ახალი გეოპოლიტიკური რეალიები სამხრეთ კავკასიაში


გადმოწერეთ PDF ფაილი

ბოლო წლის განმავლობაში საქართველოს გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა. მართალია ამ მომენტისთვის რთულია იმის თქმა რამდენად სასარგებლო ან საზიანოა ეს ცვლილებები, ერთი რამ ნათელია - შეცვლილი ვითარების გაანალიზება საჭიროა, მითუმეტეს ისეთ არასტაბილურ რეგიონში, როგორიც სახმრეთ კავკასიაა.
 

საქართველოსთვის პირველი ფუნდამენტური ცვლილება მეორე ყარაბაღის ომს მოყვა. აქ ჩვენ არ შევუდგებით ომის შედეგების განხილვას, რადგან ეს სხვა ნაშრომებში უკვე კარგად არის ასახული. წინამდებარე სტატიაში ჩვენ მხოლოდ რამდენიმე განსხვავებული აზრის გამოთქმას შევეცდებით. პირველი არის ის, რომ რუსეთი ნაკლებად არის დაინტერესებული ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო მოგვარებაში. კრემლის ეს პოლიტიკა ეფუძნება იმ ტრადიციულ გეოპოლიტიკურ ინტერესებს, რომელიც 1990-იანი წლებიდან მოსკოვს ამოძრავებდა სამხრეთ კავკასიაში - რეგიონის მაქსიმალური დანაწევრება საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რუსეთი არაა დაინტერესებული რეგიონში საინტეგრაციო პროცესების თუ ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერით. რუსული იდეა იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნული პროცესები მხოლოდ მოსკოვიდან იმართებოდეს, რაც სამხრეთ კავკასიაში მესამე ძალების შეღწევადობის შემცირებას უნდა იწვევდეს. მესამე ძალებში უფრო ევროპა და აშშ უნდა იგულისხმებოდეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოსკოვისთვის ბევრად კომფორტულია ირანთან და თურქეთთან თანამშრომლობა, ვიდრე სხვა, შორეულ ძალებთან. ამის გამომწვევი პირველი მიზეზი ისაა, რომ ანკარას და თეირანს მეტნაკლებად იდენტური ინტერესები ამოძრავებთ, კერძოდ სამხრეთ კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში დასავლეთის გავლენის შემცირება. მეორე მიზეზი კი წმინდა ისტორიული ხასიათისაა: სამ რეგიონალურ ძალას მჭიდრო ისტორიული კავშირები ამოძრავებს. სამივეს დასავლეთთან ორმხრივი ურთიერთიერთობების ნეგატიური გამოცდილება დაუგროვდათ. და ბოლოს, სამივე ძალა არაა დაინტერესებული დემოკრატიული იდეალებით. ლიებრალური ინტერნაციონალიზმი მათთვის ასოცირდება დასავლეთის ერთპიროვნულ ბატონობასთან წმინდა გეოპოლიტიკური კუთხით რუსეთის ქმედებები ყარაბაღის მეორე ომის დროს და კონფლიქტის დასრულების შემდეგ საკმაოდ ლოგიკური პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს. კონფლიქტის ზონაში დაახლოებით 2000-მდე სამშვიდობოს ჩაყენებით რუსეთმა პირდაპირი გავლენის ბერკეტი მოიპოვა აზერბაიჯანზე. ამავდროულად, სომხური მოსახლეობა ყარაბაღში და ნაწილობრივ ერევანში დღეს რუსეთს ხედავს, როგორც საშუალებას თავისი პოზიციები შეინარჩუნოს იმ ტერიტორიაზე, რომელიც ჯერ კიდევ ემორჩილება ერევანს ემორჩილება.
 

აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთი შეეცდება 2025 წელს, როდესაც ყარაბაღში სამშვიდობოების განთავსების პირველი ვადა ამოიწურება, თავისი ყოფნა კონფლიქტის ზონაში მინიმუმ კიდევ ერთი ვადით გაახანგრძლივოს. მომდევნო წლების განმავლობაში მოსკოვს მოუწევს გარკვეული ბალანსის დაჭერა. საქმე იმაშია, რომ ბაქოში ვერ იქნებიან სრულად კმაყოფილები იმით, რომ დღეს რუსული ჯარი აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე დგას. ეს გარკვეულ დაძაბულობას გამოიწვევს მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობებში. ხშირი იქნება არაკომფორტული განცხდაბების გაჟღერებაც.
 

ამასთან ერთად, მიუხედავად ერევნისთვის მხარის არდაჭერისა, მოსკოვმა მართალია მოახერხა თავისი თავის პოზიციონირება, როგორც სომხური მოსახლეობის მხსნელისა, დაძაბულობის განმუხტვა ორმხრივ ურთიერთობებში სრულად ვერ მოხერხდება. სავსებით მოსალოდნელია, რომ სომხურ-რუსულ ურთიერთობებში მრავალი ბზარიც კი გაჩნდეს, თუმცა ერევნის მიერ რუსული ძალისთვის ალტერნატივის მოძიება დღეს თითქმის შეუძლებელ გეოპოლიტიკურ სვლას წარმოადგენს. პირიქით, მომდევნო წლებში ერევნის მოსკოვზე დამოკიდებულება ბევრად მოიმატებს.
 

შესაბამისად, მოსკოვს მოუწევს ისევ ლავირება, თამაში, რომლითაც ის შეეცდება ნაწილობრივ დააკმაყოფილოს როგორც ბაქოს, ასევე ერევნის მოთხოვნები და სურვილები. რუსეთს ასევე მოუწევს ყოველ ხუთ წელიწადში აზერბაიჯანს დაუსაბუთოს, რომ სამშვიდობოების განთავსება უნდა გახანგძლივდეს.  ამისთვის კი რუსეთმა შეიძლება მოიშველიოს სომხეთში სამომავლო კონფლიქტისთვის სამხედრო მზადება, ხელისუფლებაში აზერბაიჯანთან ხისტი პოლიტიკის გამტარებელი პოლიტიკოსების მოსვლა და მრავალი სხვა მიზეზი.
 

მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა არის ირანის ცვალებადი გეოპოლიტიკური პოზიცია სამხრეთ კავკასიაში. აქ მცირე შესავლის გაკეთება იქნება საჭირო. ყარაბაღის კონფლიქტის დროს ირანის დიპლომატიურ მცდელობებს არ მოყვა განსაკუთრებული შედეგი, ომის შემდეგ კი ირანმა თავისი ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ სრულად შეცვლილი გეოპოლიტიკური სურათი მიიღო. გაძლიერებული აზერბაიჯანი, რომელთანაც ირანს 1990-იანი წლებიდან პერიოდულად რთული ურთიერთობები ჰქონდა, დღეს ირანისთვის სხვაგვარ სახელმწიფოს წარმოადგენს.


შესაძლებელია რომ თეირანმა ზუსტად ამის გამო შეცვალა თავისი რიტორიკა ბაქოსადმი, როდესაც 2020 წლის ომის დროს სხვადასხვა განცხადება გაკეთდა აზერბაიჯანის მხარდასაჭერად. გარკვეულწილად გადახვევა მოხდა იმ პრაგმატული მოდელიდან, რომელიც 1990-იანი წლებიდან სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტისადმი თეირანს ამოძრავებდა, როდესაც ირანის მიერ რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა სომხეთის სასარგებლოდ.
 

2020 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანის გამარჯვებებმა შეცვალეს არსებული ვითარება. ირანი იძულებული იყო მორგებოდა ახალ რეალობას. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ომის დასრულების შემდეგ ირანის მედია შედარებით პრო-აზერბაიჯანულ პოზიციას იჭერდა. მეტიც, ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა, რამდენიმე განცხადება გააკეთა, სადაც მან ბაქოს პირდაპირ მიულოცა დაბრუნებული ტერიტორიების ამბავი.


ამ ყველაფრის ფონზე ზარიფის ტურნე რეგიონის ხუთ ქვეყანაში ნამდვილად მცდელობა იყო რეგიონისთვის ეჩვენებინა ირანის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ირანს უნდა წარედგინა მსგავსი ინიციატივა, რადგან ის ხედავს, რომ რუსეთის და თურქეთის როლი სამხრეთ კავკასიაში მზარდია და საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, იქნება ეს სამშვიდობო ინიციატივების წამოყენება თუ სხვა რამე.
 

საქართველოსთან მიმართებაში, ირანის საგარეო პოლიტიკაში ჩვენ განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ის ისეთივე პრაგმატული ხასიათის იქნება, როგორც აქამდე. ირანი დაინტერესებული იქნება ქართული პორტებით და დანარჩენი ინფრასტრუქტურით, რომლითაც ის შავ ზღვამდე მიაღწევს. ირანი ასევე დაინტერესებულია რუსეთთან პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით.
 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელი საქართველოს ეხება არის სამხრეთ კავკასიაში ახალი სავაჭრო გზების აღმოცენება. დღეს, საუბრებია რუსეთიდან აზერბაიჯანიდან სომხეთზე და სომხეთიდან ნახიჩევანზე გამავალი საბჭოთა დროინდელი რკინიგზების აღდგენაზე. ეს შესაძლებლობა იძლევა, რომ ირანი პირდაპირ რუსეთს დაუკავშირდეს. 
 

ამასთან ერთად, ირანს ალტერნატიული მიმართულებებიც აინტერესებს. ეს არის ჯერ კიდევ განვითარების პროცესში არსებული ირანიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით რუსეთამდე გამავალი სარკინიგზო ხაზი. მეორე ვარიანტია სომხეთიდან საქართველოს გავლით აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის პოტენციურ აღდგენას. თუმცა, ამ პროექტის ეკონომიკური მდგრადობა კითხვის ქვეშ დგას. ამასთან ერთად, რუსეთიდანაც არაერთგვაროვანი გზავნილები მოდის იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის მოსკოვი დაინტერესებული საქართველოზე გამავალი გზის აღდგენით.
 

აფხაზი პოლიტიკოსები ცდილობდნენ ჩაერთონ იმ საერთო პროცესში, რომელიც მოსკოვის მიერ იქნა წამოწყებული და ეხება სამხრეთ კავკასიაში ძველი სარკინიგზო კავშირების აღდგენას. სოხუმი დაინტერესებულია პოტენციური ეკონომიკური სარგებლით,ლ რადგან სეპარატისტულ რეგიონში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რომელიც პანდემიის შედეგებით და რუსეთის მიერ დახმარების დაგვიანებით არის გამოწვეული. დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია და რამდენიმე სხვა აფხაზი პოლიტიკოსი, მათ შორის სერგეი შამბა, თბილისთან ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირებას ღიად უჭერენ მხარს. როგორც ჩანს, აფხაზეთში ფიქრობენ სარკინიგზო მიმოსვლა შეამსუბუქებს რეგიონის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას.
 

დავუბრუნდეთ რუსეთს, რომელსაც კარგად ესმის, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთამდე სარკინიგზო მიმოსვლა არ შეიძლება იყოს უსაფრთხო ერევანსა და ბაქოს შორის არსებული ანტაგონიზმის გამო. ამიტომაც, მოსკოვი აქტიურად უნდა იყოს დაინტერესებული აფხაზური რკინიგზის აღდგენის საკითხით.
 

ზოგადად, მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიანიშნებს იმაზე, რომ კავკაშიაში აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის სარკინიგზო მიმართულებებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებებს დასავლეთი და თურქეთი უჭერს მხარს, ხოლო ჩრდილოეთ-სამხრეთის კი რუსეთი. ირანი ორივე მიმართულებას უჭერს მხარს იმდენად რამდენადაც ისინი თეირანის ინტერესებში შედის.
 

თბილისის პოზიცია აქ საინტერესოა. ზოგადად, ტრანზიტი საქართველოზე მნიშვნელოვანია და მისასალმებელი. თუმცა აფხაზეთის რკინიგზის ამუშავება ბევრ სახელმწიფოებრივ, ასე ვთქვათ, ლეგალურ საკითხთან არის დაკავშირებული.
 

დიდი ალბათობით, აფხაზეთის რკინიზგის მონაკეთზე მიმოსვლის აღდგენაზე თბილისის პოზიცია უცვლელი დარჩება და რკინიგზის აღდგენის საკითხის მკვდარი ადგილიდან დაძვრა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ყველა რეგულაცია იქნება დაცული - მატარებლების გაკონტროლება, საჭირო დოკუმენტები მხოლოდ ქართული სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკის მატარებელი იქნება და ა. შ.
 

საქართველოსთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს აშშ-თან ურთიერთობა და ამერიკის ცვალებადი გეოპოლიტიკური პოზიცია სამხრეთ კავკასიაში. საქართველოს სახით აშშ-ს რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორი ჰყავს. ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პროდასავლურობით არ აიხსნება, არამედ იმითაც, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა ამერიკას პირდაპირ საშუალებას აძლევს კასპიისკენ მიმავალ დერეფანზე მოახდინოს გავლენა. სხვა სიტყვებით, ვაშინგტონში ესმით, რომ საქართველოს გარეშე ამერიკა პრაქტიკულად დაკარგავს ევრაზიის შუაგულში შეღწევადობის საშუალებას. ეს ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, როდესაც ვსაუბრობთ ისეთ გეოპოლიტიკურ სცენარებზე, სადაც აშშ საქართველოს შეუწყვეტს დახმარებას და ა. შ. რეალობა ბევრად განსხვავებულია. საქართველოზე იმდენად დიდი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა გადის, რომ ამა თუ იმ ქართული ხელისუფლებით უკმაყოფილების გამო, ვაშინგტონი არ გაიფუჭებს თბილისთან  ურთიერთობებს კასპიამდე და ცენტრალურ აზიამდე ტრანზიტის დაკარგვის რისკის ფასად. ამასთან ერთად, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს როლი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ჯერ არ არის მთავარ პრიორიტეტად გამოყოფილი. ამ მხრივ ბევრი სამუშაო არის ჩასატარებელი, როგორც თბილისში, ასევე ვაშინგტონში.
 

ყარაბაღის კონფლიქტმა აჩვენა, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა მეტი აქტიურობა უნდა გამოაჩინოს საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ კონფლიქტის შედეგები დაემთხვა აშშ-ში სარპეზიდენტო არჩევნების პერიოდს, შემდეგ კი ადმინისტრაციის შეცვლას, რამაც გაწელა სამხრეთ კავკასიისადმი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა.
 

ის სიგნალები რომელიც ამ მომენტისთვის ვაშინგტონიდან მოდის განსხვავებულია იმისაგან, რაც ჩვენ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში გვქონდა - მომდევნო წლებში საქართველო უფრო ხშირად იქნება ნახსენები იმ საერთო გეოპოლიტიკურ თამაშში, რომელიც რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარეობს.
 

ბაიდენის ხელისუფლება ბევრად პრინციპული იქნება რუსეთის მიმართ. ეს პირველ რიგში გამოხატული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების საკითხის წინ წამოწევით. შესაძლებელია უფრო მჭიდრო სამხედრო და ეკონომიკური კონტაქტების დამყარების მცდელობაც ვიხილოთ.
 

თუმცა მცდარი მოლოდინებისგან თავის დასაღწევად უნდა ითქვას, რომ ისევე როგორც ტრამპის დროს, ბაიდენის საგარეო პოლიტიკა უფრო ჩინეთზე იქნება ფოკუსირებული. რუსეთის როლი ამ მსოფლიო მასშტაბის პაექრობაში მნიშვნელოვანი იქნება იმდენად, რამდენადაც ორივე ძალა - ჩინეთი და აშშ - შეეცდება მოსკოვის “გადმობირებას”. დასავლეთთან არსებული წინააღმდეგობების ფონზე, ეს ამ მომენტისთვის უკეთესად ჩინეთს გამოსდის.
 

ამას უნდა დაემატოს რუსეთის მულტი-ვექტორული საგარეო პოლიტიკის გატარების სურვილი, რომელიც 1990-იანი წლებიდან მოდის. ამის ფონზე, აშშ-ის ინტერესშია ჩინეთ-რუსეთის დაახლოება შეასუსტოს/შეანელოს, რისი გაკეთებაც პოტენციურად შესაძლებელი იქნება რუსეთთან სხვადასხვა საკითხზე საერთო ენის გამონახვით. საქმე იმაშია, რომ ამერიკის ანალიტიკურ წრეებში ხშირად გამოითქმება რუსეთთან დაახლოების საჭიროება. გამოითქმის მოსაზრება, რომ გათამაშდეს ის მოდელი, რომელიც ჰენრი კისინჯერმა შეასრულა 1970-იან წლებში ჩინეთ-სსრკ ნომინალური ალიანსის დასაშლელად.
 

რა თქმა უნდა, დღეს აშშ-სა და რუსეთს შორის მრავალი ფუნდამენტური წინააღმდეგობაა, რაც ამ ორი ქვეყნის მცირე ზომით დაახლოებასაც კი ეჭვის ქვეშ აყენებს. მაგრამ ანალიტიკაში, ჩვენ უნდა ვეცადოთ და გამოვნახოთ ის სავარაუდო ტენდენციები, რომელმაც შეიძლება გვავნოს/გვარგოს, თუნდაც ამ კონკრეტული მომენტისთვის ეს ნაკლებად სავარაუდო იყოს.
 

საინტერესოა ამ დიდ გათამაშებაში როგორი იქნება საქართველოს ადგილი. შესაძლებელია, რომ ამერიკამ არ ეცადოს რუსეთთან ურთიერთობების დამატებით დაძაბვას საქართველოს ნატოში გაწევრიანებით დაჩქარებით. თუმცა მარტივად შესაძლებელია ის, რომ ამერიკამ ეცადოს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება დადოს, გააძლიეროს სამხედრო კავშირები თბილისთან წვრთნებისა და მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნიკის გადაცემით.
 

აშშ-ის საქართველოსადმი პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ჩინეთი. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ამერიკელების მიერ სულ უფრო მეტად განიხილება ჩინეთთან გლობალური პაექრობის ჭრილში. ვაშინგტონი შეეცდება მინიმუმდე დაიყვანოს ჩინეთის მცდელობები საქართველოს ინფრასტრუქტურას დაეუფლოს, იქნება ეს პორტები თუ სხვა რამ. ცოტა ხნის წინ აშშ-სა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმება მეხუთე თაობის ინტერნეტის გაყვანისთვის საჭირო წინაპირობების გათვალისწინებაზე ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოს ჩინეთთან გეოპოლიტიკურ პაექრობისას.
 

საქართველოზე გამავალ დერეფანთან დაკავშირებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა 21 იანვარს საინტერესო შეთანხმებას მიაღწიეს, რითაც კასპიის ზღვაში მნიშვნელოვანი სადავო საკითხი გადაწყვიტეს. ამიერიდან ორი ქვეყანა დოტლუკის გაზის საბადოს ერთიანად დაამუშავებს. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, იყო ის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ვერ წაიწია წინ ტრანს-კასპიური გაზსადენის გაყვანის საკითხი. შევახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ კასპიის ზღვის შეთანხმებაც დაიდო, რაც ასევე საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯია ტრანს-კასპიური გაზსადენის პროექტის განსახორციელებლად. 
 

თუმცა რუსეთის და ირანის პოზიციები აქ ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ გადამწყვეტია - არცერთს სურს თურქმენული გაზი ევროპამდე მივიდეს. საჭიროების შემთხვევაში ორივე ძალა შეეცდება ამ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალოს. თურქმენეთი ეძებს ახალ ბაზრებს გაზის ექსპორტისთვის. ჩინეთს ის გაზს დაბალ ფასად ყიდის, რუსეთთან თანამშრომლობა აშხაბათისთვის მარტივი არ არის, ხოლო ევროპაში ექსპორტი კი სტაბილური და მომგებიანი იქნება. ამასთან ერთად, სამხრეთ კავკასიის ენერგო-დერეფანი სულ უფრო მძლავრი ხდება ბოლო წლებში ახალი პროექტების ჩაშვების ფონზე. 
 

ტრანს-კასპიური გაზსადენის განხორცილების იდეაში მნიშვნელოვან როლს კოლექტიური დასავლეთიც უნდა თამაშობდეს. ამ მომენტისთვის მათგან განსაკუთრებული დაინტერესება არ მოდის. მიუხედავად იმისა, რომ თურქებმა ცოტა ხნის წინ შავ ზღვაში მსხვილი გაზის საბადოები აღმოაჩინეს, შესაძლებელია, რომ თურქმენული გაზით თურქეთი დაინტერესდეს. ეს სამხრეთ კავკასიაში ანკარის გეოპოლიტიკური გავლენის გაზრდის ფონზე ლოგიკური გაგრძელება იქნება.
 

გააზიარე: