ბაიდენ-პუტინის შეხვედრის შედეგებზე, როგორ აისახება ვაშინგტონ - მოსკოვის ურთიერთობები ევროპა-რუსეთის, აშშ-ჩინეთის ურთიერთობებსა და საერთაშორისო ურთიერთობებზე “ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.
- ბატონო ვიქტორ, ბაიდენ-პუტინის შეხვედრა დასრულდა. უმაღლეს დონეზე ამერიკულ-რუსული შეხვედრის მონაწილეებმა მათ შორის გამართულ შეხვედრაზე თავისი შეფასებები მედიას ცალ-ცალკე გააცნეს.
თუმცა, სანამ საკუთრივ შეხვედრის შედეგად გაკეთებული შეფასებების პირველ შთაბეჭდილებებზე ვისაუბრებთ, იქნებ ორიდე სიტყვა ვთქვათ ამ შეხვედრის მნიშვნელობასა და, ზოგადად, აშშ-რუსეთის ამჟამინდელი ურთიერთობების რაობაზე?
- ვეცდები ზოგადი ხასიათის შენიშვნით განვავითარო ჩემი პასუხი. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების მაღალი რანგის შეხვედრა შეხვედრათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლის შედეგი მიღწეულ შეთანხმებათა თვალსაზრისით ან დიდია ან კიდევ მისი ხელშესახები შედეგი, პრაქტიკულად, არაფერია.
მიმაჩნია, რომ ასეთი ერთობ უჩვეულო დახასიათება 16 ივნისის სამიტს განსაკუთრებულად პასუხობს.
სამიტისაკენ მიმავალ გზაზე ორმა ლიდერმა არაერთი მწვავე განცხადება თუ მოსაზრება გაცვალა ერთმანეთში, რამაც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმ მეტად არასახარბიელო მდგომარეობაზე, რაშიც დღესდღეობით აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობებია.
ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური ახსნა აქვს. ობიექტურზე საუბრისას გავიხსენოთ ის თემები, რომელთა ირგვლივაც ამერიკული და რუსული ინტერესების აცდენა აბსოლუტურად გასაგებია და კანონზომიერია.
მართალია, მათი ჩამონათვალი ვრცელია, მაგრამ ერთ განზოგადოებულ ჩარჩო დახასიათებაში ყველას უთანხმოების მოქცევა შესაძლებელია - ვაშინგტონს და რუსეთს განსხვავებული წარმოდგენები აქვთ მსოფლიო წესრიგის წესებზე, ისევე როგორც ამა თუ იმ გლობალური თუ რეგიონალური გამოწვევისა და პრობლემისადმი მიდგომაზე. მეტიც - ეს განსხვავებები იმდენად კარდინალურია, რომ მათი განჭვრეტად მომავალში აღმოფხვრა პრაქტიკულად დაუძლეველი ამოცანაა.
ასეთ შეუძლებლობაზე საუბრისას მახსენდება თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების თანმდევი ერთი მეტად სასარგებლო რეკომენდაცია, რომელიც „სტრატეგიული კონკურენციის მართვას“ უკავშირდება.
ვფიქრობ, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ახლო მომავლის კომუნიკაციად სწორედ აღნიშნული „მართვის“ რეჟიმში წარიმართება. არსებულ ობიექტურ ფონს ერწყმის პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ პუტინის ინდივიდუალური თვისებები, მათი მართვის სტილი და, გნებავთ, მსოფლმხედველობა, - რაც კიდევ უფრო გამოარჩევს მათ შორის შეხვედრისა და დიალოგის უნიკალურობას.
ლიდერთა სუბიექტივიზმი ყოველთვის საგანგებო დაკვირვებას მოითხოვს, ვინაიდან ის რომ ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური კურსი და ხელმძღვანელობის მიერ სამყაროს აღქმა ერთიმეორეს ორგანული გაგრძელებაა, პრაქტიკულად ჩვენი დროის აქსიომაა.
ხოლო იოლი პირადი ფაქტორის გაათმაგებული გავლენა იოლი წარმოსადგენია მაშინ, როცა საუბარია აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის შემეთხვევაში ხვედრით წილზე გლობალურ ურთიერთობათა სისტემის ტრანსფორმირებაში, ამ სისტემის ფარგლებში მოქცეული სხვა ფიგურანტების აწმყოსა და ამავე სისტემაში მათ სამომავლო პოზიციონირებაზე.
- შეხვედრამდე ბაიდენი აცხადებდა,- „რუსეთთან კონფლიქტს არ ვეძებთ, მაგრამ რუსეთის მავნებლურ ქმედებებზე რეაქცია გვექნება“.
პრეზიდენტმა პუტინმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი სურს თუ არა ჩვენთან გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობა. მეტიც, ორივე ქვეყნისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის საერთო ინტერესებში თანამშრომლობა.
„გავერკვევით რაში ვეთანხმებით ერთმანეთს და რაში ვერა და განვსაზღვრავთ წითელ ხაზებს“. თქვენი აზრით ბაიდენის მიერ დასმულ კითხვებზე რა პასუხი მიიღო მან და დანარჩენმა მსოფლიომ?
- აბსოლუტურად ზუსტი აღნიშვნაა საკითხისა. მაშინ, როდესაც უთანხმოებები ფუნდამენტურია, ხოლო მათგან გამომდინარე ეფექტი არაერთ რეგიონზე ვრცელდება, მხარეებს ერთი მეტად სწორი და პრაგმატული მიდგომა რჩებათ - მონიშნონ ის, თუ რაზე თანხმდებიან, ხოლო მომავლისათვის გადადონ ის, რაზეც შეთანხმება მოცემულ მომენტში ჯერჯერობით შეუძლებელია.
სიტყვა „ჯერჯერობით“ აქ საკვანძოა, რამეთუ ცალკეულ პრობლემებზე უთანხმოებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაფაროს ის მიმართულებები, სადაც დიპლომატიური გარღვევა შესაძლებელია და მხარეები მზად არიან თანხმობის მისაღწევად.
შევნიშნავ, რომ აშშ და რუსეთი სწორედ რომ ასეთი სიფრთხილით უყურებდნენ ჟენევის სამიტს. გაკეთებული შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, ასეთივე მოზომილი იყო საკუთრივ შეხვედრა, სადაც მხარეებმა ერთმანეთში გაცვალეს ინფორმაცია თუ რა აწუხებთ, რა ეფიქრებათ და რომელ მიმართულებათა გასწვრივ მიაჩნიათ მიზანშეწონილად კონტაქტის გაგრძელება.
რეალურად თუ ვისაუბრებთ, ორივე მხარეს - როგორც ამერიკულს, ისე რუსულს - აკავშირებს რამდენიმე ისეთი საკვანძო საკითხი, რომელთა ირგვლივ საერთო ენის პოვნა მათივე ეროვნულ ინტერესშია.
უპირველეს ყოვლისა, ასეთ ბირთვულ იარაღზე კონტროლისათვის შესატყვის სახელშეკრულებო საფუძვლებზე მოლაპარაკება. ამ მხრივ, ვაშინგტონმა და მოსკოვმა წინ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს როდესაც ე.წ. START შეთანხმების მოქმედების ახალი 5 წლიანი ვადის გახანგრძლივებას მოწერეს ხელი.
შეგახსენებთ, რომ შეთანხმების მიზანია სტრატეგიული ბირთვული ქობინების, რაკეტებისა და სტრატეგიული ბომბდამშენების რაოდენობრივი ზღვრის დადგენა. თუმცა, აღსანიშნია ისიც, რომ შეიარაღებაზე კონტროლისას მხარეებს ჯერ კიდევ რჩებათ ღია საკითხები, ხოლო მთავარი უთანხმოება კონტროლს დაქვემდებარებული ახალი სისტემის იარაღის ზუსტ განსაზღვრაზე გადის.
ნებისმიერ შემთხვევაში, ნიშანდობლივია, რომ ერთადერთი ერთობლივი დოკუმენტი, რაც სამიტის შედეგად გამოქვეყნდა, სწორედ რომ პრეზიდენტების მიერ ბირთვულ შეიარაღებაზე გაკეთდა.
განცხადებაში საგანგებოდ ითქვა, რომ „უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები და რუსეთი ერთად იწყებენ ინტეგრირებულ, ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგს, რომელიც იქნება მიზანმიმართული და ძლიერი. ამ დიალოგის საშუალებით, ჩვენ ვცდილობთ საფუძველი ჩავუყაროთ იარაღის კონტროლისა და რისკის შემცირების სამომავლო ზომებს“.
სამიტის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტები საგანგებოდ შეჩერდნენ კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოწვევებსა და გარკვეული ქცევის წესების შემუშავების აუცილებლობაზე.
ფაქტობრივად, თუ რამე საფუძვლით მაინც შესაძლებელია ახალი „ცივი ომის“ კონტურებზე საუბარი, ეს უწინარესად „კიბერ ცივი ომია“, - თანაც საკმაოდ დაწინაურებულ სტადიაზე. თუმცა, გავბედავ და ვიტყვი, რომ მიუხედავად გამოწვევის აქტუალობისა, განსაკუთრებული გარღვევა ამ მიმართულებით განჭვრეტად მომავალში ნაკლებად მოსალოდნელია.
რეალურად, კიბერშეტევები რუსული გავლენის განვრცობისათვის ძლიერ, თუ არა ერთერთ უმთავრეს ინსტრუმენტად იქცა, ხოლო დასავლეთს კი ამის საპასუხოდ მის ხელთ არსებული კონტრზომების ხშირი ამოქმედება აწი კიდევ უფრო მეტად დასჭირდება. კიბერველზე, სავარაუდოდ, სიმძაფრის მატებას ახალი ტექნოლოგიებიც შეუწყობენ ხელს.
ერთი სიტყვით, პრეზიდენტების შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციებზე არაერთი კითხვა კიბერ-რისკებს დაუკავშირდა. თანაბრად აქცენტირებული იყო ამ თემის ირგვლივ გაცემული პასუხებიც.
განსაკუთრებით გამოსარჩევია, აგრეთვე, ბაიდენის რეაქცია, რომელმაც ახსენა ამერიკული მხარისათვის ის 16 სასაციცხლო სფერო, რომელთა ჩამონათვალი მან პუტინს გადასცა.
ასევე საყურადღებო იყო აშშ-ს პრეზიდენტის საგანგებო დათქმა ამერიკელთა ხელთ არსებულ „მნიშვნელოვან“ შესაძლებლობებზე რუსული კიბერშეტევების საპასუხოდ. ეს, ალბათ, ერთადერთი საქმიანი „მუქარა“ იყო, რაც სამიტის საპრესკონფერენციო შეფასებებში მოვისმინეთ.
- შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაიდენისაგან არაერთ თემაზე მივისმინეთ რუსეთთან ურთიერთობების გაცხადებულ და ევროპელ მოკავშირეებთან შეთანხმებულ პრინციპებზე. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ კითხვებზე პასუხებმა?
- ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას თავშივე შევნიშნავ, რომ პუტინთან შეხვედრაზე გადაწყვეტილების მიღება ბაიდენისათვის არ იყო იოლი. ამას ხელი შეუწყო როგორც ბაიდენის მიერ პირადად პუტინის მისამართით, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ კეთილხმოვანმა შეფასებებმა, ისე ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში - განსაკუთრებით, „რესპუბლიკელებში“ სამიტის მიმართ ოპონირებამ.
შედეგად, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ამოცანა არც სამიტამდე და არც სამიტის დროს მარტივი არ იყო. საქმე ისაა, რომ საშინაო აუდიტორიასთან პრეზიდენტ ბაიდენს რუსეთთან ახალი გადატვირთვის ილუზია არ უნდა შეექმნა და, ამავდროულად, ქვეყნის გარეთ კრემლის დაყვავების შთაბეჭდილება უნდა აერიდებინა.
სხვათა შორის, ამ მიზნის მისაღწევად ტაქტიკურ ხერხებზე თუ ვისაუბრებთ, ვფიქრობ, სწორი იყო გადაწყვეტლება პრეს-კონფერენციების ცალ-ცალკე ჩატარებაზე. ამან ხელი შეუწყო როგორც სამიტზე უკეთ ინფორმირებას და, ასევე, დღის წესრიგიდან ჩასხნა მოსაუბრეებს შორის კონტროდუქტიული პიარგადაფარვების ყველა წინაპირობა. საგულისხმოა, რომ პრეზიდენტ პუტინის მხრიდან ასეთი პერფორმანსის მაგალითი წარსულში არაერთხელ გვიხილავს.
ერთი სიტყვით თუ შევაჯამებთ პრეზიდენტ ბაიდენის საპრესკონფერენციო გამოსვლას, ეს იყო, ასე ვთქვათ, სამყაროს თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაციის თვალით დანახვის მცდელობა, - მცდელობა, რომელსაც ლაიტმოტივად გაყვებოდა უნივერსალურ ფასეულობებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებზე დაფუძნებულ წესრიგზე აპელირება.
ფაქტობრივად, აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერებული თითქმის ყველა თემატურ-რეგიონალური საკითხი გამსჭვალული იყო რუსეთთან ე.წ. სტრატეგიული სტაბილურობისაკენ სწრაფვით. აქ ჩვენს მიერ ნახსენებ „სტრატეგიული კონკურენციის მართვას“ გავიხსენებთ ისევ და ისევ.
არსებითად, აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებებიც გვარწმუნებს, რომ ჟენევას მხოლოდ მომავალი მაღალი რანგის კონტაქტების შესავლად თუ მოვიაზრებთ, სადაც - ბაიდენის სიტყვებით - უმთავრესად მოხდა „თანამშრომლობისათვის პრაქტიკული სფეროების განსაზღვრა“, „პირადი კომუნიკაციის დამყარება“, „ისევე როგორც იმის მონიშვნა, სადაც შეთანხმება შეუძლებელია“.
გამიზნული კრიტიკოსები კი, სავარაუდოდ, აუცილებლად იტყვიან, რომ პრეზიდენტ ბაიდენის შეფასებები ზოგან ჭარბად იდეალიზირებული იყო. ასე მაგალითად, პრეზიდენტ პუტინის შემდგომი დესტრუქტივიზმის შემაკავებლად ბაიდენმა „მსოფლიოში რუსეთის სანდოობის შემდგომი კლება“ დაასახელა, ხოლო არაერთ პრინციპულ შეკითხვაზე პასუხისას მეტად გაამახვილა ყურადღება იმაზე, მას როგორ „სჯერა“, „სწამს“ და „ფიქრობს“.
გავიმეორებ, რომ პირად აღქმებზე ჭარბი აქცენტი, შესაძლოა, ზოგს მმართველობით სისუსტედ მოეჩვენოს, ხოლო ზოგიერთს კი რუსეთთან სამომავლო ურთიერთოების საჭირო უვერტიურად. ამაზე უკეთეს პასუხს, ცხადია, ისევ მომავალი შემოგვთავაზებს.
ასე თუ ისე, სამიტის შემდგომ შეფასებებში პრეზიდენტი ბაიდენი საგარეო ურთიერთობებში თავისი ერთერთი მთავარი პრინციპის ერთგული დარჩა - პირად ურთიერთობათა როლისა და ხარისხის ხაზგასმა.
თუმცა, ერთერთ განცხადებაში ბაიდენმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ საერთაშორისო და რუსული დღის წესრიგი „არა იმდენად ნდობაზე, რამდენადაც გადამოწმების საიმედო სისტემაზეა“ დამყარებული.
ამ ფრაზამ ჩემი თაობის ადამიანებს პრეზიდენტ რეიგანის მიერ საბჭოთა ლიდერი გორბაჩოვისაადმი რეიკიავიკის სამიტისას ერთი ცნობილი ნათქვამი გაახსენა, რაც ისტორიაში დამკვიდრდა და შემდგომშიც რუსეთთან აშშ-ს დამოკიდებულების სახელმძღვანელო საფუძვლად მესახება.
- თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ბაიდენთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებებმა?
- კი ბატონო, გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს. მიუხედავად შინაარსობრივად პასუხების მრავალფეროვნებისა, პრეზიდენტ პუტინის მიდგომაში რამდენიმე მახასიათებელს გამოვყოფ. დავიწყოთ იმით, რომ მას მწვავე შეკითხვებზე უკან არ დაუხევია და ყველგან შემტევი პასუხის ტონალობა არჩია.
მისი ეს თვისება არახალია. ის ხშირად იქეთ სდებს ბრალს სხვას, ან შეკითხვაზე კონტრეშეკითხვით პასუხობს ჟურნალისტს. ასეთი მიდგომა - ე.წ. “whataboutism”, ანუ „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო“ - დღევანდელი რუსეთის ხელმძღვანელობის ხელწერაა და ფართოდ გამოიყენება დისკუსიებსა თუ მედიასთან ურთიერთობებში.
აქვე დავასახელებდი რამდენიმე პრინციპულ საკითხზე პუტინის მხრიდან პოზიციის ჩამოყალიბებაში აბსტრაგირებას, რაც საკითხისგან წასვლის ან პირდაპირ პასუხზე თავის არიდებას ემსახურებოდა.
ზოგადად იქმნება წარმოდგენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მაქსიმალურად ცდილობს მართოს უცხოურ მედიასთან შეხვედრის მიმდინარეობა, რაც ზოგან დრამატურგიული კეთილგანწყობით, ზოგან ცინიზმით, ხოლო საჭირო შემთხვევაში კი უკვე ნახსენები „გაღმა შედავების“ კომბინირებით მიიღწევა.
უკვე ნათქვამის გარდა, კიდევ ერთ არსებით გარემოებას წამოვწევ და ესაა, თითქოსდა, პრეზიდენტ პუტინის მცდელობა პრეზიდენტ ბაიდენთან კარგი პირადი ურთიერთოების აქცენტირებული ხაზგასმა.
ამით დამატებით მიმყარდება აზრი, რომ ამერიკულ-რუსული ურთიერთობებში სადისკუსიო ჯერ კიდევ წინაა, ხოლო ბაიდენის მიმართ კეთილგანწყობის აღნიშვნით რუსეთის პრეზიდენტი აუცილებელი მანევრისათვის საჭირო საკომუნიკაციო სივრცეს იტოვებს.
ცალკე საკითხია რამდენად რეალურ სარგებლად იქცევა ეს რუსული მხარისათვის, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს ერთგვარი ნიშანია იმ უწყებათაშორისი და საექსპერტო ჯგუფების შეხდევრებისათვისაც, სადაც ჟენევაში წამოჭრილი თემების შემდგომი ჩაშლა უნდა მოხდეს.
პასუხებში საკმარისი სპეციფიკის არარსებობის პირობებში, ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა პრეზიდენტ პუტინის რეაქცია უკრაინაზე. მან საკითხი სამიტზე განხილვის ღირსად არ ჩათვალა, ხოლო ერთადერთი პრაქტიკული ასპექტი მისი პასუხისა მინსკის ფორმატის შეთანხმების შესრულებას დაუკავშირდა.
ისევე როგორც საყურადღებოა პუტინის პასუხი რუსულ-ამერიკულ ურთიეთობებში ე.წ. „წითელი ხაზების“ თითქოსდა არარსებობაზე. აქ მხოლოდ იმას დავძენთ, რომ როგორც სამიტის წინა ისტორია, ისე ბაიდენ-პუტინის შეხვედრა რეალურად საპირისპიროზე მეტყველებს.
თუმცა, ვფიქრობ, რომ პრესკონფერენციაზე „წითელი ხაზის“ კლასიფიკაციით საკითხების ზომიერი მონიშვნა დამატებით მიუთითებს რომ ჟენევის სამიტი პოზიციების მონიშვნა იყო და ერთგვარი მზადება - გნებავთ, შესავალი - უმაღლეს დონეზე მომავალში კომუნიკაციისათვის.
- ბაიდენთან შეხვედრამდე პრეზიდენტმა პუტინმაც გააკეთა რამდენიმე განცხადება, რომელიც უკავშირდებოდა ნატო-ს გაფართოების თემას, რაზეც კრემლი საკმაოდ მტკივნეულად რეაგირებს.
დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გააკეთა არჩევანი გარკვეულ საკითხებში აშშ-სთან და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან თანამშრომლობის სასარგებლოდ?
თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ - მხარეებმა განსაზღვრეს ე.წ. წითელი ხაზები რაშიც ერთმანეთს არ ეთანხმებიან? თუ კი, სავარაუდოდ, რომელ ე.წ. წითელ ხაზებზე შეიძლება საუბარი?
- დიახ, ნატო-ს გაფართოებაზე პრეზიდენტ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებები სწორედ რუსული წარმომავლობის „წითელი ხაზების“ აღნიშვნა იყო. ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოვება კი მოსკოვისათვის ერთერთ უმთავრეს საფრთხეს ქმნის, ხოლო მისი რუსული ბუნება, ვფიქრობ, ორ უმთავრეს ახსნას მიეწერება.
ერთია, რომ დღესაც მოსკოვი განაგრძობს რიგი გეოპოლიტიკური კატეგორიებით აზროვნებას, სადაც ერთერთი წამყვანი ე.წ. „სტრატეგიული სიღრმის“ და, მაშასადამე - რუსეთის საზღვრებთან მჭიდრო „არამეგობრული სარტყელის“ თავიდან აცილებაა.
რაც შეეხება კრემლისათვის მეორე მთავარ რისკს, ეს არის რუსეთის ახლოს შიდარუსულ პროცესებში ჩარევის შესაძლებლობათა შეზღუდვა, ანუ, არსებული პოლიტიკური ფორმაციის არსებობისათვის რისკების შემცირება.
სწორედ, ასეთი კლასიკური რუსული საფრთხეებით უმთავრესად აიხსნება მოსკოვის რეაქცია ქართულ და უკრაინულ პროცესებზეც. იგივე ახსნა უნდა ვეძებოთ რუსეთის მოქმედებაში იმ შემთხვევაში, თუკი ბელარუსში მოვლენები კრემლისათვის არასასურველი სცენარით წარიმართება. ეს ყველაფერი გასაგებია და აქ ჩვენ გამოსაკვლევად დიდად არაფერი დაგვრჩა.
მე სხვა რამ მაინტერესებს - რამდენად მზადაა ალიანსი მკაფიო და დროსთან შესატყვისი გადაწყვეტილებებით რეალურად შეკვეცოს რუსეთის „ფაქტობრივი ვეტო“?
ბოლო წლების სამიტების შედეგად მიღებულ კომუნიკეებში ნატო-ს აღმოსავლეთით მყოფი ქვეყნების წევრობაზე ორაზროვანი განცხადებები ერთია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ასეთი განცხადებები „ამგვარ ვეტოს“ უნებლიედ მხოლოდ განამტკიცებენ, ხოლო ნატო-სადმი სანდოობას მხოლოდ მანიპულაციისა და შემდგომი თავდასხმის ობიექტად აქცევენ ცალკეული შიდა და გარე ძალების მხრიდან.
- ბაიდენ-პუტინის შეხვედრა იმის ფონზე დაიგეგმა, როცა რუსეთი უკრაინის საზღვართან თავისი სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენდა. ვიცით, რომ კრემლისთვის უკრაინის ნატოსთან ინტეგრაცია და გაწევრიანება ერთერთი ე.წ. წითელი ხაზია.
ახლა როცა ამ საკითხებში მოსკოვი იგივე პოზიციას ინარჩუნებს რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყოს?
- ურთულესი ამოცანაა უკრაინის მიმართულებით რუსეთის მხრიდან რამე კონკრეტიკის პროგნზორება. მაგრამ, მოდით, თანამედროვე რუსული „ქცევის კოდექსის“ რამდენიმე ამოსავალი პრინციპი გავიხსენოთ, რაც წარმოდგენებსა და დაგეგმარებაში ერთობ დაგვეხმარება.
ზოგადად აღსანიშნია დღევანდელ სამყაროში ფართომასშტაბიანი ომის პრაქტიკული უსარგებლობა. ამას რაციონალი არ აქვს არც სამხედრო, არც ეკონომიკური და პოლიტიკურ-იდეოლიგიური თვალსაზრისით.
სამაგიეროდ, ჰიბრიდული ომის წარმატებით დაუფლება არაერთ უპირატესობას ანიჭებს რუსეთს ნებისმიერ მეტოქესთან, განსაკუთრებით კი მათთან, ვინც ზომისა და მასშტაბის გამო იოლად „მოსანელებელია“.
ერთერთი მთავარი უპირატესობა, რასაც მოსკოვი იყენებს როგორც მის სამეზობლოში, ისე შორეულ გეოგრაფიებში, არის ასიმეტრიული ზომების ხარჯზე მაქსიმალური შედეგის მიღწევა მინიმალური პირდაპირი და ირიბი დანახარჯით.
ამ ზღვარზე სწორი ბალანსირება მოსკოვს საშუალებას აძლევს კონფლიქტის „ცხელ“ ან ფართომასშტაბიან ზღვრამდე არმიყვანით პრაქტიკულად დაუსჯელად აწარმოოს უწყვეტი პროვოკაციები თუ საბოტაჟი.
აღსანიშნია, რომ ამგვარი ბალანსირება ყოველთვის უშეცდომო როდია და მან იოლად შეიძლება წარმოშვას მიზანსა და დანახარჯს შორის სწორ ფარდობაში შეცდომა. ამან კი ვითარების უკიდურესად სახიფათო ესკალაცია მოყვება, რომლის მაგალითი „ცივი ომის“ პერიოდში არაერთია. მაგალითების საილუსტრაციოდ კარიბის -კუბის კრიზისსა და ბერლინის ბლოკადას დავასახელებ.
სწორედ რომ ვითარების ხელიდან გაქცევის ასაცილებლად მოსკოვს თავისი ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა.
- ბაიდენ-პუტინის შეხვედრამდე სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა - „სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი - მათი გაწევრიანება გააცამტვერებს პუტინის გეგმებს, უმოქმედობა მხოლოდ გამარჯვებას მოუტანს.“
თუ მოსკოვმა უკრაინასთან მიმართებაში „მავნებლური ქმედებები“ გააგრძელა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა უკრაინისა და საქართევლოს ალიანსში გაწევრიანების პროცესი დააჩქაროს?
- დიახ, ვიზიარებ სენატორ შაჰინის განცხადების პათოსს, თუმცა უფრო მეტად მაინტერესებს მსგავსი განცხადებების რეალიზებისაკენ მიმართული მეტად კონკრეტული ნაბიჯები.
განსაკუთრებით მას მერე, რაც 14 ივნისის ნატო-ს კომუნიკეში მორიგი დაპირებების წყება მივიღეთ. მეტიც, სწორედ რომ „კონკრეტიკის“ ამსახველი ცალკეული დებულებებს მე პირადად ნატო-სა და საქართველოს ურთიერთობაში ადგილის ტკეპნად მივიჩნევდი. მეტიც, პირადად ჩემი აზრია, რომ კომუნიკეს ტექსტში ალიანსში გაწევრიანებისათვის „ინდივიდუალური წევრობის გეგმის“ დაფიქსირება „პროცესის ინტეგრალურ ნაწილად“ უკან გადადგმულ ნაბიჯად შევაფასებ.
ამაზე დეტალიზაცია ჩვენი საუბრის ფარგლებს შორდება და ამაზეც სხვა დროს ვისაუბროთ.
ახლა კი კვლავ ჟენევის სამიტს და იქ არარსებულ ქართულ საკითხს რომ დავუბრუნდეთ. დამაფიქრებელია, არა? მით უფრო დამაფიქრებელია, როდესაც ევროპაში ომის შემდგომი საზღვრების ძალისმიერი გადაკეთება სწორედ რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომით იწყება. სწორედ რომ ეს ომი, რუსული აგრესია და მიმდინარე ოკუპაცია არის იმ წიგნის ის პირველი თავი, რომლის მერე რიგითობის ნიშნით მოდის ყირიმი და დონბასი.
საკითხავია, თუ რატომ „ავიწყდებათ“ ხოლმე ჩვენს პარტნიორებს ეს საწყისი შესავალი თავი? ანდა ასეთი გულმავიწყობა მხოლოდ მათი დამსახურებაა, შექმნილი საერთაშორისო კონიუქტურის ანარეკლია, საქართველოს მხრიდან მცდელობაში დაკლებაა თუ კიდევ რაიმე სხვა? ან იქნებ ყველაფერი ერთად?
მე მხოლოდ შეკითხვებს გავაჟღერებ, ხოლო სწორი პოსუხების საპოვნელად როგორც მსოფლიო წესრიგის ფორმირებას, ისე საკუთარ თავსა და ქართული სახელმწიფოს დღევანდელობასა და ხვალინდელ კონტურებს დავუკვირდეთ.
ეს დაკვირვება და მასთან ერთად კრიტიკული აზროვნება, იმედია, პასუხებსაც დაგვანახებს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი