სტატიის მე-3 ნაწილში განვიხილავთ შემდგომი პარტიის საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს:
• გახარია საქართველოსთვის
პარტია „საქართველოსთვის“ საკუთარ პროგრამაში ამომრჩეველს სთავაზობს, ეკონომიკური განვითარების ხედვას, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ფუნდამენტური ტრანსფორმაციას.
ეკონომიკური სისტემის ფუნდამენტური ტრანსფორმაცია - ალბათ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწორ ფორმულირებას, რომელიც საარჩევნო სუბიექტებს საკუთარ პროგრამებში გააჩნიათ, რადგან ერთი მხრივ ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაცია აღიარებს არსებულ ეკონომიკურ ვითარებას, აიდენტიფიცირებს გამოწვევებს, ხოლო საბოლოო ჯამში ქმნის გეგმას, რომელმაც თეორიულად უნდა განავითაროს ეკონომიკა.
„საქართველოსთვის“ საარჩევნო პროგრამა საკმაოდ ნეიტრალურია, განსაკუთრებით თუ შევადარებთ სხვა პარტიების საარჩევნო პროგრამებს. ამასთან ერთად, მარკეტინგულად ნაკლებად მიმზიდველ კატეგორიას განეკუთვნება, რადგან არ ხდება აპელირება დაპირება(ებ)ზე, რომელიც წინასაარჩევნოდ პოპულარულია, ამასთან პარტიის საარჩევნო პროგრამის ტიპიდან გამომდინარე, გამოვყოფთ კონკრეტულ მიმართულებებს, რომელთა ირგვლივაც მიმოვიხილავთ პარტიის ხედვებს და შესაბამის ჭრილში განვიხილავთ პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო პროგრამას.
• პარტიის ხედვა პენსიებთან მიმართებაში
პარტია „საქართველოსთვის“ ამომრჩეველს ჰპირდება, ღირსეულ პენსიას, რომელიც ეფუძვნება თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ არსებული დასაქმებულების მიერ გადახდილი გადასახადებით, ხდება საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებისთვის პენსიის გაცემა.
აღნიშნული მოდელი გამოიყენება ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში (PAYG) Pension System.
ასევე, პარტია „საქართველოსთვის“ საუბრობს განახლებული პირობებით ტენდერის ჩატარების შესახებ, რომლის ერთ-ერთ მიზანს პროცესის გაჯანსაღება და საპროცენტო განაკეთის შემცირება წარმოადგენს.
აღნიშნული ხედვის შეფასებით ნაწილზე თუ გადავალთ, დავინახავთ, რომ თავად პრინციპი საინტერესოა, თუმცა რამდენად წარმოადგენს აღნიშნული საპენსიო სისტემა იმის გარანტს, რომ პენსიები იქნება მზარდი? ასევე, როდესაც მსგავსი სახის ხედვაზე ხდება აქცენტირება, უმჯობესია, რომ კონკრეტული მაჩვენებლები იყოს შემოტანილი, რათა უფრო ცხადი იყოს ხედვის საბოლოო მიზანი და რენტაბელობა.
მეორე მხრივ, კი როგორც აღვნიშნე, დასაფასებელია, რომ პენსიებზე საუბრისას პარტია არ ეხება ისეთ საპირებებს, რომელიც სხვა პარტიების შემთხვევაში გვქონდა (მაგ. პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა).
• პარტიის ხედვა ეკონომიკურ ტრანსფორმაციასთან მიმართებაში
აღსანიშნავია, რომ პარტია „საქართველოსთვის“ იმ ეკონომიკური აქტივების აღიარებით, რომლებიც დღეს საქართველოში არსებობს, ისახავს მიზნად ეკონომიკის ტრანფორმაციას, კერძოდ, მაღალპროდუქტიული და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების განვითარების გზით, ქვეყანამ უნდა შეძლოს ექსპორტის მკვეთრი ზრდა, განსაკუთრებით ევროკავშირში DCFTA-ს შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საკითხში პარტა „საქართველოსა“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის არსებობს თანხვედრა, თუმცა როგორც მე-2 ნაწილში იქნა განხილული, მაღალპროდუქტიული სექტორზე გადასვლა, რა თქმა უნდა წარმოადგენს საინტერესო ტრანსფორმაციის პროცესს, მაგრამ ამასთან ერთად ბადებს კითხვებს, რამდენად აქვს საქართველოს რესურსი იმისა, რომ პრაქტიკაში შეძლოს მსგავსი სახის ტრანსფორმაციის მიღწევა.
ასევე, ეკონომიკური ტრანსფორმაციის კუთხით, პარტია „საქართველოსთვის“ აღნიშნავს შემდგომ საკითხს, რომ სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს ექსპორტის დაფინანსების სააგენტო, რომელიც ბიზნესებს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს, ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით.
ხაზგასასმელია, რომ საქართველოში პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში უკვე ხორციელდება DCFTA-ს კუთხით ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამა, სადაც ასევე წარმოდგენილია 2024 სტრატეგია, შესაბამისი მიზნებითა და ინდიკატორებით. ამიტომ, საინტერესოა პარტია „საქართველოსთვის“ განსხვავებულ რა მექანიზმს სთავაზობს საკუთარ ამომრჩევლებს ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით.
პარტია „საქართველოსთვის“ საკუთარ საარჩევნო პროგრამაში ასევე ეხება ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხს. პარტიის სტრატეგიული ხედვით, მათ მომდევნო 4 წლიან პერიოდში უნდა განავითარონ და დაასრულონ გაზიფიკაციის, წყალმომარაგებისა და ინტერნეტიზაციის პროცესი.
ციტატა პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამიდან:
“ეს მოიცავს ისეთ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული სატრანსპორტო კორიდორის შემდგომი გაფართოვება კახეთის, გურია-სამეგრელოს და რუსთავი-გარდაბნის მიმართულებით, ახალი საქალაქთაშორისო სამგზავრო სისტემის შექმნას, თბილისის მეტროს გაფართოვებას, სახელმწიფო რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტს და სხვ.”
პარტია „საქართველოსთვის“ საკმაოდ ადექვატურად აფასებს იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს ინფრასტრუქტურული მიმართულებით გააჩნია, შესაბამისად ლოგიკური ბმაა, მათ მიმართულებებს შორის, ამასთან, ხემოხსენებული ციტატიდან იკვეთება, რომ მათი გეგმები, შესაბამისობაშია სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლებლობებთან.
თუმცა, უმჯობესი იქნებოდა, რომ უფრო მეტი აქცენტი გაკეთებულიყო საერთაშორისო ორგანიზაციების, ფინანსური თუ სავალუტო ფონდების მოზიდვაზე, რათა სრული დატვირთვა სახელმწიფო ბიუჯეტს აღნიშნული კუთხით არ ჰქონოდა და კორელაცია მოეხდინათ მულტილატერალურ მიმართულებებით ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის.
ამასთან, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ფაზასთან, პარტია „საქართველოსთვის“ ბმაში მოჰყავს დასაქამების საკითხი, შესაბამისად, როდესაც დასაქამება მოსდევს ინფრასტრუქტურისა და სხვა ეკონომიკური პროცესების განვითარებას, წარმოადგენს სწორ ფორმულირებას, განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, რომლებსაც წინ აქვთ წამოწეული დასაქამების კოლოსალური მაჩვენებელი, მეორე მხრივ, კი განიცდიან დეფიციტს მიღწევადობასთან დაკავშირებით.
• პარტიის ხედვა ფინანსურ სექტორთან დაკავშირებით
ფინანსური სექტორის განვითარება, პარტია „საქართველოსთვის“ წარმოადგენს ინკუზიური ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, კერძოდ კი ევროპული მარეგულირებელი ჩარჩოს ამოქმედების შედეგად.
მათ მიზანს წარმოადგენს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, აქაც აღსანიშნავია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, პარტია „საქართველოსთვის“ აიდენტიფიცირებს კონკრეტულ საკითხს, რაც გულისხმობს ფინანსურ სექტორში მოთამაშე ბანკების მიერ მაღალი საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და მის რეგულირებას.
აღსანიშნავია, რომ არსებობს სხვადასხვა ჩარჩოები, რომლებიც ევროკავშირში არსებობს, ამასთან, ქართული საფინანსო და მასთან აფილირებული სექტორებში გარკვეულწილად გამოიყენება აღნიშნული მარეგულირებელი ჩარჩოები, თუმცა მაინც არსებობს გამოწვევები, რაც საბოლოო ჯამში ქმნის არასტაბილურ გარემოს, ფინანსურ რესურსებთან ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.
მაგალითისთვის, MiFID II (Markets in Financial Instruments Directive II) - აღნიშნული დირექტივის ნაკლებობაა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზოგიერთი სტანდარტი მოქმედებს, MiFID II-ის სპეციფიკური მოთხოვნები გამჭვირვალობის, ინვესტორების დაცვისა და სავაჭრო პრაქტიკის შესახებ სრულად არ არის მიღებული. ასევეა, GDPR (მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია) - მიუხედავად იმისა, რომ არ კონცენტრირდება აღნიშნული მიმართულება მხოლოდ ფინანსური სექტორზე, GDPR მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფინანსური ინსტიტუტების პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, კონფიდენციალურობის, უფლებების დაცვასა და მონაცემთა დამუშავების მკაცრი მითითებების დაწესებაზე. მნიშვნელოვან პარამეტრებს წარმოადგენს CRD IV/CRR (Capital Requirements Directive IV and Capital Requirements Regulation), PSD2 (Payment Services Directive 2), AIFMD (Alternative Investment Fund Managers Directive), Solvency II, AML Directive (Anti-Money Laundering Directive), EMIR (European Market Infrastructure Regulation), SFDR (Sustainable Finance Disclosure Regulation). აღსანიშნავია, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ეხება ევროპული მარეგულირებელი ჩარჩოს შემოტანას, თუმცა მეორე მხრივ არ აანალიზებს დეტალურად არსებულ ვითარებას, იმის მიღმა, რაც არის აღნიშნული, შესაბამისად იკვეთება კონკრეტიკის დეფიციტი, თუმცა თუ ევროპული მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნასა და განვითარებაში, ნამდვილად იგულისხმება ის კრიტიკული საკითხები, რომლებსაც აქვთ რესურსი იმისა, რომ ფინანსური სექტორის მდგრადი განვითარება უზრუნველყონ, წარმოადგენს საკმაოდ დადებით ასპექტს.
პარტია „საქართველოსთვის“ ასევე ეხება „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირების საკითხს, შესაბამისად მათი ხედვით უნდა შეიქმნას ეკონომიკური განვითარების ბანკი, რომემაც უნდა უზრუნველყოს გრძელვადიანი და სტრატეგიული დაფინანსება (გრძელვადიანი 10-15 წლიანი დაბალპროცენტიანი ბიზნეს სესხები), ასევე, თითოეული სოციალურად ორიენტირებული საკრედიტო პროგრამების განხორციელდება.
აღნიშნული თვალსაზრისით უცნობია დროითი მაჩვენებელი, რადგან „საპარტნიორო ფონდი“ წარმოადგენს საკმაოდ მსხვილ მოთამაშეს, შესაბამისად ის ფლობს სხვადასხვა სახის აქტივებს, რომლებიც თავის მხრივ ქართული ეკონომიკისთვის წარმოადგენენ მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას, ამიტომ ხსენებულ რეფორმასთან დაკავშირებით ვაწყდებით 2 მნიშვნელოვან გარემოებას: 1) რატომ არის „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმა აუცილებელი (კონკრეტული მიზეზები არ არის ნათელი პარტიის პროგრამაში); 2) რეფორმა დროითი, მარეგულირებელი და ფინანსური თვალსაზრისით, რამდენად მიღწევადია.
პარტია „საქართველოსთვის“ საკუთარ საარჩევნო პროგრამაში საუბრობს კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე, რომლის საფუძველს წარმოადგენს მონო-ინდუსტრიული საწარმოების რეფორმა (მონოინდუსტრიული საწარმო გულისხმობს ბიზნესს ან სამრეწველო ერთეულს, რომელიც ფოკუსირებულია ძირითადად, ან ექსკლუზიურად, წარმოებაზე ან ოპერირებაზე ერთი ინდუსტრიის ან პროდუქტის ხაზის ფარგლებში. რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ კომპანიის რესურსები, გამოცდილება და წარმოების ძალისხმევა ძლიერ არის კონცენტრირებული ერთ სფეროში, რაც მას სპეციალიზებულს ხდის, მაგრამ ასევე პოტენციურად დაუცველს კონკრეტულ ინდუსტრიაში ცვლილებების ან ვარდნის მიმართ).
საქართველოში მსგავსი ტიპის მონო-ინდუსტრიული საწარმოები განთავსებულია ჭიათურაში, ტყიბულში, ზესტაფონსა და რუსთავში, ხოლო პარტიის ხედვით უნდა მოხდეს საწარმოების დროიბითი რე ნაციონალიზაცია და შემდგომ საფონდო ბირჟის საშუალებით აღნიშნულ საწარმოებში ევროპული ინვესტორების მოზიდვა.
ასევე, პარტია „საქართველოსთვის“ საკუთარ საარჩევნო პროგრამაში ეხება „სახალხო დაფინანსების“ პლატფორმის შექმნის საკითხს, რომელმაც უნდა მისცეს საშუალება დამწყებ ბიზნესს, მოიზიდოს ფინანსური რესურსები კაპიტალში მონაწილეობის სანაცვლოდ საზოგადოების მაღალშემოსავლიანი ნაწილისგან.
აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ბუნდოვან საკითხს პარტიის საარჩევნო პროგრამაში, კონკრეტულად კი განხორციელებადობის ასპექტში, რადგან მსგავსი სახის მსხვილი საწარმოების რე ნაციონალიზაციის პროცესი დაკავშირებულია მრავალ გამოწვევებთან, ასევე ბუნდოვანია რამდენად გარანტირებულად შეუძლია სახელმწიფოს უცხოური ინვესტორების მოზიდვა. მსგავსი სახის პროცესმა შესაძლოა ჩიხში შეიყვანოს საწარმოები და თავად სახელმწიფოც, თუ არ იარსებებს დროში გაწერილი მკაფიო გეგმა, შესაბამისი შესრულების ინდიკატორებით. ამასთან ერთად, „სახალხო დაფინანსების“ პლატფორმაც წარმოადგენს შედარებით ბუნდოვან მიმართულებას, განსხვავებით სხვა ხედვებისგან, რომელიც პარტიას გააჩნია.
• პარტიის ხედვა - სამართლიანი, კონკურენტუნარიანი სამეწარმეო გარემოს შექმნის, ენერგეტიკისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების ირგვლივ
ციტატა პარტიის საარჩევნო პროგრამიდან:
„გახარია საქართველოსთვის” გუნდის მთავარი პრინციპია, რომ ეკონომიკური განვითარება ემყარებოდეს სოციალური სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპებს. მთავარი მიზანი არის ბიზნესის მხარდაჭერა სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკის დანერგვით. ეს გულისხმობს, რომ მეწარმეებს ექნებათ ვალდებულება გააუმჯობესონ სამუშაო პირობები და უზრუნველყონ ღირსეული ანაზღაურება“.
აღნიშნული ციტატიდან ჩანს, რომ პარტიის მიზანს წარმოადგენს სამართლიანი სამეწარმეო გარემოს შექმნა, რომელმაც თავის მხრივ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა სამუშაო პირობებისა და კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას.
ამასთან ერთად პარტია საკუთარ საარჩევნო პროგრამაში იდენტიფიცირებას ახდენს საკითხების, რომლებმაც უნდა განავითაროს სამეწარმეო გარემოს კონკურენტუნარიოანობა, რაც მოიცავს შემდგომ მიმართულებებს:
• საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის შეზღუდვა/გაუქმება, რამაც პარტიის აზრით, უნდა უზრუნველყოს თანაბადი და სამართლიანი კონკურენტული გარემო თითოეული მეწარმოსთვის;
• რეგულირების გავლენის შეფასება (RIA);
• ელექტრონული სერვისების განვითარება;
• კონკურენციის საკანონმდებლო ჩარჩოს და აღსრულების მექანიზმების სრულ შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან;
• ე.წ. „გამჭირვალე ბაზრის პრინციპის“ დანერგვა, რომელმაც პარტიის ხედვით უნდა თითოეული ბიზნეს სუბიექტისთვის, თანაბრად უნდა უზრუნველყოს ბიზნესის გამჭირვალობა და საჯარო ინფორმაციაზე წვდომა;
• სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რომელიც უნდა დაეფუძვნოს კორპორატიული მმართველობის სტანდარტებს.
პარტია „საქართველოსთვის“ საკუთარ საარჩევნო პროგრამაში საკმაოდ მსხვილ აქცენტს აკეთებს მწვანე ეკონომიკის განვითარების ირგვლივ, შესაბამისად გამოყოფს 4 ძირითად მიმართულებას:
1. ბუნებრივი რესურსების მართვის დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფა
2. განახლებადი ენერგიის წყაროების ინფრასტრუქტურის განვითარება
3. მწვანე ინდუსტრია და ინოვაციები
4. მდგრადი ურბანული პოლიტიკა
თავად მიმართულება ცალსახად საინტერესო და აქტუალურ გარემოებას წარმოადგენს, როგორც გლობალური, ასევე ლოკალური თვალსაზრისით, თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში საკმაოდ მზარდი დაინტერესებაა განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების თვალსაზრისით, ასევე მწვანე ინდუსტრიისა თუ მდგრადი ურბანული პრაქტიკების მიმართ, თუმცა მეორე მხრივ მზარდი დაინტერესება არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მიმართულებით ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვანი პროგრესი. მეორე მხრივ აღსანიშნავია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და მათი შერსულების დონე, რომელიც 2023 წლის გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის რეპორტში, საკმაოდ ნეგატიურად არის წარმოდგენილი. გამოწვევები მრავლადაა, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე შიდა კუთხით.
პარტია „საქართველოსთვის“ საუბრობს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაზე, ნარჩენების გადამუშავებასა და განახლებადი ენერგიების პერსპექტივებზე, თუმცა განსხვავებული ნაბიჯები, რომელსაც შეუძლია უფრო სწრაფი შედეგების მოტანა, პარტიის პროგრამაში ნაკლებად იკითხება, მიუხედავად იმისა, რომ მათი პროგრამის ე.წ. განმარტებით ბარათში (თითოეულ მიმართულებას პარტიის საარჩევნო პროგრამაში თან ახლავს ლინკი, რომელიც მიღწევის გზებზე არის ორიენტირებული), არსებობს გარკვეული ჩაშლები, როგორიცაა: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეფორმირება; გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლობების შექმნა; გარემოსდაცვითი პროკურორის ინსტიტუტის შექმნა; ადვოკატებისა და მოსამართლეთა სალიცენზიო გამოცდებში განხორციელდება გარემოსდაცვითი დანაშაულის საკითხების კომპონენტის ჩართვა; სათბობ შეშაზე დამოკიდებულების შემცირება; კერძო სექტორის პასუხისმგებლობის და როლის გაძლიერება ბიომრავალფეროვნებისა და ტყის მდგრადი მართვის/აღდგენის საკითხებში; კლიმატის ცვლილების საბჭოს გააქტიურება; ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის აღმასრულებელი ორგანოს განსაზღვრა; კანონის მიღება მწვანე სივრცეებზე მოქალაქეების უფლებების შესახებ; სამშენებლო ნარჩენების ხელახალი გამოყენება და გადამუშავება (რეციკლირება); მსხვილი ურბანული დასახლებების გაფართოება; შენობებიდან დაშორების სავალდებულო მანძილების სტანდარტის გადახედვა და ქალაქმშენებლობის გეგმების გამწვანება და მიწის მიზნობრივი დანიშნულების ისეთი ცვლილების აკრძალვა, რომელიც ამცირებს მწვანე საფარს.
თეორიულ დონეზე ინიციატივა საინტერესოა, თუმცა პრაქტიკულ ჭრილში თუ განვიხილავთ, დავინახავთ გარკვეულ დეფიციტებს, რომელიც რთულად სავარაუდოა, რომ ეფექტურ ნაბიჯებს წარმოადგენდეს, მწვანე ეკონომიკის განსავითარებლად.
მეორე მხრივ, როდესაც პარტია საუბრობს მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე, ცალსახად მისასალმებელი გარემოებაა, აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით ინიციატივები გააჩნია პარტია „ძლიერ საქართველოსაც“, შესაბამისად არსებობს გარკვეული თანხვედრა იდეების თვალსაზრისით, თუმცა ორივე შემთხვევაში, გამომდინარე თავად საკითხის სირთულისგან, მიღწევადობისა და რენტაბელობის თვალსაზრისით ბადებს ლეგიტიმურ კითხვებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო, დღეს საკმაოდ აქტიურად არის ჩართული მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროცესებში, შესაბამისად როდესაც მსგავსი საკითხის ირგვლივ ხდება საარჩევნო პროგრამაში აქცენტირება, სასურველია, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა იკითხებოდეს, ამასთან ერთად იყოს გარკვეულ დონეზე განსხვავებული (შედეგის თვალსაზრისით), იმ მიმართულებებისგან, რომელიც დღეს სახელმწიფოს გააჩნია.
შეჯამება:
პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო პროგრამა, განსხვავდება სხვა ოპოზიციური პარტიების პროგრამებისგან, მისი სკეციფიკითა და გამოკვეთილი ხედვით, რომელიც ეფუძვნება სოციალურ-ეკონომიკურ პრინციპებს, შესაბამისად აღსანიშნავია, თანმიმდევრულობა საკითხებთან მიმართებაში, ასევე, ხაზგასასმელია გარემოება, რომ მსგავსი სახის საარჩევნო პროგრამა „მარკეტინგულად“ შესაძლოა ნაკლებად მიმზიდველი იყოს, თუმცა, წარმოადგენს ეკონომიკური ტრანსფორმაციის ხედვათა ერთობლიობას.
მეორე მხრივ, აღსანიშნავია, სხვადასხვა მიმართულებებში კონკრეტიკის ნაკლებობა, ასევე, მიღწევადობასთან დაკავშირებული ინიციატივების არსებობა, რომელიც გადაჭარბებულ, მეტად ოპტიმისტურ გარემოებას წარმოადგენს, შესაბამისად უფრო მეტი მკაფიოობა ნათელს გახდიდა მიზნების მიღწევადობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საბოლოოდ უნდა ვთქვათ, რომ პარტიის საარჩევნო პროგრამას აკლია ბალანსი, რომელსაც პარტიის ეკონომიკურ ხედვებში უნდა შემოეტანა მეტი თვალსაჩინოება, თუმცა მეორე მხრივ, მისასალმებელია პარტიის თანმიმდევრული და მკაფიო ეკონომიკური ხედვები.