ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, კავკასიაში შეიძლება ითქვას, რომ ახალი რეალობა დადგა. ახალი იმ თვალსაზრისით, რომ რეგიონში რუსეთისა და თურქეთის გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა, ამაზე თანხმდება საერთაშორისო ურთიერთობების მიმომხილველთა უდიდესი ნაწილი. ვფიქრობ აღნიშნული გარემოების დადგომის ირგვლივ უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა, მათ შორის ჩვენს მიერაც და აღნიშნული საკითხი ამჯერად დეტალურ განხილვას აღარ საჭიროებს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ საინტერესო იქნება საუბარი ყარაბაღის ბოლო ომის შესახებ უფრო ფართო, ბოლო ათწლეულის გეოპოლიტიკური ტენდენციების და სურათის კონტექსტში დავაყენოთ, განსაკუთრებით, თუ ამ კონფლიქტის მთავარი მოთამაშეების აღზევების პროცეს და დასავლეთის ინერტულობას დავაკვირდებით. ეს საშუალებას მოგვცემს მოვლენები გარკვეული ისტორიულ ჭრილში დავინახოთ და მის გააზრებას შევცადოთ, რაც მომავალში ქვეყნის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის ფორმულაციისთვის აუცილებელ სააზროვნო პირობად მიგვაჩნია. ისტორიული და გეოპოლიტიკური ტენდეციებისა და ფაქტორების ანალიზი, ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია.
„ცივი ომის“ შემდგომ პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის თვისებრივად ახალ ხასიათზე ვფიქრობთ არავინ იდავებს. ისეთი მომენტები, როგორიცაა გლობალიზაცია, თვისებრივად ახალი კონფლიქტების წარმოშობა არაერთხელ გამხდარა პოლიტოლოგთა კვლევის საგანი, თუმცა ეს პერიოდი და დამდგარი ახალი მსოფლიო წესრიგი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სფეროში, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა „ცივი ომის“ როგორც პერიოდის ბიპოლარული დაპირისპირების დასრულებით და მოგვიანებით პროცესთა იმგვარი დინამიკით, რომელმაც ფაქტობრივად მეორე მსოფლიო ომის შედეგად ინსტიტუციონიზირებული საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის გადასინჯვა გამოიწვია. ძირეულად შეიცვალა საერთაშორისო ორგანიზაციების როლი. თანდათანობით ნატო მსოფლიო წესრიგზე პასუხიმგებელი ორგანიზაცია გახდა.
ცვლილებები გეოპოლიტიკურ სფეროში გამოიხატა ევრაზიის კონტინენტზე ძალთა ბალანსის ძირეული შეცვლითაც, დასავლეთის ინსტიტუტების განვრცობით და გაფართოებადი ევროპის დაბადებით. ამას ემატება ტრადიციული კონფლიქტების დარეგულირება და ახალი კონფლიქტების წარმოშობა. ამასთან ირკვევა, რომ ევროპას აშშ-ს გარეშე არ გააჩნია რესურსები ამ კონფლიქტების დარეგულირებისათვის და ევრაზიის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. გეოპოლიტიკურ ძვრებს შორის უნდა გამოვყოთ კომუნიკაციათა ახალი გლობალური ქსელების შექმნაც, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის გეოპოლიტიკურ კონფიგურაციას. ამასთან საერთაშორისო ურთიერთობები აშშ-ის გლობალური დომინანტური ძალის ხელწერით წარიმართა, რომელიც საშუალებას იძლეოდა ე.წ. „ღირებულებებზე დამყარებული“ საგარეო პოლიტიკა აქტიურად განხორციელებულიყო და მასიურად მომხდარიყო მსოფლიოს დემოკრატიზაციის პროცესის მხარდაჭერა. თუმცა, ამ მიმართულებით იმაზე მეტი ძალისხმევა ჩაიდო, ვიდრე მისი განხორციელების რეალისტური გათვლები იძლეოდნენ. იმ პერიოდის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს არასწორ კალკულაციას და სტრატეგიულ გათვლას, ერაყის მეორე ომი და ავღანეთის და მთლიანად რეგიონის ე.წ. დემოკრატიზაციის მცდელობები აღმოჩდა, სადაც აშკარად გამოჩნდა, რომ ახალი მშვიდობა რომელიც ომის მერე უნდა დამდგარიყო და რომელიც ზოგადად ომების და სტრატეგიული დაგეგმვის ერთ-ერთი მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს, არ იყო ბოლომდე გააზრებული. აშშ-ის აქტიური ძალისხმევის მიუხედავად, გამოჩნდა, რომ რეგიონის არსებული საზოგადოებები, მასში ჩადებული უზარმაზარი რესურსების მიუხედავად „ბუნებრივად“ ჯერ კიდევ არ არიან მზად დემოკრატიის ასაშენებლად, ისე როგორც ეს დასავლეთში ესმით.
იმისათვის რომ საგარეო პოლიტიკა წარმატებული იყოს, ეს რა თქმა უნდა ძალაუფლების რამდენიმე ინსტრუმენტის, მათ შორის დიპლომატიისა და სამხედრო ძალის, ეკონომიკური და სოციალური ინსტრუმენტების ჰარმონიულ გამოყენებას საჭიროებს, რათა სასურველი მიზნები მიღწეული იყოს. პროცესი რა თქმა სტრატეგიული დაგეგმვას უახლოვდება და მისი თეორიული განხილვა არ არის ამ სტატიის მიზანი, თუმცა ამ კალკულაციაში დაშვებულმა შეცდომებმა და ზოგადად დასავლურ სამყაროში განვითარებულმა მოვლენებმაც შეუძლებელი გახადა არსებული რეალობის შენარჩუნება და დაიწყო ბზარები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გლობალური დომინირების ჭრილში. რუსეთის რევანშისტულმა პოლიტიკამ, ჩინეთის აღზევებამ და დასავლურ სამყაროში არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ კონსესუსის მიღწევის შეუძლებლობამ მნიშვნელოვნად შეარყია დასავლეთის პოზიციები.
2011 წლიდან მოყოლებული არაბული გაზაფხულის ტალღამ და სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა, ასადის წინააღმდეგ შეიარაღებულმა ამბოხებამ და მისი რეჟიმის კოლაფსის პირამდე მიყვანამ მნიშვნელოვნად არია სიტუაცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონშიც, იქ სადაც გლობალური ძალების დაპირისპირების მთავარი კერა იყო. კონფლიქტის მიმდინარეობისას, სირიის ომის შემდგომი ესკალაციის პირობებში, მაშინ როდესაც მასში არა ერთო დაინტერესებული რეგიონალური, თუ სუბრეგიონალური მოთამაშე ჩაერთო, დასავლეთის მხრიდან პასიურმა საპასუხო ნაბიჯებმა შექმნა სიტუაცია, რომლის გამოც რეგიონში ძალთა ბალანსის ვაკუუმი წარმოიშვა.
საერთაშორისო ურთიერთობებისა, თუ სამხედრო ისტორიის ერთი თვალის გადავლებითაც ჩანს, რომ გეოსტრატეგიული რეალიები ვერ იტანენ ძალაუფლების ვაკუუმს და გამოთავისუფლებული არეალი აუცილებლად ივსება ახალი მოთამაშეების მიერ. სწორედ ასე მოხდა სირიის, და ზოგადად, რეგიონის შემთხვევაშიც. პირველი ასეთი აქტორი რეგიონში, არაბული აკრონიმით - დაიში/დაეში ცნობილი, ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო გახდა. პირველმა სწორედ მან შეავსო რეგიონში შექმნილი ძალთა სიცარიელე. ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში დაეშის მიერ დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლებას და აღნიშნული საფრთხის ნეიტრალიზებას საერთაშორისო საზოგადოების, აშშ-ის, რუსეთისა და ადგილობრივი აქტორების გაერთიანებული ძალისხმევა და საბოლოოდ რამდენიმე წლიანი ბრძოლები დასჭირდა.
აღსანიშნავია, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება პირველ რიგში აშშ-ს და მისი მოკავშირეების სირიის კონფლიქტის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულების გამო შეიქმნა. ამის გამომწვევი მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას კონფლიქტში აქტიური ჩარევისგან მაქსიმალურად თავშეკავებული პოლიტიკა, და ზოგადად, აშშ-ს და მის მოკავშირეებს შორის გაჩენილი აზრთა სხვადასხვაობა კონფლიქტთან დაკავშირებით. ამ თავშეკავებულობის მიზეზები, სწორედ გაწელილ ერაყისა და ავღანეთის ომის გამოცდილებაში უნდა ვეძებოთ, სადაც საბოლოო ნიშნით ვაშინგტონს თალიბანთან, ტერორისტულ ორგანიზაციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაც მოუწია. ამას გარდა, აშშ-ს სირიის კრიზისის მიმართებით პოლიტიკაზე მოქმედი ფაქტორი სირიის ოპოზიციის კომპოზიციაც იყო. ვაშინგტონი თავის დროზე სიტუაციას განიხილავდა როგორც კონფლიქტს სხვადსხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებას შორის, როგორც იყო, მაგალითად, დაეში და ალ-ნუსრა ერთი მხრივ, და მეორე მხრივ ე.წ. „სეკულარული ოპოზიცია“. ეს დაჯგუფებები არ უნდა ყოფილიყვნენ მოლაპარაკების მხარეები და ძირთადი აქცენტი რუსეთთან თანამშრომლობის გზით სიტუაციის დარეგულირებაზე იყო გაკეთებული. ამას გარდა, აშშ-მ ერაყსა და ავღანეთში ვერ უზრუნველყო მტკიცე და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება, რის გამოც რეგიონის სხვადსხვა მოთამაშემ დაიწყო საკუთარი სარგებელის ძიება...
შექმნილი ვითარებით რუსეთმაც ისარგებლა, რომელმაც აღნიშნული კრიზისი გლობალურ მოთამაშედ წარმოჩენის, საერთაშორისო პრესტიჟის განმტკიცებისა და მისი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების არენაზე სრულფასოვანი და თანაბარუფლებიანი მოთამაშის სტატუსის დემონსტრირებისთვის გამოიყენა. შეიქმნა ყველა წინაპირობა რუსეთის ახლო აღმოსავლეთში დასაბრუნებლად. ამ ნაბიჯების შედეგად, ფაქტობრივად, რეგიონში განხორციელდა ყველა ის რუსული ინტერესი და მიზანი, რაც გაწერილია მის სტრატეგიულ დოკუმენტებში. ამას თან დაერთო ჩინეთის გააქტიურება ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ეკონომიკური და ფინანსური პროექტებით. იგი აფრიკისა და აზიის მთავარი დონორი გახდა. საბოლოო ჯამში მივიღეთ მოცემულობა, სადაც დარღვეული ძალთა ბალანსით პირველ რიგში სწორედ რუსეთი და ჩინეთი გამოვიდა გამარჯვებული. დღეს არა ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩინელია, მათ შორის გაეროშიც.
ამას გარდა, რეგიონში, და პირველ რიგში, ერაყსა და სირიაში კვლავინდებურად გააქტიურდა ირანი, რომელიც პირდაპირ ეხმარება კონფლიქტში ჩართულ შიიტურ დაჯგუფებებსა და ორგანიზაციებს და მათ საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად იყენებს.
ფართო მოქმედებების საშუალება მიეცა თურქეთსაც, როგორც სირიაში, ისე მთლიანად ხმელთა შუა ზღვის რეგიონში და მისი როლი ყარაბაღის ბოლო ომშიც კარგად გამოჩნდა. ჯამში მოხდა დასავლეთის, ამ სიტყვის ფართო გაგებით, ე.წ. უკან დახევა და ეს მთლიანად რეგიონის მართველ რეჟიმებზე თვალის ერთი გადავლებითაც კარგად ჩანს. ძალის სიცარიელე მთლიანად შეივსო.
მიზეზები რის გამოც, თავის დროზე ვერ იქნება ბოლომდე გათვალიწინებული რეგიონისათვის დამახასიათებელი თავისებურებები, როგორც უკვე დავწერეთ, რა თქმა უნდა, აშშ-ის სტრატეგიული დაგეგმვის შეცდომები იყო. კერძოდ ვერ იქნა ბოლომდე გაანალიზებული ის კულტურულ-ცივილიზაციური მოცემულობა, რომელიც ადგილობრივი საზოგადოებების განუყოფელი ნაწილია და მისგან გამომდინარე გავლენა ადგილობრივ პოლიტიკურ ტრადიციებზე. აღნიშნული შეიძლება დავახასიათოთ ცნობილი გეო პოლიტიკოსის კარლ შმიტის ტერმინით როგორც - რეგიონალური „ნომოსი“. გერმანელი კარლ შმიტი ცნობილია როგორც გამოჩენილი იურისტი, პოლიტოლოგი, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი, რომელიც ფაშისტური რეჟიმების მხარდამჭერიც იყო ამავე დროს. მისი იდეები ჩამყალიბდა ნიკოლო მაკიაველისა და თომას ჰობსის გავლენით. ამასთან ეს იდები პირდაპირ უკავშირდება გეოპოლიტიკურ კონცეფციებს და მისი ძირითადი ნაშრომები „დედამიწის ნომოსი“, „ხმელეთი და ზღვა“ და ა.შ. უკავშირდება სწორედ გეოპოლიტიკური ფაქტორების ცივილიზაციაზე და პოლიტიკურ ისტორიაზე ზეგავლენის გააზრებას. სწორედ მას აქვს ე.წ. „ნომოსის“ ცნება.
შმიტი გეოპოლიტიკური მიდგომის ტრადიციების მსგავსად ამტკიცებდა პოლიტიკური კულტურის სივრცესთან კავშირს. არამარტო სახელმწიფო, მთლიანი სოციალური რეალობა და განსაკუთრებით უფლებები მისთვის, სივრცის ხარისხობრივ ორგანიზაციიდან გამომდინარეობს. შმიტი აჩვენებს, რომ „ნომოსი“ ყოფიერების ორგანიზაციის ისეთი ფორმაა, რომელიც ყველაზე ჰარმონიულ შეფარდებას ამყარებს როგორც სოციალური ანსამბლის შიგნით, ასევე ამ ანსამბლებს შორის. „ნომოსი“ სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებისგან განსაკუთრებული „სინთეტიკური“ შეხამება-გამოვლინებაა, რომელებიც იურიდიული და პოლიტიკური სისტემების შექმნაში ორგანულად ვლინდება. „ნომოსში“ წარმოჩენილია გარემოსთან შეხამებაში მყოფი ადამიანური კოლექტივის კულტურული და ბუნებრივი თავისებურებები.
ადამიანი არსებაა, რომლისთვისაც მისი არსებობის წესის თვალსაზრისით სივრცითი კონტექსტი არათუ მეორეხარისხოვან, არამედ ფუნდამენტურ კონტექსტად გვევლინება, ისტორიული სივრცე ხასიათდება არა მხოლოდ გეომეტრიული ან ბუნებრივ-გეოგრაფიული თვისებებითა და კანონზომიერებებით, არამედ აგრეთვე, „ადამიანური“ ანუ ანთროპოლოგიური პარამეტრებით, რომლებიც მისი ისტორიულ-ფუნქციონალური განსაზღვრულობებია. აქედან გამომდინარე, „ტრადიციული“ კავშირების დარღვევა, გარე აგრესიული ჩარევით, აღნიშნულ სისტემებში ვერ, ან ძალიან რთულად იძლევა სასურველ შედეგებს. სწორედ ამის მოწმეები გავხდით ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ ორივე ქვეყანაში (ერაყი, ავღანეთი) და ზოგადად რეგიონშიც, დასავლური დემოკრატია ვერ შევიდა რეგიონში ისე როგორც ამის მოლოდინები იყო აშშ-ში. რეგიონი კვლავინდებურად ცივილიზაციური ჯახის არედ რჩება.
როგორც ვხედავთ, კიდევ ერთი ცნობილი გეoპოლიტიკოსის, სამუელ ჰანტიგტონის „ცივილიზაციური ჯახი“, მის მიერ დახასიათებული ცივილიზაციური განსხვავებულობა კვლავინდებურად მნიშვნელოვანი ფაქტორია და საუბრები „ისტორიის დასასრულზე“ ძალზედ ნაადრევი აღმოჩნდა.
ამასთან ერთად, პოლიტიკური მეცნიერების აქსიომაა, რომ საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს და უპირატესად მას ემსახურება. თუმცაღა თანაფარდობა ამ ორ კომპონენტს შორის სხვადასხვა ეპოქებში განსხვავებულ ხასიათს ატარებდა და მრავალგვარი მიზეზით იყო განპირობებული.
საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემასთან მიმართებაში ეროვნული სახელმწიფო გამოდის, როგორც ელემენტი, რომელიც სხვა ელემენტებთან სხვადასხვა სახის ურთიერთობებითაა დაკავშირებული. ამავე დროს სახელმწიფო, საშინაო-პოლიტიკური აზრით, თავად წარმოადგენს სისტემას, რომელიც სხვადასხვა ელემენტებისგან შედგება. ერთი სიტყვით, ის რაც ერთ შემთხვევაში სისტემად გვევლინება, მეორეგან ელემენტად წარმოგვიდგება. ამრიგად, საშინაო და საგარეო პოლიტიკა ერთმანეთში გადაედინება სხვადასხვა იერარქიული დონეებისა და ქვედონეების მეშვეობით. რაღაც მიზეზთა გამო ამ გადასვლების შედეგად მოსდევს ის, რომ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა პარალიზდება. სწორედ ამის მომსწრენი ვიყავით, როგორც აშშ-ის, ისე ზოგადად დასავლეთის შემთხვევაში, როდესაც საუბარი ცივი ომის დასრულების შემდგომი საგარეო პოლიტიკური ვექტორების გაგრძელების შესაძლებლობებსა და მოთხოვნილებას ეხება. პროცესი ამ დიქოტომიის სხვადსხვა კომპონენტების ჰარმონიული ერთობლიობის გარეშე ჯერ შეფერხდა და მერე სახე იცვალა და ახლებურად ტრანსფორმირდა.
ჯამში მივიღეთ მოცემულობა, სადაც ადგილობრივი სიტუაციას, როგორც ახლო აღმოსავლეთის, ასევე კავკასიის რეგიონში კვლავინდებურად დიდი რეგიონალური მოთამაშეები დაეუფლნენ, რომლებიც დიდი ხანია სერიოზულ პრობლემებს განიცდიან დასავლეთთან ურთიერთობებში. შეგნებულად გვერდს ვუვლით ამ შემთხვევაში შორეულ აზიას და ჩინეთის აღზევებას, რაც ასევე ცალკე საუბრის თემაა. უშუალოდ ყარაბაღის ბოლო კონფლიქტმაც, ჩვენს მიერ ზემოთ განხილული გეოპოლიტიკური ტენდეციის გაგრძელება აჩვენა, კონფლიქტის „გადაწყვეტა“ უპირველესად რეგიონალური დიდი აქტორების - თურქეთისა და რუსეთის მიერ ისე მოხდა, რომ დასავლეთის, მისი ინსტიტუციებისა და ფორმატების როლი აბსოლუტურად ნიველირებული იქნა.
ამასთან ერთად, აშშ-ის შემთხვევაში, მნიშვნელოვან პროცესები განვითარდა ქვეყნის შიგნით, რომელიც ეხლაც მიმდინარეობს და შესაბამისად გავლენას ახდენს მის საგარეო პოლიტიკურ ძალისხმევაზეც. დღეს საქმე ფაქტობრივად სამოქალაქო ესკალაციამდე მივიდა, რომელიც ქვეყნის ორ დაპირისპირებულ საარჩევნოდ ბანკადაც იქცა. თუ დავაკვირდებით, მხარდამჭერების მხრივაც, როგორც 2016 წელს ისევე ეხლაც. აშშ-ის ცენტრი, მისი არა ურბანული ნაწილი, დაუპირისპირდა დიდი და განვითარებული ქალაქების ამომრჩევლებს. დაიწყო წარსულის გარკვეულ ნიშნებთან ბრძოლა და ღირებულებების დაპირისპირება ქვეყნის შიგნით. თითქოს, ციფრული, საინფორმაციო, თანამედროვე საზოგადოება, დაუპირისპირდა, შედარებით ძველ, ინდუსტრიულ და პოსტინდუსტრიულ განწყობებსა და ღირებულებებს.
აღნიშნული მოვლენები, ძალაუნებურად გვახსენებს, ერთ საინტერესო თეორიას, რომლის ავტორიც ცნობილი ამერიკელი ფუტუროლოგისტი ალვინ ტოფლერია. მისი თეორიის განხილვას, კვლავინდებურად მივყავართ საზოგადოებების, ცივილიზაციების მზაობასთან მიიღონ მათთვის ახალი სისტემები, ან მასში ინტეგრირდნენ, როგორიც ეს შეიძლება იყოს მაგალითად დასავლური ტიპის დემოკრატია აღლო აღმოსავლეთის და მისი მეზობელი რეგიონებისათვის ფართოდ.
ტოფლერის აზრით, ნებისმიერი დიდი ცვლილება ადამიანთა და ზოგადად საზოგადოების ცხოვრების წესში იწვევს კონფლიქტს ახალსა და ძველს შორის. კონფლიქტი თავის ბუნებით შეიძლება იყოს განსხვავებული: სოციალური, რელიგიური, კულტურული და ა.შ. რაც არ უნდა იყოს ნებისმიერი დიდი ცვლილება, ტრანსფორმაცია საზოგადოებისა, ქვეყნის ცხოვრებაში მიდის კონფლიქტის ფონზე.
ტოფლერის მიხედვით, საზოგადოებებმა გაიარეს ორი ძირითადი განვითარების ეტაპი: აგრარული და ინდუსტრიული. დღეს იგი ახალი ცვლილებების წინაშეა. სახეზეა ტექნოლოგიური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, დემოგრაფიული ძვრები. ტოფლერის აზრით თუ ყველაფერს ავიღებთ, მივიღებთ შესანიშნავ ნიადაგს ახალი კონფლიქტისათვის.
ავტორის აზრით, ისტორია არაერთ მაგალითს იცნობს ამდაგვარი კონფლიქტებისა. მაგალითისთვის მოყავს ამერიკის სამოქალაქო ომი, ყველაზე სისხლისმღვრელი დაპირისპირება იმ დრომდე ისტორიაში. იგი არა მხოლოდ მონათმფლობელურის სამხრეთის წინააღმდეგ, არამედ ინდუსტრიალური ჩრდილოეთის დაპირისპირება იყო აგრარულ სამხრეთთან. ეს იყო ცხოვრების ერთი ფორმის კონფრონტაცია მეორე, უფრო ძველთან. აშშ-ს არ შეეძლო ფართო ინდუსტრიალური განვითარება მთელი კონტინენტის მასშტაბით სანამ ჩრდილოეთი არ გაიმარჯვებდა სამხრეთზე, სანამ ამერიკული საზოგადოება არ გადავიდოდა აგრარული ცხოვრების წესიდან, ინდუსტრიალურზე. სახეზე გვაქ წარსულისა და აწმყოს დაპირისპირება, სადაც ტოფლერის აზრით, წარსული მუდამ მარცხდება.
დღეს ტოფლერის აზრით, სახეზეა ციფრული რევოლუცია, ბიოტექნოლოგიების აღმასვლა, ახალი დაჩქარებული და გლობალიზირებული ცხოვრების წესი. თუ სხვანაირად შევხედავთ, ტოფლერის თქმით, არიან ძველი ინდუსტრიალური ცხოვრების წესის დამცველნი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკისა და საზოგადოების მოსვლას - ანუ, ახალის, აგრარულისა და ინდუსტრიალური შემდგომ, მესამე ტალღის საზოგადოების. ასეთ ვითარებაში, ტოფლერის თქმით, პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებები მხოლოდ პირობითია, უმთავრესია დამოკიდებულება ცვლილებების მიმართ. (დამოკიდებულება ახალი ღირებულებების მიმართ - გ.ა). ეს არის დაპირისპირება ცხოვრების ორი წესს, თუ ორი ცივილიზაციას შორის. ერთი მათგანი თმობს პოზიციებს, ხოლო მეორე აღმასვლას განიცდის.
ასევე, ტოფლერის მიხედვით, საზოგადოებები ისევე ომობენ, როგორც ქმნიან დოვლათს. როდესაც ქვეყანებმა მოახდინეს ეკონომიკების ინდუსტრიალიზაცია, მათ ასევე მოახდინეს ჯარების ინდუსტრიალიზაციაც. მანქანების ეპოქამ, მოგვცა სამხედრო მანქანები, მასობრივი წარმოების საშუალებებმა, მასობრივი განადგურების საშუალებები. (ციფრულმა ერამ კი საინფორმაციო და ციფრული ტექნოლოგიების ბრძოლის ველზე გადანაცვლება - გ.ა).
ტოფლერის აზრით, დღეს მესამე ტალღის ომი გულისხმობს სწრაფ მანევრს, მცირე მობილურ ნაწილებს, ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების მასობრივ გამოყენებას, უზუსტეს დარტყმებს, სახეობათა კოორდინირებულ მოქმედებას ხმელეთიდან, ჰაერიდან, კოსმოსიდან და ზღვიდან. ტოფლერი ფაქტობრივად აღწერს ყველაფერს რაც დამახასიათებელია თანამედროვე ომის თეატრებისათვის. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ დაპირისპირება წარმოგვიდგება ტოფლერთან, როგორც საზოგადოებრივი განვითარების საშუალება.
აღნიშნული თეორია, საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მისი კომპონენტები მართლაც შეიძლება მისადაგებულ იქნას სხვადსხვა საზოგადოებასთან, თუ ცივილიზაციასთან. ვფიქრობ, პარალელები თანამედროვე აშშ-ის საზოგადოებრივ და სოციალურ ცხოვრებასთან თვალშისაცემია. იგივე აშშ-ის საზოგადოებაში არსებული ძველისა და ახლის დაპირისპირებაც გარკვეულ წილად, სწორედ მსგავს ისტორიულ პროცესებს ასახავს. ერთის მხრივ, თანამედროვე, ზეიდენტობების საზოგადოება უპირისპირდება ძველს, ძველ წესწყობილებაზე დამყარებულ ღირებულებათა სისტემებს, განვითარებული ურბანისტული საზოგადოება - უპირისპირდება პროვინციას.
აღსანიშნავია, რომ შიდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხები მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა ევროპისთვისაც. მათ შორის კულტურული თვალსაზრისითაც, რაც ემიგრანტების ირგვლივ პრობლემებმა ნათლად დაგვანახა. გავიხსენოთ განცხადებები ევროპული მულტიკულტურალიზმის მარცხზე. აღნიშნულის პროცესების გავლენა ევროკავშირის და ბრიტანეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე მთელი მისგან გამომდინარე შედეგებით უკვე არანაირ დავას არ იწვევს.
ჩინეთის შემთხვევაშიც, როდესაც საუბარია მისი საშუალო ფენის ზრდისგან მართველი რეჟიმისათვის მომდინარე საფრთხეებზე, საუბარი სწორედ ეხება ამ ფენაში გაჩენილ მოთხოვნილებებს, მეტი პიროვნული თავისუფლებებისკენ, რომელიც მიმართულია ახალი ფართო იდენტობების, მოთხოვნებისა და საზოგადოებრივი პროცესებისაკენ, რომელიც უპირისპირდება ძველს. სწორედ ამ ენერგიის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ინტერესებისკენ წარმართვას ცდილობს დღეს იქაური მართველი ელიტაც.
რუსეთშიც დაახლოებით იგივე ტენდეციაა, თუმცა ორივეგან რამდენად გახდება აღნიშნული პროცესები გარდამტეხი ცვლილებების მომტანი, თუნდაც ტოფლერის აზრით გარდუვალი კონფლიქტების მეშვეობით, მხოლოდ დრო გვანახებს. დღეს ამ ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ ელიტებს აუცილებლად მოუწევთ აღნიშნული პროცესების კონტროლი, ვინაიდან თუ კი იგივე ტოფლერის აზრით, საზოგადოებაში ახალი დაამარცხებს ძველს, ეს აუცილებლად გამოიწვევს ახალი რეალობის შესაბამისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტრუქტურების ჩამოყალიბების მოთხოვნილებასაც.
დღევანდელ რეალობაში, კი, როდესაც ყველა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური ხედვის ჩამოყალიბებას და რეალიზაციას ელოდება, ძალიან მნიშვნელოვანია გაანალიზებულ იქნას სწორედ ამდაგვარი ადგილობრივი და გლობალური მოვლენების შესაძლო გავლენა ამ პოლიტიკის შინაარსის ფორმირებაზე.
თუმცა, აშშ-ის შემთხვევაში, ძალიან ძნელი იქნება გლობალურ არენაზე დაკარგული პოზიციების დაბრუნება და დასავლური სამყაროს კვლავინდებური კონსოლიდაცია. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ბევრგან მას უკვე საკმაო ძლიერი ხისტი ძალის დაძლევა მოუწევს.
ამრიგად, ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, გეოპოლიტიკური და სხვა ტიპის თეორიების მიხედვით, საკმაო კომპლექსურობით ხასიათდება, სადაც ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სახელმწიფოებრივი ინტერესების გატარება საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე გლობალური პროცესების მნიშვნელოვან გააზრებას და დაკვირვებას საჭიროებს. ამასთან, ერთად ტრადიციული ძალის ელემენტები, არსად არ ქრება, პირიქით, აღნიშნულ ვითარებაში უმთავრესი ინსტრუმენტებია საკუთარი ინტერესების დასაცავად და გასატარებლად. ძალის ფაქტორი თანამედროვეობაშიც კვლავინდებურად მთავარი მოკავშირეა და ძნელად მოიძებნება ვითარება, სადაც სუსტის სამართლიანობას შესაბამის პატივს ცემდნენ. სწორედ ამას ემსახურება საქართველოსთან მიმართებაში, სხვადსხვა უცხოელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეების მოწოდება დასავლეთის მიმართ, რომ სამხედრო ყოფნა რეგიონში, ანუ ხისტი ძალის ხარისხი აუცილებლად უნდა გაიზარდოს, რათა რეალურად იყოს პროცესებზე შესაბამისი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა.
დასასრულისთვის შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყარაბაღის ბოლო ომის შედეგები, თავისი მსვლელობით, რეგიონალური ძალების ჩართულობის ხასიათით, გლობალური ისტორიული და გეოპოლიტიკური ტენდეციების ლოგიკური შედეგია. მაგრამ აქვე ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა - როგორია ასეთ სამყაროში მცირე სახელმწიფოთა ბედი რომელთა უსაფრთხოების გარემო განსაკუთრებული კომპლექსურობით და სირთულეებით ხასიათდება? ვფიქრობ, აღნიშნული შეკითხვა უკვე ცალკე სამომავლო ანალიზის საგანია, თუმცა ახლავე შეიძლება ითქვას, რომ იგი ვერანაირად ვერ იქნება სამყაროს თანამედროვე განვითარების ტენდეციებისა და გეოპოლიტიკური რეალიებისგან მოწყვეტილად განხილული.