საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის რამდენიმე მიმდინარე აქტუალურ საკითხზე და საქართველოსათვის მათ გავლენაზე „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.
- ბატონო ვიქტორ, ფაქტია, რომ დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფად ცვალებადია. ეს რომ ასეა, საკმარისია თვალის შევლება იმ ინფორმაციებისთვის, რომელიც თუნდაც შედარებით მცირე დროში მსოფლიოში ხდება.
არადა, იმდენი საყურადღებო მოვლენა ხდება, რომელთაც კონკრეტული დატვირთვა აქვს მსოფლიოსათვის, კავკასიის რეგიონისათვის და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ წინა საუბრიდან ცოტა დრო გავიდა, დარწმუნებული ვარ, ამ შედარებით მცირე მონაკვეთში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც თქვენ შეუმშნეველი არ დაგრჩებოდათ და შესაბამისად ჩვენი მკითხველისათვის ბევრი საინტერესო სათქმელიც დაგიგროვდათ...
- დიახ, პრაქტიკულად ყოველი გასული კვირა განსჯისა და ანალიზისათვის ისეთ მასალას გვიტოვებს, რომ პრაქტიკულად საგანგებოდ გვიწევს მათი დახარისხება და განსაკუთრებულად საინტერესოს გამორჩევა.
წინა ინტერვიუებში არაერთხელ აღვნიშნე, რომ მსოფლიო ისეთ გზას დაადგა, რომლის ზუსტი გზამკვლევი და ორიენტირები მეტწილად ვარაუდების ხარჯზეა. იგივე თანაბრად ითქმის სამხრეთ კავკასიის მეტად რთულ რეგიონზე, რომელიც სხვადასხვა ინტერესთა გზასგასაყარზეა.
შედეგად, მოვლენათა შეფასება, ისევე როგორც მათი განვითარების თუნდაც საშუალო ვადაში პროგნოზირება დიდ სიფრთხილესა და დაკვირვებას მოითხოვს. გასაგები მიზეზების გამო, მე საუბარს სწორედ ჩვენი რეგიონით დავიწყებ, ვინაიდან უშუალოდ ჩვენსავე სამეზობლოში მიმდინარე სომხურ-აზერბაიჯანული ცხელი დაპირისპირების ახალი ფაზა პირდაპირ კავშირშია საქართველოს შიდა სტაბილურობასა და მის საგარეო მედეგობასთან.
ისევე როგორც, კავკასიაში საბრძოლო მოქმედების შესაძლო ესკალაცია ღია საფრთხეა რეგიონალურ უსაფრთხოებისა და საქართველოს რეგიონალური და რეგიონსმიღმა არსებითი ინტერესებისათვის.
- ძალიან კარგია, რომ ჩვენს სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე არჩიეთ ყურადღების გამახვილება.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 12 ივლისისს დაწყებული გამწვავება აქტიური მსჯელობისა და შეფასების საგნადაა ქცეული. რჩება შთაბეჭდილება, რომ წინა პერიოდთან შედარებით, კონფლიქტის მიმდინარე ფაზა გამორჩეულია, რაც თავისთავად მოითხოვს ახალ რეალობაში ვითარების გამწვავების შეფასებებში ახალი ელემენტების იდენტიფიცირებას...
- თქვენს შეკითხვის დასკვნით ფრაზას მინდა გამოვეხმაურო. დიახ, დღესდღეობით ყველა ვთანხმდებიოთ, რომ საბრძოლო მოქმედებათა ახალი ფაზა წინა ფაზებისგან განსხავდსება.
დავიწყოთ იმით, რომ მხარეთა შორის დაპირისპირება ამჯერად მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციულ საზღვრებს მიღმა, ტოვრუზის ოლქის ტერიტორიაზე განვითარდა.
ახალმა გეოგრაფიამაც კონფლიქტს ახალი განზომილება შესძინა, რაც ძალიან დამაფიქრებელია.
თუმცა, მთიანი ყარაბაღის ზონის მიღმა ცხელი ფაზის გადატანა არ არის ის ერთდაერთი გარემოება, რომელიც დაფიქრებასა და გაანალიზებას საჭიროებს.
საგანგებოდ უნდა ვთქვა ისიც, რომ ჩემი ანალიზით არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ ვერსიებით, გნებავთ, დაშვებებით ვსაუბრობ. მწამს, რომ ეს ვერსიები თუ დაშვებები აუცილებელია თემის უკეთ გასაშლელად. სხვაგვარად, სადისკუსიო არეალი შეიზღუდება, ხოლო საკითხის ირგვლივ მსჯელობა გაღარიბდება.
დავიწყებ იმ ასპექტის გახმოვანებით, რომელიც, ჩემი აზრით, ძალზე პრინციპულია. კერძოდ, ხომ არ უკავშირდება კონფლიქტში მორიგი აფეთქება რეგიონალური ენერგეტიკული სურათის გადალაგების მცდელობას?
ეს შეკითხვა როდია რიტორიკული თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ კონფლიქტის განვრცობის ახალ გეოგრაფიულ მონაკვეთზე სამი უმთავრესი სატრანსპორტო არტერია გადის. თითოეული მათგანის დანიშნულებაზე თუნდაც მოკლე მინიშნება ნათელს გახდის სწორედ რომ შემოთავაზებულ პრიმზაში პასუხის შემდგომ განვითარებას.
უფრო კონკრეტულად კი, ერთერთი ჩვენთვის კარგად ცნობილი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენია (BTC), რომლითაც აზერბაიჯანული ნავთობის ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში ტრანსპორტირება ხდება.
მეორე ძირითად არტერიას ტრანს-ანატოლიური მილსადენი (TANAP) წარმოადგენს, რომელიც აზერბაიჯანიდან კასპიის გაზის ისევ და ისევ საქართველოსა და თურქეთის გავლით, სამხრეთ ევროპაში გატანას ემსახურება იმ წერტილამდე, სადაც ამ კონკრეტული მილსადენს გაზის ევროპის სიღრმეში გასატანად ტრანს-ადრიატიკული მილსადენი უერთდება.
ბოლოს, აღნიშნულ სამეულს შეკრავს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი. მისი უფრო სრული სახელწოდებაა, ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიგზა, რომელიც კასპიის რეგიონის გავლით ევროპასა და ცენტრალური აზიისა და ჩინეთის გადაზიდვების უზრუნველმყოფი გახდება.
ამ მეტად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კავშირების თუნდაც ასეთი მოკლე აღნუსხვა აშკარად მეტყველებს რეგიონისათვის მათ უზარმაზარ ეკონომიკურ დატვირთვაზე. აქვე იმასაც თუ გათვალისწინებით, რომ დასახელებულთაგან პირველი ორი პირდაპირ კონკურენციაშია რუსული ინტერესების, ხოლო სარკინიგზო პროექტი ისევ და ისევ რუსეთის არაპირდაპირ, მაგრამ ინტერესთან კონკურენციაშია, იოლი მისახვედრია რომ საკითხი დასაბუთებულად გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ელფერს იძენს.
რამდენიმე საყურადღებო ციფრის მოშველიებაც მსურს, რაც საერთო ვითარებაში უკეთ გარკვევაში დაგვეხმარება.
კერძოდ, 2019 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანული ნავთობის ევროპულმა ექსპორტმა 230 მილიონ ბარელი შეადგინა, რაც თანხობრივად 15 მილიარდამდე აშშ დოლარია, ხოლო იმავე წლის გაზის ექპორტი 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე ავიდა, რაც ქვეყნისათვის 2,6 მილიარდ აშშ დოლარს უდრიდა.
ამდენად, ევროპაში ამ ორი ნედლეულის ექსპორტის თვალსაზრისით აზერბაიჯანი რუსეთის ძირითად კონკურენტად იქცა, ხოლო ეს კონკურენცია მომდევნო წლებში ტრანს-ანატოლური მილსადენის ამოქმედებით უფრო გაიზრდება.
- პრაქტიკულად, ახალი ენერგეტიკული რუკა ახალი რეგიონალიური ძალთა ბალანსის ექვივალენტია.
ამის გათვალისწინებით რამდენად სწორი იქნება საუბარი იმაზე, რომ ყარაბაღის და მის გარშემო კონფლიქტთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ მონაწილეთა რაოდენობა უშუალო დაპირისპირებაში ჩართულ მხარეთა რაოდენობას აღემატება კიდეც?
- უკვე ვახსენეთ, რომ საკითხი ძალზე დელიკატურია და ჩვენც მხოლოდ დაშვებებით ვისაუბრებთ. ისიც ფაქტია, რომ საბოლოო სურათი ჯერ არ გამოკვეთილა, რაც მტკიცებით ტონალობაში საუბრის საშუალებას არ იძლევა. თუმცა, უკვე მოცემული ეტაპის რამდენიმე საყურადღებო გარემოება სიღრმისეული მსჯელობისათვის სასარგებლოა და აუცილებელიც.
დავიწყოთ იმით, რომ რუსულ-თურქული ურთიერთობისა და ბოლოდროინდელი „პარტნიორობის“ სპეციფიკაზე ბევრი დაიწერა და უამრავი კომენტარი გაკეთდა. შესაძლოა, ცალკეული ნიუანსების განმეორება მომიწევს, მაგრამ ძირითადი სათქმელის ჩამოსაყალიბებლად რეგიონალური „კვარტეტის“ - რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი - უცნაურად მოზაიკურ განტოლებას გამოვიყენებ.
დღეის მდგომარეობით, სამხრეთ კავკასია რუსეთის სასიცოცხლო ინტერესების ფარგლებშია. ეს მხოლოდ ჩვენი დროის მოვლენა არაა და პოტიომკინის ცნობილი ფრაზის არ იყოს,- „რუსეთის ბედი მისი სამხრეთით წყდება“.
ვითარების ამჟამინდელი აღქმა პრინციპის დონეზე პრაქტიკულად უცვლელია. თუმცა, ობიექტური ფორმით ბუნებრივად განსხვავებული. ერთია, რუსეთის მხრიდან დეკლარირებული ინტერესი სამხრეთ კავკასიაზე კონტროლით მისი სამხრეთ სასაზღვრო რეგიონებში გავლენისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მაგრამ, არანაკლებია აგრეთვე მოსკოვის დაინტერესება სამხრეთ კავკასიისა და შავი და კასპიის ზღვების მაკრორეგიონის გავლით ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ ნაწილზე წვდომისა და გასასვლელზე. რუსეთის ამავე სტრატეგიული სამხრეთკავკასიური პოლიტიკური ხაზით აიხსნება სომხეთზე ძლიერი რუსული გავლენაც.
საიდუმლო არაა, რომ დღესდღეობით ერევნის მხრიდან ესა თუ ის რეგიონალური ხასიათის გადაწყვეტილება თუ მოქმედება მოსკოვთან პოზიციების შეჯერების გზით ხდება.
ცალკეული წყაროები ამითვე ხსნიან 12 ივლისის მოვლენებს და, შესაბამისად, გამორიცხავენ სომხეთის მხრიდან რაიმე „შემთხვევითობას“ ან „ავტონომიურობას“. რა თქმა უნდა, საკითისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ჩვენ არ გვაძლებს არც იმის უფლებას და არც შესაძლებლობას, რომ აღნიშნული მოსაზრების დასაბუთებით დავკავდეთ.
სამაგიეროდ, რუსული რეგიონალური ვექტორი ვერ მეგობრობს თურქეთის ბოლოდროინდელ პოლიტიკასთან, რომელიც მიმართულია შავი და კასპიის მაკრორეგიონში ჰეგემონიასა და ექსპანსიისაკენ.
ნიშანდობლივია, რომ ზოგიერთი მკვლევარი მიმდინარე პროცესებს მოქმედი თურქული ხელისუფალის ნეო-ოტომანური ამბიციური პროექტის რეალიზების სურვილად აღიქვამენ.
ვფიქრობთ, რომ ასეთი თამამი სახელდება საკამათოა, მაგრამ თანამედროვე თურქეთის შიდა და საგარეო კურსის გარკვეულ შინაარსობრივ ტენდენციებზე საუბარი უკვე თამამად შეიძლება.
ეს თემაც დიდი და მრავალწახნაგოვანია. თუმცა, ის რაც აშკარაა, ესაა თურქეთის მზაობა აზერბაიჯანთან უფრო მჭიდრო პარტნიორობაზე. ასეთი მზაობა რამდენიმე პრაქტიკულ ამოცანასაც უკავშირდება. ერთი მხრივ, ანკარა ცდილობს მოსკოვთან ენერგეტიკული ურთიერთობა შეინარჩუნოს, რისი თვალსაჩინო გამოვლინებაა ე.წ. „თურქული ნაკადის“ (TurkStream) პროექტი.
მაგრამ, ამავე დროს თურქების ამოცანაა - რუსებთან სატრანსპორტო-ენერგეტიკული კავშირის პარალელურად, - რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება. ამდენად, ტრანს-ანატოლიური მილსადენი, სხვა რესურსებთან ერთად, სწორედ რომ დივერსიფიკაციის ერთიანი დიდი გეგმის ნაწილია.
ზოგად პოლიტიკურ და იდეოლოგიურ დონეზე კი აზერბაიჯანთან მიმართებაში თურქეთის დამოკიდებულება „ერთი ხალხი, ორი ქვეყნის“ დეკლარირებული პრინციპის თანხვედრია.
ბოლოდროინდელ მოვლენათა ფონზე გასათვალისწინებელია აზერბაიჯანულ საგარეო კურსში მოსალოდნელი ცვლილებები. გასულ ორიოდე ათწლეულში ოფიციალური ბაქოს ტრადიციულ ხელწერად იქცა რუსულ და თურქულ ინტერესებს შორის ბალანსის შენარჩუნება.
ასეთ მიდგომას საკუთარი რაციონალური ახსნა ჰქონდა - ქვეყნის შიდა სტაბილურობისა და ქვეყნის მონაწილეობით რეგიონალური პროექტების რეალიზებისათვის, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ესაჭიროებოდა რუსეთისგან მინიმუმ ხელის არშეშლა, ხოლო თურქეთისგან კეთილგანწყობა და მხარდაჭერა.
ამ ეტაპის გადასახედიდან კი საფუძველს არ არის მოკლებული აზერბაიჯანული ბალანსირების აქტის დაკორექტირება, თანაც არცთუ შორეულ მომავალში.
კურსის დაკორექტირების განმაპირობებელი შესაძლოა გახდეს როგორც სომხეთთან გადაუწყვეტელი ტერიტორიული დავა, ისე რუსეთის არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება მრავაწლიანი კონფლიქტისადმი, როგორც სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში წევრობა აქედან გამომდინარე შესაძლო შედეგებით, ისე თურქეთის მზარდი რეგიონალური როლი და ამბიცია.
სხვათა შორის, ყარაბაღისა და მისი მიმდებარე რაიონების ფარგლებში კონფლიქტის განტოლებაზე საუბრისას, აუცილებლად აღსანიშნია, რომ თურქულ-აზერბაიჯანული ენერგეტიკული ალიანსი, რასაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ტრანს-ანატოლიური მილსადენი, და რომლის შედეგიცაა რუსული ენერგომატარებლების საექსპორტო პოტენციალის შეზღუდვა ან მათზე ფასის შემცირება, დაუკავშირდეს რეგიონში რუსული აგრესიის შესუსტებას სათანადო რესურსის არქონის გამო.
რეგიონალური სურათის ეს უმთავრესი კომპონენტი კი შეუძლებელია ამერიკის შეერთებელი შტატებისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ყურადღების მიღმა დარჩეს.
- ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიისა და მასთან ორგანულად დაკავშირებული შავი და კასპიის ზღვების რეგიონში ძალთა ბალანსი ახალი წონასწორობის წერტილის ძებნაშია. გასაგებია ისიც, რომ ყოველივე ეს საქართველოს მხრიდან პროცესზე გულმოდგინედ დაკვირვებასა და ფილიგრანულ თანამონაწილეობას მოითხოვს...
სამეზობლოსთან დაკავშირებული საკითხები მეტ-ნაკლებად მიმოვიხილეთ. ახლა გავცდეთ ჩვენს სამეზობლოს. გთავაზობთ საუბარი გავაგრძელოთ ისეთ საკითხებზე, რომელსაც გავლენა აქვს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ ზოგადად ევრაზიულ და გლობალურ კონფიგურაციაზე.
მეტად საყურადღებოა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-სა და და ჩინეთს შორის ურთიერთობებში განახლებული სიმწვავე. ამ თვალსაზრისით საგულისხმო იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ამასწინდელი განცხადება. მას დაემატა პრეზიდენტ ტრამპის განცხადება - „ჩვენ მსოფლიოს ისტორიაში ძლიერი ეკონომიკა შევქმენით, შემდეგ კი ჩინეთმა ეს ჭირი გამოუშვა“...
- უდავოა, ჩვენ იმდენად ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ, რომ ყველა ისეთი გლობალური თემა, რაც ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სტრატეგიულ მხარდამჭერს და გულშემატკივარს - ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხება - ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეებისგან მხრიდან მუდმივი ყურადღებისა და ანალიზის საგანია.
ეს ინტერესი ორმაგად აქტუალურია, თუკი განსახილველი პრობლემატიკა შეეხება აშშ-ს ურთიერთობებს მეორე მსხვილ გლობალურ მოთამაშეს - ჩინეთს.
თქვენ სწორად აღნიშნეთ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პომპეოს ამასწინდელი გამოსვლა ნიქსონის სახელობის კალიფორნიულ ბიბლიოთეკაში. ამ გამოსვლას ზოგიერთმა ავტორიტეტულმა წყარომ „მეორე ფულტონის სიტყვა“ უწოდა, სხვებმა კი აშშ-სა და ჩინეთს შორის ახალი „ცივის ომის“ დაანონსებად.
ალბათ, ასეთ შეფასებებს თავიანთი დასაბუთება აქვთ. თუმცა, ვფიქრობ, რომ პომპეოს გამოსვლისათვის განსაკუთრებული საგამონაკლისო დატვირთვის მინიჭებით ამ მომენტისათვის ასე ნუ ავჩქარდებით.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საყურადღებოა თუ პომპეოს განცხადებები როგორ აისახება კონკრეტულ საქმესა და პრაქტიკულ მოქმედებაში.
აუცილებლად აღსანიშნია ისიც, რომ სახელმწიფო მდივნის გამოსვლა მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან მოყოლებული ამერიკულ-ჩინური მეტად კომპლექსური ურთიერთობების ჭრილშია დასანახი.
საქმე ისაა, რომ განვლილ პერიოდში აშშ-ს არაერთხელ მოუხდენია „ახალი ჩინური პოლიტიკის“ დეკლარირება, იქნებოდა ეს „კულტურულ რევოლუციასთან“, ნიქსონისა და კისინჯერის დროინდელ ჩინეთთან დაახლოვებასა და, შედეგად, 1979 წელს დიპლომატიური ურთიერთიბების დამყარებასთან, თუ გასული საუკუნის 90-წლებში საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე პეკინთან აქცენტების გადახალისებისთან დაკავშირებული ამბები.
აქვე უნდა ვახსენოთ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის ბოლო რედაქციები, სადაც ჩინეთზე საუბარია, როგორც აშშ-ს სტრატეგიულ კონკურენტზე, რომელიც აქტიურად შეუდგა საერთაშირისო წესრიგის ნორმების რევიზიას რეგიონალური და გლობალური ზეგავლენის მოსაპოვებლად.
თუ პომპეოს გამოსვლის უშუალოდ წინსმწრებ განვითარებას მივმართავთ, დავინახავთ, რომ ეს იყო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომთან, „ტრანს წყნარი ოკეანეს პარტნიორობის“ სავაჭრო შეთანხმებასთან და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავისუფალ მიმოსვლასთან დაკავშირებული პერიპეტიები.
ამ მოკლე ევოლუციური რაკურსით კიდევ ერთხელ მსურდა ორმხრივი ურთიერთობის თავისებურებაზე გამემახვილებინა ყურადღება.
მაშინ რა არის ის მთავარი და განმასხვავებელი, რამაც არაერთ მკვლევარს მხრიდან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გამოსვლა „ცივი ომის“ გამოცხადებად შეაფასებინა? ვფიქრობთ, ამის მიზეზია ქვეყნის მთავარი დიპლომატის მიერ პეკინთან წინა ადმინისტრაციების „კონსტრუქციული თანამშრომლობისა“ და „სტრატეგიული დაახლოვების“ პოლიტიკური ხაზის უარყოფითად, ხოლო ასეთი „თანამშრომლობისა“ და „დაახლოვების“ შედეგად ჩინეთში დემოკრატიზაციის ექსპერიმენტის წარუმატებლობად დახასიათება.
უფრო მეტიც, - მიმართვის უშუალო ადრესატად პომპეომ ჩინელი ხალხი დაასახელა და, რეალურად, მმართველობის სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე ღიად ისაუბრა. შემთხვევითი როდია, რომ ეს „აუცილებლობა“ ასე კარგად ნაცნობი, „რეჟიმის შეცვლისაკენ“ მოწოდებად აღიქვა ბევრმა.
რამდენადაც გადაჭარბებულად არ უნდა მოგვეჩვენოს ამგვარი შეფასება, რეალურად იგი აშშ-ს მხრიდან ჩინეთის კომუნისტური მმართველობის მიმართ თვისობრივად განსხვავებულ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.
ახლა საკითხავია, თუ როგორ აისახება დეკლარირებული მიდგომა ყოველდღიურ პოლიტიკაში? რამდენად საფუძვლიანია დავასკვანთ, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია მორიგი „სოციალური ინჟინერინგის“ - ამჯერად გაცილებით დიდი მასშტაბისა და რისკების მქონე - ექსპერიმენტის სამზადისშია?
ეს ამ წუთისათვის ალბათ რიტორიკული შეკითხვაა, მაგრამ მოვლენათა განვითარების კვალდაკვალ შესაძლოა რეალურად აქტუალური გახდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ პომპეოს გამოსვლამ ჩინეთთან ურთიერთობაში ძველ აქცენტებთან ერთად „ახალი პოლიტიკის“ კონტურები გამოკვეთა. გამოსვლის თანახმად, ეს პოლიტიკა ეფუძნება მოსახლეობასთან „დაახლოვების ახალ ფორმებს“ და „პერსონალურ დიპლომატიას“.
სხვა ამბავია, თუ რამდენად განხორციელებადია ეს ყოველივე პანდემიური და პოსტ-პანდემიური გეოპოლიტიკური გადაწყობის პირობებში? რამდენად საკმარის რესურსს მოიძიებს თეთრი სახლის მოქმედი თუ მომავალი ადმინისტრაცია დეკლალირებული პოლიტიკური ხაზის საიმპლემენტაციოდ? საინტერესოა ისიც თუ როგორი იქნება ამ ხაზის საპასუხოდ საკუთრივ ჩინური საზოგადოების რეაქცია?
ერთი რამ ლოგიკურია - და მოულოდნელობას სულაც არ წარმოადგენს - რომ ჩინეთის ხელისუფლების საინფორმაციო პროპაგანდამ სახელმწიფო მდივნის სიტყვა „ომისაკენ მოწოდებად“ შეაფასა და გარე საფრთხის საპირისპიროდ ჩინელ ხალხს პარტიის ირგვლივ მეტი კონსოლიდაციისაკენ მოუწოდა.
ზემოთქმულის გათვალისწინებით ასევე აშკარაა, რომ აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში დაიწყო ჩინეთის მხრიდან რეგიონალურ სამეზობლოზე წნეხის ზრდისა, და გლობალურ დონეზე, - ქცევის სათავისოდ მორგებული სტანდარტების დასამკვიდრებლად, - პოლიტიკასთან ასოციირებული რისკების სერიოზული გადაფასება და გააზრება.
ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მზარდი თვითდაჯერებულობა გამოწვევაა როგორც საერთაშორისო წესრიგის ჯერ კიდევ არსებული ფრაგმენტებისათვის, ისე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დასავლური პრინციპებისათვის.
ამდენად, შემორჩება თუ არა ისტორიას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პომპეოს გამოსვლა ჩვენი დროის „ვრცელ ტელეგრამად“ (“Long Telegram”) თუ „იქს სტატიად“ (“X Article”), ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
- ფაქტია, რომ ამერიკულ-ევროპული ერთობა გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ჩინური რევიზიონიზმის მოსათოკად, არამედ ზოგადად მსოფლიოში გავლენების ხელახლა გადანაწილების საქმეში.
შესაბამისად, ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლისას, ანგარიშგასაწევი იქნება საკუთრივ ევროპის ფაქტორი. იგი აქტუალურია იმის გათვალისწინებითაც, რომ ევროპა-ჩინეთს შორის საკმაოზე მეტად გააქტიურებულია ეკონომიკური ურთიერთობები. მეტიც, ბრიუსელის ევროსტრუქტურები დიდი ხალისით არ შეხვედრიან პეკინის წინააღმდეგ ვაშინგტონის კრიტიკას...
თქვენი დაკვირვებით, ამის გათვალისწინებით რამდენად შეძლებს აშშ საერთო-დასავლური ალიანსის შეკვრას ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ? რამდენად მხარს დაუჭერს ვაშინგტონს ევროკავშირი ჩინეთთან ახალი კურსის გატარებისას?
- ზუსტი შენიშვნაა. გნებავთ, მეორე მსოფლიო ომის დასრულების, თუ ომისშემდგომი ისტორიის არაერთი კრიტიკული ეპიზოდისას, ასევე დღესაც საერთო-დასავლურ სოლიდარობას წონადი სათქმელი ჰქონდა და აქვს არამხოლოდ აზიის, ისე მსოფლიოს სხვა არერთ „ძალის ცენტრში“.
ჩვენ პომპეოს სიტყვაზე ვისაუბრეთ. აღსანიშნავია, რომ სიტყვის ირგლივ კრიტიკულ შეფასებებში ის მოსაზრებაც, რომ პომპეოს მკაფიოდ არ განუსაზღვრავს კრიტერიუმები, რომელთა ირგვლივ მის მიერ შემოთავაზებული დიდი გაერთიანება უნდა შედგეს.
მართალია, სახელმწიფო მდივნის გამოსვლის ასე დეტალურად გარჩევა ჩვენი ამოცანა არაა, მაგრამ ამერიკულ-ევროპული ერთობის უდიდეს როლსა და მნიშვნელობაზე გლობალურ პროცესების სწორად წარმართვისათვის ყველანი ვთანხმდებით.
ბუნებრივია, დასავლური ცივილიზაციის ამ ორ უმთავრეს მდგენელს - აშშ-სა და ევროპას შორის რაიმე ბზარის არარსებობა და მათი კონსოლიდირებული, სინქრონში ურთიერთქმედება ქართული სახელმწიფოს მდგრადობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორისაა.
რადგან კონსოლიდაციასა და სოლიდარობაზე ჩამოვარდა სიტყვა, მოკლედ მინდა აღვნიშნო ის უდავოდ ისტორიული პროცესი, რაც ევროკავშირის წიაღში ვითარდება და რაც დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია.
საუბარია პანდემიით გამოწვეული ზარალის დასაძლევად სპეციალურად განკუთვნილ პროგრამაზე, რომლის ქვაკუთხედია ობლიგაციების გამოშვების გზით 750 მილიარდი ევროს მოზიდვა.
ამ თვალსაზრისით იმდენად თანხის ოდენობა არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის, რომ პირველად ევროკავშირის ისტორიაში ოცდაშვიდივე წევრი სახელმწიფო ვალზე სოლიდარულად პასუხისმგებელი იქნება.
საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით ეროვნული პარლამენტების რატიფიცირებას საჭიროებს, მაგრამ უკვე ამთავითვე დასაშვებია იმ ოპტიმიზმის გაზიარება, რაც ევროკავშირის ერთიანობის პერსპექტივას უკავშირდება სკეპტიკოსთა ყველაზე ცუდი პროგნოზების ფონზე.
ზოგიერთი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოღვაწე ოპტიმისტურ განწყობებში კიდევ უფრო შორს წავიდა და ამ გადაწყვეტილებას ევროპული „ჰამილტონისებური მომენტი“ უწოდა.
საუბარია ალექსანდრე ჰამილტონზე, აშშ ხაზინის მდივანზე, რომელმაც 1790 წელს საჯარო სასესხო მექანიზმით ხელი შეუწყო კონფედერაციაში შემავალი 13 კოლონიის უფრო მჭიდრო, ფედერაციულ კავშირად გაერთიანების პროცესს.
ასეა თუ ისე, როგორ ხატოვნადაც არ უნდა შეფასდეს ევროკავშირის განახლების პროცესი, ვფიქრობ, ხსენებული მოვლენა ჩევნი ქვეყნისათვის ძალიან ახლო და საგულშემატკივროა - ჩვენი დიდი პოლიტიკური მიზანი ხომ ევროპულ კავშირში სრულუფლებიანი წევრობაა და, ამდენად, ამ კავშირის სიმთელე და სიჯანსაღე საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია.
გავიმეორებ მხოლოდ, რაც არარეთხელ მანამდე მითქვამს. როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები ჩვენ თვითონ, დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ. ამას გვკარნახობს ისტორიული გამოცდილება, ამისკენ გვიძიგებს აწმყოში ფორმირებული მოვლენები.
აქვე კონდოლიზა რაისის მხრიდან სულ ახლახანს „ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე“ გამოსვლის ნაწყვეტი გამახსენდა, რომ „შესაძლოა საერთაშორისო გარემოებები ძალიან ხელსაყრელი არ იყოს, მაგრამ საკუთარი ქვეყანა თქვენ (ქართველებმა) უნდა ააშენოთ“. რთულია, არ დავეთანხმოთ აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ამ განცხადებას.
კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”