მთიანი ყარაბახი - საგზაო რუკა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

მთიან ყარაბახში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები ძირეულად ცვლის გეოპოლიტიკურ არქიტექტურას, იგულისხმება, როგორც რეგიონული ცენტრების ძალთა ბალანსი, ასევე, დაპირისპირების შეჩერებაში ჩართული საერთაშორისო აქტორების როლის სეკვესტრი. შეიარაღებული კონფლიქტი სამხედრო თვალსაზრისითაც (იხილეთ ვრცლად) მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას წარმოშობს. საგულისხმოა, რომ შეიქმნა პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელმძღვანელებისთვის მნიშვნელოვან თავსატეხს აჩენს სტრატეგიული არჩევნის ახლებურად გააზრების კუთხით. ყარაბახის ომის შედეგების მრავალგვარი ანალიზი გაკეთდა, რომლებიც განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევენ ჩართული მხარეების მიერ მიღწეულ წარმატებასა და განცდილ მარცხს. საკვანძო საკითხი, რომელზეც პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რეგიონის სამხრეთში რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკური გავლენის მნიშვნელოვანი გაძლიერებაა. კიდევ უფრო საინტერესოა ომის დინამიკის ანალიზის საფუძველზე რუსეთის ქმედებების შეფასება და დამდგარ შედეგში მისი პასუხისმგებლობის წილი. 


ე.წ. არცახის რესპუბლიკის სეპარატიზმისა და დე ფაქტო დამოუკიდებლობის იდეა, ბოლო ეტაპამდე, პრაქტიკაში მხარდაჭერილი იყო  რუსეთის ფედერაციის მიერ, რამაც ჩრდილოელ მეზობელს სომხეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკაზე გავლენის ეფექტური მექანიზმი შესძინა. ზემოქმედების ფარგლები განსხვავებული იყო ხსენებულ ქვეყნებთან მიმართებით, თუ სომხეთის პოლიტიკის პრაქტიკულად ყველა სფეროს აკონტროლებდა რუსეთი, აზერბაიჯანის შემთხვევაში, ის, ძირითადად, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებებით შემოიფარგლებოდა. წარსულ ფორმაში საუბრით არ ვქმნი ილუზიას, რომ  პროცესი დასრულდა; განვლილი ეტაპის შეფასება, ამ ფორმით, შეგნებული არჩევანია რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების მთავარი აქცენტების უკეთ გამოსაკვეთად. რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ კავკასიასა და დნესტრისპირეთში სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერის მთავარი ამოსავალი წერტილი გეოპოლიტიკური ჰეგემონიის განმტკიცებაა, რომელიც ჩრდილოელის მიერ პოსტ-საბჭოთა სივრცის ბატონობის სურვილით აიხსნება. სწორედ ეთნიკური კონფლიქტები აღმოჩნდა ყველაზე ეფექტიანი ყოფილი სოციალისტური ქვეყნების დამოუკიდებელი თამაშისა და სწრაფი განვითარების შესაფერხებლად. და თუ ვინმეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მრავალჯერ გაჟღერებული რეგიონის ხალხების თვითგამორკვევის მხარდაჭერის ,,დიადი“ იდეის მაინც სჯერა, შეუძლია ჩეჩნეთის ომები გაიხსენოს. ჩრდილოელის ნეობოლშევიკური მისწრაფებების ღირებულებით საფუძვლებში გასარკვევად საბჭოთა კავშირის პოლიტიკის გახსენება დაგვეხმარება, რამეთუ რუსეთის ფედერაცია ,,დიდი საბჭოეთის“ სამართალმემკვიდრე და იდეური შთამომავალია. სწორედ საბჭოთა კავშირის გამოცდილებიდან უნგრული რევოლუციისა და პრაღის გაზაფხულის, ასევე, დედაენის დღესთან დაკავშირებული მოვლენების და რუსეთის ფედერაციის ისტორიიდან ზემოხსენებული ჩეჩნეთის ომების გახსენება, საკმარისი საფუძველია დასკვნისთვის, რომ საბჭოთა კავშირის ან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპი პოლიტიკური ოქსიმორონია.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მოძრაობა რომ რუსეთის ფედერაციის ხელდასმით გააქტიურდა არახალია. ორივე რეგიონის ე.წ. სახელმწიფოებრიობის, ან დამოუკიდებლობის იდეა სწორედ ჩრდილოელი მეზობლის გეოპოლიტიკური ინტერესებით იკვებება და არ ეფუძნება საერთაშორისო მხარდაჭერას. საქართველოს პარტნიორების, ქვეყნის ხელისუფლებებისა და საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირების დამსახურებით არაღიარების პოლიტიკა საკმაოდ წარმატებით ხორციელდება. შედეგად, სახელმწიფოთა უმცირესი ნაწილის აღიარების საპირწონედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი განმტკიცებულია არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტით. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას, უსაფრთხოების გარანტიის შექმნითა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის გაჩენით. სეპარატისტული რეგიონების მიერ კოსოვოს მაგალითის შთაგონებით დაწყებული საერთაშორისო აღიარების პოლიტიკა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კრახით დასრულდა. შესაბამისად, რუსეთის საფარქვეშ არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება და დამოუკიდებლობის  პერსპექტივის სამომავლოდ გადადება, იმ მოლოდინით, რომ სახელმწიფოები ოდესმე აღიარებენ მათ სუვერენიტეტს, აბსოლუტურად უიმედო, მაგრამ ,,საგარეო პოლიტიკის“ ერთადერთ მთავარ ხაზად იქცა. თუმცა, მთიანი ყარაბახის უკანასკნელმა ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა პოლიტიკური სურათი რეგიონში. ნათლად გამოიკვეთა, რომ ერთ დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან დე ფაქტოდ მხარდაჭერილი არცახის რესპუბლიკა ჩრდილოელის რეგიონული ინტერესების გაფართოების პოლიტიკას შეეწირა. არასრულ თვენახევარში, პროცესების მოულოდნელად დრამატულმა განვითარებამ პრაქტიკულად დაამსხვრია ყარაბახული ოცნება დამოუკიდებლობაზე. არცახის რეპუბლიკას სუვერენიტეტის ბურჯი, რუსეთის ფედერაცია გამოეცალა და დარჩა სომხური ძალის იმედად, რომელიც მკვეთრად დისპროპორციული იყო, როგორც ეს შეიარაღებული კონფლიქტის სამხედრო დინამიკამ დაგვანახა.

ალბათ, გულუბრყვილობა იქნებოდა იმის გაცხადება, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის კეთილსაიმედო პარტნიორობის სჯერათ. თუმცა, ყარაბახის გაკვეთილმა ნათლად გამოაჩინა, რომ ჩრდილოელი დათვის პრიორიტეტების ელვისებური ცვლილება არა თეორიული კატეგორიის საფრთხე, არამედ პრაქტიკული მოცემულობაა. ყარაბახში მიღებული გაკვეთილით სამი რეალისტური დაშვება შეიძლება გააკეთონ ორივე რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით: მოხდება რუსეთთან სრული ასიმილაცია, რუსეთის პოლიტიკური ტაქტიკა შეიცვლება და საქართველოს მოქმედებები გადაწყვეტს ორივე რეგიონის სტატუსს(როგორც ეს ყარაბახის შემთხვევაში აზერბაიჯანის მაგალითზე მოხდა), ინტერესთა პარიტეტის საფუძველზე შეთანხმდება საქართველოსთან საერთო მომავლის ფორმატი. აღნიშნულ დაშვებებზე მსჯელობისთვის აუცილებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დემოგრაფიული სტრუქტურისა და შიდაპოლიტიკური ხაზების მხედველობაში მიღება. რა საკვირველია, ამ ორ რეგიონში განსხვავებული რეალობაა შექმნილი, თუმცა, მოვლენათა განვითარების შემოთავაზებული ფორმულა ორივე მათგანისთვის რელევანტურია. აფხაზეთის სასურველი მომავალი, რომ რუსეთთან ასიმილაციაში არ გამოიხატება ეს მრავალი ფაქტორით დასტურდება, დაწყებული მიწების გასხვისებაზე დაწესებული შეზღუდვით, დამთავრებული ეთნო ცენტრისტული პოლიტიკის პრევალირებით, რომელმაც რუსეთთან ზომაზე მეტად დაახლოების მსურველი არა ერთი დე ფაქტო მთავრობა შეიწირა. სამხრეთ ოსეთში ჩრდილოელთან შეერთება, წინააღმდეგობების ფონზე, მაგრამ მაინც მხარდაჭერილი იქნება საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ. პირველი სცენარი რუსეთისთვის ნაკლებად მომხიბვლელი მოჩანს, არა იმიტომ, რომ ვინმეს ამ ქვეყნის პოლიტიკის კეთილშობილების სჯერა, არამედ იმ მოქმედებათა ლოგიკის საფუძველზე, რომელიც თან გასდევს მის სტრატეგიულ ხაზს. ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთს რეპუტაციული რეაბილიტაცია სჭირდებოდა და ყარაბახის კონფლიქტი ერთგვარ მაშველ რგოლად მოევლინა, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული აზერბაიჯანული სუვერენიტეტის დამცველისა და რეგიონში მშვიდობის მთავარი გარანტორის მანტია ერთდროულად მოისხა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერთება, რომ საგარეო სარბიელზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასი დაჯდება, კარგად ესმით რუსეთის მმართველ წრეებში. ყირიმისგან განსხვავებით, არც ისტორიული ბმა არსებობს ამ რეგიონებთან, რაც მისი მოქმედების მთავარი არტერიის- ეროვნული ინტერესების მკვებავად შეიძლება გამომდგარიყო. წმინდა ეკონომიკური პრაგმატულობის გათვალისწინებით, გასაწევი ფინანსური დანახარჯები გაცილებით მეტი იქნება შესაძლო სარგებელზე. შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს რუსეთის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაფორმებულმა სტრატეგიულმა შეთანხმებებმა. ბუნებრივია, ეს დოკუმენტები ფორმალურად არის ასიმილაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, რასაც საქართველომ მწყობრი პოლიტიკა უნდა დაუპირისპიროს; თუმცა, თუ ფართო სურათს შევხედავთ, დავრწმუნდებით, რომ  ეს უფრო ტაქტიკური სვლებია პოლიტიკური და ფსიქოლოგიური უპირატესობის მოსაპოვებლად.

მეორე დაშვება რუსეთის ინტერესების გაძლიერების ხარჯზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერას გულისხმობს, რაც მოიცავს მისთვის ორი რეგიონის ბედის გადაწყვეტის ორგასაღებიანი პოლიტიკური საკეტის ერთი გამხსნელის გადაცემას. ამ სცენარში მეტწილად ნიველირებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მმართველი წრეების ინტერესები და პრაქტიკულად გამეორებულია ყარაბახის უკანასკნელი ომის შედეგები. მოქმედებათა აღნიშნული განვითარება, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ინტერესთა გადაკვეთის შემთხვევაში თეორიულად შესაძლებელია, ამის დასტური კვლავ ყარაბახის უკანასკნელი ომის მაგალითია.  თუმცა, ამ სცენარის არასასურველობა საქართველოსთვის ორ მთავარ ხაზზე გადის- ძალის გამოყენება და რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა რეგიონში. ის, რომ ქვეყნის გაერთიანება მხოლოდ მშვიდობიანად უნდა მოხდეს ეს საქართველოს ტაქტიკური სვლა არ არის, არამედ შეჯერებული საზოგადოებრივი აზრი და სახელმწიფოებრივი პოზიციაა. აღნიშნული დაშვება კი გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ან შეიარაღებული ძალების გამოყენებას, ან ასეთი ძალის გამოყენების მუქარას. ამგვარი მიდგომა, პრინციპულად მიუღებელია, რადგან საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მომავალს არსებული მოსახლეობისგან დაცლილ რეგიონებში არ ხედავს. ამის დამადასტურებელი ის არაერთი ჰუმანიტარული პროგრამა, თუ ენერგეტიკული თანამშრომლობის ფორმატია, რომლითაც ორივე ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს. რაც შეეხება მეორე ასპექტს, რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას, ის გრძელვადიან პერიოდში საკმაოდ დიდ საფრთხეს შეიცავს საქართველოს სუვერენიტეტისთვის, რამეთუ, გულისხმობს ახალი ეთნიკური კონფლიქტების წაქეზებისა და ხელახალი შეიარაღებული დაპირისპირების გაღვივების მუდმივი რისკის არსებობას.

მესამე სცენარი ურთიერთპატივისცემითა და ინტერესების გადაკვეთის წერტილების  იდენტიფიცირებით საერთო მომავალზე შეთანხმებას მოიცავს. ეს მომავალი საქართველოს სახელმწიფოებრივი ქოლგის ქვეშ მხოლოდ ისეთი სამართლებრივ-სოციალური სტრუქტურის შექმნას შეიძლება გულისხმობდეს, რომელშიც თვითგამორკვევის პრინციპები სრულად დაცულია. ამ დაშვებაში რუსეთის მონაწილეობა გარანტირებულია იმ დათქმით, რომ საქართველოში არ განთავსდება სამხედრო ბაზა და მისი პროცესებში ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა ოპტიმალური ფორმატებით. მესამე სცენარი რომ ყველაზე მისაღები და ამავდროულად რთულად განსახორციელებელია ამაზე ბევრი გარემოება მეტყველებს. ერთი მხრივ, ძნელი იქნება საქართველოსა და რუსეთის გადაწყვეტილებებში პოლიტიკური მედიანის მოძებნა, ხოლო, მეორე მხრივ, ომგამოვლილი საზოგადოებების შერიგების პროცესში ბევრი ბარიერი იჩენს თავს. მთავარი იმედის მომცემი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში დროდადრო ფეხმოკიდებული პრაგმატულობა და რეალური პოლიტიკაა. არსებული ვითარება რომ ჩიხია ამას მრავალი ფაქტორი მოწმობს, ხოლო, ჩიხიდან გამოსასვლელად აუცილებელია მოძრაობის იმდაგვარად გადაწყობა, რომელიც ყველა მხარეს სამშვიდობოს გამოიყვანს. სიტუაციის რაციონალური გააზრებით გამოჩნდება, რომ არსებული სტატუს კვოს შეცვლა, შემოთავაზებული სცენარის მიხედვით, გაცილებით მეტი სარგებლის მომტანი იქნება ვიდრე ზიანის. ამ პროცესს არ ეყოლება დამარცხებული მხარე, რამეთუ ეს იქნება შესაძლებლობათა მონეტიზაცია ყველა მხარისთვის. და მაინც, რა მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს? მჯერა, რომ ეს არის ის ახალი რეალობა, რომელიც, ბევრისთვის სრულიად მოულოდნელად, შეიქმნა კავკასიაში და მაშველ რგოლად შეიძლება იქცეს რეგიონული მშვიდობისთვის.  

გააზიარე: