პრეზიდენტობა პანდემიის კვალდაკვალ

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

2020 წლის მთავარი გამოწვევა - კოვიდ 19 ჯერ კიდევ გლობალური დღის წესრიგის წამყვანი საკითხია და მსოფლიო თუ რეგიონული მნიშვნელობის ყველა მოვლენის ,,შეუცნობელი კორექტორია“. არაერთხელ აღინიშნა, რომ ვირუსმა სრულიად მოიცვა ჩვენი ცხოვრების, პრაქტიკულად, ყველა სფერო, შეცვალა გარემოს აღქმა და ინდივიდუალური თუ კოლექტიური პრიორიტეტების გადააზრების ახლებური შესაძლებლობა შექმნა. საბჭოთა საქართველოში დამკვიდრებული ე.წ. ,,პარაოზი ლექსების“ მსგავსად, კოვიდ 19 ერთგვარ სავალდებულო წანამძღვრად იქცა, რომლითაც იწყება ყველა საკითხზე მსჯელობა. და რადგან სავალდებულო ხარკი გადახდილია, შეიძლება, ძირითად თემასაც მივუბრუნდეთ, რომლის მნიშვნელობაც, ვირუსის ფონზე, გაუფასურების საფრთხის წინაშე დადგა. 2020 წლის 15 მაისს საქართველომ საბერძნეთს გადააბარა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელიც სრულიად ევროპისა და მსოფლიოს სოციალური უძრაობის პერიოდს დაემთხვა. მიუხედავად ამ უნიკალური გამოწვევისა, საქართველომ შეძლო და დრამატული მოვლენებით აღსავსე 6 თვე ღირსეულად გაიარა, მეტიც, ქვეყანამ ევროპულ საზოგადოებას შესთავაზა არაერთი საინტერესო ინიციატივა, რომელთა კრიტიკული მნიშვნელობაც განსაკუთრებით წარმოჩინდა პანდემიის დროს. 


თავმჯდომარეობის გადმობარების შემდეგ პირველი აქტივობა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების დღის (1948 წლის 10 დეკემბერი) აღნიშვნას უკავშირდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტის რანგში, განცხადება გააკეთა, რომელშიც ხაზი გაუსვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის თავგანწირული ადამიანების ღვაწლს და მიღწეული პროგრესის განმტკიცებისა და გაძლიერების მნიშვნელობას. საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დასმული აქცენტები განსაკუთრებით საგულისხმოა, ვინაიდან წარმოაჩენს საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში გაცხადებული პრიორიტეტების აქტუალობასა და რელევანტურობას. 


2019 წლის 12 დეკემბერს, საპრეზიდენტო პრიორიტეტების ფარგლებში, საქართველოს ორგანიზებით, ქალაქ სტრასბურგში, მოსაზრებების არაფორმალური გაცვლის ფორმატში, გაიმართა შეხვედრა ქალთა და გოგონათა მიმართ კიბერძალადობის პრევენციისა და საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების შესახებ. მონაწილეებმა თემა განიხილეს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის“ ჭრილში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, როგორც კონვენციის მაღალ ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, საკუთარ საპრეზიდენტო პრიორიტეტებში ცალკე პუნქტად გამოყო ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ისეთი სპეციფიკური ფორმა, როგორიც კიბერძალადობაა. სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის ფონზე გლობალურად გაზრდილია დანაშაულები კიბერსივრცეში, ასევე, ოჯახური ძალადობის შემთხვევები, შესაბამისად, საქართველოს მიერ შეთავაზებული სადისკუსიო თემა ფუნდამენტურად ეხმიანება იმ პრობლემებს, რომლებიც ევროპის საბჭოს ქვეყნებს პანდემიის დროს განსაკუთრებულად დაუდგათ.


2019 წლის 16 დეკემბერს საქართველოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით: ,,დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს შენების პროცესებში“. ღონისძიებას საქართველომ უმასპინძლა და მთავარი მომხსენებლები იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიასპორის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაულო პისკო. კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს სახელმწიფოს შენების პროცესში დიასპორის ჩართულობის მექანიზმებზე, დიასპორის როლზე წარმოშობის ქვეყნის პოზიტიურად წარმოჩენაში, ასევე, სახელმწიფოს შენების პროცესში დიასპორის ჩართულობის ქართულ მაგალითზე. დიასპორის საკითხის წამოწევა კონფერენციის ფორმატში მნიშვნელოვანი იყო ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის განმტკიცების კონტექსტში, რაც საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით განსაზღვრული,  უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარების შესახებ სახელმწიფოს ვალდებულების ეფექტური რეალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა.


2020 წლის 23 იანვარს მოსაზრებების არაფორმალური გაცვლის ფორმატში ჩატარდა ღონისძიება თემაზე ,,დემოკრატიის გაძლიერება ახალგაზრდობის ჩართულობით“. საკითხი საქართველოს საპრეზიდენტო პრიორიტეტების ერთ-ერთი მიმართულება გახლდათ და ჩაშლილი იყო ორ ქვეკომპონენტად: ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდული აქტივობების შესახებ. საქართველოს მიერ შეთავაზებული წინადადებები ეხმიანებოდა ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის სტრატეგიას 2030. ვინაიდან ახალგაზრდებზე ზრუნვა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ ყველა შესაძლო პლატფორმა გამოიყენოს, დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ახალი პრაქტიკული ინსტრუმენტების შესამუშავებლად. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მხრიდან საპრეზიდენტო პრიორიტეტებში ახალგაზრდების საკითხის შეყვანა, ახალ შესაძლებლობებს გახსნის რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების გასაფართოებლად. 


2020 წლის 27 თებერვალს ქალაქ სტრასბურგში შედგა შეხვედრა, კონფერენციის ფარგლებში, თემაზე: ,,გარემოს დაცვა ადამიანის უფლებების დაცვის პერსპექტივიდან“. საპრეზიდენტო პრიორიტეტების ეს მიმართულება განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია, რამეთუ საქართველოს მიერ გაჟღერებული ინიციატივები ინოვაციური და პრაქტიკულია და ეხება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ინტერდისციპლინარულ კონტექსტს. საქართველოს მიერ გაკეთებული შეთავაზებები გულისხმობს არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ადაპტირებას თანამედროვე გამოწვევებთან, რაც დაკავშირებულია ახალი პრაქტიკული მექანიზმების დანერგვასთანაც. საქართველოს წინადადებების მთავარი ადრესატები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტი იყვნენ. შეთავაზება გულისხმობს პრაქტიკის სრულყოფას იმ საქმეებზე, რომლებიც დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან. საქართველოს ინიციატივები მიმართულია არა მხოლოდ გარემოსდაცვითი საკითხების კოსმეტიკურ მოგვარებასთან, არამედ ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმასთან, რამაც ევროპის საბჭოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის პარადიგმა მეტად ,,ჰუმანოცენტრისტული“ უნდა გახადოს.  წინადადებების პაკეტი  ხუთ კომპონენტს მოიცავდა:

 

  • საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და პროფესიული ტრეინინგების ჩატარება;
  • თანამშრომლობის პროგრამების დანერგვა დეფინიციის ნაწილში უფლებაზე დაფუძნებული მიდგომისა და მდგრადი პოლიტიკების განხორციელების წახალისებისთვის;
  • ეროვნულ დონეზე კანონმდებლობის, პოლიტიკებისა და სტრატეგიების განვითარება;
  • წევრ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კოორდინაცია საერთაშორისო დონეზე მეტი გავლენის მოსახდენად;
  • ევროპის საბჭოს აქტივობების დაგეგმვისას გარემოსდაცვითი კომპონენტების მხედველობაში მიღებით, გარემოზე ზემოქმედების უარყოფითი გავლენის შემცირება.


საქართველოს პრეზიდენტობის ვადიდან კიდევ ორი ღონისძიების გამოყოფა შეიძლება: 2020 წლის 5 მაისს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის თემაზე გამართული ონლაინ შეხვედრ და 12 მაისს გაუქმებული შეხვედრის სანაცვლოდ გამოქვეყნებული კომუნიკე, რომელიც შეეხება საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთ პრიორიტეტს- ბავშვზე მორგებულ აღდგენით მართლმსაჯულებას. კომუნიკეში გაჟღერებულია ევროპის საბჭოსა და წევრი ქვეყნებისადმი რეკომენდაციები მართლმსაჯულების ლიბერალიზაციისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული სისტემის ჩამოყალიბების შესახებ. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო საქართველოს წარმატებული გამოცდილება, კერძოდ, 2015 წელს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც გამორჩეულია ბავშვის ინტერესებზე მორგებული სამართლებრივი სტანდარტებით. 


მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გაკეთებული ნეგატიური და სკეპტიკური განცხადებების უსაფუძვლობა გასულმა ექვსმა თვემ ნათლად წარმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტობა ურთულეს პერიოდს დაემთხვა, რომლის ანალოგიც აქამდე არ ყოფილა, ქვეყანამ შეძლო და ღირსეულად გაუძღვა მინისტრთა კომიტეტის საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტობა არ იყო მმართველობის ფორმალური 6 თვე, არამედ პრაქტიკული ინიციატივებითა და აქტუალურ თემებზე დისკუსიით დახუნძლული პერიოდი. საქართველოს თავმჯდომარეობა დასამახსოვრებელი იქნება რამდენიმე გარემოების გამო: ის დაემთხვა პანდემიასა და სოციალურ თვითიზოლაციას, რამაც ევროპის საბჭო კომუნიკაციის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა; კოვიდ 19-მა საპრეზიდენტო პრიორიტეტების ახლებურ კონტექსტში განხილვის საჭიროება დააყენა და მნიშვნელოვანი გავლენა იქონია არამხოლოდ ღონისძიებების ფორმატებზე, არამედ მათ შინაარსზეც; საქართველოს მიერ წარდგენილი ინიციატივები ევროპის საბჭოს სტრატეგიული მნიშვნელობის პრიორიტეტები გახდება და დაიწყება მათზე სისტემური მუშაობა. 


შეჯამებისთვის, უნდა ითქვას, რომ ქვეყანამ, მინისტრთა კომიტეტის ხელმძღვანელობით, საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა. განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურეს ის გარემოება, რომ საქართველო ევროპული ,,კოვიდ დღის წესრიგის“ დროს მნიშვნელოვანი ინიციატივების გენერატორად და ორგანიზაციის პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების განმსაზღვრელად მოგვევლინა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტობის წარმატებული გამოცდილება ქვეყანას დაეხმარება მომავალში, მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, წამყვანი აქტორის პოზიციის ღირსეულად დაკავებაში.
 

 

ფოტოს წყარო: https://www.coe.int/en/web/about-us/logo-associations

გააზიარე: