„დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი“ – ორმხრივი ურთიერთობების ახალი ეტაპი და პერსპექტივები


გადმოწერეთ PDF ფაილი

„დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაფუძნებით ორი ქვეყნის ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა“ - სწორედ ასეთი შეფასება მიეცა საქართველოსა და საფრანგეთს შორის გაფორმებულ ერთობლივ დეკლარაციას, რომელსაც ხელი პრეზიდენტებმა - სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა მოაწერეს[1] 2019 წლის თებერვალში. მოგვიანებით, 2019 წლის დეკემბერში, პარიზში გაიმართა აღნიშნული დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, სადაც მიმოხილულ იქნა თანამშრომლობის ახალი ფორმატი.[2] აღნიშნული მოიცავს ქართულ-ფრანგული ურთიერთობების ყველა მთავარ ასპექტს და მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას პოლიტიკური მიმართულებით, თავდაცვის სფეროში, შიდა უსაფრთხოებისა და მიგრაციის, ეკონომიკისა და ვაჭრობის, ასევე განათლებისა და კულტურის საკითხებში. ამილახვრის სახელობის დიალოგის ფარგლებში ყოველწლიურად გაიმართება შეხვედრები, როტაციის პრინციპით, პარიზსა და თბილისში. გათვალისწინებულია, რომ დიალოგის რიგით მე-2 რაუნდი მიმდინარე წელს თბილისში ჩატარდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე მოსაზრება მიზნად ისახავს, ამილახვრის დიალოგის ფორმატის საფუძველზე, ქართულ-ფრანგული თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული გზების ძიების მცდელობას სხვადასხვა მიმართულებით.

 

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთთან თანამშრომლობის ახალი ფორმატის ჩამოყალიბება საქართველოს აძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანოს არამხოლოდ ორმხრივი ურთიერთობები, არამედ ეს ფორმატი ასევე გამოიყენოს საფრანგეთის, როგორც წამყვანი გეოპოლიტიკური მოთამაშის, პოლიტიკური მხარდაჭერის მეტი უზრუნველყოფისთვის ქვეყნის დეოკუპაციისა თუ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში; ამასთან, განავითაროს ის განსაკუთრებული, გამორჩეული ურთიერთობები, რომელიც უკვე არსებობს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში.

 

საფრანგეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს[3] წარმოადგენს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი დიპლომატიის ფარგლებში, განსაკუთრებით ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. შესაბამისად, ურთიერთობების განვითარების დინამიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის არეალის გაზრდა, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების მაღალი კონცენტრაციის გათვალისწინებით, საკონსულო დაწესებულების გახსნა ლიონში, ასევე საპატიო კონსულის ინსტიტუტის მეტად გამოყენება საფრანგეთის დიდი ქალაქების დონეზე. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ფრანგულ მხარესთან ახალი კავშირების დამყარებას ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით, მათ შორის, ფრანგული საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის, საფრანგეთის ბაზარზე ქართული საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა თუ უძველესი ქართული კულტურის პოპულარიზაციის კუთხით. საპატიო კონსულის ინსტიტუტის ფართოდ ამოქმედება საფრანგეთში, მაგალითად, 1920-იანი წლების ქართული ემიგრაციის შთამომავლებზე დაყრდნობით, ერთის მხრივ, შეიძლება მოაზრებულ იქნეს ისტორიული კანონზომიერების ნაწილად, მეორეს მხრივ, კი ეკონომიკური მიმართულებით გარკვეულწილად უპასუხოს ეკონომიკური დესპანის ინსტიტუტის ამოქმედების პრობლემატურ საკითხს (სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც).

 

ეკონომიკური მიმართულებით უნდა აღინიშნოს, რომ ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება დინამიურად, თუმც, არა პრივილეგირებულად. ამჟამინდელი მონაცემებით, საფრანგეთის რესპუბლიკა საქართველოს საექსპორტო ქვეყნების რიგში 24-ე ადგილს იკავებს[4] და იგი არ შედის საქართველოს მსხვილი ინვესტორი ქვეყნების TOP ოცეულშიც კი.[5] აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განსაკუთრებული როლი საქართველოს ცნობადობის ამაღლების კონტექსტში საფრანგეთში, თუმც, ზემოაღწერილი მიმართულებით მნიშვნელოვანია მეტად შეეწყოს ხელი ფრანგული მედიისა თუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს მიერ მიღწეული რეფორმების, ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოსა და მზარდი საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე,  მათ შორის, ადგილზე შეხვედრებითა თუ  საქართველოში მათი ვიზიტების ორგანიზებით. დღეის მდგომარეობით,  საქართველო მე-7 ადგილს იკავებს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ რეიტინგში მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის[6], „Fraser Institute“-ის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ ინდექსის მიხედვით კი, იგი 162 ქვეყანას შორის მე-12 პოზიციაზეა.[7] თავის მხრივ, საქართველომ, დიმიტრი ამილახვარის სახელობის დიალოგის ფარგლებში, მნიშვნელოვანია ასევე გაიზიაროს საფრანგეთის გამოცდილება ინოვაციური ბიზნესის განვითარების კუთხით, ვინაიდან ამ უკანასკნელის მხრივ, ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულება[8] დღეს ევროპაში სწორედ საფრანგეთის რესპუბლიკაა.

 

აქვე, აღსანიშნავია საქართველოსა და საფრანგეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ცირკულარული მიგრაციის თაობაზე, რომელიც ძალაში გასული წლის თებერვალში შევიდა და დღეს, იგი საჭიროებს პრაქტიკულ გამოყენებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმართვა, ერთის მხრივ, საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობის დონის ამაღლებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძლებლობების თაობაზე, მეორეს მხრივ კი, საფრანგეთში არსებული დასაქმების სააგენტოებისა თუ კერძო სექტორის ინფორმირების ხელშეწყობა აღნიშნულის შესახებ.

 

ზემოააღწერილის თაობაზე ფართო საზოგადოების ინფორმირებისა და ზოგადად,  საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის, იმიჯის ამაღლების ნაწილში, საჭიროა ასევე ციფრული დიპლომატიის აქტიური და თანმიმდევრული გამოყენება. აღნიშნული გარკვეულწილად უცხოეთში მყოფი თანამემამულეების უკეთ მომსახურებასაც შეუწყობდა ხელს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების მეტად ამაღლებას ფრანგული საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით.

 

ორმხრივ ურთიერთობებში უაღრესად წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის / Université  Franco-Géorgienne  (UFG) საქართველოში დაარსება[9]. დღეის მდგომარეობით, საფრანგეთი მსოფლიოში უცხოელი სტუდენტების მიღების მხრივ მე-4 ადგილს იკავებს, არაანგლოფონი უცხოელი სტუდენტების მასპინძლობის კუთხით კი იგი 1-ელ ადგილზეა. საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხარისხიანი განათლებისა და მეცნიერების სისტემის საფუძველზე, დღეს საფრანგეთი საათობრივი შრომითი პროდუქტიულობის თვალსაზრისით მე-7 პოზიციაზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის, მათ შორის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და გაერთიანებულ სამეფოზე წინ.[10] აქედან გამომდინარე, საჭიროა ქართულმა მხარემ გაზარდოს იმ სტიპენდიების მწირი რაოდენობა, რომელიც ამჟამადაა გათვალისწინებული საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი ყოველწლიური სასტიპენდიო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში (პროგრამას ახორციელებს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი). საფრანგეთთან აღნიშნული მიმართულებით ინვესტირების გაზრდა წინაპირობაა მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსის მიღებისა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ქართული სახელმწიფოს წინსვლას საჯარო სამსახურში კვალიფიციური კადრების დასაქმებით, რომლის ნაკლებობა, სხვათაშორის, დღეს დამაბრკოლებელ ფაქტორად არის მიჩნეული ევროკავშირის მიერ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.[11]

 

აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის დადებითი ტენდენცია, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის მსურველ ფრანგ ახალგაზრდებს უკავშირდება. ყოველწლიურად იზრდება იმ ფრანგი ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოდიან ევროპული გაცვლითი სასწავლო, სტაჟირებისა თუ მოხალისეობრივი პროგრამების საშუალებით. სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ პუბლიკასთან ქართულმა მხარემ დაამყაროს მეტად მჭიდრო ურთიერთობები საფრანგეთში მათი დაბრუნების შემდგომ. მაგალითად, შესაძლებელია „საქართველოს ალუმნის“ ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც გააერთიანებდა ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა სხვადასხვა საგანმანთლებლო თუ მოხალისეობრივი პროგრამის ფარგლებში. მსოფლიო ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით,  აღნიშნული, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს უცხოეთში ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით. ამასთან, მნიშვნელოვანია მოხდეს საქართველოში მყოფი ფრანგი ახალგაზრდების ფრანგულ მედიაში პოზიციონირების ხელშეწყობა მათი საქართველოდან წასვლის შემდეგ, რათა გაიზარდოს საქართველოს, როგორც რეგიონის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის ჰაბის პოპულარიზაცია. ქართული განათლების, კვლევითი თუ კულტურული სივრცის მიმზიდველობის გაზრდის ხელშეწყობისთვის ასევე არსებითია ფრანგ სტუდენტებთან შეხვედრები და საჯარო ლექციების გამართვა საქართველოს შესახებ აკადემიურ სივრცეში  - სხვადასხვა კვლევით თუ უმაღლეს დაწესებულებებში.

 

ახალგაზრდობის ნაწილში ურთიერთობების მეტად დინამიური სახის შეძენისთვის,  თბილისს აქვს კარგი შესაძლებლობა, ინიციატივის საფუძველზე, შეუერთდეს ნანტი ზაარბრიუკენის „ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამას[12], რომელიც დაძმობილებულ ქალაქებს შორის ყოველწლიურად მიმდინარეობს 2008 წლიდან. აღნიშნულ პროგრამაში თბილისის, როგორც ნანტთან და ზაარბრიუკენთან დამეგობრებული ქალაქის, ჩართულობა გარკვეულწილად ხელს შეუწყობდა ქართულ-ფრანგულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებას არსებული სამმხრივი ფორმატის ფარგლებში.

 

შეჯამების მაგიერ

 „და თუ ყველაფერი ისე არ არის, ყველაფერი ქართულ ქაღალდს დააბრალეთ და არა ...“[13]

 


[1] საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკოფერენცია: https://www.elysee.fr/emmanuel-macron/2019/02/19/conference-de-presse-emmanuel-macron-et-salome-zourabichvili-presidente-de-la-georgie

[2] „დიმიტრი ამილახვარის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ საინაუგურაციო შეხვედრის ერთობლივი დეკლარაცია:

ქარ.- http://mfa.gov.ge/News/dimitri-amilakhvaris-frangul-qartuli-dialogis-sain.aspx?CatID=5

FRA.- https://www.diplomatie.gouv.fr/fr/dossiers-pays/georgie/evenements/article/georgie-premiere-session-du-dialogue-dimitri-amilakhvari-paris-02-12-19

[3]  საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია 2019-2022 წლები:   http://www.mfa.gov.ge/MainNav/ForeignPolicy/ForeignPolicyStrategy.aspx

[4] საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წლის იანვარ-სექტემბერი: http://www.economy.ge/uploads/files/2017/foreign_trade/trade_turnover_2019_9_month_final.pdf

[5] პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, 2019 წლის III კვარტალი: https://www.geostat.ge/ka/single-news/1722/pirdapiri-utskhouri-investitsiebi-2019-tslis-iii-kvartali-tsinastsari

[6] მსოფლიო ბანკის „Doing Business”-ის 2020 წლის მონაცემები: https://www.doingbusiness.org/en/reports/global-reports/doing-business-2020

[7]„Fraser Institute“-ის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ ინდექსის 2019 წლის მონაცემები:  https://www.fraserinstitute.org/sites/default/files/economic-freedom-of-the-world-2019.pdf

[9] ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტში სწავლების ენა იქნება ქართული, ფრანგული და ინგლისური (დიპლომებისა და მიმართულებების შესაბამისად): https://fgu.ge/

[11] ევროპარლამენტის ანგარიში „Report on the implementation of the EU Association Agreement with Georgia”, გვ.7, პუნქტი #7: https://www.europarl.europa.eu/doceo/document/A-8-2018-0320_EN.pdf

[12] პროგრამა „ახალგაზრდა ელჩი - ნანტი-ზაარბრიუკენი“: https://www.ccfa-nantes.org/jeune-ambassadeur/

[13] ამონარიდი ალექსანდრე დიუმას ნაშრომიდან „კავკასია“: http://dumaspere.com/pages/bibliotheque/sommaire.php?lid=v3

გააზიარე: