მსოფლიოს სამართლებრივი წესრიგის ლოგიკა სრულად ეფუძნება გლობალურ ,,პოლიტიკურ ტექტონიკას“. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც საერთაშორისო სამართლის კონცეპტუალური კონტურები იკვეთებოდა სამყაროს ახალი სამართლებრივი წონასწორობის ჩამოყალიბებას სრულიად განსხვავებული იმპულსი მისცა პირველმა მსოფლიო ომმა. ომის დასრულების შემდგომ დაწყებული დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილება უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნითა და საერთაშორისო ურთიერთობების ახლებური პრინციპების ჩამოყალიბებით გაგრძელდა. ერთა ლიგა, როგორც კონსენსუსზე დაფუძნებული სახელმწიფოთა ერთობა, არ აღმოჩნდა წარმატებული პროექტი და საბჭოთა ექსპანსიონისტური პოლიტიკისა და მეორე მსოფლიო ომის ფონზე ფუნქცია დაკარგული გაერთიანება მსოფლიოს პოლიტიკური და სამართლებრივი რადარებიდან თანდათანობით გაქრა. ერთა ლიგის პოლიტიკურ სამართალმემკვიდრედ ქცეულმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მეორე მსოფლიო ომით შექმნილ ახალ გლობალურ წესრიგში მართვის განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა და მუდმივ ხუთეულს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის ექსკლუზიური მანდატი მიანიჭა. გაერო არამყარი ცენტრალიზაციის ფონზე, მეტოქე ბანაკებად დაყოფილი დიდი ხუთეულის ხელმძღვანელობით, არა ერთ კრიზისს შეეჭიდა არსებობის 74-წლიანი ისტორიის მანძილზე. ერთი გარემოება ნამდვილად ნიშანდობლივია, იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი საკითხი, რომელშიც რომელიმე მუდმივი წევრის ინტერესი არ იკვეთება პირდაპირ ან არაპირდაპირ. სუბიექტური დაინტერესება კი არა ერთხელ გამხდარა უშიშროების საბჭოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ვეტოს დადების მიზეზი. გაეროს უმოქმედობით ან არაეფექტური მოქმედებით გამოწვეული სკეფსისი მრავალჯერ გამხდარა ორგანიზაციის ფუნდამენტური რეფორმირების შესახებ ინიციატივების წარმოდგენის წინაპირობა, თუმცა, პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო ეს შეთავაზებები ფურცელზე დაწერილ წინადადებებად დარჩა. მე-2 მსოფლიო ომის შემდგომი სამყაროს პირმშო ორგანიზაცია ჯერ კიდევ ცივი ომის მენტალიტეტით მოქმედებს და რუდიმენტული პრინციპებითა და მიდგომებით ცდილობს 21-ე საუკუნის გამოწვევებთან შეჭიდებას. გაეროს არსებობის პერიოდში მრავალი საერთაშორისო, თუ შიდასახელმწიფოებრივი შემთხვევა მოხდა, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგი და ვექტორები. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 74 წლის განმავლობაში, არა ერთი რეგიონული სამხედრო კონფლიქტის არსებობის მიუხედავად, არ ყოფილა ისეთი მოვლენა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილზე უშუალოდ, ფიზიკურად აისახა. 2020-მა წელმა კი შეცვალა ეს მოცემულობა და კოვიდ 19-ის გამოჩენასთან ერთად სრულიად თავდაყირა დააყენა მსოფლიო. თვალით უხილავმა ვირუსმა შეძლო ის, რაც ვერ მოახერხა მეორე მსოფლიო ომმაც კი- მთელი პლანეტა საკარანტინო რეჟიმში გადაიყვანა. ადამიანთა იმუნურ სისტემაზე შეტევასთან ერთად ვირუსი მსოფლიოს საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის რეკონსტრუქციის მაპროვოცირებელი ფაქტორიც გახდა.
მაშინ, როდესაც პანდემიური პერიოდი აქტიურ ფაზაშია, რთულია დაბეჯითებით საუბარი კონკრეტული ქვეყნების პასუხისმგებლობაზე. თუმცა, პრაქტიკულად აღარ არის საკამათო ის საკითხი, რომ ვირუსი ჩინეთიდან გავრცელდა. სახელმწიფოებმა არ დააყოვნეს შეთქმულების თეორიებზე მსჯელობაც და ამ მიმართულებით ორი ძირითადი ვერსია გაჟღერდა- ერთი, რომ ვირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში შეიქმნა და მეორე, რომ კოვიდ 19 შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა ჩინეთის ტერიტორიაზე. ნებისმიერ ასეთ თეორიაზე მსჯელობა სპეკულაცია იქნება, რამეთუ, ჯერჯერობით, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია და დასკვნები ძირითადად მხოლოდ ვირუსის გენომის ანალიზზე დაყრდნობით კეთდება. ამ მოცემულობაში, აქტიურად დაიწყო საუბრები ჩინეთის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.
პეპლის ეფექტი
სახელმწიფოთა ურთიერთგავლენის მნიშვნელობა ალბათ არასდროს ყოფილა ისე რელევანტური, როგორც დღეს. ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ ვუჰანში დაწყებულმა ეპიდემიამ სრულიად მსოფლიო მოიცვა და პანდემიად გარდაქმნილმა ვირუსმა ორ თვეში შეცვალა სრულიად დედამიწის ყოველდღიურობა. მოვლენების ჯაჭვმა, რაც ვირუსის გავრცელებაში გამოიხატა, პლანეტის უამრავი ქვეყნის მრავალი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, რომ აღარ ვისაუბროთ უდიდეს ეკონომიკურ და ფინანსურ ზარალზე, რომელიც როგორც ინდივიდუალურად სახელმწიფოებს, ასევე, გლობალურ ეკონომიკას მიადგა. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ლოგიკურად წამოიჭრა შეკითხვა საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე. კრიზისმა აჩვენა, რომ დიდი სახელმწიფოებიც კი საკმაოდ მოწყვლადები არიან ასეთი გამოწვევის მიმართ, შესაბამისად, კიდევ უფრო გააქტიურდა საუბრები სახელმწიფოთა ინდივიდუალური ანგარიშვალდებულების ხარჯზე კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ.
საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა
ჩინეთის შემთხვევაში გაჟღერდა საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის რამდენიმე მექანიზმი: მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სარეკომენდაციო მოსაზრებისთვის მიმართვა საერთაშორისო ვალდებულების დარღვევისა და პასუხისმგებლობის ფარგლების იდენტიფიცირების მიზნით; გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში რეზოლუციის მიღება გაეროს წესდების მე-7 თავის ფარგლებში (გადაწყვეტილება, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა); ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი რომელიმე სახელმწიფოს მიერ ჩინეთის წინააღმდეგ სარჩელის წარდგენა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში და პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტის (კონსტიტუციის) დარღვევის საფუძვლით. თუკი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ეფექტიანობაზე ვსაუბრობთ, მაშინ პირველი ორი მექანიზმი უნდა გამოვრიცხოთ, რამდენადაც სარეკომენდაციო წინადადება არ აკისრებს სამართლებრივ ვალდებულებას ქვეყნებს და მხოლოდ დებულებებისა და კონცეფციების განმარტებით შემოიფარგლება. ხოლო, უშიშროების საბჭოს ფარგლებში ნებისმიერი აქტივობა, ჩინეთის ვეტოთი დაიბლოკება. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ჩინეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი დავის წარმოების პერსპექტივების შეფასებისას მხოლოდ თეორიული დაშვებების ანალიზია შესაძლებელი ამ ეტაპზე, რამეთუ არ არსებობს ანალოგიური პრაქტიკა და რთულია წინასწარ იმის განჭვრეტა, თუ რამდენად გაიზიარებს სასამართლო მოდავე მხარეთა სამართლებრივ არგუმენტაციას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რომელი სახელმწიფო გარისკავს ჩინეთთან ღია კონფრონტაციაში შესვლას, რამეთუ ჩინეთის ,,სამყაროს მტრად“ წარმოჩენის მიზნით დავის წამოწყება პრაქტიკულად მასთან ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე ქვეყანამ ასეთი გადაწყვეტილება პანდემიური ჟამიანობისას მიიღოს და ალბათ, უფრო ლოგიკური იქნება, რომ ეს საკითხი ,,პოსტკოვიდურ“ პერიოდში, ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების ხელახალი კონფიგურაციის ჩამოყალიბების პარალელურად გააქტიურდეს.
საერთაშორისო პოლიტიკასა და სამართალს დიდი ქვეყნების სასარგებლოდ ხშირად ახასიათებს პრინციპი ,,რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარს“. შესაბამისად, ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მოეთხოვებათ პატარა ქვეყნებს კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რამეთუ როგორც კრიზისულ, ასევე პოსტ კრიზისულ პერიოდში ვირუსის ვერ შეკავება და საზღვრების არაეფექტური კონტროლი შესაძლოა მათი საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს. საქართველოს მიღწევები ამ მიმართულებით შთამბეჭდავია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ არ მოადუნოს ყურადღება, განსაკუთრებით იმ მოცემულობაში, რომ მრავალია ქვეყნის არაკეთილმოსურნე, რომლებიც ყველა შესაძლებლობას დაელოდებიან საქართველოს შიდა თუ საერთაშორისო პოზიციების შესუსტებისთვის.
სად არის გაერო?
მსოფლიოსთვის კრიტიკულ მომენტებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არაეფექტურობით გამოწვეული უიმედობის განცდა არახალია, თუმცა კოვიდ 19-ით შექმნილი ექსტრაორდინალური გლობალური კრიზისი უშიშროების საბჭოს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემას იმდენად საფუძვლიანად არყევს, რომ გარდაუვალი იქნება ფუნდამენტური ცვლილებები. საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაზე ექსკლუზიურად პასუხისმგებელი გაეროს უშიშროების საბჭოს უმოქმედობა არის ტესტი თანამედროვე მსოფლიოსთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცივი ომის პერიოდში ჩამოყალიბებული საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის დემონტაჟი და 21-ე საუკუნის გამოწვევებზე ადეკვატური პასუხის ახლებური გააზრება. ჩინეთის, რუსეთისა და სამხრეთ აფრიკის მიერ უშიშროების საბჭოში კოვიდ 19-თან დაკავშირებული საკითხის განხილვის დაბლოკვა ილუსტრაციაა იმ მანკიერი სისტემის, რომელიც ინდივიდუალური ინტერესის დაცვის მიზნით გლობალური გამოწვევების ნიველირებას გულისხმობს. ცვლილებები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მოსალოდნელია, რომ უახლოეს ერთ წელიწადში დაიყოს; თუმცა, კონკრეტულ ინსტრუმენტებზე საუბარი იმდენად რთულია, რამდენადაც შეუძლებელია არსებული პანდემიის ზუსტი ხანგრძლივობისა და ზიანის ფარგლების განსაზღვრა. ეს პერიოდი კარგი შესაძლებლობაა რეგიონული ორგანიზაციებისა და პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ახალი გლობალური წესრიგის პოლიცენტრულ სისტემაში ლიდერის პოზიციის დასაკავებლად. საქართველოც წარმატებით უბამს მხარს ამ ახალ ტენდენციას და საერთაშორისო პარტნიორების დივერსიფიკაციით აზღვევს იმ რისკებს, რომლებიც უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციის სამართლებრივი კონტროლის სისტემის მოშლით იქმნება. მოსალოდნელია, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებაც შეასრულებს.
გაეროს სისტემაში კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი სუბიექტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა. გლობალური ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ბურჯად ცნობილ გაერთიანებას რთული პერიოდი უდგას, რამეთუ არაერთი სახელმწიფოს კრიტიკის სუბიექტი გახდა კოვიდ 19-თან დაკავშირებული დაგვიანებული რეაგირების გამო. დაფინანსების შეზღუდვასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების განცხადებაც საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების საერთაშორისო სამართალსუბიექტურობის ახლებური გააზრება გარდაუვალი იქნება. მოსალოდნელია ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გააქტიურება.
ამ მოცემულობაში საქართველოს საკმაოდ საინტერესო შესაძლებლობები ეხსნება, რამეთუ საერთაშორისო ორგანიზაციები მაქსიმალურად შეეცდებიან დიდი სახელმწიფოების თვალში შელახული საერთაშორისო რეპუტაციის აღდგენას, რაც სწორედ პატარა სახელმწიფოებისთვის მიზნობრივი დახმარების პროგრამების შექმნით შეიძლება დაიწყოს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ, პანდემიური კრიზისის ეფექტური მენეჯმენტის გამოცდილების გაზიარების ეგიდით შესთავაზოს საერთაშორისო ორგანიზაციებს ცალკეული ფორმატებისა და პროგრამების შექმნა, მათ შორის, ახალი საერთაშორისო რეგულაციების მიღების მიზნით კონფერენციების მასპინძლობა (უსაფრთხოების შესაბამისი პირობების გათვალისწინებით). ეს პერიოდი არის შანსი საქართველოსთვის, რომ თავი დაიმკვიდროს საერთაშორისო გლობალური წესრიგის ერთ-ერთ კონტრიბუტორად.