ანტი-ლიბერალიზმი და ახალი პოლიტიკური წესრიგი სამხრეთ კავკასიაში


გადმოწერეთ PDF ფაილი

ბოლო წლებში სამხრეთ კავკასიის მზარდი მიბმა მიმდინარეობს მახლობელ აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან. ყველაფერი სირიის სამოქალაქო ომიდან დაიწყო, როდესაც სამხრეთ კავკასია უსაფრთხოების კუთხით პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა 2011 წელს დაწყებულ კონფლიქტთან ჩვენი რეგიონიდან იქ წასული მეომრების სახით. შემდეგი დიდი მოვლენა იყო 2020 წლის ენერგო-მონაცემები, რომლის მიხედვითაც რუსეთმა დაკარგა თურქეთის გაზის ნომერ პირელი მიმწოდებლის სტატუსი და ეს ადგილი აზერბაიჯანმა დაიკავა. 


ამით გაიზარდა ანკარის ყურადღება კასპიის ზღვის მიმართულებით. აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავება თურქეთის პრიორიტეტად გადაიქცა, რაც აისახა 2020 წელს მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებით. მეორე ყარაბაღის ომის შედეგების მიხედვით, რუსეთი, თურქეთი და ირანი სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური სვლების განსახორციელებლად ყურადღებას აქცევენ იმას, რაც ხდება სირიაში, ერაყში, ხმელთაშუა ზღვაში, ენერგო სექტორში დასე შემდეგ. ეს ის სივრცეებია და სექტორები, სადაც სამ რეგიონულ ძალას თავისი ინტერესი გააჩნია და ყარაბაღში და დღეს ზოგადად სამხრეთ კავკასიაში მათ ნაბიჯებთან მჭიდრო ბმაშია. დღეს, სამხრეთ კავკასია ამ სამი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ისეთივე მაღალ ადგილს იკავებს, როგორც მათი გადაკვეთის სხვა რეგიონები.


რუსეთის, თურქეთის და ირანის აქტივობა ასევე დაკავშირებულია მსოფლიოში მიმდინარე კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროცესთან - დასავლეთის და ზოგადად ლიბერალური ინტერნაციონალიზმის გავლენის შემცირებასთან. ამერიკული მსოფლიო წესრიგი კრიზისშია, ან ნაკლებად რადიკალური ტერმინოლოგია, რომ გამოვიყენოთ, ის გარდამავალ პერიოდში იმყოფება, როდესაც მიმდინარეობს მსოფლიო ძალების გადაწყობა, მორგება იმ რეალობასთან, როდესაც აშშ აღარ არის უპირობო ლიდერი. ჩინეთის და რამდენიმე მსხვილი ევრაზიული სახელმწიფოს აღზევებამ ხელი შეუწყო ლიბერალიზმის საწინააღმდეგო მოძრაობის ანტი-ლიბერალიზმის (illiberalism) ჩამოყალიბებას. არალიბერალუტი ქვეყნრბი ერთმანეთს მხარს უჭერენ საერთაშორისო ასპარესზე, სამხედრო კუთხით მხარს უჭერენ გაჭირვების ჟამს და კოორდინირებულ იდეოლოგიურ ბრძოლას - პროპაგანდას - უწევენ ლიბერალურ ინტერნაციონალიზმს. 


ამავდროულად, იმის მტკიცება, რომ დასავლეთი გამოუსწორებელ კრიზისშია შეიძლება გადაჭარბებულად ჩაითვალოს. თუმცა ის რომ არალიბერალური - არადემოკრატიული - ქვეყნები დღეს დასავლეთის პრობლემებს სულ უფრო მეტად თავის სასარგებლოდ იყენებენ, ეს ნათელია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. გარკვეულწილად ეს პროცესი სამხრეთ კავკასიაზეც აისახა. ამის უშუალო მაგალითი მეორე ყარაბაღის ომია, როდესაც რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, სადაც პოსტ-საბჭოთა პერიოდში აღმოცენებული წესრიგი კრიზისშია და დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება, ასე ვთქვათ, მტკივნეული გარდამავალი პერიოდი მიმდინარეობს. 


დასავლეთს ესაჭიროება მეტად აქტიური საგარეო პოლიტიკა, რათა წარმატებული კონკურენცია გაუწიოს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მიერ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებს - ინიციატივები საბჭოთადროინდელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენის/განვითარების შესახებ; სამხედრო ნაბიჯები და ა. შ.


თურქეთს, ირანს და რუსეთს, მართალია განსხვავებული ინტენსივობით, მაგრამ აინტერესებს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის გავლენის შემცირება. სამივე ძალისთვის რეგიონიში შორეული ძალების გავლენის არსებობა არ არის მისასალმებელი. სამივეს საგარეო პოლიტიკაში ერთგვარი ევრაზიული მიმართულება ამოძრავებს. ევრაზიულობა კი ასოცირდება დასავლეთის გავლენისგან თავის დაღწევასთან. ამას ცდილობდა რუსეთი საუკუნეების განმავლობაში. იგივეს თქმა შეიძლება თურქეთსა და ირანზე - ორივეს ისტორიულად სურდა დაებალანსებინა დასავლეთის არაპროპორციულად დიდი გავლენა. აქამდე ეს შეუძლებელი იყო, ყოველ შემთხვევაში, გრძელვადიანი პერსპექტივით. დღეს კი ამის რეალური შანსი არსებობს. მსოფლიო წესრიგი იცვლება, დასავლეთი არ არის ისეთივე კომფორტულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როგორც ეს 1990-იან და 2000-იან წლებში იყო და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასპარესზე მძლავრი არალიბერალური ჩინეთი გამოვიდა. ჩინეთი ევრაზიის ქვეყნების უმეტესობას დასავლეთთან ბალანსირების საშუალებას აძლევს. 


მეტის თქმა არის საჭირო თურქეთის პოზიციაზე. მართალია ანკარას რთული ურთიერთობა აქვს დასავლეთთან და წესით სრულად უნდა აინტერესებდეს სამხრეთ კავკასიაში ბრიუსელის და ვაშინგტონის პოზიციების დასუსტება, თურქეთს და დასავლეთს რეგიონში ასევე ბევრი საერთო გრძელვადიანი ინტერესი ამოძრავებს. ანკარა ხედავს, რომ დასავლეთის გარეშე მას გაუჭირდება რუსეთის შეკავება და რომ მეტი ბალანსისთვის საჭიროა სამხრეთ კავკასიაში ნატოს და ევროკავშირის გავლენის გარკვეული დოზით არსებობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ანკარასა და დასავლეთისთვის სამხრეთ კავკასია ფაქტობრივად ერთადერთ რეგიონს წარმოადგენს, სადაც ამ ორი მოთამაშის ინტერესები თითქმის სრულად ემთხვევა - კასპიამდე არსებული ენერგო და სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხო ფუნქციონირება; რუსეთის გავლენის შეკავება და ა. შ. ამიტომაც, გადაჭრით იმის თქმა, რომ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის სრულად დაკნინებითაა დაინტერესებული, არ იქნება სწორი. აქ თურქეთის მხრიდან მხრიდან უფრო გეოპოლიტიკურ ლავირებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ევროპისგან სრული დისტანცირება მეტად ავნებს თურქულ ინტერესებს რუსეთთან მისი პოზიციების დასუსტებით. ამავდროულად, დასავლეთის მეტად გაძლიერებაც არ შედის თურქეთის ინტერესებში, რადგან, ანაკარის მოსაზრებით, შეიძლება თურქეთის აქტიური საგარეო პოლიტიკა შეიზღუდოს, შეუმცირდეს მანევრირების საშუალება.


რეგიონში თურქეთის გავლენის ზრდა ასევე გამოიხატება ტრანსკასპიური გაზსადენის იდეის გარშემო დისკუსიის ხელახალი წამოწევით. მეტიც, პროექტის იდეის წინ წაწევას შეიძლება თურქეთმა შეუწყოს ხელი. ამ მხრივ აზერბაიჯანი საკვანძო როლს ასრულებს თურქულ ხედვაში. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ყარაბაღის ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც ანკარის გავლენამ აზერბაიჯანში მკვეთრად იმატა. ამას უნდა დაემატოს ამ წლის დასაწყისში ბაქოსა და აშხაბადს შორის კასპიის ზღვაში გაზის საბადოს საერთო დამუშავება/მოხმარებასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნულით დაინტერესება პირდაპირ თურქეთმაც გამოამჟღავნა, როდესაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომავალში სამმხრივი თურქულ-აზერბაიჯანულ-თურქმენული შეხვედრების გამართვა გამოაცხადა.


ტრანს-კასპიური გაზსადენის გაყვანის საქმეში კარგად ჩანს თურქეთის და დასავლეთის ინტერესების თანხვედრა. მეტიც, გადაჭარბების გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ დასავლეთმა შესაძლოა ტრანსკასპიური ნავთობსადენის საკითხის წინ წაწევა ზუსტად თურქეთს მიანდოს. დღეს, რა თქმა უნდა, ამ პროექტის განსახორციელებლად ჯერ კიდევ ბევრი წინაღობა არსებობს, თუმცა უკანასკნელ წლებში ასევე ბევრი ნაბიჯი გადაიდგა კასპიის ზღვაში პრობლემური საკითხების მოგვარების საქმეში.


საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის, რაც კასპიის აუზში და ცენტრალურ აზიაში ხდება. სამწუხაროდ, ქართულ ანალიტიკურ სფეროში ამას სათანადო ყურადღება არ ეთმობა. არადა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, მრავალმხრივ, ზუსტად აღმოსავლეთით არსებულ სივრცეში წყდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რამდენად ეფექტიანად ახერხებს ჩინეთი ცენტრალურ აზიაში სარკინიგზო და საგზაო არტერიების განვითარებას, რათა კასპიით მოხდეს სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირება. მართალია ჯერ-ჯერობით ჩინეთიდან ევროპამდე გამავალ ტრანზიტში რუსეთის დერეფანი დომინირებს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის დაკავშირების საქმეში. ამ საერთო პროცესში უნდა ჩავსვათ ტრანს-კასპიური გაზსადენის პროექტის იდეაც. 


დავუბრუნდეთ სამხრეთ კავკასიას. ოთხი წლის შემდეგ რუსეთი შეეცდება გაიხანგრძლივოს თავისი სამშვიდობო მისია აზერბაიჯანში. აღნიშნული პერიოდისთვის  ბაქოში რუსული სამშვიდობო მისიის გაუქმების სურვილი გამძაფრდება და პოტენციური პრობლემების თავიდან ასაცილებლად რუსეთის ხელისფულებას მრავალმხრივი მანევრირება დასჭირდება. ბაქოსთვის გარკვეული დათმობები შეიძლება ეფექტიანი იყოს, მაგრამ აქ შესაძლოა სხვა პოლიტიკურმა და სამხედრო გზავნილებმა მოსკოვისთვის მეტი სარგებლის მომტანი იყოს.


რუსეთი შეეცდება დაანახოს აზერბაიჯანს, რომ რუსი სამშვიდობოების წასვლის შემთხვევაში, მის საპირისპიროდ ბევრად უკეთესად მომზადებული და თანამედროვე რუსული იარაღით აღჭურვილი სომხეთის ჯარი იქნება. ამ შემთხვევაში რუსები უფრო ღიად დაუჭერენ მხარს ერევანს, განსხვავებით 2020 წლის კონფლიქტისა, როდესაც მოსკოვი ლავირების გზით და სომხეთისგან მნიშვნელოვანი დათმობის შემდეგ ჩაერია კონფლიქტში.


სავსებით შესაძლებელია, რომ მთიან ყარაბაღში გათამაშდეს საქართველოსთვის და მოლდოვასთვის ნაცნობი სცენარი, როდესაც რუსი სამშვიდობოები მოსკოვის გეოპოლიტიკური გავლენის გატარების მთავარ ხერხად გადაიქცევიან.


ამიტომაც, ბაქოს სჭირდება სწორი პოლიტიკის გატარება და იმის გააზრება, რომ 2025 წლისთვის რუსების გასვლა რეგიონიდან ნაკლებად მოსალოდნელი იქნება. რუსებისგან დათმობის მიღების სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა შესაძლებელია აქტიური საუბარი დაიწყოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შესახებ, ან ზოგადად რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების გზას დაადგას.


ასევე მნიშვნელოვანი იყო ყარაბაღის ომის შემდეგ თურქეთის და ირანის მიერ წამოყენებულმა სამშვიდობო ინიციატივებმა. აღნიშნულ იდეებს დიდი მომავალი ვერ ექნება იქიდან გამომდინარე, რომ ამ ექვსეულში ისეთი ქვეყნებია ვის შორისაც მინიმალური დიპლომატიური კონტაქტიც კი არ არსებობს. ეს გამუდმებით შეაფერხებს მსგავსი პროექტების განხორციელებას.


ექვსეულის იდეა ასევე გავს იმ ინიციატივებს, რომელიც ანკარამ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული რამნდენჯერმე წამოაყენა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვება იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. მსგავსი იდეები ემსახურება რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების დონის ამაღლებას, მაგრამ ამის მისაღწევად ასევე საჭიროა მეგობრული ურთიერთობები მინაწილე ქვეყნებს შორის. დღეს კი საპირისპირო ვითარებაა. მაშინ უნდა მოიძებნოს ისეთი საკითხი, რომელიც ყველა მანაწილესთვის მნიშვნელოვანი იქნება და, რაც მთავარია, ყველა მოთამაშის ინტერესებში შედიოდეს. ერთი გადმოსახედიდან, ეს შეიძლება რეგიონში საგზაო და სარკინიგზო ქსელების განვითარება იყოს. თუმცა აქაც განსხვავებული ინტერესებია, ხშირად მკვეთრად საწინააღმდეგოც, რაც ისევ საერთო ინიციატივის ხორცშესხმას ხელს უშლის.


შემდეგ ჩნდება მრავალი სხვა საკითხი. თუ ექვსეული თანხმობას გამოცხადებს და შეუდგება ინიციატივის განხორციელებას, რა სახის შეხვედრები იქნება, რა საკითხები უნდა განიხილებოდეს და ა. შ. გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული ინიციატივების ამუშავების მოწინააღმდეგე რუსეთიც იქნება, რადგან მოსკოვის გადმოსახედიდან, მსგავსი ინიციატივები კრემლის გავლენის შემცირებას შეუწყობს ხელს.


დავუბრუნდეთ თურქეთს. ბოლო წლებში ანკარა სულ უფრო მეტად განიხილავს უკრაინას, საქართველოსა და აზერბაიჯანს, როგორც იმ გეოპოლიტიკურ რკალს, სადაც შესაძლებელია რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური უპირატესობის დაბალანსება. ზუსტად ამ ჩამოყალიბების პროცესში არსებული თურქული სტრატეგიის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ ანკარის ნაბიჯები გააძლიეროს სამხედრო თანამშრომლობა კიევთან. თურქეთი მიანიშნებს იმაზე, რომ ის აპირებს ბევრად უფრო აქტიური როლი შეასრულოს შავი ზღვის აუზსა და კავკასიის რეგიონში, რათა დააბალანსოს რუსეთის მზარდი გავლენა.


საქმე იმაშია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთი მუდმივად ცდილობდა გაეზარდა სამხედრო და ეკონომიკური გავლენა შავ ზღვასა და სამხრეთ კავკასიაში. 2014 წელს ყირიმის ანექსიამ, შემდგომში კი ქერჩის სრუტის ბლოკირებამ, სამხედრო ბალანსი მკვეთრად მოსკოვის სასარგებლოდ შეცვალა და ამით თურქეთს მანევრირების საშუალება შეუზღუდა.


2020 წლის დასაწყისში ერდოღანმა 36 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწოდა უკრაინას. გარდა ამისა, მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. თურქეთმა ასევე გადადგა ნაბიჯები უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების ასამაღლებლად. თურქეთისა და უკრაინის სამხედრო დელეგაციები ღიად საუბრობდნენ შავი ზღვის რეგიონში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობის შესახებ. ეს თანამშრომლობა მოიცავს თურქეთისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივ წვრთნებს. თურქეთ-უკრაინის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ასევე მტკიცდება ორ ქვეყანას შორის მზარდი სამხედრო ვაჭრობით. ანკარა ასევე აწვდის კიევს უპილოტო აპარატებს. მეტიც, გამოითქვა სურვილი ორმა ქვეყანამ უპილოტო თვითმფრინავების შესაძლო, ერთობლივი წარმოება დაიწყოს. უკრაინამ უკვე მიაღწია გარკვეულ პროგრესს საკუთარი უპილოტო თვითმფინავების ინდუსტრიის განვითარებაში, რაც დონბასში სეპარატისტების სამხედრო ძალას უფრო მეტად ზღუდავს, ვიდრე ეს წამდენიმე წლის წინ იყო.


ზუსტად ამ კონტექსტიდან გამომდინარე უნდა განიხილებოდეს ამ წლის აპრილში ზელენსკის თურქეთში ჩასვლა და ის შესაძლო შედეგები, რომელიც მის ვიზიტს მოჰყვება. კიევს ანკარასთან მჭიდრო ურთიერთობების განვითარებით სურს რუსეთის ძალის დაბალანსება. ანკარას კი სურს მოსკოვისთვის იმის დემონსტრირება, რომ საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია უკრაინასთან სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობა გააფართოვოს. აქ აზერბაიჯანისთვის გაწეული თურქული სამხედრო დახმარება კარგ მაგალითად გამოდგება.


თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთი ცდილობს სიფრთხილე გამოიჩინოს უკრაინის საკითხი რუსეთთან ურთიერთობების მკვეთრ გაფუჭების არ შეუწყოს ხელო. ანკარა არ შეუერთდა ანტი-რუსულ ეკონომიკურ სანქციებს, თუმცა გმობს ყირიმის ანექსიას. ის ასევე შეწუხებულია ყირიმელი თათრების ბედით, მაგრამ ასევე ცდილობს ზემდეტი კრიტიკა არ მიმართოს მოსკოვის მიმართ.


ახლა კი შევეხოთ უკრაინა-რუსეთს შორის განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. დავსვათ რუტორიკული კითხვა - რისი მიღწევა სურდა რუსეთს ყირიმში და აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების მობილიზებით? ამ კითხვას ვსვამ იმიტომ, რომ ჩვენთან და დასავლეთში მოდურია საგარეო ასპარესზე რუსეთის ხელისუფლების ქმედებების ახსნა ქვეყნის შიგნით პუტინის პოპულარობის მომატების სურვილით. ასევე ხშირია იმის მტკიეცბა, რომ თითქოს რუსეთი უფრო ავანტიურისტულ მიზნებს მიზდევს სამეზობლოში.


აქ საპირისპირო მოსაზრების გამოთქმაა შესაძლებელი. 2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც პუტინმა პირველად გამოიყენა სამხედრო ძალები სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, რუსეთი ყოველთვის სტრატეგიულად ფიქრობდა. მისი სამხედრო კამპანიები კონკრეტულ სამხედრო მიზანს ატარებდა, იქნება ეს ნატოს გაფართოების შეჩერება (როგორც ეს საქართველოში მოხდა), სამხედრო ბაზების დაცვა ყირიმში ან შემდეგ სირიაში. მოსკოვის ყველა ქმედება ემყარებოდა რამდენიმე კონკრეტული გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევას.


რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მრავალი საფუძვლიანი არგუმენტის მოსმენა იმის შესახებ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის ეს ყველა ომი უფრო წამგებიანი გამოდგება, მაგრამ ნათელია ისიც, რომ მოსკოვის სამხედრო კამპანიები არ იყო ავანტიურები, არამედ კონკრეტულ შედეგებზე გათვლილ ქმდებებს წამოადგენდა.


ახლა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმდებების დაწყება კი ნამდვილად ავანტიურა იქნებოდა. უკრაინის ტერიტორიული სიღრმე განსხვავდება საქართველოსა და სირიისგან. სწრაფი გამარჯვების მიუხედავად, რუსეთი სულ რამდენიმე კვირაში უზარმაზარი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დადგებოდა. ამას უნდა დაემატოს დასავლეთის მკვეთრად ნეგატიური რეაქცია, რაც, დიდი ალბათობით, მძიმე სანქციების დაწესებით იქნებოდა გამოხატული.


თუ რუსეთი ძალების მობილიზებით შეეცდება უკრაინის წინააღმდეგ მცირე მასშტაბის სამხედრო კამპანიის ჩატარებას, ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს გამიზნული კიევზე ზეწოლის მოსახდენად, რათა ზელენსკიმ ისეთ საკითხებში დათმოს, როგორიც არის ყირიმისთვის წყლის მიწოდების აღდგენა, უკრაინაში პრო-რუსული პოლიტიკოსების შევიწროების შეწყვეტა და ა. შ.


არგუმენტი თითქოს პუტინი ცდილობს დაინახოს რამდენად მზადაა ბაიდენის ადმინისტრაცია დაიცვას უკრაინა, არასაკმარისად დამაჯერებელია. აქამდე მოსკოვს ოთხწლიანი პერიოდი ჰქონდა, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის დროს აშშ-უკრაინის ურთიერთობები არ ვითარდებოდა სწორად და მრავალი ეჭვი არსებობდა თუ რამდენად მყარი იყო ამერიკის ინტერესი ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში.
 

გააზიარე: