ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია


შესავალი
 

დღეს თანამედროვე საქართველო მისი განვითარების იმ გადამწყვეტ ფაზაშია, რომელმაც უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის ადგილი ახალ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში. ჩვენი წინაპრები და ჩვენ ვიბრძვით საქართველოს ევროპული, უკეთესი მომავლისათვის. ამ დიდ იდეას არაერთი მამაცი ქართველი ჯარისკაცი შეეწირა როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისას. წლების წინ საქართველო საბჭოთა მარწუხებიდან გათავისუფლდა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა ხელახლა მოიპოვა, თუმცა მოპოვებული თავისუფლებისათვის ბრძოლა მუდმივად გვიწევს. მიუხედავად  გამოწვევებისა, ეტაპობრივად,  ჩვენს პარტნიორებთან სტრატეგიული კავშირები განვავითარეთ. მათთან ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების შექმნით განვსაზღვრეთ თანამშრომლობის სხვადასხვა ტიპის დღის წესრიგი, რომლებიც ქვეყნის განვითარების საკვანძო მიმართულებებს აერთიანებენ. მათი მხარდაჭერითა და დაფინანსებით განვახორციელეთ რეფორმები, რომლებიც გეოპოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად გახდა საფუძველი იმისა, რომ დღეს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოა და, ამავდროულად, ნატო-ს ასპირანტი ქვეყანაა. ამასთან, ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ერთიანი ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ყოველივე ეს კი ქმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შესაძლებლობას იმისა, რომ ხვალ საერთაშორისო არენაზე მეტს მივაღწიოთ და ამით შევქმნათ მყარი საფუძველი საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების დასაცავად, მათი კეთილდღეობისა და განვითარებისათვის. ამდენად, საფრთხეების გათვალისწინებით, არ გვაქვს უფლება დავუშვათ სტრატეგიული შეცდომები, რომლებიც შესაძლოა საზიანო აღმოჩნდნენ წლების განმავლობაში მიღწეული ძალისხმევისთვის. იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საზოგადოების არაერთი ჯგუფის, წევრის ჩართულობითაა მიღწეული. 
 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის არმიღების სამი მთავარი ფაქტორი
 

1. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამართლებრივი ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ მისი რეგულირების სფერო ქვეყანაში მოქმედ ორგანიზაციათა საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს და მათი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად მიჩნევისათვის  შემდეგი კრიტერიუმით შემოიფარგლება: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედია ორგანიზაციების კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროს  უცხოური ძალა უნდა წარმოადგენდეს. ეს კი პრაქტიკაში ნიშნავს სამოქალაქო  და მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაციას მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნებსა და ამოცანებს ემსახურებიან აღნიშნული ინსტიტუტები. უფრო ზუსტად, ორგანიზაცია, რომელიც რეგიონებში ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფესიული უნარების გაღრმავებას ტრენინგებით, სხვა პროფესიული პროგრამებით, ან ზრუნავს იმაზე, რომ ქართველმა ფერმერებმა სათანადოდ აითვისონ ევროკავშირის ბაზარი, ან ორიენტირებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამების განვითარებაზე, ან ხელს უწყობს სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვას და მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნას, ან უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევას მათი ფუნდამენტური უფლებების, თავისუფლებების დასაცავად, ან საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, მათ შორის განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრებების მქონე სუბიექტებისათვის ქმნის პლატფორმას,  უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად მიიჩნევენ. ზემოაღნიშნული მიზნები კი ცალსახად მიანიშნებენ, რომ საქმიანობის თითოეული მიმართულება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ემსახურება და ადამიანის უფლებების დაცვაზე, მათ კეთილდღეობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას ხელს უწყობს. 
 

ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულია პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა: დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაცია. ეს ერთი-ერთი ინსტიტუციური დასტურია იმისა, რომ დონორების მოზიდვით და მათი ფინანსური დახმარებით ხორციელდება მთელი რიგი ინიციატივები, მათ შორის მოხელეთა შესაბამისი უნარების განვითარებისათვის  ხელის შეწყობა, სხვადასხვა უწყებების ინფრასტრუქტურული მოწყობა, საყოველთაო ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებული და სხვა მასშტაბური პროექტები. მიუხედავად ამისა, გამჭვირვალობის თვალსაზრისით კანონპროექტი არ ეხება საჯარო სამართლის იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც დონორებისგან იღებენ დაფინანსებას, რაც ეჭვს ბადებს კანონპროექტის რეალურ მიზანთან დაკავშირებით. 
 

2. კანონპროექტის მე-8 მუხლი, პრაქტიკულად, 6 თვეში  ერთხელ, სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას მკაფიოდ განსაზღვრული ფარგლების გარეშე ჩაერიოს არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ყოველდღიურ საქმიანობაში. სახელდობრ, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონპროექტის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა-მონიტორინგი. მისი  დაწყების საფუძველია: 1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება; 2) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას. კანონპროექტი არ აზუსტებს ე.წ. მონიტორინგის კონკრეტულ საფუძვლებს და იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, თავად გადაწყვიტოს, რა შემთხვევებში განახორციელებს შემოწმებას. ასევე, აღნიშნული პროცესი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერი პირის განცხადების საფუძველზე. შემოწმებისას კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს ორგანიზაციის თანამშრომელთა პერსონალური მონაცემებიც მოიძიოს, რაც არღვევს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სტანდარტებს, რადგან მათი დამუშავება კანონით ზუსტად განსაზღვრულ ფარგლებში უნდა განხორციელდეს. 


ე.წ. მონიტორინგის აღნიშნული სისტემა სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს შეუზღუდავს თავისუფლებას და არ მისცემს დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას, რაც არსებითად დააზიანებს პლურალისტურ გარემოს და შეაფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებს. მაგალითად, კონკრეტული მედია საშუალების კრიტიკული სიუჟეტი შეიძლება გახდეს რეალური საფუძველი იმისა, რომ X სუბიექტი  განცხადებით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს მონიტორინგის დაწყების თაობაზე, რისი პრაქტიკული მიზანი არა მონიტორინგი, არამედ  მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა იქნება. ანალოგიური მიდგომების გამოყენება შესაძლებელია არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს ამ ორგანიზაციების დამოუკიდებლობის შესუსტებას და უარეს შემთხვევაში, მათ გაუქმებას. ეს პროცესი კი საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროპულ დემოკრატიულ სისტემად, საბოლოოდ, ფორმირებას. ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესი კი მოითხოვს არა ისეთი ინიციატივების შემუშავებას, რომლებიც დააზიანებენ სამოქალაქო გარემოს, არამედ ხელს შეუწყობენ მის გაუმჯობესებას. ეს, მთლიანობაში, ურთიერთშეკავებისა და ურთიერთკონტროლის მექანიზმის ეფექტიან განხორციელებას უნდა ემსახურებოდეს, რომლის ფუნქციონირება თავისუფალი საზოგადოების, მედიის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომაცაა, რომ ეს კანონპროექტი არ არის თანხვედრაში დასავლურ ანუ ამერიკულ, ევროპულ ღირებულებებთან, სადაც თავისუფლება საყრდენია დემოკრატიის, განვითარებისა და მრავალი შესაძლებლობის. 
 

3. კანონპროექტის სამართლებრივი ანალიზისას, იურისტებისათვის უმთავრესი ამოცანაა საკანონმდებლო ინიციატივის სისტემური ანალიზი და მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა: შეესაბამება თუ არა კანონპროექტი ქვეყნის უზენაეს კანონს - საქართველოს კონსტიტუციას? ნორმატიულ აქტთა იერარქიის დაცვა აუცილებელი პირობაა ნებისმიერი ინიციატივის სიცოცხლისუნარიანობისათვის.  საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“ კანონპროექტის შეუთავსებლობა ევროპულ ღირებულებებთან საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიზნების მიღწევას და შესაბამისად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის სულისკვეთებას.
 

საგარეო პოლიტიკური კონტექსტი 
 

კვლავ ხაზგასასმელია, რომ მცირე სახელმწიფოსათვის კრიტიკულად აუცილებელია პარტნიორების მხარდაჭერა. მით უფრო ჩვენთვის, როდესაც ოკუპაციისა და ანექსიის პირობებში გვიწევს  ეროვნული ინტერესების დაცვა. კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების განცხადებები ყურადღებას იმსახურებენ. შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მისაღწევად მათი თანადგომა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც დაფასებას და თანამშრომლობის გაღრმავებას მოითხოვს.  მეტიც, მათმა უგულებელყოფამ  შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის იმ ევროპულ და ევროატლანტიკურ მიზნებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერაა მხარდაჭერილი და საქართველოს კონსტიტუციითაა განმტკიცებული.
 

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის  დახმარების გამოყოფის შესახებ კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმისა, რომ უკრაინის გამარჯვება დღევანდელი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის გარდაქმნის საფუძველი გახდება. ამ სისტემაში საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლელი პარტნიორების დახმარებით უნდა შეძლოს ღირსეული ადგილის მოპოვება ახალი ფართომასშტაბიანი პროექტებით, ახალი ფუნქციების გამოკვეთით. ჩვენი ქვეყანა, როგორც შავი ზღვის სანაპირო ქვეყანა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა, მათ შორის ეკონომიკურ კონტექსტში. შესაბამისად, ეს ისტორიული, გეოპოლიტიკური შესაძლებლობა უნდა მივმართოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების უკეთ უზრუნველსაყოფად. 
 

„ჯენ ზი“
 

ახალგაზრდებმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წარმოუდგენელი სიმამაცის დემონსტრირება შეძლეს. ეს თაობა არჩევანს იდეის, ღირებულების მიხედვით აკეთებს, რადგან ეს ქმნის უკეთესი მომავლის რწმენას, რაც, მთლიანობაში, ერის გაერთიანებისთვის აუცილებელია. მათ აქვთ დიდი უნარი დიდი იდეები დაიცვან და გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები საქართველოს ევროპული მომავლისათვის. ეს კი გვიჩენს იმედს იმისა, რომ შევძლებთ საერთო მიზნების მიღწევას.
 

დასკვნა


წინ, ევროპისკენ, ჩვენი ისტორიული, სტრატეგიული არჩევანისკენ, რაც გულისხმობს 9 რეკომენდაციის შესრულებას, რათა დავიწყოთ გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები ევროკავშირთან. შესაბამისად, არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ პროცესს დააზიანებენ. სწორედ პროაქტიური საგარეო პოლიტიკით მიიღწევა შესაბამისი ამოცანები და არა კამათით იმ საკითხებზე, რაც ისედაც ნათელია. 
 

როგორც დიდმა ილიამ აღნიშნა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება“. ამ სამ მთავარ საუნჯეს უნდა გავუფრთხილდეთ და ჩვენს სახელმწიფო გერბზე ასახული გზავნილის - „ძალა ერთობაშია“ - მიხედვით ვიმოქმედოთ. ერთობითაა შესაძლებელი საერთო გამარჯვების მოპოვება და გამაერთიანებელი ლიდერების მეშვეობით ქვეყნის ევროპული მომავლისათვის მყარი ფუნდამენტის, საბოლოოდ, შექმნა. 
 

გააზიარე: