შავი ზღვის რეგიონალურ უსაფრთხოებაზე მსჯელობა ბოლო წლების აქტუალური თემაა. ეს ლოგიკურად აიხსნება როგორც საკუთრივ რეგიონში მიმდინარე ღრმა ცვლილებებით, ისე გლობალური წესრიგის გადაწყობით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ძველი ნორმები და სტანდარტები, დიდწილად, უკვე გამოუსადეგარია, ხოლო ახლების სრულად დანერგვა ჯერ არ მომხდარა. საკითხზე მსჯელობა საგანგებო მნიშვნელობისაა და მთავარია, რომ იგი კომპეტენტურ შეფასებებსა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით წარმოებდეს და არა პარტიული თუ შიდაპოლიტიკური მოსაზრებებით. ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე უფრო მეტი გამაერთიანებელი მოტივი ხომ რთულად წარმოსადგენია.
საქართველოს უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესება, ახალი მიდგომებისა თუ გადაწყვეტების ძებნა უწყვეტი პროცესია. ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვებიდან მოყოლებული ჩვენი რეგიონი და მსოფლიო მუდმივ ტრანსფორმაციაშია, დროდადრო ხდება რეგიონალურ და გლობალურ ძალთა ცენტრების გადაწყობა, ახალი ცენტრების ჩამოყალიბება, სამხედრო თუ პოლიტიკური ალიანსების გაფართოვება, შეკვეცა თუ მოდიფიცირება. სიღრმისეული გეოპოლიტიკური და ეკონომიკურ-სოციალური პროცესების შედეგია, ასევე, დამატებითი რისკებისა და გამოწვევების აღმოცენება. ეს კი, თავის მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მუდმივ სრულყოფას და ცვალებად რისკებთან ადექვატურ მისადაგებას მოითხოვს.
ამ ნაშრომის ამოცანაა ერთი, ჩვენთვის მეტად კონკრეტული გეოგრაფიის ჭრილში, უსაფრთხოების ასპექტების განხილვა. განხილვისას ვეცდებით რომ პრობლემატიკა შეფასდეს არამარტო ქართული, არამედ ჩვენი რეგიონალური პარტნიორებისა და სტრატეგიული მოკავშირის გადმოსახედიდან, ვეცადოთ საერთო სურათის დინამიკაში და არა სტატიკაში დანახვა და მისი ანალიზი. სწორედ, ასეთი „ჯამური ინტერესების“ მიდგომის დაცვის პირობით არის შესაძლებელი უსაფრთხოების იმგვარი მოდელის წარმოდგენა, რომელიც დასაშვებს გახდის მოდელის ყველა მონაწილეთა ეროვნული და გეოსტრატეგილი ინტერესების ერთმანეთთან შეწყობას. ამ თემის ირგვლივ წარსულში არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ამჯერად ზოგიერთი საკითხისა თუ ქვესაკითხის უფრო ვრცლად ჩაშლა განვიზრახეთ.
ნატო-ს გაფართოვების მოლოდინში
თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარება წარმოუდგენელია მის დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციისა და თანამშრომლობის გარეშე. არაერთ სახელმწიფოთაშორის ეროვნულ პროგრამასა თუ ინიციატივასთან ერთად, ეს თანამშრომლობა დიდწილად ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს მჭიდრო ურთიერთობაზე გადის. აქვე აღსანიშნია, რომ წლების წინ გაჟღერებული დაპირება ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე კვლავ დაპირებად რჩება და, სიმართლე ითქვას, 2008 წლიდან მოყოლებული ამ დაპირებას განსაკუთრებული ხელშესახები კონკრეტიკა არ შეუძენია. მეტიც, ბოლო წლების მანძილზე საკუთრივ ნატო-ს შიგნით თავი იჩინა მისი აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოვებაზე ყოყმანმა, რომლის განეიტრალებას, ვშიშობთ, კიდევ საკმაო დრო და ძალისხმევა დაჭირდება. ამასთანავე, მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებულ უსაფრთხოების ამ მეტად უნიკალურ სისტემას ახლა უკვე სხვა, დამატებითი გამოწვევებიც დაემატა, რაც ატლანტიკური ერთობისადმი ტრამპის ადმინისტრაციის არაორთოდოქსულმა დამოკიდებულებამ და ევროპული თავდაცვის ავტონომიაზე თაობაზე განახლებულმა დისკუსიამ განაპირობა. შემთხვევითი როდია, რომ ნატო-ს წინა სამიტზე ალიანსის გენერალურ მდივანს საგანგებოდ ეთხოვა მორიგი სამიტისათვის კონკრეტული სარეკომენდაციო პაკეტის შემუშავება, რომელიც ალიანსის გადახალისებას და ეფექტურობას გაზრდას შეუწყობს ხელს.
ყველასათვის აშკარაა, რომ ნატო-ს თანამედროვე მოთხოვნებთან მისადაგება არამარტო მისი ფორმალური წევრების, არამედ ალიანსის პარტნიორი ქვეყნების - მათ შორის, საქართველოს - ეროვნულ ინტერესშია. ნატო-ს აუცილებელი რეფორმირების მოლოდინში კი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობა ამ თავდაცვით ფართან (ნატო-საქართველო არსებითი პაკეტით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში თუ სხვა) გრძელდება დაგამოსაყენებელია ნებისმიერი შესაძლებლობა ქართული ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ალიანსთან შემდგომი დაახლოვებისა და მასთან ინტეგრირების მიზნით.
ორმხრივი ალიანსების აქტუალურობა
უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ალიანსები და კავშირები ისტორიულად არახალია. რამდენიმე მათგანი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან შედარებით მოკლე ვადაში შეიქმნა და დროში გამოცდას გაუძლო. მრავალწევრიან კოლექტიურ გაერთიანებებთან შედარებით, გამოსარჩევია ორმხრივი ალიანსის პოლიტიკური და სამხედრო-ოპერატიული თვალსაზრისით მეტი მოქნილობა, მობილურობა და ცვალებად გარემოებებთან ადაპტაციის თვისება. მეტიც, - ამა თუ იმ გეოგრაფიის არეალის გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, ფორმალური ნიშნით ორმხრივი ალიანსის ფუნქციონალური დატვირთვა შესაძლოა სულაც გასცდეს საწყისს მიზანს და უფრო ვრცელი ფუნქციონალური დატვირთბა შეიძინოს. ასე მაგალითად, სამხრეთ კორეაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლობა მხოლოდ კორეის ნახევარკუნძულზე სტაბილურობის შენარჩუნებას არ უკავშირდება, არამედ თანმდევ ფუნქციონალურ ფარგლებში სტრატეგიულად გაცილებით ვრცელ გეოგრაფიას „კეტავს“. ზოგადად, მსგავსი მიდგომა ვაშინგტონის კონცეპტუალური მიდგომის შედეგია, რომლის მიხედვით აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება მხოლოდ ქვეყნის საზღვრებით არ იწყება და ამავე საზღრებით არ სრულდება; და რომ უსაფრთხოების პრაქტიკული და სრულფასოვანი ეფექტი საყრდენ პარტნიორ ქვეყნებთან ახლო თანამშრომლობაზე გამავალი „გეოგრაფიული გადაფარვებით“ მიიღწევა. ამის ერთ-ერთ მეტად კონკრეტულ და თვალსაჩინო მაგალითად სწორედ აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის ორმხრივი ალიანსი გამოდგება, რომლის პირდაპირ დანიშნულებას - ჩრდილოეთ კორეის შეკავება - თან ახლავდა საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის შემდგომი ექსპანსიის შემაკავებელი პრატიკული მდგენელი. ასევე აღსანიშნია, რომ პოლიტიკური ნიშნითაც კორეის ნახევარკუნძულზე აშშ-ს სამხედრო დამკვიდრება იქცა რეგიონის ქვეყნებისათვის ძლიერ მხარდამჭერ გზავნილად.
ცნობილია, რომ აშშ-სამხრეთ კორეას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა არ წარმოადგენს ამგვარი კატეგორიის ალიანსის ერთადერთ მაგალითს. არსებობს სხვა საინტერესო მაგალითები ანალოგიური შინაარსის პარტნიორობისა (აშშ-იაპონიას, აშშ- ფილიპინები, ა.შ), სადაც თითოეულს მისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს.აღნიშნულ მიდგომას არ გამოარჩევს რაიმე ერთიანი უნივერსალური ფორმულა, რომელიც ყველა მაგალითს ერთ უნივერსალურ ჩარჩოში მოაქცევს. ასეთ დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია მოცემული რეგიონის სპეციფიკა, ალიანსის წამყვანი აქტორის ინტერესები რეგიონისადმი („სასიცოცხლო“, „არსებითი“, „პერიფირიული“?), წამყვანი აქტორის რეგიონალური პარტნიორის შესაძლებლობები, ამ უკანასკნელის ურთიერთობები უშუალო სამეზობლოსთან და სხვა. მეტიც, ამა თუ იმ ორმხრივი ალიანსის ფორმირებაზე არსებითი გავლენა შესაძლოა იქონიოს მიმდინარე ისტორიულმა მომენტმაც. ეს და მრავალი სხვა პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ფაქტორები აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება იმ მოსაზრების დაშვებისას, რომ საქართველო აღმოჩნდეს გარკვეული კონფიგურაციის (ე.წ. „ვიზიტად მყოფი შეიარაღებული კონტინგენტის“ შეთანხმებით დაწყებული და ორმხრივი თავდაცვის შეთანხმებით დამთავრებული) ორმხრივი ალიანსის წევრი. დამატებით ვიტყვით, რომ ნებისმიერი შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს ჰორიზონტალური და ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, მის აუცილებელ კომპონენტად უნდა მოიაზრებოდეს ორმხრივი სამხედრო დაგეგმარების ფორმატში ქართული თვითკმარი ეროვნული ავტონომიური ცენტრის შექმნა, - თანაც მისი თავდაცვითი შესაძლებლობების უწყვეტი ეკონომიკური და სამხედრო ხელშეწყობის პირობით.
აღსანიშნია ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც ჩვენი ქვეყნის მთავარ მოკავშირესთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში უკვე გადაიდგა. ფასდაუდებელია თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებისა მიზნით არაერთი მიზნობრივი პროგრამა, კრიტიკულია შედარებით ახლახანს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების დადება, ისევე როგორც ორმხრივ მემორანდუმის გაფორმება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის აღსრულებაზე. მხოლოდ იმის შეხსენება რად ღირს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამეთაურო და ოფიცერთა შემადგენლობის დაახლოებით სამოც პროცენტმა სწავლა და გადამზადება გაიარა აშშ-ის სამხედრო განათლებისა და წვრთნის პროგრამის ფარგლებში.
რეგიონალურ-თემატური ალიანსები: მზარდი ტენდენცია
მრავალმხრივი და მრავალწევრიანი ალიანსები ზოგადად კარგია, მაგრამ, ვფიქრობთ რომ ძველებური ფორმითა და შინაარსით არსებობა დღეს ალბათ გადასახედია უკეთ ადაპტირების მიზნით. ფაქტია, რომ ე.წ. სუპერალიანსების (ნატო, ვარშავის ბლოკი) დანიშნულება და როლი ბევრად უფრო მორგებული იყო ორი იდეოლოგიური მეგაბანაკის გლობალური მასშტაბით ცივი ომის დაპირისპირების პერიოდს. დღესდღეობით იმჟამინდელი ცივი ომის პარამეტრები წარსულს საბოლოოდ ჩაბარდა (აშშ-ჩინეთის შესაძლო „ცივი ომი“ პრინციპულად სხვა საწყისებზე აეწყობა, რაც მას მსგავსებას უკარგავს გასული საუკუნის აშშ-სსრკ ცივ ომთან). ფაქტობრვად, ჩვენს დროში მეგაალიანსების პოლიტიკური და იდეოლოგიური ნიშნით დასაბუთება გართულებულია; ასევე ძნელად გადასაჭრელ ამოცანად იქცა მსხვილი ალიანსების ეკონომიკური გამართლება და მათი ოპერატიული მართვა. ნატო-ს ამჟამინდელი კრიზისიც, მაღალი ალბათობით, ახალ რეალიებს მისადაგებაში ერთგვარ ჩამორჩენას უნდა მივაწეროთ. აქვე იმასაც კარგად ვაცნობიერებთ,რომ პრობლემა ზოგადად გაცილებით უფრო კომპლექსურია და მეტ დეტალიზაციას მოითხოვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ისმის ასეთი კითხვა: გარდა უკვე ნახსენები ორმხრივი ფორმატისა, კიდევ რა შეიძლება გამოდგეს მსხვილი და მრავალმხრივიალიანსის ქმედით ალტერნატივად?
ჩვენი აზრით, ასეთი ალტერნატივა არის და იგი რეგიონალური ნიშნით თანამშრომლობის მოდელში გამოიხატება. მას რეგიონალურ-თემატური სისტემა შეიძლება ვუწოდოთ და მისი ფუნქციონალური დანიშნულება კონკრეტული რეგიონის ფარგლებში მეტად კონკრეტული თემატური ამოცანის მისაღწევად ინტერესთა ერთობას უკავშირდება.
აუცილებლად ითქვას, რომ ამგვარი გაერთიანებები - თავისებური „რეგიონალური ჩრდილო ატლანტიკური ალიანსები“ - სულაც არ საჭიროებენ გასაფორმებლად ხისტ ბიუროკრატიულ მიდგომებს და მუდმივმოქმედი სტრუქტურების არსებობას. უფრო მეტიც: თანამედროვე სამყაროში გარკვეული უპირატესობის მქონე შეიძლება ისეთი გარეთიანება ან ალიანსი იყოს, რომელიც თავისუფალი იქნება ჭარბი და ფორმალიზებული დამაკავშირებელი ძაფებისგან. მთავარი ხომ ისაა, რომ ალიანსში გაწევრიანებულ სუბიექტებს მათი ინტერესები ბუნებრივად აერთიანებდეს. არც ისაა გამორიცხული, რომ ასეთ გაერთიანებაში შემავალ ქვეყნებს ერთ-ერთ მათგანზე შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში ურთიერთშემხვედრი ვალდებულებებიც კი არ ჰქონდეთ. მაგალითისათვის, სწორედ ასეთი „თავისუფალი რეჟიმის“ ალიანსის კატეგირიას წარმოადგენს ე.წ. „ოთხეული“ (Quad), რომელიც აშშ, ავსტრალიას, ინდოეთსა და იაპონიას აერთიანებს. „ოთხეულის“ ფორმირება კონკრეტულად რეგიონის ფარგლებში მეტად გასაგები ფუნქციონალურ ამოცანას - ექსპანზიონიზმისა და რევიზინოზმის შეკავებას - ისახავს მიზნად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასეთი ფუნქციონალური, რამდენიმე წევრისგან შემდგარი ერთობა შესაძლოა სულაც არ ეფუძნებოდეს მკაცრ სახელშეკრულებო მოთხოვნებს, არამედ წამოადგენდეს შესატყვისი პრაქტიკული „უნარისა და მზაობის“სახელმწიფოთა თემატურ თანამშრომლობას.
უსაფრთხოების დღის წესრიგთან ერთად შესაძლებელია რეგიონალურ-თემატური ალიანსების სხვა ამონაბის შესრულებაზე მიმართვა, ვთქვათ, ბუნებრივი კატაკლიზმების დროს ურთიერთდახმარება, კიბერსაფრთხეების მოგერიება, ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე უნიფიცირებული მიდგომა,სხვადასხვა ჰუმანიტარული ინიციატივების დაპროგრამების ირგვლივ კოორდინირებული მუშაობა.
ამდენად, არც იმის ალბათობას გამოვრიცხავთ, რომ ნაშრომის ამ ნაწილში აღწერილი ტენდენცია საქართველოსა და მისი სტრატეგიული მოკავშირისა და პარტნიორების მხრიდან პრაქტიკულ სიბრტყეში განხივლის საკითხად იქცეს. გასაგებია, რომ შესატყვისი დიალოგის დაწყება ყველა დაინტერესებული მხარის ნების გამოხატვას მოითხოვს. ამასთანავე, ნებისმიერი ასეთი დიალოგი რეგიონის სპეფიციკას და შექმნილ რეგიონალურ სურათს უნდა დაეფუძნოს. ერთობლივი ანალიზი კი დასახული თანამშრომლობის ფორმატისკენ პროცესის სწორ წარმართვაში და ვადების განსაზვრაშია დამხმარე. ამ ნათქვამის გათვალისწინებით კი შემდეგი ინიციატივა გვინდა გამოვკვეთოთ უფრო დაწვრილებით.
შავი ზღვის დეკლარაცია: რეგიონში მეტი დასავლეთისაკენ
სხვადასხვა ფორუმებისა თუ შეკრების დროს შავ ზღვაზე, მის დანიშნულებასა თუ შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში თანამშრომლობაზე საუბრები უკვე იშვითი არ არის. საკითხისადმი მზარდი ინტერესი სრულიად ლოგიკურია რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ხასიათის მოვლენათა გამო. ზოგადად, შავი ზღვის გეოგრაფიულ არეალში ურთიერთობებს არერთი ორმხრივი თუ მრავალმხრივი დოკუმენტი ეძღვნება.
ტენდენცია, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. თუმცა, მაინც არის განცდა, რომ შავი ზღვის რეგიონს არ ეთმობა დროსთან შესატყვისი სათანადო ხარისხისა და დოზის ყურადღება. არსებობს მოსაზრებაც შავი ზღვის რეგიონის სათანადოდ შეუფასებლობაზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რეაგირების ზომების შეუთავსებლობაზე რეგიონის გეოპოლიტიკის გათვალისწინებით. ჩვენც ამ მოსაზრებას ვიზიარებთ.
შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა, - როგორც გეოპოლიტიკურად თავისებური ბუნების მქონე სივრცისა- უდავოდ დიდია, თუკი მხედველობაში მივიღებთ როგორც საკუთრივ შავი ზღვის სტატუსს, ისე მის კვეთაზე გადაშლილ საზღვაო-სატრანსპორტო არტერიებს; ისევე როგორც იმ კრიტიკულ გარემოებას, რაც შავიზღვაზე ორი მსხვილი ნორმატივისტული ბანაკის მოსაზღვრეობის უკავშირდება; ასევე შავ ზღვის ფაქტორს, როგორც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის სამხრეთით სასიცოცხლო კარიბჭისა; და ბოლოს, შავი ზღვის რეგიონს, როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის დასავლური უსაფრთხოების ერთიანი სისტემის „ჩამკეტის“ როლს. მხოლოდ ეს კომპაქტური ჩამონათვალი საკმარის საფუძველს ქმნის შავი ზღვის რეგიონის არსებითად მეტი აღიარებისათვის საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ერთი სიტყვით, გადაუდებელია შავი ზღვის ფორმატში საჭირო მიმართულებით რეგიონალური თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია:თან, რაც მალე მით უკეთესი. თუმცა, შესატყვის ტემპს შესატყვისი სიფრთხილე და დაკვირვება თან უნდა ახლდეს, ყველა რისკისა თუ მოულოდნელობის გათვლით. ასეთი დაბალანსებულ მიდგომას რეგიონის სპეციფიკა განაპირობებს, მიმდინარე გეოპოლიტიკური (და არა ეთნიკური) კონფლიქტების, რუსული ოკუპაციისა და ზოგადად აგრესიული პოლიტიკის, თურქული სრუტეების სამართლებრივი სტატუსის თავისებურებითა და სხვათა გათვალისწინებით. მაგრამ, დაუშვებელია ისიც, რომ ჩამოთვლილმა უაღრესად ყურადსაღებმა გარემოებებმა არ შეზღუდოს შავი ზღვისპირეთის იმ სახელმწიფოთა პრიორიტეტები, რომლებიც დასავლურ გეოპოლიტიკურ ცივილიზაციასთან ინტეგრაციისაკენ მიისწრაფიან. მხედველობაშია აგრეთვე მისაღები, რომ შავი ზღვის რეგიონის უკეთ და მეტად გამოკვეთის მიზნით ნებისმიერი ინიციატივა ერთაზროვნად უნდა აბათილებდეს ვარაუდს რეგიონისადმი დასავლური სტრატეგიული ინტერესის თითქოსდა შესუსტებაზე. შავი ზღვის რეგიონის სწორი განვითარებით დაინტერესებული საზოგადეობის მხრიდან ყოველი მომდევნო მაგისტრალური ნაბიჯი უნდა აქარწყლებდეს ეჭვს რეგიონის „პერიფერიულობასა“ და „მეორეხარისხოვან სტატუსზე“.
ამავდროულად, არსებითია, რომ შავი ზღვის „თავისუფალი ერთობის“ შესაკვრელად მოქმედება იყოს თანამედროვე დიპლომატიის პრინციპების შესაბამისი, გამოირეოდეს რაც შეიძლება მეტი კომპაქტურობითა და მიზანდასახულობით; ხასიათდებოდეს არსებული რეგიონალური გამოწვევების მიმართ ერთბაშად ელასტიურობით და მისადაგების თვისებით; იყოს რეალურ საქმეზე მორგებული თანამდეროვე მულტილატერალური (მრავალმხირივი) რეგიონალურ-თემატური მოდელი.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლებოდა შავი ზღვის დეკლარაციის გაფორმება. ასეთი დოკუმენტი აქცენტირებულად გამოკვეთავდა როგორც შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფობოთა ინტერესების ერთობას, ისე შეერთებული შტატების ურყევ და შეუქცევად დაინტერესებას ჩვენი რეგიონით. აღსანიშნია, რომ დოკუმენტით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, სტრატეგიული მოკავშირის მხრიდან დეკლარაციის ხელმოწერა იქნება კიდევ ერთი დამატებითი და ძლიერი ნიშანი, რომ დასავლეთი არ ცნობს შავ ზღვის გეოგრაფიაში რუსული „გავლენის ზონას“, არ აღიარებს არეალს ასეთად რომელიმე სხვა რევიზიონისტული ან ავტორიტარული ქვეყნის მხრიდან.
საერთო ევრაზიული სტაბილურობასაკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების ფორმატში შავი ზღვის რეგიონის თვითმყოფადობისა და თავისებურების აღნიშვნით, შავი ზღვის დეკლარაცია, თავისთავად, თვით შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისაკენ მიმართული აქტი იქნება. ისევე როგორც, დეკლარაციამ საფუძველი უნდა ჩაუყაროს რეგიონალური უსაფრთხოების პრინციპების ხელახალ შეფასებას და, საჭირობისას, მათ გადახედვას. ამით, მწვანე შუქი მიეცემა დროის შესატყვისი რეგიონალური ახლებური modus operandi-ს განსაზღვრასაც.
აუცილებელი რიგის ამოცანად მივიჩნევთ დეკლარანტების ყურადღებას რეგიონში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობაზე. წინასწარ მოსათელი იდეა მსხვილი რეგიონალური პროექტის დეკლარაციით დაანონსებისა - მაგალითად, „შავი ზღვის კეთილდღეობის (განვითარების) სარტყელის“ სახელწოდებით. პროექტის მიზნებს შორის მოვიაზრებდით საფინანსო რესურსის მობილიზებას რეგიონალური ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, გარკვეულ ენერგოწყაროებზე დამოკიდებულების შემცირებას, სოციალური ხასიათისა და გარემოსდაცვითი მიზნობრივი პროგრამების რეალიზებას.
შავი ზღვის დეკლარაციის ფორმატის ერთერთი უპირატესობა ფორმალიზებული სტრუქტურებისგან თავისუფლებაშია. ამდენად, - მინიმუმ, საწყის ეტაპზე - მუდმივმოქმედი ორგანოების შექმნა გამოსარიცხია. ამავდროულად, საჭირო კოორდინაციის მიზნით მიზანშეწონილია რეგულარული მაღალი რანგის სამიტემის გამართვა დეკლარაციაში მონაწილე რეგიონალურ სახელმწიფოთა მეთაურების პლუს აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლის დონეზე. საამისოდ ერთგვარ სამუშაოდ აღნიშვნად „შავი ზღვის დეკლარაციის მონაწილეთა რაოდენობა + 1“ (Black Sea [Nos] + 1) წარმოგვიდგენია. ასეთი რეგულარული სამიტების როლი გვესახება რეგიონის ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, ისევე როგორც სამიტის მონაწილეები განიხილავენ რეგიონალურ გეოპოლიტიკურ (ფსევდოეთნიკური) კონფლიქტებს, ზოგადად რეგიონალური უსაფრთხოების, საერთაშორისო ტერორიზმის, კიბერუსაფრთხოების, უკანონო მიგრაციისა და სხვა აქტუალურ საკითხებს.
სასურველია, დეკლარაციამ ასევე ხაზი გაუსვას აშშ-ის აქტიურობას სხვადასხვა რეგიონალურ პროექტებში, - დაწყებული სამხედროთი და დამთავრებული კულტურული პროექტებით). ამის კიდევ ერთხელ აღნიშვნა უნდა იქცეს საერთო დასავლურ პოლიტიკურ ერთობასთან რეგიონის ინტეგრაციის ინტეგრაციის ძლიერ ბერკეტად.
ვფიქრობთ, ასევე, რომ შავი ზღვის დეკლარაციამ საფუძველი უნდა ჩაუყაროს რეგიონის მასშტაბით საჭირო კონფიგურაციისადა გადაფარვის სავაჭრო შეთანხმებებსან სულაცსავაჭრო ბლოკისა თუ ბლოკების ფორმირებას.
დასკვნითი დათქმა
მაშ ასე, სადავო არაა რომ შავი ზღვის ახალი რეგიონალური საფრთხეები გაცილებით აქტუალურს ხდის საქართველოსა და მისი საერთაშორისო მოკავშირეებისა და პარტნიორების ძალისხმევას რეგიონალური რისკების მინიმიზაციისა და,ალბათ, ზოგიერთის შესაძლო გასანეიტრალებლად. ამას სჭირდება შესატყვისი კომპეტენციის, სითამამის, მიზანდასახულობისა და ხედვის მქონე პროცესის ინსპირატორი და მისი წარმართველი ლიდერები.
კვლავ გავიმეორებთ ერთხელ ნათქვამს: არის საფუძვლიანი განცდა, რომ საჭირო გზის უმოკლეს ვადებში დასაფარად დღესდღეობით ხელთ არ არსებობს არც საკმარისი რესურსი და არც შესაბამისი მზაობა. მართალია, გვესმის არაერთი განცხადება და მოსაზრება, მაგრამ მათ რეალობას მისადაგებული კონკრეტიკა აკლია. არადა, შექმნილი რეალობა მიდგომაში არასტანდარტულობას მოითხოვს, ზუსტად ისეთს როოგორიც თვით ჩვენს არასტანდარტულ დროს ორგანულად შეეხმიანება. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ როგორც საქართველო, ისე მისი სტრატეგიული მოკავშირე - ჩვენი ქვეყნის სხვა პარტნიორებთან ერთად - ამჟამად სწორედ იმ „ისტორიულ მოსახვევში“ ვართ, საიდანაც წარმატებით გამოსვლა ჩვენი გრძელვადიანი ერთობლივი ინტერესისა და ღირსების საქმეა.
ვიქტორ ყიფიანი
„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე
28 ნოემბერი, 2020 წ.