პანდემიის გეოპოლიტიკური შუქჩრდილები აშშ-ჩინეთის ძალთა ბალანსის ჭრილში

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

პანდემიის გამოცხადების პირველივე დღიდან ვირუსთან ბრძოლა სართაშორისო არენაზე მთავარ ძალებს შორის კონკურენციისა და დაპირისპირების საგანი გახდა. რა თქმა უნდა,  პირველ რიგში აშშ-სა და ჩინეთ შორის არსებული ურთიერთობები იგულისხმება.

 

ამის ფონზე აქტიურად მიდის საუბრები მოსალოდნელ გეოპოლიტიკურ რყევებსა თუ გლობალიზაციის დასასრულზე. რა თქმა უნდა, პანდემია მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ადამიანთა ყოველდღიურ საქმიანობასა და ცხოვრებაში. შეიცვლება ქცევის წესები და მოდელები, გადაიხედება აქამდე არსებული ტრადიციული ეკონომიკური კავშირები. თუმცა, მიგვაჩნია რომ, საუბარი დღეს არსებულ გლობალიზაციის დასასრულზე, ცოტა გადაჭარბებულია.

 

ბუნებრივია, რაიმე სახის ზუსტი პროგნოზების გაკეთება „უმადური საქმეა“ და არ წარმოადგენს ამ სტატიის მიზანს, მაგრამ ქვემოთ გვინდა  ჩვენი მოსაზრება დავაფიქსიროთ რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციაზე და განვიხილოთ პანდემიის გავლენა მსოფლიო წესრიგზე, პირველ რიგში ორი ქვეყნის - აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ჭრილში. 

 

ამ კონტექსტში კითხვა, რომელზედაც უნდა ვიფიქროთ და შევეცადოთ ვიპოვოთ პასუხი, შემდეგია - რამდენად  მოსალოდნელია არსებული მსოფლიო წესრიგის რადიკალური ცვლილება? 

 

გლობალიზაცია, დღეს არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები და კონტინენტებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება, პირველ რიგში არის ვაჭრობის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების დამსახურება, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. ჩამოყალიბებული სავაჭრო კავშირების უსაფრთხოება კი, პირველ რიგში აშშ-ის საზღვაო დომინირებას და ცივი ომის დასრულების შემდგომ დამდგარ პოლიტიკურ რეალობას და მის შედეგად, გლობალური ვაჭრობისთვის საჭირო კავშირების  უსაფრთხოების გარანტიების შექმნას ეფუძნება. ეკონომიკურ და ენერგეტიკულ რესურსებზე უპირობო წვდომა აშშ-სათვის სასიცოცხლო ინტერესებთან იყო გათანაბრებული და ეს მის სტრატეგიულ დოკუმენტებშიც მუდამ ფიქსირდებოდა.

 

დღევანდელი ეკონომიკური წესრიგის უცაბედი და რადიკალური მოშლა შეუძლებელია აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის გარეშე და წარმოუდგენელია, ხელის ერთი მოსმით გაკეთება, თავი რომ გავანებოთ ზოგადად, ამის შესაძლებლობას.  

 

პლანეტარული მასშტაბის პანდემიის დროსაც, შესაძლო ხვალინდელი დღე, პირველ რიგში არსებული გეოსტრატეგიული სივრცის უმთავრესი მოთამაშეების ინტერესი საგანია, შესაბამისად, ეს კრიზისიც ორი მთავარი ცენტრის - ვაშინგტონის და პეკინის დაპირისპირების სივრცედ იქცევა.  კორონა ვირუსთან ბრძოლის პირველივე დღეებიდან, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ფაქტობრივად საინფორმაციო ომში ჩაერთო, რასაც მკვეთრი გაცხადებები მოყვა მათგან ვირუსის წარმომავლობის შესახებ, რაც დღემდე გრძელდება. 

 

ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმაც დაგვანახა, რომ პანდემიის პოლიტიკური შლეიფი პირველ რიგში სწორედ აშშ-სა და ჩინეთ შორის ურთიერთობების პლასტში უნდა იქნას განხილული და გეოპოლიტიკური მომავლის ფორმირებაც მეტწილად სწორედ კრიზისის მიმართ მათ მიდგომებსა და მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული. როგორც ჩანს, მომავალის გეოპოლიტიკური ბატალიები სწორედ ამ ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო, ეკონომიკურ და რაც ყველაზე მთავარია, ტექნოლოგიურ ფრონტზე განვითარდება. მიგვაჩნია, რომ მომავალი საერთაშორისო ურთიერთობები ფრთხილი რაციონალიზმის ფარგლებში დარჩება, სადაც იქნება ცვლილებები, როგორც აქამდე იყო ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, მაგრამ არა უცაბედად და არა ერთბაშად, 

 

რა ცვლილებებს მოუტანს პანდემია საერთაშორისო არენის ამ ორ მთავარ მოთამაშეს და დღეისათვის, რა გავლენას ახდენს  მათ იმიჯზე?  

 

ამ მხრივ მოკლედ შევეცდებით შევაფასოთ ეროვნული ძალაუფლების რამდენიმე ტრადიციული  ინსტრუმენტის მდგომარეობა პანდემიამდე და მის შემდგომ. 

 

დავიწყოთ ე. წ. რბილი ძალით. საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა აშშ-ს, რომლის დაგვიანებულმა საპასუხო ნაბიჯებმა ვირუსის წინაამდეგ ბრძოლაში, მნიშვნელოვანი დებატები გამოიწვია თვითონ აშშ-ის შიგნითაც. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის პროპაგანდისტული მანქანის გავლენა რომელიც ცდილობს აშშ-ის როლი კორონავირუსის წარმოშობის მხრივ კიდევ უფრო  ამერიკული გახადოს. ამ კუთხით რუსული და ჩინური ნარატივები ძალიან გავს ერთმანეთს. 

 

ჩინეთმა დაიწყო საერთაშორისო დახმარებები, სტატისტიკის გამოქვეყნება და აქტიურად ცდილობდა ახალი იმიჯის დამკვიდრებას. ყველაფერი ეს კი მიმართული იყო ეპიდემიის პირველ ეტაპზე მის მიერ მანიპულირებული სტატისტიკის გავრცელების და დამალული ინფორმაციის შედეგად დაზარალებული იმიჯის ახალი ნარატივით შესაცვლელად. ამ ნარატივის მიხედვით, ჩინეთი წარმოგვიდგება როგორც სუპერ წარმატებული სახელმწიფო, რომელსაც უმოკლეს დროში შეუძლია გიგანტური ამოცანების შესრულება და მრავალათასიანი სავადმყოფოების უმოკლეს დროში აშენება. თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ ჩინეთის მოქმედებებმა სათანადო ეფექტს აშკარად ვერ მიაღწია და ბევრგან, ისევე როგორც ევროკავშირში, სერიოზული სკეპტიციზმი გააჩინა მის მიმართ. როგორც იკვეთება, გლობალური იმიჯის შექმნის მხრივ წლების განმავლობაში ჩინეთის მიერ გაღებული ძალისხმევა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი; იგივე გლობალური რბილი ძალის ინდექსის მიხედვით, რომელსაც საიტი SoftPower30 აქვეყნებს, პირველი ოცეული დემოკრატიულ ქვეყნებს უჭირავს და მხოლოდ 27-ე ადგილს იკავებს ჩინეთი. 

 

მყარი ძალის თვალსაზრისითაც, ახლო  და საშუალო ვადიან პერსპექტივაში, ნაკლებ სავარაუდოა ამერიკის სასარგებლოდ დღეს არსებული ძალთა ბალანსის ცვლილება.

 

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის და აშშ-ის ეკონომიკამ მძიმე დარტყმა განიცადა, ისევე როგორც აშშ-ის ევროპულმა და აზიელმა  მოკავშირეებმა. ისიც აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში, ჩინეთმა უკვე შენელებული ეკონომიკური ზრდის ტემპებითა და შემცირებული ექსპორტის მაჩვნეებლებით შეაბიჯა. 

 

ამასთან ერთად, პეკინი ბოლო წლებში აქტიურად ზრდიდა თავდაცვის ხარჯებს, თუმცა მაინც სამხედრო შესაძლებლობებით ბევრად ჩამორჩებოდა აშშ-ს და მოსალოდნელია, რომ ახალ რეალიებში თავდაცვის სფეროში ინვესტიციების შემცირებაც მოუწიოს. ამას დრო გვჩვენებს. მანამდე სხვა ყველაფერთან ერთად, როგორც არა ერთი  ექსპერტი ვარაუდობს, ჩინეთს მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოუწევს  ჯანდაცვის სისტემის განსავითარებლად, რომელთა ნაკლოვანებებიც მკაფიოდ გამოჩნდა აღნიშნული კრიზისის პერიოდში.

 

მიგვაჩნია, რომ აშშ-ის ხისტი ძალის უპირატესობები ახლო მომავალში კვლავინდებურად შენარჩუნდება. პირველ რიგში გასათვალისწინებელია გეოგრაფიული ფაქტორები: აშშ გარემოცულია ოკეანეებითა და მეგობრულად განწყობილი ქვეყნებით, მისი სავაჭრო კომუნიკაციები და არხები დიდ წილად დაცული და ღიაა. მაშინ როდესაც, ჩინეთს სერიოზული ტერიტორიული პრეტენზიები აქვს: ინდოეთთან, ბრუნეისთან, ინდონეზიასთან, იაპონიასთან, მალაიზიასთან, ვიეტნამთან და რა თქმა უნდა, ტაივანთან. მისი ექსპანსია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სამეზობლოში. ამის გარდა, აშშ-ს უპირატესობა აქვს დემოგრაფიული თვალსაზრისთაც, რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკის სტრუქტურისათვის და განვითარებისათვის. სტენფორდის უნივერსიტეტის ანალიტიკოსის ადელე ჰიუტონის კვლევის თანახმად, მომავალი დეკადის განმავლობაში, აშშ-ის სამუშაო ძალა გაიზრდება დაახლოებით 5%, როდესაც ჩინეთში 9 %-ით შემცირდება. ეს, წლების განმავლობაში  ჩინეთში არსებული ერთი ბავშვის პოლიტიკის შედეგიც არის. 

 

მიუხედავად ნავთობზე ფასების ვარდნისა, ენერგეტიკული თვალსაზრისით აშშ -ისუპირატესობა ჩინეთზე, ჯერ კიდევ ცალსახაა. აშშ-მა წარმატებით მოახერხა ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებლიდან ნავთობისა და ფიქლის გაზის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი გამხდარიყო. ხოლო ჩინეთი ამ მხრივ კვლავინდებურად იმპორტზე  და მიწოდების იმ არხებზეა დამოკიდებული, რომელიც სპარსეთის ყურესა და ინდოეთის ოკეანეზე გადის. 

 

ასევე აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სამხედრო ძალის დიდ მანძილზე პროექცირების შესაძლებლობები, აშშ-თან შედარებით კვლავინდებურად შეზღუდულია. აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმოხილვის კომისიის პატრონაჟის ქვეშ  კვლევითი ცენტრის - „ჯანესი“ ანალიზის თანახმად,  ჩინეთის ლოგისტიკური შესაძლებლობები კვლავინდებურად სერიოზულ ინვესტიციებსა და განვითარებას საჭიროებს. პირველ რიგში საუბარი ფართო მასშტაბის საექსპედიციო ოპერაციებზეა, განსაკუთრებით შორეულ დისტანციებზე, სადაც მისი საზღვაო შესაძლებლობები კვლავინდებურად შეზღუდულია. „ჩინეთის ფლოტისა და არმიის მოდერნიზაციის გეგმა 2035“-ის მიხედვით, თეორიულად  მას მომავალში მიეცემა შორეული საზღვაო ოპერაციების განხორციელების საშუალება, თუმცა ავიაციის გამოყენების საკითხი, ავიამზიდების შეზღუდული შესაძლებლობების გამო კვლავინდებურად პრობლემურად დარჩება. ამის საკომპენსაციოდ მეგობრულად განწყობილ ქვეყნებში საჭირო იქნება დამატებითი სამხედრო და ავიაბაზების განთავსება, რაც თავის მხრივ საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვან დიპლომატიურ ძალისხმევას საჭიროებს და სერიოზული მუშაობა ჭირდება. 

 

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო, რომელიც გლობალურ არენაზე წარმატებისათვის მომავალში გადამწყვეტი იქნება, არის ბიოტექნოლოგიების, ნანოტექნოლოგიების, საინფორმაციო და კიბერტექნოლოგიების, ასევე ხელოვნური ინტელექტის განვითარება.


აღნიშნული მიმართულებებით განსაკუთრებული ინდუსტრიული მნიშვნელობის გარღვევების მისაღწევად, უმნიშვნელოვანესია სწორედ 5G ინტერნეტის განვითარება. 

 

4G-სგან განსხვავებით- 5G სტანდარტულ მომხმარებელზე უფრო ნაკლებად არის ორიენტირებული; პირდაპირი გაგებით ის მათ ქცევისა და ცხოვრების წესს მინიმალურად ცვლის.  5G ტექნოლოგია კომერციულად განსაკუთრებით განვითარებული ეკონომიკებისთვისაა მომგებიანი. ეს იმ ქვეყნებს ეხება სადაც მონაცემთა მაღალსიჩქარიანი გადაცემა პირდაპირ კორელაციაშია ბიზნესის ეფექტურობასთან; ასწრაფებს ავტომატიზაციას, ზრდის საწარმო სიმძლავრეს, ახალ შესაძლებლობებს აძლევს მაღალ-ტექნოლოგიურ ინდუსტრიებსა და წარმოებებს. 100-ჯერ გაზრდილი ინფორმაციისა და მონაცემთა გადაცემის საშულებით, გამარტივდება ხელოვნური ინტელექტის განვითარებული შესაძლებლობების იმპლემენტაცია- წარმოებასა და კორპორაციულ ბიზნესებში. ხელი შეეწყობა ჭკვიანი ქალაქების განვითარებას და ა.შ. სუვერენული ინტერნეტის პირობებში  ჩინეთს, 5G  კიდევ უფრო დაეხმარება კონტროლის ახალი მაღალტექნოლოგიური საშუალებების დანერგვაში. 

 

სწორედ, 5G-ის ამხელა მნიშვნელობის გამო, ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, პირდაპირი ომი დაწყო აღნიშნულ სფეროში ჩინური კაპიტალისა და კომპანიების წინაღმდეგ. ამ დროისთვის 5G ტექნოლოგიის განვითარების კუთხით იკვეთება ორი მთავარი ცენტრი -ჩინური მწარმოებლები და ამერიკული სილიკონის ველი. 

 

ვინაიდან, კაცობრიობის განვითარება პირდაპირ არის ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული და უდიდესია გავლენა, რომელსაც იგი ადამიანის ქცევასა და ყოფაზე ახდენს, მომავლის უმთავრესი დაპირისპირებები სწორედ ამ სფეროშია მოსალოდნელი, რაც ჯამში ძალაუფლების ერთ-ერთ ელემენტად უკვე ქცეულ მასობრივი საინფორმაციო ტექნოლოგიების ფლობის მნიშვნელობას მხოლოდ გაზრდის და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გარღვევები უმთავრესი საზრუნავი იქნება.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ორი ქვეყნის, ჩინეთისა და აშშ-ის და მათი მოკავშირეების ირგვლივ განვითარდება ტექნოლოგიური და საინფორმაციო გრავიტაციების ცენტრები - თანმდევი პოლიტიკური ალიანსებითა და კავშირებით. თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა გლობალიზაციის მიერ უკვე დამკვიდრებული   კავშირების და უპირატესობების სერიოზული უცაბედი რღვევა. ჩვენის აზრით, მოსალოდნელია პოლიტიკური და ეკონომიკური ხაზებისა და ცენტრების უფრო ფრთხილი და რაციონალური გადაწყობები, მაგრამ, ნაკლებ სავარაუდოა ეს უცებ და რადიკალურად მოხდეს.

 

მიგვაჩნია, რომ ასეთ გარემოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ღირებულებების საკითხი.  ის თუ, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების რა ნორმები და ღირებულებები იქნება  უახლოეს მომავალში საინფორმაციო-ტექნოლოგიური ქოლგების ქვეშ მყოფ საზოგადოებებში მთავარი ცხოვრების წესი. დღევანდელ დასავლეთში,  სწორედ აქ იჩენს დემოკრატიისა და ლიბერალიზმის კრიზისის და არსებული ლიდერშიფის ვაკუუმის პრობლემატიკა. ის ვინც შეძლებს მომავალში ადამიანთა ღირებულებების და პოლიტიკური გემოვნებების ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენის მოხდენას, მასთან იქნება პოლიტიკური წარმატების ყველზე დიდი შანსები. 

 

შესაბამისად, რბილი ძალის თვალსაზრისით, აშშ-ის, როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის მთავრი ფლაგმანის უპირატესობა ჩინეთთან შედარებით ჯერ კიდევ ძალაშია და ასე დარჩება ახლო მომავალში. ჩინეთი კი, იქ სადაც შესუსტდება დასავლური ტრადიციული დემოკრატიული ღირებულებები, შეეცდება მისი გავლენის სფეროების გაფართოებას, პირველ რიგში, კვლავინდებურად ეკონომიკური და ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიებზე შედარებით იაფი წვდომის შეთავაზებით. 

 

პანდემიის კონტექსტში, ბრძოლა დომინანტური ჩინური და ამერიკული ნარატივების საინფორმაციო სფეროში დასამკვიდრებლად, უკვე დაწყებულია პირველ რიგში მიმართულია და საზოგადოებრივი აზრის მიმხრობისკენ. იგი შეილება შემდგომ სხვა ტიპის პოლიტიკურ დივიდენდებად გადაიქცეს, რომელიც გათვლილი იქნება როგორც საგარეო ასევე საშინაო აუდიტორიებზე. 

 

უმნიშვნელოვანესია, რომ დემოკრატიულმა სამყარომ გააკეთოს ყველაფერი, აღნიშნული კრიზისიდან მეტნაკლებად მცირე პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანით გამოსასვლელად. ასევე, არ დაკარგოს რწმენა, ტრადიციული დემოკრატიული ღირებულებების მიმართ და კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა ახალი კონსოლიდაციისთვის საერთო გამოწვევების წინააღმდეგ საბრძოლველად. ევრო-ატლანტიკურ სივრცეს აშშ-ს ლიდერშიფი აუცილებლად დაჭირდება, ვინაიდან მისი ხისტი და რბილი ძალა აშშ-ს გარეშე სუსტია. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ფრაგმენტაცია და არა სასურველი პოპულიზმის აღზევება ისევ მნიშვნელოვნად დაასუსტებს დემოკრატიული სამყაროს პოზიციებს  და ავტორიტარული რეჟიმების წისქვილზე დაასხამს წყალს. ასეთ რეალობაში გამარჯვებისათვის კი ალიანსებს, გაერთიანებებსა და პარტნიორობას ალტერნატივა არ აქვს. დანამდვილებით კი იმის თქმა შეიძლება, რომ როგორც ცივი ომის დასასრული არის წყალგამყოფი მომენტი საერთაშორისო ურთიერთობებში, ასეთივე მნიშვნელობას შეიძენს ახლანდელი პანდემია და ჩვენ ყველა ვისაუბრეთ სამყაროზე კოვიდ ვირუსამდე და მის შემდგომ. 
 

გააზიარე: