კერძო სამხედრო კომპანიების არსობრივი და ფუნქციური დანიშნულება
შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) დოკუმენტში „Backgrounder“, კერძო სამხედრო კომპანიები (Private Militray Company) განიმარტება, როგორც ერთგვარი „ბიზნესი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სპეციალიზირებულ სერვისებს კონფლიქტებსა და საომარ მდგომარეობასთან მიმართებაში”. სპეციალირიზებული სერვისები კი აერთიანებს საბრძოლო ოპერაციებს, სტრატეგიულ დაგეგმვას, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებას, ოპერაციული და ლოჯისტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას, სწავლებას, შესყიდვების (კომერციული საქმიანობასა) და ტექნიკური მომსახურებას. კერძო სამხედრო კომპანიებთან მიმართებაში პრინციპულად მნიშვნელოვანია მისი ორი მახასიათებლის გამოყოფა, რომლებიც განასხვავებენ მას და კომპანიაში დასაქმებულ კონტრაქტორებს, ერთი მხრივ, სხვა ბიზნესს ორგანიზაციებისგან, ხოლო მეორე მხრივ, ტრადიციული სამხედრო პერსონალისგან. სტრუქტურული თვალსაზრისით, PMC რეგისტრირებულია, როგორც ბიზნეს კომპანია, რომელიც უმეტესწილად მოგებაზეა ორიენტირებული, ვიდრე სხვა (მათ შორის პოლიტიკური) მიზნების რეალიზებაზე. (თუმცა, ეს უკანასკნელიც დამოკიდებულია პროვაიდერის/მომხმარებლის სურვილსა და დაკვეთის ტიპზე).
კერძო სამხედრო კორპორაციების კატეგორიები
მკვლევარმა, პიტერ სინგერმა, რომლის კვლევითი საქმიანობის მთავარ ობიექტს კერძო სამხედრო კომპანიები წარმოადგენს. იგი აღნიშნულ ინდუსტრიას ყოფს სამ ძირითად მიმართულებად, რომლის მიხედვითაც მთავრობები იყენებენ მათ სერვისებს (Moris, 2009, p.4).
პირველი, სამხედრო პროვაიდერული ფირმა (Military Provider Firms - FPF), რომელიც ჩვეულებრივ უზრუნველყოფს სტრატეგიული დახმარების გაწევას, საბრძოლო დახმარების ჩათვლით.
მეორე, საკონსულტაციო ფირმა (Military Consulting Firms), რომელსაც აქვს სასწავლო დატვირთვა და შესაბამისად, მეტწილად დაკოპლექტებულია გადამდგარი სამხედრო ოფიცრებისგან, რომლებიც სთავაზობენ საკუთარი პროფესიული გამოცდილებისა და საჭირო უნარების გაზიარებას სხვა სამხედრო პერსონალს.
მესამე, სამხედრო მხარდაჭერის ფირმა (Military Support Firms) მიმართულია უმთავრესად იმისაკენ, რომ შეამსუბუქოს და შეამციროს დამატებითი ძალის განთავსების საჭიროება საბრძოლო ველზე. იგი ხელმძღვანელობს შემდეგი მოქმედების პრინციპით: რეგულარულ სამხედრო წარმომადგენლობას მისცეს თავისუფლად მანევრირების საშუალება, რომელიც თავის მხრივ, დაკისრებული მოვალეობის შესაბამისად, კონცენტრირებული იქნებიან კონფლიქტური გარემოს ნორმალიზებაზე, ხოლო მის პარალელურად კომპანიის თანამშრომლები იზრუნებენ ისეთი საჭიროებების დინამიურ რეჟიმში მიწოდებაზე, როგორებიცაა ლოგისტიკა და სადაზვერვო ინფორმაცია.
სინგერი მსოფლიო ასპარეზზე კერძო სამხედრო ფირმების გამოჩენასა და შემდეგ მათ წარმატებულ საქმიანობას რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით ხსნის: „საბჭოთა კავშირის დაშლა და შედეგად ცივი ომის დასრულება; თანამედროვე ომის წარმოების საშუალებების ევოლუცია, რომელმაც ბუნდოვანი გახადა განსხვავება მოქალაქესა და მებრძოლს შორის; და საჯარო ფუნქციების პრივატიზება მსოფლიო მასშტაბით“ (რომელიც მოგვიანებით უკვე ფართოდ გავრცელებულ ტენდენციად ჩამოყალიბდა და ინტეგრირდა საზოგადოებაში).
ცივი ომის დასრულების შემდეგ, ქვეყნებმა კოლექტიური კონსენსუსის საფუძველზე დაიწყეს ჯარების რაოდენობრივი შემცირება და წამოიწყეს განიარაღების პოლიტიკა. თუმცა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს მზარდი დემილიტარიზების ფონზე მსოფლიო მასშტაბით შეინიშნებოდა თავდაცვის სექტორში ხარჯვითი წილის ზრდა, რაც არ იყო თავსებადი ქვეყნების ერთობლივ შეთანხმებასა და მისი იმპლემენტაციის მოდელს შორის . თუ ქვეყნები თანხმდებოდნენ განიარაღებაზე მაშინ რატომ ზრდიდნენ ამავდროულად ხარჯებს თავდაცვით ინდუსტრიაში? მსგავსი კითხვები იყო საკმაოდ აქტუალური და წარმოადგენდა განხილვის მნიშვნელოვან საგანს. კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა, ყურადღებით დავაკვირდებით PMC-ის განვითარების ეტაპებს ადრეული 90-იანი წლებიდან. თითოეულ სახელმწიფოს აქვს განსხვავებული მოთხოვნები და საჭიროებები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება მათი ეროვნული პოლიტიკა, უსაფრთხოების სექტორის/პრიორიტეტების ჩათვლით. შედარებით მდიდარი ქვეყნების პარალელურად, რომლებსაც უკვე ყავდათ კვალიფიცირებული და მაღალ დონეზე გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეები, არსებობდნენ სხვა ერთეულები, ქვეყნები განსხვავებული კონტექსტით და გამოწვევებით. მაგალითად, ლათინური ამერიკის სახელმწიფოები - ნარკოტიკებთან ბრძოლა; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები - ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, შეუმდგარი მთავრობების საჭიროება დაეხმარონ სტაბილურობის მშენებლობაში, ტრანსნაციონალური კორპორაციები და არა-სამთავრობო ორგანიზაციების ჰუმანიტარული დახმარების კამპანიები. აღნიშნული სიცარიელეებისა და ნაპრალების არსებობის ფონზე, დღის წესრიგში დადგა მოთხოვნა/მიწოდების საკითხის დარეგულირება. ერთი მხრივ, გაიზარდა მოთხოვნა სპეციალიზებული ძალის არსებობაზე, ხოლო მეორე მხრივ, გაზარდეს ბრძოლისუნარიან და პროფესიონალურ დონეზე გაწვრთნილი სამხედრო პერსონალის მიწოდება. სწორედ მოცემული საჭიროებებიდან გამომდინარე შეიქმნა კერძო სამხედრო ორგანიზაციები. თავიდანვე კომპანიებში კონტრაქტორების რეკრუტირებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა კანდიდატების სამხედრო საქმიანობის სპეციფიურობას. უპირატესობა ენიჭებოდათ მათ ვინც იყვნენ ყოფილი რეინჯერები, მსახურობდნენ ელიტურ ქვედანაყოფებსა და სპეციალური ოპერაციების ძალებში (სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო,).
დიდი ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, პრეცედენტი, რომელმაც დასაბამი მისცა კერძო სამხედრო კომპანიების ოფიციალურ არსებობას.
1962 წელს, (Nebilsona,2019,pp.79-80) ლონდონმა უარყო იემენში ახალი მთავრობის ლეგიტიმურობა, რომელიც რევოლუციური გზით მოვიდა ხელისუფლებაში და ჩამოაგდო, შემდეგ უკვე მისი მმართველი, მონარქი. ბრიტანეთმა შეიმუშავა გეგმა, რომ დაქირავებული ჯარის გამოყენებით აღედგინა სამართლიანობა. დიდი ბრიტანეთის, სპეციალური საჰაერო ძალების დამფუძნებელმა, დევიდ სტირლინგმა, მთავრობას შესთავაზა, რომ სპეციალური საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცრები საიდუმლოდ დაექირავებინათ, როგორც ინსტრუქტორები, რომ გაეწვრთნათ მონარქის მხარდამჭერები საოპერაციო იარაღებსა და საკომუნიკაციო სისტემებში და მიეწოდებინათ სამედიცინო დახმარება. 1967 წელს, სწორედ იემენში, განვითარებულმა მოვლენებმა შეუწყო ხელი პირველი კერძო სამხედრო კომპანიის „Watchguard International“-ის შექმნას და კიდევ უფრო გაამყარა არგუმენტი, რომ PMC წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელოვან საშუალებას.
კერძო სამხედრო კომპანიები და ამერიკული პრაქტიკა
კერძო სამხედრო კორპორაციები, რომლებიც მუშაობდნენ აშშ-ისთვის, მონაწილეობდნენ თითქმის ყველა იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელშიც ამერიკა ჩაერთო ცივი ომის დასრულების შემდეგ. განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში გადავიდა და უფრო ფართო მასშტაბებს მიაღწია PMC-სთან კოლაბორაციამ მას შემდეგ, რაც ამერიკამ წამოიწყო ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. მხოლოდ ერაყში, „დაახლოებით 60 ფირმას დაქირავებული ყავდა 20 000- ზე მეტი კერძო პერსონალი, რომელიც ასრულებდა სხვადასხვა სახის სამხედრო ფუნქციებს (განსხვავებით სამოქალაქო კონტრაქტორებისგან, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ სარეკონსტრუქციო საქმიანობასა და ნავთობის რესურსების დაცვაზე)“. ეს ციფრები მიანიშნებს. რომ „კერძო სამხედრო ინდუსტრია უფრო მეტად დაეხმარა ერაყს ძალით, ვიდრე ნებისმიერი სხვა აშშ-ის ხელმძღვანელობით ინიცირებული კოალიციის წევრი სახელმწიფო“ (Congressional Research Service, 2020).
რაც შეეხება, მათ სერვისებსა და ფუნქციებს, უმთავრესად სამ ტაქტიკურ მომსახურებას სთავაზობდნენ, კერძოდ კი:
1) „მნიშვნელოვანი დანადგარების და შენობების დაცვას, კოალიციის დროებითი სააგენტოს, ე.წ „მწვანე ზონის” ჩათვლით ბაღდადში“;
2) „ძირითადი ლიდერებისა და ინდივიდების დაცვას, მათ შორის, ელჩი პაულ ბრემერი, რომელიც იყო კოალიციის დროებითი ორგანოს უფროსი და რომლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა Blackwater, რომელსაც საკუთარი შეიარაღებული ვერტმფრენიც კი გააჩნდა“;
3) „კოლონის ესკორტს, განსაკუთრებით საშიშ კონდიციებში გადაადგილებისას; გზის მხრიდან ჩასაფრებების მოწყობის აღკვეთას, რომელიც გახდა მეამბოხეების თავდასხმის ძირითადი ფორმა”.
ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტთან შეთანხმებით , ერაყის მისიაში ოპერირებდა სამი კერძო უსაფრთხოების კომპანია: Blackwater, DynCorp International LLC და Triple Canopy (Elsa & Schwartz, 2008, p.13). 2005 წლის ივნისში კი მათთან გაფორმდა კონტრაქტი, რომელიც ცნობილია, როგორც მსოფლიო პერსონალური უსაფრთხოების სერვისი (Worldwide Personal Protection Service - WPPS). თითოეული ფირმის თანამშრომლები დისლოცირებული იყვნენ ერაყში სხვადასხვა ლოკაციაზე, დასახელების ნუმერაციის შესაბამისად: ბაღდადი, ჩრდ.ნაწილი - ქურთებით დასახლებული პუნქტები და ქვეყნის სამხრეთ სექტორი.
2003 წლის აპრილში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „DynCorp International“-თან გააფორმა 1 წლიანი კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებდა ერაყის სამართალდამცავი ორგანოებისთვის ნორმალური ფუნქციონირების მხარდაჭერას, რისი ღირებულებაც საერთო ჯამში შეადგენდა 50 მლნ. დოლარს. აღნიშნულ ფირმას ევალებოდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაძლიერება და ერაყის ეროვნული პოლიციის აღდგენის პროცესში დახმარება გაწევა, ადგილობრივი პოლიციელების გაწვრთნა. აგრეთვე, 32 000 ერაყელი რეკრუტის გაწვრთნა განახლებულ ბაზაზე, რომელიც იორდანიაში მდებარეობდა. მოკლედ, რომ შევაფასოთ, DynCorp International მიუკუთვნება საკონსულტაციო ფირმათა კატეგორიას, რომელიც კონცენტრირებულია სამოქალაქო სექტორის მშენებლობასა და სამართალდამცავი ინსტიტუტის/პერსონალის სწავლება/გაძლიერებაზე.
რაც შეეხება Triple Canopy-ის პროფილს, 2004 წლის ივლისში, ბაღდადში ამერიკის საელჩოს გახსნის შემდეგ, მას შეთანხმების საფუძველზე დაევალა, ქ. ალბასრაში მდებარე საელჩოს რეგიონალური ოფისის პერსონალის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. კომპანიის ამოცანას წარმოადგენდა, პერსონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ძალოვანი სერვისის დაცვა - იმ ტერიტორიის, რომელიც მოიცავდა 38 524 კვ.მილს და ითვლიდა 4,5 მლნ. მოსახლეს. ერაყის სამხრეთ-აღმ. რეგიონი შედგება ბასრას, დი-ქარის, მაისანისა და მუთანას პროვინციებსიგან. ბასრას პროვინციაში აკუმილირებულია მთელი ერაყის ნავთობის რესურსების 2/3, რაც თავისთავად მიზიდულობის ცენტრად აქცევდა მას და შესაბამისად, ის წამოადგენდა სტრატეგიულ საბრძოლო ველს ადგილობრივი პოლიტიკური პარტიებისა და მთავრობებს შორის. გარდა ამისა, აქვე მდებარეობს ბასრას საჰაერო ბაზა. დი-ქარის პროვინცია ცნობილია, ჯერ კიდევ სადამ ჰუსეინის მმართველობის პერიოდიდან, როგორც ერთ-ერთი სახიფათო ნაწილი. ქ. მაისანი ერთგვარი გამშვები პუნქტის ფუნქციას ითავსებს, სწორედ აქ ხდება ამუნიციისა და ირანიდან ერაყში შემომსვლელი პირების შემოწმება. მუთანა ითვლება შედარებით ყველაზე უსაფრთხო პუნქტად ერაყის არაბულ ნაწილში.
თითოეული უსაფრთხო გადაადგილების სისრულეში მოყვანა მოითხოვს მთელი რიგი გათვლების წარმოებას, „შიდა დაგეგმარების მთელი სესიის განხილვას, სამარშუტო გზებისა და შეხვედრის ადგილების წინასწარი შესწავლას, პერსონალის გადაადგილებას, სწრაფი რეაგირების ძალების განლაგებას კრიტიკული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში”. აქედან გამომდინარე, მინიმუმ ერთი ამოცანის წარმატებით და უსაფრთხოდ შესრულება მოითხოვს მთელი რიგი საჭიროებების ჯაჭვს, დაწყებული ზუსტი სადაზვერვო ინფორმაციით, რომელიც თავის მხრივ, კოორდინირებულია მოქმედებაში ლოგისტიკურ მხარდაჭერასთან. აგრეთვე, იმ ობიექტებს შორის, რომლებიც კომპანიის პერსონალმა უნდა დაიცვას შედის ამერიკის მთავრობის მიერ დამზადებული ჯავშანტექნიკა, იარაღი, საკომუნიკაციო და სხვა მოწყობილობები. Triple Canopy-ის საქმიანობიდან გამომდინარე იგი შეესაბამება სამხედრო მხარდაჭერის ფირმათა კლასს.
„Blackwater“ ერთ-ერთი მოწინავე კორპორაციაა, რომელთან თანამშრომლობაც ამერიკამ DynCorp-ის შემდეგ დაიწყო. 2003 წელს Blackwater-თან გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მას დაევალა ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის კერძოდ კი, ელჩის, პაულ ბრემერისა და მისი კოლეგების დაცვა, ბაღდადში. 2004 წელს, „ბრემერის განკარგულების საფუძველზე ერაყში მოქმედ PMC-ებს მიენიჭათ იმუნიტეტი და ხელშეუხებლობის გარანტია ერაყის სამართლებრივი სისტემისგან“ (Hornbach,2013, p.40), რამაც მათ უფრო თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა. თუმცა, კომპანიის სახელწოდება საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც „Blackwater“-ის კავშირით ე.წ. „ნისურის მოედნის ინციდენტთან“. 2007 წლის 16 სექტემბერს, კომპანიის ამოცანა იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პერსონალის დაცვა ერაყში, ხოლო ნისურის მოედანთან გადაადგილებისას, მათ ცეცხლი გაუხსნეს ერაყის შეუიარაღებელ მოქალაქეებს, რის შედეგადაც გარდაიცვალა 17 სამოქალაქო პირი და 20-მდე დაიჭრა (Fitzsimmons, 2012, p.1). მოტივად დასახელდა სავარაუდო საშიშროება, რომელიც კომპანიის თანამშრომლების მტკიცებით, მომდინარეობდა იქ მყოფი პირებისგან და საფრთხეს უქმნიდა ამერიკული წარმომადგენლობის სიცოცხლეს. ბუნებრივია, მომხდარმა საგრძნობლად დააზარალა, ერთი მხრივ, უშუალოდ „Blackwater“-ის ავტორიტეტი, ხოლო მეორე მხრივ, გლობალური კრიტიკის საგნად იქცა კერძო სამხედრო კომპანიების საქმიანობა, ავტორიზების საკითხი, კომპეტენცია და მათი ანგარიშვალდებულება, როგორც მასპინძელი, ასევე, იმ ქვეყნის მიმართ, სადაც წარმოიშვა.
ზოგადად, დასავლური წარმომავლობის კორპორაციების სერვისები და მათი მიერ მოწოდებული სერვისები შემდეგნაირად გამოიყურება:
წყარო: FFI-RAPPORT, 2018 გვ.13
რუსეთი და კერძო სამხედრო კომპანიები
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრი ყოფილი სამხედრო და ელიტური სპეციალური ძალების წევრი დარჩა სამსახურის გარეშე. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, და საკუთარი საჭირობებიდან გამომდინარე, სწორედ აღნიშნული წრის გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო გაერთიანებების ფორმირება ვეტერანებთან, ისევ მათ ძველ დანაყოფში და შექმნეს კერძო უსაფრთხოების კომპანია. თუმცა, მათ მოუწიათ გაცილებით დახვეწილ და მეტად ორგანიზებულ დასავლურ ანალოგთან კონკურენციაში შესვლა. 1996 წლის კანონით, რუსეთის ფედერაციაში მოქალაქეებს აეკრძალათ საზღვარგარეთ შეირაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. მიუხედავად არა ერთი მცდელობისა, რომ PMC-ისთვის მიენჭებინათ ლეგალური სტატუსი, რუსული კანონის მიხედვით, მიიჩნევა არა ლეგიტიმურად და ზოგადად, „დაქირავებული“ საქმიანობა (რეკრუტირება, სწავლება, დაფინანსება) დასჯადია და ითვალისწინებს 4-დან 8 წლამდე თავისეუფლების აღკვეთას. 2010 წლიდან მსგავის ფირმები უფრო აქტიურად ჩნდებიან რუსულ და საერთაშორიოსო ბაზარზე, გამოირჩევიან მათი აფილირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და ზოგადად, ნიშანდობლივია, რომ რუსული PMC-ები კერძო და რუსეთის სახელმწიფო ინტერესების ერთგვარ კომბინაციას წარმოადგენენ.ხოლო, ის თუ საკუთრივ რუსეთისთვის რა სარგებლის მომტანია PMC-ები, შეიძლება დავყოთ ოთხ მიმართულებად:
უარყოფითობის მაღალი ხარისხი - „კერძო სამხედრო კომპანიები საშუალებას აძლევს რუსეთის მთავრობას რომ უარყოს ბრალდებები, რომლებიც უკავშირდება მათ პირდაპირ მონაწილეობას კონფლიქტში. მსგავსი სტრატეგიით მცირდება ინტერვენციის პოლიტიკური ღირებულება და საერთაშორისო გამოხმაურება“. (Congressional Research Service, 2020, p.2).
მსხვერპლის თავიდან აცილება - „კერძო სამხედრო კომპანიების გამოყენებით რუსეთს შეუძლია თავიდან აიცილოს ოფიციალური დანაკარგები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შიდა ოპოზიციის ზრდა და უცხოელების ყურადღება მიიპყროს” (Congressional Research Service, 2020, p.2). აგრეთვე, ზოგადად „ საზოგადოება მოქმედი ჯარისკაცის დაკარგვას უფრო ემოციურად უდგება, ვიდრე კონტრაქტორის“ (Katz & Jones, 2021, p.21).
აგრეთვე, მნიშვნელოვანი ფაქტორი თუ რატომ არის PMC-ები რუსეთისთვის ეფექტური საშუალება მიზნის რეალიზებისთვის, არის მათი მოქნილი მანევრირების პოტენციალი: ჯარის სწრაფად განლაგება და უკან გამოყვანა;
ხოლო, მეოთხე მოტივი რაც უკავშირდება კერძო სამხედრო კომპანიების გამოყენებას არის ნაკლები ფინანსურ/მატერიალური რესურსის მობილიზება „PMC-ის გამოყენება უფრო ეფექტურია ფინანსური თვალსაზრისით ვიდრე რეგულარი, კონვენციური ძალების და საჭიროებს ნაკებ ლოგისტიკურ მხარდაჭერას“ (Congressional Research Service, 2020, p.2).
რუსეთთან მიმართებაში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს თუ რა ტიპის მარკეტს მიეკუთვნება რუსული კორპორაციების მოდელი. არსებობს, ე.წ „ჰიბრიდული მარკეტი“, რომლის მიხედვითაც „სახელმწიფო აკონტროლებს მარკეტს, ხოლო პროვაიდერები ფუნქციონერებენ მხოლოდ სახელმფიწო ნებართვის/თანხმობის საფუძველზე“. აქედან გამომდინარე, რუსული სახელმწიფო მოქმედებს, როგორც „ინდუსტრიის ორგანიზატორი და ამავდროულად, მისი მომხმარემელი“.
რუსული კერძო სამხედრო კომპანიები და მათი საოპერაციო არეალი:
წყარო: Center for Strategic and International Studies, 2021 გვ.21
PMC-ის ინდუსტრია და ქვეყნის ინტერესები
რუსეთის ფედერაციაში მთავარი მამოტივერებელი ძალა, რომელიც ხელს უწყობს PMC-ის ინდუსტრიის განვითარებასა და პროგრესს არის: „სარგებლის მიღება, სამხედრო იმიტაცია, კომპანიების პოტენციალი, როგორც არამიკუთნებული ძალის საშუალება, თავიდან აიცილონ ავღანური ტიპის არაკეთილგანწყობილება და დონბასის შემთხვევაში, შეზღუდონ ბრძოლით გამძაფრებული და იდეოლოგიურად იმედგაცრუებული მებრძოლების დაბრუნება რუსეთში“. (Katz & Jones, 2021)
პირველი მოტივის თანახმად, კერძო სამხედრო ინდუსტრია არის საერთაშორისოდ მზარდი მარკეტი, რომელზეც დომინირებს დასავლური ტიპის კორპორაციები (აშშ და დიდი ბრიტანეთი). მიხეილ ემელიანოვის აზრით, „ჩვენ (რუსეთს) ისეთი ისტორია გვაქვს, რომ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს გამოცდილება სარგებლის მისაღებად?“
რაც შეეხება სამხედრო იმიტაციას, იგი საერთაშორისოდ აღიარებული ფენომენია. რუსეთისთვის კი უცხო არ არის PMC-ის განვითარება, როგორც მეტ-ნაკლებად ცნობიერი მცდელობა, რომ მიბაძოს დასავლეთის ჭკვიანურ გამოგონებას.
მესამე მოტივი გულისხმობს ძალის გარკვეული დოზით გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს ეროვნული ინტერესების რეალიზებას, თან ისე რომ ეს ქმედება არ მიეწერება დამკვეთ ქვეყანას. მსგავს შინაარსs ხშირად ვხდებით პუტინის განცხადებებში, სადაც ის საუბროს ეროვნული ინტერესების რეალიზების ინსტრუმენტზე, რომელშიც სახელმწიფო არ მონაწილეობს.
მეოთხე - PMC-ის გამოყენება სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, რომ სამხედრო ძალა ჩართოს ისეთ ოპერაციებში, რომლებშიც რუსეთის მოსახლეობა არის მსხვერპლის მიმართ სენსიტიურად განწყობილი. საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთის ოკუპაცია (1979-1989) სპეკტიციზმის საგნად იქცა რუსეთის მოსახლობაში, კერძოდ კი, მათი გადმოსახედიდან არა სამართველბრივია როცა რუსი სამხედროების სიცოცხლე ეწირება ისეთ ოპერაციებს, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს.
მეხუთე - დონბასში მიმდინარე მოვლენების შემდეგ, საუბრდობდნენ იმ „პრობლემებზე/რისკებზე, რომლებიც შეიძლება თან ახლდეს რუსი მებრძოლების დაბრუნებას, რომლებიც გააგზავნეს დონბასში იდეოლოგიური მიზეზებით”.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისთვის კერძო კორპორაციების გამოყენების პრაქტიკა 2000 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს, მისი შედარებით ახალი ფენომენია PMC-ის გამოყენება, როგორც მისი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის წარმოების ინსტრუმენტი, ამის ერთ-ერთი პირველი თვალსაჩინო ილუსტრაციაა Wagner-ის დაჯგუფების ჩართულობა ყირიმის ანექსირებაში. PMC-ის საგარეო პოლიტიკის კონტექსტში განხილვისას ორ მნიშვნელოვან ასპექტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება: „დივერსიფიცირებულ ოპერაციებში მონაწილეობა“ და „ეროვნული და კერძო ინტერესებს შორის საზღვრის წაშლა“. უკრაინულ სცენარში, ვაგნერის დაჯგუფება მონაწილეობდა რეფერენდუმის ორგანიზებაში უკრაინის დატოვების თაობაზე. წვრთნიდნენ ატნი-კიევურ მეამბოხე ჯგუფებს, Cossak-თა ჯგუფის სწავლელებში, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინული ძალების წინააღმდეგ ლუგანსკში. როგორც 2017 წელს ვაგნერის ყოფილმა მებრძოლმა, ოლეგმა განუცხადა ესტონურ სატელევიზიო არხს ETV-ს, „ვაგნერი არ არის ჩვეულებრივი კერძო სამხედრო კომპანია, ის არის მინიატურული არმია. მას აქვს ყველაფერი, ნაღმტყორცნები, ჰაუბიცები, ტანკები, ქვეითი საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები“. დონბასში მოქმედი ვაგნერის ჯგუფი ინტეგრირებული იყო რუსეთის სადაზვერვო სააგენტოსთან და ამავდროულად, ღია იყო კერძო მომხამარებლებისთვისაც.
უკრაინის გარდა, მათი კვალი, აგრეთვე აქტიურად შეიმჩნევა სირიაში (ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად, ნავთობის რესურსების დასაცავად- აღნიშნულ დავალებას ნაკლებად კვალიფიკაციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი ასრულებს. აგრეთვე მათ მოვალეობაში შედის ბრძოლაში პირდაპირი ჩართულობა, რომელსაც ხელმძღვანელობს მეტად გამოცდილი და კარგად შეიარაღებული პერსონალი და იგი თავის მხრივ კოორდინაციაშია რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობასთან) ლიბიაში, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა და მოზამბიკში.
ამერიკულ-რუსული მოდელების შედარება
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ მთავარი განმასხვავებელი ნიშნები ამერიკულ (ზოგადად დასავლურ) და რუსული ტიპის კერძო სამხედრო კომპანიებს შორის არის:
ლეგიტიმურობის საკითხი - როგორც ზემოთ აღინიშნა, ამერიკულ/დასავლურ მოდელში PMC არიან რეგისტრირებული როგორც ბიზნეს ინდუსტრიები, ხოლო რუსეთში მათ არსებობას არ აქვს ლეგიტიმაცია მინიჭებული (რასაც ქვეყნის სამთავრო მაღალჩინოსნები სათავისოდ იყენებენ), გარდა ერთეული უსაფრთხოების ფირმებისა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისეთი საკითხებით, როგორებიცაა მეკობრეობის აღკვეთა, ველის განაღმვა და ა.შ.
სერვისები - ამერიკულ/დასავლურ მოდელებში დომინირებს ლოგისტიკური/საკონსულტაციო მხარდაჭერის მიწოდებისა და სახელმწიფოს მშენებლობის სერვისები (ეს უკანასკნელი სრულიად უცხო კომპონენტია რუსულ მოდელში), მაშინ როცა რუსულ პრაქტიკაში (Combat Oriented Focus) სამხედრო ძალით (პერსონალი, აღჭურვილობა, პირდაპირი ჩართულობა.) უზრუნველყოფა და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა მთავარი ინდიკატორებია.
თანამშრომლობის ფორმატი - ამერიკული კოოპერაციის მეთოდი მიეკუთვნება, უფრო ნეო-ლიბერალურს „მომხმარებლები და პროვაიდერები აფორმებენ ლეგალურ კონტრაქტს ერთმანეთთან და სურვილისამებრ ცვლიან სერვისებს“, ხოლო რუსული ბაზარი საჭიროებს სახელმწიფოს თანხმობას/მასთან კონსულტაციას და ინტერესთა თავსებადობის დადგენას.
მიზნები - ამერიკული კომპანიები ორიენტირებულია: კომერციული მიზნებისა და მომხმარებლის სურვილის რეალიზებაზე (განისაზღვრება აქტორის მოთხოვნის შესაბამისად), რუსულ მოდელში კომერციული/სახელმწიფო/ეროვნული ინტერესების განხორციელება (რომლებიც სერვისების, შეიძლება ითქვას განუყოფელი ნაწილებია) და დასავლეთის გავლენის შემცირება.
ნინო ციხელაშვილი, "ჯეოქეისის" ალუმნი
10 სექეტმბერი, 2021 წ.
გამოყენებული ლიტერატურა:
Åse Gilje Østensen, T. B. (2018). Russian Use of Private Military and Security. 8-34.
Elsea, J. K. (2008). Private Security Contractors in Iraq: Background, Legal Status, and other Issue. Congressional Research Service, 7-14.
Fitzsimmons, S. (2012). Wheeled Warriors: Explaining Blackwater’s Unparalleled Record of Violence in Iraq . University of British Columbia, 1-2.
Hornbach, B. (2013). The Motives of the USA to Deploy Private. 40-41.
Isenberg, D. (2010). DynCorp in Iraq.
Jones, S. G. (2021). Russia’s Corporate Soldiers. The Center for Strategic and International Studies (CSIS), 15-26.
Morris, E. (2009). Private Warfare: Hist e: History of the Incr y of the Increasing Dependency on Priv easing Dependency on Private Military Corporations and Implications. Utah State University, 4-12.
Nebolsina, M. A. (2012). Private Military and Security Companies . 79-80.
Private military companies (PMCs). (2006). DCAF Backgrounder, 1-7.
Service, C. R. (2020). Russian Private Military Companies (PMCs). 1-3.
Singer, P. W. (2004). HE PRIVATE MILITARY INDUSTRY AND IRAQ : WHAT HAVE WE LEARNED AND WHERE TO NEXT? . GENEVA CENTRE FOR THE DEMOCRATIC CONTROL OF ARMED FORCES (DCAF) , 4-20.
State, U. S. (2009). Performance Evaluation of the Triple Canopy Contract for Personal Protective Services in Iraq. 15-18.