუნვის ტენდენცია. ასეთ დროს, პრაქტიკულ ზომებსა თუ საკანონმდებლო ინიციატივებსაც სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, გარდა ეკონომიკური სტრუქტურის გლობალიზაციის ტემპის საგრძნობი დაგდების, ხოლო რიგ შემთხვევებში - ამ მხრივ მიღწეული შედეგების რევიზიის ან სულაც თვითკმარობის მოსაზრებით მოტივირებული ნაციონალურ-ეკონომიკური ეგოიზმის დემონსტრირებისა.
მსოფლიოში მზარდი გამოწვევების ფონზე, არაერთმა დიდმა ქვეყანამ ღიად დაადეკლარირა ეროვნული უსაფრთხოებით ნაკარნახევი ეკონომიკური გადაწყობა. ასეთ გადაწყობას სამი უმთავრესი მიზანი აქვს, რომლებიც თანაბრად პრიორიტეტულია და, ამდენად, ახალი ინდუსტრიული პოლიტიკაც მხოლოდ სამივეს ერთობლიობაში აღსრულებით განიზომება, კერძოდ:
(1) კრიზისების დროს საკმარისი ეკონომიკური რესურსუნარიანობა და სამრეწველო ბაზის ავტონომიურ ან სულაც საგრძნობი დროით იზოლირებულ რეჟიმში რეზისტენტულობა;
(2) გლობალური შოკების დროს მეტოქე ეკონომიკების პოტენციალის მინიმუმ მნიშვნელოვნად დაქვეითება, თუ არა პარალიზება, თანამედროვე ეკონომიკური ომის საშუალებების გამოყენებით;
ხოლო, ზემოაღნიშნული ორივე მიზნის რეალიზების შედეგად კი:
(3) საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში გეოეკონომიკურ სიბრტყეში ისეთი უპირატესობის მოპოვება, რომელიც უკვე სასურველი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარების მყარ წინაპირობას შექმნის.
ფაქტია, რომ ე.წ. ახალ ინდუსტრიულ პოლიტიკას ისეთი კალიბრის ეკონომიკური აქტორები განსაზღვრავენ, რომელთაც სხვებზე უწინარესად ევალებათ მსოფლიო ეკონომიკაში თანმიმდევრულად და პასუხისმგებლობით მონაწილეობა, განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის საჭირო ბალანსის შენარჩუნება, გლობალური წესრიგისა და სტაბილურობის იმპერატივიდან გამომდინარე, განვითარებისათვის აუცილებელი სამართლიანი და თანაბარი პირობების შექმნა, მაგრამ სრულიად საპირისპიროდ, ბოლო წლებია, ისეთი ტენდენციების გაღრმავების მოწმენი ვართ, რომლებიც მიმართულია ღია პროტექციონიზმის ხარჯზე შიდა ბაზრის ხელოვნური სტიმულირებისაკენ, არსებული გლობალური საფრთხეების სამართავად აუცილებელი კოორდინაციის შემცირებისაკენ, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის უპირველესი მოკავშირის - სიღარიბის - მოსათოკად ურთიერთდაკავშირებულობისა და ურთიერთდამოკიდებულების საჭირო გონივრული სტანდარტების მოშლისაკენ.
მხოლოდ რამდენიმე ასეთი ნაბიჯის ამ მოკლე ფორმატში თავმოყრაც კი მეტყველებს ახალი ინდუსტრიული პოლიტიკის ჩვენთვის საგულისხმო წახნაგების გამოკვეთასა და, მაშასადამე, ეკონომიკაში „ავტარკიული პროტექციონიზმის“ აღმოცენების ხანის დადგომაზე (შეუქცევადად?), მისგან გამომდინარე ყველა შედეგობრივი ეფექტით.
ასე მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამოქმედებული „ინფლაციის შემცირების აქტის“ (Inflation Reduction Act) საკანონმდებლო ინიციატივის გაცხადებული მიზანი სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების მეშვეობით მწვანე ტექნოლოგიების სტიმულირებაა, ხოლო CHIPS and Science–ის საკანონმდებლო აქტის მიზანი კი აშშ-ში ნახევარგამტარების წარმოების წახალისება. ამ და არაერთი სხვა ინიციატივისა და პროგრამის რეალური მოტივი არის აზიურ ბაზრებზე, განსაკუთრებით კი ჩინეთზე, ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულების შემცირება ახალ გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში უკეთესი პოზიციის მოსაპოვებლად. იმავე სულისკვეთებისაა პეკინის მიერ ამოქმედებული რამდენიმე მასშტაბური პროექტი, იქნება ეს „ჩინეთი 2025–ის სტრატეგია“ (China 2025 Strategy) თუ „ორმაგი გამოყენების პოლიტიკა“ (Dual Circulation Policy), რომელთა ჯამური ეფექტიც შიდა მოხმარების ზრდის ხელშეწყობა და საკუთრივ ჩინურ ბაზარზე მეტი ფოკუსირებაა. შესატყვის ხელწერას ინდოეთმაც უერთგულა „აწარმოვე ინდოეთში“ (Make in India) პროექტის დაწყებით, რომლის მთავარი არსი კვლავდაკვლავ ადგილობრივი წარმოების დაცვაა ოფიციალური პროტექციონისტული ზომების მოშველიებით. მართალია, სხვა საფუძვლებით, თუმცა ლოზუნგით – „ყველაფერი ფრონტისათვის“ – საკუთარი ეკონომიკის თვითგამოკეტვის ტრენდს არც რუსეთი ჩამორჩა და ამ ეტაპზე ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის თითქმის მესამედი „ეროვნულ თავდაცვას“ მოხმარდება. მეტი თვალსაჩინოებისათვის: ომის საჭიროებებზე იქნება მიმართული მთლიანი ეროვნული პროდუქტის ექვსი პროცენტი, ანუ გაორმაგებულზე მეტი, ვიდრე უკრაინაში აგრესიის განახლებამდე ხმარდებოდა. პირდაპირი სამხედრო დანახარჯების მიღმა კი, ცხრა პროცენტზე მეტი „ეროვნულ უსაფრთხოებაზე“ მიდის. დანახარჯების ასეთი ზრდა, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებთან ერთად, დიდი დოზით ეკონომიკურ იზოლაციონიზმსა და პროტექციონიზმთან თანმხვედრია.
ეს მხოლოდ რამდენიმე საილუსტრაციო ნიმუშია, ხოლო ამ ჩამონათვალის განვრცობა იოლად შესაძლებელია როგორც დასახელებული ქვეყნების, ისე სხვა ეკონომიკების მაგალითზე. ყოველ მათგანს ახასიათებს მაქსიმალური, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აყვანილი ზრუნვა საკუთარი საჭიროებებისათვის, თანაც საერთაშორისო-ეკონომიკურ ურთიერთობებში სათანადო ნაცვალგებისა და საერთო-საზიარო ინტერესების აქტუალობის ჯეროვანი გათვალისწინების გარეშე. აშკარაა, რომ ეკონომიკური სტრუქტურის პროგნოზირებადი განვითარების რისკებთან ერთად, ეს კარგს არაფერს უქადის გლობალური გაგებით ზოგადი უსაფრთხოების სტრუქტურასაც.
საერთოდაც, უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას რომ შევეშვათ, „ვიწრო“ ეკონომიკური გაგებითაც კი, ასეთი ნეოიზოლაციონიზმის, იგივე ეკონომიკური ავტარკიის, უშუალოდ ხელშესახებ ნეგატიურ შედეგებად მოიაზრება:
(1) საერთაშორისო ეკონომიკური კავშირებისაგან მაქსიმალური ჩახსნა მაღალი ალბათობით იწვევს ეროვნულ ეკონომიკასთან ერთად ადგილობრივი მოწინავე კომპანიების, ე.წ. „ეროვნული ჩემპიონების“ კონკურენტუნარიანობის დაქვეითებას;
(2) რესურსების განაწილებასა და მიწოდება-მომარაგების ჯაჭვის შექმნაში პოლიტიკა იჭრება, რის შედეგადაც ჯანსაღ ეკონომიკურ კანონებს პოლიტიკისა და უსაფრთხოების საჭიროებები იქვემდებარებენ;
(3) ეკონომიკაში გამოწვევებზე დროული და ტექნოკრატიული რეაგირება პოლიტიკოსთა შორის ინსინუაციების მსხვერპლად შეიძლება იქცეს;
(4) მატულობს სადავო შემთხვევების ალბათობა, როგორც ქვეყნებს შორის, ისე სავაჭრო ბლოკებსა თუ რეგიონალურ ალიანსებს შორის. ამის თვალსაჩინო მაგალითია გახმაურებული დავა „ეარბასსა“ და „ბოინგს“ შორის, რომელმაც აშშ-სა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობაზე არასახარბიელო გავლენა მოახდინა.
სხვადასხვა ქვეყნის მიერ ღია პროტექციონიზმისაკენ ოფიციალურად დეკლარირებულ კურსს არც კერძო სექტორი ჩამორჩა. ასე მაგალითად, „ფრენდშორინგად“ თუ „რეშორინგად“ დამკვიდრებული ტერმინები, რეალურად, მოწყვლადი გეოგრაფიებიდან და არამეგობრული ქვეყნებიდან წარმოების შედარებით უსაფრთხო ან დაბალრისკიან იურისდიქციებში გადატანას აღნიშნავს. ეს პროცესი, ცხადია, გლობალურად გადაჭიმული მიწოდება-მომარაგების ქსელის შეკვეცა-დამოკლებას განაპირობებს, რომლის საბოლოო მიზანი მომარაგებასა და მიწოდებაში არასასურველი, ხანგრძლივი თუ არაპროგნოზირებადი წყვეტის პრევენცია და სწრაფი აღდგენაა.
პროცესის გავლენა განვითარებად სისტემებზე...
...ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, ვინაიდან ქართული ეკონომიკისათვის ესოდენ საჭირბოროტო გაკვეთილებს უკავშირდება. ამ სტატიაში აღნიშნული ტენდენცია ყველაზე თვალსაჩინოდ სწორედ რომ განვითარებად (იგივე, აღმოცენებად) ეკონომიკაზე აისახება ნეგატიურად, რასაც, ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, გეოპოლიტიკური არასტაბილურობაც უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ აწ უკვე წარსულს მიბარებულ (დროებით) „გლობალიზაციის ხანაში“ კონკრეტული სარგებელი არაერთმა განვითარებადმა ქვეყანამ მიიღო. უწინარესად, ეს სარგებელი ვაჭრობისა და ფინანსების ამ ქვეყნებში გადამისამართებაში გამოიხატა, რასაც საფუძვლად დაედო:
(ა) შესაბამის ეკონომიკებში ადგილობრივი იაფი მუშა ხელი, და
(ბ) შედარებით მარტივი და დაბალხარჯიანი მიწოდება-მომარაგება.
შედეგად ამ მეტად პრაქტიკული ეკონომიკური გარემოებებისა, განვითარებად სამყაროში პირდაპირი ინვესტიციების შედინება კიდევ უფრო გააქტიურდა დასავლური კორპორაციების მიერ „ოფშორიზაციის“, ანუ საქმიანი ოპერაციების განვითარებად ქვეყნებში გადატანით.
ამავე პროცესის თანმდევ შედეგად იქცა ისიც, რომ განვითარებადმა ეკონომიკურმა სისტემებმა ახლა უკვე პირდაპირი ინვესტიციების (და არა მხოლოდ სასესხო კაპიტალის) ხარჯზე გაიჩინეს საფინანსო რესურსი საკუთრივ დასავლურ ფონდებსა თუ ფასიან ქაღალდებში საინვესტიციოდ. მეტიც, ასეთმა სისტემებმა დამატებით სარგებლად მიიღეს:
(ა) ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული რისკების ჰეჯირების (ანუ მართვის) ინსტრუმენტები;
(ბ) საკუთარი „ეროვნული ჩემპიონების“ - ფლაგმანი კომპანიების აღმოცენება;
(გ) ეროვნული პროდუქციის რეალიზებისათვის ბაზრის გაფართოება;
(დ) ცალკეულ შემთხვევებში საკმაოდ მედეგი ადგილობრივი საფონდო ბაზრის ჩამოყალიბება;
(ე) მოწინავე ტექნოლოგიებზე წვდომა, და
(ვ) საკუთარი საშუალო ფენის დამკვიდრებაც კი, რომელიც ესოდენ კრიტიკულია ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკურ-სოციალური მდგრადობისათვის.
ცხადია, რომ განვითარებულ და განვითარებად სამყაროს შორის ამგვარად გააქტიურებულმა „ორმხრივი მოძრაობის ქუჩამ“ (ზედმეტია შეხსენება, რომ საქართველო ამ პროცესის მიღმა აღმოჩნდა) გლობალიზაციისათვის ურთიერთდაკავშირებულობისა და ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი გაცილებით გაზარდა.
ამდენად, გასაგებია, რომ გასული საუკუნის მიწურულსა და ამ საუკუნის დასაწყისში ეკონომიკური სისტემების გლობალიზაცია-ინტერნაციონალიზაცია-ურთიერთდაკავშირების ტენდენციის საგრძნობი კლება განვითარებადი ეკონომიკური სამყაროსათვისაც მეტად საზიანო აღმოჩნდა. ეს ზიანი მოიმატებს დეგლობალიზაციის პროცესის გაღრმავებისა და ეკონომიკური ნაციონალიზმის ზრდის კვალდაკვალ. ამდენად, ასეთი ვითარება განვითარებადი ეკონომიკის პირობებში მყოფი ქვეყნისაგან დროულ და ადეკვატურ სისტემურ გადაწყობას მოითხოვს.
ეკონომიკური უსაფრთხოება თუ უსაფრთხოება ეკონომიკაში?
პოსტ-ცივი ომი გლობალიზაციის ტემპში არა მარტო სავაჭრო და საფინანსო კავშირების ფრაგმენტაციით, არამედ არსებული გეოპოლიტიკური წესწყობილების სტაბილურობისა და მდგრადობის საგრძნობი დაქვეითებით აისახება. პრინციპში, მედლის ეს ორი მხარე დღეს იმდენად ურთიერთგადახლართულია, რომ პოლიტიკაში მომხდარი რყევა უშუალოდ აირეკლება ეკონომიკაზე და პირიქით. ვთქვით ისიც, რომ ასეთი რყევების ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება (ამავე სტატიაში აღნიშნული კონკრეტული საშუალებების გაბათილებით) დაბალი და საშუალო შემოსავლის ეკონომიკის ქვეყნებზე ყველაზე აშკარად იკითხება. უკვე დამდგარი რეალობა ის არის, რომ უსაფრთხოების პოლიტიკა თუ პოლიტიკა უსაფრთხოებაში, პრაქტიკულად, ეკონომიკური სვლის უპირობოდ განმსაზღვრელი გახდა. სწორედ ასეთ „დაქვემდებარებაზეა“ აღმოცენებული თანამედროვე ეკონომიკური ნაციონალიზმი თუ ახალი ეკონომიკური ავტარკია – ამა თუ იმ ქვეყნის განცალკევებული ეკონომიკური და მეტწილად ჩაკეტილი პოლიტიკა.
არსებული ტენდენციებით და მაღალი რანგის საჯარო გამოსვლებით თუ ვიმსჯელებთ, საქმე გვაქვს ისეთ ფენომენთან, როგორიცაა ახალი ტიპის ეკონომიკურად უსაფრთხო სახელმწიფო. ამ კუთხით ძალზე ნიშანდობლივია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეკ სალივანის 2023 წლის აპრილის სიტყვა. თავის გამოსვლაში მან თავისუფალი ბაზრისა და ეკონომიკური უსაფრთხოების წინააღმდეგობრივ კავშირზე ვრცლად ისაუბრა და მეტად საყურადღებო აქცენტები გააკეთა. კერძოდ, სალივანის აზრით, ღია ბაზარსა და მის მოთამაშეებზე ეკონომიკური პროცესების სრულმა და უკონტროლო დელეგირებამ:
(ა) დაასუსტა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოება; და რომ -
(ბ) გლობალურ ეკონომიკურ კავშირებში სრული დამოკიდებულებით სხვები ბოროტად სარგებლობენ თავიანთი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად; ისე როგორც -
(გ) ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციების მიერ ეკონომიკაში წარმოებულმა ლიბერალიზაციამ არა თუ ვერ შეძლო მიეღწია მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, არამედ განაპირობა ჩინეთის აღზევება და გლობალური მიწოდება-მომარაგების სისტემის კრიტიკულად მოწყვლადობა.
პრაქტიკულად, ასეთი აქცენტებით მივიღეთ „უსაფრთხოების“ ტრადიციული გაგების (რომელიც ომის, ტერორიზმისა და სხვათა პრევენციას გულისხმობდა) მნიშვნელოვანი განვრცობა, რის შედეგადაც უსაფრთხოება ახლა უკვე მოიცავს სურსათით მომარაგებას, ენერგეტიკულ თვითკმარობას, ინფლაციის მართვას, კლიმატურ ცვლილებებს და ა.შ.
მეტიც, არაერთ ფორუმსა თუ ეკონომიკური ალიანსის შეკრებაზე გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის დასრულების შემდგომ რაღაც ხნით მოქმედი „ვაშინგტონის კონსენსუსი“ ე.წ. „ახალი ვაშინგტონის კონსენსუსით“ ჩანაცვლდა. სხვადასხვა წყაროში გავრცელებული შეხედულებებით, ხსენებული „კონსენსუსის“ განახლებული ვერსია გულისხმობს როგორც უარს ბაზრის პრიორიტეტულობაზე უსაფრთხოებასთან შედარებით, ისე ბალანსის დაჭერას ამ ორს შორის. ეს თეორიული პარადიგმა რეალურად რთული წარმოსადგენია. მით უფრო რთულია მისი პრაქტიკაში აღსრულება, რაკი ეს „რისკებისაგან გათავისუფლებად“ (de-risking) მონათლული მიდგომა არსობრივად ისევეა ახალი, როგორც კარგად დავიწყებული ძველი - ეკონომიკური პროცესის სათანადოდ მართვა მისი მოწყვლადობის მაქსიმალური შემცირების გზით. სავარაუდოდ, ეს შედეგი, მათ შორის, საბაზრო პროცესებზე გონივრულ სახელმწიფო კონტროლსა და მართვაში აისახება, რომლის მაგალითებსაც ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებსა და აზიაში, თუნდაც იაპონიაში, თვალნათლივ ვხედავთ.
აზრის შეჯამების მიზნით, ვიტყვით, რომ ეკონომიკური სისტემის უსაფრთხოება ერთიან და განუყოფელ, ე.წ. ჰოლისტურ მიდგომას ემყარება და მოიცავს სხვადასხვა სფეროებზე გამავალი ღონისძიებების ურთიერთშეწყობასა და სინერგიას. ჩვენი დროის გამოწვევების კომპლექსურობის ფონზე ეს კიდევ უფრო კრიტიკულია. აქვე დავძენთ, რომ ბაზრის მოთამაშეებს, გლობალურ შოკებთან მისადაგებისა და მოქნილობის უნარების მიუხედავად, არა აქვთ მთავარი - გეოპოლიტიკური რისკების მართვის შესაძლებლობა, რომელიც, თანამედროვე პირობებში, პრაქტიკულად უალტერნატივოდ აქვს საერთაშორისო ურთიერთობათა ჯერ კიდევ დომინანტ სუბიექტს - სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა გაერთიანებას.
მოჭარბებული სასანქციო „მადა“: რისკი გლობალიზაციისათვის?
რაოდენ უცნაურადაც არ უნდა იკითხებოდეს შემოთავაზებული ფორმულირება, ეს ბოლო წლებია, სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებით ერთი მეტად კონკრეტული პრობლემა წარმოიშვა. ვეცდებით მოკლედ ავხსნათ, თუ რა არის მისი არსი.
საქმე ისაა, რომ სანქციები, თითქოსდა, უნივერსალური საშუალება უსწორობის გადასალახად, დღეს, პრაქტიკულად, ხელაღებით გამოიყენება. მეტიც, სანქციების გამოყენებისადმი დაუოკებელმა ლტოლვამ „სასანქციო სამრეწველო ბაზა“ დაამკვიდრა, (აგრეთვე) თითქოსდა, სამიზნე სუბიექტის პოლიტიკისა და ქცევის გასწორებას სანქციათა მეტობა და სტრატეგიული გააზრების გარეშე ამოქმედება შველოდეს.
შედეგად, სანქცირების „დოზის გადაჭარბებამ“ არაერთი ქვეყანა (მათ შორის, საერთაშორისო სამართლის ხელმყოფი) იმგვარი საფინანსო სისტემების შექმნაზე დააფიქრა, რომლებიც მათ აშშ დოლარის დომინირებული საგადახდო არხების გვერდის ავლის საშუალებას მისცემს. ასეთ მცდელობებს, ცხადია, ისევ და ისევ გლობალიზაციის დასუსტებისაკენ მივყავართ.
ეკონომიკური იძულების პოლიტიკის დაწინაურებით, სანქციის, როგორც მყისიერი პასუხის, პოპულარიზაციამ და არაშერჩევითმა გამოყენებამ, ფაქტობრივად, მნიშვნელოვნად შეარყია გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების საფუძვლები. თავის მხრივ, სადამსჯელო ზომების ჭარბი და გაუაზრებელი პრაქტიკა ეკონომიკური ქცევის წესების გლობალურად ჰარმონიზაცია, უპირატესობას ანიჭებს „მე-ს“ და არა „ჩვენ-ს“, აქვეითებს ეკონომიკურ მედეგობას მზარდი გლობალური გამოწვევების პირისპირ.
ჩვენთვის გასააზრებლად...
...წარმოვადგინეთ ეკონომიკური ტენდენციები მცირე ექსკურსი, მათ შორის, ცალკეული მოსაზრებებისა და შეფასების ჩართვით. დიახ, ქართული ეკონომიკა მეტად მცირეა და ეს სიმცირე მისი სწრაფი ზრდისათვის ალბათ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოებაა. თუმცა ფაქტია ისიც, რომ დღევანდელ სამყაროში „სიმცირე“ არ ნიშნავს გარიყულობას და განზე, განცალკევებით ყოფნას. მეტიც, სწორედ რომ გლობალურად ეკონომიკური არხების ურთიერთკავშირმა (ფიზიკაში „ზიარჭურჭლის“ კანონისა არ იყოს) და გლობალური შოკების ფართოდ გადადინების ეფექტმა „დიდად“ და „მცირედ“ დაყოფა მეტად პირობითი გახადა, სულ მცირე, ეკონომიკაში მაინც.
ამიტომაც, აქტუალურია საჭიროება იმისა, რომ ქართული ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე მუდმივად თვალი გვეჭიროს მათი კრიტიკულად შეფასების მიზნით და ჩვენივე საკეთებლის „მშრალი რაციოთი“ განსაზღვრის განზრახვით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, თავს მოვუყრით რამდენიმე (უკვე კარგად ნაცნობ) მოსაზრებას. აქვე დავთქვამთ, რომ ეს მხოლოდ „სამოყვარულო“ დონეზე ფიქრია და, ცხადია, მსგავს თემაზე მსჯელობისას პროფესიული წრეების წარმომადგენელთა კვალიფიციურ შეფასებას სულ სხვა ფასი და წონა აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სისტემის მდგრადობისა და თვითკმარობის, მისი კონკურენტუნარიანობისა და რეალური ზრდის ხელშესაწყობად, უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ:
- მოწინავე ეკონომიკებთან მეტი ხარისხით ინტეგრირებაზე. ეს პრაქტიკულად ფასეული იქნება ჩვენი სავაჭრო და საფინანსო ნაკადის ხარისხობრივი გაუმჯობესებისათვის, ისე როგორც მოწინავე ტექნოლოგიებისა და ცოდნის ჩვენთან გადმოტანისა და დანერგვისათვის.
- საექსპორტო ბაზრის გაფართოებასა და დივერსიფიცირებაზე. ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე ჩამოკიდება ეკონომიკურად მოწყვლადობას ნიშნავს და ეროვნული უსაფრთხოების მხრივ სარისკოა; შესაბამისად, რაც მეტია „გასავლისა“ და „შემოსავლის“ წყარო, მით მეტია სივრცე და თავისუფლება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის. ეს ყოველივე, მათ შორის, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებსა და სავაჭრო გაერთიანებებს უკავშირდება.
მსოფლიოში მზარდი ეკონომიკური ნაციონალიზმის პირობებში ასევე უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ:
- ინვესტიციების არა მხოლოდ რაოდენობრივ, არამედ თვისობრივ მხარეზე. თანამედროვე მსოფლიო და რეგიონალური საფრთხეების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, დაუშვებელია, ჩვენი ქვეყნისათვის სასურველად ნებისმიერი ინვესტიცია ჩაითვალოს. დროა, ვისწავლოთ მათი გარჩევა და გადარჩევა. ამ მიზნით, მიზანშეწონილად ვთვლით ინვესტიციების შემოწმების, მათი ე.წ. „სკრინინგის“ მექანიზმის კანონმდებლობით შემოღებას. დავძენთ იმასაც, რომ დღესდღეობით ამ საშუალებას არაერთი მოწინავე ეკონომიკური სისტემა მიმართავს.
- ქვეყნის ინტელექტში საჭირო რესურსის დროულ მიმართვაზე. „ინტელექტუალური თვითკმარობის“ ამგვარად უზრუნველყოფის გარეშე, განწირული ვართ ვუყუროთ საქართველოდან ესოდენ ძვირფასი კადრების გადინებას და ასე ჩვენი კონკურენტუნარიანობისა და ზრდის პოტენციალის გამოშიგვნას ახლო მომავალში.
ზემოაღნიშნულის გარდა, პრაქტიკულ ღონისძიებებად მოვიაზრებდით:
- საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინაში ვრცელი და გამოკვეთილი ადგილი უნდა დაეთმოს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხს. ასეთი საგანგებო ყურადღება, ისევ და ისევ, ამ სტატიაში ნახსენები „უსაფრთხოების“ თანამედროვე და მრავალმხრივი გაგებით არის ნაკარნახევი. უნდა შევთანხმდეთ, რომ ეროვნული უსაფრთხოება წარმოუდგენელია ეკონომიკური ზომების ერთიანი კომპლექსის გარეშე, ვინაიდან სუსტს, ღარიბს და ხელგაწვდილს ამ სამყაროში ღირსეულ პარტნიორად არავინ მიიჩნევს და დაელაპარაკება.
- ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულება უნდა გაძლიერდეს. ერთ-ერთ შესაძლო განვითარებად არც ეკონომიკური უსაფრთხოების საბჭოს ცალკე შექმნას გამოვრიცხავდით ან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სისტემაში მის ინსტიტუციონალიზაციას.
- სტრუქტურულ მიდგომაზე საუბრისას, აგრეთვე შესაძლო განხილვის საგნად აღვნიშნავდით საქართველოს მთავრობაში ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრის პოსტის შემოღებას, შესაბამისი სამეურვეო არეალითა და ფუნქციებით.
- იქნება ეს ეკონომიკური უსაფრთხოების საბჭოსა თუ ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრის ეგიდით, ერთ-ერთ ძირეულ ამოცანად უნდა იქცეს ქართული ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართ რისკებისა და საფრთხეების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი. ეს პროცესი ობიექტური ფორმით ეკონომიკურ საფრთხეთა პერიოდულ დოკუმენტში აისახება (მსგავსად ევროკავშირში არსებული პრაქტიკისა). სხვა საჭირო საკითხებთან ერთად, დოკუმენტში შეფასდება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი რისკები, ისე როგორც მათი მინიმიზაციისა და მართვის სარეკომენდაციო ღონისძიებები.
- დოქტრინულ მიდგომასთან ერთად, უნდა ვიმსჯელოთ ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი კანონმდებლობის (ვთქვათ, საქართველოს „ეკონომიკური უსაფრთხოების აქტი“) მიზანშეწონილობაზე. ასეთ კანონმდებლობაზე მუშაობისას, მათ შორის, საგანგებოდ ყურადღება უნდა გამახვილდეს: (ა) კრიზისების დროს სამთავრობო უწყებების კოორდინაციაზე; (ბ) გლობალური თუ რეგიონალური მასშტაბის მიწოდება-მომარაგების ერთი სისტემიდან მეორეზე სწრაფ გადაწყობაზე, ისე როგორც ერთ რომელიმე სისტემაზე ჭარბი დამოკიდებულების შემცირებაზე; (გ) კრიტიკულ სექტორებში თანამედროვე ინოვაციების ხელშეწყობაზე. ვაცნობიერებთ, რომ ამ მხრივ სასაუბრო ბევრია და კიდევ არაერთი საკვანძო ასპექტის აღნიშვნაა შესაძლებელი. თუმცა ფაქტია ისიც, რომ ყველა მათგანის რეალიზება ქვეყნის შიგნით ურთიერთობათა ნორმალიზების პირობებში თუ მოხდება. გავიმეორებთ უკვე არაერთგზის ნათქვამს: ქვეყანას არა აქვს არც „ფუფუნება“ და არც რესურსი, განაგრძოს ფუნქციონირება „პოლიტიკური დელეცობის“, ინსტიტუტებს მიღმა გასული პროცესის ფარგლებში, მხოლოდ სტატიკური, ძალაუფლების შენარჩუნებისა და მოპოვების მავნე იმპერატივზე კონცენტრირებით.
ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ელიტას, მათ, ვისაც ესმით, რომ ელიტარიზმი, უპირველესად, პასუხისმგებლობასთან, ღიაობასა და თვითკრიტიკასთან არის გაიგივებული, საშინაო და საგარეო ხაზის მერიტოკრატიით, ცოდნითა და ინფორმირებული გადაწყვეტილებებით გაჯერება მოეთხოვება. დღეს ქვეყნის წინაშე პრაქტიკულად უალტერნატივო ამოცანაა: საკუთარ ფუნქციონალურ კონკურენტუნარიანობაში, ქმედით უსაფრთხოებასა და ინკლუზიურ განვითარებაში ინვესტირება არსებულ „უწესრიგო წესრიგში“ ადგილის ხელახლა მოსაპოვებლად.