რას გვასწავლის კორონა ვირუსი: დასკვნები ეროვნული უსაფრთხოებისათვის

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

ალბათ ძნელად მოიძებნება დღეს საჯარო, თუ ვებ დისკუსიის სივრცე სადაც განხილვის მთავარი თემა არსებული პანდემია და მისგან გამოწვეული კრიზისი არ არის. მსჯელობის და დებატების საგანია პანდემიის გავლენა ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა დარგსა და სფეროზე. არა ერთხელ დაიწერა უკვე  იმ შესაძლო შორს მიმავალ გავლენებზეც, რომლებიც ვირუსს შეიძლება საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაზეც ჰქონდეს მომავალში. მოლოდინები სხვადასხვაგვარია, თუმცა მეტნაკლებად ყველა თანხმდება, რომ არსებულ კავშირებში და სისტემებში წინ მნიშვნელოვანი ცვლილებები და კორექტივები გველოდება.


ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეპიდემიასთან ბრძოლა სახელმწიფოების მთავარი საზრუნავია, არის შესაძლებლობა გარკვეული დასკვნები გამოვიტანოთ და მოვლენათა განვითარებაზე ჩვენეული შეფასებები გავაკეთოთ. განსაკუთრებით, საინტერესოა მცირე სახელმწიფოთა გამოცდილება და ის, თუ რას გვასწავლის კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დღეს, ჩვენ, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, განსაკუთრებით, ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში. 


ალბათ ცხადზე ცხადია, ის ეფექტი რაც ვირუსის გავრცელებამ ქვეყანაზე იქონია, პირდაპირ შეიძლება შეაფასდეს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევა, მით უმეტეს, როდესად თანამედროვე სამყაროში ეს ტერმინი დიდი ხანია გამცდარია უშუალოდ ვიწრო სამხედრო-პოლიტიკურ გაგებას.  


როდესაც რაიმე მიზეზით ქვეყნის ფაქტობრივი პარალიზება ხდება დიდი დროით, ჩერდება ჩვეულებრივი ეკონომიკური და სამოქალაქო საქმიანობა, ასეთი დღის წესრიგი აუცილებლად უნდა იყოს და არის გათანაბრებული ეროვნული დონის კრიზისთან.  


საქართველოში მიმდინარე კრიზისზე თვალყურის დევნება რამდენიმე დაკვირვების საფუძველს იძლევა, რაც სამომავლოდ უფრო კარგად გააზრების საგანი უნდა იყოს და ვფიქრობ მნიშნველოვან გარჩევას საჭიროებს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციას ელოდება.  


ქვემოთ შევეცდები რამდენიმე, ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი, საკითხი გამოვყო, რომლებიც მომავალში  მეტ დაკვირვებასა და გააზრებას საჭიროებს.  ჩვენ გვერდს ავუვლით ისეთ კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც ჯანდაცვის სისტემების წინაშე წამოიჭრა უშუალოდ ქვეყანაში ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების დეტალებს და გავჩერდებით უფრო ფართო დაკვირვებებზე, რომლებიც მიგვაჩნია რომ ღირებულია მომავალში მათზე აქცენტის გასაკეთებლად. 


პირველ რიგში, აღსანიშნავია, კრიზისულ პერიოდში საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის არხებისა და ფორმების განსაზღვრის მნიშვნელობა, იმისდა მიუხედავად რა ტიპის გამოწვევა და კრიზისია ქვეყნის წინაშე. ნათლად გამოჩნდა, რომ ასეთ დროს მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია არის ხელისუფლების  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა.


საქართველოს უახლოეს ისტორიაში წარმოშობილი კრიზისების პერიოდში აღნიშნული საკითხი უდავოდ ხელისუფლებების აქილევსის ქუსლი იყო. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროინდელი მოვლენები და ის გავლენა რაც ასეთ დროს საზოგადოებასთან კომუნიკაციაში დაშვებულ არა ერთ შეცდომას ქონდა.

 
დღეს, ამ მხრივ, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, არსებული მცირე ხარვეზების მიუხედავად, შეიძლება დადებითად შეფასდეს. როდესაც საზოგადოებას მეტწილად ერთი სპიკერი ესაუბრება და ის ადამიანები, ვინც მუდმივი დიალოგის რეჟიმში არიან მოსახლეობასთან თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და მათი იმიჯი მოსახლეობაზე მხოლოდ დადებით გავლენას ახდენს, ეს კომუნიკაციის სწორი ფორმაა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებული ურთიერთობა მედიასთან მომავალშიც გაგრძელდეს და კიდევ უფრო დაიხვეწოს.


არსებულ რეალურ გამოწვევებთან გამკლავება თავისთავად პირველადი ამოცანაა ნებისმიერი ხელისუფლების და ასეთ დროს საზოგადოებასთან კომუნიკაციაში ჩავარდნებმა შეიძლება ფატალური შედეგები დააყენოს, რაც მასობრივი პანიკის ან უმართავი პროცესების საფუძველი შეიძლება გახდეს. 


ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  სწორი საზოგადოებრივი კომუნიკაციის ორგანიზება კრიზისების დროს ერთ-ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ ჩაღრმავებას საჭიროებს.


მასთან მჭიდროდ კავშირში იმყოფება სტრატეგიული კომუნიკაციების თემაც, რაც ქვეყნის პირდაპირი  ინსტრუმენტია,  როგორც რეაქტიულ, ასევე პროაქტიულ რეჟიმში კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირებისათვის და ასევე ხშირად მათი პრევენციისთვის. 


ზემოთმოყვანილ თემასთან პირდაპირ კავშირში მყოფი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის კიბერუსაფრთხოების სფერო. აღნიშნულმა კრიზისმა თვალნათლივ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში გამართული საინფორმაციო და კიბერტექნოლოგიების სისტემების მოწყობა. აღნიშნული მიმართულება კვლავინდებურად მნიშვნელოვან ინვესტიციებსა და ყურადღებას საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან. მომავალში აუცილებელი იქნება კერძო სექტორთან ერთად ფართო მუშაობა  აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დასაძლევად, ვინაიდან საკითხის აქტუალურობა ქვეყნის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესის დონეს აღწევს და ამის გაცნობიერება დღეს ქვეყანაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ არა საკმარისია. მნიშვნელოვნად აფერხებს დარგის განვითარებას არსებული შესყიდვების კანონი, რომელიც გარკვეულ ბარიერებს ქმნის დარგის სწრაფი და სწორი მიმართულებით განვითარებისათვის.


თემა მჭიდროდ არის დაკავშირებული ციფრული მმართველობის საკითხების განვითარებასთან ქვეყანაში. ცხადია, რომ არა მარტო ვირუსებთან, არამედ ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების, ან საომარი და სხვა ტიპის საგანგებო მდგომარეობის დროსაც, ციფრული მმართველობის თემა, რომელიც გამართული და დაცული ციფრული ინფრასტრუქტურის გარეშე წარმოუდგენელია, უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება მომავალშიც. 


კიდევე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებელია მკვდარი წერტილიდან დაიძრას - სამოქალაქო თავდაცვაა და თუ გნებავთ, მისი თანამედროვე გაგება, სამოქალაქო უსაფრთხოება გახლავთ.  მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო თავდაცვის კლასიკური წარმოდგენების მიხედვით, ეს არის მოსახლეობის მომზადება ტოტალური ომის პირობებში, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, მისი რამდენიმე კომპონენტის აუცილებლობა ქვეყანაში ნათელია. ასეთი კომპონენტებია, მაგალითად, გარკვეული ტიპის სტრატეგიული მარაგების შექმნა ქვეყანაში, კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ნუსხების შედგენა და მათ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი უწყებების განსაზღვრა.  ასევე, შეტყობინებების და გაფრთხილების სისტემების მოწყობა ქვეყანაში. 


ზოგადად, სამოქალაქო თავდაცვის ძირითადი პრინციპების უზრუნველყოფა თანამედროვე მსოფლიოში დამოკიდებულია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურასა და პოლიტიკაზე. საქართველოს რეალობაშიც სამოქალაქო თავდაცვის პირნციპების რეალიზაციას, სწორედ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკიდან გამომდინარე, ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება სჭირდება. 


აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან, საქართველო ასევე ღიად საუბრობს თავის სტრატეგიულ დოკუმენტებში, რომ ქვეყნის სამხედრო საფრთხეებისგან დაცვას „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპების რეალიზაციით აპირებს, აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განახლებისა, თუ მოწყობის საკითხი, პირდაპირ უნდა იქნას ქვეყნის „ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის“ მოთხოვნების ჭრილში დაყენებული და ამ მოთხოვნების შესაბამისად განხილული. სწორედ აქედან უნდა გამომდინარეობდეს ქვეყანაში კრიზისებზე რეაგირებისა და მისი მართვის სისტემის მოწყობაც. ამ მხრივ, ყურადღებას გავამახვილებდით შვედეთისა და სინგაპურის მაგალითებზე.


თუმცა, დღეს არსებულმა კრიზისმა ნათლად დაგვანახა, რომ სამოქალაქო თავდაცვის რამდენიმე კლასიკური კომპონენტი კვლავინდებურად აქტუალურია და სამომავლოდ მათზე დაფიქრება ნამდვილად ღირს. 


ჩვენი აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა რაც კრიზისმა დაგვანახა არის ეწ. ეროვნული მედეგობის (resilience - ინგლისურად) ფორმირება და მნიშვნელობა. იგი ასეთ დროს შეიძლება განხილულ იქნას, როგორც კრიზისების დროს არსებულ გამოწვევებზე ადეკვატური პასუხისათვის საზოგადოების საერთო ეროვნული, სულიერი და მორალური ძალების კონცენტრაცია ფსიქოლოგიური მდგრადობის შესანარჩუნებლად. ამ კონტექსტში, სახელმწიფოს დანიშნულება და პასუხისმგებლობაა, რომ ყველა ის ფაქტორი გაითვალისწინოს და აკონტროლოს, რომელთაც შეუძლიათ პირდაპირი ზეგავლენა მოახდინონ ეროვნული მედეგობის ხარისხზე.


აღნიშნული თვისების გამოვლენა, არა მარტო ეპიდემიებთან ბრძოლის დროს, არამედ ნებისმიერი კრიზისის დროს გვესახება ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხად, ვინაიდან ეს საშუალებას აძლევს საზოგადოებას არ აყვეს პანიკას, დაიცვას კრიზისის დასაძლევად აუცილებელი ღონისძიებები და ჯამში იყოს გამოწვევის დამარცხებაზე ორიენტირებული. ასეთ დროს, სხვა კომპონენტებთან ერთად, სწორედ ჩვენ მიერ ზემოთ განხილული, სწორი სტრატეგიული და საზოგადოებრივი კომუნიკაციების საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია.  ნებისმიერი კრიზისის დროს ეროვნული მედეგობის გამოვლენა უნდა იყოს საწინდარი საზოგადოებრივი ქმედითუნარიანობის შენარჩუნებისათვის. ამის მიღწევა შესაძლებელია არა მხოლოდ უშუალოდ კრიზისის პერიოდში, არამედ, პირველ რიგში, პროაქტიული მუშაობით, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში.


აღნიშნულ ჭრილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სხვადსხვა ტიპის ისეთ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, რომელიც სწორედ მოსახლეობის ფსიქოლოგიური და მორალური მდგრადობის შერყევისკენ არის მიმართული. 


დღეს, კორონა ვირუსის წინააღმდეგ საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი ლუგარის ლაბორატორია და იქ არსებული მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსებია და  შემთხვევით არ არის, რომ სწორედ ეს ობიექტი იყო, არა ერთხელ, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ობიექტი ქართულ საინფორმაციო სივრცეში.


მომავალში, ალბათ უპრიანი იქნება მსჯელობა საინფორმაციო უსაფრთხოებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის  საკითხების საკანონმდებლო გზით დარეგულირების  შესახებ, რა თქმა უნდა,  სიტყვისა და გამოხატვის უფლებების მაღალი სტანდარტების დაცვით.  


კრიზისმა ასევე დაგვანახა, რომ სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებიც მნიშვნელოვანი განსჯის საგანი უნდა იყოს. გამოაშკარავდა ეკონომიკის მოწყვლადი სექტორები და დარგები. შესაბამისად, ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულებით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი კორექტირებები უნდა შეიტანოს სამომავლოდ.

 
მოგეხსენაბათ,  ნებისმიერი კრიზისი ეს არის შემძლებლობა და ჩვენც აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ დასკვნები შექმნილი ვითარებიდან, რათა მომავალში ამდაგვარ თუ სხვა ტიპის გამოწვევებს უფრო მომზადებულები და დაცულები დავხვდეთ. 


რა თქმა უნდა, კორონა ვირუსის მიერ  გამოწვეული ეფექტების გავლენა ჩვენი ცხოვრების სხვადსხვა სფეროზე ჯერ კიდევ წინ არის და გასაანალიზებელია, მაგრამ ვფიქრობთ აღნიშნული დაკვირვებები მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხო და სტაბილური განვითარებისათვის, განსაკუთრებით  მაშინ, როდესაც ახალი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება კვლავინდებურად დღის წესრიგში დგას. 
 

გააზიარე: