მსოფლიო და საქართველო ახალ ათწლეულში


გადმოწერეთ PDF ფაილი

2020 წელი არაორდინალურია უპრეცედენტო სახის ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო, მაგრამ ასევე - იგი გახლავთ წელი მიმდინარე ათწლეულის დასასრულისა. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, სამყარო აწმყოს დასასრულს, ალბათ, ისე არასოდეს დალოდებია, როგორც დღეს, კოვიდ-19-ის პანდემიის დროს. მომავალ ათწლეულში ე.წ. პოსტ-პანდემიური მსოფლიო დღევანდელისგან განსხვავებული ვირუსისგან გამოწვეული მრავალგანზომილებიანი კრიზისის შედეგების გამო რომ იქნება ეს ცხადია, თუმც ასევე - აქტუალური გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე - იგი განსხვავებულად უფრო მწვანე, სოციალურად უფრო თანასწორი  და მეტად დემოკრატიულიც უნდა იყოს. კლიმატის საგანგაშო ცვლილება, მზარდი სოციალური უთანასწორობები და დემოკრატიის  გადემოკრატიულება - ეს ის გამოწვევებია, რომელთა გადალახვა დამდეგი ათწლეულის განმავლობაში, პირველ რიგში, მოუწევს გლობალურად მთელ მსოფლიოს.


კოვიდ-19-მა სამყარო რომ გააჩერა, მაგრამ ბუნება გამოაცოცხლა - ეს დადებითი ტენდენცია აუცილებლად უნდა აღინიშნოს. მაგალითად, ჰაერის დაბინძურების ხარისხის აღმნიშვნელი მაჩვენებელი - როგორც საქართველოს დედაქალაქში, ისე მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებში - მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმც, დროებით. დროებით, რადგან პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ცხოვრების სრულად აღდგენა, მით უმეტეს, მოსალოდნელი მკვეთრი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ჯერჯერობით, ადამიანის გარემოსადმი ისეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით მოიაზრება, როგორიც პანდემიამდე გახლდათ ან თუნდაც, ამჟამად, პანდემიის პერიოდში არის  - მილიარდობით გადაყრილი პირბადე მდინარეებსა და ზღვებში, აქტუალობას არ კარგავს დისტანციური მუშაობის/სწავლის პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც გაგრძელების იდეები, თუმც, ამავდროულად, მაინც ვისწრაფვით მივაღწიოთ გაერო-ს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებს, მათ შორის, შევამციროთ ზღვის/ოკეანეების დაბინძურება, ელექტროენერგიის არაოპტიმალური მოხმარება და ა.შ. გარემოსადმი ადამიანის აღნიშნული ამბივალენტური დამოკიდებულება, უწინარესად, შედეგია კლიმატის ცვლილების საკითხის სერიოზულობის ჯერ კიდევ კარგად გაუცნობიერებლობისა. სწორედ დამდეგი ათწლეული უნდა იყოს საფრთხის სრულფასოვნად გაცნობიერებისა და რეალურად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისა, გარემოსთვის ზიანის მიყენების მაქსიმალურად შემცირების მიზნით და პირველ რიგში, ადამიანის უსაფრთხოებისთვის, ეკოლოგიური მიგრაციის პრევენციისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებითია მმართველობის ყველაზე დონეზე გაჩნდეს მომავლის ისეთი პროფესია, როგორიცაა ეკომენეჯერი, რომელიც თითოეულ საჯარო სტრუქტურაში გადაწყვეტილების მიმღებთ დაეხმარება, საჯარო მმართველობა გახდეს უფრო მწვანე და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული, რაც გარკვეულწილად ხელს შეუწყობდა ასევე საქართველოში მწვანე ეკონომიკის დარგის პოპულარიზაციასა და მის განვითარებას. 


სწორედ ეკონომიკური, სოციალური სახის გამოწვევები იქნება მომავალი ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური მიმართულება. მსოფლიო ბანკის ამჟამინდელი მონაცემების თანახმად, გლობალური ეკონომიკური ზრდა შემცირდება დაახლოებით 5,2%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია უკანასკნელი 22 წლის შემდეგ; ასევე, პირველად ბოლო 20 წლის შემდეგ, 2020 წლისთვის მსოფლიოში გაიზრდება უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის რიცხვი და იგი დამატებით 100 მილიონს შეადგენს. კოვიდ-19-მა, განსაკუთრებით ისეთი მცირე ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ეკონომიკის დივერსიფიცირების აუცილებლობა (რაც საჭიროებს სრულიად ცალკე განხილვას), უფრო ცხადი გახადა ტურიზმის სახეობათა გამრავალფეროვნების საჭიროება. სულ უფრო რთულად პროგნოზირებად და მოულოდნელი გამოწვევებით სავსე სამყაროში, მნიშვნელოვანია საქართველომ განავითაროს გარე ფაქტორების გავლენებისგან ნაკლებად დამოკიდებული ისეთი დარგები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ მიმართულებით, მაგალითად, სასურველი იქნებოდა, საქართველომ გამოიყენოს ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელსაც იგი ფლობს სათევზაო ტურიზმის დარგის განვითარების კუთხით. მრავალფეროვანი ბუნება - 26 000-ზე მეტი მდინარისა თუ 860 ტბის სახით - ქვეყანას უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, მინიმალური საინვესტიციო ინფრასტრუქტურული დანახარჯებით, განავითაროს სათევზაო ტურიზმი და საკუთარი ნიშა დაიმკვიდროს ევროპულ ბაზარზე. სათევზაო ტურიზმის გასტრო ტურიზმის დარგთან კომბინაცია კი, ამავდროულად, ხელს შეუწყობდა სოფლის ტურიზმის მდგრად განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესების წახალისებას, ხოლო ადგილობრივ მაცხოვრებელთა და საერთაშორისო ვიზიტორთა შორის მეტი ინტერკულტურული ინტერაქცია კი, თავის მხრივ, განაპირობებდა სოფლებისა და რეგიონების მეტ ინტერნაციონალიზაციასაც. 


ტურისტული მიმართულებით მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს დედაქალაქმა, რომელიც ფლობს ზღვას, მდინარეს, ტბებს, დამდეგ ათწლეულში, ამ კუთხით შეიძინოს ახალი ტურისტული დანიშნულება აღნიშნული ბუნებრივი სიმდიდრის სრულად ათვისებით.


ამასთან, მომავლის საერთაშორისო ტურისტებს საქართველომ უნდა შესთავაზოს ინოვაციური ტურისტული სერვისები, თუნდაც, უკვე რეალობად ქცეული ფიქცია - მფრინავი ტაქსების სახით, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება (შეიძლება მეტად „მწვანე“-ც კი, ვიდრე სახმელეთო ტაქსი) ისეთი ტურისტული ადგილების ერთმანეთთან მარტივად და სწრაფად დასაკავშირებლად, რომელიც ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმის თვალსაზრისით უნიკალურია საქართველოში.


სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომ ქვეყნის წარმატების ბაზისია, უდავოა, თუმც, ამავდროულად, მნიშვნელოვანია საქართველომ, დამდეგ ათწლეულში, გაატაროს გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული ისეთი სოციალური პოლიტიკა, რომელიც მკვეთრად შეამცირებს დღევანდელ სოციალურ უთანასწორობებს, მიგრაციის ტალღას და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს საზოგადოების საშუალო ფენის გაძლიერებას. მსოფლიო ბანკის კვლევის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით ეფექტურია, პირველ რიგში, სწორედ სოციალური უთანასწორობების წინააღმდეგ მიმართული ზომების მიღებით, ვიდრე უშუალოდ  და მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმართვით, ვინაიდან იგი თავისთავად კიდევ უფრო უწყობს ხელს უკვე არსებული უთანასწორობების გაღრმავებას. ეს უკანასკნელი კი  კოვიდ-19-მა, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაამძაფრა გლობალურ დონეზე. შესაბამისად, მეტად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მიღწევის გლობალური მიზნიდან გამომდინარე, მომავალ ათწლეულში, აღნიშნულის ბაზისის - განათლების ყველასთვის ხელმისაწვდომობის გარდა, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, აგრეთვე, საშუალო, უმაღლესი და პროფესიული განათლების ისეთი ეფექტური სისტემა, რომელიც იქნება მეტად დეცენტრალიზებული და ინტერნაციონალური, რაც ერთგვარი წინაპირობაა კონკურენტუნარიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისა. დღეს, სამწუხაროდ, PISA-ს საერთაშორისო კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც ამოწმებს მსოფლიო ქვეყნებში მოზარდების მზაობას გაუმკლავდნენ გამოწვევებს, თუ რამდენად არიან ისინი მომზადებულნი დაიწყონ დამოუკიდებელად აქტიური ცხოვრება იმ უნარ-ჩვევების საფუძველზე, რომელიც სკოლებში შეიძინეს, საქართველო რეიტინგის ერთ-ერთ ბოლო ადგილზე იმყოფება. ქვეყნის განათლების - განსაკუთრებით უმაღლესი განათლების -სისტემის დეცენტრალიზებისა და ინტერნაციონალიზაციის დადებითი შედეგები მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს, მომავალ ათწლეულში, ადგილობრივი, ცენტრალური თუ გლობალური მმართველობის ერთმანეთთან ინტერაქციას ადგილობრივი მოსახლეობისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.


სწორედ მმართველობის მეტი დემოკრატიულობა გახლავთ მომავლის ერთ-ერთი გლობალური გამოწვევა. მსგავსად ადამიანის ამბივალენტური დამოკიდებულებისა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრასთან მიმართებით, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების პარალელურად, დღეს, ადამიანი სულ უფრო ამბივალენტური ხდება მმართველობის დემოკრატიულად წარმართვის კუთხით. ბუნებრივი კანონზომიერების შედეგია, რომ თანამედროვე საზოგადოება, ისევე როგორც ყველა სხვა ადრეულ ეპოქებში, სულ უფრო ვისწრაფვით მეტი ტექნოლოგიური და ინოვაციური პროგრესისკენ, მაგრამ დემოკრატიისთვის მახასიათებელი არასრულყოფილი ბუნების გამო, სულ უფრო ვკარგავთ თავისუფლებას. „ეს - ტექნიკა კი არ არის ცუდი, არამედ ადამიანის დამოკიდებულება ტექნიკის გამოყენების თაობაზე“ - წერდა დიდი ფრანგი მოაზროვნე ჟაკ ელული, რომელმაც ჯერ კიდევ 1950-იან წლებში იწინასწარმეტყველა ტექნიკისადმი ადამიანის დამოკიდებულება, როგორც საფრთხე პიროვნული თავისუფლებისა (და არა მხოლოდ) დემოკრატიულ წყობილებებში. დღეს, დისტანციური სამუშაო/საგანმანათლებლო პროცესი შლის ზღვარს პიროვნულ თავისუფლებას და საჯარო ქცევას შორის, სოციალური ქსელების განვითარება მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი პირადი მონაცემების დაცულობასა და აზროვნების თავისუფლებას, „ფეიკ ნიუსები“ ვნებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, უფრო მეტიც, ციფრული სამყაროს პროგრესის შედეგად წარმოქმნილმა ჰიბრიდულმა ომმა სახელმწიფოთა უსაფრთხოება სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და ა.შ. შესაბამისად, დამდეგ ათწლეულში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების - მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის - პროგრესის დემოკრატიის სასარგებლოდ დემოკრატიულად რეგულირება იქნება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელთანაც გამკლავება მოუწევს როგორც მსოფლიოს, ისე ჩვენს ქვეყანას.


აღნიშნული გამოწვევა, განსაკუთრებით კი ჰიბრიდული ომის საფრთხე, საქართველოსთვის სულ უფრო იზრდება რუსული სამხედრო ძალების მიერ საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციისა და ყოველდღიური „მცოცავი ოკუპაციის“ ფონზე. რუსულ-ქართული კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრისა და ევროკავშირთან/ნატო-სთან დაახლოების პროცესში მნიშვნელოვანია საქართველომ მულტილატერალური ურთიერთობების მიღმა, შექმნას ახალი მინილატერალური ფორმატები საერთაშორისო საზოგადოების მეტი მხარდაჭერის მოპოვების მიზნით; მაგალითად, როგორიც გახლავთ უკვე ქართულ-ფრანგულ-გერმანული პოლიტიკური სამკუთხედი, ლუბლინის სამკუთხედი - უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვას თანამშრომლობის სახით და ა.შ. მსოფლიო ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მსგავსი მინილატერალური ინიციატივები ბუნებრივად შეუწყობდა, აგრეთვე, ხელს შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასა და მეტად გაღრმავებას.


აქვე აღსანიშნავია კულტურული დიპლომატიის გამოყენების მნიშვნელობა ხალხთაშორისი კონტაქტების მეტად განვითარების კონტექსტში, რაც შეიძლება დაემყაროს საზღვარგარეთ ქართული ენისა და კულტურის ცენტრების ჩამოყალიბებას. უცხოეთის ქვეყნებში ერთიანი ქსელის შექმნა ქართული ენისა და კულტურის ინსტიტუტის სახით, მსგავსად გოეთეს, ფრანგული ინსტიტუტისა თუ ბრიტანული საბჭოს ქსელებისა, ხელს შეუწყობდა ქართული ენის, კულტურისა და ზოგადად, ქართული სახელმწიფოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას თვისებრივად ახალ დონეზე, უწინარესად, კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიის შესაბამისად, განსხვავებით დღეს არსებული ფრაგმენტული მიდგომისგან. 


ამასთან, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის იმიჯის, უკეთ პოზიციონირების მიზნით, სასურველია, სულ მცირე, ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში, ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევები საქართველოს იმიჯის შესახებ. თანამედროვე გაერთიანებებთან - ევროკავშირთან და ნატო-სთან სრულფასოვანი ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესის მიღმა, აღნიშნული კვლევის შედეგები, ასევე, იქნებოდა მეტწილად ზუსტი ინდიკატორი მსოფლიოში საქართველოს, როგორც უძველესი, მრავალსაუკონავი ისტორიის მქონე  სახელმწიფოს, როლის განმსაზღვრელი სტრატეგიის უკეთ წარსამართად დამდეგ -  ეგრედწოდებული გონიერი მსოფლიოს ათწლეულში.

 

ფოტო: ©️ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

გააზიარე: