„ევროპის პარლამენტი აღიარებს საქართველოს პროგრესს ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების პროცესში, რის შედეგადაც საქართველო გახლავთ ევროკავშირის მთავარი პარტიონირი რეგიონში.“ - აღნიშნულია ევროპის პარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელსაც კენჭი ევროპარლამენტარებმა რამდენიმე დღის წინ უყარეს.
საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასების თაობაზე აღნიშნული გახლავთ ევროპის პარლამენტის რიგით მე-2 რეზოლუცია, პირველი ასეთი რეზოლუცია ევროპარლამენტმა 2018 წელს მიიღო. საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ევროკავშირის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში მეტად ფართო მხარდაჭერა და ნაკლები წინააღმდეგობა მოჰყვა, ვიდრე ორი წლის წინ. მეტი პროგრესი - მეტი მხარდაჭერა! წელს რეზოლუციას მხარი 552-მა დეპუტატმა დაუჭირა, 61 გამოვიდა მის წინააღმდეგ, 78-მა კი თავი შეიკავა განსხვავებით 2018 წლისგან - მაშინ რეზოლუციას გაცილებით ნაკლები - 528 დეპუტატი დაეთანხმა, ბევრად მეტი - 97 დეპუტატი შეეწინააღმდეგა, თავი კი 34-მა შეიკავა.
ფართო კონსენსუსის მქონე რეზოლუციაში ახალი მოწვევის ევროპარლამენტი მიესალმება საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების უწყვეტ გაღრმავებას და იმ ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომლითაც სარგებლობს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი. დღეს, ქართველის ხალხის 80%-ზე მეტის არჩევანი გახლავთ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია!
ევროპის პარლამენტის აღნიშნული შეფასებითი სახის დოკუმენტში აღწერილია ქვეყნის ევროინტეგრაციის ამჟამინდელი მდგომარეობა საშინაო და საგარეო მიმართულებებით, ისევე როგორც თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ამა თუ იმ კუთხით.
თავდაპირველად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის მოცემული რეზოლუცია გახლავთ კიდევ ერთი ნათლად გამოხატული დასტური საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისა და ერთგული მეგობრის - ევროკავშირის ურყევი, მტკიცე მხარდაჭერისა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი კვლავ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, „მცოცავ ოკუპაციას“ - მავთულხლართებისა თუ ყოველგვარი ხელოვნური ბარიერების გამოყენებით და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, გაიყვანოს რუსული სამხედრო ძალები ოკუპირებული საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების 20%-დან.
ევროპული მხარე ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მედია დაწესებულებებზე განხორცილებულ კიბერ-შეტევებს, რომელიც რუსულ აქტორებს უკავშირდება და გამოხატავს მზაობას დაეხმაროს საქართველოს კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში.
ევროკავშირის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ეს მხარდაჭერა, ვფიქრობ, მხოლოდ გაძლიერებულ უნდა იქნეს სამომავლოდ ევროკავშირში „მაგნიტსკის აქტის“ მიღების თვალსაზრისით. აღნიშნულის თაობაზე ევროპულმა მხარემ განცხადება ასევე 16 სექტემბერს (საქართველოს შესახებ მოცემული რეზოლუციის მიღების დღეს) გააკეთა. უდავოა, რომ ევროპული „მაგნიტსკის აქტი“ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიებზე ყველა იმ ფაქტის გარკვეულ პრევენციას, რაც უკავშირდება რუსული ოკუპანტი ძალის მხრიდან ყოველდღიურად ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევას, ისევე როგორც იგი იქნება მთლიანად - ევროპის კონტინენტზე ადამიანის უფლებების დარღევის წინააღმდეგ მიმართული ეფექტური მექანიზმი.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან ერთად, აღნიშნული რეზოლუციით ევროკავშირი კიდევ ერთხელ მიესალმება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საქართველოს სახელმწიფოს მიერ კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის სანიმუშოდ მართვის პროცესს და ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლებისა და სამედიცინო საზოგადოების მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში მიღებული ზომების ეფექტურობას.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი დადებითად აფასებს ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ დემოკრატიულ პროგრესს, იმ უწყვეტი, ყოვლისმომცველი სახის რეფორმებს, რომელიც ქვეყანამ ბოლო პერიოდში განახორციელა, მათ შორის, 2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმას, ე.წ. 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების შესრულებას, საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც უზრუნველყოფს მეტად წარმომადგენლობითი, ევროპული სახის პარლამენტს და დეპოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ გაწეულ საქმიანობებს.
მსგავსად, ევროპული მხარე მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს უშუალოდ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, რაც გულისხმობს ქვეყნის წარმატებულ მონაწილეობას ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამაში „ერასმუს+“, ქართული მხარის თანამშრომლობის გაძლიერებას „ევროპოლთან“, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირში/შენგენის ზონაში განხორციელებულ 1 მილიონამდე ვიზიტს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციიდან დღემდე, ხოლო ვიზალიბერალიზაციის თანმდევი პროცესის - მოქალაქეთა მხრიდან ევროკავშირის სივრცეში თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის მზარდი მაჩვენებლიდან გამომდინარე, ევროპის პარლამენტი კიდევ ერთელ მოუწოდებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს, საქართველო შეცნობილ იქნეს, როგორც უსაფრთხო ქვეყანა.
ევროპარლამენტი რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნავს, აგრეთვე, საქართველოს - როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორი ქვეყნის როლს და მის მნიშვნელოვან კონტრიბუციას სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში როგორც ერთიანი ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP), ისე ნატო-ს ფარგლებში და გამოხატავს მზაობას თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
რეზოლუციის თანახმად, ევროპული მხარე, ასევე, მიესალმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამაჟამად არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური სახის ურთიერთობებს, რომლის ფარგლებში ევროკავშირი საქართველოსთვის გახლავთ მთავარი სავაჭრო პარტნიორი - მთლიანი ვაჭრობის 27%-იანი წილით, ისევე როგორც დადებითად ფასდება ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების უწყვეტი პროცესი.
ამავდროულად, სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუციაში ხაზგასმულია საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის მეტი პროგრესირების აუცილებლობა, მათ შორის, 2019 წლის ივნისის მოვლენების სრულყოფილად გამოძიება.
ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული მართლმსაჯულების რეფორმის არაერთი ტალღის მიუხედავად, დღეს ვითარება კვლავ და მეტად ღრმა ტალღოვან რეფორმას მოითხოვს იმისათვის, რომ როგორც რეზულუციაშია აღნიშნული საქართველომ ამ მიმართულებით უპასუხოს უმაღლეს სტანდარტებს.
ქართულ-ევროპული ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად რომ ევროკავშირი სულ უფრო მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებას მოელის ქართული მხარისგან, აღნიშნულის დასტურია ევროპარლამენტის რეკომენდაცია საქართველოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების თაობაზე და ეს - უფრო მეტი პროგრესის მისაღწევად, ვიდრე დღეს გვაქვს. დღეის მდგომარეობით კი, საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსში 44-ე ადგილს იყოფს ჩეხეთთან, ლატვიასთან და კოსტა-რიკასთან ერთად მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის და აღნიშნული მაჩვენებლით იგი წინ არის არა მხოლოდ ევროკავშირის პარტნიორ ყველა სახელმწიფოზე „აღმოსავლეთ პარტნიორობიდან“ და „დასავლეთ ბალკანეთის“ რეგიონიდან, არამედ თვით ევროკავშირის წევრ რვა ქვეყანაზეც კი (მალტა - 50-ე, იტალია - 51-ე, სლოვაკეთი - 59-ე, საბერძნეთი -მე-60, ხორვატია - 63-ე, რუმინეთი და უნგრეთი -70-ე, ბულგარეთი -74-ე).
ამასთან, ევროპის პარლამენტი მოცემულ რეზოლუციაში მიესალმება ქართული მედიის დინამიურ და პლურალისტურ ხასიათს და ამავდროულად, აღნიშნავს საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელობას, რაც ასევე ქართული სახელმწიფოს მიერ უმაღლესი ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით გახლავთ ნაკარნახევი - კვლავაც მეტი, ვიდრე დღეს! დღეის მონაცემებით კი, საქართველო 2020 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში მე-60 ადგილს იკავებს მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის და აღნიშნული მაჩვენებლით იგი წინ არის არა მხოლოდ ევროკავშირის პარნტიორ ყველა სახელმწიფოზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტიდან და „დასავლეთ ბალკანეთის“ რეგიონიდან, არამედ თვით ევროკავშირის ისეთ ქვეყნებზეც კი, როგორიცაა - პოლონეთი (62), საბერძნეთი (65), მალტა (81), უნგრეთი (89) ან კიდევ ბულგარეთი (111).
ყველა ზემოაღნიშნულის ერთობლიობის გათვალისწინებით, ევროპული მხარე გამოხატავს მზაობას, სამომავლოდ, საქართველოსთან ურთიერთობები დაეფუძნოს თავად ევროპულ პრინციპს „მეტი მეტისთვის“, მათ შორის, გაძლიერდეს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით, საქართველოსთვის გაიხსნას მეტი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა ევროკავშირში და მეტად განვითარდეს სექტორალური თანამშრომლობა ციფრული ეკონომიკის, განათლების, კვლევისა და ინოვაციების მიმართულებებით, ისევე როგორც შესაძლებელი გახდეს საქართველოს მაქსიმალური მონაწილეობის უზრუნველყოფა ევროკავშირის სააგენტოებსა და პროგრამებში ამა თუ იმ მიმართულებით, ევროპის ე.წ. „მწვანე პაქტში“.
ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური სახის ურთიერთოებების გაღრმავება კი, ვფიქრობ, უდავოდ მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს საქართველოს გარდაქმნას რეგიონულ ჰაბად ეკონომიკური საქმიანობის ამა თუ იმ მიმართულებით, რომლის ძალიან კარგი წინაპირობა უკვე შექმნილი აქვს ქვეყანას, როგორც მისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის - ორი კონტინენტის მიჯნაზე ყოფნის თვალსაზრისით, ისე მისი დღევანდელი მიღწევებით. ამჟამად, საქართველო მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის შორის და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მას მხოლოდ დანიის სამეფო უსწრებს. „Frazer Institute“-ის ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ინდექსში კი საქართველო მე-8 ადგილზე იმყოფება მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის და ევროპის კონტინენტის სახელმწიფოებიდან იგი მხოლოდ შვეიცარიას ჩამორჩება.
აქვე აღსანიშნავია, რომ ევროპის პარლამენტი მიესალმება ქართული სამოქალაქო საზოგადოების ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულობის გადამწყვეტ როლს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეიმუშავოს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე აქცენტირებული ეროვნული პროგრამები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სასურველი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებამ, სამომავლოდ, შეიმუშავოს ისეთი ეროვნული პროგრამები, რომელიც სამოქალაქო აქტორების ჩართულობით, უზრუნველყოფს ადგილობრივ მწარმოებელთა და მასმედიის ინფორმირებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) იმპლემენტაციის თაობაზე, ისევე როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, ქართული ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე, გარე თუ შიდა აქტორების მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული სახის კამპანიების წინააღმდეგ ბრძოლას.
დაბოლოს, როგორც ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს: „[ევროპის] მომავალი იქნება სწორედ ისეთი, როგორსაც ჩვენ შევქმნით დღეს. და ევროპა [სამომავლოდ] იქნება სწორედ ისეთი, როგორიც დღეს გვსურს რომ ის იყოს!“ შესაბამისად, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, სამომავლოდ, ახალი თაობის ევროკავშირში იქნება სწორედ ისეთი, როგორსაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს დღეს უკვე. ამჟამად კი, არაფერია მასზედ მნიშვნელოვანი, ვიდრე როგორც ევროპის პარლამენტის რეზოლუციაშია ხაზგასმული - დამდეგი საპარლამენტო არჩევნების ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით და კონკურენტულ/სამართლიან გარემოში ჩატარება, რომელიც „იქნება გადამწყვეტი საქართველოს დემოკრატიული სანდოობის განმტკიცებისთვის“ და რომელშიც მიმაჩნია, რომ ჩვენ - საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მედიას, არასამთავრობო სექტორს - ნამდვილად გვაკისრია არსებითი სახის პასუხისმგებლობა.
თავის მხრივ კი, ევროპარლამენტის მზაობა, მეტად განავითაროს ურთიერთობები საქართველოს მომავალ - მე-10 მოწვევის პარლამენტთან, ნამდვილად უაღრესად მისასალმებელია. რეზოლუციის თანახმად, საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოს აქვს საშუალება, სამომავლოდ, უზრუნველყოს ყველა იმ შესაძლებლობის სრულად ათვისება, რომელიც თავად ევროპარლამენტის განმარტებით, საქართველოსთვის - როგორც პრიორიტეტული ქვეყნისთვის გახლავთ ხელმისაწვდომი ევროპის პარლამენტის მიერ დემოკრატიის მხარდასაჭერად წარმართული აქტივობების ფარგლებში.
ფოტო: https://bm.ge/uploads/news/5b36118560e56.jpg