საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ქართული ამერიკული თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ყველა ეტაპზე და შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი წამყვანი როლი ქონდა სხვადასხვა დარგების განვითარებისათვის განხორციელებული რეფორმების ჭრილში. ამ სფეროებიდან ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც სხვადასხვა დროს უამრავ აქტივობებსა და პროგრამას მოიცავდა, რომლებიც ქვაკუთხედს წარმოდგენდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების წარსულისა და აწმყოსთვის.
რამდენიმე დღის წინ საქართველოში აშშ თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი თანამშრომლობის ამდაგვარი ახალი ეტაპის დასაწყისად შეილება მივიჩნიოთ. გაფორმდა ახალი მემორანდუმი ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის, რომელმაც თანამშრომლობის ახალი ეტაპები და პროგრამები უნდა განსაზღვროს. აღნიშნული თანამშრომლობის გაგრძელება მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, რომელთაც ჩვენ ქვემოთ შევეხებით.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლები რეგიონალური და მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი იყო. გლობალური პანდემია, ცვლილებები მსოფლიოს სავაჭრო-ეკონომიკურ სივრცეში და მასშტაბური ძვრები გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე ქმნის გარემოს სადაც სამყარო შეიძლება ითქვას, დაპირსპირების ახალ ერაში შედის. ერთის მხრივ სახეზეა ავტორიტარული რეჟიმის აღმასვლა და ლიბერალურ დღის წესრიგზე დამყარებული საერთაშორისო ურთიერთობების მორღვევა, მეორეს მხრივ კი რეალიზმის შტრიხები სულ უფრო მძაფრად ახდენენ გავლენას საეთაშორისო ავანსცენაზე მიმდინარე მოვლენებზე.
საქართველოს გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემოც შესაბამისად ასახვას გლობალურ ცვლილებებს. ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ, სიტუაცია შეიცვალა ჩვენს რეგიონშიც: კიდევ უფრო გაიმყარეს პოზიციები რუსეთმა და თურქეთმა. შეიზღუდა დასავლეთის გავლენა რეგიონალურ პროცესებზე. აქვე უნდა ითქვას, რომ შავი ზღვის რეგიონი და უკრაინა დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების არეალია, სადაც თავის მნიშვნელოვან როლს თურქეთიც თამაშობს. ამ არეალში ბოლო წლებში მომხდარმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სამხედრო ძალის, როგორც საგარეო პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის როლი. ჩვენი რეგიონის უმთავრესი მოთამაშეები აქტიურად იყენებენ სამხედრო ძალას თავიანთი ინტერესების დასაცავად, როგორც უშუალოდ კონფლიქტებში, ასევე სამხედრო-პოლიტიკური ძლიერების დემონსტრირებისთვისაც, იქნება ეს თურქეთი, რუსეთი, ირანი თუ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია კვლავინდებურად უმთავრესი სამხედრო საფრთხის მატარებელია ქვეყნისათვის.
აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარება, არსებული სამხედრო საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირებისათვის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს, ვინაიდან როგორც ჩანს, ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისთვის, სამხედრო ძალას, როგორც ეროვნული ძალაუფლების ელემენტს, კვლავინდებურად დიდი ადგილი ექნება მომავალში.
არსებულ რეალობაში აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტი რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მანიფესტაცია არის, რაც დღევანდელ რეალობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მისასალმებელია, რომ აღნიშნული ვიზიტის პრაქტიკული შედეგი, პირველ რიგში საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას გულისხმობს. წარსულში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში სწორედ საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და მისი საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უკვე გახდა. თუმცა, აღნიშნული მიუხედავად, თავდაცვის ძალების უმთავრესი და მასზედ კონსტიტუციით დაკისრებული უპირველესი ამოცანა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და მისი სუვერენიტეტის უზრუნველყოფაა.
დღეს არსებულ რეალობაში, საქართველო მისი თავდაცვის უნარიანობის თვალსაზრისით, რეგიონალურ მოთამაშეებთან მიმართებაში სამწუხაროდ სუსტ რგოლს წარმოადგენს, როგორც წმინდა სამხედრო პარამეტრებით, იქნება ეს თავდაცვის ძალების რაოდენობა და შეიარაღება, ბიუჯეტი, წვრთნა და აღჭურვა, თუ ზოგადად ქვეყნის მედეგობის და მზაობის დონით დაიცვას მისი სასიცოცხლო ინტერესები სამხედრო საფრთხეების აქტუალიზირების შემთხვევაში.
მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ლოკომოტივი ბოლო წლებში, როგორც ჩვენი საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, ასევე თავდაცვის ძალებში აშშ-ს აქტიურ მხარდამჭერით მიმდინარე საქართველოს თავდაცვის მზაობის პროგრამა Georgian Defence Readiness Program (GDRP) - იყო, რომლის ფარგლებშიც გაიწვრთნა და აღიჭურვა თავდაცვის ძალების 9 ქვეითი ბატალიონი.
სწორედ ყველა ზემოთ მოყვანილი ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოსა და აშშ-ს გაფორმებული თანამშრომლობის ახალი მემორანდუმი - საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (Georgia Defense and Deterrence Enhancement Initiative) უმნიშვნელოვანესი ფორმატია, რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის განვითარებას უახლოეს მომავალში.
მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობის ბევრი დეტალი რომელსაც აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს საჯაროდ ჯერ-ჯერობით არ გაჟღერებულა, არსებული ინფორმაცია რამდენიმე მნიშვნელოვანი დაკვირვებისა და ვარაუდის გამოთქმის საშუალებას იძლება, რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. ამისათვის ჩვენ აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მიერ გამოქვეყნებული განცხადების ანალიზი დაგვეხმარება, რომელიც ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ მემორანდუმს ეხება და მის ძირითად მიმართულებებს უსვამს ხაზს.
აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (Georgia Defense and Deterrence Enhancement Initiative) GDDEI-ი თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიცია და ფორმატი იქნება, რომელიც 2021 წლის დეკემბერში GDRP-ის დასრულების შემდგომ დაიწყება და მის განვითარების შემდგომი ლოგიკური საფეხური იქნება.
განცხადების მიხედვით, GDDEI-ი ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. პირველი ფოკუსირებულია იმ ორგანიზაციულ ცვლილებებზე რომელიც საქართველოს თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური შესაძლებლობების განმტკიცებაზე იქნება ორიენტირებული. მეორე კი უშუალოდ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებაზე იქნება ფოკუსირებული და არსებული ბრიგადების საერთო საჯარისო ოპერაციების განხორცილების შესაძლებლობების განვითარებას გულისხმობს, რომელიც ტერიტორიული თავდაცვისთვის არის აუცილებელი. აღნიშნული გარემოება ახალი ინიციატივის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ვინაიდან GDRP-ის ფარგლებში მხოლოდ ე.წ. ქვეითი ნაწილების, კერძოდ 9 ბატალიონის გაწვრთნა მოხდა და იგი არ ითვალისწინებდა მხარდამჭერი ძალებისა და გვარეობების დანაყოფების გადამზადებას. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, GDDEI-ი სწორედ აღნიშნული მიმართულებით მოქმედებებს ითვალისწინებს, რის შედეგადაც საქართველოს თავდაცვის ძალები ბრძოლისუნარიანობის ახალ დონეს უნდა მიაღწიონ.
თუმცა აქვე ჩნდება რამდენიმე შეკითხვა, კერძოდ მოხდება თუ არა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდამჭერი დანაყოფების გადაიარაღება, როგორც ეს 9 ბატალიონის შემთხვევაში მოხდა და თუ კი, ვინ აანაზღაურებს ამისათვის საჭირო ხარჯებს?
ასევე გათვალისწინებულია თუ არა ახალი პროგრამის აქტივობები თავდაცვის ძალების განვითარების 10 წლიან გეგემაში?
შეგახსენებთ, რომ გაწვრთნილი 9 ბატალიონი შემთხვევაში მათი აღჭურვა ამერიკული წარმოების შაშხანებითა და ტყვიამფრქვევებით მოხდა. თუმცა, მხარდამჭერი ძალების შემთხვევაში, როგორიც მაგალითისთვის არის მექანიზირებული, ან საარტილერიო დანაყოფები, საქართველოს რეალობისათვის საჭირო თანამედროვე სისტემებით აღჭურვა სულ სხვა დონის ფინანსურ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული. იქნება ეს საარტილერიო მუშტის გაზრდა, ან რადიო-ელექტრონული დაზვერვისა და დაკვირვების საშუალებები, თუ თავდაცვის ძალებისათვის საჭირო ზოგადი საცეცხლე შესაძლებლობების გაზრდისათვის სხვა აუცილებელი შესყიდვები.
ზოგადად, ნებისმიერი სისტემების დანერგვა ბუნებრივია გარკვეულ ხარჯებს საჭიროებს, იმ შემთხვევაშიც, კი თუ ეს ტექნიკის საჩუქრად გადმოცემას გულისხმობს. შესყიდვის გარდა, ამდაგვარი ტექნიკის გადმოცემა მათი შენახვის, პერსონალის მომზადების და სერვისის ხარჯებს გარდაუვალს ქმნის, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული თავდაცვის ბიუჯეტში.
საქართველომ აშშ-ისგან ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი კომპლექსის, „ჯაველინის“ პირველი პარტია მხოლოდ მას შემდეგ შეიძინა, როდესაც თავდაცვის ბიუჯეტში განხორციელებული ოპტიმიზაციის შემდგომ, 2016-2017 წლებში გამოთავისუფლდა თანხები როგორც სისტემის შესაძენად, ასევე მათი სათანადო მომსახურებისთვისაც.
სულ ახლახან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოსთვის ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემის, „ჯაველინის“ რაკეტების და შესაბამისი დანადგარების მიყიდვის. საუბარია 30 მილიონი დოლარის შესყიდვაზე.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, საერთო საჯარისო ნაწილების შემთხვევაში, თუ მიდგომა იქნება ანალოგიური, როგორც ეს 9 ბატალიონის შემთხვევაში მოხდა, შესაბამისი გადაიარაღებისთვის საუბარი სულ სხვა დანახარჯებზე უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ GDRP-ისგან განსხვავებით, GDDEI-ი ჩვენი თავდაცვის ძალების შენაერთების შეიარაღების გაუმჯობესებას არ გულისხმობს, მაშინ საკითხავია რამდენად საკმარისია დღეს ჩვენი თავდაცვის ძალების შესაძლებლობები წარმატებული საერთო საჯარისო ოპერაციების განსახორციელებლად არსებული სამხედრო საფრთხეების გათვალისწინებით?! ამ კითხვაზე პასუხი მემგონი ნათელია, უახლოესი წარმოდგენილი თავდაცვის ბიუჯეტი კი თავდაცვის ძალების ყველაზე პრობლემურ მიმართულებებზე რაიმე დიდი შესყიდვების განხორცილების საშუალებებს არ იძლევა.
შესაბამისად, მემორანდუმთან მიმართებაში განსაკუთრებით საინტერესო საქართველოს წინაშე არსებული სამხედრო საფრთხეებისა და ტერიტორიული თავდაცვისათვის აუცილებელი საერთო საჯარისო ოპერაციების წარმატებით განხორცილებისათვის საჭირო შესყიდვების აუცილებლობა და დაფინანსების წყაროებია.
ამასთან ერთად თავდაცვის ძალებში არსებობს პრობლემები პერსონალის განვითარების, წვრთნისა და შენარჩუნების სისტემატიზაციის თვალსაზრისითაც, რის მოგვარებაც ჩვენი თავდაცვის ძალების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი ამოცანაა.
გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის არა ნაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტი საქართველოს ერთიანი სამთავრობო მედეგობის შესაძლებლობის გაუმჯობესებას ეხება, რაც საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინსიტროსა და სხვა სამინსიტროებს შორის უწყებრივი თანამშრომლობის დონის ამაღლებას. აღნიშნული პუნქტი პირდაპირ ეხმიანება ქვეყნის ტოტალური თავდაცვის რეალიზაციისათვის საჭირო უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, საერთო ეროვნული შესაძლებლობების მობილიზაციის უნარების შექმნას კრიზისების პირობებში, რაც წარმოუდგენელია სამთავრობო და სამოქალაქო კოოპერაციის მაღალი სტანდარტების გარეშე, მათ შორის საინფორმაციო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
უწყებათაშორისო ურთიერთქმედების და ეროვნული უსაფრთხოების კოორდინაციის არსებული არასაკმარისი შესაძლებლობები, ქვეყნის ბოლო წლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენდა. როგორც ჩანს ზემოთ მოყვანილი ჩანაწერი აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობის გამოსწორებასაც უნდა ემსახურებოდეს. აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურული და საორგანიზაციო შესაძლებლობების შემდგომი განვითარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება.
ასევე, მემორანდუმის მიხედვით, მომავალშიც გაგრძელდება ერთობლივი წვრთნები და აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავენ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განმტკიცებას და მისი ნატოსთან თავსებადობის კიდევ უფრო ამაღლებას.
საბოლოო ჯამში შეიძლება თქვას, რომ გაფორმებული მემორანდუმი ქმნის წინაპირობებს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის უნარიანი კოორდინაციისა და მართვის პირობებში, ქართულ ამერიკული ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდეს და რაც მთავარია, სათანადოდ აისახოს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებაზე. ამისათვის, ჩვენი მყიფე შიდაპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, აუცილებელი იქნება პოლიტიკური კონსესუსი და სათანადო ფინანსური მხარდაჭერა ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებების ფუნდამენტურ საკითხებზე, ვინაიდან არსებული გეოპოლიტიკური რეალობა ჩვენის ქვეყნის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების დასაცავად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, როგორც ხელისუფლებისგან ისე მთლიანად ქართული საზოგადოებისგან.