ნატო-ში გაწევრიანება და საქართველოს „დიდი სტრატეგია“

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გაჟღერდა მოსაზრებები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დასაჩქარებლად ახლებური მიდგომისა და მოდელის შესახებ. „ნატო-ს იმაში დარწმუნება, რომ ალიანსი საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმაროს, ძალიან რთული იქნება. თუმცა, თუ ტერიტორიების დაბრუნება ნატო-ს მოქმედებების ფუნდამენტური პოზიცია არ იქნება, ეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გააადვილებს.“ - ამის შესახებ ნატო-ს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი, ადმირალი სტავრიდისი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობს. 


ამერიკელი ადმირალი პირველი არ არის, ვინც ამგვარ განცხადებას აკეთებს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. ჩვენ ადრეც მოვისმინეთ მსგავსი მოსაზრებები. ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდრეს ფოგ რასმუსენი და ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „The Heritage Foundation“-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი ასევე, შეეხნენ ამ საკითხს სხვადსხვა დროს.

 
ქვემოთ შევეცდებით აღვწეროთ ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც აღნიშნული მიდგომის შემოტანა აუცილებელი გახდა ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივაში და ის გამოწვევები, რომლებიც ზემოქმედებენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის წარმატებით განხორციელებაზე. 


რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხი შეუძლებელია სწორად დავინახოთ გლობალური კონტექსტის განხილვის გარეშე. 


ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მსოფლიოში სახეზეა ე.წ. „ერთპოლუსიანი სამყაროს“ საბოლოო დასასრული, სადაც აშშ-ის გლობალური დომინირება საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ურთიერთობებში აშკარა დაღმასვლას განიცდის. დასავლეთის მხრიდან სისუსტე გამოვლინდა უკრაინის, კერძოდ, ყირიმის საკითხთან მიმართებაშიც. ზოგადად, საერთაშორისო არენაზე გაჩნდა ე.წ. ძალაუფლების ვაკუუმი, განსაკუთრებით ეს ახლო აღმოსავლეთს ეხება, რომელიც ბუნების კანონის მსგავსად, მაშინვე გეოპოლიტიკური დაფის სხვა მოთამაშეებმა - რუსეთმა, ირანმა, ჩინეთმა, თურქეთმა და ა.შ. შეავსეს და სახეზე მივიღეთ რეალობა, სადაც რუსეთს მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სივრცეში თანასწორ მოთამაშედ დაბრუნების საშუალება მიეცა, რაც მისი დიდი ხნის დეკლარირებული მიზანი და რევანშისტული ოცნებაც იყო.


მნიშვნელოვანი პრობლემებია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებათაც. ევრო-ატლანტიკური სივრცე დიდი ხანია შიდაპოლიტიკური გამოწვევების წინაშე იმყოფება, რაც ძალიან ართულებს შიდა კონსოლიდაციას არა ერთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში, მათ შორის, ნატო-ს გაფართოებასთან და რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით. სახეზე გვაქვს რუსეთის ფედერაციის მიერ დასავლეთის ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევისა და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებზე გავლენის მოხდენის არა ერთი მაგალითი. შედეგად კი, საპასუხო რეაქცია დასავლეთის მხრიდან არა საკმარისად ეფექტიანია. ცხადია, რომ არსებული არასახარბიელო გეოპოლიტიკური კონტექსტი უარყოფითად აისახება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების ვადებზე. მიუხედავად იმისა, რომ ნატო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობისა და პარტნიორობის პოლიტიკური დღის წესრიგი შეიძლება ითქვას, რომ უმაღლეს ნიშნულზეა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო საგზაო რუკა არ არსებობს და მთავარი შეკითხვა, თუ როდის გახდება საქართველო ალიანსის წევრი, პასუხგაუცემელია.


აღნიშნულ ვითარებაში, ადმირალ სტავრიდისის, ანდრეს რასმუსენისა და ლუკ კოფის რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, დასაფიქრებელია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე, იმ პირობით თუ თავდაპირველად, (საქ. ტერიტორიების სრულ დეოკუპაციამდე), ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-5 მუხლის მოქმედება არ გავრცელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მნიშვნელოვან გააზრებას საჭიროებს საქართველოშიც და შესაბამისი პოლიტიკური დისკუსიის გახსნასაც ითხოვს. ეს მოდელი შესაძლოა ერთადერთ რეალურ საშუალებად იქცეს, რომელიც ახლო ან საშუალო ვადიან პერსპექტივაში საქართველოს შანს მისცემს გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი პრობლემური საკითხების გარდა, არსებობს რამდენიმე სკეპტიკურად განწყობილი დიდი ევროპული დედაქალაქიც, რომლებიც რაღა დასამალია და რუსეთის ფაქტორის, მისგან მომდინარე საფრთხეების გამო, საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში სკეპტიკურად და შიშნარევად უყურებენ. ამ შიშის საფუძველი კი, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და კონფლიქტის ჰიპოთეტური ესკალაციის შიშია, რომელშიც ნატო-ც შეიძლება იქნას ჩათრეული. ზემოთ მოყვანილი შეთავაზებები სწორედ ამ შიშების დაძლევისა და პრაქტიკული, ახალი გზის ძიების მცდელობა და ერთ-ერთი ვარიანტია, თუ არა ერთადერთი. 


ამ ფონზე რა ვითარება გვაქვს დღეს? ამ წუთას, როცა ამ სტრიქონებს ვწერთ, საქართველოს მთავარი ავტობანის ერთ-ერთი მონაკვეთიდან სულ რაღაც 300 მეტრში მიმდინარეობს ე.წ. „ბორდერიზაციის“ კიდევ ერთი უკანონო პროცესი. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ზოგადად უსაფრთხოების სისტემა მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშეა. სამხედრო ბალანსისა და სტრატეგიული მოკავშირეების თვალსაზრისით, საქართველო რეგიონალური აუტსაიდერია. შიდა პოლიტიკური სტაბილურობა კი შორს არის სასურველისგან.


აღნიშნული გარემო ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნის. ნატო-ში გაწევრიანება, სწორედ ამ გრძელვადიანი ამოცანის გადაწყვეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ვიტყოდი, ფუნდამენტური წინაპირობაა. იგი არა მარტო წმინდა უსაფრთხოების საკითხი, არამედ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანია - გახდეს ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსისა და განვითარებული სამყაროს ნაწილი. იმ სამყაროსი, რომელიც პატივს სცემს ქვეყნების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიულ ღირებულებებს: კანონის უზენაესობას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. ყველაფერთან ერთად, ეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ისტორიულ არჩევანს. 


საქართველო მისი ინსტიტუციური განვითარების, დემოკრატიის აღმშენებლობისა და თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბების გზაზე ჯერ კიდევ გარდამავალ ეტაპზე იმყოფება. ჩვენს თანამედროვე ყოფიერებას კვლავინდებურად დამოკლეს მახვილივით ემუქრება რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის შედეგიც ყველაზე ცუდ შემთხვევაში სწორედ ამ ცივილიზაციურ არჩევანზე უარის თქმის იძულება შეიძლება გახდეს ყველა შესაძლო ტრაგიკული შედეგით. ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის არჩევანი, საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის მიერ არის გაკეთებული და მხარდაჭერილი. გზა, რომლის წარმატებით გავლაც ასევე ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა.


ამრიგად, საქართველოს ეგზისტენციური არსებობისა და მისი დღევანდელ, კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში გაკეთებული არჩევანის წარმატებით რეალიზება, ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ინტერესია, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან უსაფრთხო განვითარების შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. 


შესაბამისად, დღეს ჩვენი ქვეყანა დგას სტრატეგიული დილემის წინაშე. სახეზეა ერთგვარი ჩიხური სიტუაცია - შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობა, დასავლეთში არსებული სკეპტიციზმი და შიშები რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან ერთად საქართველოს ამყოფებს გეოპოლიტიკურ ტყვეობაში და მანევრის უკიდურესად მცირე არეალს უტოვებს. სწორედ ამდაგვარი ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის ვარიანტია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია იმ ფორმით, სადაც მე-5 პუნქტი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სწორედ ამ სტრატეგიული ამოცანის გადაჭრა უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და პოლიტიკა.


აღნიშნული მიდგომის პრაქტიკული იმპლემენტაციის გზაზე დასადგომად გასააზრებელია რამდენიმე საკითხი. 


პირველი შეკითხვა, რომელიც ახსნილი და განმარტებული უნდა იყოს, მათ შორის, მოსახლეობისთვისაც, არის თუ არა ამგვარი პირობით ნატო-ში გაწევრიანების გზა ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმის სინონიმი? და რა მნიშვნელობის საკითხია საქართველოსთვის  ნატო-ში გაწევრიანება? 


ნიშნავს თუ არა ბატონების სტავრიდის, რასმუსენისა და კოფის მიერ გაჟღერებული მოდელები ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმას? ჩვენი აზრით, პასუხი ამაზე - უარყოფითია. როგორც რამდენიმე საერთაშორისო მაგალითი გვიჩვენებს, მიუხედავად განსხვავებული ისტორიული კონტექსტისა, ალიანსის წევრობა შესაძლებელია ისე, რომ ეს არ ნიშნავდეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმას, არც მორალურად და არც სამართლებრივად. 


ამასთან ერთად, აუცილებელია გაგრძელდეს და გაძლიერდეს ძალისხმევა არ-აღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ასევე, აღნიშნული ხედვის განხორციელების გზაზე, დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ძალის არ გამოყენების ახალი ვალდებულების აღების და დაფიქსირების საკითხი საქართველოს მხრიდან. 


მკაფიოდ უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რა უფრო მნიშვნელოვანია - ალიანსის წევრობა, გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფა, თუ არსებულ სტრატეგიულ ბურუსში დარჩენა, რომელიც თითქმის არანაირ ხელშესახებ პერსპექტივებს არ გვიტოვებს უახლოესი პერიოდისათვის. სხვადასხვა პოლიტიკოსების მიწოდებები, რომ არსებულ რეალობაში რუსეთთან პირდაპირი დიალოგი რაიმე წარმატების მომტანი იქნება სქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის, საფუძველს მოკლებულად მიგვაჩნია. როგორც ისტორიული წარსული და ზოგადად რუსული სტრატეგიული კულტურა გვიჩვენებს, ეს მხოლოდ სახიფათო ილუზია შეიძლება იყოს. საქართველოს საკმარისად აქვს მის ისტორიაში ამდაგვარი ცრუ მოლოდინების მწარე გაკვეთილები. 


ამასთან ერთად, ჩვენი საზოგადოების არჩევანია, მოწყდეს იმ სივრცეს, რომელიც არის ძალადობის, ფასადური სუვერენიტეტის, ტექნოლოგიური და ეკონომიკური ჩამორჩენის სინონიმი. მოწყდეს რეჟიმებს, რომელთათვისაც ოპონენტების ძალისმიერი ლიკვიდაცია ჩვეულებრივი პრაქტიკა არის. რეჟიმებს, რომელთაც მცირე სახელმწიფოების სუვერენიტეტი არაფერს წარმოადგენს. მოწყდეს მონური მენტალიტეტის სივრცეს.


ზემოთ მოყვანილ შეკითხვებზე პასუხი და ალიანსში გაწევრიანების ახლებური ხედვის კონკრეტული რეალიზების პოლიტიკა, თავისი შინაარსით, ე.წ. „დიდი სტრატეგიის“ დონის საკითხია დღეს საქართველოსათვის. როგორც ცნობილი სამხედრო ისტორიკოსი და „არაპირდაპირი მოქმედების სტრატეგიის“ ავტორი ლაიდელ ჰარტი ამბობს - „დიდი სტრატეგია მოიცავს, უმაღლესი ეროვნული პოლიტიკის დონეზე მიზნებისა და საშუალებების სინქრონიზაციას“ სასურველი მიზნის მისაღწევად საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ დიდ სტრატეგიას ვხედავთ, როგორც სახელმწიფოს თეორიას, ან ლოგიკას, რომელიც მის უმაღლეს ინტერესებს აკავშირებს გარესამყაროსთან ყოველდღიურ ინტერაქციაში. დიდი სტრატეგია ფორმას აძლევს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მის დიპლომატიას და ა.შ. იგი წარმოადგენს ინტერესების, საფრთხეების, რესურსებისა და პოლიტიკების ინტეგრირებულ კონცეფციას (კონცეპტუალურ ხედვას). დიდი სტრატეგია - ეს არის ინტელექტუალური არქიტექტურა, რომელსაც საგარეო პოლიტიკა აძლევს სტრუქტურასა და ფორმას; იგი ეხმარება ნაციას, ერს საკუთარი გზა და ადგილი იპოვოს სამყაროში
 

გრძელვადიანი მშვიდობიანი განვითარებისა და საგარეო პოლიტიკური მიზნების ახლებური რეალიზაციის უზრუნველყოფის კონკრეტული მოდელი, ის რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, სწორედ ამგვარი დონის ამოცანაა. ეს საქართველოს „დიდი სტრატეგია“ შეიძლება იყოს. ამიტომ ქართულმა მხარემ მკაფიო პოზიცია უნდა დაიჭიროს აღნიშნულ მიდგომასთან დაკავშირებით, კონკრეტული საკითხებზე შეჯერებული პოზიციითა და მისთვის მკაფიო წითელი ხაზებით. 
 

აქვე აუცილებელია, გააზრებულ იქნას, რომ ალიანსში გაწევრიანება თავისთავად მხოლოდ არ კმარა ჩვენთვის უსაფრთხოების სათანადო დონის უზრუნველსაყოფად. საქართველო, ნატო-ში ყოფნის მიუხედავად, მის გეოგრაფიულ პერიფერიაზე იქნება, საკმაოდ მძიმე საგარეო-პოლიტიკური გარემოთი. ამიტომ, სუვერენული თავდაცვითი შესაძლებლობის მაქსიმალური განვითარების საკითხი, ჩვენი ალიანსში წევრობის მიუხედავად, დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება. 


ყველაზე რადიკალური, თუმცა არა წარმოუდგენელი სცენარის შემთხვევაში, თუ საქართველოს მიმართ მაინც განხორციელდა აგრესია, სანამ მოხდება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედება, (შეგახსენებთ, ამისათვის ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობაა საჭირო) საქართველოს აგრესიის მოგერიება გარკვეული დროით მაინც მარტოს მოუწევს, ვინაიდან გეოგრაფიული მდებარეობა გარკვეულ შეზღუდვებს ქმნის საქართველოსათვის. იმისათვის, რომ არ მოხდეს ჩვენი ნების გატეხვა, ისტორიული არჩევანის საბოლოოდ დასამარება და ქვეყნის დესუვერენიზაცია, საჭირო იქნება სათანადო ფიზიკური და ფსიქოლოგიური მედეგობის მიღწევა. ამიტომ, ჩვენი თვითკმარი თავდაცვისუნარიანობის დონე, მაქსიმალურად ხანგრძლივი ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას უნდა გულისხმობდეს.


რაც არ უნდა წარმოუდგენლად ჩანდეს ამგვარი სცენარი, თუ რამეს გვასწავლის ისტორია, თუნდაც მისი უახლოესი პერიოდი, ეს არის - არასოდეს თქვა არასოდეს. ამიტომ, სახელმწიფოს უმაღლესი ვალდებულებაა იფიქროს შესაძლო საფრთხეების პრევენციის ყველანაირ სცენარზე. 


ამასთან, სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიული განვითარება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. საქართველომ უნდა მიაღწიოს მდგომარეობას, სადაც შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების სწორი, მყარი და გამართული მუშაობა, ქვეყნის სტაბილური არსებობისა და განვითარების წინაპირობა იქნება. 


აღნიშნული მსჯელობის შედეგად სახეზე გვაქვს ორი მთავარი მიმართულება - საგარეო პოლიტიკური და თავდაცვის სფეროში საშინაო ძალისხმევის მობილიზების აუცილებლობა, რის კომბინაციამაც უნდა შექმნას საქართველოს უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის უმთავრესი სვეტები უახლოესი წლებისათვის. მისი რაციონალური სტრატეგიული მოთმინების ინსტიტუციური საყრდენები.


აღნიშნულ გზაზე, თავდაცვის სისტემის გაუმჯობესების პრაქტიკულ მექანიზმებად მიგვაჩნია მისი გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რომელსაც საერთო ეროვნული პოლიტიკური კონსესუსი დაედება საფუძვლად. ე.წ. „თავდაცვის აქტი“, საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული ინსტრუმენტი, რომელსაც პარლამენტები მიმართავენ აღნიშნულ სფეროში გრძელვადიანი პოლიტიკის შესამუშავებლად და სისტემის განვითარებისა და რეფორმებისათვის, განსაკუთრებით საპარლამენტო რესპუბლიკებში.


ამასთან ერთად, აუცილებელი იქნება ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური მუშაობა, როგორც თავდაცვის აქტის მიმართულებით, ისე საგარეო პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისათვის. მითუმეტეს პერიოდულად ისმის მოწოდებები, სხვდასხვა დონის ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწეებისგან, რომ საჭიროა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე ავიდეს. თავდაცვის აქტი, შესაძლებელია, აღნიშნული მიმართულებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან სწორედ გაზრდილი დახმარების და თანამონაწილეობის თვისობრივად ახალ პრაქტიკულ მექანიზმად მოგვევლინოს. 


ასევე, აუცილებელი იქნება აშშ-თან ორმხირივი ურთიერთობის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა ნატო-ში გაწევრიანების კუთხით მოკავშირეებში არსებული წინააღმდეგობების გადასალახადაც. მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებელი იქნება კომუნიკაცია ბერლინთან და პარიზთან. ყოველივეს წარმატებისათვის კი აუცილებელი იქნება მკაფიო გზავნილებისა და მიდგომების დემონსტრირება, მზაობა თვისობრივად ახალი პოლიტიკის იმპლემენტაციისათვის. აღნიშნულ ფრონტზე ვერ ვიქნებით წარმატებული, თუ ჯერ ქვეყნის შიგნით არ მოხდება ჩვენ მიერ ზემოთ განხილული და ბატონების - ჯეიმ სტავრიდისის, ანდრეს რასმუსენისა და ლუკ კოფის მიერ გაჟღერებული მიდგომის შიდა პოლიტიკური განხილვა, შესაბამისი მიდგომების ჩამოყალიბება და ამის მოსახლეობისათვის სწორი კომუნიკაციური გზებით მიწოდება. მკაფიოდ უნდა იქნას ახსნილი, რა დგას სასწორზე და რატომ გვჭირდება აღნიშნული მიმართულებით სიარული. 


ამასთან ერთად, სამუშაოა და ხაზგასასმელია, სად გადის წითელი ხაზები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რეჟიმებთან ურთიერთობაში. რის შეთავაზება და რაზე საუბარი შეგვიძლია დაახლოების გზაზე ხელშესახები პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად. გასააზრებელია, ასევე, ხედვის რეალიზაციის დროს, რუსეთის მხრიდან პოტენციური საპასუხო ნაბიჯებიც.


ამრიგად, სახეზე უნდა მივიღოთ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, ახალი მკაფიო მიზნები და ამასთან ერთად თავდაცვის შესაძლებლობების გრძელვადიანი განვითარების რეალური მექანიზმი, რაც ჯამში, გნებავთ დავარქვათ, საქართველოს „დიდი სტრატეგია“ უნდა იყოს ახლო და საშუალო ვადიან პერსპექტივაში. 


აშშ-ში მიმდინარე პროცესებისა და არსებული გლობალური ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ მიერ აღწერილი კონცეფციის იმპლემენტაცია არ არის ადვილი ამოცანა. თუმცა ის, რომ დღეს შექმნილი ჩიხური მდგომარეობა, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ისე ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასრულების ვადების თვალსაზრისით გადასალახია, ეს ცხადია და ამის მიღწევა აუცილებლად საჭიროებს საქართველოს სახელმწიფოსაგან ახლებური მიდგომების განვითარებას. როგორც მინიმუმ, საწყის ეტაპზე, ყოველგვარი შიშების გარეშე, აუცილებელია შესაბამისი პოლიტიკური დისკუსიის გახსნა ქვეყნის პარლამენტში და საექსპერტო საზოგადოებაში. საქართველომ უნდა იპოვოს ძალები დააღწიოს თავი იმ მოჯადოებულ წრეს რომლის ირგვლივაც ის უკვე დიდი ხანია დადის. 
 

გააზიარე: