ტრამპის მხრიდან საუბარი პანამის, გრენლანდიის და კანადის შესახებ თითქოს მოულოდნელი იყო, თუმცა წმინდა გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ამერიკისთვის ტრადიციული ხედვების გამოვლენაა ეს ყველაფერი. ცოტა უფრო ჩავუღრმავდეთ ამ ამბავს გეოპოლიტიკის ჭრილში.
მოგეხსენებათ, ეტიმოლოგიურად ტერმინი გეოპოლიტიკა შედგება ორი ბერძნული სიტყვისგან: Geo მიწა და Politikos - ყველაფერი რაც დაკავშირებულია ქალაქთან: სახელმწიფოსთან, მოქალაქესთან და ა.შ. შესაბამისად ამ დისციპლინის განვითარებაში უდიდესი როლი გეოგრაფიულმა დეტერმინიზმმა და მასთან დაკავშირებულმა სწავლებებმა შეიტანა.
ტრამპის მიერ გაჟღერებული აქცენტები სწორედ კლასიკური გეოპოლიტიკით არის განმსჭვალული. რატომ პირდაპირ ასე? რას ნიშნავს გეოპოლიტიკური მიდგომა? რას ითვალისწინებს იგი?
ამ კითხვებზე ყველაზე ზოგადი პასუხია, რომ გეოპოლიტიკური მიდგომა თავის თავში გულისხმობს გლობალური პოლიტიკური რეალობის ანალიზის იმ ასპექტებს რომელიც სივრცით ინდიკატორებზე არის ორიენტირებული. გეოპოლიტიკა სახელმწიფოს განიხილავს არა სტატიკაში, როგორც უცვლელ წარმონაქმნს, არამედ დინამიკაში- როგორც ცოცხალ ორგანიზმს. გეოპოლიტიკა სახელმწიფოს შეისწავლის მის დამოკიდებულებაში გარემოსთან, პირველ რიგში სივრცესთან და მიზნად ისახავს გადაწყვიტოს პრობლემები, რომლებიც სახელმწიფოს სივრცითი ურთიერთობებისგან წარმოიშობა.
ყველაზე ფართო და გავრცელებულ გეოპოლიტიკურ მეთოდოლოგიურ ფორმულას წარმოადგენს ისტორიული დუალიზმი, დაპირისპირება ერთის მხრივ ხმელეთის - თელუროკრატიის, ხმელეთის „ნომოსის“, ევრაზიის, ჰართლენდის, „შუა ხმელეთის“, „იდეოკრატიული ცივილიზაციის“, „ისტორიის გეოგრაფიული ღერძის“. ევრაზიონიზმის და მეორეს მხრივ ზღვის, თალასოკრატიის, Sea Power (საზღვაო ძალა), ზღის „ნომოსის“, ატლანტიკური (ანგლოსაქსური სამყაროს), სავაჭრო ცივილიზაციის, კუნძულოვანი „გარე ნახევარმთვარეს“ შორის. ეს შეიძლება განხილულ იქნას როგორც კლასიკური გეოპოლიტიკის უმთავრესი კანონი.
ამერიკული ხედვა მის გარშემო სივრცის, მისი გეოგრაფიის გამო ჩამოყალიბდა საზღვაო ძალის - თალასოკრატიის ჭრილში. ამ მიდგომას თავისი მოაზროვნეები და აპოლოგეტებიც ჰყავდა.
სამხედრო-სტრატეგიული თეორიების ჭრილში, ამერიკული გეოპოლიტიკური მიდგომების შემუშავებასა და გაღრმავებაში განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ამერიკელი სამხედრო-საზღვაო თეორეტიკოსმა და ისტორიკოსმა ალფრედ მეჰენმა (1840-1914). იგი არა მარტო თეორეტიკოსი იყო, არამედ აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკაში. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა ისეთ პოლიტიკოსებზე როგორებიც იყვნენ ჰენრი კებოდ ლოდჟი და თეოდორ რუზველტი. უფრო მეტიც, თუ დავაკვირდებით ა.შ.შ.-ის სამხედრო სტრატეგიას მთელი მე-XX საუკუნის განმავლობაში, მასში ნათლად იკითხება ალფრედ მეჰენის იდეების ზეგავლენა.
მეჰენმა მსოფლიო სივრცის ტერიტორიაზე გამოყო განსაკუთრებული სფერო 30-ე და მე-40 პარალელებს შორის- ე.წ. „კონფლიქტის ზონა“, რომელშიც, მისი აზრით კონკრეტული პოლიტიკოსების ნების მიუხედავად გარდაუვალია „საზღვაო იმპერიების“ (რომლებიც ოკეანეების სივრცეებს აკონტროლებს), ინტერესების დაჯახება „სახმელეთო იმპერიებთან“, რომლებიც ევრაზიის კონტინენტის ბირთვს ემყარებიან. იმისთვის რომ საზღვაო იმპერია გადარჩეს, რაც შეიძლება ღრმად ევრაზიაში უნდა უკუაგდოს „სახმელეთო იმპერია“. მოახერხოს მისთვის მნიშვნელოვანი სანაპირო ტერიტორიების დაპყრობა. კონტროლის ქვეშ მოაქციოს „სანაპირო ნაციები, რისთვისაც საჭიროა მოწინააღმდეგის საკუთარი სამხედრო-საზღვაო ბაზების რკალში მოქცევა“ . სამხედრო-სტრატეგიულმა თეორიებმა გეოპოლიტიკის მეთოდოლოგიაში შემოიტანა იდეა საკვანძო პუნქტებისა და ზონების შესახებ, რომლებიც საშუალებას იძლევიან პოტენციური გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის ტერიტორიების დიდი ნაწილი იქნას გაკონტროლებული.
„საზღვაო ძლიერების“ გაგება მეჰენისათვის დამყარებულია მთლიანად „საზღვაო ვაჭრობაზე“, ხოლო სამხედრო-საზღვაო ფლოტი, მხოლოდ გარანტორის როლს ასრულებს ამ ვაჭრობის უზრუნველყოფისათვის. მეჰენი უფრო შორსაც მიდის და „საზღვაო ძალას“ განსაკუთრებულ ცივილიზაციურ ტიპად მიიჩნევს, რომელიც კარგი და ეფექტურია და შესაბამისად მოწოდებულია მსოფლიო მბრძანებლობისაკენ.
მეჰენის იდეებმა ფართო გავრცელება პოვა მთელს მსოფლიოში და გავლენა მოახდინა ბევრ ევროპელ სტრატეგზეც. თვით სახმელეთო და კონტინენტურმა გერმანიამ ადმირალ ტირპიცის სახით მიიღო ეს თეზისები და აქტიურად დაიწყო თავისი საზღვაო ფლოტის განვითარება.
მეჰენი პრეზიდენტ მონროს (1858-1831) დოქტრინის აქტიური მომხრე იყო. იმ მონროსი, რომლის აპოლოგეტობას ხედავენ ტრამპის და მისი უსაფრთხოების გუნდის ბოლო დროინდელ განცხადებებში. მეჰენი თვლიდა, რომ ა.შ.შ. „საზღვაო ბედისწერა“ აქვს და „ბედისწერის მანიფესტი“ (Manifest Destiny) მდგომარეობს იმაში, რომ პირველ ეტაპზე მოახდინოს ამერიკის კონტინენტის სტრატეგიული ინტეგრაცია და შემდგომში მსოფლიო დომინირების დამყარება. (როგორც ვხედავთ მეჰენის ეს წინასწარ-მეტყველური თეზისი ახლო ისტორიაში ლამის სრულად ახდა). საუბარი კანადის შემოერთებაზე და აშ.
წიგნში „ამერიკის დაინტერესება საზღვაო ძალაში“ მეჰენი ამტკიცებდა - იმისთვის, რომ ა.შ.შ. გახდეს მსოფლიო ზესახელმწიფო მან უნდა შეასრულოს შემდეგი პუნქტები:
1. აქტიურად ითანამშრომლოს ბრიტანეთის საზღვაო ძალასთან;
2. წინ აღუდგეს გერმანიის საზღვაო პრეტენზიებს;
3. თვალყური ადევნოს იაპონიის ექსპანსიას წყნარ ოკეანეში და წინ აღუდგეს მას;
4. კოორდინირება გაუკეთოს ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად აზიის ხალხების წინააღმდეგ მოქმედებას.
იგივე მაკინდერისგან დამოუკიდებლად, მეჰენიც ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა „საზღვაო ძალისთვის“ უმთავრესი საფრთხეების განხილვისას. მისი აზრით, ეს საფრთხეები პირველ რიგში კონტინენტური სახელმწიფოებია რუსეთი და ჩინეთი, მეორე რიგში კი-გერმანია. აღსანიშნავია ყოველივე ამის კონტექსტში, რომ მართლაც უდიდესი საფრთხის შემცველი გახდა გერმანია-რუსეთის (სსრკ) მოკავშირეობა 1939 წელს „გარე ნახევარმთვარის“ პერიფერიული სახელმწიფოებისათვის. ანუ, თელუროკრატიის ზეწოლა, იგივე ხმელეთის სახელმწიფოების.
რასაც ჩვენ დიდი ხანია ვუყურებთ, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, არის ჩინეთის აღზევება და რუსეთის ჩინეთზე მიბმა ამ ომის შედეგად. ამ ეტაპზე ეს პროცესი მხოლოდ მტკიცდება. რაც ყველაფერი იქიდან გამომდინარე რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ ამერიკისთვის ეგზისტენციურ საფრთხედ უნდა აღიქმებოდეს. ამ საფრთხეს არც ტრამპის გუნდი მალავს მოგეხსენებათ. ამ მიმართულების სრულად განმტკიცება იქნებოდა ევროკავშირში შიგნით, ანუ კონტინენტურ ევროპაში დეზინტეგრაციული, ან თუნდაც დესტრუქციული შიდა პოლიტიკური სიტუაციის განვითარება. ამის მცდელობებს „სახმელეთო ბლოკის“ მხრიდან დრო და დრო ვუყურებთ კიდევაც.
ამასთან ერთად, დღევანდელი გლობალური სამყარო ე.წ. ავტოკრატიული ღერძის ზეწოლითაც გამოირჩევა და ჩვენ აქტიურად ვხედავთ ამ ღერძის ფორმირების პროცესებს. მათ შორის გაფორმებული შეთანხმებების მეშვეობითაც. (ჩინეთი-რუსეთი, ირანი-რუსეთი, ბრიქსი და აშ). ბუნებრივია ამ დაპირისპირებაში, გეოპოლიტიკური თეორიები გვეუბნება, რომ „ხმელეთის“ მთავარი გამწევი ძალა დღეს ჩინეთია. რომელიც თუ დააკვირდებით სწორედ საზღვაო „ბლოკადის“ გარღვევას ცდილობს სამხრეთ ჩინეთის ზღვის ირგვლივ და ხმელეთზე მიილტვის სიღრმეში, სწორედ ვაჭრობის მეშვეობით, საქმიანობით რაც იგივე მეჰენის თქმით თალასოკრატიის მთავარი ინტერესია და ასეთად იყო ბოლო ასწლეულებში. ხოლო დღევანდელი დღის ვაჭრობის და გასაღების უდიდესი ბაზარი სამხრეთ ნახევარსფეროა. ე.წ. გლობალური სამხრეთი.
რაც შეეხება გრენლანდიას, ამ შემთხვევაში სიტუაცია იქამდე იყო მისული, რომ გრენლანდიის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი დიდი აეროპორტების მშენებლობა, ერთ მომენტში, ჩინეთს უნდა დაეფინანსებინა და გაეკეთებინა, რაც ცოტა ხნის წინ ამერიკის ძალისხმევით ჩაიშალა. ამასთან ერთად. დღეს ჩინეთსა და ამერიკას შორის მიმდინარე ომი ვაჭრობის, ნახევარგამტარების, ელექტრონული მოწყობილობების, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ჭრილში სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს. ამ მხრივ, ჩინეთს სერიოზული უპირატესობები აქვს ნედლეულ რესურსებზე წვდომის თვალსაზრისით რომლებიც ამ სფეროებისთვის არის საჭირო. აღსანიშნავია, რომ გრენლანდია მდიდარია ამ რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილით. ყოველივეს გლობალური დათბობის შედეგად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ნაოსნობის და ვაჭრობის ზრდის შესაძლებლობებიც ემატება.
თუ ზემოთ მოყვანილი გეოპოლიტიკური თეორიის ჭრილში და აშშ-ს ისტორიული სტრატეგიული კულტურის გათვალისწინებით შევხედავთ, დღეს მსოფლიოში არსებულ სიტუაციას, ტრამპის თუ ვაშინგტონის, „ნერვიულობა“ პანამის, კანადის და გრენლანდიის გარშემო წყლების საკითხით აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგები იქნება. ასევე გასაგები იქნება, თუ მომავალში „საზღვაო ბლოკი“ (კრებსითი დასავლეთი ამერიკის თაოსნობით) კვლავ ეცდება რუსეთი თავის ბანაკში გადმოიყვანოს გარკვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, რათა არ დაუშვას იმ ისტორიული ბლოკების ფორმირება, რომელზედაც დაახლოებით 200 წლის წინ ალფრედ მეჰენი საუბრობდა და რომელმაც ერთხელ უკვე ლამის მთელი მსოფლიო დაამარცხა. აქვს თუ არა ამერიკას მოსკოვზე მოქმედების ბერკეტები? მათ შორის ფინანსური აქტივების სახით, ეს საინტერესო კვლევის საკითხია.
მაგრამ, ამ ყველაფრის ფონზე სად ვართ და ვიქნებით ჩვენ, როგორ?