აფხაზური ენა და მის წინაშე არსებული საფრთხეები

ავტორი:

აფხაზური ენის დამწერლობის ჩამოყალიბება

აფხაზური ენა ფონეტიკური სისტემით უმდიდრესი ენაა, რომლის დამწერლობაში გადმოტანა მარტივი ამოცანა არ ყოფილა. აფხაზურ ენაზე დამწერლობა XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე არ არსებობდა. წლების განმავლობაში სხვადასხვა მოხალისეები თუ მეცნიერები ცდილობდნენ ყველაზე მეტად შესაფერისი დამწერლობა შეერჩიათ. გერმანელი ორიენტალისტის, გეორგ როზენის ნაშრომი, ოსური ენის სტრუქტურის შესახებ, 1846 წელს  ბერლინში გამოიცა. ნაშრომს თან ერთვოდა აფხაზური, მეგრული და სვანური ენის მეტყველებების მოკლე გრამატიკული მიმოხილვები. ამ წიგნში ავტორს ოსური, აფხაზური და ქართველური ენობრივი მასალა ქართული გრაფიკის მეშვეობით ჰქონდა გადმოცემული. მას მიაჩნდა, რომ აფხაზური ენის ფონემატური სისტემა შეიძლება გადმოიცეს ქართული ანბანით. რაც არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ანბანი სახეცვლილებების შეტანას და ენის ფონეტიკაზე მორგებას არ საჭიროებდა.

პირველი მკვლევარი, რომელმაც შენიშნა აფხაზურისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ფონემები იყო რუსეთის არმიის გენერალი პეტრე უსლარი, რომელმაც 1862 წელს ამ ენის გრამატიკული მიმოხილვის შედგენისას გამოიყენა კირილიცა, მის მიერვე გამოგონილი ასო-ნიშნების დამატებით.

1938 წელს აფხაზური სამწიგნობრო ენის გადაყვანა ქართულ გრაფიკაზე განიხილებოდა, როგორც ქართველთა მხრიდან აფხაზი ხალხის გაქართველების მცდელობა. ამ პოზიციაზე მდგომი ავტორები ნებით თუ უნებლიედ არ ითვალისწინებდენ ამ ფაქტის ჭეშმარიტ ისტორიასა და მიზანდასახულობას. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებულ საარქივო მასალებს სულ სხვა დასკვნამდე მივყავართ. 

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია 1937 წლის 4-5 დეკემბერს ქ. სოხუმში, აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის აფხაზური კულტურის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჩატარებული იმ საგანგებო თათბირის ოქმები, რომელზეც განიხილებოდა აფხაზური სამწიგნობრო ენის ლათინური გრაფიკიდან ქართულ გრაფიკაზე გადაყვანის საკითხი. ამ საგანგებო თათბირში მონაწილეობდა 33 კაცი, მათ შორის აფხაზები, ქართველები და რუსები. მუშაობა მიმდინარეობდა მძიმე იდეოლოგიური ზეწოლის პირობებში. მიუხედავად ამისა, თათბირზე საკითხის აკადემიურად განხილვა მაინც შეძლეს. 

წარდგენილ იქნა 4 პროექტი: (1) აკაკი შანიძის, (2) სიმონ ჯანაშიას, (3) დ. გულიასა და (4) დ. გულიას, ანდრია ჭოჭუასა და მუშნი ჰაშბასი. თუმცა, მეოთხე პროექტის სირთულის გამო გადაწყდა, რომ მხოლოდ პირველ 3 პროექტს განიხილავდნენ. ამ პროექტების შესაჯერებლად შექმნა სპეციალური კომისია დიმიტრი გულიას, აკაკი შანიძის, სიმონ ჯანაშიას, ვლადიმერ ხარაზიას, ვლადიმერ მარღანიას (მაანის), პლატონ შაყრილისა და მუშნი ჰაშბას შემადგენლობით. თათბირმა 5 დეკემბრის დილის სხდომაზე ერთხმად დაამტკიცა საბოლოო პროექტი, რომელშიც გამოყენებული იყო ქართული ანბანის (მხედრულის) 33-ვე ასო, 3 დამატებითი ასო-ნიშანი და 3 დიაკრიტიკული ნიშანი.

თათბირის დახურვისას სხდომის თავმჯდომარე კონდრატ ძიძარიამ განაცხადა: „თათბირმა 4 და 5 დეკემბერს სამ სხდომაზე განხილვის შემდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება და დაამტკიცა ქართულ ალფაბეტზე დამყარებული ახალი აფხაზური დამწერლობის პროექტი. ამით საფუძველი ჩაეყარა ამ დამწერლობის ათვისების, დანერგვისა და ფართოდ გავრცელების დიდ სამუშაოს.“

ახალი ალფაბეტი ხელს შეუწყობდა აფხაზებისა და ქართველების უფრო მეტად დაახლოებასა, ასევე, ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური კულტურის შემდგომ განვითარებას.

სოხუმელი ისტორიკოს-პოლიტოლოგის დაზმირ ჯოჯუა განმარტავდა, „ფორმალურად და, ასე ვთქვათ, „კულტურული ფასადის“ თვალსაზრისით ეს ანბანური რეფორმა არ ტოვებდა იმპერიულ-ასიმილატორული მიზანდასახულობის შთაბეჭდილებას და არ ჩანდა „მცირე ერებზე“ კულტურულ-ცივილიზაციური დარტყმის გამოვლინებად - „მცირე ერების“ დამწერლობა გადაჰყავდათ იმ მოკავშირე რესპუბლიკების სახელმწიფო ენის გრაფიკაზე, რომლის შემადგენლობაშიც ამ ერების ავტონომიური წარმონაქმნები შედიოდნენ. ამიტომ დამწერლობის სისტემა მოდიოდა გარკვეულ ჰარმონიზაციაში ტერიტორიულ- ადმინისტრაციულ სისტემასთან და მოკავშირე რესპუბლიკებზე ავტონომიური ერთეულების უშუალო დაქვემდებარების ზოგად პოლიტიკურ მოდელთან. თანაც ეს რეფორმა ხორციელდებოდა ოფიციალურად, ორგანული კანონმდებლობისა და კონსტიტუციური სისტემის ფარგლებში.“

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1862 წლიდან მოყოლებული აფხაზურ სალიტერატურო ენას რამდენიმეჯერ შეეცვალა გრაფიკული საფუძვლები: 1926-1928 წლებში მოქმედებდა აკადემიკოს ნიკო მარის მიერ ლათინური გრაფიკის საფუძველზე შედგენილი დამწერლობა, 1928-1937 წლებში გამოიყენებოდა ნ. იაკოვლევისა და ე. პოლივანოვის მიერ შექმნილი ლათინიზებული გრაფიკა, 1938-1954 წლებში აფხაზური ენა გადაყვანილ იქნა ქართულ გრაფიკაზე, თუმცა, ქართველებისაგან დისტანცირების სურვილის გამო აფხაზები 1954 წელს ისევ კირილიცას დაუბრუნდნენ. აფხაზური სამწიგნობრო ენის გრაფიკის ცვლილებები დაკავშირებული იყო ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ კი, საბჭოთა კავშირის მიერ განხორციელებულ ენობრივ პოლიტიკასთან. 

აფხაზურ ენას გაქრობა ემუქრება

დღესდღეობით, აფხაზური ენის სტატუსი დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,  სადაც ვკითხულობთ, რომ „საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე - აფხაზური“. 

UNESCO-ს მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებულ აფხაზურს გაქრობა ემუქრება. 

მიუხედავად წლების განმავლობაში სხვადასხვა მცდელობებისა, აფხაზური ენის დაცვისა და გავრცელების კუთხით რეალურად არაფერი შეცვლილა. რაც ბუნებრივია ისეთ პირობებში, როდესაც სკოლებში აფხაზურ ენას მხოლოდ მეოთხე კლასამდე ასწავლიან, შემდგომ კი, აუცილებელია რუსულის გაძლიერებულად სწავლა. შედეგად ვიღებთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ რუსული მშობლიურ აფხაზურზე უკეთ იცის.

ქართველი მეცნიერების ცნობით,  აფხაზური ენა და ლიტერატურა ყველაზე აქტიურად 1938-1954 წლებში ვითარდებოდა, როდესაც ენა ქართულ დამწერლობას გამოიყენებდა. სწორედ ამ პერიოდში, 1941 წელს, გამოიცა დიმიტრი გულიას მიერ აფხაზურად თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ ქართული შრიფტით, რომელიც 1953 წელს ხელმეორედ გამოვიდა. დიმიტრი გულია გახლდათ პირველი აფხაზი პოეტი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი, რომელმაც არა მხოლოდ შექმნა და საფუძველი ჩაუყარა აფხაზურ ლიტერტურას, არამედ თვით აფხაზური ანბანის შექმნაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. იგი იყო არა მხოლოდ „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელი, მან აფხაზურ ენაზე, ასევე, თარგმნა „სახარება“, ქართველი მწერლების: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დანიელ ჭონქაძისა და სხვათა ნაწარმოებები. იგი არის ავტორი ნოველისა „უცხო ცის ქვეშ“ (1919 წ; აფხაზურ ენაზე), ხოლო 1940 წელს პირველი რომანი „კამაჭიჭი“, რომლებშიც გამოხატა ცარიზმის მიერ დამონებული აფხაზების ცხოვრება, ქალთა უიმედო ბედი. 1937 წელს მას აფხაზეთის სახალხო პოეტის წოდება მიენიჭა. 

ქართველი ენათმეცნიერები, დიდი ზეწოლის მიუხედავად, დაუღალავად ცდილობდნენ აფხაზური ენის სრულყოფას, მისთვის სრულფასოვანი დამწერლობის მინიჭებით. დღესდღეობით, კი ვდგავართ ამ ენის გაქრობის პირას, ეს კი იმდენადვე რთული მისაღებია საქართველოსთვის, როგორც იგივე ადგილას მყოფი ზანური ან სვანური იქნებოდა. 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე - აფხაზეთში საკომუნიკაციო ენა რუსულია. რუსული ენის გავლენა თანდათან ანაცვლებს მშობლიურ აფხაზურს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებში, რომლებიც განათლების სისტემის კვალობაზე, ვერ ახერხებენ თავიანთი ენის შესწავლას, რასაც ემატება გარემო, სადაც ამ ენის გამოყენების საჭიროებაც აღარ არსებობს. 

საბოლოოდ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 30-40 წელი გვაშორებს იმ დღეს, როდესაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანიღა თუ შეძლებს აფხაზურად მეტყველებას. ამ შედეგის თავიდან აცილების  გზა კი აფხაზი ახალგაზრდების მოტივირებაა, რომ გაუფრთხილდნენ წინაპრების მემკვიდრეობას, მათი იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს, თავიანთ ენას. 

 

ბიბლიოგრაფია:

  1. გვანცელაძე, თეიმურაზ. 2011. https://mokvi.files.wordpress.com/2014/02/e18392e18395e18390e1839ce183aae18394e1839ae18390e183abe18394-e18390e183a4e183aee18390e18396e183a3e183a0e18398-e18394e1839ce183901.pdf
  2. https://dfwatch.net/abkhazia-appeals-to-unesco-for-help-to-save-cultural-monuments-49224
  3. Council of Europe. https://www.coe.int/t/dg4/education/minlang/aboutcharter/Minority%20languages%20in%20Georgia_GE.pdf
  4. http://qronikaplus.ge/?p=15814
  5. https://16thelement.ge/ra-saphrthkhis-tsinashe-dgas-aphkhazuri-ena
  6. http://abkhazia.gov.ge/saministro/MINISTRY-OF-EDUCATION-AND-CULTURE/news/7917/ge


 

გააზიარე: