ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება, მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია


სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური ვითარების თავისებურებებსა და იმაზე, სავარუდოდ რა კავშირშია ახლა დონბასა და უკრაინა-რუსეთის საზღვრის მიმდებარედ რუსული სამხედრო ძალების კონცენტრაცია სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასთან, “ინტერპრესნიუსი“ ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელს, ემილ ავდალიანს, ესაუბრა.

 

 

- ბატონო ემილ, ყარაბაღის მეორე ომის შედეგებზე და სამხრეთ რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ რაც მეტი დრო გადის, მით მეტად შეიძლება ამ ახალი რეალობის თავისებურებებზე კონკრეტული დასკვნების გაკეთება.
 

მას შემდეგ, რაც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანმა ყარაბაღის საკმაოდ დიდ ნაწილზე ბაქოს იურისდიქცია აღადგინა, რუსეთმა ყარაბაღში თავისი სამშვიდობოები განალაგა, ყარაბაღში რჩება სომხური მოსახლეობა, მაგრამ ისევე როგორც ყარაბაღზე, აზერბაიჯანსა და სომხეთზე კრემლის გავლენა აშკარად გაიზარდა და ამ პროცესში ჩართული აღმოჩნდა ანკარაც, სამხრეთ კავკასიაში ახალ ვითარებაში რა თავისებურებებზე შეიძლება საუბარი?
 

- აქ ჩვენ აუცილებლად საერთაშორისო კონტექსტი უნდა მოვიშველიოთ. პირველი რასაც გამოვყოფდი არის უკანასკნელ წლებში სამხრეთ კავკასიის მზარდი მიბმა მახლობელ აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან. ყველაფერი სირიის სამოქალაქო ომიდან დაიწყო, როდესაც სამხრეთ კავკასია უსაფრთხოების კუთხით პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა 2011 წელს დაწყებულ კონფლიქტთან ჩვენი რეგიონიდან იქ წასული მეომრების სახით.
 

მეორე იყო 2020 წლის ენერგო-მონაცემები, რომლოს მიხედვითაც რუსეთმა დაკარგა თურქეთის გაზის ნომერ პირველი მიმწოდებლის სტატუსი და ეს ადგილი აზერბაიჯანმა დაიკავა, რითაც გაზარდა ანკარის ყურადღება კასპიის ზღვისკენ.
 

მესამე იყო მეორე ყარაბაღის ომის შედეგები. ამიერიდან რუსეთი, თურქეთი და ირანი ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკური სვლების განსახორციელებლად ყურადღებას აქცევენ იმას, რაც ხდება სირიაში, ერაყში, ხმელთაშუა ზღვაში, ენერგო სექტორში და ასე შემდეგ.
 

ეს ის სივრცეებია და სექტორები, სადაც სამ რეგიონულ ძალას თავისი ინტერესი გააჩნია და ყარაბაღში და დღეს ზოგადად სამხრეთ კავკასიაში მათ ნაბიჯებთან მჭიდრო ბმაშია. დღეს, სამხრეთ კავკასია ამ სამი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ისეთივე მაღალ ადგილს იკავებს, როგორც მათი გადაკვეთის სხვა რეგიონები.
 

რუსეთის, თურქეთის და ირანის აქტივობა ასევე დაკავშირებულია მსოფლიოში მიმდინარე კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროცესთან - დასავლეთის და ზოგადად ლიბერალური ინტერნაციონალიზმის გავლენის შემცირებასთან.
 

იმის მტკიცება, რომ დასავლეთი გამოუსწორებელ კრიზისშია გადაჭარბებულად მიმაჩნია. თუმცა, ის რომ არალიბერალური - არადემოკრატიული - ქვეყნები დღეს დასავლეთის პრობლემებს სულ უფრო მეტად თავის სასარგებლოდ იყენებენ ეს ნათელია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.
 

ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობამ და მისმა შედეგებმა აჩვენა, რომ ეს პროცესი გარკვეულწილად სამხრეთ კავკასიასაც შეეხო. ჩვენმა რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, სადაც პოსტსაბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული წესრიგი კრიზისშია და დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება, ასე ვთქვათ, მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია.
 

დასავლეთს ესაჭიროება მეტი აქტიური საგარეო პოლიტიკა, რათა წარმატებული კონკურენცია გაუწიოს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მიერ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებს - ინიციატივები სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენის/განვითარების შესახებ; სამხედრო ნაბიჯები და ა. შ.
 

- კრემლს რომ სამხრეთ კავკასიაში არ სურს რუსეთის გარეშე არც მშვიდობა და არც ომი, ამაში ახალი თითქოს არაფერია, მაგრამ ახლა საინტერესო ისაა, მას ამ საქმეში პარტნიორებად თურქეთი და ირანიც ჰყავს.
 

გასაგებია, რომ ანკარის, თეირანისა და რუსეთის ამბიციებს ისტორიული წინამღვრები აქვს, მაგრამ ვხედავთ, რომ ისინი რიგ საკითხებში საკმაოდ აქტიურადაც კი თანამშრომლობენ.
 

ცხადია, სამივე ეს ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში კონკურენტებად აშშ-სა და დასავლეთს მოიაზრებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სამივეს ინტერესებიც ამავე რეგიონში ერთმანეთს აშკარად არ და ვერ ემთხვევა.
 

თქვენი დაკვირვებით რაში ემთხვევა ერთმანეთს ანკარის, თეირანისა და მოსკოვის ინტერესები და სავარაუდოდ, რაში არ ემთხვევა?
 

- სამივე ძალას აინტერესებს დასავლეთის გავლენის შემცირება. სამივე ძალისთვის სამხრეთ კავკასია წარმოადგენს რეგიონს, სადაც უცხო, შორეული ძალების გავლენის არსებობა არ არის მისასალმებელი. ეს არის სამივე ქვეყნისთვის საერთო მამოძრავებელი ინტერესი.
 

თუმცა, აქ ალბათ მეტად საჭიროა თურქეთის პოზიციის განხილვა. მართალია ანკარას რთული ურთიერთობა აქვს დასავლეთთან და წესით სრულად უნდა აინტერესებდეს სამხრეთ კავკასიაში ბრიუსელის და ვაშინგტონის პოზიციების დასუსტება, თურქეთს და დასავლეთს ჩვენს რეგიონში ბევრი საერთო გრძელვადიანი ინტერესი ამოძრავებს.
 

ანკარა ხედავს, რომ დასავლეთის გარეშე მას გაუჭირდება სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შეკავება და რომ მეტი ბალანსისთვის საჭიროა სამხრეთ კავკასიაში ნატოს და ევროკავშირის გავლენის გარკვეული დოზით არსებობა.
 

ჩვენ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანკარასა და დასავლეთისთვის სამხრეთ კავკასია ფაქტობრივად ერთადერთ რეგიონს წარმოადგენს, სადაც ამ ორი მოთამაშის ინტერესები თითქმის სრულად ემთხვევა - კასპიამდე არსებული ენერგო და სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხო ფუნქციონირება. ამიტომაც, გადაჭრით იმის თქმა, რომ თურქეთი დასავლეთის სრულად დაკნინებითაა დაინტერესებული, არ იქნება სწორი.
 

ჩვენ აქ უფრო საქმე გვაქვს ლავირებასთან თურქეთის მხრიდან, როდესაც ევროპისგან დისტანცირება მეტად ავნებს თურქულ ინტერესებს რუსეთთან მისი პოზიციების დასუსტებით.
 

ამავდროულად, დასავლეთის მეტად გაძლიერებაც არ შედის თურქეთის ინტერესებში, რადგან, ანაკარის მოსაზრებით, შეიძლება თურქეთის აქტიური საგარეო პოლიტიკა შეიზღუდოს, შეუმცირდეს მანევრირების საშუალება.
 

- რადგან თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების საკითხში ერთის მხრივ ანკარის, ხოლო მეორეს მხრივ კი თეირანისა და მოსკოვის პოზიციები ერთმანეთს ძირითადად არ ემთხვევა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ თუ ევროპამ გამოავლინა ინტერესი თურქმენული გაზის მიმართ, აშხაბადმა, ბაქომ და თბილისმა ერთობლივადაც კი იმოქმედონ?
 

- დასავლეთის გარეშე ამ პროექტის განხორციელება რთული იქნება. თუმცა, ტრანსკასპიური გაზსადენის იდეის წინ წაწევას შეიძლება თურქეთმა შეუწყოს ხელი. ამ მხრივ აზერბაიჯანს საკვანძო როლის შესრულება შეუძლია თურქულ ხედვაში. ეს განსაკუთრებით ასეა ყარაბაღის ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც ანკარის გავლენამ აზერბაიჯანში მოიმატა.
 

ამას უნდა დაემატოს ამ წლის დასაწყისში ბაქოსა და აშხაბადს შორის კასპიაში გაზის საბადოს საერთო დამუშავება/მოხმარებასთან დაკავშირებით მიღწეულმა შეთანხმება. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნულით დაინტერესება პირდაპირ თურქეთმაც გამოამჟღავნა, როდესაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომავალში სამმხრივი თურქულ-აზერბაიჯანულ-თურქმენული შეხვედრების გამართვა გამოაცხადა.
 

აქ ჩვენ ვუბრუნდებით წინა კითხვაზე გაცემულ პასუხში შემოთავაზებულ იდეას, რომ თურქეთის ინტერესები პირდაპირ თანხვედრაშია დასავლეთის ხედვასთან. მეტიც, გადაჭარბების გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ დასავლეთმა შესაძლოა ტრანსკასპიური ნავთობსადენის საკითხის წინ წაწევა ზუსტად თურქეთს მიანდოს.
 

დღეს, რა თქმა უნდა, ამ პროექტის განსახორციელებლად ჯერ კიდევ ბევრი წინაღობა არსებობს, თუმცა უკანასკნელ წლებში ასევე ბევრი ნაბიჯი გადაიდგა კასპიის ზღვაში პრობლემური საკითხების მოგვარების კუთხით.
 

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის, რაც კასპიის აუზში და ცენტრალურ აზიაში ხდება. სამწუხაროდ, ქართულ ანალიტიკურ სფეროში ამას სათანადო ყურადღება არ ეთმობა. არადა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, მრავალმხრივ, ზუსტად ჩვენგან აღმოსავლეთით არსებულ სივრცეში წყდება.
 

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტიანად ახერხებს ჩინეთი ცენტრალურ აზიაში სარკინიგზო და საგზაო არტერიების განვითარებას, რათა კასპიით მოხდეს სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირება.
 

მართალია ჯერჯერობით რუსეთზე გამავალი ტრანზიტი დომინირებს, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის დაკავშირების საქმეში. ამ საერთო პროცესში უნდა ჩავსვათ ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის იდეაც.
 

- თუ ისევ ყარაბაღის თემას დავუბრუნდებით, ბევრი რამ აქაც შეიძლება კითხვის ნიშნიშ ქვეშ დადგეს.
 

მოსკოვი კი თვლის, რომ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების შეყვანით სტრატეგიულ უპირატესობას მიაღწია, მაგრამ დროთა განმავლობაში ძნელი წარმოსადგენია, რომ რესურსებით მდიდარმა აზერბაიჯანმა არ მოისურვოს ყარაბაღში სადღეისოდ ჩამოყალიბებული სტატუს-კვოს სათავისოდ შეცვლა.
 

გასული წლის 10 ნოემბრის შეთანხმებით, რომლის თანახმადაც ყარაბაღში ომი დასრულდა, მხარეები დღესაც სხვადასხვაგვარად არა მარტო აღიქვამენ და აფასებენ, არამედ პერსპექტივაზე სხვადასხვა ხედვები აქვთ.
 

მხედველობაში მაქვს ის, რომ ბაქოს მტკიცებით რუსი სამშვიდობოები ყარაბაღიდან ადრე თუ გვიან გავლენ, ხოლო ერევანსა და მოსკოვში კი ფიქრობენ, რომ ისინი იქ მუდმივად იქნებიან განთავსებული.
 

სტეპანაკერტმა, რომელსაც სომხები აკონტროლებენ, ყარაბაღის იმ ნაწილში, სადაც რუსი სამშვიდობოები დგანან, სომხურ ენასთან ერთად რუსული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა.
 

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2025 წელს როცა რუს სამშვიდობოებს ყარაბაღში ყოფნის ვადა ამოეწურებათ, ბაქოსა და მოსკოვს შორის გაუთვალისინებელი პროცესები დაიწყოს?
 

- ოთხი წლის შემდეგ რუსეთი შეეცდება გაიხანგრძლივოს თავისი სამშვიდობო მისია აზერბაიჯანში. აღნიშნული პერიოდისთვის ბაქოში რუსული სამშვიდობო მისიის გაუქმების სურვილი გამძაფრდება და პოტენციური პრობლემების თავიდან ასაცილებლად რუსეთის ხელისფულებას მრავალმხრივი მანევრირება დასჭირდება.
 

ბაქოსთვის გარკვეული დათმობები შეიძლება ეფექტური იყოს, მაგრამ აქ შესაძლოა სხვა პოლიტიკურმა და სამხედრო გზავნილებმა მოსკოვისთვის მეტი სარგებლის მომტანი იყოს.
 

რუსეთი შეეცდება დაანახოს აზერბაიჯანს, რომ რუსი სამშვიდობოების წასვლის შემთხვევაში, მის საპირისპიროდ ბევრად უკეთესად მომზადებული და თანამედროვე რუსული იარაღით აღჭურვილი სომხური ჯარი იქნება. ამ შემთხვევაში რუსები უფრო ღიად დაუჭერენ მხარს სომხეთს, განსხვავებით 2020 წლის კონფლიქტისა, როდესაც მოსკოვი ლავირების გზით და სომხეთისგან მნიშვნელოვანი ინტერესების დათმობის შემდეგ ჩაერია კონფლიქტში.
 

სავსებით შესაძლებელია, რომ მთიან ყარაბაღში გათამაშდეს საქართველოსთვის და მოლდოვასთვის ნაცნობი სცენარი, როდესაც რუსი სამშვიდობოები მოსკოვის გეოპოლიტიკური გავლენის გატარების მთავარ იარაღად გადაიქცევიან.
 

ამიტომაც, ბაქოს სჭირდება სწორი პოლიტიკის გატარება და იმის გააზრება, რომ 2025 წლისთვის რუსების გასვლა რეგიონიდან ნაკლებად მოსალოდნელი იქნება.
 

რუსებისგან დათმობის მიღების სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა შესაძლებელია აქტიური საუბარი დაიწყოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შესახებ, ან ზოგადად რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების გზას დაადგეს.
 

ამ მომენტისთვის რთულია მოვლენების პროგნოზირება, თუმცა ჩვენ აქ რამდენიმე ძირითადი მონახაზი გავაკეთეთ.
 

- მას შემდეგ, რაც კავკასიური 6-ულის პლატფორმის იდეა პრეზიდენტმა ერდოღანმა გააჟღერა, ამ საკითხზე საქართველოში სხვადასხვა ფორმატებში იყო დისკუსიები.
 

ამ იდეას ჩვენში ბევრი მოწინააღმდეგი აღმოუჩნდა, მაგრამ საკმაოდ ბევრმა იგი აშკარად მოიწონა. განსაკუთრებით მათ, ვისი აზრითაც ცუდი არ იქნებოდა თუ სამხრეთ კავკასიაში აშშ-სა და დასავლეთის გავლენა შესუსტდება.
 

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ერდოღანმა გააკეთა განცხადებები, რომ ანკარა მზადაა მხარი დაუჭიროს შავ ზღვაში აშშ-ს ფლოტის გაძლიერებას, მეტიც, ანკარა მზადაა გადახედოს მონტროს კონვენციას, რომლის თანახმადაც აშშ-ს გემებს შავ ზღვაში 21 დღეზე მეტი ყოფნის უფლება არ აქვთ, კავკასიური 6-ულის პლატფორმის იდეამ აშკარად გადაიწია უკანა პლანზე.
 

თქვენი დაკვირვებით პრეზიდენტი ერდოღანი გააგრძელებს კავკასიური 6-ულის პლატფორმის იდეის ლობირებას, თუ შავ ზღვასა და სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს და ნატო-ს პოზიციების გაძლიერების პოლიტიკას გაატარებს?
 

- ვფიქრობ, კავკასიაური 6-ულის იდეას დიდი მომავალი არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ამ ექვსეულში ისეთი ქვეყნებია ვის შორისაც მინიმალური დიპლომატიური კონტაქტიც კი არ არსებობს. ეს გამუდმებით შეაფერხებს მსგავსი პროექტების განხორციელებას.
 

- ექვსეულის იდეა ასევე გავს იმ ინიციატივებს, რომელიც ანკარამ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული რამდენჯერმე წამოაყენა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვება იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. მსგავსი იდეები ემსახურება რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების დონის ამაღლებას, მაგრამ ამის მისაღწევად ასევე საჭიროა მეგობრული ურთიერთობები მინაწილე ქვეყნებს შორის. დღეს, ჩვენ საპირისპირო ვითარება გვაქვს. მაშინ უნდა მოიძებნოს ისეთი საკითხი, რომელიც ყველა მონაწილესთვის მნიშვნელოვანი იქნება და, რაც მთავარია, ყველა მოთამაშის ინტერესებში შედიოდეს.
 

ერთი გადმოსახედიდან, ეს შეიძლება რეგიონში საგზაო და სარკინიგზო ქსელების განვითარება იყოს. თუმცა, აქაც განსხვავებული ინტერესებია, ხშირად მკვეთრად საწინააღმდეგოც, რაც ისევ საერთო ინიციატივის ხორცშესხმას ხელს უშლის.
 

შემდეგ ჩნდება მრავალი სხვა საკითხი. თუ კავკასიაური ექვსეული თანხმობას გამოცხადებს და შეუდგება ინიციატივის განხორციელებას, რა სახის შეხვედრები იქნება, რა საკითხები უნდა განიხილებოდეს და ა. შ. ვფიქრობ, აღნიშნული ინიციატივის ამუშავების მთავარი მოწინააღმდეგე რუსეთიც იქნება, რადგან მოსკოვის გადმოსახედიდან, მსგავსი ინიციატივები კრემლის გავლენის შემცირებას შეუწყობს ხელს.
 

- უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ანკარაში შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს. ვიცით, რომ თურქეთი უკრაინას აწვდის უპილოტო თვითმფრინავებს, რომლებსაც გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ ნებისმიერ სამხედრო დაპირისპირებაში.
 

უკრაინასა და რუსეთს შორის სავარაუდო სამხედრო დაპირისპირების ფონზე ანაკარასა და კიევს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ რეალურად რა იქნება, ძნელი სათქმელია.
 

მაგრამ, უკვე ცნობილია, რომ ამერიკელებმა თურქულ მხარეს გადასცეს დიპლომატიური ნოტა იმის თაობაზე, რომ მათი სამხედრო გემები საჭიროების შემთხვევაში უკრაინის დასახმარებლად პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში შავ ზღვაში შევლენ.
 

ისეთი პირი უჩანს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის დაპირისპირების საქმეში თურქეთის პოზიცია გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს, რის გამოყენებასაც ანკარა მაქსიმალურად შეეცდება...
 

- თურქეთი სულ უფრო მეტად განიხილავს უკრაინას, საქართველოსა და აზერბაიჯანს, როგორც იმ გეოპოლიტიკურ რკალს, სადაც ანკარა შეძლებს რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური უპირატესობა დააბალანსოს. ზუსტად ამ ჩამოყალიბების პროცესში არსებული თურქული სტრატეგიის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ ანკარის ნაბიჯები გააძლიეროს სამხედრო თანამშრომლობა კიევთან.
 

თურქეთი მიანიშნებს იმაზე, რომ ის აპირებს ბევრად უფრო აქტიური როლი შეასრულოს შავი ზღვის აუზსა და კავკასიის რეგიონში, რათა დააბალანსოს რუსეთის მზარდი გავლენა.
 

საქმე იმაშია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთი მუდმივად ცდილობდა გაეზარდა სამხედრო და ეკონომიკური გავლენა შავ ზღვასა და სამხრეთ კავკასიაში. 2014 წელს ყირიმის ანექსიამ, შემდგომში კი ქერჩის სრუტის ბლოკირებამ, სამხედრო ბალანსი მკვეთრად მოსკოვის სასარგებლოდ შეცვალა და ამით თურქეთს მანევრირების საშუალება შეუზღუდა.
 

2020 წლის დასაწყისში ერდოღანმა 36 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწოდა უკრაინას. გარდა ამისა, მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. თურქეთმა ასევე გადადგა ნაბიჯები უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების ასამაღლებლად.
 

თურქეთისა და უკრაინის სამხედრო დელეგაციები ღიად საუბრობდნენ შავი ზღვის რეგიონში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობის შესახებ. ეს თანამშრომლობა მოიცავს თურქეთისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივ წვრთნებს. თურქეთ-უკრაინის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ასევე მტკიცდება ორ ქვეყანას შორის მზარდი სამხედრო ვაჭრობით.
 

როგორც თქვენ აღნიშნეთ, ანკარა ნამდვილად აწვდის კიევს უპილოტო აპარატებს. მეტიც, გამოითქვა სურვილი ორმა ქვეყანამ უპილოტო თვითმფრინავების შესაძლო, ერთობლივი განვითარება და წარმოება დაიწყოს. უკრაინამ უკვე მიაღწია გარკვეულ პროგრესს საკუთარი უპილოტო თვითმფინავების ინდუსტრიის განვითარებაში, რაც დონბასში სეპარატისტების სამხედრო ძალას უფრო მეტად ზღუდავს, ვიდრე ეს წამდენიმე წლის წინ იყო.
 

ზუსტად ამ კონტექსტიდან გამომდინარე უნდა განიხილებოდეს ზელენსკის თურქეთში ჩასვლა და ის შესაძლო შედეგები, რომელიც მის ვიზიტს მოჰყვება. კიევს ანკარასთან მჭიდრო ურთიერთობების განვითარებით სურს რუსეთის ძალის დაბალანსება. ანკარას კი სურს მოსკოვისთვის იმის დემონსტრირება, რომ საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია უკრაინასთან სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობა გააფართოვოს. აქ აზერბაიჯანისთვის გაწეული თურქული სამხედრო დახმარება კარგ მაგალითად გამოდგება.
 

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთი ცდილობს სიფრთხილე გამოიჩინოს უკრაინის საკითხი რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების საფუძველი არ გახდეს. ანკარა არ შეუერთდა ანტი-რუსულ ეკონომიკურ სანქციებს, თუმცა გმობს ყირიმის ანექსიას. ის ასევე შეწუხებულია ყირიმელი თათრების ბედით, მაგრამ ასევე ცდილობს ზედმეტი კრიტიკა არ მიმართოს მოსკოვის მიმართ.
 

- იმის გათვალიწინებით თუ რა რაოდენობის სამხედრო ძალების მობილიზებას ახორციელებს მოსკოვი უკრაინის საზღვართან, უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირების ალბათობა საკმაოდ მაღალია.
 

პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა - „თუ დონბასის მოსახლეობის დაცვა გახდა აუცილებელი, რუსეთი იძულებული იქნება დაიცვას ისინი“. მისივე თქმით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მასშტაბის ხანძარი იქნება დონბასში.
 

არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ დონბასში მოსალოდნელი ხანძრის მასშტაბები კრემლს კარგა ხანია გათვლილი აქვს. პუტინს, მას შემდეგ რაც აშშ-ს პრეზიდენტმა მას მკვლელი უწოდა, ახლა პუტინი ცდილობს იმის დადგენას თეთრის სახლის ადმინისტრაცია და აშშ-ს რამდენად შორს არიან წამსვლელები უკრაინის საკითხში. თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები დონბასში?
 

- საინტერესოა რისი მიღწევა სურს რუსეთს ყირიმში და აღმოსავლეთ უკრაინაში. ამ რიტორიკულ კითხვას ვსვამ იმიტომ, რომ ჩვენთან და დასავლეთში მოდურია საგარეო ასპარესზე რუსეთის ხელისუფლების ქმედებების ახსნა ქვეყნის შიგნით პუტინის პოპულარობის მომატების სურვილით. ასევე მოდურია იმის მტკიეცბა, რომ თითქოს რუსეთი ხშირად ავანტიურისტულ მიზნებს მიზდევს სამეზობლოში.
 

აქ მე საპირისპირო მოსაზრების გამოთქმა მსურს და კიდევ ერთხელ მინდა დავსვა კითხვა, თუ რატომ უნდა დაიწყოს რუსეთმა მსხვილი სამხედრო შეტევა ამ კონკრეტულ მომენტში.
 

2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც პუტინმა პირველად გამოიყენა სამხედრო ძალები სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, რუსეთი ყოველთვის სტრატეგიულად ფიქრობდა. მისი სამხედრო კამპანიები ყოველთვის კონკრეტულ სამხედრო მიზანს ატარებდა იქნება ეს ნატოს გაფართოების შეჩერება, როგორც ეს საქართველოში მოხდა, სამხედრო ბაზების დაცვა ყირიმში ან შემდეგ სირიაში. მოსკოვის ყველა ქმედება ემყარებოდა რამდენიმე კონკრეტული გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევას.
 

რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მრავალი საფუძვლიანი არგუმენტის მოსმენა იმის შესახებ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის ეს ყველა საგარეო ომი უფრო წამგებიანი გამოდგება, მაგრამ ნათელია ის, რომ მოსკოვის არცერთი სამხედრო კამპანია არ იყო წმინდა წყლის ავანტიურა, არამედ კონკრეტულ შედეგებზე გათვლილ ქმდებებს წამოადგენდა. ახლა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმდებების დაწყება კი ნამდვილად ავანტიურა იქნება.
 

უკრაინის ტერიტორიული სიღრმე განსხვავდება საქართველოსა და სირიისგან. სწრაფი გამარჯვების მიუხედავად, რუსეთი სულ რამდენიმე კვირაში უზარმაზარი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დადგება. ამას უნდა დაემატოს დასავლეთის მკვეთრად ნეგატიური რეაქცია, დიდი ალბათობით მძიმე სანქციები.
 

თუ რუსეთი ძალების მობილიზებით შეეცდება მცირე მასშტაბის სამხედრო კამპანიის ჩატარებას, ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს გამიზნული კიევზე ზეწოლის მოსახდენად, რათა ზელენსკიმ ისეთ საკითხებში დათმოს, როგორიც არის ყირიმისთვის წყლის მიწოდების აღდგენა, უკრაინაში პრო-რუსული პოლიტიკოსების შევიწროების შეწყვეტა და ა. შ.
 

არგუმენტი თითქოს პუტინი ცდილობს დაინახოს რამდენად მზადაა ბაიდენის ადმინისტრაცია დაიცვას უკრაინა, არასაკმარისად დამაჯერებელი მეჩვენება. აქამდე მოსკოვს ოთხწლიანი პერიოდი ჰქონდა, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის დროს აშშ-უკრაინის ურთიერთობები არ ვითარდებოდა სწორად და მრავალი ეჭვი არსებობდა თუ რამდენად მყარი იყო ამერიკის ინტერესი ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში.
 

ამიტომაც, ვფიქრობ, თუ ჩვენ მივიღებთ რამე სახის სამხედრო ესკალაციას, ეს უფრო მოკლევადიანი უნდა იყოს მოსკოვის მხრიდან კონკრეტული მიზნების მისაღწევად.
 

- დამკვირვებელთა ერთი ნაწილი თვლის, რომ მოსკოვი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას, თუ პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთს დაუბლოკავს დოლარში ტრანზაქციებს, აუკრძაკავს გლობალურ ბაზარზე ამერიკულ კომპანიებს რუსული ნავთობით ვაჭრობას, ევროპელთა ხელით დაბლოკავს საბანკო გადარიცხვათა სისტემა SWIFT-ს, რის შედეგადაც რუსულ ბანკთა ემინირებული VIZA ბარათებით სარგებლობა რუსეთის მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ.
 

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ახლა ვაშინგტონი მზად არაა უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ ის ნაბიჯები გადადგას, რაც კრემლისთვის შესაძლოა ყველაზე მტკივნეული იყოს.
 

წარმოუდგენელია, ეს კრემლში არ იცოდნენ. თუ ასეა, გაუგებარია რატომ სურს თავად მოსკოვს ვითარების უკიდურესად გამწვავება?
 

დამკვირვებელთა ნაწილი ამის მიზეზად ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციას ასახელებს. თქვენც ასე ფიქრობთ?
 

- ეს კითხვები ნაწილობრივ ებმის იმ რიტორიკულ კითხვას, რომელიც წინა კითხვაზე პასუხისას დავსვი. მართლაც, რა მსხვილი სარგებლის მიღება შეუძლია რუსეთს ამ მომენტში უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიის დაწყებით.
 

რუსეთს ნამდვილად არ აწყობს ის გამოთიშონ მსოფლიო ეკონომიკიდან, რადგან ეს უკიდურესად მძიმედ დააწვება მოსახლეობას, რომელიც ისედაც სულ უფრო ნაკლებად არის კომფორმისტულად განწყობილი რუსული პოლიტიკური ელიტისადმი.
 

პირიქით, ვფიქრობ, რუსეთის ხელისუფლებას არ მოუნდება 2024 წლამდე, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ქვეყანაში სოციალური ფონი დაძაბოს. ამიტომაც, რუსეთის მხრიდან უფრო მეტად გონიერი საგარეო პოლიტიკის გატარებაა მოსალოდნელი.მოსკოვში არ უნდა აწყობდეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყება ამ კონკრეტულ მომენტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო.
 

ევროპასთან რუსეთის ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. მეტიც, ბევრი მინიშნებაა იმაზე, რომ ევროპაში რუსეთთან საერთო ენის გამონახვის იმედები დაეკარგათ.


ეს კარგად ჩანდა ბორელის ვიზიტის დროს მოსკოვში. უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებები კი უფრო მეტად დააჩქარებს ევროპის დისტანცირებას რუსეთისგან და ევრო-ატლანტიკური ურთიერთობების გაუმჯობესაბას შეუწყობს ხელს.
 

ევროპა და ამერიკა მარტივად გამონახავენ საერთო ენას, რაც მეტად პრობლემური იქნება მოსკოვისთვის, რადგან რუსული დიპლომატიის მთავარი მიღწევა იყო, ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის უთანხმოებების გაღვივება.
 

 


„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გააზიარე: