ჩავარდნა და წარმატება: სპეცსამსახურების ოპერაციების ანატომია

ავტორი:

შალვა ლომიძე
თადარიგის გენერალ - მაიორი 
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი
ანალიტიკური ცენტრის “ჯეოქეისი”-ს მრჩეველი

 

მსურს გავაზიარო პირადი აზრი იმ გარემოებების თაობაზე, რაც განსაზღვრავს სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაციების წარმატებას თუ წარუმატებლობას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეცდომები ხდება, როცა მუშაობ და მისგან არავინ არის დაზღვეული. მნიშნელოვანია, ეს არ იყოს სისტემური ხარვეზი. შესაბამისად, ყოველ ჯერზე უნდა განხორციელდეს მისი გამომწვევი მიზეზების სრულყოფილი ანალიზი. 
 

რა განაპირობებს ოპერაციის წარმატებას: - ინფორმაციული უპირატესობა (ზუსტი და დროული მონაცემები); დეტალური, მოქნილი და რეალურ სიტუაციაზე მორგებული გეგმა; პროფესიონალი შემსრულებელი და ხელმძღვანელი კადრები; მოწინააღმდეგის შეცდომა; ინფორმაციის დაცვა და გაჟონვის თავიდან არიდება; ტექნიკური უპირატესობა; მოულოდნელ გარემოებებზე ეფექტიანი რეაგირება და სასარგებლოდ გამოყენება. 
 

რა განაპირობებს ოპერაციის ჩავარდნას: - არასწორი და არასრული ინფორმაცია, არასწორი ანალიზი, მოწინააღმდეგის მიერ მიზანმიმართული დეზინფორმაცია; არასწორი დაგეგმვა/სტრატეგია, კომუნიკაციის პრობლემები ოპერაციის დროს და რეალური ვითარების არასათანადო შეფასება; ინფორმაციის გაჟონვა, მოწინააღმდეგის ინფორმირება სხვადასხვა სახის მოსალოდნელი ან მიმდინარე ოპერაციის დეტალებზე; თანამშრომელთა გადაღლილობით დაშვებული შეცდომები, არასაკმარისი მომზადება და არასწორი გადაწყვეტილებები, მოტივაციის ნაკლებობა; გარე ფაქტორები და მოულოდნელი მოვლენები, არაპროგნოზირებადი პროცესები; ტექნიკური და ლოგისტიკური პრობლემები, არასაკმარისი რესურსები და მხარდაჭერა.
 

მსურს შევეხო რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას, რომელიც განსაზღვრავს ოპერაციის შედეგებს: 
 

- ადამიანური ფაქტორები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან სპეციალური სამსახურების ოპერაციებში სწორედ ადამიანები იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებებს, აფასებენ რისკებს და მოქმედებენ. ადამიანური ფაქტორების ერთობლიობა წარმატების ან მარცხის განმსაზღვრელია. ბევრჯერ ყოფილა მცდელობები, როდესაც გარკვეული ქვეყნების სპეცსამსახურები ცდილობდნენ  საქმიანობაში ადამიანური ფაქტორის როლის შემცირებას და მათი საქმიანობის ტექნოლოგიურ ჩანაცვლებას, თუმცა საბოლოო ჯამში ეს მცდელობები ხშირად წარუმატებლობით სრულდებოდა. ოპერაცია შეიძლება ტექნიკურად და ტაქტიკურად იდეალურად იყოს დაგეგმილი, მაგრამ თუ ადამიანური კომპონენტი ვერ შეინარჩუნებს სიზუსტეს, ოპერაცია ჩავარდება. 
 

- მოწინააღმდეგის არასათანადო შეფასება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რაც სპეცსამსახურების ოპერაციების ჩავარდნას იწვევს. ეს შეიძლება იყოს როგორც მოწინააღმდეგის შესაძლებლობების გადაფასება, ისე მისი უნარების და რეაქციის დაკნინება.
 

- არასწორი კომუნიკაცია შემსრულებელსა და დამკვეთს შორის სპეცსამსახურების ოპერაციების ჩავარდნის ერთ-ერთი კრიტიკული ფაქტორია. ხშირად, მარცხის მიზეზი არ არის მხოლოდ მოწინააღმდეგის სიძლიერე ან გარემო პირობები, არამედ ეს შეიძლება იყოს არასწორად განსაზღვრული მისია, განკარგულებების არასწორი აღქმა, ინფორმაციის გადაცემის პრობლემები.
 

- პერიოდული შეფასება და მოულოდნელობის ფაქტორი - აუცილებელია ოპერაციის დეტალური შეფასება, რათა სამომავლო მოქმედებები უფრო დახვეწილი იყოს. ხარვეზის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს სწორი დასკვნები. რაც არ უნდა იდეალურად დაიგეგმოს ოპერაცია, ყოველთვის არსებობს მოულოდნელი ფაქტორები, რომლებიც მის შედეგზე აისახება. არ არსებობს 100%-ით გარანტირებული წარმატება, რადგან ადამიანური, ტექნოლოგიური და გარემო ფაქტორები ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩაერიონ პროცესში. სწორედ ამიტომ, მზადყოფნა, მოქნილობა და სწორი რეაგირება ის მთავარი ელემენტებია, რომლებიც განსაზღვრავს ოპერაციის წარმატებით დასრულებას.


დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ შეცდომა მოსდის იმას, ვინც მოქმედებს, და ეს ბუნებრივი პროცესია. თუმცა, პროფესიონალიზმი სწორედ იმაში ვლინდება, თუ როგორ უმკლავდება ადამიანი/სისტემა საკუთარ შეცდომებს. სპეცსამსახურებში შეცდომები შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს, მაგრამ განსხვავება წარმატებულ და წარუმატებელ სამსახურს შორის არის ის, თუ როგორ აანალიზებს, აღკვეთს ან მინიმუმამდე დაჰყავს ეს შეცდომები. პრაქტიკაში მიღებულია წარუმატებლობის წინააღმდეგ მოქმედების სხვადასხვა ფორმა და ნაბიჯი.
 

საყურადღებო გარემოება არის, ხომ არ აქვს ჩავარდნებს განმეორებითი ხასიათი? ეს ალბათ, სამსახურების ხელმძღვანელი რგოლისა და საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენლების შესწავლის საგანია. ასეთის არსებობა უკვე სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს და არა ერთჯერად შეცდომაზე. ამ შემთხვევაში, აუცილებელია ჩავარდნის მიზეზების ღრმა ანალიზი, რადგან აქ საქმე შეიძლება გვქონდეს მრავალ ფაქტორთან: სტრუქტურული პრობლემა, ოპერაციების არასწორი დაგეგმვა, კოორდინაციის ნაკლებობა და ბიუროკრატია, მოწინააღმდეგის არასათანადო შეფასება, დეზინფორმაცია, არასწორი ტაქტიკა და მეთოდები, ტექნოლოგიური ჩამორჩენა, არასაკმარისი ან არაკვალიფიციური ადამიანური რესურსები, გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა, შიდა კონფლიქტები, მოტივაციის პრობლემა.
 

ფაქტია, გამეორებადი მარცხი ყოველთვის მიანიშნებს სისტემურ პრობლემაზე და არა უბრალო გარემო შემთხვევაზე. ამიტომ, ჩავარდნები უკვე სიგნალია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. რა შეიძლება გაკეთდეს ჩავარდნების შემთხვევაში: ყველა წარუმატებელი ოპერაცია დეტალურად უნდა შეფასდეს, გადაიხედოს ოპერაციების ჩატარების სტრატეგია, მოიძებნოს ალტერნატიული მექანიზმები, განხორციელდეს სხვადასხვა სცენარების სიმულაცია/პროგნოზირება, გაძლიერდეს კადრების გადამზადება, დაინერგოს ტექნოლოგიური ინოვაციები, განისაზღვროს ჩავარდნებზე პასუხისმგებელი შემსრულებელი, დავალების გამცემი პირები და მოხდეს მათი საქმიანობის მიუკერძოებელი შეფასება.
 

გააზიარე: