რა ემუქრება საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს?

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის ანატომია ხშირად არ გამოირჩევა კომპლექსურობითა და თანამიმდევრულობით. სპორადულად აღმოცენებული  ცალკეული მოვლენები ელვისებური სისწრაფით შემოიჭრება ხოლმე ქართულ საჯარო სივრცეში და სრულად იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. ეს არც პოლიტიკოსების პოლიტიკური თამაშის სტილისა და არც მედიის მიერ დასმული აქცენტების კრიტიკაა, მხოლოდ იმ რეალობის აღწერაა, რომელშიც ვცხოვრობთ. სწორედ ამ ,,პიესის“ ნაწილია ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრებისა და სენატორების წერილებთან დაკავშრებით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დებატები. საკითხზე არ წყდება არც პოლიტიკური პარტიების და არც მესამე სექტორის გამოხმაურებები. ამდენად, მნიშვნელოვანია, შეფასდეს მიმდინარე პროცესის შესაძლო გავლენა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე. მთავარი ყურადღება არა წერილების შინაარსსა და ფორმას, არამედ ორი ქვეყნის ურთიერთობაში წერილობითი კორესპონდენციების ქრონიკის გავლენაზე მსჯელობას დაეთმობა. ბუნებრივია, ვერ ავცდებით შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობის ფუნდამენტის, მიღწეული შედეგებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას. 


2019 წლის 13 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატის წევრების - ადამ კინზინგერისა და ჯერარდ კონოლის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილი წერილი ის პირველი კორესპონდენციაა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მისამართით, დემოკრატიის განმტკიცების კონტექსტში, ცალკეული რეკომენდაციებია გაჟღერებული. წერილების სერია წარმომადგენელთა პალატის წევრების, ადამ კინზინგერის, ჯერარდ კონოლის, ელიოტ ენჯელისა და მაიკლ მაკკოლის 2020 წლის 21 იანვრის მიმართვით გაგრძელდა. 2020 წლის 23 იანვარს წარმომადგენელთა პალატის წევრ ბრაიან ბაბინის გზავნილი შეემატა კორესპონდენციებს. ამ დროისთვის, ბოლო წერილობით შეტყობინებას, რომელიც 2020 წლის 29 იანვრით თარიღდება, ხელს სენატორები ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი აწერენ. ამავე კონტექსტში განიხილება კონგრესმენ პიტ ოლსენის საჯარო გამოსვლა კონგრესში. კონგრესმენების თანამდებობებზე აქცენტირებისგან შეგნებულად თავს შევიკავებ, რადგან ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში ნებისმიერი ამერიკელი კანონმდებლის მიერ საქართველოს უკეთესი მომავლისათვის მოცემული რჩევა თანაბრად მნიშვნელოვანია.


წერილებს საქართველოში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილმა ამერიკელი კანონმდებლების გზავნილების მნიშვნელობის მეტრად გამოგზავნილი შეტყობინებებისა და ხელმომწერთა რაოდენობა დაასახელა; ზოგმა ეს შესაძლებლობა ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენა, ხოლო საზოგადოების ნაწილი საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში წარმოქმნილ ხიდჩატეხილობაზე ალაპარაკდა. ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სიღრმის შესაფასებლად უმართებულოა ორი ქვეყნის ურთიერთობის ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებამდე თუ ლიდერებამდე დაყვანა. ამერიკისა და საქართველოს თანამშრომლობა, რომელიც თითქმის სამ დეკადას ითვლის, ზეპარტიულია და დაცლილია შიდაპოლიტიკური კონიუნქტურისგან. ასევე, მიზანშეუწონელია, რომ, პარტნიორების მხრიდან მიღებულ წერილებზე მსჯელობისას, გამომგზავნებისა და ხელმომწერების რაოდენობის თვლა დავიწყოთ. რაც შეეხება პოლიტიკურ ფონს, აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატებისა და საქართველოს კოოპერაცია ეს არ არის მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა, სადაც საქართველო საშინაო დავალებას ასრულებს, ხოლო შტატები კი ნიშანს წერს. სწორედ თანასწორობასა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებული მეგობრობა გამოარჩევს ამ ორი სახელმწიფოს სტრატეგიულ კავშირს. ამიტომ, ყოველი პოლიტიკური გზავნილი შეერთებული შტატებიდან უნდა აღიქმებოდეს  კეთილისმსურველი მეგობრის რჩევად და არა მენტორის დატუქსვად.


30 წლის განმავლობაში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დინამიკა მუდმივად იცვლებოდა, თუმცა არასდროს შენელებულა საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა იმისდა განურჩევლად, თუ ვინ იყო საქართველოში ან შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ხელისუფლებაში. ამ მხარდაჭერის ნორმატიული დადასტურებაა 2019 წელს კონგრესის მიერ ორპარტიულად, განმეორებით, მიღებული საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტად აცხადებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ატლანტიკური ინტეგრაციის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერასა და ა. შ. მხოლოდ ამ აქტის შინაარსის გაცნობაც კი ნათელჰყოფს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს და არა განყენებულად რომელიმე პოლიტიკურ ძალას.


2020 წელი საარჩევნო წელიწადია, როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა, ორი ქვეყნის წინასაარჩევნო გარემო და პრობლემები დრამატულად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაშინ, როდესაც შეერთებულ შტატებს რამდენიმე საუკუნოვანი სტაბილური კონსტიტუციური მოწყობისა და საარჩევნო სისტემის გამოცდილება აქვს, საქართველოში თითქმის 30 წელია სტაბილურად ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ როგორი სახელმწიფო და საარჩევნო სისტემა გვინდა. ყოველი ახალი ხელისუფლების მოსვლასთან ერთად ფუნდამენტურად იცვლება მთავარი კანონი და მასთან ერთად საარჩევნო მოდელი. არც 2019 და 2020 წლებია ამ მხრივ გამონაკლისი და პოლიტიკურ ძალებს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი კვლავ საარჩევნო სისტემაა. პოლიტიკურ პარტიებს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებში ჯერჯერობით ვერ გამოიკვეთა კომპრომისის წერტილი, ამიტომ, დიპლომატიური კორპუსის მოდერატორობით წარმართული შეხვედრების ციკლი გრძელდება. რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობებს? 2020 წლის 29 იანვრიდან საკუთარი უფლებამოსილების საქართველოში განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა შეერთებული შტატების ახალი ელჩი კელი დეგნანი. ვინაიდან ქართული საზოგადოება ვთანხმდებით იმაზე, რომ დამოუკიდებლად ვერ ვთანხმდებით ფუნდამენტურ საკითხებზე და ვინაიდან საარჩევნო თემატიკა ის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ ვექტორებს განსაზღვრავს, ამდენად პროცესში შეერთებული შტატების ახალი ელჩის ჩართულობა უნდა დაეხმაროს მხარეებს შეთანხმების მიღწევაში.  ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შენარჩუნდეს ის დემოკრატიული პროცესი, რომელიც ბოლო ათწლეულებია ქვეყანას გამოარჩევს რეგიონის სახელმწიფოებისგან. შეერთებული შტატები მხარს უჭერს არა ცალკე აღებული რომელიმე საარჩევნო სისტემის დანერგვას საქართველოში, არამედ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსს საარჩევნო სისტემაზე.  აქედან გამომდინარე, პოლიტიკურად ნეიტრალური ელჩის ჩართულობა მოლაპარაკებებში დადებით იმპულსს შესძენს პროცესს.


საქართველო რომ გეოპოლიტიკურად ურთულეს რეგიონში მდებარეობს ეს არახალია. ქვეყნის ტერიტორიების სამხედრო ოკუპაციით დაწყებული, საერთაშორისო ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეებით დამთავრებული საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შეერთებულ შტატებთან  სტრატეგიული თანამშრომლობა, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. შეერთებული შტატები მტკიცე მხარდამჭერია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის წარმოებაში აშშ ჭეშმარიტად ფლაგმანი სახელმწიფოა. გაეროს ფარგლებში ყოველწლიურად მიღებული რეზოლუციის განუხრელი მხარდაჭერით, ევროპასა და ევრაზიაში რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო აქტის მიღებით (დოკუმენტი ეფუძნება ე.წ. სტიმპსონის დოქტრინას, რაც გულისხმობს ძალისმიერი ჩარევით განხორციელებული ტერიტორიული ცვლილებების არაღიარებას; აქტი განსაზღვრავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო მექანიზმებს), იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, დაფინანსების აკრძალვითა და საქართველოსთვის დახმარების სახით 127 მილიონ აშშ დოლარზე მეტის გამოყოფით შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად ღირებულ და სანდო პარტნიორად რჩება. ეს მხოლოდ ნაწილია იმ მხარდაჭერისა, რომელსაც შეერთებული შტატები საქართველოს უწევს. არასამხედრო თვალსაზრისით, აღსანიშნავია, აგრეთვე, ამერიკის დახმარება საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში. მზარდია საგარეო ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან და არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გააქტიურდა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უმაღლესი დონის სავაჭრო დიალოგი. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით ვითარდება, რაც ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობის დიდი დამსახურებაა.


თუკი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ამდენი პოზიტიური მდგენელია მაშინ ჩნდება შეკითხვა, თუ რამდენად რელევანტურია ამერიკასა და საქართველოს შორის ხიდჩატეხილობის პრობლემაზე საუბარი?! პასუხი საკმაოდ მარტივია, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობას არაფერი დამუქრებია, არც ახლა ემუქრება და ურთიერთობის ჯანსაღი საწყისებისა და დადებითი დინამიკის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მომავალშიც რაიმე დაემუქროს. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ჰყავდეს მყარ დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, ძლიერი პარტნიორი სახელმწიფო. შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ ინტერესებში შედის ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობების, განვითარებული ეკონომიკისა და მზარდი დემოკრატიის მქონე საქართველო, რომელიც გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას რეგიონის უსაფრთხოების დაცვისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. საქართველოსთვის გამოყოფილი მატერიალური თუ ტექნიკური დახმარების მოცულობაც კი ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანას შეერთებულ შტატებთან რეგიონული პარტნიორობის კონტექსტში ალტერნატივა არ ჰყავს.


და თუ ვთანხმდებით, რომ ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ ურთიერთობებს არაფერი ემუქრება, მაშინ სჯობს ვკონცენტრირდეთ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის ფარგლების გაფართოებასა და ქართული საზოგადოების გაზრდილი დემოკრატიული მოთხოვნების ადეკვატურ რეალიზებაზე.

 

ფოტო: https://georgiaembassyusa.org/2019/03/02/georgia-us-strategic-partnership-2018%E2%80%8A-%E2%80%8Aall-time-high/ 

 

გააზიარე: