აშშ-ს თანამედროვე საგარეო პოლიტიკის რამდენიმე აქტუალური ასპექტის შესახებ: 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ქართული მოლოდინი (პირველი ნაწილი)

ავტორი:

„ჩარჩო“ კონტექსტისათვის
 

დღეს ბევრს მსჯელობენ, თუ როგორ ხასიათდება თანამედროვე საერთაშორისო პროცესები და როგორი შინაარსის შეიძლება იყოს ჯერ კიდევ ფორმირებადი ახალი წესრიგი. ამ მხრივ, არაერთ საინტერესო მოსაზრებას და შენიშვნას ვისმენთ. ჩვენი აზრით კი, მას, თუ რისი მოწმენი ვართ და საით მიდის ხსენებული ფორმირება, მოკლედ და სხარტად, უარეს შემთხვევაში „უწესრიგო წესრიგს“ ვუწოდებდით, ხოლო უკეთეს შემთხვევაში - „დაუგეგმავ წესრიგს“.
 

ცხადია, არც ერთი და არც მეორე ვარიანტი სანუგეშოდ არ გამოგვადგება, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი არსია. არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიო წონასწორობის ახალი წერტილის ძიებაშია და ეს პროცესი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაშემქმნელ საკითხებზე ღრმა უთანხმოების, დისჰარმონიის და დიდ სახელმწიფოთა განახლებული დაპირისპირებით გამოირჩევა. 
 

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე ომებისა და კონფლიქტების ფონზე, უხეში ძალის გამოყენების ღიად მინიშნება საუბრების „პროტოკოლურ აუცილებლობად“ იქცა, რამაც 21-ე საუკუნის ურთიერთობები შუასაუკუნეების დროინდელს დაამსგავსა. კეტი და ფარ-ხმალი, ბუნებრივია, სენსორულმა იარაღმა ჩაანაცვლა, და ჩვენც, ხსენებულ მსგავსებაში ვგულისხმობთ არა გამოყენებულ და გამოსაყენებელ მეთოდებსა და საშუალებებს, არამედ ძალის ფაქტორის დომინანტურობას და მის, პრაქტიკულად, შეუზღუდავ გამოყენებას. 
 

აქვე, სულ რამდენიმე ნიშნით, თანამედროვე ეტაპის „შუა საუკუნეების სულისკვეთებასთან“ დაახლოებას რამდენიმე პრინციპული გარემოებით მოვნიშნავთ:
 

(1) სახელმწიფოს როლის შესუსტება და მის საპირწონედ სხვა კონკურენტების გააქტიურება (კერძო ან/და არაოფიციალური სამხედრო გაერთიანებები, კორპორაციები „საზღვრებს გარეშე“, ტექნოლოგიური და მედიაგიგანტები და სხვ.);
 

(2) გლობალური „ქცევის წესების“ შექმნაზე არასახელმწიფო აქტორების გავლენათა მატება;  
 

(3) საზოგადოებრივი ერთობის ფრაგმენტაცია და მაკონსოლიდირებელი ნიადაგის მოშლა;   
 

(4) საინფორმაციო ომის ინსტიტუციონალიზაცია;
 

(5) სამხედრო კონფლიქტში „ცხელ“ და „ცივ“ ფაზებს შორის ზღვრის გაფერმკრთალება;
 

(6) ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების როლის ზრდა ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მოსათოკად;
 

(7) ეკონომიკური დისფუნქცია და უთანაბრობა როგორც სახელმწიფოთაშორის, ისე შიდასახელმწიფოებრივ დონეზე;
  

(8) საგარეო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ეკონომიკური იძულებისა და პროტექციონისტული ღონისძიებების (ემბარგო, სანქცია, საექსპორტო კონტროლი, ტარიფები და ა.შ.) ფართოდ გამოყენება.
 

აქვე დავძენთ, რომ ქვეყნების ურთიერთქმედებისას მორალური ქცევა თუ პოზიცია ამ დროს მხოლოდ გამოგონილი მითია, რასაც, სახელმწიფოს კატეგორიის დამკვიდრებიდან მოყოლებული, შესატყვისი ისტორიული მასალა ცხადყოფს. მით უფრო აბსურდია დღეს მორალის ნორმებზე საუბარი იქ, სადაც საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად „ყველაფერი მოსულა“ და ამ მიზნით, კონკრეტული სუბიექტის ძალისა და რესურსის გათვალისწინებით, გლობალური დღის წესრიგის დაუფარავი „პრივატიზაციაც“ წესად დამკვიდრდა. ამდენად, ყველა მოთამაშეს საკუთარი გაგება ჩამოუყალიბდა მასზე, თუ რა არის „სწორი“ და რა - „არასწორი“, რამაც, შედეგობრივად, საერთაშორისო სამართალი და ინსტიტუტები საგრძნობლად დააკნინა. მეტიც, გაგებისა და სტანდარტების საკუთარ თავზე მორგება ვახსენეთ და, ამავე სულისკვეთებით, „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ „სწორი-არასწორის“ თავიანთი ინტერპრეტაცია რესურსულად სუსტ აქტორებს შესთავაზეს გასაზიარებლად. ასეთი დეფორმაციის თანმდევად იქცა დიდი ქვეყნების ნდობისა და ავტორიტეტის დაზიანება, სხვებისათვის ე.წ. „მისაბაძ მაგალითად“ ყოფნაზე უარის თქმა. თუმცაღა, ამავე ტრენდს საშუალო და მცირე ქვეყნებმაც აუწყვეს ფეხი (ყოველ შემთხვევაში, მათ, რომლებსაც ამის გამბედაობა, ნიჭი და უნარი ეყოთ) და საგარეო პოლიტიკაში ოპორტუნიზმის, პოპულიზმის, ტრანზაქციულობის, მარტივად რომ ვთქვათ, „დელეცური“ პოლიტიკის, ხელწერა წამყვან ხაზად დაამკვიდრეს.
 

ყოველივე ზემოთქმული საყურადღებოა, ვინაიდან პირდაპირ უკავშირდება საქართველოს დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის განახლებას მის რეალურ, პრაქტიკულ და ხელშესახებ შედეგებზე მეტი ორიენტაციის თვალსაზრისით.
 

ამასთანავე, მიმდინარე და მოსალოდნელი ტენდენციები მნიშვნელოვანია საქართველოსათვის იმდენად, რამდენადაც აქტუალურს ხდის ქართული მხარის მიერ:
 

(1) სტრატეგიული პარტნიორების მოქმედების უკეთ წაკითხვასა და პროგნოზირებას, ისე როგორც -
 

(2) ჯეროვანი და „ქართული რეალისტური შესაძლებლობების პოლიტიკის“ ქმედითობას. 
 

მიდგომის სისტემურობისა და თანმიმდევრულობის შესახებ 
 

დღესდღეობით გლობალურ ძალთა ბალანსში ახალი ცენტრების ფორმირების პროცესი მიმდინარეობს. სწორედ ეს პროცესი არის მიზეზი ჩვენ მიერ უკვე ხსენებული წონასწორობის ახალი წერტილის იდენტიფიცირების გამოწვევებისა. ასეთ დაპირისპირებასა და ჭიდილში პრინციპული მნიშვნელობის არის დასავლური მიდგომის სიმტკიცე, სისტემურობა და თანმიმდევრულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში რეალობად იქცევა თავის დროზე აშშ-ს ყოფილი თავდაცვის მდივნის, რობერტ გეითსის სიტყვები: „მგონი ჩვენი უკვე აღარავის ეშინია“, რომელიც, ცხადია, გულისხმობდა, ანგარიშს აღარ გვიწევენო.
 

ერთი მხრივ, დასავლეთს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს და, მეორე მხრივ, რუსეთსა და ჩინეთს (ანტიდასავლური ღერძის სხვა მონაწილეებს თუ არ ვახსენებთ) შორის არსებული წინააღმდეგობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ცივი ომის პერიოდისაგან. საქმე ისაა, რომ დღეს უკვე გაცილებით ნაკლებია აქცენტი იდეოლოგიურ კლიშეებზე, ხოლო ძირითადი ყურადღება - ღიად და დაუფარავად - გავლენათა გეოგრაფიებზეა გადატანილი. ამიტომაც, დაპირისპირებული მხარეები ბევრად უფრო პირდაპირნი არიან გაცხადებულ მიზნებსა და მათი მიღწევის გზებთან მიმართებით.  
 

კერძო მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, აშშ-ს მიდგომების თანმიმდევრულობასა და სიმტკიცეს უშუალო გავლენა აქვს გლობალურად მისი მოკავშირეების თვალში  მისსავე რეპუტაციასა და იმიჯზე. თავის დროზე, აღნიშნული კომპონენტების ერთობამ განამტკიცა საბჭოთა კავშირთან მარათონულ დაპირისპირებაში წარმატების მიღწევა. დღესაც, ამოცანა და მისი არსი არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კონტექსტიც და ანტიდასავლური ბლოკის შემადგენლობაც განსხვავებულია.
 

რეპუტაციული იმიჯის განმტკიცება კონკრეტულ ქმედებებს მოიცავს - საჯაროს თუ არასაჯაროს, თუნდაც ამ ორის კომბინაციას, ხოლო კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, აშშ-ს მხრიდან ისეთ საჯარო ღონისძიებებს, როგორებიც არის რიგი საკანონმდებლო აქტების ინიციირება (MEGOBARI Act, Georgian People’s Act, Black Sea Security Bill (ეს უფრო რეგიონული გაგებით) და სხვ.) და საგარეო ხაზის თანმიმდევრულობისა და სისტემურობის ღია დეკლარირება. ცხადია, ისიც კარგად გვესმის, რომ ერთია დეკლარირება და მეორე პრაქტიკული აღსრულება, რომელზეც მიმდინარე პროცესების სპეციფიკა და, გნებავთ, პოლიტიკური ლიდერების ფსიქოლოგია თუ პოლიტიკური ხელწერაც აისახება.
 

მსგავსი საჯარო ქმედებები, დამატებით, ინფორმაციულ ომში გარდატეხის შეტანას ემსახურება. ამ თვალსაზრისით, თუკი დასავლეთი, კერძოდ, აშშ, „სიმართლეს თვალებში ჩახედავს“ - საქართველოში მათ საგრძნობი ჩამორჩენა აქვთ, ხოლო ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან მომდინარე ჰიბრიდული დაპირისპირება სულ უფრო უკომპრომისო ხდება. ამდენად, საინფორმაციო სივრცეში მყარი comeback-ისათვის დიდი ძალის მიმართვაა საჭირო. ამავე მიზნით, მხოლოდ „კანონის უზენაესობასა“ და „დემოკრატიაზე“ აპელირება არასაკმარისია, ვინაიდან, როგორც უკვე ვთქვით, თანამედროვე ვერსიის კონკურენცია, ნაცვლად იდეოლოგიური კლიშეებისა, დიდწილად გავლენათა სფეროების გადანაწილებაზე გადის.
 

ასევე მეტად არსებითია, რომ საგარეო პოლიტიკაში თანმიმდევრულობისა და სიმტკიცის რეპუტაციულ წყაროზე საუბრისას ითქვას: ასეთ დროს უმთავრესი საფუძველი მაინც საკუთარი პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღე და სხვათა თვალში მიმზიდველობაა. ამ „რბილი ძალის“ ნაირსახეობას ვერანაირი, გნებავთ სამხედრო, ფინანსური თუ სხვა ფორმის გამოვლინება, სრულფასოვნად მაინც ვერ ჩაანაცვლებს. 
 

გაგრძელება მეორე და მესამე ნაწილში..
 

გააზიარე: