„ჩვენ არ ვაახლოებთ ერთმანეთთან სახელმწიფოებს, ჩვენ ხალხებს ვაერთიანებთ“ - ალბათ, არაფერი გამოხატავს ევროპული პროექტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჟან მონეს ამ სიტყვებზე უკეთ ევროკაშირის იმ სიკეთის არსს, რასაც მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება ეწოდება და რაც ევროპული გაერთიანების ყველაზე ღირებულ მიღწევად არის აღიარებული. ევროკავშირის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროპის კავშირის ყველაზე მთავარ სიკეთედ სწორედ ქვეყნებს შორის ადამიანთა თავისუფალ მიმოსვლას ასახელებს. მიმდინარე წლის 26 მარტს, შენგენის ზონის შექმნის შესახებ ხელშეკრულების იმპლიმენტირებიდან 25 წელი შესრულდა. ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლა სახელდება, აგრეთვე, ყველაზე დიდ პოლიტიკურ მონაპოვრად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. 28 მარტს სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული სახელმწიფო ევროკავშირის/შენგენის სივრცის წევრ ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობს. 2017 წლის 28 მარტს, პირველად იმოგზაურეს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში ვიზის გარეშე, რითაც ისტორიული კანონზომიერების აღდგენით მეტად გამყარდა თავისუფალი ქართველი ერის ერთიან ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესი. საერთო ჯამში, მოცემული სამი წლის მანძილზე, ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, ევროკავშირის/შენგენის სივრცეში იმოგზაურა საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ და განხორციელდა 1 მილიონზე მეტი ვიზიტი.
მსოფლიოში არსებული COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, დღეს, დროებით შეზღუდულია ადამიანთა თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირის/შენგენის ზონაში; ამასთან, გაუქმებულ იქნა შენგენის სივრცის დაარსებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება. აღნიშნულ არაორდინალურ ვითარებაში ევროპული იდეისთვის კიდევ უფრო სტრატეგიულ დატვირთვას იძენს ყველა იმ უპირატესობის აღნიშვნა, რითაც ევროპა საზღვრებს გარეშე ხასიათდება. შენგენის ზონის 25-წლიან არსებობას მრავალგანზომილებიანი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კუთხით.
მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებაზე გადაწყვეტილება, თავდაპირველად, 1995 წლის 26 მარტს, ევროპული გაერთიანების შვიდმა სახელმწიფომ მიიღო. მაშინ ბელგიამ, გერმანიამ, ესპანეთმა, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ და საფრანგეთმა გადაწყვიტეს, გაეუქმებინათ ერთმანეთთან შიდა საზღვრები, რითაც ძალაში შევიდა უფრო ადრე - 1985 წელს ლუქსემბურგში მდებარე, გერმანია-საფრანგეთის მოსაზღვრე პატარა ქალაქ შენგენში გაფორმებული ხელშეკრულება ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის სასაზღვრო შემოწმებების გაუქმების თაობაზე. ამგვარად, ევროპაში დაიწყო ახალი ერა - შენგენის სივრცის შექმნის სახით, რომელმაც ევროპელი ხალხების გაერთიანების იდეით, არსებობის 25 წლის მანძილზე, საზღვრები თანდათან 26 ქვეყანას შორის გააუქმა, მათ შორის, ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ სახელმწიფოს შორის, როგორიცაა ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია, ხოლო პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა. დღეს, შენგენის ზონა მსოფლიოში ყველაზე დიდი სივრცეა, სადაც ადამიანებს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ მათი მოქალაქეობის მიუხედავად და ყოველგვარი შიდა სასაზღვრო შემოწმების გავლის გარეშე.
შიდა საზღვრების გაუქმება შენგენის ზონის წევრ სახელმწიფოთა თანამშრომლობის პრინციპს ეფუძნება გარე საზღვრების მეტად დაცვის მიზნით. საზღვრებს გარეშე ევროპაში მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან შენგენის ზონის წევრი სახელმწიფოების საპოლიციო და სასამართლო სტრუქტურები. ამ მხრივ, აღსანიშნავია შენგენის საინფორმაციო სისტემა, რომელიც ევროპაში უსაფრთხოების ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზას წარმოადგენს და რომლის საშუალებით ეფექტურად ხდება ბრძოლა ისეთი საერთო ევროპული გამოწვევების წინააღმდეგ, როგორიცაა ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული და ა.შ. მაგალითად, მოცემული საინფორმაციო სისტემის შედეგად, მისი დაარსებიდან დღემდე შესაძლებელი გახდა 50 000-ზე მეტი ძებნაში მყოფი პირის დაკავება, ევროპის ტერიტორიაზე 150 000-ზე მეტი არალეგალურად მყოფი პირის იდენტიფიცირება ან კიდევ 28 000-ზე მეტი გაუჩინარებულად მიჩნეული ადამიანის მოძიება. შენგენის ზონაში მოქალაქეთა თავისუფალ მიმოსვლას მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა აქვს, აგრეთვე, წევრი ქვეყნების ეკონომიკებზე. მაგალითად, ევროპის პარლამენტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, შენგენის სივრცის გაუქმება, ეკონომიკური თვალსაზრისით, გამოიწვევს წევრი ქვეყნებისთვის ყოველწლიურად 5-დან 18 ბილიონამდე ღირებულების სარგებლის დაკარგვას. გაცილებით მეტი მნიშვნელობის გავლენა იქონია თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობამ ევროკავშირში მოქალაქეთა ინტეგრაციაზე კულტურული თვალსაზრისით. უფრო მეტიც, სწორედ მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება მიიჩნევა დღეს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე სრულყოფილ გამოვლინებად, საფუძვლად ევროპული მოქალაქეობისა.
მიუხედავად შენგენის ზონის სიკეთეების მოცემული არასრული ჩამონათვალისა, მისი არსებობა ყოველთვის შეადგენდა ევროპის ნაციონალისტური პოლიტიკური პარტიებისა თუ ზოგადად, ანტიევროპული დაჯგუფებების განსჯის საგანს. აღნიშნული განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა ევროპაში მიგრაციული კრიზისის დროს 2015-2016 წლებში, როდესაც შენგენის სივრცის 10-მდე წევრი სახელმწიფოს მიერ დროებით აღდგენილ იქნა შიდა საზღვრები არალეგალური მიგრაციის ნაკადის შესამცირებლად. მაშინ ანტიევროპული პოპულისტური მოძრაობები შენგენის ზონის წინააღმდეგ და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის სოლიდარობის არაარსებობაზე აქტიურად აპელირებდნენ. მიგრაციასთან დაკავშირებული კრიზისის დაძლევის შემდეგ, ალბათ, ნაკლებად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ დღეს შენგენის ზონის ამა თუ იმ წევრი ქვეყნის მიერ შიდა საზღვრების აღდგენით საზღვრებს გარეშე ევროპის დარღვევის მიზეზი ისეთი არაპოლიტიკური საკითხი გახდებოდა, როგორიც გახლავთ COVID-19-ის გამო შექმნილი სანიტარული კრიზისი; უფრო მეტიც, უპრეცედენტო მსოფლიო მასშტაბის გამოწვევამ, ახალი კორონავირუსის სახით, ევროკავშირი, თავისუფალი მიმოსვლის უპირატესობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის მიუხედავად, გარე საზღვრების ჩაკეტვის წინაშე დააყენა. 17 მარტს, ევროკავშირის საზღვრები დროებით - 30 დღით ჩაიკეტა. საზღვრების დაკეტვა მემარჯვენე პოპულისტური მოძრაობების რიტორიკას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს, რასაც ამჯერად თან ერთვის აპელირება კოორდინაციის ნაკლებობაზე ევროკავშირის შიგნით ამა თუ იმ წევრი სახელმწიფოს მიერ შიდა საზღვრების დროებით აღდგენის დროს.
„საზღვრებს გარეშე კრიზისი ვერ გადაიჭრება ჩვენს შორის საზღვრების დაწესებით ... თუმც, ეს არის პირველი რეფლექსია, რომლითაც იმოქმედეს ევროპის ქვეყნებმა, რაც მოკლებულია ყოველგვარ აზრს, ვინაიდან არც ერთ წევრ სახელმწიფოს არ შეუძლია აღუდგეს წინ მოცემულ კრიზისს დამოუკიდებლად“, - განაცხადა ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. შიდა საზღვრების გათვალისწინებულ დროს გაუქმების მოწოდება გაჟღერდა შენგენის ზონის ფუძემდებლური სახელმწიფოდან. ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, ჟან ასელბორნის მიერ შენგენის სივრცის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია - „დღეს ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა ისე, როგორც არასდროს. შენგენის ზონა კი ითვალისწინებს ურთიერთანამშრომლობის ისეთ ფორმებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთად აღვუდგეთ წინ ამ უპრეცედენტო გამოწვევას. მოვუწოდებ ყველას გათვალისწინებულ დროს იქნეს აღდგენილი შენგენის სივრცე“.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ დაწესებული შიდა საზღვრების გაუქმება და შენგენის ზონის აღდგენა, უდავოა, რომ წინაპირობაა ეკონომიკური აღმავლობის, მით უმეტეს, ევროპის ქვეყნების ეკონომიკებზე სამომავლოდ პანდემიის უარყოფითი გავლენის მხედველობაში მიღებით. პოლიტიკური თვალსაზრისით, კოორდინირებული თანამშრომლობა კი საფუძველია ერთიანი და სოლიდარული ევროპისა, სადაც ევროპის მოქალაქეებს და მის პარტნიორებს - საქართველოს სახით - სჯერათ და სწამთ ერთიანი ევროპული იდეის მომავლისა და რომელშიც ანტიევროპული და ფსევდო პატრიოტული, პოპულისტური განწყობების საპირწონედ „ყოველი ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნამდვილი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი“ [ვაჟა-ფშაველა]. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ქართულმა მხარემ გააგრძელოს და გააძლიეროს ევროკავშირთან არსებული მჭიდრო და თანმიმდევრული თანამშრომლობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული არალეგალური მიგრაციის საფრთხის მაქსიმალურად მინიმიზაციისათვის.
დაბოლოს, COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილი დღევანდელი არაორდინალური სიტუაცია დღის წესრიგში აყენებს არა იმდენად დეგლობალიზაციის საკითხს, რამდენადაც ხაზს უსვამს მეტად დროული და კოორდინირებული თანამშრომლობის საჭიროებას როგორც ევროპის სახელმწიფოთა, ისე სხვადასხვა ევროპულ თუ საერთაშორისო ინსტიტუციებს შორის. არახალია იმის მტკიცება, რომ თითოეული კრიზისი შესაძლებლობად უნდა ვაქციოთ. სუვერენული და მეტად ძლიერი ევროპის ძიების ფონზე კი, არსებული პანდემია თავისთავად უბიძგებს ევროპას მეტად მჭიდრო ერთიანობისკენ, რაც წინაპირობაა მისი გლობალურ მოთამაშედ გადაქცევისა და საერთაშორისო არენაზე პოზიციების მეტად გამყარებისა. ასეთი საზღვრებს გარეშე ევროპა - ტერმინის გეოგრაფიული მნიშვნელობით მისი შენგენის ზონასთან აფილირებითა თუ ფილოსოფიური დატვირთვით, იყოს ევროკავშირი სამაგალითო მთელი დანარჩენი კაცობრიობისთვის, შესაძლებელია სწორედ კრიზისული სიტუაციების გამკლავებით. „ევროპა აშენდება კრიზისების საშუალებით და ის იქნება ისეთი, როგორიც იქნება ჩვენი პასუხების ერთობლიობა ამ კრიზისებზე“ […] „ხოლო როდესაც თქვენ იმყოფებით ქარიშხალში, საჭიროა არა მიმართულების შეცვლა, არამედ მისი გადალახვა, როგორც ერთადერთი საშუალება მისგან თავის დაღწევისა!“ - წერდა ჟან მონე თავის მემუარებში.
Image: @CanStockPhoto