COVID 19 და შრომითი მიგრანტი ქალები - გამოწვევები და პერსპექტივები

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

XXI საუკუნის ახალი ათწლეულის დასაწყისი მსოფლიოსთვის მრავალი გამოწვევით დახუნძლული აღმოჩნდა. მე-2 დეკადის ბოლოს მოულოდნელად აღმოცენებულმა პანდემიამ სათავე დაუდო გლობალურ კრიზისს, რომლის შედეგების აღმოფხვრასაც რამდენიმე წელი დასჭირდება. გამოწვევების იმ მასშტაბს, რომელიც COVID 19-მა მოუტანა სამყაროს, სახელმწიფოები ვერ შეხვდნენ მომზადებულები. ზედაპირზე წამოიწია ისეთი პრობლემები, რომელთა იდენტიფიცირებაც, პანდემიამდე, ჩვეულ ვითარებაში, არ მომხდარა. შეცვლილმა რეალობამ შექმნა ახალი ტიპის გამოწვევებიც, რომლებიც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის დაუცველ ნაწილს. არსებული მდგომარეობა, ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტშიც, სრულიად უნიკალურია მრავალი თვალსაზრისით: სახელმწიფოთა მიერ დაწესებული შემზღუდველი ზომების მასშტაბითა და კომპლექსურობით, ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილებების არასისტემურობითა და შესაძლო სამართლებრივი ხარვეზებით, ასევე, გამოყენებული ღონისძიებების ეფექტის არაჯეროვანი გააზრებით. COVID-19-ის გავრცელების სწრაფი ტემპის, ასევე, გლობალურად, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, სათანადოდ ჯერ არ შეფასებულა ქვეყნების მიერ მიღებული ზომების გავლენა. თუმცა, ერთი ტენდენცია უკვე გამოიკვეთა- ქვეყნები საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე კონცენტრირების პარალელურად არ იჩენენ ჯეროვან ყურადღებას მათ ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არ მქონე პირების საჭიროებების მიმართ. პრობლემების განსაკუთრებით ფართო სპექტრი გამოჩნდა  შრომითი მიგრანტი ქალების კონტექსტში, რაც პროაქტიულ რეაგირებას საჭიროებს, როგორც მასპინძელი ქვეყნების ხელისუფლებების, ასევე, დიპლომატიური წარმომადგენლობების მხრიდან. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მრავალი მოქალაქე ქალი შრომით მიგრაციაშია, საკითხი სრულიად რელევანტურია ქვეყნის ინტერესების ეფექტიანი დაცვის თვალსაზირისით.

2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 272 მილიონი მიგრანტიდან ნახევარი ქალია,[1] ხოლო დაახლოებით 66.6 მილიონი შრომითი მიგრანტი ქალი გახლავთ.[2] მრავალ ქვეყანაში ჯანდაცვის/ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებულთა დიდი ნაწილი შრომითი მიგრანტი ქალები არიან.[3] სამედიცინო სფეროს მუშაკები ინფექციასთან ბრძოლის წინა ხაზზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფია, რაც დასტურდება, როგორც COVID-19-ით ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებლით.[4] სტატისტიკის მიხედვით ე.წ. პირველი ფრონტის სექტორში, მათ შორის, მომსახურების სფეროში, დასაქმებულთა უმრავლესობაც სწორედ ქალია, რაც ასევე ზრდის ვირუსით დაინფიცირების საფრთხეს.[5] შრომითი მიგრანტი ქალების კონტრიბუციის მაღალი ხარისხი გლობალურ ეკონომიკაში, განსაკუთრებით, გადარიცხვების ნაწილში, არახალია.[6] სამწუხაროდ, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მათ სამუშაო ადგილებზე და საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკას, არამედ მასპინძელ სახელმწიფოში ქალთა ამ ჯგუფის ფინანსურ დამოუკიდებლობას. ფინანსური დამოუკიდებლობა პერსონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით, პანდემიის დროს, როდესაც იზრდება მოწყვლადობის რისკი. მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება თუ ჩაკეტილი საზღვრის პირობებში იცვლება შრომითი მიგრანტის იურიდიული სტატუსი და ის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი მიგრანტის კატეგორიაში ინაცვლებს.

ძალადობის შესაძლო მომეტებული საფრთხეების კონტექსტში აღსანიშნავია ოჯახებში მომუშავე მიგრანტი ქალების დაუცველი მდგომარეობა,  განსაკუთრებით, გადაადგილების შეზღუდვის პროცესში, როდესაც პოლიციური კონტროლის მექანიზმები შესუსტებულია და სახელმწიფოს ადმინისტრაციული რესურსი სხვა მიმართულებით არის კონცენტრირებული. საოჯახო მეურნეობებში დასაქმება პანდემიამდეც მარგინალიზებული იყო და მიიჩნეოდა ყველაზე ნაკლებად  დაცულ სამუშაო სექტორად.  შრომითი მიგრანტი ქალების ამ კატეგორიის პრობლემებს თან ერთვის მრავალი ქვეყნის შრომით კანონმდებლობაში არსებული რეგულაცია, რომელიც ადამიანთა ამ ჯგუფს დასაქმებულად არ მიიჩნევს.[7]  შედეგად, არსებობს საფრთხე, რომ ეს კატეგორია შრომითი კომპენსაციების გარეშე დარჩეს, რაც გამოიწვევს არა ერთ პრობლემას. ზოგადად, საკარანტინო სივრცეებში, ასევე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისას, მნიშვნელოვნად იზრდება შრომითი მიგრანტი ქალების მიმართ ძალადობის რისკი. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება, თუ შრომითი მიგრანტი ქალი არარეგულარულ მიგრაციაშია, რამეთუ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები სასიცოცხლო საფრთხის წინაშე აყენებს ადამიანთა ამ კატეგორიას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ე.წ. გადაადგილების ავტორიზაციის მავნე პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს გადაადგილების ნებართვის მისაღებად სახელმწიფოს ან ადგილობრივი ორგანოებისთვის მიმართვას და გარკვეული პერსონალური მონაცემების გაზიარებას. არარეგულარულ სიტუაციაში მყოფი შრომითი მიგრანტი ქალები თავს არიდებენ საჯარო დაწესებულებებთან ყველა შესაძლო კონტაქტს. ასეთი მოთხოვნის დაწესება ადამიანთა ამ კატეგორიას აყენებს ჯანდაცვის სერვისების მიუღებლობისა და პირველადი საჭიროების პროდუქტების ვერ შეძენის რისკის ქვეშ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს, ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებებზე თანაბარი წვდომაა.  მნიშვნელოვანია, რომ შრომითი მიგრანტი ქალები უზრუნველყოფილი იყვნენ, მათ შორის ვაქცინაციის პერიოდში, რესურსებზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობით. ვაქცინის დისტრიბუციის პროცესის სპეციფიკის გათვალისწინებით, კრიტიკულად აუცილებელია, რომ ქვეყნებმა არ დაუშვან დისკრიმინაციული პრაქტიკა ბენეფიციართა შერჩევის პროცესში და მოქალაქეობრივი ცენზი არ გამოიყენონ კრიტერიუმად. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სახელმწიფოებს აძლევს რეკომენდაციას, რომ სოციალური შეღავათების პაკეტები ხელმისაწვდომი გახადონ შრომითი მიგრანტებისთვისაც.  ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაო და საცხოვრებელი პირობების უსაფრთხოებას, მათ შორის, ინტენსიური ინსპექტირებით, რათა შრომითი მიგრანტი ქალების სპეციფიკური პრობლემების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება გახდეს შესაძლებელი.

არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილების თავისუფლება სახელმწიფოებმა მხოლოდ უკიდურესი საჭიროების დროს შეზღუდონ. ნებისმიერი რეპრესიული ღონისძიების გამოყენებისას სათანადოდ უნდა შეფასდეს არჩეული ზომის პროპორციულობა და ეფექტიანობა. ქვეყნებმა, პანდემიის გავრცელების შეკავების მიზნით, გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, არ უნდა გამოიყენონ ავტორიზაციის მეთოდი. დაწესებული რეგულაცია უნდა იყოს მოქნილი და იძლეოდეს დღის განსაზღვრულ მონაკვეთში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას. არარეგულარულ მიგრაციაში მყოფი შრომითი მიგრანტი ქალების ვაქცინაციის ეფექტიანად წარმართვისთვის, ასევე, ძირითად სამედიცინო მომსახურებებზე მათი შეუფერხებელი წვდომის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია, მოქალაქოების სახელმწიფოთა დიპლომატიური წარმომადგენლობების, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ადგილობრივი ოფისების, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ადგილობრივი ოფისებისა და ჰუმანიტარული მანდატით მოქმედი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა პროცესში. მოსალოდნელია, რომ არარეგულარულ მიგრაციაში მყოფ პირებს ჩამოთვლილი აქტორების მიმართ მეტი ნდობა ექნებათ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შემაფერხებელი ბარიერების მოქმედების ნეგატიურ ეფექტს.

პანდემია, განყენებულად, არ არის პრობლემების აბსოლუტური მიზეზი, თუ მას არ ახლავს სახელმწიფოთა არაგონივრული მოქმედებები. მაშინ, როდესაც COVID 19-ის გავრცელების დინამიკა და ქვეყნების რეაგირება შექმნილ გამოწვევებზე  ჯერ კიდევ სწრაფად ცვალებადია, კრიტიკულად აუცილებელია, რომ დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია იტვირთონ. სასურველია, რომ მათ დააიდენტიფიცირონ მოწყვლადი ჯგუფები და კონკრეტული ქვეყნიდან გამომდინარე, პანდემიის დროს, მათთვის შექმნილი პრობლემები. ამის საფუძველზე, უნდა შედეგს სამოქმედო ინსტრუქციები და შიემქნას მხარდაჭერის ინსტრუმენტები, რომლებიც შექმნილი გამოწვევების მიტიგაციას შეუწყობს ხელს. არაორდინალური ვითარების გამო, მიზანშეუწონელი იქნება მხოლოდ მასპინძელი სახელმწიფოს კეთილგონიერების იმედად ყოფნა, მით უმეტეს, რომ, გლობალურად, ხელისუფლებების მიერ მიღებული გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მრავალი მაგალითი გვაქვს. მოქალაქეთა დაცვის კონსტიტუციური ვალდებულებისა თუ ეთიკური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ყოველი ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ საკუთარ საზღვრებს გარეთ შეძლოს თავისი მოქალაქეების ეფექტური მხარდაჭერა. შექმნილი სიტუაცია ნოყიერი ნიადაგია ემიგრაციაში წასულ მოქალაქეებსა და სახელმწიფოს ინსტიტუციურ ნაწილს შორის ურთიერთობების განსამტკიცებლად.

 

[1] “International Migration Report 2017: Highlights”, United Nations publication, Sales No. E.18.XIII.4, ხელმისაწვდომია < https://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:rIeTquqB6iwJ:https://www.un.org/en/development/desa/population/migration/publications/migrationreport/docs/MigrationReport2017_Highlights.pdf+&cd=1&hl=ka&ct=clnk&gl=ge> უკანასკნელად ნანახი 2020 წლის 28 დეკემბერს.

[2] “Labor Migration, Migration Data Portal”, ხელმისაწვდომია < https://migrationdataportal.org/themes/labour-migration > უკანასკნელად ნანახი 2020 წლის 29 დეკემბერს.

[3] Sykes Wendy, et al, “Coming clean: the experience of cleaning operatives. Equality and Human Rights Commission, Manchester”, 2014, ხელმისაწვდომია

research-report-95-coming-clean-the-experience-of-cleaning-operatives.pdf> უკანასკნელად ნანახი 2020 წლის 28 დეკემბერს.

[4] “COVID-19 has infected some 570,000 health workers and killed 2,500 in the Americas”, PAHO, ხელმისაწვდომია უკანასკნელად ნანახი 2020 წლის 16 დეკემბერს; “Amnesty analysis reveals over 7,000 health workers have died from COVID-19”, Amnesty International, ხელმისაწვდომია უკანასკნელად ნანახი 2020 წლის 30 დეკემბერს; “Over 10 000 health workers in Africa infected with COVID-19”, WHO, ხელმისაწვდომია უკანასკნელად ნანახი 2020 წლის 30 დეკემბერს.

[5] Boniol Mathieu, et al, “Gender equity in the health workforce: analysis of 104 countries, Healthforce Working paper 1”, March 2019, ხელმისაწვდომია უკანასკნელად ნანახი 2020 წლის 29 დეკემბერს; “Protecting Migrant Workers During the COVID-19 Pandemic: Recommendations for policy-makers and constituents”, April 2020, ILO, Geneva; “COVID-19: Women front and centre”, UN Women, ხელმისაწვდომია < https://www.unwomen.org/en/news/stories/2020/3/statement-ed-phumzile-covid-19-women-front-and-centre> უკანასკნელად ნანახი 2020 წლის 30 დეკემბერს.

[6] “Women and Financial Inclusion: Policy Options and Strategies for Remittance Service Providers” Global Migration Group, 2017; “Migration, Remittances and Financial Inclusion: Challengesand Opportunities for Women’sEconomic Empowerment”, UN Women 2017, ხელმისაწვდომია < http://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:wNOsMTVbYWYJ:globalmigrationgroup.org/system/files/GMG_Report_Remittances_and_Financial_Inclusion_updated_27_July.pdf+&cd=2&hl=ka&ct=clnk&gl=ge > უკანასკნელად ნანახი 2020 წლის 30 დეკემბერს; “Western Union Pays Tribute to Global Women Work-Force as World Economic Change Agents and Calls for Greater Recognition and Integration”, 2016, ხელმისაწვდომია < https://ir.westernunion.com/news/archived-press-releases/press-release-details/2016/Western-Union-Pays-Tribute-to-Global-Women-Work-Force-as-World-Economic-Change-Agents-and-Calls-for-Greater-Recognition-and-Integration/default.aspx> უკანასკნელად ნანახი 2020 წლის 30 დეკემბერს;

[7] Protecting Migrant Workers During the COVID-19 Pandemic: Recommendations for policy-makers and constituents”, April 2020, ILO, Geneva; “COVID-19: Women front and centre”, UN Women, ხელმისაწვდომია < https://www.unwomen.org/en/news/stories/2020/3/statement-ed-phumzile-covid-19-women-front-and-centre> უკანასკნელად ნანახი 2020 წლის 30 დეკემბერს.

გააზიარე: