ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ ცენტრის ანალიტიკოსების გუნდს ქალბატონი ლიანა ჯერვალიძე შეუერთდა. ენერგეტიკული პოლიტიკის, რეგიონული კავშირისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში დაგროვებული მისი მდიდარი სამუშაო გამოცდილება მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი ანალიტიკური ცენტრისათვის.
ქალბატონი ლიანა გახლავთ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან (GEDF) არსებული წყალბადის კომიტეტის წევრი, აგრეთვე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრია.
„ჯეოქეისში“ გაწევრიანებამდე ქალბატონი ლიანა იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი რეგიონული ენერგეტიკის, სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებში. ამ თანამდებობაზე ყოფნისას, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამთავრობო უწყებებსა და ენერგეტიკულ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში. მუშაობდა ეროვნული ენერგეტიკისა და კლიმატის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმების შემუშავებაში; მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ენერგეტიკისა და ტრანსპორტის თემების შესახებ მოწყობილ კონფერენციებში; ასევე, მონაწილეობდა 2023 წლის ივლისში, ქალთა მეორე ფორუმზე, კასპიისა და შავი ზღვების დაკავშირებადობის საპანელო განხილვის ორგანიზებაში.
უფრო ადრე კი ქალბატონი ლიანა იკავებდა მკვლევარ-ანალიტიკოსის თანამდებობას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში; იყო კავკასიის მედიის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის პროექტის დირექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). იგი, ასევე, მუშაობდა USAID-ის კონტრაქტორ საერთაშორისო ორგანიზაციებში და კონსულტაციებს უწევდა ბაქოში დაფუძნებულ კომერციულ სუბიექტებს.
თავისი კარიერის მანძილზე ქალბატონი ჯერვალიძე ენერგოუსაფრთხოების, სატრანზიტო მარშრუტებისა და სხვა საკითხების შესახებ მოხსენებებით გამოდიოდა ენერგეტიკულ თემატიკასთან დაკავშირებულ ფორუმებსა და კონფერენციებზე მსოფლიოს მასშტაბით. მისი ნაშრომები გამოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ლიანა ჯერვალიძე არის ვაშინგტონში მდებარე კენანის ინსტიტუტის რუსეთის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტისა და დიდი ბრიტანეთის რედინგის უნივერსიტეტში არსებული ბიზნეს-სკოლის ევრაზიის კვლევების პროექტის კურსდამთავრებული. იგი გახლავთ IREX Alumni Association-ის, ვილსონის ცენტრის და რედინგის უნივერსიტეტის ასოციაციების წევრი.
ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული და თურქული ენების ცოდნა მნიშვნელოვნად აძლიერებს მის შესაძლებლობებს ენერგეტიკის სექტორში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობისას.
„მივესალმებით ქალბატონი ლიანა ჯერვალიძის ჩვენს გუნდში შემოერთებას. ეჭვგარეშეა, რომ მისი ღრმა ცოდნა და გამოცდილება კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი საქმიანობის წარმატებას."- აღნიშნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა.