რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი, მათ შორის, სავალდებულო გენდერული კვოტები, დაამტკიცა, რაც მიზნად ისახავს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის ეტაპობრივ ზრდას. კერძოდ, აღნიშნული ცვლილება პოლიტიკურ სუბიექტებს ავალდებულებს, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის წარსადგენ პარტიულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მიუთითოს სულ მცირე ყოველ მეოთხე კანდიდატად, ხოლო 2028 წლიდან 2032 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში კი - პარტიულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მითითებულ იყოს მინიმუმ ყოველ მესამე კანდიდატად.
გენდერული კვოტირების აღნიშნული მხარდაჭერით ქართულმა სახელმწიფომ კიდევ ერთი, შედეგზე ორიენტირებული, პრაგმატული ნაბიჯი გადადგა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის.
დღეს, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს - თითქმის 54%-ს ქალები შეადგენენ. საყოველთაოდ აღიარებული ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის უფლება ჩვენს ქვეყანაშიც მყარად არის დაცული - საქართველოს კონსტიტუცია თანაბარ უფლებებს ანიჭებს ქალებს და კაცებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში ან/და დააყენონ საკუთარი კანდიდატურა. თუმც, საქართველოში ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია. ამჟამად, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში - პარლამენტში ქალები მხოლოდ 14%-ით არიან წარმოდგენილნი, გაცილებით მეტად არასახარბიელო მდგომარეობაა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე - ადგილობრივ საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა 13%-ს შეადგენს, ხოლო პირდაპირი წესით არჩეული 64 მერიდან კი მხოლოდ ერთია ქალი.
საპარლამენტთაშორისი კავშირის (IPU) 2020 წლის მონაცემების თანახმად, მსოფლიოს 193 ქვეყანას შორის საქართველო პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის ზემოაღნიშნული მაჩვენებლით 144-ე ადგილს იკავებს, ევროპაში კი იგი ჩამორჩება თითქმის ყველა სახელმწიფოს, გარდა მალტის, უნგრეთისა და ლიხტენშეტეინისა. უკანასკნელი 25 წლის მონაცემებით, საქართველო ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის კუთხით პროგრესირებს, თუმც, ძალიან ნელი ტემპით და არათანმიმდევრულადაც. კერძოდ, ქვეყნის ბოლო 6 საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში შემდეგნაირად გამოიყურება: 1995 წ. – 6,65%, 1999 წ. - 7,17%, 2004 წ. – 9,33%, 2008 წ. – 6%, 2012 წ. – 12%, 2016 წ. – 16% (მაგრამ 2016 წლიდან დღემდე, მთავრობის ფორმირებისა და ზოგიერთი ქალი კანდიდატის მიერ საკუთარ მანდატზე უარის თქმის შედეგად, აღნიშნული მაჩვენებელი 14%-მდე შემცირდა).
დღეს, მსოფლიოში პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის საშუალო მაჩვენებელი 1995 წელთან შედარებით (11,3%) 2-ჯერ მეტად გაიზარდა და 25%-ს შეადგენს, რითაც შეიძლება ითქვას, რომ მიღწეულ იქნა ის მიზანი, რომელიც მსოფლიომ გასული 25 წლის წინ დაისახა - პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის ზრდა სავალდებულო ე.წ. კრიტიკულ ზღვრამდე - 30%-მდე. შესაბამისად, მსოფლიო ქვეყნები ახლა უკვე მსჯელობენ ახალი მიზნის თაობაზე - 2030 წლამდე ქვეყნებმა შეიმუშაონ ისეთი კანონი/მექანიზმი გენდერული კვოტირების შესახებ, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობას 50%-ით. მოცემულ ფონზე, საქართველოს ზემოაღწერილი მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. სწორედ აქედან გამომდინარე და ფართო საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველზე იქნა მხარდაჭერილი გენდერული კვოტები საქართველოს პარლამენტის მიერ. მიუხედავად აღნიშნულისა, ქართულ საჯარო სივრცეში არ წყდება გენდერული კვოტირების საწინააღმდეგო დისკუსიები, რომელიც რიგ შემთხვევაში დაუსაბუთებელი და დეზინფორმაციის შემცველიცაა.
გენდერულ კვოტირებას, როგორც ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის ზრდის სწრაფ და ეფექტურ მექანიზმს, მსოფლიო უკვე ათწლეულებია აღიარებს და იგი გამოიყენა მსოფლიო ქვეყნების დიდმა ნაწილმა. ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის ამჟამინდელ გლობალურ რეიტინგში პირველ 20 ქვეყანას შორის, სადაც პარლამენტში ქალების მაღალი წარმომადგენლობა ფიქსირდება, 16 ქვეყანაში სწორედ გენდერული კვოტირება არსებობს (საკანონმდებლო ან შიდაპარტიულ დონეზე). ზოგადად კი, თუკი 1995 წელს გენდერული კვოტირება მხოლოდ 2 სახელმწიფოში (არგენტინა და ნეპალი) იყო დარეგულირებული საკანონმდებლო დონეზე, დღეს, იგი მსოფლიოს 84 ქვეყანას აქვს მიღებული და ის განსაკუთრებით წარმატებულია პროპორციული საარჩევნო სისტემის მქონე სახელმწიფოებში. საკანონმდებლო გენდერული კვოტების შემოღების გარეშე კი, ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის ზრდა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ იგი სამკაოდ ხანგრძლივ პერიოდს საჭიროებს. ამ მხრივ, საინტერესოა, მაგალითად, ყაზახეთი, რომელსაც არ მიუღია კანონი გენდერული კვოტირების შესახებ, მაგრამ იგი უკვე 1991 წლიდან აქტიურად ეწევა სახელმწიფო დონეზე სქესთა შორის თანასწორობის საკითხის ლობირებას, რომლის შედეგად ყაზახ ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში ბოლო 25 წლის განმავლობაში 2-ჯერ გაიზარდა (1995 წ.- 13,4% - 2020 - 27,1%). აქვე აღსანიშნავია, აგრეთვე, ნორდიკული ქვეყნები, სადაც გენდერული კვოტები დარეგულირებულია არა კანონმდებლობით, არამედ შიდაპარტიულ დონეზე, რაც მოცემულ რეგიონში პოლიტიკურმა პარტიებმა ასევე ძალიან ადრე - 1980-იან წლებში დაიწყეს, რის შედეგადაც, დღეს, პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის ნორდიკული ქვეყნების მოდელი სანიმუშოდ მიიჩნევა მსოფლიო მასშტაბით.
შესაბამისად, მსოფლიო ქვეყნების წარმატებული გამოცდილება ერთმნიშვნელოვნად აბათილებს საქართველოში საკანონმდებლო დონეზე გენდერული კვოტების შემოღების მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს. მათ შორის, მოსაზრებებს მასზედ, რომ თითქოს კვოტირება უპირატეს მდგომარეობაში აყენებს არჩევნებში ქალ კანდიდატებს, რითაც ირღვევა, ერთი მხრივ, თანასწორი შესაძლებლობების დემოკრატიული პრინციპი, მეორე მხრივ კი, ამომრჩეველს - წინასწარ განსაზღვრული სქესის მქონე კანდიდატის წარდგენით - ვართმევთ არჩევანის თავისუფლებას. ორივე მოსაზრება მეტად ლეგიტიმური იქნებოდა, რომ ვცხოვრობდეთ თანასწორი შესაძლებლობების მქონე ისეთ სამყაროში, სადაც ქალთა უფლებების დაცვის აუცილებლობაც კი აღარ იდგებოდა დღის წესრიგში. თუმც, დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ 21-ე საუკუნეშიც კი, სქესთა შორის თანასწორობის მიღწევა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში კვლავ რჩება მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევად! მაგალითად, მსოფლიოში მცხოვრებ წერა-კითხვის უცოდინარ 750 მილიონ ადამიანს შორის, ორი მესამედი სწორედ ქალია, ხოლო გლობალურ დონეზე, ქალების სახელფასო ანაზღაურება საშუალოდ მამაკაცთა ანაზღაურების 77%-ს შეადგენს. სწორედ ამ და სხვა უთანასწორობების ფონზე გახლავთ გენდერული კვოტირება მეტად უპირატესი, ვიდრე დისკრიმინაციული მამაკაცთა მიმართ, რომელიც თანასწორი შესაძლებლობების გაჩენის უზრუნველყოფასთან ერთად, მეტად იცავს ქალს პოლიტიკაში ყოფნის დროს დისკრიმინაციისაგან. უდავოა, რომ გაცილებით მარტივია ქალი პოლიტიკოსის მიმართ არსებული დისკრიმანციული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა პოლიტიკაში მრავალი ქალის ჩართულობით, ვიდრე ცოტა ქალის.
სქესთა შორის უთანასწორობას თითოეულ ქვეყანაში სპეციფიური მიზეზები უდევს საფუძვლად. დღევანდელ საქართველოში კი აღნიშნულს, უწინარესად, ქართული პოლიტიკური კულტურის დაბალი დონე, უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და მეტწილად „სიძულვილის ენაზე“ და არა იდეოლოგიურ შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიებისადმი საზოგადოების უნდობლობა განაპირობებს, ვიდრე, მაგალითად, მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპი მასზედ, რომ თითქოს პოლიტიკა ქალის საქმე არ არის. აღნიშნულს ცხადყოფს ის მაღალი საზოგადოებრივი შეგნება ქალის სოციალური როლის, გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც ქართულ სახელმწიფოში საუკუნეების წინ გვხვდება, რომლის დასტურიცაა, მაგალითად, მე-5 საუკუნით დათარიღებული ნაწარმოები „შუშანიკის წამება“ ან თუნდაც, ის ფაქტი, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში მიიჩნეოდა „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდაც ხვადია!“, ხოლო საქართველომ სახელმწიფოებრობის განვითარების ოქროს წლებს სწორედ ქალის - თამარ მეფის მმართველობის პერიოდში მიაღწია XIII საუკუნეში, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება კი ქართველმა ქალებმა მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველებმა მიიღეს - 1918 წელს და იმ დროს, როდესაც მსოფლიოში ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა ძალიან იშვიათი მოვლენა იყო, საქართველო გახლდათ ერთ-ერთი პროგრესული ქვეყანა საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის მხრივ. სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ კარგად არ არის ცნობილი ის ფაქტი, რომ 1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელი კრების 130 დეპუტატს შორის 5 ქალი იყო: ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ანა სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე და ქრისტინე შარაშიძე.
ფოტო: https://digest.pia.ge/
რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, როგორც ზემოთ იქნა ხსენებული, ამჟამად, საქართველოში ქალთა მონაწილეობა უკიდურესად დაბალია წარმომადგენლობით ორგანოებში - საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, მაგრამ მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არა აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების დონეზე. დღეს, საქართველო მსოფლიოს 193 ქვეყნიდან იმ 22 ქვეყანას შორისაა, რომლის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი სწორედ ქალია. 2020 წლის 1 იანვრის მონაცემებით კი, საქართველო მსოფლიოს 193 ქვეყანას შორის მოწინავე - მე-18 ადგილს იკავებს მინისტრთა კაბინეტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებლით. ასევე, აღსანიშნავია სასამართლო ხელისუფლება, სადაც ქალები დაახლოებით 53%-ით არიან წარმოდგენილნი (თუმც, სასამართლო ხელისუფლებაში ქალთა წარმომადგენლობა მენეჯერულ პოზიციებზე საკმაოდ დაბალია).
ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა წარმომადგენლობის მოცემული ერთიანი სურათი კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენს ქართული პოლიტიკური პარტიების დემოკრატიული განვითარების აუცილებლობას, რათა იგი გახდეს მეტად სანდო და იდეოლოგიურად მიმზიდველი ქალი კანდიდატებისთვის. გენდერული კვოტირება კი საქართველოში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ უკანასკნელის - პარტიული იდეოლოგიის განვითარებასა და მდგრადობას. ზოგადი დაკვირვებით შეინიშნება, რომ მამაკაცებთან შედარებით, საქართველოში ქალები პოლიტიკური პარტიისადმი მეტი ერთგულებით გამოირჩევიან - ისინი ნაკლებად ტოვებენ ან იცვლიან პოლიტიკურ პარტიებს. ამასთან, მსოფლიო ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ პარლამენტში ქალების წარმომადგენლობის ზრდა, გარდა ქალთა და ბავშვთა უფლებების უკეთ დაცვისა, ხელს უწყობს ქვეყანაში განათლების, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით უკეთესი კანონმდებლობის შემუშავებას. მსოფლიო გამოცდილება, ასევე, ნათლად წარმოაჩენს ქალების პოლიტიკაში მაღალი წარმომადგენლობის დადებით მხარეს მშვიდობის უზრუნველყოფისა და კონფლიქტების დარეგულირების სფეროში, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსული სამხედრო ძალების მიერ და ქვეყანა ყოველდღიურად მცოცავი ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს.
ამასთან, გენდერული კვოტირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმ სტერეოტიპების რღვევას, რომელიც უკავშირდება ქალის ძირითადად საოჯახო საქმეებთან გაიგივებას. მოცემული სტერეოტიპი საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით, მართალია, ნაკლებად, მაგრამ მაინც არსებობს, უმეტესწილად კი - რეგიონებში, სადაც ქალაქებთან შედარებით, ჯერ კიდევ სჭარბობს პატრიარქალური კულტურა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში, სადაც აღნიშნულთან ერთად, ასევე, დაბალია განათლებაზე ხელმისაწვდომობა.
სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე (და არა მხოლოდ) გახდა მნიშვნელოვანი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის ზრდისთვის ხელოვნური ჩარევა. მსოფლიო პრაქტიკა კი დღემდე არ იცნობს უფრო ეფექტურ და სწრაფ ინსტრუმენტს პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდისა, ვიდრე გენდერული კვოტირებაა. თუმც, ვფიქრობ, რომ გენდერული კვოტირება ისევე ყველაზე ცუდი მექანიზმია გენდერული ბალანსის მისაღწევად, როგორც „დემოკრატიაა ყველაზე ცუდი მმართველობით რეჟიმებს შორის, მაგრამ უკეთესი არ არსებობს“ (უ. ჩერჩილი).
დაბოლოს, არახალია იმის მტკიცება, რომ პოლიტიკაში გადაწყვეტილებები მიიღება არა ინდივიდუალურ კონფორმიზმზე დაფუძნებული პრეფერენციებიდან, არამედ ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე. დღევანდელ კონკურენტულ გლობალურ სამყაროში კი მცირე ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე საქართველოსთვის სწრაფი განვითარება არსებითია.
და ახლა, როდესაც გენდერული კვოტირება საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდა, დროა, ქართულ რეალობას აცდენილი კვოტირების საწინააღმდეგო დისკუსიების ნაცვლად, საჯარო სივრცე მეტად დაეთმოს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის უპირატესობების თაობაზე; პოლიტიკურმა პარტიებმა კი, თავის მხრივ, მეტ ნდობასა და პოლიტიკურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტიული საქმიანობა წარმართონ ქალი წევრების მეტად მისაზიდად თავიანთ პარტიებში.
საქართველო უკვე 84-ე სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელმაც საკანონმდებლო გენდერული კვოტირება მიიღო. კვლავ გაიზრდება აღნიშნული ქვეყნების რიცხვი და ეს იმ დრომდე, ვიდრე გენდერული კვოტირების საშუალებით თავად გენდერული კვოტირების იდეისა და ზოგადად, ჩვენს სამყაროში ქალთა უფლებების დაცვის აუცილებლობა აღარ იარსებებს.
ლიკა ჭიპაშვილი
16 ივლისი 2020, ქ. თბილისი
მთავარი ფოტო: https://fr.unesco.org/