2019 წლის 27 ნოემბერს საქართველომ ოფიციალურად გადმოიბარა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტობა 6 თვის ვადით. შიდაპოლიტიკური პროცესების ,,ტურბულენტურობამ“ და პოლიტიკური ძალების მიერ შექმნილმა დუღილის ტემპერატურამ ისევ არ მოგვცა შესაძლებლობა, რომ გაგვეცნობიერებინა სტატუსის რეალური მნიშვნელობა. რაც მთავარია, შიდაპოლიტიკურ ფერხულში ჩაბმულ საზოგადოებას არ დავიწყებია ანბანური თანმიმდევრობით მიღებულ სტატუსზე ქილიკი და მოუმწიფებელი, ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ,,ეროვნულ-ინდიფერენტული“ სულისკვეთებით გამსჭვალვა. შიდა დაპირისპირებების ფონზე გადაიფარა საკითხის რეალური არსი და ნაცვლად ამ შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენების გზებზე მსჯელობისა დაიწყო სპეკულაციები პრეზიდენტის სტატუსის მინიჭებაში ხელისუფლების როლზე.
და მაინც, რას აძლევს სახელმწიფოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტობა? არის კი ეს სტატუსი ეროვნული მნიშვნელობის ზეიმის წინაპირობა? მსჯელობა დავიწყოთ ევროპის საბჭოს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმასა და მის პოლიტიკურ როლზე საუბრით. 1949 წელს საერთო ღირებულებითი მემკვიდრეობის გაძლიერების, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის განმტკიცებისა და წევრთა დიდი ერთობის შექმნის იდეით ევროპის შუაგულში ჩამოყალიბდა ევროპის საბჭო. დაარსებიდან 70 წლის თავზე ორგანიზაცია, რომელიც 47 ქვეყანას აერთიანებს, ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულების ფლაგმანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ევროპის საბჭოს ,,სავიზიტო ბარათია“ ევროპის ადამიანის უფლებათა სამართლის სისტემის ღერძია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მართლმსაჯულებამ ფუნდამენტურად ახალ საფეხურზე გადაიყვანა ადამიანის უფლებების ფილოსოფიური და კონცეპტუალური გააზრება და შექმნა საერთო ევროპული ღირებულებების სტანდარტი, რომლითაც მეტ-ნაკლები წარმატებით ხელმძღვანელობენ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები.
ადამიანის უფლებები ევროპის საბჭოს ერთ-ერთი წამყვანი თემაა, თუმცა, არა ერთადერთი. ორგანიზაციის ფარგლებში ასევე აქტიურად განიხილება კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების საკითხები, რომლებზეც აქტიურად მსჯელობენ საკონსულტაციო, იგივე საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. ევროპის საბჭოს წარმომადგენლობით ორგანოდ აღიარებული პლათფორმა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მუდმივი დელეგაციებისთვის ხელსაყრელი ტრიბუნაა სასურველი პოლიტიკური საკითხების გასაჟღერებლად. აღსანიშნავია, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა საკონსულტაციო ასამბლეა ძალიან ეფექტური საშუალებაა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებულ თემებზე ღიად სასაუბროდ. საგულისხმოა, რომ ასამბლეა მეტად სასარგებლო ინსტრუმენტია რუსეთის ფედერაციისთვის, დემოკრატიული სახელმწიფოსა და საერთაშორისო ურთიერთობების მშვიდობიანი აქტორის ნიღბის ჩამოსახსნელად, ასევე მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის. ამის საილუსტრაციოდ კარგი მაგალითია რუსეთის ფედერაციისთვის ასამბლეის წევრობის შეჩერება ყირიმის ანექსიის საფუძვლით.
ევროპის საბჭოს მთავარი პოლიტიკური და გადაწყვეტილების მიმღები ორგანო მინისტრთა კომიტეტია, რომელიც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებით არის დაკომპლექტებული. კომიტეტი მინისტრების დონეზე წელიწადში ერთხელ იკრიბება, ხოლო მოადგილეების/მუდმივი წარმომადგენლობების დონეზე - კვირაში ერთხელ. საერთაშორისო ხელშეკრულებების მიღება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობა და საკონსულტაციო ასამბლეის რეკომენდაციით პოლიტიკის დოკუმენტების დამტკიცება მინისტრთა კომიტეტის კომპეტენციების არასრული ჩამონათვალია. კომიტეტის თავმჯდომარე ინგლისური ანბანის თანმიმდევრობით, 6 თვის ვადით, ირჩევა ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებიდან. გარდა კომიტეტის შეხვედრების ხელმძღვანელობისა და საორგანიზაციო საკითხების გაძღოლისა თავმჯდომარე, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი უფლებამოსილია გააკეთოს საჯარო განცხადებები. თავმჯდომარე ქვეყანა შეიმუშავებს პრიორიტეტულ საკითხებს, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მინისტრთა კომიტეტის სამუშაო ფორმატში. თავმჯდომარე ქვეყანა ადგენს ასევე ღონისძიებების კალენდარს, რომელშიც გაწერილია პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებული შეხვედრების გრაფიკი.
საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ პრიორიტეტულად გამოყო 4 თემატიკა: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, მოქალაქეთა თანამონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვებისთვის მეგობრული მართლმსაჯულება- აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილების თანხვედრაში მოყვანა, დემოკრატიის გაძლიერება განათლებით, კულტურითა და ახალგაზრდების ჩართულობით. საქართველომ დეტალურად გაწერა ოთხივე პრიორიტეტული საკითხის შერჩევის მოტივაცია და განსახორციელებელი აქტივობების მიზანი. და მაინც, რისი მომტანია ქვეყნისთვის თავმჯდომარის სტატუსი? უპირველესად უნდა ითქვას, რომ საქართველომ ევროპის 47 ქვეყნისთვის განსაზღვრა, თუ რა უნდა იყოს მთავარი სადისკუსიო საკითხები; შეიმუშავა ორგანიზაციის მმართველი ორგანოს სამუშაო დღის წესრიგი; საქართველოს პრიორიტეტული თემების ადვოკატირებისთვის მაღალი ტრიბუნის გამოყენების შესაძლებლობა მიეცა; თავმჯდომარის სტატუსი საქართველოს უხსნის გზას, რომ პრიორიტეტული თემების ადვოკატირებისას მინისტრთა კომიტეტს გაუზიაროს კონკრეტული რეფორმების განხორციელების საკუთარი გამოცდილება, რაც ქვეყანას საკუთარი წარმატებული რეფორმების ექსპორტის საშუალებას აძლევს. საქართველოს აქვს შანსი, რომ კიდევ უფრო მაღალი ტრიბუნიდან დასვას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფოთაშორის დავებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების დროული და განუხრელი აღსრულების საკითხი და შექმნას ისეთი პოლიტიკური ფონი, რომელიც რუსეთს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სულ მცირე, ,,პოლიტიკურ უხერხულობას“ შეუქმნის. თავმჯდომარის სტატუსით საქართველო ხდება არა საერთაშორისო პოლიტიკური დიალოგის მონაწილე, არამედ- წარმმართველი. აღნიშვნას იმსახურებს ასევე ქვეყნის მიერ შედგენილი კულტურული პროგრამა, რომელიც არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების, კულტურისა და ისტორიის, როგორც საქართველოს რბილი ძალის ეფექტურად გამოსაყენებლად.
თავმჯდომარის სტატუსი შემთხვევითი თუ წინასწარ განსაზღვრული გარემოებების გამოისობით ის შესაძლებლობაა, რომელიც ქვეყანას მიეცა და რომლის გონივრულად გამოყენებაც ძალიან ბევრ პრაქტიკულ სარგებელს მოუტანს საქართველოს. უადგილო მგონია, როგორც თავმჯდომარის სტატუსის მიღების გზებზე ქილიკი, ასევე ამ მოვლენის ეროვნულ ზეიმად ქცევა. საქართველოს წინ საკმაოდ დატვირთული და მძიმე სამუშაო პერიოდი ელოდება და წარმატებული თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიურობაზე. ჩვენ კი რიგითმა მოქალაქეებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ სჯობს ვიფიქროთ თუ რა პრაქტიკული ინსტრუმენტები შეგვიძლია შევმატოთ საქართველოს თავმჯდომარეობის პროცესს, როგორ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი არსებული სტატუსისგან და როგორ დავეხმაროთ ევროპის სხვა ქვეყნებს საერთო გამოწვევების დაძლევაში.
( ფოტო: https://www.coe.int/en/web/tirana/committee-of-ministers )