12 წელი აგვისტოს ომიდან - გამოწვევები და პერსპექტივები

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

კოვიდ 19-ის მიერ შეცვლილ გლობალურ წესრიგსა და ზოგადად, სამყაროზე ბევრი იწერება და ბევრსაც საუბრობენ, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიალისტური პოლიტიკა და მესამე რომის  ამპლუა, ჯერჯერობით, მსოფლიოს პოლიტიკური ტექტონიკისადმი მყარად რეზისტენტულია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნიდან 75 წელი სრულდება და ძალის გამოუყენებლობის ფუნდამენტური პრინციპი, სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის იდეა და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის დიადი მისია ფურცელზე დაწერილ ფიქციად რჩება დიდი ხუთეულის ცალკეული წევრებისთვის.  ამის ერთ-ერთი მაგალითია რეგიონში გავლენების გაფართოვებისთვის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, კერძოდ, 2 რეგიონის სამხედრო ოკუპაცია. ამ კონტექსტში, არსებობს თემები, რომლებზეც ქართულ საზოგადოებას არ აქვს ერთგვაროვანი პოზიცია, ამდენად, მნიშვნელოვანია ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტების ანალიზი, იმისთვის, რომ სწორი აქცენტები დავსვათ და შევთანხმდეთ გამოწვევების გადაჭრის საერთო ხედვაზე. 


რატომ არის რუსეთი ოკუპანტი ძალა?


საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე მსჯელობისას აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რატომ ვიყენებთ ცალკეულ ტერმინს და რა შინაარსი იკითხება კონკრეტული შეფასებების მიღმა. ეროვნული შეუთანხმებლობის პრობლემებსა და ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებული კონსენსუსის მიღწევის ბარიერებზე მრავალჯერ გვისაუბრია, თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც.  ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები განლაგებულები არიან საქართველოს ორ რეგიონში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, ალბათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ ადექვატურად აღიქმება. ნებისმიერ სხვა შეფასებას ძალიან სახიფათო დასკვნებამდე მივყავართ, კერძოდ, აღნიშნული ფაქტის უარყოფა გულისხმობს სამი შესაძლო დაშვებიდან ერთ-ერთს: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენლობაში არ უნდა განიხილებოდეს; რუსეთის ფედერაციას აქვს სრული ლეგიტიმაცია განალაგოს თავისი სამხედრო ძალები აღნიშნულ ტერიტორიებზე;  აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენლობაში არ უნდა განიხილებოდეს და რუსეთის ფედერაციას აქვს სრული უფლება განალაგოს თავისი სამხედრო ძალები აღნიშნულ ტერიტორიებზე. თუკი საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების განცხადებებს შევისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ მკვეთრად გამოხატული ანტი დასავლური იდეოლოგიისა და მისწრაფებების პოლიტიკოსებიც კი, საჯარო სივრცეში, ამ ფაქტების განსხვავებული კონსტატირებისგან თავს იკავებენ.  თუმცა, რუსეთის ფედერაციის ოკუპანტ ძალად მოხსენიებას საქართველოში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. რუსეთის ,,არ გაღიზიანებისა“, თუ პრაგმატული პოლიტიკის წარმოების მიზანშეწონილობის არგუმენტით, არაერთგზის გამოთქმულა მოსაზრება, რომ ,,საქართველო რუსეთისთვის ოკუპანტის ძახილით ვერაფერს მოიგებს“. ასეთი პოზიცია საერთაშორისო სამართალსა და პოლიტიკაზე არაჯეროვან ინფორმირებულობას უფრო წარმოაჩენს, ვიდრე ამ შეხედულების ავტორის არასახელმწიფოებრივ აზროვნებას. სიტყვათშეთანხმება ,,ოკუპანტი ძალა“ რომელიმე პოლიტიკოსის, ან პოლიტიკური პარტიის არც პრეფერენციული ლექსიკის და არც კომუნიკაციის ენის ნაწილია, არამედ, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში (ომის სამართალი) ფართოდ დამკვიდრებული იურიდიული ტერმინია, რომელსაც ძალიან კონკრეტული უფლებები და ვალდებულებები უკავშირდება. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს რეგიონებში ბაზების განთავსება და ამ რეგიონების ადმინისტრირება სწორედ სამხედრო ოკუპაციის მაგალითია. ის გარემოება, რომ ოკუპაცია გაეროს მანდატის ფარგლებში არ ხორციელდება, ასევე, ის არ არის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უფლების განხორციელება და სხვა მრავალი ფაქტორი ხაზს უსვამს ოკუპაციის უკანონობას(1),  თუმცა, ამ საკითხებზე დეტალური მსჯელობა საერთაშორისო სამართლის დისკუსიის ნაწილია და არა იურისტი მკითხველისთვის შეიძლება ნაკლებად საინტერესოც იყოს. მთავარი ერთია, ოკუპაცია დროებით მოვლენაა და ის აუცილებლად დეოკუპაციით უნდა დასრულდეს. ასევე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი კრძალავს ოკუპაციის გზით ტერიტორიათა ანექსიას. შედეგად, რუსეთისთვის ოკუპანტი ძალის სტატუსის ქონა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა შეიქმნას ყველა სამართლებრივი საფუძველი ტერიტორიების ანექსიის პრევენციისა და დეოკუპაციისთვის, ასევე, განსაზღვრული იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ვალდებულებები.
 

ვინ დაიწყო ომი?


აგვისტოს ომის შესახებ შეფასებების გაკეთებისას კუმულატიურად გასათვალისწინებელია ისტორიული, სამართლებრივი და პოლიტიკური ფაქტორები. პოლიტიკური კონტექსტის მხედველობაში მიღებით, 2008 წლის მოვლენის შიდა დისკუსიის საგნად ქცევა გარდაუვალია, თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული დასკვნები მხოლოდ შიდა მოხმარების პროდუქტი არ არის და მას გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებსა და ზოგადად ურთიერთობებზე. შეკითხვა, ვინ დაიწყო ომი არ არის ის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხი, რომელიც არსებითად შეცვლის 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო შეფასებებსა და რუსეთის ფედერაციის  სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ასპექტია, რომელთა გააზრებაც დაგვეხმარება სწორი ვექტორით მოძრაობასა და გადაწყვეტილებების თანამიმდევრულობაში. 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის, აღიარებულია საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტად, მათ შორის, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს შეფასებით, ასევე, ჰეიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით მოქმედი ევროკავშირის ფაქტების დამდგენი კომისიის ანგარიშითაც კი, რომელიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციების საფუძველი ხდება ხოლმე. თუკი სადავოდ არ ვხდით იმ გარემოებას, რომ საქართველოს შეიარაღებული თავდასხმა არ განუხორციელებია რუსეთის ფედერაციაზე, ამ შემთხვევაში, დასმულ შეკითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანი იქნება. ისტორიული პრიზმიდან საკითხის ანალიზი კონფლიქტის დაწყების რეალურ თარიღებს მარტივად დაგვანახებს, რომელიც დროში გაცილებით უსწრებს 2008 წლის აგვისტოს და ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდს უკავშირდება. შესაბამისად, თუ 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტს ფრაგმენტულად არ განვიხილავთ და სართო კონტექსტში შევეცდებით სურათის დანახვას, ამ შემთხვევაში, ომის დაწყების პერიპეტიები მეტად თვალნათელი გახდება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ძალის გამოყენების შიდა პოლიტიკურ და სამხედრო მიზანშეწონილობაზე (სამხედრო-ტაქტიკურ ასპექტში) მსჯელობა სრულიად ლეგიტიმურია, თუმცა, არა ომის დაწყების კონტექსტში. აუცილებელია იმის ანალიზი, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლებოდა ზიანის შესამცირებლად, ან რა გზები არსებობდა რუსეთის  სამხედრო შეტევის თავიდან ასარიდებლად. საგულისხმოა, რომ ამ დისკუსიიდანაც ვერ აღმოცენდება ვერც ერთი მიზეზი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს შეამსუბუქებს, მის მიმართ დასაკისრებელი საერთაშორისო პასუხისმგებლობის საფუძვლებს შეარყევს, ან რუსეთის, როგორც ოკუპანტი ძალის სტატუსს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. 


არაღიარება - ერთერთი, თუ ერთადერთი გზა? 


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საკმაოდ აქტიურად ვითარდება.  გაეროს უშიშროების საბჭოში, გენერალურ ასამბლეასა და ადამიანის უფლებათა საბჭოში მიღებულია მრავალი რეზოლუცია, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას განამტკიცებს. ხსენებულ რეზოლუციებში არაერთგზის გვხვდება საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი ჩანაწერი და მეორე მხრივ, არ არსებობს საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს. არაღიარების პოლიტიკას ძალიან კონკრეტული პრაქტიკული დანიშნულება გააჩნია, ერთი მხრივ მან უნდა უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის მიერ რეგიონების ანექსიის პრევენცია, უნდა განამტკიცოს რუსეთის ოკუპანტ ძალად კვალიფიცირებისათვის საჭირო საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლები და გამორიცხოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების ყველა პერსპექტივა. ამ კუთხით, ძალიან დიდი სამუშაო გასწია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა ხელისუფლების დროს. არაღიარების პოლიტიკის წარმატებაში ასევე ლომის წვლილი მიუძღვით ჩვენს საერთაშორისო მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელთა დახმარებითაც პლანეტის ქვეყნების აბსოლუტური უმეტესობა საქართველოს აღიარებს მის საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში.


არაღიარების  პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია საქართველოს პოზიციების განმტკიცება საერთაშორისო სასამართლოებში. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე სახელმწიფოთაშორის დავაში, საქართველომ ეფექტურად შეძლოს საკუთარი პოზიციების დაცვა. ასევე, აუცილებელია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულები ეფექტურად გამოიძიოს და დამნაშავე პირები პასუხისგებაში მისცეს. ასევე, დროა, რომ საქართველომ დაიწყოს ფიქრი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში დავის განახლებაზე, რომლის სამართლებრივმა პერსპექტივამაც ახალი იმპულსი შეიძინა უკრაინისა და რუსეთის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. ყოველივე ზემოთქმულის მიზანი არა რუსეთის ,,გაღიზიანება“, არამედ, საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პრევენცია და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის აუცილებელი ყველა სამართლებრივი მექანიზმის შექმნაზე სისტემური მუშაობაა.


საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოზიცია კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის შესახებ ერთადერთი სწორი გამოსავალია არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად. უმნიშვნელოვანესია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებაზე მუშაობა, მაგრამ ეს მხოლოდ პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელი ერთი კომპონენტია. ეთნიკურ აფხაზებსა და ქართველებს, ასევე, ოსებსა და ქართველებს შორის ამ დრომდე ჩატეხილია თანამშრომლობის ხიდები, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დარჩენილი ჭრილობები ჯერ კიდევ არ არის მოშუშებული. მოლაპარაკების არსებულ ფორმატებთან ერთად აუცილებელია ფიქრი პირდაპირი დიალოგის ახალ ფორმაზე, რომელიც ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრებისთვის აუცილებელ ფონს შექმნის. იქიდან გამომდინარე, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული დემოგრაფიული სტრუქტურა და პოლიტიკური ვითარება განსხვავებულია, აუცილებელია მოლაპარაკეების ფორმატებში რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით არსებული სტატუს კვოს შესაცვლელად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს თუ რა ნაბიჯების გადასადგმელად არის ქვეყანა მზად. აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისთვის თამამი შეთავაზებების გაკეთება და ურთიერთნდობის აღდგენისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც, თავისთავად ცხადია, არ იქნება მარტივი. თუმცა, თუ ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკის აქტიურად შექმნა გვინდა, არ არსებობს სხვა მშვიდობიანი გზა, გარდა გახსნილი საუბრისა და პოზიციების ურთიერთშეჯერებისა. პერიოდულად გაჟღერებულა მოსაზრება, რომ პირდაპირმა საუბარმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას არაღიარების პოლიტიკასა და შესაბამისად ქვეყნის სუვერენიტეტს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ორი პროცესი ერთმანეთის პარალელურად უნდა წარიმართოს, რათა ერთი მხრივ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ეფექტური დაცვისთვის საჭირო სამართლებრივი საფუძვლები გამყარდეს და რუსეთს მაქსიმალურად შეეზღუდოს მოქმედების არეალები, ხოლო მეორე მხრივ, შეიქმნას ერთ სახელმწიფოში კომფორტულად თანაცხოვრებისთვის აუცილებელი გარემო. ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს გაერთიანებისთვის უკეთეს პერსპექტივას შექმნის და ქვეყანას გამოიყვანს იმ ჩაკეტილი წრიდან, რომელზეც ის არა ერთი წელია ტრიალებს.

 

(1) ვრცლად ამასთან დაკავშირებით იხილეთ: საბა ფიფია, ,,სამხედრო ოკუპაციის საერთაშორისო სამართალი“, ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის პუბლიკაციათა სერია, იურისტების სამყარო 2020.



ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე
8 აგვისტო, 2020 წ. 
 

ფოტოს წყარო: https://www.ghn.ge/news/230819-2008-tslis-agvistos-omi-kronika

გააზიარე: