ეკონომიკა, როგორც ეროვნული უსაფრთხოების განმსაზღვრელი: არსი, ტენდენციები, გამოწვევები (მეორე ნაწილი)

ავტორი:

მაშასადამე, იკვეთება რომ...


ეკონომიკური უსაფრთხოების ღონისძიებები, დღესდღეობით, თანამდეროვე ეკონომიკური ომის ორ ნაირსახეობაში ვლინდება:


(1) კონტროლი გლობალურ და სუბრეგიონულ მომარაგება-მიწოდებაზე; და
 

(2) წვდომა წიაღისეულ რესურსებზე. 


ფაქტობრივად, ეს ის ორი ძირითადი კატეგორია თუ ასპარეზია, სადაც ამა თუ იმ ქვეყნის მიერ უპირატესობა მის გეოპოლიტიკურ დომინირებას განაპირობებს. აქაც თუ ორ წამყვან - ეკონომიკური წესრიგის სისტემაშემქმნელ - აქტორზე ვისაუბრებთ, არსებული მდგომარეობა შემდეგია. 


გლობალურ მიწოდება-მომარაგებაზე გავლენის მოსახდენად ამერიკის შეერთებული შტატები, ძირითადში, სატარიფო წნეხით ოპერირებს. თუმცა, აღსანიშნია ისიც, რომ არსებულ სქემაში სასურველი შედეგის მიუღწევლობის შემთხვევაში, აშშ-ს ასობით მილიარდი დოლარი დასჭირდება ალტერნატიული მიწოდება-მომარაგების სქემის ასაგებად. საფინანსო დანახარჯთან ერთად, აგრეთვე, მნიშვნელოვანი იქნება გლობალური პარტნიორების მზაობა ჩინეთის გვერდის ავლით ასეთი ალტერნატივის შესაქმნელად.


აშშ-ს საპირწონე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, დიდ წილად, არასატარიფო კონტრზომებს მიმართავს და უპირატესობას იშვიათ წიაღისეულზე წვდომაში ხედავს. ნიშანდობლივია, რომ ამ მხრივ სტატუს ქვო მართლაც შთამბეჭდავია: მსოფლიოში იშვიათი წიაღისეულის 70 პროცენტი ჩინეთში მოიპოვება, ხოლო მსოფლიო წიაღისეულის 90 პროცენტზე მეტის გადამუშავება და 80 პროცენტზე მეტი მაგნიტური ბატარეის წარმოება ასევე ჩინეთში ხდება.  
 

„შიდა“ წარმომავლობის საფრთხეები


ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან მიმართებით ეს მეტად სპეციფიკური კატეგორიაა, რომელიც ე.წ. „შიდა“ წარმომავლობისაა - ანუ მათი მიზეზი მმართველი პოლიტიკური და დომინანტი საქმიანი ელიტის პრეფერენციებსა და ხელწერას თუ მიეწერება. 


ასეთი საფრთხეები, განსაკურებით, ბოლო პერიოდის პროცესებს ახასიათებს და მათ შემდეგნაირად დავაჯგუფებდი:


(1) პოლიტიკასა და ბიზნესს შორის თუნდაც მინიმალურად აუცილებელი წყალგამყოფის მოშლა, რასაც პოლიგარქიამდე - პოლიტიკაში საქმიანი ინტერესების საბოლოოდ შეღწევამდე მივყავართ. უსაფრთხოების სისტემისათვის ეს მეტად საშიში მოვლენაა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ბიზნეს ლობი სრულად იმორჩილებს სახელმწიფოებრივ ინტერესს და ამ უკანასკნელს უპირობოდ - უკან მოხედვის გარეშე - მოიმსახურებს;
 

(2) საგარეო-პოლიტიკური კურსის „მონეტიზაცია“, რაც საგარეო მიზნებს კონკრეტული კომერციული სარგებლის მიღებას უკავშირებს. ეს მოვლენაც ჩვენს დროს მეტად აშკარად და მოურიდებლად გამოარჩევს;
 

(3) ქვეყნის შიგნით ინსტიტუციური მართვის სისტემის ჩამოშლა ოლიგარქიული ინტერესების სასარგებლოდ, რასაც, შედეგად, ინსტიტუტების ქმედუუნარობამდე მივყავართ. ამ მანკიერებასაც, პირდაპირ და უშუალოდ, ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი  - მათ შორის, ეკონომიკური - სისტემის დაქვეითებამდე მივყავართ;
 

(4) არასახელმწიფო აქტორების - განსაკუთრებით, ტექნოლოგიური და მედია კომპანიების - როლის მკვეთრი ზრდა და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში მათი მონაწილეობის (ჩარევის?) ინსტიტუციონალიზაცია. პრაქტიკულად, ბოლო ათწლეულების გადმოსახედიდან სახელმწიფოს მართვის კლასიკური მოდელის ტრანსფორმირებას, მის ჰიბრიდულ, ე.წ. „ტექნო ოლიგარქიად“ გარდაქმნას ვუყურებთ. მაღალი ალბათობით კი ეს ტენდენცია მხოლოდ მზარდი იქნება, რაც, ისევ და ისევ, ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემისათვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.    

   
ევროკავშირის სათანადო მზაობა?


ერთგვარ ცუდ პრაქტიკად დამკვიდრდა, რომ გლობალურ პროცესებზე ევროკავშირი, მეტწილად, რეტროაქტიულ რეჟიმში მოქმედებს. იქმნება წარმოდგენდა, რომ იგი „მეორე ნომრად“ ყოფნას ამჯობინებს და კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მოვლენებზე დაკვირვებითაა უფრო დაკავებული.


შესაძლოა, ბევრი ამ მოსაზრებას არ დაეთანხმოს. თუმცა, მე მაინც მიმაჩნია, რომ ე.წ. „ნაბოძებ“ მშვიდობასა და კეთილდღეობას მიჩვეული, ევროკავშირის წევრებმა მოადუნეს ნების სიმახვილეც და რესურსის სიმტკიცეც. „სტრატეგიულ ავტონომიასთან“ და რიგ პროტექციონისტურ ზომებთან ერთად, თითქოსდა, წესად დამკვიდრდა რომ ევროპულ წიაღში ჯეროვანი გამოღვიძებისათვის აუცილებელია მოხდეს რაღაც დიდი, ფუნდამენტური, დრამატული. ევროპელებისათვის ასეთ მორიგ „მაღვიძარად“ უკრაინაში ომი შეიქმნა.


ასე მაგალითად, ჯერ კიდევ 2023 წლის 27 დეკემბერს ევროკავშირის ფორმატში „იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი“ (the Anti-Coercion Instrument) ამოქმედდა, რომელიც, ფაქტობრივად, ხსენებული კავშირის ეკონომიკური ინტერესების განმტკიცებას ემსახურება, როგორც კავშირის ფარგლებში, ისე გლობალურ ასპარეზზე. საუბრობს რა ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიმართ ეკონომიკური ხასიათის იძულების დაუშვებლობაზე, „იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი“ განსაზღვრავს იმ კონტრღონისძიებებს, რომელთა ამოქმედება დასახულ ამოცანას პასუხობს. სხვადასხვა ოფციებს შორის, ამოქმედებულ აქტში აღნიშნულია ტარიფების დაწესება, ვაჭრობასა და მომსახურეობის გაწევაში შეზღუდვები, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ასპექტები, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე წვდომისას თუ საჯარო შესყიდვებისას გარკვეული აკრძალვები. 


ზოგად საკითხებთან ერთად, „იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტში“ გადაწყვეტილებათა მიღებული კონკრეტული პროცედურებიც არის გაწერილი, რამაც საჭირო პასუხის გაცემა ეფექტიანი უნდა გახადოს. აქვე აღნიშნულია მესამე ქვეყნის მხრიდან არასათანადო ქმედების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე.


მთლიანობაში, „იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი“  წარმოადგენს 2023 წლის ივნისში ევროპული კომისიის მიერ წარდგენილი „ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიის“ ერთ-ერთ ძლიერ დამატებით საშუალებას, რაც ევროკავშირისათვის ამ სახის უსაფრთხოების აქტუალობაზე მოწმობს.


საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე..


საუბრისას აუცილებელად აღსანიშნია მთავარი პრობლემა: ქართული ეკონომიკა მცირეა და ეს სიმცირე მისი სწრაფი ზრდისათვის, ალბათ, ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოებაა. თუმცა ფაქტია ისიც, რომ დღევანდელ სამყაროში „სიმცირე“ არ ნიშნავს გარიყულობას და განზე, განცალკევებით ყოფნას. მეტიც, სწორედ რომ გლობალურად ეკონომიკური არხების ურთიერთკავშირმა (ფიზიკაში „ზიარჭურჭლის“ კანონისა არ იყოს) და გლობალური შოკების ფართოდ გადადინების ეფექტმა „დიდად“ და „მცირედ“ დაყოფა მეტად პირობითი გახადა, სულ მცირე, ეკონომიკაში მაინც.


ამიტომაც, აქტუალურია საჭიროება იმისა, რომ ქართული ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე მუდმივად თვალი გვეჭიროს მათი კრიტიკულად შეფასების მიზნით და ჩვენივე საკეთებლის „მშრალი რაციოთი“ განსაზღვრის განზრახვით. 


აღნიშნულის გათვალისწინებით, თავს მოვუყრით რამდენიმე (უკვე კარგად ნაცნობ და წარსულში არაერთგზის გაჟღერებულ) მოსაზრებას. კერძოდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სისტემის მდგრადობისა და თვითკმარობის, მისი კონკურენტუნარიანობისა და რეალური ზრდის ხელშესაწყობად, უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ:


•    მოწინავე ეკონომიკებთან მეტი ხარისხით  ინტეგრირებაზე. ეს პრაქტიკულად ფასეული იქნება ჩვენი სავაჭრო და საფინანსო ნაკადის ხარისხობრივი გაუმჯობესებისათვის, ისე როგორც მოწინავე ტექნოლოგიებისა და ცოდნის ჩვენთან გადმოტანისა და დანერგვისათვის. 


• საექსპორტო  ბაზრის გაფართოებასა და დივერსიფიცირებაზე. ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე ჩამოკიდება ეკონომიკურად მოწყვლადობას ნიშნავს და ეროვნული-ეკონომიკური უსაფრთხოების მხრივ სარისკოა; შესაბამისად, რაც მეტია „გასავლისა“ და „შემოსავლის“ წყარო, მით მეტია სივრცე და თავისუფლება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის. ეს ყოველივე, მათ შორის, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებსა და სავაჭრო გაერთიანებებს უკავშირდება.


მსოფლიოში მზარდი ეკონომიკური ნაციონალიზმის პირობებში ასევე უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ:


• ინვესტიციების არა მხოლოდ რაოდენობრივ, არამედ თვისობრივ მხარეზე. თანამედროვე მსოფლიო და რეგიონალური საფრთხეების გათვალისწინებით, ვფიქრობ, დაუშვებელია, ჩვენი ქვეყნისათვის სასურველად ნებისმიერი ინვესტიცია ჩაითვალოს. დროა, ვისწავლოთ მათი გარჩევა და გადარჩევა. ამ მიზნით, მიზანშეწონილად ვთვლით ინვესტიციების შემოწმების, მათი ე.წ. „სკრინინგის“ მექანიზმის კანონმდებლობით შემოღებას. დავძენთ იმასაც, რომ დღესდღეობით ამ საშუალებას არაერთი მოწინავე ეკონომიკური სისტემა მიმართავს.


• ქვეყნის ინტელექტში საჭირო რესურსისა და მხარდაჭერის დროულ მიმართვაზე. „ინტელექტუალური თვითკმარობის“ ამგვარად უზრუნველყოფის გარეშე, განწირული ვართ ვუყუროთ საქართველოდან ესოდენ ძვირფასი კადრების გადინებას და ასე ჩვენი კონკურენტუნარიანობისა და ზრდის პოტენციალის გამოშიგვნას ახლო მომავალში.


ზემოაღნიშნულის გარდა, პრაქტიკულ ღონისძიებებად მოვიაზრებდით:


• საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინაში ვრცელი და გამოკვეთილი ადგილი უნდა დაეთმოს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხს. ასეთი საგანგებო ყურადღება, ისევ და ისევ, „უსაფრთხოების“ თანამედროვე და მრავალმხრივი გაგებით არის ნაკარნახევი. უნდა შევთანხმდეთ, რომ ეროვნული უსაფრთხოება წარმოუდგენელია ეკონომიკური ზომების ერთიანი კომპლექსის გარეშე, ვინაიდან სუსტს, ღარიბს და ხელგაწვდილს ამ სამყაროში ღირსეულ პარტნიორად არავინ მიიჩნევს და დაელაპარაკება.


• ხელახლა აღსადგენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულება უნდა გაძლიერდეს. ერთ-ერთ შესაძლო განვითარებად არც ეკონომიკური უსაფრთხოების საბჭოს ცალკე შექმნას გამოვრიცხავდი ან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სისტემაში მის ინსტიტუციონალიზაციას. 


• სტრუქტურულ მიდგომაზე საუბრისას, აგრეთვე შესაძლო განხილვის საგნად ვაქციოთ საქართველოს მთავრობაში ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრის პოსტის შემოღება, შესაბამისი სამეურვეო არეალითა და ფუნქციებით.  

 
• იქნება ეს ეკონომიკური უსაფრთხოების საბჭოსა თუ ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრის ეგიდით, ერთ-ერთ ძირეულ ამოცანად უნდა იქცეს ქართული ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართ რისკებისა და საფრთხეების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი. ეს პროცესი ობიექტური ფორმით ეკონომიკურ საფრთხეთა პერიოდულ დოკუმენტში აისახება (მსგავსად ევროკავშირში არსებული პრაქტიკისა). სხვა საჭირო საკითხებთან ერთად, დოკუმენტში შეფასდება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი რისკები, ისე როგორც მათი მინიმიზაციისა და მართვის სარეკომენდაციო ღონისძიებები. 


• დოქტრინულ მიდგომასთან ერთად, უნდა ვიმსჯელოთ ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი კანონმდებლობის (ვთქვათ, საქართველოს „ეკონომიკური უსაფრთხოების აქტი“) მიზანშეწონილობაზე. ასეთ კანონმდებლობაზე მუშაობისას, მათ შორის, საგანგებოდ ყურადღება უნდა გამახვილდეს: (ა) კრიზისების დროს სამთავრობო უწყებების კოორდინაციაზე; (ბ) გლობალური თუ რეგიონალური მასშტაბის მიწოდება-მომარაგების ერთი სისტემიდან მეორეზე სწრაფ გადაწყობაზე, ისე როგორც ერთ რომელიმე სისტემაზე ჭარბი დამოკიდებულების შემცირებაზე; (გ) კრიტიკულ სექტორებში თანამედროვე ინოვაციების ხელშეწყობაზე.   


ამ თუ სხვა საჭირო ზომების რეალიზება მხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესის ნორმალიზების პირობებში თუ მოხდება.  ჩვენ არ გვაქვს  არც „ფუფუნება“ და არც რესურსი, ფუნქციონირება „პოლიტიკური დელეცობის“ და ინსტიტუტებს მიღმა არსებული უგვანობის პირობებში განვაგრძოთ, მხოლოდ სტატიკური, ძალაუფლების შენარჩუნებისა და მოპოვების ფიქრზე კონცენტრირებით. 


დღეს ქვეყნის წინაშე პრაქტიკულად უალტერნატივო ამოცანაა: საკუთარ ფუნქციონალურ კონკურენტუნარიანობაში, ქმედით უსაფრთხოებასა და ინკლუზიურ განვითარებაში ინვესტირება არსებულ „უწესრიგო წესრიგში“ ადგილის ხელახლა მოსაპოვებლად.

 

იხილეთ პირველი ნაწილი  

გააზიარე: