ახალი დეკადის დასაწყისი მსოფლიოსთვის მრავალი გამოწვევით დახუნძლული აღმოჩნდა. შეჩერებული საერთაშორისო ფრენები და მოსახლეობის მიგრაცია, დაკეტილი საჯარო თავშეყრის ადგილები, დაცარიელებული ქუჩები, დაპაუზებული ეკონომიკები და გაუქმებული სპორტული ღონისძიებები. ეს კოვიდ 19-ის სახელით ცნობილი პანდემიით გამოწვეული შედეგების არასრული ჩამონათვალია. მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი მასშტაბის კრიზისი პირველია. ისტორიამ დაამტკიცა, რომ გლობალური მნიშვნელობის ასეთი გამოწვევები ფუნდამენტური ცვლილებების ტრიგერი ხდება და მოლოდინი, რომ კოვიდ 19-ის გავლენაც იდენტური იქნება სრულიად ლეგიტიმურია. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სამყარო ისეთი აღარ არის, როგორიც ის თუნდაც ორი თვის წინ იყო. შეიცვალა სახელმწიფოების შიდა და საგარეო პოლიტიკა, ადამიანების ყოველდღიური ქცევა და მათი მოტივაცია; ეს ცვლილებები აისახა გარემოზეც, როგორც ჰაერის დაბინძურების კონტექსტში, ასევე ბუნებრივი რესურსების მოხმარების თვალსაზრისითაც. საქართველოც, თავისი ნებისგან დამოუკიდებლად, ჩაბმულია გლობალურ პანდემიურ ფერხულში და ცდილობს ახალი რეალობისთვის მხარის აბმას. კორონა ვირუსმა ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა და საჭირო გახდა ხელისუფლების მხრიდან ექსტრაორდინალური ნაბიჯების გადადგმა. სამწუხაროდ, არ არსებობს ვირუსთან და მის თანამდევ შედეგებთან გამკლავების უნივერსალური რეცეპტი და ყველა ქვეყანა საკუთარი გეოგრაფიული, ეკონომიკური თუ სოციალური მახასიათებლების შესაბამისად უპირისპირდება გამოწვევას. თუკი არსებულ სიტუაციას მომავლის პრიზმით შევხედავთ, დავინახავთ, რომ გლობალურად სისტემების შერყევისა და დეკოსნტრუქციის პარალელურად იკვეთება საინტერესო შესაძლებლობების პოტენციალი, რომელთა გამოყენებაც სწრაფი, ეფექტური და ინკლუზიური განვითარების იმედს იძლევა. კოვიდ 19-ის მულტისექტორული ეფექტი არაერთი დისკუსიის საგანია და მრავალი განხილვის ძირითადი საკითხი იქნება მომავალშიც. აღნიშნულ სტატიაში, კორონა ვირუსით შექმნილი ახალი რეალობის კონტექსტში, განხილული იქნება სახელმწიფო მმართველობის ორი მიმართულება- სახელმწიფო სერვისები და კორუფციის კონტროლი, ასევე, განათლების სისტემისთვის ეფექტური დისტანციური სწავლების როლი.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ არაერთი კრიზისი გამოიარა დაწყებული სამოქალაქო ომითა და სახელმწიფო გადატრიალებით, დამთავრებული სახელმწიფოთაშორისი შეიარაღებული კონფლიქტით. თუმცა, გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა აღმოჩნდა სრულიად უნიკალურია თავისი ბუნებით. თვალით უხილავ ვირუსთან საბრძოლველად, მანამ, სანამ მედიკამენტოზური საშუალებებით შესაძლებელი გახდება მისი პრევენცია ან მკურნალობა, სახელმწიფომ გადაწყვიტა სოციალური იზოლაციის /დისტანცირების პოლიტიკის გატარება. აღნიშნულის ფარგლებში დისტანციური მუშაობის რეჟიმში გადავიდა არაერთი საჯარო დაწესებულება; სახლიდან გაუსვლელად ერთვებიან ადმინისტრაციული ორგანოების მუშაობაში საჯარო მოსამსახურეებიც, რაც გარკვეულ რისკებს შეიცავს. საჯარო სამსახურის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ეფექტურობა და თანამიმდევრულობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სისტემის გამართულ მუშაობაზე, რაც შიდა კონტროლის ეფექტური მექანიზმების არსებობასაც გულისხმობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც საჯარო სამსახურის საქმიანობის ფუნდამენტია, ეს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის პრევენციაა. მიუხედავად ადმინისტრაციული წარმოების ელექტრონული ფორმის შემოღებისა საჯარო სამსახურის დღევანდელ სისტემაში საჯარო მოსამსახურის ინდივიდუალური როლი ჯერ კიდევ განუზომლად დიდია. სახლიდან მუშაობისას ფიზიკური კონტროლის არ არსებობის, ასევე, ფართო დისკრეციული უფლებამოსილების არსებობის პირობებში იზრდება გადაცდომებისა და დანაშაულის რისკი. მართალია, ელექტრონული ფორმა შესრულებული საქმიანობის დისტანციური შემოწმების საშუალებას იძლევა, თუმცა, ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის ეფექტური პრევენციისთვის, აუცილებელია, რომ გადაწყვეტილების მრავალდონიანი კონტროლის ფარგლებში ფიზიკური მონიტორინგის შესაძლებლობაც არსებობდეს.
სწორედ აქ შემოდის ადმინისტრაციული წარმოების ავტომატიზაციის იდეა. კოვიდ 19-ით შექმნილი ახალი რეალობა ნოყიერი პლაცდარმია სახელმწიფოსთვის, როგორც საჯარო სერვისების, ასევე, ზოგადად, ადმინისტრაციული წარმოების ფართო ავტომატიზაციაზე დასაფიქრებლად. შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ საჯარო მმართველობის ყველა სექტორში შესაძლებელია აღნიშნული მიდგომის დანერგვა, თუმცა, არსებული ტექნოლოგიები და არაერთი ინსტიტუციის სამუშაო სპეციფიკა იძლევა იმის რესურსს, რომ მრავალი მიმართულებით ადამიანი სრულად ან ნაწილობრივ გამოეთიშოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესს და კანონმდებლობის იმპლემენტაცია ავტომატურ რეჟიმში განხორციელდეს. ადმინისტრაციული წარმოების ავტომატიზაცია დროში დააჩქარებს სახელმწიფო სერვისების მიწოდებას და პრაქტიკულად გამორიცხავს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკებს. დამატებითი პოზიტიური ეფექტი, იქნება დაზოგილი გონებრივი და ფიზიკური პოტენციალის გადამისამართება ეკონომიკის არაერთი დარგისკენ, რაც ხელს შეუწყობს დამატებითი დოვლათის შექმნას. ბუნებრივია, გასათვალისწინებელია ის საფრთხეები, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით იარსებებს (ვრცლად ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ გიორგი ანთაძის სტატია). თუმცა, ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებამ და საკითხისადმი სისტემურმა მიდგომამ მნიშვნელოვანწილად უნდა დააბალანსოს არსებული რისკები. საჯარო მმართველობის ავტომატიზაცია სავარაუდოდ გარდაუვალია, ამდენად, აუცილებელია, რომ საქართველო ამ მიმართულების განვითარების ერთ-ერთი პიონერი იყოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს ახალი გლობალური ტრენდის ჩამოყალიბებაში.
მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ორგანიზაცია იყენებს ელექტრონულ პროგრამებს დისტანციური სწავლების მიზნით. თუმცა, კოვიდ 19-მა დააჩქარა ციფრული რევოლუცია და დახურული საგანმანათლებლო დაწესებულებების პირობებში დისტანციური სწავლება საგაკვეთილო პროცესის წარმოების პრაქტიკულად ერთადერთ საშუალებად აქცია. ქართულ რეალობაში ასევე დაინერგა ე. წ. ტელესკოლის მოდელი, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით 15 წუთიანი ყოველდღიური გაკვეთილების შეთავაზებას სკოლის მოსწავლეებისთვის. მიდგომა უდავოდ საინტერესოა და პრაქტიკულიც, განსაკუთრებით იმ დასახლებებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, სადაც შეზღუდულია ინტერნეტზე წვდომა. თუმცა, ტელესკოლა ვერ უზრუნველყოფს ინტერაქციას, რაც ხელის შემშლელი ფაქტორია სრულყოფილი საგაკვეთილო პროცესის წარსამართად. როგორც კერძო, ასევე, ცალკეული საჯარო სკოლები, აგრეთვე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები იყენებენ ვიდეო კომუნიკაციის სხვადასხვა ელექტრონულ პროგრამას. ყოველმა ორგანიზაციამ ავტონომიურად შეარჩია საკომუნიკაციო საშუალება და სასწავლო სილაბუსი მოარგო დისტანციური სწავლების სპეციფიკას. ის გარემოება, რომ სოციალური დისტანცირების პოლიტიკის ფონზე სასწავლო წელი არ ჩაიშალა საქართველოს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუმცა, აუცილებელია გამოკვეთოთ ის დაბრკოლებები, რომლებიც პროცესს შეექმნა. არსებულმა პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა საყოველთაო ინტერნეტიზაციისა და კომპიუტერიზაციის დაჩქარების მნიშვნელობა. საქართველოს შინამეურნეობების 20% არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, ხოლო 38% არ გააჩნია კომპიუტერი. შესაბამისად, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ასეთი ოჯახებიდან ძირითადად მოწყვეტილები არიან ციფრულ სივრცეს. ბუნდოვანია იმ შინამეურნეობების მდგომარეობაც, რომლებშიც რამდენიმე მოსწავლე ან სტუდენტი ერთდროულად ცხოვრობს და არ არის შესაბამისი რაოდენობის კომპიუტერი. დღევანდელ რეალობაში ინტერნეტთან წვდომა პრაქტიკულად აღარ მიიჩნევა ,,ფუფუნებად“, არამედ ეს განიხილება ადამიანის ძირითადი უფლებათა კატეგორიად, რაც გულისხმობს ინფორმაციის მიღებისთვის, თავისუფალი განვითარებისა და ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი პირობების შექმნას.
დისტანციურ სწავლებაზე გლობალური გადასვლიდან პირველ დღეებში განსაკუთრებულად გაიზარდა მოთხოვნა ცალკეულ ვიდეო კონფერენციის პროგრამებზე. გადატვირთულ სერვერებთან ერთად გააქტიურდა ჰაკერული ქსელი და აქტიურად დაიწყო საუბრები საკომუნიკაციო საშუალებების უსაფრთხოებაზე. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ არ არსებობს ანალოგიური გამოცდილება და შესაბამისად ქვეყნებსაც პარალელურ რეჟიმში, ფორსირებულად უწევთ გადაწყვეტილების მიღება. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე პანდემიური კრიზისის მართვის პროცესში სახელმწიფომ მხედველობაში მიიღოს ის რისკები, რომლებიც არსებობს ვიდეო და აუდიო საკომუნიკაციო საშუალებების მასობრივი გამოყენების კონტექსტში. განსაკუთრებით, საყურადღებოა, ის გარემოება, რომ საკითხი ეხება ასეულობით ათასი ადამიანის, მათ შორის, არასრულწლოვნების პერსონალურ მონაცემებს. გამოწვევაა ასევე ქართულ საგანმანათლებლო, მათ შორის, საგამოცდო სპეციფიკაზე მორგებული პროგრამის არ არსებობა. განურჩევლად იმისა, თუ რა პერიოდში დაუბრუნდება სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმს, სასურველია შეიქმნას ქართულ რეალობაზე ადაპტირებული საკომუნიკაციო პროგრამა, რომელიც არა მხოლოდ ანტიკრიზისული კომპონენტის როლს შეასრულებს, არამედ პოსტპანდემიურ პერიოდშიც ინტეგრირდება სასწავლო პროცესში.
კოვიდ 19-თან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავების პროცესი წარმატებით, თუმცა საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეძლოს და არსებული გამოწვევები შესაძლებლობებად გარდაქმნას, იმისათვის, რომ პანდემიის შემდგომი სამყაროს ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ორბიტაზე ღირსეული ადგილი დაიკავოს.