ტრამპის დღის წესრიგში „ქართული სივრცის“ აქტუალიზაციისათვის
ზოგადად თუ ვისაუბრებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ და აკადემიურ-ანალიტიკურ წრეებში დისკუსიის ერთ-ერთი ცენტრალური თემა საერთაშორისო ურთიერთობათა ცვალებად სისტემაში აშშ-ის პოზიციონირებაა. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ისე იკითხება, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისათვის უსაფრთხოების ერთიანი ველი ორ - შიდა და გარე - პერიმეტრად იყოფა. ასეთი დაყოფა, უწინარესად, აშშ-ის ეროვნული ინტერესის ახლებურ გაგებას და მასთან რესურსების სწორ მისადაგებას უკავშირდება. ნაცვლად პოსტ-ცივი ომის დროინდელი მიდგომისა - „ამერიკა ყველგან“ - რომელიც ყველა კონფლიქტსა თუ პრობლემურ რეგიონზე აშშ-ის რეაგირებას მოითხოვდა, დღეს ეს მიდგომა, სავარაუდოდ, დაკორექტირდება. კერძოდ, აღნიშნული პოლიტიკის ალტერნატივად უკვე სახელდება აშშ-ის შერჩევითი პოლიტიკის კონტურები. ამ შერჩევითობის არსი რეგიონული გამოწვევების თუ პრობლემების პრიორიტეტებად დაყოფაში ვლინდება. უფრო კონკრეტულად კი, არსებითი ეროვნული ინტერესის მქონე უსაფრთხოების შიდა პერიმეტრის ქვეყნებს - გეოპოლიტიკურად არსებით გეოგრაფიებს - მეტი რესურსი მოხმარდება, თანაც სისტემურად. მათგან განსხვავებით, გარე პერიმეტრი, ანუ ნაკლებად მნიშვნელოვანი, აშშ-ის „მეორად ინტერესებთან“ დაკავშირებული გეოგრაფიები, შედარებით მოკრძალებული როლით დაკმაყოფილდებიან აშშ-ის მიერ პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური რესურსის კონტრიბუციის თვალსაზრისით. ასეთი მიდგომა ოფიციალური თბილისის ერთ-ერთ მთავარ საგარეო ამოცანად ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც დასავლური წესწყობილების ლიდერის, უსაფრთხოების შიდა პერიმეტრის და, მაშასადამე, არსებით გეოპოლიტიკურ ინტერესთა სფეროში კუთვნილი ადგილის შენარჩუნებას განუსაზღვრავს.
რაც შეეხება მეტ კონკრეტიკას, რაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკული საგარეო ხაზის შემდგომ დაკორექტირებას უკავშირდება რაზედაც ამ სტატიაში შედარებით ვრცლად უკვე ვისაუბრეთ. შესაბამისად, ვაშინგტონთან საუბრისას ქართული მხარე სწორედ რომ საკითხის ორმხრივობაზე, ინტერესთა თანხვედრასა და რაციონალურ გათვლაზე უნდა ფოკუსირდეს. ამერიკელ პარტნიორებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს მხარდაჭერა არის არა ქველმოქმედების აქტი, არამედ თანაბრად პასუხობს როგორც აშშ-ის ეროვნულ, ისე საქართველო-აშშ-ის ერთობლივი ინტერესების დღის წესრიგს.
ე.წ. „დოქტრინალური“ ხასიათის საკითხთა გარდა არანაკლებ გასათვალისწინებელია თავად დონალდ ტრამპის პიროვნება. ეს არის პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, რომელიც ისწრაფის რეალობის შეცვლისაკენ და შესაძლებლობის ფარგლების მაქსიმალური გაფართოვებისაკენ.
მასთან და მის გუნდთან მუშაობა განსაკუთრებულ ფილიგრანულობას საჭიროებს, რამეთუ იგივე ბაიდენთან თუ ახლო წარსულის სხვა პრეზიდენტებთან შედარებით, ტრამპი მუდამ ხაზს უსვამს თავის „განსხვავებულობას“. ამდენად, ეს „განსხვავებულობა“ ქართული მხრიდან მასთან ურთიერთობაში ფორმითა და შინაარსით, აგრეთვე, „განსხვავებულობას“ მოითხოვს.
აქვე აუცილებელი შეხსენებაა ისიც, რომ აშშ-ის ძალაუფლების ცენტრებთან კომუნიკაციისას მნიშვნელოვანია რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის სწორი ბალანსის შენარჩუნება: რესპუბლიკელების მხრიდან მხარდაჭერის ძიებაში, ნებსით თუ უნებლიედ, დემოკრატები არ უნდა გავანაწყენოთ.
ახლა კი ყველაზე რთულსა და დელიკატურზე: რა არის იმ ურთიერთკვეთის მიმართულებები თუ საკითხები, სადაც ქართულმა ინტერესებმა შეიძლება სივრცე ჰპოვოს ტრამპის ადმინისტრაციის დღის წესრიგში? აშშ-ის მიერ დეკლარირებული ამოცანების მატრიცაში ინტეგრირებით სადაა შესაძლებელი ჩვენდამი ამერიკული დახმარებისა და მხარდაჭერის შენარჩუნება? რამდენად იდენტიფიცირებადია ისეთი რეგიონული ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ-ამერიკული კავშირების განმტკიცებას?
მარტივად თუ ვიტყვი, რამდენად შესაძლებელია საქართველოს მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციასთან განახლებულ ქართულ-ამერიკულ თანამშრომლობაზე „კონტრაქტის“ გაფორმება?
ასეთი პრაქტიკული და ურთიერთსასარგებლო კვეთის მიმართულებებად შემდეგი მესახება:
1. „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის - „აშშ-ის სიდიადის“ - კონტექსტში აქტუალობას კვლავ ინარჩუნებს ამერიკის მრავალწლიანი მხარდაჭერის შედეგად წარმატებული ქართული სახელმწიფოს თემა. ამ მხრივ არსებითია ჩვენც და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს კარგად გვესმოდეს, რომ „ქართული ქეისის“ წარმატება, მათ შორის, უდრის აშშ-ის რეპუტაციისა და ავტორიტეტის ხელშეწყობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
2. ჩვენს სამეზობლოსა და დიდ რეგიონში ბოლო ხანს გაძლიერებული ანტი-ამერიკული განწყობების ფონზე, თბილისისა და ვაშინგტონის ერთობლივი ზრუნვის საგანია ჩვენი ქვეყნის შიგნით დეზინფორმაციული ომში წარმატების მიღწევით რეგიონის ქვეყნებზე შესატყვისი ზემოქმედება; ისევე როგორც, რეგიონული მასშტაბით დასავლური ინტერესებისათვის მავნე გავლენების სრულად აღკვეთა თუ არა, მათი მნიშვნელოვანი შემცირება.
3. შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული ინტერესების უკეთ განვრცობა, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემასთან. სახელმძღვანელო პრინციპი აქ შემდეგია: US is not a Black Sea country, but should become a Black Sea power. შავი ზღვის აკვატორიაში აშშ-ის გეოპოლიტიკური და სხვა წარმომადგენლობის ინსტიტუციონალიზაცია - მათ შორის, საქართველოს აქტიური ჩართვით - ასევე განაპირობებს ამერიკული ინტერესების პროეცირებას შავი ზღვის რეგიონის მომიჯნავე გეოგრაფიებზე.
4. ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პრაქტიკული ასპექტები, შესაძლოა, იკვეთებოდეს შემდეგ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ღერძში: შავი ზღვა - სამხრეთ კავკასია - ცენტრალური აზია. მთელს ამ გაყოლებაზე ამერიკული ინტერესების პროეცირებას „ქართული პლაცდარმი“, სავარაუდოდ, ორგანულად შეეწყობა. ამ შეთხვევაში საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის პასივი აქტივად იქცევა, თუკი ქვეყანას ცენტრალურ აზიაზე „წვდომით“ დამატებით არხად მოვიაზრებთ. შესაბამისად, ჩვენი ისტორიულად კარგად ნაცადი როლი, როგორც რამდენიმე ტრანსსასაზღვრო პროექტების „ჩამკეტი“ ქვეყნისა (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი და სხვ.) ახალი პროექტების ხარჯზე (მაგალითად, შუა კორიდორი) შეივსება.
5. რუსეთთან პოლიტიკის გათვალისწინებით - ხოლო, ეს დიდწილად განისაზღვრება რუსეთ-უკრაინის ომისადმი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულებით - საქართველომ შესაძლოა მოირგოს შავი ზღვის დიდი რეგიონის სამხრეთ კავკასიურ მიმდებარე სეგმენტში რუსული გავლენების შეკავებაში თანამონაწილეობა. ბუნებრივია, რომ ასეთი თანამონაწილეობა ჩვენივე რესურსის თანაზომიერი თუ იქნება. ესეც იმ ორი აუცილებელი დათქმით, რომ, პირველი, აშშ-ს თავად გადაწყვეტილი ექნება ამ პროცესში გამწევ ძალად გამოვიდეს და, მეორე - ქართული მხრიდან მედეგობის უზრუნველყოფას ამერიკული მხარე მეტად ქმედითად, ყველა სათანადო რესურსის გამოყენებით, მოახდენს.
6. ჩინეთის თემა, რაც მეტად დელიკატურია გლობალურად ყველა მსხვილი აქტორისათვის, მცირე ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ. აშშ-ჩინეთი-საქართველოს სამკუთხედის ფარგლები რამდენიმე კრიტიკული გარემოება აუცილებლად გასათვალისწინებელია.
ერთ-ერთი და, უმთავრესი, არის ის თუ როგორ განვითარდება ტრამპის ამერიკასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა. საყოველთაოდ ცნობილია - სტრატეგიული მეტოქეობის მიუხედავად - ამ ორი უმსხვილესი ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულებასა და ურთიერთდაკავშირებაზე. გარდა სისტემური და მაკრო დონის საკითხებისა, ასევე ცნობილია ტრამპთან დაახლოვებული საქმიანი წრეების კონკრეტულ ბიზნეს ინტერესებზე ჩინეთში. ამიტომ, არ გამოვრიცხავ რომ ე.წ. „ჩახსნის“ (decoupling) პოლიტიკიდან „რისკების მინიმიზაციის“ (de-risking) პოლიტიკაზე გადაწყობით აშშ-ჩინეთის ურთიერთობაც შემდგომში საკმაოდ „სიტუაციური“, ე.წ. ups and downs-ს პრინციპით გარკვეული ზიგზაგისებური არათანმიმდევრობით გამოირჩეოდეს. ამის სათქმელად თუნდაც ის კმარა, რომ ნაცვლად ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის განცხადებისა უკლებლივ ყველა ჩინურ საქონელზე ტარიფის დაწესებისა, მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შედარებით უფრო რბილი - მხოლოდ გარკვეული ნომენკლატურის საქონელზე ტარიფების მატების - ვარიანტი განიხილება.
ახლა რაც შეეხება საქართველოს, მკითხველი კარგად არის ინფორმირებული ქართულ-ჩინური ურთიერთობის ბოლოდროინდელ დინამიკაზე. ამდენად, მის აღწერას და ცალკეული ასპექტების აღნიშვნას, მგონი, აზრი არა აქვს. ისიც ფაქტია, რომ ჩინეთთან, როგორც გლობალურად მნიშვნელოვან აქტორთან და მოწინავე ეკონომიკასთან, გამართული და გასაგები თანამშრომლობა საქართველოსათვის ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტია. თუმცა, აქაც ქართული პოლიტიკის მხრიდან მოსაძებნია ის სწორი ბალანსი, რაც დასავლურ სტრატეგიულ ვექტორს ჩრდილს არ მიაყენებს და იმ უხერხულ კითხვებს არ გააჩენს, რაც დღეს მრავლადაა. შესაბამის უზრუნველმყოფელ მექანიზმებთან ერთად დავასახელებდი დასავლურ სისტემაში საქართველოს სწრაფ და შეუპოვარ ინტეგრაციას, რაც ხელს შეუწყობდა ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგრადობას, თავიდან აგვარიდებდა გაუმჭვირვალე „ბიზნეს გარიგებების“ პრეტექსტით ქართული მაგისტრალური ხაზის დამახინჯებას თუ მისაკუთრებას. ყველაფერთან ერთად, ჩვენი ქვეყნის, როგორც დასავლური პოლიტიკური ცივილიზაციის წევრის მოვალეობებშია, მათ შორის, რევიზიონისტული პოლიტიკისადმი წინააღმდეგობა და, აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებთან ერთად, შავი ზღვის დიდ რეგიონში ქმედითი საპირწონის შექმნა.
7. აქვე მოკლეზე შევეხები სამხრეთ კავკასიის - როგორც შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებლის - კონტექსტში ორ კერძო საკითხს.
დავიწყებ ანკარა-ბაქო-თბილისის თანამშრომლობით, რომლის ფარგლებში სამ მეზობელ ქვეყანას შორის სხვადასხვა ურთიერთქმედება, მათ შორის, სამხედრო თანამშრომლობის ფორმატში ხორციელდება. ცხადია, რომ აშშ-სთვის თურქეთის როლი რეგიონში და რეგიონის გარეთ ძალზე დიდია და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საკომუნიკაციო არხიც ჩამოყალიბებულია. სავარაუდოდ, ეს არხი უფრო შინაარსიანი გახდება ტრამპსა და ერდოღანს შორის პირადი კონტაქტის გათვალისწინებით. აღსანიშნია, ასევე, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მოკავშირეობა, რაც რეგიონულ „საქმისწარმოებაში“ ყურადსაღებია. ყოველივეს გათვალისწინებით, საფიქრალია, თუ რამდენად შეუძლია თბილისს ვაშინგტონის ხმის გაძლიერება და „მესიჯ ბოქსების“ კომუნიცირების ხელშეწყობა ქართული მხარის თურქულ და აზერბაიჯანულ მხარეებთან განსაკუთრებული ურთიერთობების გამოყენებით.
შემდეგი საკითხია ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შედეგად ახალ ეტაპზე გადასული აშშ-სომხეთის ურთიერთობები და ის როლი, რაც საქართველოს შეუძლია შეასრულოს ამერიკულ-სომხურ შემდგომ დაახლოვებაში. საგანგებოდ აღსანიშნია, რომ ხსენებული ქარტიის ხელმოწერით აშშ-მ კვლავ გამოხატა თავისი ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ. ასევე ფაქტია, რომ აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაცილებით სრულად რეალიზდება ქართული მხრიდან რეგიონში ამერიკული ინტერესების ხელშეწყობის შემთხვევაში. ასევე უდავოა, რომ რეგიონის მეტად გადასავლურება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საქართველოსა და სომხეთის საგარეო-პოლიტიკურ კოორდინაციაზე. სომხეთის აშშ/დასავლური ვექტორი ქართულ სტრატეგიულ ინტერესშია, ხოლო საქართველოს აშშ/დასავლური ვექტორი კრიტიკულია სომხური სტრატეგიული ინტერესებისათვის.
ამდენად, საკუთარ თავს შევახსენოთ უნდა...
რომ თანამედროვე მსოფლიოში ჩვენ არ მოგვეთხოვება ქართული პოლიტიკა მკაცრ მორალისტურ კრიტერიუმებს დავუქვემდებაროთ. გაცილებით აჯობებს, რომ ქვეყნის პოლიტიკის ეფექტიანობა კონკრეტულ კონტექსტში ასევე კონკრეტული ქმედების შესატყვისობით განისაზღვროს (ამ თვალსაზრისით, მაგალითად, „საუკეთესო პრაქტიკას“ გასული საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლების ისრაელი გვთავაზობს). და, კიდევ ერთი (საკამათო) მოსაზრება: ერთი მხრივ, საკუთარი სისტემის მოდერნიზაციასა და, მეორე მხრივ, დემოკრატიას შორის სწორი და თანმიმდევრული ბალანსის პოვნა ყოველთვის როდია შესაძლებელი. აქაც პრიორიტეტების რაციონალური განაწილებაა მთავარი...
ცნობილი ქართველი დიპლომატის ალექსანდრე ჩიკვაიძის სიტყვებით რომ დავასრულო: „პატარა ქვეყანას არა აქვს ფუფუნება დიდი შეცდომის დაშვებისა“. მართლაც, ამ მეტად სადა ნათქვამში ქართული პოლიტიკის ქმნის თვალსაზრისით, ერთდროულად, ღრმა შინაარსი და აქტუალური მოწოდებაა.