საპარლამენტო არჩევნების მიმოხილვა (ნაწილი 1)  

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

სრულიად არაორდინალური მოვლენებით დახუნძლული 2020 წლის პოლიტიკური ნაწილი საქართველოში კულმინაციას უახლოვდება. ქვეყნის პრეზიდენტის მიერ 31 აგვისტოს გამოცემული განკარგულებით განისაზღვრა მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღი - 31 ოქტომბერი და ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. საქართველოში საარჩევნო პროცესები ყოველთვის დრამატულობით გამოირჩევა, საარჩევნო რიტორიკა უმეტესწილად კონკურენტის კრიტიკაზეა აგებული რეალური გამოსავლის შეთავაზების გარეშე, ხოლო,  კეთილისა და ბოროტის შერკინების ნარატივი, სულაც ქართული წინასაარჩევნო კამპანიების მთავარ ლეიტმოტივად ჩამოყალიბდა. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები გამორჩეული იქნება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით: დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველად, საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 120 წევრს პროპორციული წესით აირჩევენ; უმრავლესობის დასაკომპლექტებლად საჭირო იქნება პოლიტიკური ძალის მიერ ხმების 40%-ზე მეტის მიღება; საარჩევნო სიები უნდა შედგეს გენდერული კვოტის გათვალისწინებით; წინასაარჩევნო კამპანია და კენჭისყრა ჩატარდება პანდემიის პერიოდში. აღსანიშნავია, ასევე, რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეთ, როგორც წინასაარჩევნო გარემოზე საქართველოში, ასევე, არჩევნების შემდგომ შექმნილ პოლიტიკურ ამინდზე. 


საარჩევნო სუბიექტები


საარჩევნო პროცესებში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა სრულიად ბუნებრივია განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნისთვის. აბსოლუტურად საწინააღმდეგო გამოწვევის წინაშე დგას დასავლური ცივილიზაციის არაერთი სახელმწიფო, რომლებშიც პოლიტიკისა და პარტიული საქმიანობისადმი, განსაკუთრებით ახალგაზრდების, დაბალი ინტერესი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ასეთი ქვეყნები სხვადასხვა წამახალისებელ ინსტრუმენტებს ნერგავენ, მაგალითად, ამცირებენ პასიური საარჩევნო ხმის უფლებისთვის განსაზღვრულ ასაკობრივ ცენზს. საქართველოშიც 2012-2018 წლებში საპარლამენტო მანდატის მოპოვება შეეძლოთ საქართველოს მოქალაქეებს 21 წლიდან, თუმცა ამ ცვლილებას დრამატული გარღვევა არ მოუხდენია პარტიულ სისტემაში ახალგაზრდების ჩართულობის თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ქართული პოლიტიკური პალიტრა ფერთა სიჭრელეს არ უჩივის, რაც საბჭოთა პარტიული წარსულითაც შეიძლება აიხსნას. პარტიის წევრობა ის ერთადერთი პოლიტიკური ტრამპლინი იყო, რომელიც კარიერული დაწინაურების გარდა მმართველობით პროცესებზე რეალური გავლენის მოხდენის საშუალებას იძლეოდა. დამოუკიდებელ საქართველოში ერთპარტიული სისტემა მცირე ზომის მრავალმა პარტიამ ჩაანაცვლა და საბოლოოდ რეგისტრირებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობამ შთამბეჭდავ ნიშნულს მიაღწია. 2020 წლის მონაცემებით, საჯარო რეესტრში აღრიცხულია 263 პოლიტიკური გაერთიანება, ხოლო, მორიგი საპარლამენტო არჩევნებისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაიარა 66-მა პოლიტიკურმა პარტიამ. თუ საქართველოს პოლიტიკურ ელიტას მიზნად დასახული აქვს, კლასიკური საპარლამენტო სისტემის აკვანში, 67 მილიონიან დიდ ბრიტანეთში, არსებული პოლიტიკური პარტიების რაოდენობისთვის (349) გადასწრება, ამ შემთხვევაში სწორი ტემპით მივიწევთ წინ, ხოლო, თუ  პარტიის შექმნა გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე გავლენის მოპოვების იდეით არის ნაკარნახევი, მაშინ შესაძლოა ალტერნატიულ მექანიზმებზე დაფიქრებაც.  რა საკვირველია, პარტიის შექმნაში დასაძრახი არაფერია, თუმცა, როდესაც პოლიტიკური გაერთიანება საზოგადოების მხარდაჭერით წლებია არ სარგებლობს, ალბათ საზოგადოებრივი აქტივიზმის ან მესამე სექტორის საშუალებით იდეების ადვოკატირება გაცილებით პრაგმატული იქნება. არასამთავრობო სექტორის მცირე პოპულარობა საზოგადოებაში და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული შეკითხვები ის ძირითადი ფაქტორები შეიძლება იყოს, რომლებიც აქტიურ მოქალაქეებს  სხვადასხვა პოლიტიკაზე სამუშაოდ პარტიული სისტემის არჩევისკენ უბიძგებს. საკითხის დადებითი მხარე კი ის გახლავთ, რომ 66 პოლიტიკური ორგანიზაციისგან შემდგარი საარჩევნო ბიულეტენი საქართველოს მოქალაქეებს არჩევნის ფართო დიაპაზონს აძლევს და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს.

  


საარჩევნო კამპანიის მთავარი აქცენტები


პოლიტიკური სუბიექტების დიდმა ნაწილმა აქტიურად დაიწყო საარჩევნო კამპანია, მცირე ბიუჯეტისა და ზომის პოლიტიკური პარტიები სავარაუდოდ ოქტომბერში, კამპანიის დასკვნით ფაზაში, მეტად გააქტიურდებიან, რათა შეზღუდული რესურსები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენონ.  მიუხედავად საქართველოში ციფრული ტექნოლოგიებისა და ზოგადად, მასობრივი მედიის პოპულარობისა, ცალკეული ქართული პოლიტიკური ტრადიციები ჯერ კიდევ აგიტაციის  მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება. ასეთია, მაგალითად, ე.წ. კედლებისთვის ომი, რომელიც საარჩევნო პლაკატების გამოსაკრავად საუკეთესო სივრცის მოძიებასა და სტრატეგიულ ადგილას მის გამოკვრას გულისხმობს. კვლავ გამოიყენება ელექტორატთან საჯარო  სადილის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებთან ერთად, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.  ამომრჩევლის მოსყიდვა ის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში მყარად ფესვგადგმულია. ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის, რომელიც საკუთარი სოციალური პრობლემის მოკლევადიან გადაჭრაზეა ორიენტირებული, პირველადი საჭიროების პროდუქტების შეთავაზება პრაგმატული თვალსაზრისით ეფექტურია, თუმცა ფუნდამენტურად ანგრევს პოლიტიკურ სისტემას, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ასევე სოციალური ხასიათის რეფორმები, რომელთა გაცხადება ან განხორციელების დაწყება დროში ემთხვევა საარჩევნო პროცესს და ლეგიტიმურად აჩენს კითხვის ნიშნებს ამომრჩევლის არაპირდაპირი მოსყიდვის, ან ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების მიმართულებით. საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გამკაცრებული კანონმდებლობის ფონზე, საინტერესო იქნება  რამდენად ეფექტურად აღსრულდება რეგულაციები. საჯარო მოხელეების სახით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ცდუნება იყო საქართველოს ყველა ხელისუფლებისთვის და ვიმედოვნოთ, რომ შეცვლილი ნორმების ფონზე, პოლიტიკური სუბიექტების არათანაზომიერ მდგომარეობაში ჩაყენების ეს მანკიერი პრაქტიკა საზოგადოებრივად მეტად გასაკიცხი გახდება. 


რამდენიმე პარტიამ უკვე წარადგინა პოლიტიკური პროგრამის ნაწილი და საინტერესო სიახლეა, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, სუბიექტების დიდი ნაწილი მეტად ორიენტირებულია საარჩევნო დაპირებებსა და შინაარსობრივ ნაწილზე და ნაკლებად ჩამოდის მთავარ ფსონს პოლიტიკურ ლიდერებზე. პარტიების საარჩევნო პროგრამები, ამ ეტაპზე, ძირითადად ლოზუნგებით არის გაჯერებული და პრაქტიკულად არ გვხვდება კონკრეტიკა, რაც ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევნის გაკეთებას მნიშვნელოვნად უზღუდავს. მაღალი პოლიტიკური სტანდარტი მოითხოვს, რომ საარჩევნო სუბიექტმა დაასაბუთოს მის მიერ გაცხადებული ყოველი დაპირების განხორციელების ფინანსური თუ ტექნიკური ასპექტები. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც პარტიულ შეხვედრებზე ხშირად თავს იჩენს, საპარლამენტო მანდატისთვის არარელევანტური პოლიტიკური დაპირებების გაცემაა. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ კანდიდატები, ძირითადად, მუნიციპალური ხასიათის, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული, სამუშაოების შესრულების შესახებ გასცემენ პირობას. ასევე, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც დაპირებების შინაარსი უკავშირდებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების ექსკლუზიურ კომპეტენციას მიკუთვნებულ თემებს. საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი ფუნქციების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების პარალელურად, ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება საპარლამენტო მანდატისთვის არარელევანტური შეთავაზებებით უფრო და უფრო გართულდება. 


სამწუხაროდ, გამოიკვეთა შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური სუბიექტი ისტორიული სენტიმენტების გამოყენებით, ხელოვნურად შექმნილ საფრთხეზე მითითებით, შეეცადა ამომრჩევლის ნაციონალისტური გრძნობების გაღვიძებას და შექმნა ეროვნული შუღლის გაღვივების საფრთხე. საბედნიეროდ, საზოგადოების დროული, ნეგატიური რეაგირების გამო საფრთხის შემქმნელი ბანერები ჩამოიხსნა. ამ კუთხით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, რომ ერთი მხრივ, ეფექტურად აღკვეთოს ეროვნული შუღლის ნებსითი თუ უნებლიე მცდელობა და მეორე მხრივ, შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. აღწერილი ინციდენტი, მხოლოდ შიდა კონტექსტთან არ არის დაკავშირებული და მოიცავს საგარეო საფრთხეების რისკებს, რომლებთან დაკავშირებითაც სტატიის მეორე ნაწილში დეტალურად ვისაუბრებ. 


მორიგი საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებულია იმ კუთხითაც, რომ ახალი საარჩევნო სისტემა ამცირებს ერთპარტიული მმართველობის შანსებს და პოლიტიკურ სუბიექტებს უბიძგებს ერთმანეთთან თანამშრომლობისკენ. კოოპერაციის ნაკლებობა პარტიებს შორის, კომპრომისზე წასვლის მზაობის დეფიციტი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის არ მიღებით პასუხისმგებლობისგან თავის არიდება ის მიმართულებებია, რომლებიც აფერხებს ქართული პოლიტიკური სისტემის ძირეულ გარდაქმნასა და განვითარებას. დებატების დეპერსონალიზაცია და თემატური არგუმენტები ის ორი კატეგორიაა, რომლებიც ქართულ პოლიტიკას სასიცოცხლოდ სჭირდება. საინტერესო იქნება, კენჭისყრის დღემდე დარჩენილ პერიოდში, თუ რამდენად შეძლებენ პოლიტიკური პარტიები კონსტრუქციული ფორმის შენარჩუნებას და თემატურ ოპონირებას. მშვიდი საარჩევნო გარემო და სუბიექტებისთვის თანაბარი შესაძლებლობები არის ის აუცილებელი წინაპირობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. 

 

გააზიარე: