არჩევნები აფხაზეთში - უკანონო, თუმცა საყურადღებო


გადმოწერეთ PDF ფაილი

წინასიტყვაობა


მსოფლიოში არსებული პანდემიის, საქართველოში კი „კოვიდ-19“-ის შეკავებისკენ მიმართული აქტიური ღონისძიებების ფონზე, გასაგებიცაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არც თუ ბევრს ახსოვს თემა, რომელსაც წლების განმავლობაში თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე დამონტაჟებული ბანერები, ხოლო დღეს კი, იმავე ავტობანზე, სოხუმამდე დარჩენილი კილომეტრების მაჩვენებლები აცოცხლებს.

 

სურ. 1

 

სურ. 2

სურ. 1 და სურ. 2 – E60 ავტომაგისტრალზე სხვადასხვა დროს განთავსებული ბანერებ


ეს ის თემაა, რომელშიც ემოცია, პრაგმატიზმი და რაციონალური მიდგომები უნდა თანაარსებობდეს, თუმცა კი როდესაც საკითხი ამ ორ უკანასკნელს (ანუ, პრაგმატიზმსა და რაციონალურ მიდგომებს ეხება), როგორც მინიმუმ, მეტი ინფორმირებულობა, ხოლო, ოპტიმალურ შემთხვევაში, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენათა სათანადო ანალიზია საჭირო. ამ სტატიის მიზანი სწორედ რომ მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება და აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტს ჩატარებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ მკითხველის ინფორმირებაა. სიტყვათწყობის გამარტივებითვის, თავშივე აღვნიშნავთ, რომ საქართველოსა და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის აფხაზეთი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია - არაღიარებული (ან, უარეს შემთხვევაში, ნაწილობრივ აღიარებული) რესპუბლიკა, რომელსაც მართავს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, ადგილობრივი დე-ფაქტო ხელისუფლების მონაწილეობით. ამდენად, სამართლებრივი გაგებით, უკანონოა ნებისმიერი ხელისუფლება თუ არჩევნები, მათ შორის ისიც, რომელსაც აქ შევეხებით. ამავდროულად, არჩევნების უკანონო ხასიათი სულაც არ გულისხმობს იმას, რომ მას პოლიტიკურად თუ სოციალურად არანაირი მნიშვნელობა გააჩნია და რომ ეს მოვლენა უგულებელყოფილი უნდა იყოს ქართული საზოგადოების თუ პოლიტიკური კლასის მიერ. სწორედ ამიტომ, ჩვენ, საზოგადოება, ვფიქრობთ, ვწერთ და ვსაუბრობთ მის შესახებ. 


გზა 2020 წლის რიგგარეშე არჩევნებამდე


აფხაზეთს დღემდე 4 პრეზიდენტი ჰყავდა. პირველი - ყველასთვის კარგად ცნობილი ვლადისლავ არძინბა, რომელიც რეგიონს 10 წელზე მეტი ხანი მართავდა, 2005 წლამდე. მეორე პრეზიდენტი - სერგეი ბაღაფში, რომელიც 2005-2011 წლებში იდგა აფხაზეთის სათავეში. მას მოჰყვა  ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც რეგიონს 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა მანამ, სანამ 2014 წელს არ მოუწია გადადგომა. მას კი მოჰყვა რაულ ხაჯიმბა - ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი ფიგურა საქართველოსთვის (თუკი შესაძლებელია უფრო და ნაკლებად მისაღები პერსონების განსაზღვრა), რომელმაც ერთი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, მეორედაც დაიკავა პოსტი 2019 წლის არჩევნებზე, თუმცა კი ნაადრევად მოუწია თანამდებობის დატოვება, 2020 წლის იანვარში. 


ხაჯიმბას მეორე ვადით პრეზიდენტობა, უფრო სწორად კი, მისი არჩევაც, თავიდანვე მყიფე იყო. 2019 წლის არჩევნები იმ ფონზე ჩატარდა, როდესაც ყველაზე პოპულარულ კანდიდატად მიჩნეული ასლან ბჟანია, მძიმე ლითონებით მოწამვლის დიაგნოზით რუსეთისა თუ გერმანიის სხვადასხვა კლინიკაში გადიოდა მკურნალობას და არჩევნებში ვერ იღებდა მონაწილეობას. ამ მიზეზით, ასლან ბჟანია, ოპოზიციური ფლანგიდან, ალხაზ კვიცინიამ ჩაანაცვლა და საკმაოდ წარმატებითაც. პირველ ტურში კვიცინიასა და ხაჯიმბას შედეგებს შორის სხვაობამ 2% შეადგინა, ხოლო მეორე ტურში სულაც 1% (ანუ, არასრული 1000 ხმა).

 

სურ 3 - ალხაზ კვიცინიას საარჩევნო პლაკატი

 

სურ 4 - რაულ ხაჯიმბა


მიუხედავად იმისა, რომ კვიცინიას უკვე გასაჩივრებული ჰქონდა არჩევნების შედეგები, რუსეთის პრეზიდენტმა ხაჯიმბას დაუყოვნებლივ მიულოცა გამარჯვება და, მეტიც, აფხაზეთისთვის შეჩერებული ფინანსური დახმარებაც მოკლე დროში გასცა. ამგვარად, რუსეთმა ცხადად დააფიქსირა, რომ იგი ხაჯიმბას პრეზიდენტობის გაგრძელებას მხარს უჭერდა, თუმცა არჩევნების ლეგიტიმურობის მიმართ კითხვები არ მოხსნილა, მათ შორის, არც სამართლებრივ ჭრილში (საუბარია დე-ფაქტო აფხაზურ სამართალზე) და 2019 წლის სექტემბერში დაწყებული დავა 2020 წლის იანვრამდე გადაუწყვეტლად მოვიდა.

 
იქიდან გამომდინარე, რომ, სამართლებრივი პროცედურების მიუხედავად, სტატუს-კვო არ იცვლებოდა (ანუ, 2019 წლის არჩევნებზე გამოვლევნილი დარღვევების მიუხედავად, ხაჯიმბა რჩებოდა დე-ფაქტო ლიდერად), რასაც დაემატა კიდევ უფრო გართულებული კრიმინოგენული და ეკონომიკური ვითარება აფხაზეთში, 2020 წლის 9 იანვარს დილიდან სოხუმში დაიწყო საპროტესტო აქცია დე-ფაქტო პრეზიდენტის წინააღმდეგ. პროტესტს სათავეში ედგნენ ოპოზიციური პარტიები „ამცახარა“ და „ერთიანი აფხაზეთი“, ხოლო პიროვნებების დონეზე მას მართავდნენ ახრა ავიძბა (ერთობ საეჭვო ფიგურა პიროვნება, რასაც მისი სტატუსი - დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირი - მოწმობს) და მოსკოვიდან იმ დღეს დაბრუნებული ასლან ბჟანია.

 
საკითხის ღრმა დეტალებში რომ არ შევიდეთ, 9-10 იანვარსვე მოხდა შემდეგი: ალხაზ კვიცინიამ მოითხოვა იმ მოსამართლის აცილება, რომელიც 2019 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს იხილავდა (რომელიც კვიცინიამ მეორე ტურში 1%-ით წააგო); ოპოზიცია შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში; თავდაცმის მინისტრმა განაცხადა, რომ ჯარი მოსახლეობის წინააღმდეგ არ იმოქმედებდა; ხაჯიმბა ფიქრობდა კონტრ-აქციის ორგანიზებას, მაგრამ გადაიფიქრა; აზრის შეცვლაში ძირითადი წვლილი შეიტანეს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე სურკოვმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ნურგალიევმა, რომლებიც სასწრაფოდ ჩავიდნენ სოხუმში; აფხაზეთის სასამართლომ უკანონოდ ცნო 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები; ხაჯიმბა განიხილავდა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, თუმცა, რუსეთის ფედერაციიდან მოვლინებულმა პირებმა, მას ეს გადააფიქრებინეს; ყოველივეს შედეგად, მორიგი არჩევნების თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 22 მარტი. ხაჯიმბამ მორიგ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა (ან ათქმევინეს).


სანამ კანდიდატებზე და უშუალოდ არჩევნებზე ვისაუბრებთ, მოხდა კიდევ ერთი საინტერესო რამ: არჩევნებამდე 1 თვით ადრე, ასლან ბჟანია, სავარაუდოდ, მეორედაც მოწამლეს, თუმცა იგი მეორედაც გამოჯანმრთელდა და ამჯერად საკმარისად დროულად, რომ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. 


„საპრეზიდენტო“ კანდიდატები


არჩევნებს ფორმალურად სამი, ხოლო რეალურად ორი კანდიდატი ჰყავდა. კანდიდატი, რომელსაც არ ვთვლით, ლეონიდ ძიაფშბაა. მის ბიოგრაფიას მრავალი ჩრდილი აქვს და, თავისი რეპუტაციის შესაბამისად, სხვადასხვა საპრეზიდენტო არჩევნებში „მყარად“ იღებს 3-6% მხარდაჭერას.

 
რეალურ კანდიდატებს შორის იყვნენ ადგურ არძინბა და უკვე მრავალჯერ ნახსენები ასლან ბჟანია. 


ადგურ არძინბა ხაჯიმბას მიერ დანიშნული ეკონომიკის მინისტრი იყო. იგი ახალგაზრდა, ნიჭიერ, ეკონომიკური კუთხით რიგ ორიგინალურ იდეათა ავტორ კაცად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ვისზეც საკუთარ პირად პოპულარობაზე მეტად, თავისი გვარი და ის ჯგუფი (თუ კლანი) მუშაობდა, რომელსაც ის წარმოადგენდა ამ არჩევნებში. პირდაპირ რომ ითქვას, თუკი არჩევნებში ბჟანია მიიღებდა მონაწილეობას, მაშინ სხვა ნებისმიერ კანდიდატს გამარჯვების დაბალი შანსი ექნებოდა. ალბათ ამით იყო გამოწვეული ისიც, რომ არძინბას ჯგუფს მის საწინააღმდეგოდ სხვა, უფრო სერიოზული კანდიდატი არ წამოუყენებია, რადგან ეს მხოლოდ ასეთი კანდიდატის დემორალიზაციას და პოპულარობის შემცირებას გამოიწვევდა. 


ბევრად უფრო საინტერესოა ასლან ბჟანიაზე საუბარი. იგი ოჩამჩირელი (აბჟუა) აფხაზია სოფელი ტამიშიდან. მასაც, არაერთი ყოფილი პრეზიდენტის თუ პრეზიდენტობის კანდიდატის მსგავსად, „კა-გე-ბე“-ს სკოლა აქვს გავლილი. 2014 წელს ბჟანიამ ხაჯიმბასთან წააგო არჩევნები და მას შემდეგ თავის მეორე შანსს ელოდებოდა. პერიოდულად, იგი დაკავებული იყო სახელმწიფო საქმიანობითა (აფხაზეთში) და ბიზნესით (რუსეთში). თავად ბჟანიაზე საუბრისას, ქართული პერსპექტივიდან რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი: პირველი, რომ ის წარმოადგენს ანქვაბის ჯგუფს, მაშინ, როდესაც ანქვაბი საქართველოსადმი ყველაზე ლოიალური დამოკიდებულების მქონე პრეზიდენტად ითვლებოდა (დღეს უკვე ცნობილია, რომ ბჟანიას პრემიერ-მინისტრი სწორედ ანქვაბი იქნება). ბუნებრივია, ის არ ყოფილა პრო-ქართული, მაგრამ იყო ყველაზე ნაკლებად ანტი-ქართული განწყობების მქონე, რაც უკვე თავისთავად დადებითია. მეორე საკითხად გამოვიტანდით ანქვაბი-ბჟანიას დამოკიდებულებას გალის რაიონის (ჩვენებურად - მუნიციპალიტეტის) მოსახლეობის მიმართ. სწორედ ანქვაბი იყო ის პრეზიდენტი, რომლის დროსაც ქართულ მოსახლეობას აფხაზური პასპორტები დაურიგდა (რაც პოზიტიური მოვლენა იყო, თუკი ამას ასე შეგვიძლია ვუწოდოთ). და მესამე, ბჟანიას დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების მიმართ: იგი პირდაპირ აცხადებდა, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან დიალოგის წარმოება საჭიროა და სულერთია, თუ რა ფორმატში მოხდება ეს. უშუალოდ ეს განცხადება, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე საკმაო ინტერესით და დადებით კონტექსტში იქნა აღქმული, თუმცა კი ბჟანია პირველი არ იყო, ვინც ამ საკითხზე დაიწყო საუბარი და აღნიშნულზე, როგორც მინიმუმ, სერგეი შამბა და თავად ანქვაბიც აცხადებდნენ. 


არჩევნები და ციფრები


არჩევნები ჩატარდა, მიუხედავად მრავალი ფაქტორისა, რომელთა შორის იყო „კოვიდ-19“ და საერთაშორისო დამკვირვებლების არ/ვერ დასწრება. პროცესი წარიმართა და დასრულდა ისე, როგორც განჭვრეტადი და მოსალოდნელი იყო: ასლან ბჟანიამ პირველივე ტურში გაიმარჯვა და დააგროვა ხმათა თითქმის 59%, ხოლო მეორე ადგილზე გასული არძინბა მას 23%-ით ჩამორჩა. ბჟანიას გამარჯვება მიულოცეს როგორც კონკურენტებმა, ისე რუსეთის პრეზიდენტმა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების არაღიარებულმა დე-ფაქტო წარმონაქმნებმა. 


რადგან როგორც ამ სტატიისთვის, ისე მომავალი სტატიებისთვის არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს გეოგრაფიას, ციფრებსა და სტატისტიკას, აქვე მივუთითებთ, რომ რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 76%-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც დაახლოებით 97,000 ამომრჩეველში გადაითარგმა. მარტივი კალკულაციით, აფხაზეთში დაახლოებით 131,000 ამომრჩეველი იყრის თავს, რაც საკმაო შეუსაბამობაშია აფხაზეთის მიერ დეკლარირებულ მოსახლეობის რაოდენობასთან (რომელიც 245,000 მოსახლის ფარგლებში მერყეობს). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 245,000 მოსახლისთვის საარჩევნო ასაკის მქონე 131,000 მოქალაქის ყოლა, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ის, თუ რა იწვევს ამ შეუსაბამობას, შეიძლება ცალკე კვლევის საგანი იყოს. ასეთი კვლევის ავტორი, დარწმუნებული ვართ, მიაქცევს ყურადღებას იმ „გაუგებრობას“, რომ აფხაზეთში ეთნიკური აფხაზების რაოდეონობა 2003 წლიდან 2011 წლამდე 25,000-ით გაიზარდა (დაახლოებით 95,000-დან დაახლოებით 122,000-მდე), ხოლო აფხაზეთში მცხოვრები ყველა სხვა ეთნოსის რიცხვი ამავე წლებში ან სტატიკური იყო ან შემცირდა. მეორე უცნაურობა, რასაც შეამჩნევთ, ეს 2020 წლის არჩევნებზე გალელი ამომრჩევლის აქტიურობაა, რომელიც აფხაზეთში ყველაზე მაღალი - თითქმის 69% იყო. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. გალის ამომრჩევლის დაახლოებით 69%-მა შეადგინა დაახლოებით 800 (???) ამომრჩეველი. რიგითი მკითხველი, ერთი წაკითხვით იფიქრებს, რომ დასახელებულ ციფრს (800-ს), როგორც მინიმუმ, ერთი ნული აკლია, რადგან შეუძლებელია გალში სულ 1200-მდე ამომრჩეველი იყოს. რეალობა კი ისაა, რომ, დიახ, გალის რაიონის მოსახლეობა დაახლოებით 30,000-ს შეადგენს, თუმცა კი აქედან მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს აფხაზური პასპორტი და, შესაბამისად, გალელი ამომრჩევლის „უპრეცედენტო აქტივობა“ საარჩევნო ყუთებთან მხოლოდ 800 ამომრჩევლის გამოცხადებით შემოიფარგლა. გალის რაიონის 98%-იანი ქართული მოსახლეობის ბედი, მათი მონაწილეობა აფხაზეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში, ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს, თუმცა კი ამ თემას მნიშვნელოვანი როლი აქვს მოცემული არჩევნების ჭრილშიც, რადგან ამ საკითხისადმი ბჟანიას დამოკიდებულება, მისი პოლიტიკის ერთ-ერთ ქვეკუთხედს წარმოადგენს. 


ბჟანიას მიმართ არსებული მოლოდინები


აფხაზეთის ახალი დე-ფაქტო პრეზიდენტის მიმართ მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს აფხაზეთის მოსახლეობას, მათ შორის, მის ქართულ ნაწილს; ბჟანიას მიმართ მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს, ასევე, რუსეთს და საქართველოსაც. 


მოკლედ რომ აღვწეროთ თითოეულის მოლოდინი:


აფხაზეთის მოსახლეობის მოლოდინი, პირველ რიგში, უკავშირდება კრიმინალისა და კორუფციის დონის შემცირებას, ასევე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს უკანასკნელი თავის თავში, გარკვეულწილად, მოიცავს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას, საკუთარი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციას (მათ შორის, ასეთი კავშირების გაძლიერებას დანარჩენ საქართველოსთან და, მისი გავლით, სატრანსპორტო დერეფნების აღდგენასაც). 


აფხაზეთის ქართული მოსახლეობის პირველადი ინტერესია იმ სივრცეში დაუბრკოლებელი და თანასწორუფლებიანი ცხოვრება, სადაც მათ უწევთ ყოფნა არსებული სტატუს-კვოს გათვალისწინებით. ამისთვის, მათ, პირველ რიგში, სჭირდებათ, რომ მათი ელემენტარული სამოქალაქო უფლებები იყოს დაცული, რისი ხაზიც, დიდწილად, გადის აფხაზური პასპორტების იმგვარად მიღებაზე, რომ უარი არ თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე. ამის შედეგად, წესით, უზრუნველყოფილ უნდა იყოს თავისუფალი გადაადგილება ადმინისტრაციულ საზღვარზე, რაც მათ პრობლემათა (ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, განათლების და ა.შ.) მნიშვნელოვან ნაწილს მოაგვარებს. უფრო მაღალ სტანდარტზე, ჯერჯერობით, არ არის საუბარი (თუმცა კი ასეთი პერსპექტივაც განსახილველია და ამაზე ცალკე ვიმსჯელებთ). 


რუსეთს აფხაზეთის მიმართ, ამ კონკრეტულ ეტაპზე, ერთი ცენტრალური ინტერესი აქვს: სტაბილურობა და ყველაფრის იმ სახით შენარჩუნება, როგორც არის (ჯერჯერობით მაინც). რუსეთს არ ესახება ის, რომ აფხაზეთის ხელისუფლებაში მოვა პრო-ქართული პირი, რომელიც რადიკალურად შეცვლის მიდგომებს, მით უმეტეს, იმ საოკუპაციო მარწუხების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს. რუსეთი არც იმას ელის, რომ აფხაზეთის რომელიმე ხელისუფალი, ახლო მომავალში, განაცხადებს რუსეთთან სრულად მიერთების სურვილს. ამის გათვალისწინებით, რუსეთმა აქცენტი გააკეთა არა მის ფავორიტ ხაჯიმბაზე (რომლის „გადარჩენა“ მას, რა თქმა უნდა, შეეძლო, თუ მოინდომებდა), არამედ აფხაზური საზოგადოების „ნების დაყოლაზე“, რაც ხაჯიმბას, თუნდაც ნაკლებად პრო-რუსით ჩანაცვლებაში გამოიხატა. პერსპექტივაში, რუსეთის ცენტრალური ინტერესი, შესაძლოა, შეიცვალოს კიდეც და ეს აფხაზეთის პირდაპირ ანექსიაში გამოიხატოს, თუმცა კი ამ ეტაპამდე, რუსეთს მინიმუმ რამდენიმე სვლა აქვს განსახორციელებელი და ეს არც თუ ისე მარტივი ამოცანა იქნება. 


გარდა დასახელებულისა, რუსეთს აქვს სხვა, შედარებით უფრო მცირე მასშტაბის, თუმცა კი მნიშვნელოვანი სურვილები, ინტერესები თუ მოთხოვნები, რაც გამოიხატება: 


პირველი, რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწისა და უძრავი ქონების შეძენის უფლების მიცემაში. ამ ეტაპზე, რუსეთის მოქალაქეები ვერცერთი მათგანის შეძენას ვერ ახერხებენ, რაც მათთვის ბიზნესის წარმოებასაც აფერხებს; მეორე ინტერესი შეიძლება იყოს რუსეთიდან ტრანს-კავკასიური საგზაო მაგისტრალის პროექტის განხორციელება (ე.წ. „სოხუმის სამხედრო გზა“), რომლითაც ყარაჩაი-ჩერქეზეთი პირდაპირ დაუკავშირდება აფხაზეთს და უზრუნველყოფს აფხაზეთის მეტ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში; და მესამე, რუსული ბიზნესის მეტი მასშტაბით დაშვება აფხაზეთის ბუნებრივ რესურსებზე. ჩვენდა საბედნიეროდ, ამ საკითხებზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ინტერესები ემთხვევა და წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ინტერესებთან. ამასთან, რუსეთი, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს უფროსი ძმის როლის მორგებას აფხაზეთთან, უხეში ფორმით ვერ აიძულებს აფხაზებს, დამორჩილდნენ მის ნებას ზემოხსენებულ საკითხებთან მიმართებით, რის გამოც, მათი მხრიდან უკვე მესამე ათწლეულია მიმდინარეობს ერთგვარი კბილის მოსინჯვა აფხაზების მზაობისთვის, ნებაყოფლობით შეასრულონ რუსეთის სურვილები.

 

სურ 5 - სოხუმის სამხედრო გზის პროექტი

 

რაც შეეხება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოლოდინებს, ალბათ, ყველაზე რთული, ამ პუნქტის განსაზღვრაა. საქართველოს არც მანამდე არსებული და არც მიმდინარე ხელისუფლება, არ არის საკმარისად მზად, ერთი ერთზე ისაუბროს აფხაზებთან. ამას თავის ახსნა გააჩნია და, ძირითადად, იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო სამართლებრივად, სუბიექტს არ წარმოადგენს და, შესაბამისად, მასთან არც არაფერია სალაპარაკო. საქართველოს ამჟამინდელი პოზიცია ისაა, რომ აფხაზეთი არის ოკუპირებული ტერიტორია (რაც უდავოდ ასეა) და რომ ერთადერთი აქტორი, რუსეთის ფედერაციაა, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს უკანასკნელი მიდგომა მაინც გარკვეულწილად ნაკლიანია, რადგან, მოგვწონს ეს თუ არა, აფხაზეთი, როგორც წარმონაქმნი, რუსეთის მიერ სრულად, დიდწილად თუ ნაწილობრივ კონტრილირებად მდგომარეობაში, უკვე მესამე ათწლეულია არსებობს. მას ჰყავს თავისი საზოგადოება, რომელიც არ არის არც ერთგვაროვანი, არც მარტივი, თუმცა მას გააჩნია თავისი მოსაზრებები, ინტერესები და შეხედულებები, რომელთა უგულებელყოფაც შეუძლებელია. არც ისაა უგულებელსაყოფი (და იქნებ დასაფასებელიც კია), რომ ეს პატარა, თუმცა საკმაოდ ჭრელი და ტრავმიანი რეგიონი, გარკვეული ხარისხის „დემოკრატიობანას“ თამაშს ცდილობს, თუნდაც იმ ოკუპაციის ფონზე, რომელსაც ადგილი აქვს (და რომლის ნაწილიც არის). შეიძლება მავანს გაეღიმოს, მაგრამ ჩვენს აფხაზეთში, რომელიც უჩვენოდ და ჩვენ პარალელურად არსებობს, იქნებ მეტი დემოკრატიაცაა, ვიდრე ზოგიერთ პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკაში ან თავად ოკუპანტ ქვეყანაში. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ავად თუ კარგად, აფხაზური საზოგადოება ახერხებს: 


პერიოდულად, არჩევნებით თუ უსისხლო გადატრიალებებით შეცვალოს დე-ფაქტო ხელისუფლებები; პოლიტიკურ პროცესებში გარკვეული როლი ჰქონდეს ადგილობრივ დე-ფაქტო სასამართლოს; მუდმივად არსებობდეს ანგარიშგასაწევი ოპოზიცია; მეტ-ნაკლებად დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება; ფუნქციონირებდეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი (რომელიც, სხვათაშორის, საკმაო თანაგრძნობას იჩენს გალის მოსახლეობის მიმართ); არჩეულ ე.წ. პრეზიდენტს დანარჩენი კანდიდატები ულოცავდნენ გამარჯვებას; გარკვეულწილად მაინც აფერხებდეს რუსეთის სრულმასშტაბიან ინტერვენციას. ჩვენ არ უნდა გვეწყინოს, რომ ეს ასეა. თქვენ არ უნდა გაბრაზდეთ იმაზე, რომ ამას კითხულობთ. ის, რომ აფხაზეთს ჰყავს საზოგადოება, იძლევა იმის შანსს, რომ ჩვენ მათ ვესაუბროთ და, რეინტეგრაციის პირობებში, უკეთ შევძლოთ თანაცხოვრება. პრობლემა მაშინ იქნება, თუკი იქ  სალაპარაკო მართლაცდა არავინ დარჩა, საკუთრივ რუსეთის გარდა. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ის, რომ აფხაზეთი, თუნდაც დე-ფაქტო ხელისუფლების დონეზე, იცავს აფხაზეთს ოკუპანტის კიდევ უფრო ფართო-მასშტაბიანი ბატონობისგან (და, თუნდაც, არ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს საშუალებას, ჰექტარ-ჰექტარ იყიდონ აფხაზეთი), გვაფიქრებს იმაზე, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ და აფხაზები საერთო საფრთხეებისა და ამოცანების წინაშე ვართ (ისევ და ისევ, მოგვწონს, თუ არა). არა-დეკლარირებული ურთიერთ-მხარდაჭერის მაგალითი იყო საქართველო (აფხაზეთი)-რუსეთის საზღვარზე მდებარე სოფელ აიბღას საკითხი, როდესაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან პირდაპირი კომუნიკაციით (ანუ, ურჩობით) ცდილობდა სოფლის აფხაზეთის შემადგენლობაში შენარჩუნებას, ხოლო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იმავე საკითხზე ამახვილებდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას (რაც დე-ფაქტო ხელისუფლებას არ ხელეწიფებოდა). 


როგორც არჩევნების შემდგომი ინტერვიუებიდანაც ჩანს, ასლან ბჟანია საკითხებისადმი საკმაოდ რაციონალური მიდგომის მხარდამჭერია. მას აქვს თავის დღის წესრიგი - სურს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევა, თუმცა ძალიან კარგად ესმის ისიც, რომ ამაზე საქართველოსთან შეთანხმება ვერ მოხდება. მას ისიც ესმის, თუ რატომ არ სურს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მასთან პირდაპირი საუბარი და რომ საქართველო ამით აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ერთგვარ ლეგიტიმაციას, მის სუბიექტად აღიარებას არიდებს თავს. მიუხედავად ამისა, ის მიიჩნევს, რომ როგორც თბილისისთვის, ისე დე-ფაქტო სოხუმისთვის გადაულახავი, სტატუსთან დაკავშირებული საკითხების გვერდზე გადადებით, უნდა შედგეს დიალოგი ისეთ საკითხებზე, რაზეც საუბარი შესაძლებელია. იგი ადასტურებს, რომ, მოსწონს ეს აფხაზური საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თუ არა, მათ ენგურს მიღმა საქართველოსთან აქვთ მჭიდრო ეკონომიკური, ჰუმანიტარული და ადამიანური კავშირები და აფხაზეთი დანარჩენ საქართველოს ვერ გაექცევა. პრინციპში, ისევე, როგორც დანარჩენი საქართველო ვერ გაექცევა იმას, რომ აფხაზეთში საზოგადოება არსებობს და მასაც აქვს თავისი სურვილები, ინტერესები და პოზიციები, რომელთა იგნორირება, სამომავლო თანაცხოვრების და შეთავსების პერსპექტივას საფრთხეს უქმნის. ამ საფრთხეს, ყბადაღებული „აფხაზი ძმების და დების“ შესახებ გაკეთებული ლიტონი განცხადებები, ვერ გააქრობს. ამიტომ, ასლან ბჟანიას არჩევის [და ხაჯიმბას გადარჩევის] შემდეგ, როგორც ჩანს, საქართველოს შეუძლია ენგურს მიღმა მეტ-ნაკლებად ადექვატური თანამოსაუბრე ეგულებოდეს, თუმცა კი ცალკე საკითხია, რამდენად შეძლებს საქართველო არც თუ ისე მარტივი ამოცანის დაძლევას: იპოვოს სათანადო [პლატ]ფორმა და დღის წესრიგი, ამ შესაძლებლობის გასააქტიურებლად ისე, რომ არ ავნოს საქართველოს რეგიონების არაღიარების პოლიტიკისა და ოკუპაციის აღიარების ცენტრალურ ხაზს, რომელიც უკანასკნელი 12 წელია საკმაო წარმატებით მუშაობს.

 

სანდრო სამადბეგიშვილი

გააზიარე: