ტაივანის საკითხის მნიშვნელობა საქართველოსათვის

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

მეოცე საუკუნის დასასრულს განსაკუთრებული პოპულარულობა შეიძინა საუბრებმა გეოპოლიტიკის, გეოპოლიტიკური მსჯელობისა თუ ისტორიის „დასასრულზე“. აშშ დომინირებამ საერთაშორისო ურთიერთობებში და გლობალიზაციის მზარდმა პროცესებმა  გარკვეულწილად „კანტისეული მშვიდობის“ დამყარების ილუზია შექმნა. გეოპოლიტიკა თავისი კლასიკური გაგებით, როგორც სწავლება სულ უფრო ნაკლებ პოპულარული ხდებოდა. საერთაშორისო ურთიერთობებში დადგა გარკვეული "ხავერდოვანი ილუზიის" დრო. 2014 წელი და რუსეთის მოქმედებები ყირიმსა და უკრაინაში დასავლური სამყაროსათვის გამომაფხიზლებელი ნიშანი იყო, რომელმაც შეიძლება ითქვას რომ დააჩქარა კაცობრიობის მომავალზე ხავერდოვანი ფიქრების დასრულება. ჩინეთის და რუსეთის მოქმედებები, მათი გეოსტრატეგიული ინტერესები და მოქმედების ლოგიკა დიდი ხანია მიგვანიშნებს, რომ ლიბერალურ-დემოკრატიულ აზროვნებაზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი იცვლება. 


სწორედ დასავლეთის ზომიერმა რეაქციამ ყირიმის ანექსიასა და უკრაინის მოვლენებზე რუსეთს და პუტინს აგრძნობინა, რომ ძალის ენაზე საუბარი მნიშვნელოვანი დოზით, კვლავაც საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და რომ სხვა ქვეყნის ტერიტორიების მიტაცება, საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავინდებურად „მოსულა“. ძალის ენაზე საუბარის, საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგში შემობრუნება პირველ რიგში მცირე სახელმწიფოებისათვის არის დამაფიქრებელი, განსაკუთრებით მათვის, ვიცი სამეზობლოც დაძაბულობის კერებით გამოირჩევა და ბუნებრივია ამ შემთხვევაში არც საქართველო არის გამონაკლისი. დღეს რეგიონში არსებული სტატუს-კვო, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ძალთა ბალანსის არსებული კონფიგურაციის შედეგია. 


საგულისხმოა, რომ საერთაშორისო არენაზე არა მხოლოდ რუსეთი არის ამ თვალსაზრისით, „აქტუალური“, არამედ მნიშვნელოვანია თვალი მივადევნოთ ჩინეთის პოლიტიკასაც.


დაპირისპირება აშშ-ს და ჩინეთს შორის შეიძლება ითქვას, რომ სულ უფრო „ცივი ომის“ ფაზაში შედის და მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და საფინანსო სფეროებს. ამ ფონზე, საგულისხმოა რამდენიმე დღის წინ ნიქსონის სახელობის საპრეზიდენტო მუზეუმში გამოსვლის დროს, ამერიკის საელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გამოსვლა, რომელმაც აშშ და ჩინეთ შორის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, წარსულს ჩაბარდა დღეები, როდესაც ამერიკელი დიპლომატები ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ახლოს ურთიერთობდნენ მათ მხარდასაჭერად. განსაკუთრებით კი, მან  ამერიკის პრეზიდენტები გამოყო - ნიქსონმა 1972, უფროსმა ბუშმა 1989 წელს, და კლინტონმა 1999-ში რამდენჯერმე „გადაარჩინეს“ კომუნისტური რეჟიმი. რაც მთავარია, პომპეოს თქმით, მომავალში იქნება დაახლოებისა და კომუნიკაციის ახალი ფორმა: „ჩვენ უნდა წავახალისოთ და გავაძლიეროთ ჩინეთის მოსახლეობა - დინამიური, თავისუფლების მოყვარული ხალხი, რომელიც მთლიანად განცალკევებულია კომუნისტური პარტიისგან“. 


ანალიტიკოსების აზრით, მსგავსი განცხადება, პირდაპირ მტრულად და ჩინეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევად იქნება აღქმული პეკინის მიერ, რაც ბუნებრივია. აღნიშნული მიდგომა, პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩინეთის მართველი პარტიის გლობალურ ხედვებსა და მიზნებს. ჩინური მოდელის მიხედვით, ჩინეთის მოსახლეობაც და პარტიაც ერთი საყოველთაო ინტერესებისათვის მოღვაწეობენ. 


ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ თეთრი სახლის ამდაგვარი რეაქცია ჩინეთის ბოლო დროინდელ „გამოხტომებზე“ შეიძლება ითქვას დაგვიანებული მაგრამ მოსალოდნელი იყო, იმ მოქმედებების ფონზე როდესაც მაგალითად, ჩინეთი იგივე ნიუ-ორკ თაიმსის მიხედვით, სოციალური მედიის საშუალებით ჩუმად ეწეოდა პროპაგანდას და ცრუ ინფორმაციებს გავრცელებდა პანდემიასთან დაკავშირებით, რითაც ხელს უწყობდა აშშ-ში შიდა არეულობის გაღვივებას. როგორც ჩანს დღემდე აშშ-ს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს იმედი ქონდა, რომ ჩინეთთან ურთიერთობები და წინააღმდეგობები, აქამდე არსებული ტრადიციული დიპლომატიური გზებით შეიძლება მოგვარებულიყო.   


ამ ყველაფრის ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ რაც ჰონ-კონგში ძალაში შევიდა ახალი კანონი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ, ჰონკონგის სრული კონტროლის ქვეშ  დე ფაქტო დაქვემდებარება ფაქტობრივად დამთავრებულია. ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურებს კუნძულზე სამუშაოდ საბოლოოდ გაეხსნათ ხელ-ფეხი. არა ერთმა ანტი ჩინური გამოსვლის ოპოზიციურმა ლიდერმა უკვე დატოვა ჰონ-კონგის ტერიტორია და მათი ნაწილი ტაივანში გადავიდა. ეს ბუნებრივიც არის, რადგან ოპოზიციის ლიდერებისათვის აბსოლუტურად ორგანული ადგილია. ტაივანის სურვილი და მისწრაფება დარჩეს და იყოს დემოკრატიული და პეკინისგან დამოუკიდებელი ადგილი მათვის მომხიბვლელ გარემოს ქმნის.


ჩინეთის მიმართ ისედაც არსებობს არა ერთი მნიშვნელოვანი კითხვა  ქვეყნის შიგნით პეკინის უიღურების ეროვნულ უმცირესობებთან დამოკიდებულების მიმართ. არსებობს. ვრცელდება საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაციები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შესახებ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება უძლურია რაიმე ქმედითი ნაბიჯები გადადგას აღნიშნული მიმართულებით. 


ასევე, პომპეოს მიერ გაჟღერებული და ამის მსგავსი მოწოდებები, რა თქმა უნდა, ჩინეთის მართველი კომუნისტური პარტიის მიერ აღქმული იქნება როგორც მტრული გზავნილი და არ არის გამორიცხული, გარკვეული თვალსაზრისით, პეკინს ძალის დემონსტრირების მორიგი ნაბიჯისკენ უბიძგოს საპასუხოდ მომავალში, რითაც როგორც შიდა, ისე გარე აუდიტორიას დაანახებს, რომ კომუნისტურ პარტიასთან „მსგავსი ხავერდოვანი ხუმრობა“ არ ღირს. ამ ყველაფერმა ტაივანის საკითხის საბოლოოდ გადაჭრის ცდუნება შეიძლება გაუჩინოს მართველ რეჟიმს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამხედრო თვალსაზრისით საკმაოდ დიდი საფასურის გადახდად დაუჯდება ჩინეთს, მას განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს. გაერთიანება, სი ძინპინის მსგავსი ნაციონალისტური ლიდერისათვის იქნება ჩინეთის ეროვნული ერთიანობის ოცნების კულმინაცია და პეკინისათვის უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი ფაქტი. ამიტომ, ტაივანის საკითხის ძალისმიერი სცენარით გადაწყვეტის ბოლომდე გამორიცხვა, არ იქნება გონივრული არავისათვის. ამასთან ერთად, სხვა ტერიტორიული პრეტენზიები და პოტენციური დაძაბულობის კერები, იგივე ინდოეთის საზღვართან თუნდაც, არ არის ისეთი მაღალი სიმბოლური და ნაციონალისტური მნიშვნელობის საკითხი მართველი პოლიტიკური ელიტისათვის, როგორიც ეს არის ტაივანი. მიუხედავად ჰონკონგთან შედარებით გაცილებით მძიმე პოტენციური ღირებულებისა, არ არის გამორიცხული, ის რაც პეკინმა ჰონ-კონგში დაიწყო ტაივანში დაასრულოს. ამ ყველაფრის ფონზე კი, ტაივანის სუვერენიტეტის ერთადერთი რეალური გარანტორი მხოლოდ აშშ შეიძლება იყოს. 


თუ აშშ-ს უნდა საბოლოოდ არ დაკარგოს დემოკრატიისა და თავისუფალი სამყაროს დამცველის როლი და იმიჯი, მას და მის დასავლელ მოკავშირეებს მოუწევთ ტაივანის დასახმარებლად და დასაცავად გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა და მკვეთრი წითელი ხაზების განსაზღვრება, რომლის გადაკვეთაც ჩინეთისათვის დემოკრატიულ სამყაროსთან ომს შეიძლება ნიშნავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატებული ჩინური სამხედრო, ან სხვა სახის მოქმედებები, რომელიც ტაივანის სუვერენიტეტს საფრთხის ქვეშ ჩააგდებს, იქნება კიდევ ერთი, ყირიმის ანექსიის მსგავსი „მწვანე შუქი“ საერთაშორისო ურთიერთობებისათვის და „ბოლო ლურსმანი“ ლიბერალურ-დემოკრატიულ წესწყობილებაზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგზე. ეს კი, თავისი არსით მოასწავებს რეალიზმის საერთაშორისო არენაზე მობრუნებას და რაც მთავარია, რეალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკების აქტუალიზაციას, რომელიც გავლენის სფეროებსა და ძალის პოზიციიდან საუბარს გულისხმობს.


აღნიშნულ ცვლილებებს ფართო გავლენა ექნებათ, არა მარტო ჩინეთის, ტაივანის, ან სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ბედზე, არამედ ყველა იმ მცირე სახელმწიფოზე რომლის სუვერენიტეტიც მასზედ გაცილებით ძლიერი მეზობლის საფრთხის ქვეშაა. 


ღრმად, რომ არ ჩავიდეთ რეალიზმის თეორიულ განხილვებში, შეიძლება მისი მოკლე აღწერილობით შემოვიფარგლოთ. მისი მიმდევრები, განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ აძლევენ ლიდერებსა, ღირებულებებსა და ორგანიზაციებს საერთაშორისო ურთიერთობებში და ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობები გაგებულ შეიძლება იქნას სახელმწიფოთა შესაძლებლობების ერთობლიობის შეფასებით და საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში მათი ადგილის მიხედვით. ასეთი სამყაროსათვის, ღირებულებები, დემოკრატიული ფასეულობები და მცირე სახელმწიფოთა მისწრაფებები ხშირად აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია. 


ასეთ რეალობაში, სავსებით შესაძლებელია დაბრუნდეს გავლენის სფეროები და ახლოს სამეზობლოს ცნება, რაც მთელი რიგი გამოწვევების მიზეზი შეიძლება გახდეს მომავალში იგივე საქართველოსთვის. ადვილად წარმოსადგენია, ასეთი მიდგომების რეალიზება, რამხელა სასაუბრო თემას მისცემს იგივე რუსეთს მის მიერ ახლო წარსულში გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციისათვის და სამომავლო ავანტურებისთვისაც.


ამიტომ, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი სცენარებიც კი ისტორიისთვის არ არის უცხო. ის რაც 10 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე შემდგარი რეალობაა, ამიტომ ამდაგვარი სცენარების განხილვა აუცილებელია ყველა იმ მცირე სახელმწიფოსათვის, რომლის უსაფრთხოებაც მეტწილად საერთაშორისო ძალთა ბალანსზე მკვეთრად არის დამოკიდებული.


ჩვენ ტერმინ მცირე სახელმწიფოში ვგულისხმობთ, ისეთ სახელმწიფოებს, რომელთაც არ ძალუძთ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ მის უსაფრთხოების უშუალო გარემოზე და ამ მხრივ საერთაშორისო ურთიერთობების სხვა სუბიექტებზე არიან მეტწილად დამოკიდებული. 


ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ტაივანის საკითხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის მომავალისთვის. ასე, რომ ერთი შეხედვით შორეული კუნძულის ბედმა პირდაპირი გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოზეც.


საქართველოს კი, ნამდვილად ჭირდება სახელმწიფო ინსტიტუტების და პირველ რიგში ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მყარი საფუძვლების შექმნა, ვინაიდან მომავალში არა ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე არსებული ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური არსებობა სწორედ ამ ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირების უნარზე იქნება დამოკიდებული. 

 

ფოტო: © Kurious/Pixabay

გააზიარე: