განახლებული ქართული საგარეო პოლიტიკა: მეტი პრაქტიკულობისათვის, მეტი შედეგიანობისათვის 

ავტორი:

არსებული რეალიები


საგარეო პოლიტიკა არასდროს ყოფილა სწორხაზოვანი სავარჯიშო, ხოლო მისი ქმნის ხილულ თუ ფარულ სვლებში რთული მექანიზმის წარმატებული თუ წარუმატებელი მუშაობა ყოველთვის იკითხებოდა. საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის ევოლუციასთან ერთად ეს მექანიზმიც გზადაგზა უფრო რთული და კომპლექსური გახდა. მისმა ქმედითად გამოყენებამ, პირდაპირ დანახარჯთან ერთად, არაერთი ისეთი ახალი ტიპის რესურსის გამოყენება მოითხოვა, რომელთა ათვისება არაერთ ქვეყანას თუ აქტორს ასევე გზადაგზა უწევს.


რეალურ დროში ამ პრაქტიკულ „სასწავლო კურსს“ ისიც დაემატა, რომ აშკარა ზღვარი თეთრსა და შავს შორის დღეს უკვე  წაიშალა, მანამდე ცნობილი „უკიდურესობები“ ერთმანეთისაკენ დაიძრა, შეფასებათა აბსოლუტურობა და, მით უფრო, მოქმედება, ზოგან უსარგებლო, ზოგან კი უშუალოდ სარისკო გახდა.


გლობალურ წესრიგში ასეთმა აჭრამ „უწესრიგო წესრიგი“ წარმოშვა, რომელშიც წინასწარ განსაზღვრულმა ამა თუ იმ დიდმა სტრატეგიამ საგარეო კურსის ნავიგაციის სიტლანქე და უხეშობა განაპირობა. ამავდროულად, „დაგეგმარების გარეშე“ მსოფლიო წესრიგში საკუთარი ინტერესებისთვის გზის გაკვალვა და საკუთარივე უსაფრთხოების თუნდაც ნაწილობრივ უზრუნველყოფა განსაკუთრებით მძიმე ტვირთად მცირე ქვეყნებს დააწვა. 


მცირე ქვეყნების ხვედრი არც მანამდე იყო იოლი. თუმცა ჩვენს დროში ეს ხვედრი კიდევ უფრო გაამძაფრა ისეთმა რეალიებმა, როგორებიც არის საერთაშორისო სამართლის როლის დაკნინება, მიღწეული შეთანხმებების შესასრულებლად მათი რეპუტაციული ფაქტორის უგულებელყოფა, გლობალური თუ რეგიონალური აქტორების ინტერესების შეჯერებისა და შეწყობისათვის ამ ინტერესების ერთი დიდი „სავაჭრო ბირჟისთვის“ დაქვემდებარება, დეკლარირებული პრინციპებისა თუ იდეალების „აღებ-მიცემობის“ საჭიროებებით ფეხქვეშ „დელიკატურად“ გათელვა.  

 
ამ და რამდენიმე სხვა მიზეზმა, პრაქტიკულად, თვისობრივად ახალ მიდგომათა  ოფიციალური პოლიტიკის რანგში აყვანა განაპირობა. ასე მაგალითად,  საგარეო ასპარეზზე, ფაქტობრივად, ადგილი დაიმკვიდრა ე.წ. ბალანსირების პოლიტიკამ, რომლის აქტუალობაც, უკრაინაში ომისა და სხვა სამხედრო კონფლიქტების ფონზე, მზარდია. ასეთი ბალანსირება, გნებავთ - ლავირება, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში (თუ, უსისტემობაში) მკაფიო ხაზებისა და თამაშის წესების არქონისას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების სრულ დაცვას თუ ვერა, მინიმუმ მათ დროებით შენარჩუნებასა თუ გადაგორებას დაუკავშირდა.


მეტიც, ე.წ. ბალანსირების პრაქტიკამ, რომელიც უპრინციპობასთან არავითარ შემთხვევაში უპირობოდ არ უნდა გაიგივდეს, არა მხოლოდ მცირე თუ საშუალო, არამედ დიდი ქვეყნების გეოპოლიტიკურ ხელწერაშიც შეაღწია. პოლიტიკის ქმნის თანამედროვე ეტაპზე, საფრთხეების მინიმიზებისა და საკუთარი ინტერესების გატარებისათვის არსებული მეთოდები სახეს განუწყვეტლივ იცვლიან: როგორც მის ფორმას, ისე შინაარსს. ასე მაგალითად, შინაარსობრივი ცვლილებების ნაირსახეობას უნდა მიეწეროს ე.წ. Swing State-ს ფენომენის აღმოცენება. მისი ეტიმოლოგიისა და  გამართული ქართული განსაზღვრების საკითხს ახლა დროებით შევეშვათ. მთავარი ხომ მაინც არსია, რომლის თანახმად, ქვეყანამ (განსაკუთრებით, მცირე და საშუალომ) ისეთი ხარისხის რაციონალური პოლიტიკა უნდა აწარმოოს, რომელმაც მსხვილი გეოპოლიტიკური ცენტრების მიერ მოცემული ქვეყნის ეროვნული ინტერესის გათვალისწინების ან, მინიმუმ, მისი ხელყოფის არიდების წინაპირობა უნდა შექმნას.   


ალბათ ზოგიერთისათვის საკამათოდ, მაგრამ მაინც დავძენთ, რომ შექმნილი რეალიების გათვალისწინებით, დიდი ქვეყნებიც ყოველთვის როდი გამოირჩევიან სწორხაზოვანი საგარეო-პოლიტიკური ხაზით, მათ შორის, მათ მიერვე დეკლარირებული პრინციპების მიუხედავად. მეტიც, იმავე ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითს თუ ავიღებთ, ეს გლობალური აქტორი აშკარად ცდილობს  დემოკრატიულ, ჰიბრიდულ თუ ავტოკრატიულ რეჟიმებთან სიტუაციური პარტნიორობის ხარჯზე, კონკრეტული მოცემულობით განპირობებული ამოცანების გადაჭრას. აღსანიშნავია ისიც, რომ საჭიროებებით გამოწვეული ამგვარი სიტუაციური პარტნიორობა თვით აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისთვის არის შეუფარავად დასაშვები და, გარკვეული გაგებით, ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკასაც ზემოხსენებული Swing State-ის ელფერს სძენს.


ზემოთქმულთან მიმართებით, ნიშანდობლივია ავტორიტეტულ ჟურნალ „ფორინ ეფეარის“ (Foreign Affairs) ამა წლის იანვრის ნომერში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსს, უილიამ ბერნსს ეკუთვნის. რიგ საკითხებზე მსჯელობისას, ბერნსი ჰეჯირებაზე (ანუ ბალანსირებაზე) „შუაშისტი“ ქვეყნების მზარდ მოთხოვნაზე მიუთითებს. აშშ-ს წონადი დიპლომატი და მთავარი მზვერავი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ დემოკრატია იქნება თუ ავტოკრატია, განვითარებული ეკონომიკა თუ განვითარებადი, „არჩევანის მაქსიმიზაციის მიზნით ურთიერთობათა დივერსიფიცირების“ ტენდენციის მატებას ყველა ავლენს. მეტიც, იგი აღიარებს, რომ „მონოგამიური გეოპოლიტიკური ურთიერთობებიდან“ (ანუ ერთ კონკრეტულ ქვეყანასთან ექსკლუზიური ურთიერთობებიდან - ამ სტატიის ავტორის განმარტება) „მცირე სარგებელი და უამრავი რისკი“ მომდინარეობს და შენიშნავს, რომ „გეოპოლიტიკურად „ღია“ სტატუსი“ შესაძლოა უფრო მისაღები გახდეს ქვეყნებისათვის. ვფიქრობთ, რომ  ამ მოსაზრებების ციტირების შემდეგ ჩვენი მსჯელობა, რომელსაც ამ სტატიაში ვავითარებთ, ადეკვატურად იქნება აღქმული და ტოქსიკური კლიშეებისა და გაცვეთილი იარლიყების აკვრას გადაურჩება.   


ერთი სიტყვით, იქ, სადაც დიდი თუ საშუალო წონის ქვეყნებისათვის თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა დაუსრულებელი აღმოჩენებისა და მოულოდნელობების რისკიან ტრაექტორიაზე მოძრაობას ნიშნავს, გამორჩეულად წინააღმდეგობრივია შექმნილი ვითარება იმ მცირე ქვეყნებისათვის, რომლებიც მოკლებული არიან განსაკუთრებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ-საფინანსო, სამხედრო თუ ლობისტურ რესურსს საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ადვოკატირებისათვის. 


ამ სტატიის მიზანიც სწორედ აღნიშნულ გარემოებათა და წინააღმდეგობათა გათვალისწინებით ქართული საგარეო პოლიტიკის ქმნისა და განხორციელების თავისებურებებზე საუბარია; ისე როგორც რამდენიმე ისეთი პრაქტიკული მოსაზრების აღნიშვნა, რომელთა გათვალისწინებაც ჩვენს ძალისხმევას უფრო შედეგიანს და რეალისტურს გახდის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის ღია და რევერანსისგან თავისუფალი მსჯელობა ახლებურად გააზრებული ქართული საგარეო პოლიტიკის, ე.წ. „ქართული გზის“ კონტურებსა და პერსპექტივებზე.


შესავალი უკეთესი კონტექსტისათვის


ვიდრე დავკონკრეტდებით და ჩვენი საგარეო-პოლიტიკური (და არა მხოლოდ) ხაზის განახლების პრინციპებს ჩამოვაყალიბებთ, ასევე რამდენიმე კონტექსტურ საკითხს შევახსენებთ საკუთარ თავსა და მკითხველს:


დავიწყოთ იმ ბანალური პოსტულატით, რომ გეოგრაფია იყო, არის და კვლავ იქნება ქართული საგარეო პოლიტიკის ქმნის არსებითად განმსაზღვრელი ფაქტორი. მარტო „გეოპოლიტიკისა“ და „გეოეკონომიკის“ ზეპოპულარული კონოტაციების აღნიშვნაც კი სავსებით საკმარისია. 


გეოგრაფია ვახსენეთ და, მოგვწონს ეს თუ არა (ამ მოსაზრებას „იდეალისტები“ და „ინტერნაციონალისტები“ ფიცხად შეეწინააღმდეგებიან), გეოპოლიტიკური  გეოგრაფიების ე.წ. „გავლენათა სფეროებად“ თუ „ინტერესთა ზონებად“ დაყოფა განჭვრეტად მომავალში კვლავ აქტუალური იქნება. ამ მხრივ, სავარაუდოდ, „ზონებსა“ და „სფეროებს“ შორის მოქცეული ქვეყნების უმთავრესი საზრუნავი მათზე მავნე ზემოქმედების შემცირება, ურთიერთსაპირისპირო გავლენების პირობებში საკუთარი ინტერესების შეძლებისდაგვარად ჰეჯირება (გადაზღვევა) და საკუთარი უსაფრთხოებისათვის არსებული შესაძლებლობების ოპტიმიზაცია იქნება.


დამატებით რაც უნდა გვახსოვდეს, ეს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში რეგიონალიზმი და რეგიონალური გეოპოლიტიკური ჰაბების კიდევ უფრო მეტად წარმოჩენაა. შესაბამისად, აუცილებელია, ჩვენც უფრო ინსტრუმენტულად და გადამლაშებული ემოციურობის გარეშე შევძლოთ ქართული საგარეო პოლიტიკის ორსიხშირიანი ინსტიტუციონალიზაცია, კერძოდ: (ა) ქვეყნის საკონსტიტუციო დანაწესით განსაზღვრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის განუხრელობა, და (ბ) რეგიონალურ პროცესებზე უწყვეტი დაკვირვება, მათი გაზომვა და მათზე სათანადო რეაგირება, განსაკუთრებით, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის დიდი რეგიონის კომპლექსური პროცესების ფონზე. 


მაშინ, როდესაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირება საქართველოს უსაფრთხოების სისტემური საწყისების გადაზღვევაა, რეგიონალური ქართული პოლიტიკა „ჩვენს მახლობლად და ირგვლივ“ სიტუაციური რისკების მინიმიზაციასა და პრევენციას პროაქტიულად უნდა ემსახურებოდეს.     


და ბოლოს: იმ გეოპოლიტიკური „აღებ-მიცემობის“, ე.წ. ტრანზაქციული პოლიტიკის პირობებში, ქართული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანა კვლავ ჩვენი ქვეყნის ინტერესების ჩვენსავე ზურგს უკან „დახურდავების“ რამენაირად თავიდან აცილებაა. ეს ამოცანა გაცილებით გართულდება იმ რადიკალურ-ექსტრემისტული და პოპულისტურ-იზოლაციონისტური ტენდენციების კვალდაკვალ, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში, აშშ-სა და ევროკავშირში თანდათან ძლიერდება. შესაბამისად, მოწოდება: „არავითარი გადაწყვეტილება ან მოლაპარაკება საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე(!)“, ჩვენივე ეროვნული რესურსის მაქსიმალური მობილიზების, ზეპარტიულ და დეპოლიტიზებულ გარემოში თანამედროვე სტანდარტის ინტელექტუალური პოტენციალის კონსოლიდირების ხარჯზე თუ გახდება რეალისტურად შესაძლებელი.


განახლებული საფუძვლების შესახებ, მოკლედ და არსებითად 


ქართულმა საგარეო-პოლიტიკურმა ხელწერამ რამდენიმე ფორმაციის ეტაპი გაიარა. ყოველი ეტაპის თავისებურებაზე, ჩვენი აზრით, შემდეგი ფაქტორები მოქმედებდა: (ა) კონკრეტულ ეტაპზე ქვეყნის შიგნით და მის გარეთ არსებული მოცემულობა; (ბ) ქვეყნის კონკრეტული უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის თვისებები და მისი პირადი მსოფლმხედველობა; (გ) საგარეო უწყების ამა თუ იმ ხელმძღვანელის (ხელმძღვანელობის) პირადი და პროფესიული თვისებები, და (დ) საგარეო უწყების რეალური როლი და მარგი ქმედების კოეფიციენტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქმნაში. ეს ბოლო ფაქტორი მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქართული სახელმწიფოს სუსტი ინსტიტუციური განვითარების პირობებში, აღნიშნული პროფილური უწყების ფუნქციონალი ყოველთვის როდი იყო ისე და იმგვარად მოწესრიგებული, როგორც ეს გამართული მმართველობითი სისტემისათვისაა დამახასიათებელი. სამწუხაროდ, იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ელიტა სათანადოდ ვერ აფასებს თვითკმარი და მერიტოკრატიული საგარეო-დიპლომატიური ინსტიტუტის მნიშვნელობას, ხოლო ამ ინსტიტუტს კი არ შესწევს ძალა, გამბედაობა და რესურსი, რომ სათანადოდ დაიმკვიდროს საკუთარი თავი მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებზე საპასუხოდ, ეს პრობლემა დღესაც დგას.


წარსულში ჩვენ რამდენიმე პუბლიკაცია დავუთმეთ ქართული საგარეო უწყების ფუნქციონალურ და სტრუქტურულ გადაწყობას (მაგალითად, იხ.: https://www.interpressnews.ge/ka/article/668334-viktor-qipiani-mokmedeba-tu-umokmedoba-asarchevi-ai-es-aris/). ეს ერთი დიდი თემაა, რომლის მნიშვნელობა შორს სცდება დიპლომატიის სამოქმედო არეალს და პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდება ქვეყნისათვის ქმედითი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მის რეპუტაციულ შინაარსს.


ამჯერად მხოლოდ იმ ნიშან-თვისებებზე გვინდა ვიმსჯელოთ, რომლებიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში მიზანშეწონილად მიგვაჩნია. აქვე დავთქვამთ, რომ ასეთი მიზანშეწონილობა არ არის მხოლოდ „მინდა თუ არ მინდას“ ჭრილში მოქცეული. საქმე ისაა, რომ მას სწორედ ის თანამედროვე რეალიები გვიკარნახებს, რომლებზეც ამ სტატიის დასაწყისში მოკლედ ვისაუბრეთ.

 

(1) ქართული საგარეო პოლიტიკისათვის საჭირო მოქნილობა და ადაპტირებადუნარიანობა რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან მისასადაგებლად:


საერთაშორისო ურთიერთობების ჭარბად ტრანზაქციული ბუნების შესახებ უკვე აღვნიშნეთ. ამ მიდგომის უმთავრესი მახასიათებელი, ისე როგორც ბიზნესში, კონკრეტულ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილების ე.წ. „დანახარჯისა და სარგებლის“ (costs and benefits) გათვალისწინებით მიღებაა. ამასთანავე, თანაბრად დასაშვებია ისიც, რომ ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს ამა თუ იმ პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეხედულებების თუ მათი დიპლომატიის მოლოდინების ცვლილებების კვალდაკვალ.


ეს უნდა გვახსოვდეს, ვიცოდეთ და არ უნდა გვიკვირდეს. მეტიც, ქართული მიდგომაც იმავე პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს, რაც „შენი“ და „მათი“ პრაქტიკული საჭიროებების სწორ წაკითხვას და ურთიერთსასარგებლო კვეთას მოიაზრებს. ეს არის ის ხელწერა, რომელსაც ჩვენ ირგვლივ არსებული ეგოისტური გარემო გვთავაზობს და რომელშიც საჭიროება და პრაქტიკული შედეგიანობა უშედეგო იდეალიზმსა და უსარგებლო რომანტიზმზე დომინირებს.


(2) რეალური შესაძლებლობების პოლიტიკა:

ის, რაც პოლიტიკურ სწავლებაში რეალიზმის სახელით არის ცნობილი, ჩვენთვის იგივე რეალური შესაძლებლობების მიგნებისა და გამოყენების პოლიტიკაა. 


ასეთი პოლიტიკა ჩვენ ირგვლივ რეგიონალური თუ გლობალური წინააღმდეგობების რაციონალურ აღქმას მოითხოვს და ასეთი წინააღმდეგობების სწორად მართვის შედეგად ჩვენთვის სასარგებლო პრაქტიკული შედეგების მიღებით გამოიხატება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებული წინააღმდეგობები არ უნდა გვაფრთხობდეს, არ უნდა გვაშინებდეს. პირიქით, ისინი უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა, რათა მათივე ურთიერთბალანსირებისა და ურთიერთშეპირისპირების ხარჯზე ჩვენი ინტერესები გავატაროთ.  


ამასთანავე, რეალისტური პოლიტიკური შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის, ვფიქრობთ, ორგანულად აუცილებელია: 


(3) საგარეო პოლიტიკის ქმნის უშუალო პროცესის, ფარული იქნება ის თუ საჯარო, „დესენტიმენტალიზება“:


სხვაგვარად რომ ითქვას, პრაქტიკული შედეგი მოითხოვს საამისოდ ასევე პრაქტიკულ, ზოგჯერ კი არაპოპულარულ ხერხებსა და ნაბიჯებს. მათი ერთადერთი გამართლება და საზომი კი ხელშესახები შედეგია, ხოლო ასეთი შედეგისაკენ მიმავალ გზაზე ყველაზე დიდ დაბრკოლებად ჩვენივე სტერეოტიპები თუ არქეტიპები გვესახება. 


აქვე, სავალდებულოდ მიგვაჩნია მეორე მხარის (განურჩევლად იმისა, მოკეთეა თუ მოწინააღმდეგე) სტერეოტიპებისა თუ არქეტიპების წაკითხვა და გააზრება. ამაზე დაწვრილებით ვისაუბრეთ, როდესაც ერთგან აქტუალური ქართული დიპლომატიის ფორმებზე მსჯელობისას ე.წ. ემპათიის დიპლომატიაზე ვმსჯელობდით (იხ.: https://www.interpressnews.ge/ka/article/733302-tanamedrove-usaprtxoebis-dilema-kartuli-mravalcaxnaga/).


სტერეოტიპული ხედვა რაკი ვახსენეთ, რამდენიმე მოსაზრებასაც გამოვთქვამთ იმ ასპექტების შესახებ, რომლებიც ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების საგარეო პოლიტიკაზე დღესდღეობით მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და მათი გაუთვალისწინებლობა კი ქართულ საგარეო ვექტორს ესოდენ აუცილებელ პრაქტიკულობას დაუკარგავს. კერძოდ, საუბარია მასზე, რომ: 


(4) მიმდინარე ეტაპის საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკური კონიუნქტურის განსაკუთრებული წნეხის ქვეშ მოექცა:


საგარეო მიმართულების პრინციპულ გადაწყვეტილებათა პროცესი, პრაქტიკულად, ამა თუ იმ ქვეყნის ელექტორატის განწყობებითა და შესაბამისად, ძალაუფლების მოთხოვნილებით იმართება. მეტიც, არაერთ ჩვენთვის საინტერესო ქვეყანაში პროცესის შინაარსობრივმა მხარემ პოპულიზმიდან რადიკალიზმში, ხოლო ეთნონაციონალიზმიდან ლამის ექსტრემიზმში გადაინაცვლა. 


რადგან საგარეო (და არა მხოლოდ) პოლიტიკურ ხელწერაში ნაციონალიზმის დომინანტი ვახსენეთ, შეუძლებელია არ აღვნიშნოთ „რაციონალები“, რომლებსაც  პრაქტიკოსი პოლიტიკოსები ზოგჯერ ოსტატურად, ზოგჯერ კი არც თუ ოსტატურად იყენებენ:


(ა) ის ემოციური ელემენტი, რომელიც  წინააღმდეგობრივ გადაწყვეტილებათა მიღებისა და აღსრულებისას ეროვნულ ერთობასა და სამოქალაქო მობილიზებაში გამოიხატება;


(ბ) ის პოლიტიკური ელემენტი, რომელიც არსებული გამოწვევის გადასაჭრელად მაღალ მზაობას აღნიშნავს; და


(გ) საკუთრივ პოლიტიკის ქმნის ელემენტი, რომელიც ხელს უწყობს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი შესაძლებლობების მაქსიმიზაციასა და რესურსების გაბევრებას. 


მიგვაჩნია, რომ ამ ელემენტების ქართულ პოლიტიკურ ხაზში გონივრული თავმოყრითა და ამოქმედებით, რეალისტური მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ მათ მეორე მხარეც გამოიყენებს. 


(5) ძალთა ბალანსთან შეწყობა და მისი ცვლილებისას დროული გადაწყობა:


გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის გლობალურ ძალთა ბალანსი პროფესიულად განუწყვეტელ დაკვირვებასა და მიუკერძოებელ, არაანგაჟირებულ შეფასებას მოითხოვს. აქაც, საკუთარი ამომრჩევლისა თუ გარე აუდიტორიისათვის გამიზნული პროპაგანდისტული კლიშეებით და ვადაგასული სტერეოტიპებით მანიპულირება წარსულს უნდა ჩაბარდეს.


ამავდროულად, ძალთა ბალანსში ამა თუ იმ გადაწყობის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ, როგორც ქართული საგარეო პოლიტიკის კონსტანტა, ახლო და საშუალო მომავალში კვლავ გამოკვეთილი პრიორიტეტები იქნება: 


(ა) აშშ-სთან, როგორც სტრატეგიულ მოკავშირესთან, ორმხრივი ურთიერთობების უწყვეტი განვითარება ახალი შესაძლებლობებისა და თანამშრომლობის ახლებური ფორმატების დასანერგად; 


(ბ) ევროპული პოლიტიკური კულტურისა და ფასეულობების „ექსპორტი“ ქართულ სინამდვილეში და პოლიტიკურ ევროპაში რეალური საქმით ინტეგრირება; 


(გ) ჩინეთთან გამართული სამუშაო კავშირები, მათი შედეგების აუცილებელი პროგნოზირებადობის პირობით; 


(დ) რუსეთთან ურთიერთობის მართვა, იქნება ეს ანტიკრიზისული, კრიზისული თუ პოსტკრიზისული ვითარება.


ცხადია ისიც, რომ რაოდენ დიდი და გულწრფელიც არ უნდა იყოს ჩვენი სურვილი, დავეუფლოთ ასეთი პოლიტიკური ხაზის ქმნას, ის, მინიმუმ, ორ უმთავრეს წინაპირობას უნდა დაეფუძნოს, ესენია: (1) ეკონომიკურად თვითკმარი ეროვნული სისტემა და (2) საგარეო პოლიტიკის დეპარტიზაცია და „დეზინტოქსიკაცია“ მისი ინტელექტუალური შინაარსით, მერიტოკრატიითა და კომპეტენციით გაჯერების ხარჯზე.

        
(6) რეგიონის ფაქტორი დიდ საგარეო-პოლიტიკურ სურათში:


ქართული საგარეო პოლიტიკის დიდ ფორმატში რეგიონალური პროცესების როლი და მნიშვნელობა უკვე ვახსენეთ. ამ ასპექტის ხელმეორედ აღნიშვნა ალბათ ზედმეტიც იქნებოდა, რომ არა სამხრეთკავკასიური გეოპოლიტიკურ-გეოეკონომიკური ინტერესების რთული კვანძი.

 
ამასთანავე, სწორედ რომ ასეთი კომპლექსური რეგიონული ფონი გვაძლევს მეტად უნიკალურ შესაძლებლობას, რომ სამხრეთ კავკასიაში, როგორც შავი ზღვის დიდი რეგიონის მდგენელში, დავიმკვიდროთ ისეთი როლი, რომელიც ქართული სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობასა და ქმედუნარიანობას, ანუ მის ფუნქციურობასა და სარგებლიანობას შეუწყობს ხელს. ამის გააზრება ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანებში იკიდებს ფეხს და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებში აისახება. თუმცა წარსულის მიღწევები დღეს უკვე აღარ კმარა, ხოლო ხვალ კი საერთოდ განულდება, თუკი გამუდმებით არ ვიმოქმედებთ ამ ფუნქციური სარგებლიანობის განახლებაზე (ამ საკითხზე არაერთხელ ვისაუბრეთ ვრცლად, მაგალითად, იხ.: https://www.interpressnews.ge/ka/article/720342-ramdenime-mosazreba-kveqnis-konkurentunarianobisa-da-adaptirebis-unaris-shesaxeb/ ან https://www.interpressnews.ge/ka/article/741163-shua-derepnis-mnishvneloba-sheupasebloba-daushvebelia-gadapaseba-sheuzlebeli-pirveli-nacili).


ერთი ცნობილი პოლიტიკოსის ასევე ცნობილ ფრაზას თუ მოვიშველიებთ, ჩვენს ამოცანად დიდ რეგიონში „შეუცვლელ ქვეყნად“ (indispensable nation) ჩამოყალიბება უნდა გახდეს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა არა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტების ერთ-ერთ კვანძად, არამედ დანარჩენი მსოფლიოსათვის რეგიონზე ცოდნის ჰაბად, მოწინავე პრაქტიკისა და სტანდარტების გავრცელების კუთხით რეგიონშივე „რბილ ძალად“, დაპირისპირებულ ინტერესთა მოსარიგებლად დიპლომატიურ არბიტრად თუ შუამავლად უნდა იქცეს. სწორედ ამ ამოცანას (და არა იმ გაუგებრობას, რასაც ვხედავთ) უნდა ხმარდებოდეს ეროვნული ენერგია და შესატყვისი მატერიალური რესურსი. ეს სამუშაო ჯერ კიდევ გუშინ იყო დასაწყები, ხვალ რომ საერთოდ უპერსპექტივოდ არ იქცეს..


ამდენად..


დასავლეთისა და აღმოსავლეთის თუ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ურთიერთგადაკვეთებზე გლობალურ მასშტაბში ძალთა გადანაწილება ჯერ კიდევ განგრძობადი ხასიათის პროცესია და ასე იქნება, ვიდრე მსოფლიო საერთაშორისო სისტემა ახალი „წონასწორობის წერტილს“ არ მიაგნებს.


არსებული სირთულეებისა და არაპროგნოზირებადობის მაღალი ხარისხის პირობებში, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას კონცეპტუალურად საკუთარი, ე.წ. „ქართული გზის“ მკაფიოდ გამოკვეთა ევალება. ამ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებებისა თუ რეკომენდაციების პრაქტიკულ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში გარდასახვით, სწორედ რომ კონცეპტუალურად გადახალისებული მიდგომა საღად და სრულად უნდა ითვალისწინებდეს გლობალურ და რეგიონალურ წინააღმდეგობებს. მეტიც, მათი კვალიფიციური გააზრებით (და, ცხადია, საშინაო და საგარეო ხაზში დასავლური ვექტორის მზარდი ინსტიტუციონალიზაციით) და თანამედროვე პოლიტიკური (არარსებული?) ელიტის მხარდაჭერით, საქართველოს საჯარო დიპლომატიამ საგარეო პოზიციონირებისას თავისი მრავალპრიორიტეტულობა უნდა დაამკვიდროს. ფაქტია, რომ ქვეყანაში მომწიფდა დაკვეთა ახალი ტიპისა და სულისკვეთების პოლიტიკის ქმნაზე, რაც, სხვა საკითხთა შორის, ქვეყნის საგარეო უწყების ძირეულად საკადრო, სტრუქტურულ და ფუნქციონალურ გადაწყობას საჭიროებს. ამ დაკვეთის შესრულების გარეშე, ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ რეჟიმში მოდერნიზება აუხდენელ ქართულ ოცნებად  კიდევ დიდი ხნით დარჩება.              
                                    
 

გააზიარე: