ქართული უსაფრთხოება: რამდენიმე მოსაზრება საჯაროდ (პირველი ნაწილი)

ავტორი:

რეფრენად


საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკას წარსულში არაერთი პუბლიკაცია მივუძღვენით, რომლებშიც ვრცლად განვიხილეთ არა მხოლოდ მკითხველისათვის კარგად ნაცნობი გამოწვევები, არამედ მათი გადაწყვეტის ან შერბილების გარკვეული გზებიც. ამ მორიგი პუბლიკაციის შესავალ ნაწილსაც „რეფრენი“ შემთხვევით არ ვუწოდე, ვინაიდან ამ მომენტისათვის ჩვენი უსაფრთხოების საზიანო გამოწვევები არათუ შემცირდა, არამედ მათმა რიცხვმა იმატა კიდეც. ასევე, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, კვლავ აქტუალურია ეფექტიანი საპასუხო ზომების შემუშავება და გატარება. ერთი სიტყვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეს მეტად ფუნდამენტური თემა დღესაც „სიტყვის მასალაა“.


საქმის ირგვლივ ასეთი ვითარება მეტად არასახარბიელო, ზოგიერთ შემთხვევაში კი ყოველი ჩვენგანისათვის უხერხული მიზეზებით თუ აიხსნება. ამ მხრივ, მათი დეტალიზაცია, სავარაუდოდ, სათქმელს გაგვიგრძელებს და ამიტომ მხოლოდ დავასახელებ რამდენიმეს, რომლებიც ძირითადად მიმაჩნია. პირველი და უპირველესი არის ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადირება და ამასთან ერთად, ქართული სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური აზროვნების განეიტრალება. პრობლემის არსი ყველასათვის იმდენად ცნობილია, რომ რაიმე დამატებითი განმარტებაც კი ზედმეტად მიმაჩნია. ზოგადად, გადაწყვეტილების მიმღებთა აქტიურობა და ინიციატივა არა თუ აღარ არის წახალისებული, არამედ საკუთრივ გადაწყვეტილების მიმღებთა რიგში ყოფნა გახდა სარისკო. სხვა, ე.წ. „მსხვილ მიზეზთა“ შორის არის, ზოგადად, უსაფრთხოებაზე საუბრისას ოპონენტის დამუნათება ერთი მეტად გავრცელებული - „აბა ომი გინდა?“ - შეძახილით. აქაც, მოცემულობამ ქართული თანამედროვე უსაფრთხოების პოლიტიკა - ცალკეულ ენთუზიასტებს და დარგის სპეციალისტებს თუ არ ჩავთვლით - „მშვიდობის პოლიტიკის“ საფარქვეშ უმოქმედობას, უმოძრაობასა და შემწყნარებლობას გაუთანაბრა. არადა, ეს მაშინ, როდესაც ჩვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესები სრულიად საპირისპირო დამოკიდებულებას გვიკარნახებს. 


უსაფრთხოების მიმართულებით დღევანდელი და სახვალიო, ინტეგრირებული საფრთხეების მოგერიებაზე გათვლილი ეროვნულ-პოლიტიკური ხაზის გაფერმკრთალებაზე ახლა უკვე მიმდინარე საარჩევნო (ფაქტობრივად, სარეფერენდუმო) კამპანიის სპეციფიკურობაც უარყოფითად მოქმედებს, რაც რეალურად აქტუალურ თემებზე „მოძრავი აზრის“ პრაქტიკულად „უმოძრაო“, ინტელექტისაგან განძარცულ და გაშეშებულ მდგომარეობაში ჩაგდებას განაპირობებს. აქედან გამომდინარე, შედეგსაც ისეთს და იმგვარად ვიმკით, როგორის შემსწრენიც ვართ. 


აღნიშნულის მიუხედავად და, გნებავთ, ჯინაზეც კი, აწმყოსა და ახლო მომავლის ინტერესებში, აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქციური დატვირთვა შეიძინა აკადემიურ და ანალიტიკურ წრეებში საჭირბოროტო საკითხთა ირგვლივ ცოცხალი, პროფესიული და არაკონიუნქტურული მსჯელობის კერის შენარჩუნებამ. ამ განსხვავებულ ფუნქციას, ჩემი შეფასებით, ორი მთავარი დანიშნულება აქვს: ერთია აკადემიურ-ანალიტიკური საზოგადოების ერთიანობა და აზრის სისპეტაკე, ხოლო მეორე ამავე საზოგადოების მიერ სწორედ „მოძრავი აზრის“ კულტურის შენარჩუნება იმ დღის დადგომამდე, როდესაც შესაბამისი ხელწერა და მიდგომა ქართული სახელმწიფო პოლიტიკის ყოველდღიურობად, მის ჩვეულ საოპერაციო რეჟიმად დამკვიდრდება. 


მანამდე... მანამდე კი საჯარო განხილვისა და მსჯელობისათვის, წინა პუბლიკაციების ერთგვარ გაგრძელებად,  მკითხველს რამდენიმე ტრადიციულ თუ ექსპერიმენტულ მოსაზრებას შევთავაზებთ.


უსაფრთხოების დილემა: „ომი თუ მშვიდობის“ ზღვარზე ბალანსირება?


„უსაფრთხოების დილემა“ საერთაშორისო ურთიერთობებში ერთ-ერთი გამორჩეულად ამორფული კონცეფციაა. აკადემიური წრეები მისი არეალის საზღვრების დადგენას გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ცდილობენ, თუმცა ამ მრავალგზის მცდელობამ „უსაფრთხოების დილემის“ ამორფულობა დიდად ვერ შეარყია.


ჩვენს შემთხვევაზე გადმოტანილი, ხსენებული კონცეფციის არსი მარტივად ასე ყალიბდება: რამდენად მკაფიო და გაბედული უნდა იყოს საქართველო თავისი უსაფრთხოების დოქტრინის დეკლარირებასა და აღსრულებაში, რომ თანაბრად მიაღწიოს ორ მიზანს: კერძოდ, ერთი მხრივ, ქმედითად გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა, და მეორე მხრივ, ასეთი გაძლიერებით უნებლიედ არც რეგიონული წონასწორობა დაარღვიოს და არც მეზობლებს შეუქმნას თავის რეალურ განზრახვაზე ისეთი წარმოდგენა, რომ ესკალაცია გამოიწვიოს.


უფრო დეტალიზებულ ვერსიაში, „უსაფრთხოების დილემის“ შემოთავაზებულ გაგებას არაერთი კრიტიკული მდგენელი აქვს, მათ შორის, თავდაცვისა და თავდასხმის სამხედრო პოტენციალს შორის სასურველი ბალანსის დაცვა, დიდ სახელმწიფოთა განახლებული კონკურენციის ეპოქაში „პროქსის“ როლის თავიდან არიდება და სხვ. ეს და სხვა ქვესაკითხები სპეციალისტთა და გადაწყვეტილების მიმღებთა კომპეტენტურ, უწყვეტ რეჟიმში მსჯელობას მოითხოვს.      


ამ პუბლიკაციის კონტექსტში კი ვარჩიეთ, რომ ხსენებული დილემა ქართული საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ „ომი თუ მშვიდობის“ მეტაფორასთან დამეკავშირებინა.  წინა პერიოდის რამდენიმე სტატიაში ამ მეტაფორის ხელოვნურობას, მასში რეალური შინაარსის არარსებობას შევეხეთ, ხოლო შედარებით ახლახან საარჩევნოდ შემოთავაზებული ეს „განტოლება“ უფრო ხისტადაც კი შევაფასეთ (https://www.facebook.com/share/p/JjSDhkeWtXKdhqdf/?mibextid=qi2Omg). ამდენად, სათქმელიც, მგონი, გასაგებად ითქვა.


თუმცა „უსაფრთხოების დილემისადმი“ ჯანსაღი და არასპეკულაციური დამოკიდებულების პირობით, მისი სწორად გააზრება და რეალიზება ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემისა და ნებისმიერი შემდგომი პოლიტიკური ძალის მუდმივი საზრუნავი იქნება განჭვრეტადი მომავლის, სავარაუდოდ, მაქსიმალურად დიდი პერიოდით. 


რეგიონული გამოცანა


შავი ზღვის რეგიონი და სამხრეთი კავკასია, როგორც მისი ბუნებრივი გაგრძელება, დღეს უკვე გლობალურ და რეგიონულ აქტორთა შორის კონკურენციის აშკარად ველად იქცა. რომ არა ომი უკრაინაში, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება, კონფლიქტის ცხელი ფაზა აღმოსავლეთში და რამდენიმე სხვა ფაქტორი, რომლებმაც საქართველო და მისი სამეზობლო ურთიერთგანსხვავებული გეოპოლიტიკური ინტერესებით დაამძიმა, სულ რაღაც ათიოდე წლის წინათ, ეს რთული წარმოსადგენი იყო.


დედამიწის ამ მცირე ტერიტორიაზე თავი მოიყარა ამა თუ იმ ქვეყნისა თუ ალიანსის პრაქტიკულად ყველა ფორმისა და შინაარსის გავლენამ თავისი კულტურული, ეკონომიკური, სამხედრო თუ დიპლომატიური ფაქტორებით. შედეგად, ჩვენს თვალწინ იკვეთება რეგიონში ძველი ჰეგემონიის ახლით ჩანაცვლებისა (გნებავთ, შევიწროების) და სამხრეთკავკასიურ სამკუთხედში ძალთა ახალი წონასწორობის წერტილის გამოძებნის მცდელობა. არსებული მდგომარეობით, ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზს თუ მოვახდენთ, ჩვენი ქვეყანა და რეგიონი ერთგვარ „გეოპოლიტიკურ ბურუსში“ იმყოფება, რომლის გაფანტვის პროგნოზირებაც, სულ მცირე, რამდენიმე სცენარით არის შესაძლებელი.


აღნიშნულის გამო, განსახილველი თემატიკა მრავალფეროვანია. თუმცა ამ სტატიის ფორმატისა და ქართულ უსაფრთხოებაზე აქცენტის გათვალისწინებით, შერჩევითად, მისგან გამომდინარე რამდენიმე აქტუალურ საკითხზე ვისაუბრებ.


შავი ზღვის პოტენციალი


შავი ზღვის დიდ რეგიონში მიმდინარე პროცესები იმით არის უნიკალური, რომ საფრთხეების მატებასთან ერთად ასევე იზრდება სხვადასხვა შესაძლებლობაც. ფაქტობრივად, მოხდა ისე, რომ თუ არა მკითხველისათვის კარგად ცნობილი კრიზისები, დღესდღეობით უკვე განსახილველად დასაშვები უსაფრთხოების პრაქტიკული პოლიტიკის მოდელები ისევ თეორიის წიაღში დარჩებოდა.


შესაძლო მოდელებს შორის ერთ-ერთია შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების (ცხადია, რუსეთის ფედერაციის გამოკლებით) სისტემური და ინსტიტუციურად გამართული შავი ზღვის უსაფრთხოების ალიანსის - „შავ ზღვაზე მინი ნატოს“ - შექმნა.  


თანამედროვე მსოფლიოში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მინიალიანსის ფენომენი იკიდებს ფეხს. კონცეპტუალურად, სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ქმედითი შემაკავებელი ძალის მისაღებად, ასეთი მიდგომა მინილატერალიზმის აღნიშვნით მოიხსენიება. მისი არსი, მარტივად რომ გადმოვცე, საერთო საფრთხეების მოგერიებისა და რისკების ერთგვაროვანი შეფასებით, რამდენიმე ქვეყნის მეტწილად გეოგრაფიული ნიშნით გაერთიანება-თანამშრომლობაა.


ამავე მიდგომამ საწყისი ტესტი ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში უკვე გაიარა და, ვფიქრობ, ასეთივე მიდგომა კარგად მიესადაგება შავი ზღვის დიდ რეგიონსაც. შავი ზღვის მინიალიანსიც, როგორც შესაბამის ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ეს ინსტიტუციური მექანიზმი, პრაქტიკულად, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ალიანსების შესახებ დღემდე არსებული წარმოდგენების ხელახალი გააზრებაა. მეტიც, ნებისმიერი ამგვარი მინიალიანსი (ვთქვათ, შავი ზღვის ალიანსი) გაცილებით დიდი ალიანსის (ჩრდილოატლანტიკური) „კომპლემენტარულ“, ე.წ. „შემავსებელ“ მექანიზმად გამოდგებოდა. უფრო მეტიც, შავი ზღვის ფორმატში მსგავსი გაერთიანება სხვა, სამხედრო-თავდაცვითი არეალის მიღმა კომპეტენციით შეიძლება აღიჭურვოს (არაერთხელ აღნიშნული „შავი ზღვის დეკლარაციის“ ინიციატივა). 


საფიქრალია ისიც, რომ მიდგომის სისტემურობა ვაქციოთ ქართული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების, ისე როგორც ხსენებული ალიანსის ფუნქციონირებისათვის საჭირო თავდაცვითი და ეკონომიკური (მათ შორის, მოწინავე ტექნოლოგიების ჩათვლით) დატვირთვის ინფრასტრუქტურის შექმნის კიდევ ერთ იმპულსად.


შავ ზღვაზე ამგვარ ალიანსს ბოლო ათწლეულებში ჩამოყალიბებული მყარი წინაპირობები აქვს, რაც თანამშრომლობის რეგიონულ ფორმატებს ითვალისწინებდა და დღესაც ითვალისწინებს. ამ მხრივ, აუცილებლად აღსანიშნავია საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებათა წვლილი, ზოგიერთ შემთხვევაში კი პროაქტიული პოზიციაც. დღეს, ქართული პროაქტივიზმის აღდგენასთან ერთად და ჩვენი ქვეყნის შორიახლოს მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ, შავი ზღვის რეგიონი თანამშრომლობის ახალ - ინსტიტუციურად უკეთ ინტეგრირებული უსაფრთხოების ახალ საფეხურზე გადასვლას მოითხოვს.    


მიუხედავად რეგიონის პოლიტიკურ-გეოპოლიტიკური „სიჭრელისა“, შავი ზღვის მინიალიანსი თანაბრად აქტუალური და საინტერესოა. რატომ?


(ა) ფორმალიზებულ ბლოკად ჩამოყალიბებამდე, შესაძლებელია რეგიონული ურთიერთკავშირის წამოწყება ერთიანი ქსელის - ე.წ. „ნეტვორკის“ ფორმით და ასეთი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თანდათანობითი ზრდით;


(ბ) ჩვენ მიერ უკვე ნახსენები მრავალმხრივი ან იმავე ორმხრივი უსაფრთხოებისა და თავდაცვითი კავშირების გარდა, შემოთავაზებული მინიალიანსი მასში მონაწილე ქვეყნებს შორის ჰორიზონტალური ურთიერთკავშირის სისტემის განვითარების საშუალებას იძლევა;


(გ) „სიჭრელე“ ვახსენე და ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ შემოთავაზებული ფორმატი მასში გაწევრების საშუალებას აძლევს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც საგარეო ველზე ე.წ. „ბალანსირების“ ხაზს მიყვებიან;


(დ) აღნიშნული მოდელი შეძლებისდაგვარად დეიდეოლოგიზებული იქნება, ხოლო წევრი ქვეყნების ერთობა რეგიონში რისკებისა და საფრთხეების ერთგვაროვან გაგებას დაეფუძნება.


ანალოგებთან დაკავშირებით ინდოეთისა და წყნარი ოკეანე (იგივე, QUAD ან AUKUS) ვახსენე, თუმცა ამ ტენდენციას არც ევროპა ჩამორჩა („ლიუბლიანის სამკუთხედი“ ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის შემადგენლობით ან ხუთი ნორდიკული ქვეყნის მიერ Nordic Defence Cooperation-ს ფორმატში კოორდინაცია). ასევე საგულისხმოა აზერბაიჯანის, პაკისტანისა და თურქეთის აღმოცენებადი ტრიადა. ფაქტია, რომ ყველა მაგალითი თავისებურად გამორჩეულია გეოგრაფიული კონტექსტით ნაკარნახევი „ხასიათით“. ცხადია, რომ ამ თვალსაზრისით შავი ზღვის მინიალიანსი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკით იქნება გამორჩეული.   


პარტნიორებთან სინქრონის თავისებურებების შესახებ


ქართული უსაფრთხოების მოდელის ავკარგიანობა მეტად არის დამოკიდებული რეგიონში დასავლური გეოპოლიტიკური წესრიგის დამყარებაზე: რაც უფრო „მეტი აშშ და მეტი ევროკავშირია“ საქართველოში და მის სამეზობლოში, მით უფრო მართვადია ჩვენი ქვეყნის საზიანო საფრთხეების მოგერიება. ეს აქსიომაა და, მაშასადამე, მას დამატებით მტკიცება არ სჭირდება.


გაცილებით აქტუალურია, თუ როგორ უზრუნველვყოთ, ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც, შავი ზღვის დიდი რეგიონის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის როლის შეუქცევადად განმტკიცება. თანაც, როგორ გავაკეთოთ ეს ისე, რომ მსოფლიო თუ ქართული პროცესების ფონზე, კიდევ ერთ აქსიომურ შეჯერებას მივაღწიოთ: ქართული უსაფრთხოება არის გზა რეგიონული უსაფრთხოებისაკენ; ხოლო რეგიონში უსაფრთხოება, თავის მხრივ, არის რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების „გასაღები“. ქართულ სახელმწიფო-პოლიტიკურ აზრსაც სწორედ ამ რანგში უნდა აჰყავდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დანიშნულება: არათუ არ ავიწროებდეს მას მხოლოდ ქართული ინტერესებით, არამედ - თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს ფუნქციური სარგებლიანობის ხაზგასმით - აფართოებდეს მის დანიშნულებას და ამით „ქართულ საქმეს“ კიდევ უფრო აქტუალურს ხდიდეს ჩვენი პარტნიორების თვალში.  


ამ გადმოსახედიდან მრავალი ცალკეული საკითხი იყრის თავს განსახილველად. ოღონდ, ამჯერად, მხოლოდ რამდენიმეზე შევჩერდები.


აშშ: უსაფრთხოება პრაქტიკული სარგებლით


ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ და აკადემიურ-ანალიტიკურ წრეებში გაჩაღებული დისკუსიის ერთ-ერთი ცენტრალური თემა საერთაშორისო ურთიერთობათა ცვალებად სისტემაში აშშ-ს პოზიციონირებაა. ცხადია, რომ ეს არ არის ჩვენთვის განყენებული ან აბსტრაქტული დისკუსია, ვინაიდან ის უშუალოდ საქართველოს უსაფრთხოებას უკავშირდება. ასეთ კავშირზე ბოლო წლების განმავლობაში არაერთგზის დაგვიწერია და წინა პუბლიკაციაც ამ მეტად კრიტიკულ ბმას მიეძღვნა, ამდენად, ძირითადი უკვე ითქვა, ხოლო აქ რამდენიმე პრაქტიკული „შეხსენებით“ შემოვიფარგლებით.


სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ისე იკითხება, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისათვის უსაფრთხოების ერთიანი ველი ორ - შიდა და გარე - პერიმეტრად იყოფა. ასეთი დაყოფა, უწინარესად, აშშ-ს ეროვნული ინტერესის ახლებურ გაგებას და მასთან რესურსების სწორ მისადაგებას უკავშირდება. ნაცვლად პოსტ-ცივი ომის დროინდელი მიდგომისა - „ამერიკა ყველგან“ - რომელიც ყველა კონფლიქტსა თუ პრობლემურ რეგიონზე აშშ-ს რეაგირებას მოითხოვდა, დღეს ეს მიდგომა, სავარაუდოდ, დაკორექტირდება. კერძოდ, აღნიშნული პოლიტიკის ალტერნატივად უკვე სახელდება აშშ-ს შერჩევითი პოლიტიკის კონტურები. ამ შერჩევითობის არსი რეგიონული გამოწვევების თუ პრობლემების პრიორიტეტებად დაყოფაში ვლინდება. უფრო კონკრეტულად კი, არსებითი ეროვნული ინტერესის მქონე უსაფრთხოების შიდა პერიმეტრის ქვეყნებს - გეოპოლიტიკურად არსებით გეოგრაფიებს - მეტი რესურსი მოხმარდება, თანაც სისტემურად. მათგან განსხვავებით, გარე პერიმეტრი, ანუ ნაკლებად მნიშვნელოვანი, აშშ-ს „მეორად ინტერესებთან“ დაკავშირებული გეოგრაფიები, შედარებით მოკრძალებული როლით დაკმაყოფილდებიან აშშ-ს მიერ პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური რესურსის კონტრიბუციის თვალსაზრისით.  

  
ამდენად, ოფიციალური თბილისის ერთ-ერთი მთავარი საგარეო ამოცანა ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც დასავლური წესწყობილების ლიდერის, უსაფრთხოების შიდა პერიმეტრის და, მაშასადამე, არსებით გეოპოლიტიკურ ინტერესთა სფეროში კუთვნილი ადგილის შენარჩუნება-განმტკიცებაა. ამის საჭიროება ნაკარნახევია როგორც ქართული უსაფრთხოების დღის წესრიგით, ისე - აღვნიშნეთ კიდეც - რეგიონულ სტაბილურობაში ჩვენი ქვეყნისა და მისი პარტნიორების აშკარა დაინტერესებით.


ასეთი ჩაბმულობის შესახებ ვაშინგტონთან საუბრისას ქართული მხარე სწორედ რომ საკითხის ორმხრივობაზე, ინტერესთა თანხვედრასა და რაციონალურ გათვლაზე უნდა ფოკუსირდეს. ამ გაგებით, ამერიკელ პარტნიორებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ქართული უსაფრთხოების ქმედითი მხარდაჭერა სულაც არ არის ქველმოქმედების აქტი. რეალურად, საუბარია დასავლური პოლიტიკური სივრცის გარე საზღვარზე მდებარე სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებაზე, რომელიც როგორც საკუთარი ეროვნული, ისე საქართველო-აშშ-ს ერთობლივი ინტერესების დაცვისა და პროეცირებისათვის სათანადოდ იქნება მოტივირებული. მაშასადამე, საქმე უნდა დავიდეს არა მთხოვნელისა და შემომწირველის განტოლებამდე, არამედ ერთობლივ დღის წესრიგზე შეჯერებასა და მის პრაქტიკულ რეალიზებამდე. ცხადია ისიც, რომ საქართველოსა და დასავლური ალიანსის კოორდინაცია მეტად რთული პოლიტიკური ხელოვნებაა. ამ დროს არაერთი, მათ შორის, რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით უკვე ნახსენები „უსაფრთხოების დილემაც“ გააზრებულ მიდგომას მოითხოვს.      

  
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისათვის ცხადია მაღალი ალბათობა იმისა, რომ საქართველო არსებულ საფრთხეებთან პირისპირ მარტოდ დარჩება. ამავე შედეგის თანმდევი ეფექტი საკუთრივ სტრატეგიული პარტნიორის რეპუტაციული ზიანიც იქნება - არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა მოკავშირეების თვალშიც. ხოლო რეპუტაციული ზიანის მასშტაბის გათვალისწინებით, უარყოფითი შედეგი შესაძლოა უსაფრთხოების სისტემურ კრიზისში გადაიზარდოს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გლობალური გეოპოლიტიკური ბანაკების გამიჯვნის ხაზზე მოქცეულ ქვეყანაში აშშ-ს (და, დასავლეთის მხრიდან) პოზიციების დათმობა მათი შემდგომ აღდგენა-დაბრუნებას გაცილებით რთულსა და ხარჯიანს ხდის.


ერთი სიტყვით, საქართველოს უსაფრთხოება უნდა განვიხილოთ აშშ/დასავლეთის უსაფრთხოების ერთიან კონტექსტში, მისი დაყოფისა და გამოცალკევების გარეშე. ამ გზაზე შესატყვის ქართულ ძალისხმევასთან ერთად თანაბრად აუცილებელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ შავი ზღვის დიდი რეგიონის ფორმატში „სტრატეგიული სიცხადის“ პოლიტიკაზე უფრო სწრაფი და გაბედული გადაწყობა.  

 

გაგრძელება მეორე ნაწილში... 

გააზიარე: