ევროპული არმია - პოლიტიკური გამოწვევები და პერსპექტივები

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

როდესაც ვსაუბრობთ არმიაზე, როგორც უსაფრთხოების ინსტრუმენტზე მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ არმიები ემსახურებიან პოლიტიკურ დღის წესრიგს ისევე როგორც, ზოგადად, სამხედრო მოქმედებებია ქვეყნის ამ თუ იმ  პოლიტიკის გაგრძელება. 


ერთიანი ევროპული არმიის შექმნის კონტექსტში, ორგანიზაციული და ლოგისტიკური გამოწვევების გარდა, რომლებიც პერსპექტივაში დაძლევადია, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას პოლიტიკურ დონეს, ვინაიდან სწორედ ის განსაზღვრავს არმიის, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტის გამოყენების მიზნებსა და გარემოებებს. საინტერესოდ მიგვაჩნია სწორედ აღნიშნულ ჭრილში ერთიანი ევროპული არმიის შექმნის პერსპექტივის განხილვა დღევანდელი გადმოსახედიდან.     


ევროპული არმიის იდეა ისეთივე ძველია როგორც თავად ევროკავშირი და ევროპული ქვეყნების ერთობა. სხვადასხვა პერიოდულობით საერთაშორისო არენაზე მომხდარი რყევების თუ შიდა ევროპული პოლიტიკური დღის წესრიგის გამო ერთიანი ევროპული არმიის შექმნის იდეა პერიოდულობით თავს იჩენს ხოლმე ევროპის ლიდერების რიტორიკაში.  


ჯერ კიდევ 1952 წელს არსებობდა ბელგიის, საფრანგეთის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების და დასავლეთ გერმანიის მიერ შემუშავებული გეგმა ევროპული არმიის შესაქმნელად. ეს იყო მანამ, სანამ ომის შემდგომ გერმანიას ისევ მისცემდნენ ჯარის ყოლის უფლებას. დასავლეთ გერმანიის პარლამენტმა გეგმის რატიფიცირება მოახდინა, თუმცა საფრანგეთმა უარყო, რასაც 1955 წელს დასავლეთ გერმანიის ჯარების შექმნა და მისი ნატოში ინტეგრირება მოჰყვა. 


დღეისათვის მსჯელობა ევროპული არმიის ირგვლივ პრეზიდენტ ტრამპის მიერ ნატოს მიმართ რიტორიკისა და ე.წ. „ქამრების შემოჭერის პოლიტიკის“ შედეგად კიდევ უფრო გააქტიურდა. 


გასული წლის ნოემბერში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროპულ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „დღეები როდესაც ევროპა სხვის იმედზე იყო წარსულს ჩაბარდა“.


აღსანიშნავია, რომევროპელი ლიდერების, პირველ რიგში ემანუელ მაკრონისა და ანგელა მერკელის, განცხადებები  მეტწილად ზოგად ხასიათს ატარებენ.  იმისათვის, რომ ერთიანმა ევროპულმა არმიამ მოიპოვოს მხარდაჭერა, საჭიროა მეტი კონკრეტიკა. იდეის განსახორციელებლად კი აუცილებელია, განისაზღვროს ევროპული არმიის ფუნქციები, დროითი ჩარჩო და სხვა აუცილებელი პარამეტრები, რათა იგი ბრძოლისუნარიანი იყოს.


სამწუხაროდ, ინიციატივის მიმართ სკეპტიციზმის ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის, სამხედრო-ორგანიზაციული და ლოგისტიკური საკითხები, აგრეთვე, ინიციატივის   სამხედრო-პოლიტიკური განზომილება.  


აღსანიშნავია, რომ ევროპული არმიის მშენებლობის პერსპექტივა ორი პოლიტიკურად მნიშნელოვანი  წინაპირობის გარეშე რთულად განსახორციელებელი იქნება. პირველი ეს არის სამხედრო ძალის გამოყენების პოლიტიკური გადაწყვეტილების მექანიზმები, აგრეთვე, არმიის იმ მისიასა და ფუნქციებზე შეთანხმება, რომელიც ევროპის წინაშე არსებული თანამედროვეობის და ხვალინდელი დღის საფრთხეების გასამკლავებლად არის აუცილებელი. ამასთან ერთად, ე.წ. „საცეცხლე კონტაქტში“ შესვლის (rules of engagement) წესებიც პოლიტიკური კონსესუსის საგანი უნდა გახდეს.  ამ ყველაფერთან ერთად, გარკვევას საჭიროებს  არმიის გამოყენების არეალი და საერთო აღჭურვა-დაფინანსების საკითხი.   


გარდა ამისა, შეთანხმებას საჭიროებას საკითხი იმის შესახებ, გამოყენებულ იქნება თუ არა ერთიანი ევროპული სამხედრო ძალები მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე თავდასხმის საპასუხოდ, თუ დასაშვები იქნება პრევენციული ზომების მიღებაც. ყველა ეს შეკითხვა პოლიტიკური ხასიათისაა და პასუხებზე ფიქრი აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს უშუალოდ არმიის შექმნას, ვინაიდან არმიის ორგანიზაციული ფორმირება შესაძლო და პოტენციური მისიების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.


დღეს თავდაცვა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ქვე-კომპონენტია - ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებს არ აქვთ გადაწყვეტილებების მიღების საკუთარი ფორმატი. ამასთან გადაუჭრელი რჩება  ერთი ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებსა და გლობალურ უსაფრთხოებაზე.  გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარის ჯონ ტეჩაუს შეფასებით,   პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ევროპულ ქვეყნებს შორის არსებობს უნდობლობა. 


გარდა ამისა, ევროპის ქვეყნები უსაფრთხოებასთან მიმართებით სხვადასხვა პრიორიტეტებით ხელმძღვანელობენ. საფრანგეთი ორიენტირებულია   ლიბიაში მიმდინარე საკითხებით, პოლონეთი და ბალტიისპირეთი უმთავრეს საფრთხედ რუსეთს განიხილავს, ხოლო გერმანია შექმნილ ფონზე მეორე გაზსადენს აშენებს რუსეთთან ერთად.   


არსებულ რეალობაში, როდესაც ევროპული ერთიანობა, აგრეთვე, პოლიტიკური კონსესუსი მის მომავალთან და საერთო ევროპულ საფრთხეებთან დაკავშირებით არ არის მყარი, დაზუსტებას საჭიროებს უსაფრთხოების რა პოლიტიკას უნდა ემსახურებოდეს ერთიანი ევროპული არმია, იმ შემთხვევაშიც კი თუ იგი მხოლოდ ევროპის თავდაცვაზე იქნება ორიენტირებული, განსაკუთრებით იმ პირობებში როდესაც არმიის შესახებ ევროპის ორ წამყვან ქვეყანაში, გერმანიასა და საფრანგეთში, განსხვავებული მოსაზრებებია.


აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიმართ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე მოსახლეობის მხარდაჭერა საგრძნობლად შემცირებულია და  უდიდესი ნაწილი უარყოფითად აფასებს პრეზიდენტის მოღვაწეობას. სფეროები, სადაც პრეზიდენტი მაკრონის პოლიტიკა შედარებით დადებითად არის შეფასებული, სწორედ ეროვნული უსაფრთხოების მიმართულება და საერთაშორისო პოლიტიკაა, რომლითაც გამოკითხული მოსახლეობის 44% კმაყოფილია. საერთაშორისო ასპარეზზე საფრანგეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი პოლიტიკა დადებითად არის შეფასებული გამოკითხულთა 43%-ის მიერ და საფრანგეთის პოლიტიკა ევროკავშირთან მიმართებით  გამოკითხული მოსახლეობის 42%-ს მოსწონს. ყოველივე ეს საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საგარეო პოლიტიკური ხედვები ნაკლებად შეიცვლება ახლო მომავალში.


დღეს ემანუელ მაკრონის პოლიტიკა ზოგიერთი მკვლევარის მიერ აღიქმება, როგორც ნეო-დე გოლიანური. როდესაც ის საუბრობს „სტრატეგიულ ავტონომიასა“ თუ „ევროპულ სუვერენიტეტზე“ იგი, მეტწილად, საფრანგეთის როლის გაძლიერებაზე ზრუნავს, როგორც პოტენციურად ევროპის ერთადერთ ქვეყანაზე ბირთვული არსენალით ბრექსითის შემდგომ, რომელიც არ ცდილობს აშშ-სთან ურთიერთობას  და რუსეთთან დაახლოებისკენ არის მოწადინებული. ამ ხედვის რეალიზაციას ემსახურება საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილი „ევროპული ჩართულობის ინიციატივა“  European Intervention Initiative (E2I)  რომელიც 14 სახელმწიფოს აერთიანებს და არც ნატოს და არც ევროკავშირის ნაწილი არ არის. 


აღსანიშნავია, რომ  ევროპული ქვეყნების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთიანი სამხედრო შესყიდვების სისტემის შექმნის შესახებაც.  შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირის ინიციატივა „თავდაცვის გაერთიანებისკენ“ არ გულისხმობს მხოლოდ ჯარების ინტეგრაციას, არამედ ერთიანი სამხედრო-სამრეწველო ბაზრის შექმნისკენაც არის ორიენტირებული და რთული მისახვედრი არაა ფრანგული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინტერესების დანახვა ამ  მიმართულებით.  ევროპის თავდაცვის ფონდი და ინიციატივები ერთიანი სამხედრო-სამრეწველო ბაზრისთვის კარგი იდეაა, თუმცა ეს არ არის ის მექანიზმი, რაც ადეკვატურად უპასუხებდა ევროპის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს. 


ნებისმიერი არმიისათვის მთავარია ზუსტად განსაზღვრო გამოწვევები და  მთავარი საფრთხე. ერთია როდესაც გეგმავ არმიის მშენებლობას იმის გათვალისწინებით, რომ ტერორიზმი  მიგაჩნია მთავარ საფრთხედ და მეორე როდესაც რუსეთის შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოა მთავარი გამოწვევა. ამ კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე   ბრძოლისუნარიან და  ფუნქციონირებად ევროპულ არმიაზე საუბარი ნაადრევია. თუკი ფრანგული ხედვის რეალიზაცია გაგრძელდება მომავალშიც, ნაკლებ სავარაუდოა ეს დადებითად იქნეს აღქმული აღმოსავლეთ ევროპაში და მოსალოდნელია, რომ  ევროპის აღმოსავლეთ ნაწილი უსაფრთხოების მხრივ  აშშ-სა და ნატოზე დაყრდნობას ამჯობინებს მომავალშიც, რაც, თავის მხრივ, შეაფერხებს ერთიანი ევროპული არმიის ჩამოყალიბების პროცესს. 


ყოველივეს გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იქნება საფრანგეთსა და გერმანიას შორის კონსესუსის მიღწევა ამ მიმართულებით. ინიციატივის იმპლემენტაციის პროცესში მოსაძებნი იქნება ახალი ბალანსი თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით ევროპული ინსტიტუტების კომპეტენციებს, თავდაცვის რესურსების ზრდასა  და წევრი ქვეყნების პოლიტიკურ სარგებელს შორის. 


თანამედროვე სამყაროში, თავდაცვის შესაძლებლობების ზრდა არ გულისხმობს მხოლოდ ტრადიციული კინეტიკური საშუალებების, ანუ არმიის, განმტკიცებას  ევროპული ინტეგრაცია თავდაცვის სფეროში უნდა იყოს არა მხოლოდ ვერტიკალური, არამედ ჰორიზონტალური და მოიცავდეს ევროპული ხელისუფლების სხვა  ინსტრუმენტებს, როგორებიცაა ეკონომიკური სანქციები, კიბერ შესაძლებლობები და სხვა. ფუნქციონირებადი არმიის შექმნაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰიბრიდული გამოწვევების წინაშე ეფექტური მექანიზმების არსებობა ევროპული არმიის იდეის იმპლემენტაციის გზაზე პოლიტიკურ დონეზე არსებული გამოწვევები და წინააღმდეგობები უფრო მნიშვნელოვანია დღეს, ვიდრე წმინდად სამხედრო-ორგანიზაციული წინაღობები. უსაფრთხოების საკითხზე ერთიანი პოზიციების გარეშე გართულდება არმიის, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის, გამოყენება.


ყოველივეს გათვალისწინებით ფუნქციონირებადი ერთიანი ევროპული არმია ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა.

 

ფოტო: European parliament/flickr

 

 

(სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს მხოლოდ ავტორის პოზიციას )

გააზიარე: