ქართული უსაფრთხოება: რამდენიმე მოსაზრება საჯაროდ (მეორე ნაწილი)

ავტორი:

გაეცანით სტატიის პირველ ნაწილ

 

„სხვათა შორის“...


რეგიონზე საუბრისას აუცილებლად მიგვაჩნია თურქეთის საკითხის ყოველ ჯერზე საგანგებოდ გამოკვეთა. ფაქტია, რომ შავი ზღვის დიდ რეგიონსა და, რაღა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში, რეგიონული რებუსი დიდწილად თურქული პოლიტიკის გამოძახილითა და გავლენით ყალიბდება. მეტიც, ერთიანი უსაფრთხოების ერთიანი კონტექსტის შეფასებისას, ვფიქრობთ, რომ აშშ-ს კომპონენტის გამორჩეულობასთან ერთად, ოფიციალური თბილისი თურქეთის კომპონენტსაც ასევე გამორჩეულ მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს. ამ მხრივ, რა შეიძლება დღეს ითქვას რეგიონის  სამხრეთთან დაკავშირებით ჩვენი მეზობლის პოლიტიკის ძირითად ნიშნებზე?


დავიწყებ იმით, რომ თურქეთმა პრაქტიკულად ყველა მეზობელთან ინდივიდუალიზებული - კონკრეტულ „ქეისზე“ - მორგებული ურთიერთობა დაამყარა. ამასთანავე, შავი ზღვის დიდ რეგიონთან დაკავშირებით ანკარა რამდენიმე საკვანძო მოსაზრებით ხელმძღვანელობს, კერძოდ, ესენია:


(ა) ე.წ. „რეგიონული საკუთრება“, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონის პოლიტიკაზე, უპირველეს ყოვლისა, თვით რეგიონის ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ გადამწყვეტი ხმა;


(ბ) შეძლებისდაგვარად, თანამშრომლობის მრავალმხრივი ფორმატების ხელშეწყობა (მაგალითად, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფი (BlackSeaFor) თუ სხვ.);


(გ) თურქეთის „ბალანსირების აქტი“, რაც ძირითად აქტორებთან ურთიერთობათა ისეთ დალაგებას მოიაზრებს, რომ არცერთმა ცალკე მოქმედმა აქტორმა რეგიონზე უპირატესი კონტროლი არ მოიპოვოს.


პრაქტიკულად, ბოლო წლების გადმოსახედიდან შესაძლებელია ითქვას, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა მისივე სიტუაციური ინტერესებით განპირობებული ავტონომიურობით ხასიათდება. ამ ავტონომიურობის ერთ-ერთ ნიშანსვეტად ისიც შეიძლება დასახელდეს, რომ რეგიონული დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ჩვეულებრივ, ანკარა პოლიტიკურ-დიპლომატიურ კომუნიკაციებში ერთ-ერთი წონადი მომლაპარაკებლის როლის დამკვიდრებას ცდილობს.   


რაც შეეხება უშუალოდ ქართულ-თურქულ კავშირს, თურქეთის გადმოსახედიდან საქართველოს მტკიცე უსაფრთხოების სისტემა ჩვენი მეზობლის ინტერესშია. ამიტომ, შემთხვევითი როდია წლების განმავლობაში ჩვენდამი თურქების თანადგომა. ამ თანადგომას ისევ და ისევ პრაგმატული თურქული პოლიტიკით ავხსნიდი, რომლისთვისაც:


(ა) თვითმყოფადი ქართული უსაფრთხოება რეგიონალურ უსაფრთხოებაში ერთ-ერთი გამაწონასწორებელი და გამასტაბილურებელი ფაქტორია;


(ბ) თვითკმარი ქართული სახელმწიფო თურქეთსა და რუსეთს შორის უპრობლემო და პროგნოზირებადი რეგიონული ქვეყანაა. 


ორიოდე სიტყვა ჩინეთის შესახებ. უსაფრთხოების მიმართულებით ამ ქვეყანას აქვს საკუთარი მომსახურების შემოთავაზება, რომელიც ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივ წესრიგს ან, ვთქვათ, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ძალაუფლების ხელშეწყობას ემსახურება. ნიშანდობლივია, რომ ამ დროისათვის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, ასეთი კლასიფიკაციაც ხდება: იქ, სადაც აშშ გარე უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული, ჩინეთი მეტწილად შიდა უსაფრთხოებაზე მუშაობს.


გვესმის, რომ ასეთ დაყოფაზე საუბარი მეტად დელიკატურია საქართველო-აშშ და საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობის ფონზე. ისიც გასაგებია, რომ ჩვენთვის ორივე მნიშვნელოვანია. თუმცა, ამავდროულად, ქართული მხარისათვის მათ განსხვავებული დატვირთვა და შინაარსი აქვს. მაშინ, როდესაც ჩინეთთან ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები ძალზე დასაფასებელია, ხოლო მათი შემდგომი განვითარება ჩვენსავე ინტერესშია, სტრატეგიულად სავსე და მრავალმხრივი ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა დღეს, პრაქტიკულად, ქართული სახელმწიფოებრიობის ტოლფასია. ეს ის რეალობაა, როდესაც, ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზს თუ მოვიშველიებთ, „გემოვნებაზე ვერც კი ვიდავებთ“.  


გარდა ამისა, ქართული საგარეო კურსის მიზნებისათვის საგანგებოდ გასააზრებელია გლობალურ სამხრეთთან  ჩვენი ურთიერთობა. უკრაინაში მიმდინარე ომმაც ამ დიდი არაფორმალური ჯგუფის მნიშვნელობა მკაფიო გახადა. გასაგებია, რომ აღნიშნული, გეოპოლიტიკურად საკმაოდ არაჰომოგენური ჯგუფის ბირთვს ინდოეთთან ერთად კიდევ რამდენიმე ქვეყანა ქმნის. თუმცა ვფიქრობთ, რომ ინდოეთის როლი - რომელიც სამხრეთ კავკასიაში, სომხურ-ინდურ კავშირებზე დაშენებით, სავარაუდოდ უფრო გაიზრდება - მაინც ცალკე მსჯელობის თემად უნდა იქცეს.  


საკუთრივ გლობალურ სამხრეთზე კი ჩვენი ყურადღება გეოპოლიტიკური „შუაშისტების“ ფაქტორით აიხსნება. ჯგუფის შიგნით პოლიტიკური და მმართველობითი ფორმაციების სიმრავლის მიუხედავად, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, იკვეთება „სამხრეთელების“ მიერ თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმალიზება, ისე როგორც გეოპოლიტიკურად „მონოგამიურ“ ურთიერთობებზე უარის თქმა. 


გლობალური სამხრეთის ამგვარი ამორფულობა მსოფლიოში ძალთა ბალანსზე უკვე ახდენს საგრძნობ გავლენას; სავარაუდოა ისიც, რომ ეს გავლენა დროთა განმავლობაში უფრო მოიმატებს. ეს კი საყურადღებოა ქართული საგარეო-პოლიტიკური და უსაფრთხოების ხაზის პროგნოზირებადობისა და დაგეგმვისათვის. 


ამასთანავე, უკვე გადაუდებელ ამოცანად მიგვაჩნია გლობალურ სამხრეთთან სისტემური კომუნიკაციისა და გეოპოლიტიკურად „ნეიტრალურ“ საკითხებზე თანამშრომლობის ინტენსიფიცირება. კერძოდ: 


(ა) სავაჭრო ინიციატივების ხელშეწყობა, მათ შორის, ვაჭრობაში პრეფერენციების დანერგვის ჩათვლით; 


(ბ) მდგრადი განვითარებისათვის პრაქტიკული მოდელების განხილვა, იქნება ეს სამეცნიერო თუ ტექნიკური ექსპერტიზის პოტენციალი, ტექნოლოგიების გაზიარება თუ სხვა, თანამედროვე ცოდნასა და გამოცდილებასთან დაკავშირებული პროექტები;  


(გ) ფინანსების მოსაზიდად პოტენციალის გაბევრება, შეღავათიანი სასესხო თუ საგრანტო საშუალებების ჩათვლით. 


ალიანსი და ოკუპირებული ტერიტორიები


ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრების ერთ-ერთ მთავარ წინააღმდეგობად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა სახელდება. ბუნებრივია, რომ ეს რეალური პრობლემაა და ამაზე არავინ დავობს. თუმცა თანამედროვე პირობებში ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ საბაბია მათთვის, ვინც გაურბის ნატოს გაფართოების მიზნით შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას, შინაარსისგან დაცლილი დეკლარაციებით კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის როგორც ქართული, ისე კოლექტიური უსაფრთხოების ინტერესებს. არსებული გამოწვევებიც დროთა განმავლობაში მხოლოდ გაღვივდება, როგორც შედეგი მავნე პრაქტიკისა - „გააკეთო იმაზე ნაკლები და იმოქმედო იმაზე ნელა, ვიდრე საჭიროა“.


არადა, საბჭოთა კავშირის დაშლიდან პირველ წლებში ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის ორიენტირი პოსტ-საბჭოთა სივრცის მიმართ, თითქოსდა, სწორად მოინიშნა. ასე მაგალითად, იმ დროის სხვადასხვა წყაროებში საუბარი იყო ალიანსის იმგვარ ადაპტირებაზე, რომ ექსსაბჭოთა რესპუბლიკებში აღმოცენებული ძალადობა და კრიზისები არ გავრცელებულიყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე. შესაბამისად, ნატოს დანიშნულებაც ასეთი კრიზისების მართვა და არა მხოლოდ ალიანსის ტერიტორიის დაცვა უნდა გამხდარიყო. ამავე ხაზის გამოძახილად ითვლება აშშ-ს პრეზიდენტ კლინტონის მიერ ინიციირებული პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“, რომლის მთავარი აქცენტი პოსტსაბჭოეთის ქვეყნების ალიანსში გასაწევრებლად მომზადება სახელდებოდა, ცხადია, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.  


პირობებზე საუბრისას კი აღსანიშნავია იმავე 90-ში აშშ-ს თავდაცვის მდივნის - პერის მიერ ჩამოყალიბებული ე.წ. „პერის პრინციპები“. ეს ჩამონათვალი დღესაც აქტუალურია, როდესაც ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრებაზე ვმსჯელობთ, ესენია: 


(1) დემოკრატიული მმართველობა;
(2) თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა; 
(3) კანონის უზენაესობა; 
(4) საკუთარი ტერიტორიის დაცვის უნარი და 
(5) ალიანსის კოლექტიურ თავდაცვაში კონტრიბუცია.


ამ პრინციპების ფონზე, განსაკუთრებით კი ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული, ალიანსის წევრობის გზაზე ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი დაბრკოლება მისი დარღვეული ტერიტორიული მთლიანობაა. თუმცა აქაც უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი არ და ვერ იქნება ფორმალური საფუძველი ნატოში გაწევრების გადადებისა და ის დღემდე (ყოველ შემთხვევაში, უკრაინაში ომის დაწყებამდე) უფრო საბაბია შედეგიანი გადაწყვეტილებების მიღების უარსაყოფად. ესეც, თუ „რბილად“ ვიტყვით, ხოლო უფრო პოპულარული ენით ამას „მომიზეზება“ ჰქვია. 


არადა, ორივე მხარის პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ალიანსში გაწევრებისათვის მოიძებნება ადაპტირებადი გადაწყვეტა საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის, ვთქვათ, „გვერდის ავლით“. ამ პუბლიკაციაში ორი პრაქტიკულ გამოცდილებას დავასახელებთ, რომლებიც, საქართველო-რუსეთს შორის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საინტერესოა.


(1) ნორვეგიული პრეცედენტი:


ნატოში ნორვეგიის ოფიციალურ გაწევრებამდე, ქვეყნის ხელისუფლებამ დაივალა, რომ არ დაუშვებს ნორვეგიის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მანამ, სანამ ნორვეგიას თავს არ დაესხმებიან ან თავდასხმის საფრთხის ქვეშ არ მოექცევა (მოგვიანებით, ეს დათქმა ნორვეგიაში ბირთვული იარაღის განლაგებაზეც გავრცელდა).


ნორვეგიული პრეცედენტი გვიჩვენებს, რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა ნატოში შეიძლება გაწევრდეს კონკრეტულ მაგალითზე მისადაგებული დათქმებითა და ცალმხრივი ვალდებულებებით. ნორვეგიის შემთხვევაში გაკეთებული დათქმები რუსული რისკის შემცირებასა და ამ პუბლიკაციაში უკვე ნახსენები „უსაფრთხოების დილემის“ უკეთ მართვას ემსახურებოდა.


(2) გერმანული პრეცედენტი:


რუსეთის უშუალო სამეზობლოსგან განსხვავებით, გერმანიის მაგალითი გვთავაზობს დანაწევრებული ქვეყნის ერთი ნაწილის ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების ფარგლებში მოქცევას.


გასაგებია, რომ ერთი შეხედვით აქ გაუგებარი არაფერი იყო: ალიანსის წევრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გახდა, ხოლო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, გასაგები მიზეზით, „გარეთ“ დარჩა. გაცილებით საყურადღებო იყო საკითხი, თუ როგორ უნდა განემარტათ ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლის მოქმედების მიზნისათვის „მკაფიო საზღვრის“ (clear borders) კატეგორია. განმარტების სპეციფიკა სწორედ რომ ორად გაყოფილ ქვეყანას უკავშირდებოდა. მეტიც, დასავლეთ გერმანიამ/გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ ოფიციალურად განაცხადა, რომ საზღვარი აღმოსავლეთ გერმანიასთან/გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან „დროებითი“ იყო.


ამდენად, გამოსავალი სწორედ რომ იმგვარად განისაზღვრა, რომ მე-5 მუხლის მოქმედებისათვის - რასაც შემოფარგლული გეოგრაფიული არეალი სჭირდება - „მკაფიო საზღვარი“ დასაშვებია იყოს „დროებითი“ და არა აუცილებლად საერთაშორისოდ აღიარებული. შედეგად, კოლექტიური უსაფრთხოებაც ვრცელდება „დროებით“ საზღვრამდე, მანამ, სანამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება.


ამდენად, ეს ორი პრეცედენტი სწორედ იმის საჩვენებლად წამოვწიეთ, რომ არც ოფიციალურ თბილისს და არც მის პარტნიორებს, მინიმუმ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის „მომიზეზებისათვის“ ალიანსის გაფართოების წინააღმდეგ მყარი საფუძველი არ აქვთ. მით უფრო, რომ გეოპოლიტიკურად „მოძრავი აზრის“ აქტუალობა კიდევ უფრო მძაფრდება უსაფრთხოების მხრივ მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით.   


დასასრულისკენ...


...ისევ საარჩევნო კამპანიას მივუბრუნდები და მის შედეგად ქართულ პოლიტიკაში განახლების მოლოდინზე ვიტყვი აუცილებელ სათქმელს.


საქართველოსათვის მყარი უსაფრთხოება ვერ იარსებებს მხოლოდ სამხედრო-გეოპოლიტიკური ალიანსების, გარე კავშირებისა და ქვეყნის თავდაცვის ძალების ხარჯზე. ყველა ამ კომპონენტის სიმყარე ქართული სახელმწიფოს „რბილ ძალაში“ უნდა პოვებდეს სათავეს. 


ხოლო შედარებით მაღალი სინჯის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მით უფრო ხისტი ძალის დომინირების ეპოქაში, ქართული რბილი ძალა უპირობოდ გაიგივდება:


(1)    შიდა პოლიტიკური პროცესთან, მისთვის დამახასიათებელ ფასეულობებსა და პრინციპებთან;
 

(2)  ამ თუ ნებისმიერ მომდევნო ეტაპზე განსახორციელებელი პოლიტიკის ლეგიტიმურობასთან, რომელიც წარმოუდგენელია ინკლუზიურობის, ძალაუფლების მიღმა მყოფთა ინტერესების გათვალისწინების, საერთო-ეროვნული და განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგის ირგვლივ კონსოლიდირების გარეშე.  


„რბილი ძალის“ ფენომენი ისტორიულად ასრულებდა თავის როლს მაშინაც, როდესაც ამა თუ იმ დიდ ძლიერ სუბიექტს არც ხისტი ძალის ნაკლებობა ჰქონდა. ასეთი იყო ძველი რომი, თვისი კულტურის მიმზიდველობით; ასე ითქმის აშშ-ზე, როგორც „მიწვევით იმპერიის“ (empire by invitation) მიერ შესაბამისი სტანდარტების პროეცირებაზე; ასევე ცდილობს პოზიციონირებას ჩინეთი „სარტყლისა და გზის“ პროექტში მრავალმილიარდიანი ინვესტირებით. 


მით უფრო აქტუალური და პრაქტიკულად სარგებლიანია „რბილი ძალა“ საქართველოს, როგორც მცირე/კომპაქტური ქვეყნის, კონკურენტუნარიანობისა და ადაპტირების უნარიანობისათვის. შესაბამისად, ქართული „რბილი ძალაც“, დროა, პოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტებში კონცეპტუალურად დამკვიდრდეს და პრაქტიკული პოლიტიკის წარმატებულობის მოთხოვნად იქცეს.          

გააზიარე: