ქართული ქეისი ევროკავშირში

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

ამბობენ: „ევროკავშირი, რომ არ არსებულიყო, საჭირო იქნებოდა მისი გამოგონება“. მართლაც, ფასდაუდებელია ევროპული პროექტის ის სიკეთეები, რომელიც მისი არსებობის 70 წლის მანძილზე ხელშესახები გახდა როგორც წევრი სახელმწიფოების, ისე მისი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. მიმდინარე წლის 9 მაისს, ევროპის დღე აღინიშნა. მსოფლიოში არსებულ პანდემიას არ შეუშლია ხელი, მართალია, დისტანციურად, მაგრამ კიდევ ერთხელ გვეზეიმა „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“  და რომ ერთმანეთისთვის ნამდვილად გვეთქვა „ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს“


ზუსტად 70 წლის წინ, 1950 წლის 9 მაისს, რეგიონალურ თუ მსოფლიო დონეზე არსებული ომებით დასუსტებული ევროპის გაძლიერების მიზნით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ევროპულ ერთა თანამეგობრობის იდეა წამოაყენა „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების“  შექმნისას და „შუმანის დეკლარაციის“ სახით ასე ჩაეყარა საფუძველი დღევანდელ ევროკავშირს. განვლილი შვიდი ათწლეულის მანძილზე მიღწეულმა პროგრესმა ევროპული პროექტი მსოფლიოში ერთა თანამეგობრობის საუკეთესო, ქმედით მოდელად აქცია არა მხოლოდ მისი წევრი, არამედ ასევე მისი პარტნიორი სახელმწიფოებისთვისაც. „შუმანის დეკლარაციის“ პირველივე სიტყვებს - „მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფას“  - ეფუძნება ჩვენს რეგიონში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, არსებითია ევროკავშირის ჩართულობა რუსულ-ქართული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისა და რუსული სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დეოკუპაციის პროცესში. 


დღეს, ისევე როგორც 70 წლის წინ, ევროპული პროექტის მთავარ ამოცანად კვლავ რჩება ევროპელი ხალხებისთვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ამჯერად, არა სამხედრო, არამედ ისეთი ბიოლოგიური სახის გამოწვევის კონტექსტში, როგორიცაა ახალი კორონავირუსის პანდემია და მისი თანმდევი ეკონომიკური შედეგები. ახალი მსოფლიო დღის წესრიგი, რომელიც იქმნება, ერთი მხრივ, გეოპოლიტიკურ დონეზე „ბრექსითის“ გათვალისწინებით, ხოლო მეორე მხრივ, COVID-19-თან დაკავშირებული მოვლენებიდან გამომდინარე, ევროკავშირს მეტი სუვერენულობის წინაშე აყენებს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. მოცემული რეალობის საქართველოს, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ერთგული პარტნიორი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრა დღეს იმდენად ქმნის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის პერსპექტივას, როგორც არასდროს.


დიახ, საქართველო არასოდეს ყოფილა იმდენად ახლოს ევროკავშირთან, როგორც დღეს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ერის 80%-ზე მეტის  ცივილიზაციური არჩევანი და კონსტიტუციურად გამყარებული მოცემულობაა ან თუნდაც, იმიტომ, რომ იგი განპირობებულია ისტორიულად დასაბუთებული ისეთი საერთო ევროპული ღირებულებებით, როგორიცაა ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებებისადმი, დემოკრატიისა თუ თანასწორობის იდეისადმი პატივისცემა; რომ ქართულ სახელმწიფოში ადამიანი, როგორც მთავარი ღირებულება, ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში განისაზღვრა სიკვდილით დასჯის გაუქმებით, სადაც დღემდე არასოდეს დაფიქსირებულა ანტისემიტიზმი და სადაც ჯერ კიდევ 800 წლის წინ მიიჩნევდნენ, რომ „ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს, თუნდაც ხვადია“ და რომელთაც [ქალებმა] არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველებმა მიიღეს და იმ დემოკრატიული ორგანოს - პარლამენტის წარმომადგენლები გახდნენ 1919 წელს, რომლის ჩანასახი საქართველოში ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვხვდება „დარბაზის“ სახით... და არც იმიტომ, რომ მე-5 საუკუნეში შექმნილი დამწერლობით, დღეს, საქართველო, რომელიც ყოველთვის იყო კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგის ადგილი, საკუთარი იდენტური კულტურით გამორჩეულ ადგილს იკავებს მსოფლიო ცივილიზაციათა ისტორიაში. არც თავისუფლების უზენაესი ღირებულებისადმი ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორიაზე შევჩერდები, სადაც როგორც ჰაინრიხ ბიოლმა სამართლიანად შენიშნა „თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგისხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი კი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე“ ან კიდევ სხვა მრავალი. არა, ამ ყველაფრის მიღმა არსებობს კიდევ სხვა - კონკრეტული ფაქტები 21-ე საუკუნის საქართველოს შესახებ, რომელიც მის ევროპულ ოჯახში დაბრუნების პერსპექტივას ღირსეულად ამყარებს. 


დღეს, საქართველო მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ გლობალურ რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის, ევროკავშირის სახელმწიფოებიდან მას მხოლოდ მე-4 პოზიციაზე მყოფი დანია უსწრებს. „Frazer Institute”-ის ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ინდექსში კი საქართველო მე-12 ადგილზეა 162 ქვეყანას შორის და მის წინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან მხოლოდ ირლანდია და მალტა იმყოფებიან. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, იგი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსში 44-ე ადგილს იყოფს ჩეხეთთან, ლატვიასთან და კოსტა-რიკასთან ერთად მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო მოწინავე პოზიციაზე იმყოფება, ვიდრე ევროკავშირის წევრი რვა  ქვეყანა (მალტა, იტალია, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ხორვატია, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი) და მისი პარტნიორი ყველა სახელმწიფო „დასავლეთ ბალკანეთისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად კი, საქართველოში სიღარიბის დონე მკვეთრად შემცირდა, მაგალითად, 2006 წლის აღნიშნულმა მაჩვენებელმა - 32%-მა 2017 წელს იკლო 16%-მდე. ამასთან, საყურადღებოა საერთაშორისო ორგანიზაციის - „რეპორტიორი საზღვრებს გარეშე“ 2020 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი, სადაც მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო მე-60 ადგილს იკავებს და აღნიშნული პოზიციით იგი წინ არის, ვიდრე ევროკავშირის წევრი ისეთი ქვეყნები, როგორიცაა პოლონეთი, საბერძნეთი, მალტა, უნგრეთი ან კიდევ ბულგარეთი და მისი პარტნიორი ყველა ქვეყანა „დასავლეთ ბალკანეთისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში.


დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა, ბუნებრივია, სულ უფრო მეტად უწყობს ხელს მიმზიდველი ბიზნეს-გარემოს შექმნას საქართველოში. ჩინეთიდან დაწყებული პანდემიისა და მისი თანმდევი მოვლენებიდან გამომდინარე, ახალი მსოფლიო ეკონომიკური დღის წესრიგის ფორმირების პროცესში ორი კონტინენტის მიჯნაზე მდებარე საქართველო უნიკალური შესაძლებლობაა ევროკავშირისთვის კონკურენტული, ჭეშმარიტად ევროპული ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვისთვის. თუმც, აღნიშნულის მიღმა, არის კიდევ ერთი, რაც საქართველოს გამოარჩევს, როგორც ევროკავშირის პარტნიორ ქვეყანას - ეს ადამიანურ კაპიტალთან, ინოვაციებთან დაკავშირებული ასპექტია, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ქვეყნის პოტენციალს გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევის მიმართულებით. „ინოვაციების გლობალურ ინდექსში“, დღეს, საქართველო მსოფლიოს 129 ქვეყანას შორის 48-ე ადგილს იკავებს [თითქმის] უკრაინასთან ერთად, რითაც იგი წინ არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და „დასავლეთ ბალკანეთის“ წევრ ყველა სხვა სახელმწიფოზე, გარდა მონტენეგროსი.


ზემოაღნიშნულის მიღმა, საქართველოს, როგორც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სამაგალითო ქვეყანას, რის შედეგადაც იგი გახდა 1-ელი ქვეყანა მსოფლიოში ტურისტული ინდუსტრიის გახსნის თვალსაზრისით,  აქვს შესაძლებლობა ევროკავშირის სახელმწიფოებს გაუზიაროს ქართული გამოცდილება ჯანდაცვის პოლიტიკის, სანიტარული კრიზისის მართვის მიმართულებით. მით უმეტეს, რომ დღეს ევროპული გაერთიანება, რომელიც ევროკავშირის ფუნქციონირების თაობაზე ხელშეკრულების 168-ე მუხლის თანახმად, არ გახლავთ უფლებამოსილი წარმართოს ჯანდაცვის საერთო ევროპული პოლიტიკა, ვინაიდან იგი გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ექსკლუზიურ კომპეტენციას განეკუთვნება და იგი უფლებამოსილია მხოლოდ ხელი შეუწყოს წევრი სახელმწიფოების მიერ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული ჯანდაცვის პოლიტიკების განვითარებას, ბუნებრივად დგას სტრუქტურული რეფორმირების, ჯანდაცვის მიმართულებით საკუთარი კომპეტენციის გადახედვის აუცილებლობის წინაშე. 


და მაინც, ჩვენ ვიცით, რომ ევროპა „სწორხაზოვანი გეგმის მიხედვით არ იქმნება, იგი ყალიბდება კონკრეტული ნაბიჯებისა და ძალისხმევის საფუძველზე“ - „შუმანის დეკლარაციის“ ეს იდეა დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც 70 წლის წინ. ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, რომელმაც მსოფლიო მისთვის აქამდე  სრულიად უცნობი გამოწვევის წინაშე დააყენა, მნიშვნელოვანია საქართველომ და ევროკავშირმა გამოიყენონ ეს ისტორიული მომენტი, გადაიდგას ორმხრივად სასარგებლო  კონკრეტული ნაბიჯები. ევროკავშირს აქვს გამოცდილება იყოს არასწორხაზოვანი ისტორიულად გადამწყვეტ და აუცილებელ მომენტებში, რომლის საუკეთესო მაგალითია 2004 წელს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ერთგვარი „გაერთიანების“ იდეით მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება ერთდროულად 10 სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანებისა; ევროკავშირს შეუძლია იყოს მოქნილი სახელმწიფოების ინტეგრაციის პროცესში - იგი თანასწორად განიხილავს მის წევრ 27-ვე  ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ მათგან რამდენიმე სახელმწიფო მხოლოდ ნაწილობრივ გახლავთ ინტეგრირებულნი და ისინი არ არიან ევროზონაში ან თუნდაც, შენგენის სივრცეში გაერთიანებულნი. 


და სწორედ ყველა ზემოაღწერილიდან გამომდინარე და კიდევ სხვ., ამიტომაც, არის უკვე დროული, რომ ერთი მხრივ, საქართველომ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის მომზადება; მეორე მხრივ კი, ევროკავშირმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიღმა, საქართველოს, როგორც მოწინავე პარტნიორ ქვეყანას, როგორც „აღმოსავლეთ  პარტნიორობის“, ისე  „დასავლეთ ბალკანეთის“ წევრ სახელმწიფოებს შორის, შესთავაზოს ორმხრივი თანამშრომლობის ისეთი მოქნილი ფორმატი, თუნდაც არასწორხაზოვანი, რაც, უწინარესად, იქნებოდა შესაძლებლობა მთლიანად ევროკავშირისთვის, იქცეს იგი მეტად ძლიერი და სუვერენული ახალი მსოფლიო გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის კონფიგურაციის პროცესში.

 

ფოტო: https://www.operationirini.eu/

 

2020 წლის 14 მაისი, ქ. თბილისი

გააზიარე: